აბსურდის პრობლემა ლიტერატურულ გროტესკში

 საუკუნეების მიჯნაზე, უდიდეს მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევებთან ერთად კაცობრიობის სულიერ ცხოვრებაში მრავალმა  წინააღმდეგობამ იჩინა თავი. თანამედროვე სამყაროს კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქართველი ლიტერატურათმცოდნე გ. ალხაზიშვილი შენიშნავდა, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ევროპელი  კულტუროლოგები გამოსავალს  ეძებენ "...ჩიხიდან, სადაც კარგა ხანს გრძელდებოდა არათუ მხატვრული ჟანრების, არამედ ლოგოსის დაშლა, იმის იმედით, რომ დეკონსტრუქციით გაჩენილი სინამდვილე მოგვცემდა საშუალებას, უფრო შორს გაგვეხედა, მაგრამ ეს შორს... კრიზისის აპოგეა იყო და ეს გამოცდილება, სასოწარკვეთილი ცდა იმ აუცილებლობამ განაპირობა, რასაც ადამიანურობადაკარგული ადამიანის სევდიანი კრიზისი ჰქვია" [ალხაზიშვილი,2009:3]. სამყაროს კრიზისული მდგომარეობის,  მწვავე რეალობის  მხატვრულ-ესთეტიკურ ფორმებში წარმოჩენა აქტუალური გახდა ხელოვანთათვის. თანამედროვე კულტუროლოგები აღიარებენ, რომ ამის მისაღწევად XX საუკუნის ხელოვნება ხშირად მიმართავს პარადოქსულ-გროტესკულ სტილს, რომელიც უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ადამიანის ამქვეყნად ყოფნის უკუღმართობის გამოსახატავად, ვიდრე სხვა დამკვიდრებული  მხატვრულ-ესთეტიკური ფორმები. ცნობილი შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი ამტკიცებს: „ჩვენმა სამყარომ ზუსტად ისეთნაირად მიგვიყვანა გროტესკამდე, როგორც ატომურ ბომბამდე" [Dürenmmatt,1966:26]. და მართლაც, პარადოქსული გროტესკი, როგორც მხატვრული პირობითობის განსაკუთრებული საშუალება,  თანამედროვე ისტორიულ პირობებში ლიტერატურისთვის ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ  ფორმად არის აღიარებული.  

        თანამედროვე ლიტერატურული გროტესკისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე საუბრისას, როგორც წესი,  აღნიშნავენ, რომ ლიტერატურული გროტესკი  გულისხმობს დაუფარავ, აშკარად დემონსტრაციულ ალოგიზმს, ლოგიკურ პარადოქსს. ასევე, მის აუცილებელ კომპონენტად უნდა ჩაითვალოს კონტრასტულობა, ტრავესტირება, რომელიც ხშირად  გამოიხატება ურთიერთსაპირისპირო ბინარული წყვილების (მაგ., რეალურისა და ფანტასტიკურის, ამაღლებულისა და ვულგარულის, ტრაგიკულისა და კომიკურის და ა.შ.) წინასწარგანზრახულ აღრევაში.  ზემოაღნიშნულთან ერთად ლიტერატურათმცოდნენი გამოყოფენ გროტესკის ისეთ ნიშან-თვისებებს, როგორებიცაა:

  • ზედმეტობა, გადაჭარბება, ჰიპერბოლიზაცია, რომელიც ზოგ შემთხვევაში კოსმიურ მასშტაბებს იღებს ან, პირიქით, ლიტოტესამდე დაიყვანება;
  • რეალური პროპორციების დარღვევა (ნივთების, ადამიანის, მისი სხეულის ნაწილების ზომების და ა.შ.); ზოგჯერ პროპორციების დარღვევა კარიკატურულ სახეს იღებს;
  • სატირული დაცინვის კონკრეტული, ფიქსირებული ობიექტის არსებობა; მკითხველმა უნდა იცნოს იგი; ამის გარეშე გროტესკი, როგორც სატირული ფანტასმაგორია, გადაიქცევა ჩვეულებრივ ნაწარმოებად; მაგ., ასეთნაირად შეგვიძლია წავიკითხოთ ბავშვებისათვის განკუთვნილი ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელის" ან ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობის" ადაპტირებული ტექსტები, სადაც ამოღებულია ავტორისეული კომენტარები კონკრეტული პროტოტიპების, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა სოციალური მომენტების შესახებ;
  • ირონიულობა,  დაცინვის ფართო სპექტრი, დაწყებული მისი უხეში ფორმებიდან და დამთავრებული რაფინირებული, ინტელექტუალური ფორმებით;
  • მისტიფიცირება, მაგიურობა, სატანური და სხვა ჯადოსნური ძალების წარმოჩენა;
  • პაროდიულობა, რომელიც, როგორც წესი, არსებობს გროტესკისგან დამოუკიდებლად, როგორც თავისებური ლიტერატურული ფენომენი;
  • ზღაპრულობა, იგავარაკულობა, პამფლეტურობა, ალეგორიულობა, მაგრამ აღნიშნული ელემენტების   არსებობა არ განაპირობებს ნაწარმოების გადაქცევას ზღაპრად, იგავ-არაკად, პამფლეტად თუ ალეგორიად;
  • ბუნებრივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და მიზეზსა და შედეგს შორის შესაბამისობის დარღვევა (უმნიშვნელო მიზეზს შეუძლია გამოიწვიოს გიგანტური, კატასტროფული შედეგები მაშინ, როდესაც ნამდვილად სერიოზულ, საფუძვლიან მიზეზს შეიძლება მოჰყვეს უმნიშვნელო შედეგები);
  • შორეული ისტორიული წარსულის ან ასეთივე შორეული მომავლის ჩვენება, უცნობი ქვეყნებისა და სამყაროების გამოყენება, სიზმრები, სიმთვრალე, ფანტასმაგორიული პირობითობის დაშვება, ზოომორფული მეტამორფოზა, ჰიპოსტაზირება (ე.ი. დამოუკიდებელი არსებობის მინიჭება ამა თუ იმ თვისებისთვის, განყენებული ცნებისთვის, აბსტრაქციისა თუ იდეისათვის);
  • ლიტერატურული გროტესკის ენობრივი თავისებურება, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალურ სიტყვათა თამაშს (მასში გამოყენებულია სახელები, ტოპონიმები, დაწესებულებების სახელწოდებები, სიტყვების იუმორისტული წყობა);
  • ქვეტექსტურობა, რომელიც რემინისცენციების, ალუზიების, იმპლიციტურობის მეშვეობით აღწევს  კომიკურ ეფექტს;
  • გროტესკული კომპოზიციის თავისუფლება; იგი ემორჩილება არა ზუსტ ლოგიკას, არამედ ავტორის ან მისი პერსონაჟების ფანტაზიასა და თვითნებობას იმგვარად, როგორც ამას მოითხოვს გროტესკული ფანტასმაგორია.

 

         ლიტერატურული გროტესკის არც ერთი ზემოაღნიშნული ნიშან-თვისება, ცალკე აღებული, თავისთავად, არ განსაზღვრავს მხატვრული ნაწარმოების გროტესკულობას.  მხოლოდ ერთად, კომპლექსურად,  მრავალფეროვან მთლიანობაში  შეუძლიათ მათ  ჰქონდეთ  გროტესკის პრეტენზია. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გამოყენებით იქმნება გროტესკულ ნაწარმოებში  განსაკუთრებული, ანომალიური, არაბუნებრივი მხატვრული სამყარო იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ავტორს არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ლიტერატურული გროტესკის თეორიული კანონები.

          ზემოაღნიშნულთან ერთად ლიტერატურული გროტესკის ისტორიულ განვითარებაში აშკარად ჩანს შინაგანი ლოგიკა -  ანტიკური „დიონისური სიცილიდან"  შუასაუკუნოვან, მხიარულ, „საკარნავალო სიცილამდე" და რენესანსულ „რაბლეზიანურ სიცილამდე", მოგვიანებით კი  - ირონიულ და სკეპტიკურ „ვოლტერიანულ სიცილამდე", რომელიც გადაიზარდა უმოწყალო დაცინვაში ("შჩედრინისეული სიცილი"), ხოლო მეოცე საუკუნეში დასრულდა შავი, ტრაგიკული „კაფკიანური არა-სიცილით".

თანამედროვე ლიტერატურულ გროტესკში განსხვავებული ინტონაცია  შემოიტანა „აბსურდის ლიტერატურამ". ეს ის შემთხვევაა, როდესაც გროტესკი შერწყმულია არა სატირასთან, როგორც ტრადიციულ კლასიკურ ლიტერატურაშია მიღებული, არამედ აბსურდთან. აბსურდული გროტესკი ახალ მოვლენას წარმოადგენს  XX საუკუნის ლიტერატურაში. „აბსურდის ლიტერატურის" შემქმნელთა და თეორეტიკოსთა აზრით, არსებულ სინამდვილეში ყოველდღიურობის თანამდევად იქცა საშინელება, სიგიჟე, სიკვდილი; ხელოვნება იძულებულია, ანგარიში გაუწიოს სამყაროს ამ სუბსტანციონალურ მდგომარეობას. სწორედ ზემოაღნიშნულის გამო ხდება იგი ირაციონალური, ხოლო გროტესკი - დემონური. გერმანელი ლიტერატურათმცოდნე კარლ სიმონი აცხადებს: „მერყეობა აბსურდულის წინაშე ჩვენს დროს გადალახულია, საგიჟეთი თავისუფლად და უსირცხვილოდ შემოვიდა ჩვენს სამყაროში, რომელიც ყოველდღე ჩვენ გარშემოა და რომელიც კარგავს ლოგიკასა და მიზეზობრივ კავშირებს... ჩვენ მშიერი არსებების მსგავსად ვყლაპავთ სლოგანს, რომელიც გვიხსნის, რომ თანამედროვე ფიზიკა გახდა „აკაუზალური" (akausal), და ვუსმენთ ისტორიებს ატომური ბომბის გამომგონებლების შესახებ, რომლებიც მონასტრებში წავიდნენ, ასევე ისტორიებს კინოვარსკვლავების შესახებ, რომლებიც ბუდისტები გახდნენ. ჩვენ დავნაყრდით პოზიტივისტური საუკუნით, ხოლო რაციონალისტურ-ოპტიმისტური პროგრესი დგას ატომური ბომბის წინაშე. დეკარტეს გამოცემები მცირდება, ხოლო რევოლდი ჯიბის ფორმატში აქვეყნებს მისტიკოსებისა და იოგების კრებულებს. რაღა დარჩენია იუმორს, თუ არა ის, რომ გახდეს ირაციონალური" [Simon, 1958: 415]. ღრმა ცხოვრებისეულმა და სულიერმა კატასტროფებმა, რომელთა წინაშე აღმოჩნდა კაცობრიობა, წარმოშვა „შავი იუმორი, როდესაც სიცილს დაღლილობამდე მივყავართ" [Simon, 1958:412]; რომელიც თანდათანობით გადაიქცევა   „ინფერნალურ დაცინვად" [Simon, 1958:413].

კარლ სიმონის გარდა, თანამედროვე დასავლური გროტესკის ესთეტიკური თეორია განავითარა გერმანელმა ლიტერატურათმცოდნემ ვოლფგანგ კაიზერმა.   ვ. კაიზერისათვის მთავარია „რაღაც მტრული, უცხო, არაადამიანური; მისთვის „...გროტესკული  არის სამყარო, რომელიც გახდა უცხო" [Kayser, 1957: 136]. ავტორი შენიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული, ლიტერატურათმცოდნეობითი კონსტრუქცია. ვ. კაიზერი აანალიზებს XX საუკუნის ლიტერატურულ პრაქტიკას, სადაც ეჟენ იონესკუს, ფრანც კაფკას, ჯონ აპდაიკისა და სხვა მწერლების ნაწარმოებებში ზემოაღნიშნული სამყარო რეალობად არის წარმოჩენილი. გერმანელი ავტორი ერთმანეთს უპირისპირებს   გროტესკისა და ზღაპრის ნიშანდობლივ თვისებებს და აღნიშნავს, რომ ზღაპრის სამყაროც, გროტესკულის მსგავსად,  მკითხველისთვის უცნობი და უჩვეულოა, მაგრამ ეს არ არის სამყარო, რომელიც  მისთვის უცხოა. რაც შეეხება გროტესკს, მასში მკითხველთათვის მშობლიური, ახლობელი გარემო მოულოდნელად იქცევა მტრულად, უცხოდ. სწორედ ჩვენი სამყარო გარდაიქმნა უცხოდ, რომელსაც მართავს არაადამიანური ძალა; მასზეა დამოკიდებული ადამიანებისა და სამყაროს ბედი. ვ. კაიზერი აკეთებს  დასკვნას, რომ „გროტესკულ სამყაროში საუბარია არა სიკვდილის შიშზე, არამედ სიცოცხლის შიშზე" [Kayser, 1957:137]. ვ. კაიზერის თანახმად, გროტესკულში გადასვლის დროს სიმწრის სიცილი იღებს  ბოროტად დაცინვის, ცინიკურის, დაბოლოს, სატანური სიცილის ნიშნებს [Kayser, 1957: 137].

უნდა აღინიშნოს, რომ „აბსურდის" ცნება არაერთმნიშვნელოვანია და, კონტექსტიდან გამომდინარე, სხვადასხვა შინაარსის მატარებელია. ქვემოთ მოვიყვანთ „აბსურდის"  ცნების რამდენიმე აზრობრივ მნიშვნელობას, რომელიც გვხვდება „აბსურდის ლიტერატურაში" და ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიურ პრაქტიკაში:

1.  სამყაროს პრინციპული აბსურდულობა, რომელშიც იმყოფება ადამიანი (ჟან-პოლ სარტრი);

2.    რეალურ სამყაროში ადამიანის არსებობის აბსურდულობა (ალბერ კამიუ);

3.   სამყაროში ადამიანის არსებობის აბსურდულობის სუბიექტური განცდა,  იმის მიუხედავად, აბსურდულია სამყარო თუ არააბსურდული;

4.  სამყაროს აბსურდულობის არააბსურდული (ე. ი. „მშვიდი", „ნეიტრალური") აღქმა;

5.    კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციების, კოლიზიების, გულისტკივილის აბსურდულობა, რასაც ადამიანი ხვდება;

6. ადამიანის განცდების თავდაპირველი აბსურდულობა, რომელიც დაკავშირებულია მის შინაგან კონსტიტუციასთან, ტემპერამენტთან (მაგალითისათვის, თუ მხიარული სანგვინიკი უყურებს სამყაროს „ვარდისფერი სათვალეებით", პესიმისტურად განწყობილი მელანქოლიკი უყურებს სამყაროს „შავი სათვალეებით")  [Петриашвили, 2005:100].

თანამედროვე დასავლეთევროპელი მკვლევრები აბსურდს განიხილავენ, როგორც ყოფიერების თავდაპირველ მდგომარეობას. განსაკუთრებით ეს ეხება ლიტერატურულ გროტესკს, რომელიც  მეტწილად ეფუძნება აბსურდს - სამყაროს აბსურდულობასა და ამ სამყაროში ადამიანის ყოფნის აბსურდულობას. ამასთან ერთად, თვით ეგზისტენციალისტებთანაც წარმოჩენილია არსებითი განსხვავება აბსურდის ფილოსოფიურ გააზრებაში. ერთი მხრივ, ჟან-პოლ სარტრი ამტკიცებს, რომ „აბსურდულია, რომ ჩვენ ვიბადებით და აბსურდულია, რომ ჩვენ ვკვდებით" [Sartre, 1946: 631], ხოლო, მეორე მხრივ, ალბერტ კამიუმ დაწერა  წიგნი „ამბოხებული ადამიანი" [Camus, 1951], რომელშიც ამაყ ადამიანს მოუწოდებს, რომ აჯანყდეს ასეთი აბსურდის წინააღმდეგ: "აბსურდი არც ადამიანშია... და არც სამყაროში, იგი მათ ერთბლივ ყოფნაშია. ამიტომ ადამიანისათვის არ არსებობს უფრო მშვენიერი სანახაობა, ვიდრე ინტელექტის შებრძოლება რეალობასთან, რომელიც მასზე უფრო ძლიერია... არის რაღაცა განუმეორებლად ძლევამოსილი იმ დისციპლინაში, რომელიც ნიჭმა უკარნახა თავის თავს, ძლიერ ნებისყოფაში, ამ დაპირისპირებაში. გაღარიბება რეალობისა, რომელიც თავისი არაადამიანურობით ხაზს უსვამს ადამიანის სიდიადეს,  ნიშნავს თვით ადამიანის გაღარიბებას" [Камю, 1990:51]. ალბერტ კამიუს მაგალითი გვარწმუნებს, რომ თანამედროვე ეგზისტენციალიზმი ქადაგებს სწორედ ადამიანის „სტოიკურ მიდგომას" ცხოვრებისადმი, რათა ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს ამ არამყუდრო და უცხო სამყაროში. გავიხსენოთ, რომ ფრანგული ეგზისტენციალიზმის ყველა მეტნაკლებად გამოჩენილი წარმომადგენელი აქტიურად იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ანტიფაშისტური მოძრაობის რიგებში.

საბოლოო ჯამში, უამრავი სხვადასხვა სახის  უაზრობა, რომელიც შეინიშნება ლიტერატურული გროტესკის ნაწარმოებებში, მოწმობს იმას, რომ გროტესკი უთუოდ ენათესავება აბსურდს და  თავის თავში მოიცავს აბსურდულობას, როგორც აზრობრივს, შინაარსობრივს, ასევე ფორმალურს, კომიკურს, მაგრამ არ დაიყვანება აბსურდამდე, ვინაიდან აბსურდი შეიძლება  არაგროტესკულიც იყოს. საქმე ისაა, რომ, თუ ვაღიარებთ, რომ სამყარო მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც (მისი ცალკეული ცხოვრებისეული გარემოებები და სიტუაციები) აბსურდულია თავისი ბუნებით, მაშინ „აბსურდის ლიტერატურა" აღმოჩნდება ამ აბსურდული სინამდვილის სწორი, რეალისტური ასახვა. ასეთ შემთხვევაში ამ ტიპის ნაწარმოებები აღარ იქნება უკვე გროტესკული („ასეთი რამ არ შეიძლება იყოს!" „ასე არ ხდება!"). მაშასადამე, აბსურდულობა ამა თუ იმ დოზითა და ფორმით ახასიათებს გროტესკს, მათ შორის ლიტერატურულსაც, მაგრამ ლიტერატურული გროტესკის მთლიანად დაყვანა აბსურდამდე  გადაჭარბებული იქნებოდა. აბსურდი და გროტესკი  ღვიძლი ძმები არიან, მაგრამ არა ტყუპები.  მათი  ნათესაობა კონკრეტულად ვლინდება იმაში, რომ ორივე შეიცავს თავის განმარტებაში პარადოქსულ უაზრობას, მაგრამ „აბსურდის ლიტერატურაში" ამ უაზრობას მიაწერენ მეტაფიზიკურ არსს  (ეგზისტენციალური გაგებით), ხოლო ლიტერატურულ გროტესკში ეს მხოლოდ მხატვრული პირობითობის საშუალებაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „აბსურდის ლიტერატურა", რომელიც დასავლეთ ევროპისა და ევროპული კულტურული ორიენტაციის მქონე სხვა ქვეყნებში მიმდინარე  ლიტერატურული პროცესის  ავანსცენაზე  იმყოფება, აშკარად არის ლიტერატურული გროტესკის ატრიბუტიკის მატარებელი. თუმცა, აქვე შევნიშნავთ: იმის მიუხედავად, რომ გროტესკი და აბსურდი ერთმანეთს გადაკვეთს, აბსოლუტურ დამთხვევაზე საუბარი უადგილოდ მიგვაჩნია. ქვემოთ მოვიტანთ ჩვენ მიერ შერჩეული ნაწარმოებების  ანალიზს, რომელიც ნათელყოფს, რომ  ყოველი გროტესკი აბსურდულია, მაგრამ ყოველი აბსურდი გროტესკი როდია. აღნიშნული მოსაზრების საილუსტრაციოდ  მივმართოთ ფრანც კაფკას  ნაწარმოებებს.

ფრანც კაფკას ისეთ ქმნილებებს შორის, როგორებიცაა „კოშკი" [Кафка A, 1991] და „მეტამორფოზა" [Кафка B, 1991], მხოლოდ „მეტამორფოზა" შეიძლება ჩაითვალოს გროტესკად, ვინაიდან ამ რომანის მთავარი გმირი - ახალგაზრდა კაცი გრეგორი ზამზა - გადაიქცევა მწერად. ეს, რა თქმა უნდა, ფანტასტიკაა და ნიშანდობლივია, რომ  ნაწარმოებში გადმოცემული ყველა პერიპეტია, რომლებიც თავს გადახდა პროტაგონისტს მეტამორფოზის შედეგად,  აგებულია ზემოაღნიშნულ ფანტასმაგორიაზე. რაღაც საიდუმლო, შეუცნობადი ძალების მიერ მწერად გადაქცეული გრეგორი ზამზა ვერსაიდან (მისი უახლოესი ადამიანებისგანაც კი) პოულობს თანაგრძნობას. საშინელ მწერად გადაქცეული, იგი იტანჯება, ყველასგან მოძულებულია, განიცდის მარტოობას. კაფკასთან, ისევე როგორც მთელ ეგზისტენციალურ ლიტერატურაში (რომელიც, თავის მხრივ, ეგზისტენციალურ ფილოსოფიას ეყრდნობა), ადამიანი იმთავითვე განწირულია მარტოობისათვის, რაც ამძიმებს, აძლიერებს მისი უაზრო ცხოვრების აბსურდულობას. ასეთი აბსურდული და იმავდროულად  გროტესკული კომპოზიცია (ადამიანი გადაიქცა მწერად) აძლევს ფ. კაფკას იმის საშუალებას, რომ  ფილოსოფიურად და მხატვრულ-კონცეპტუალურად გააანალიზოს არსებული ყოფიერება და დაასაბუთოს ზოგადი თეზა: ადამიანი განწირულია სატანჯველად  და, საერთოდ, მთელი მისი არსებობა აბსურდულია.

 „მეტამორფოზისაგან" განსხვავებით ფ. კაფკას სხვა ნაწარმოებებში ლიტერატურული გროტესკის წესები არ არის დაცული და, ცხადია, მათ ვერ მივაკუთვნებთ გროტესკულ ლიტერატურას. მაგალითად, რომანში „კოშკი" ვინმე მიწისმზომელი დასახლდება მყუდრო „სოფელში" და იმისთვის, რომ მშვიდად და მყარად იგრძნოს თავი, თხოვნით მიმართავს „კოშკს", რათა ცხოვრების ოფიციალური ნებართვა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ამას მისგან მაინცადამაინც არც ითხოვენ. ბიუროკრატული მიწერ-მოწერა მთავარ გმირსა და "კოშკს" შორის  დიდხანს გრძელდება. ყველაფერი იმით მთავრდება, რომ მიწისმზომელის  გარდაცვალებამდე ხუთი წუთით ადრე "კოშკიდან"  დადებითი პასუხი მოდის. გამოდის, რომ კანონიერ საფუძველზე მთავარ გმირს  თავის სახლში მხოლოდ ბოლო  ხუთი წუთი უცხოვრია. ცხადია, რომ  ნაწარმოებში წარმოდგენილი სიტუაცია აბსურდულია, მაგრამ არაფერი გროტესკული (ე.ი. ფანტასტიკური) მასში არ არის: ჩვენ წინაშეა ბიუროკრატიზმის -  ამ გავრცელებული  სოციალური ბოროტების, რომელიც არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებების მთავარი თემა - მორიგი მსხვერპლი. კაფკას ნაწარმოებში წარმოდგენილი სიტუაცია, ცხადია, აბსურდულია, მაგრამ გროტესკულობაზე მინიშნებაც არ არის [Петриашвили, 2005].

ზემოაღნიშნული თეზის - ყოველი გროტესკი აბსურდულია, მაგრამ ყოველი აბსურდი შეიძლება სულაც არ იყოს გროტესკული - საინტერესო  ილუსტრაციას წარმოადგენს  იური ტინიანოვის გახმაურებული მოთხრობა „პოდპორუჩიკი კიჟე" (1928 წელი). მწერალმა ნაწარმოების ფაბულად გამოიყენა რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის  დროის  ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა პრეობრაჟენსკის პოლკის კანცელარიის  ოფიციალურ დოკუმენტაციაში  ჩინოვნიკის მიერ დაშვებული ბანალური შეცდომის შედეგად  არარსებული „ოფიცერი კიჟე".  ფაბულის თანახმად, აღნიშნული ფანტომი ჯერ  პრეობრაჟენსკის პოლკის კაპიტანი გახდა, შემდეგ პოლკოვნიკი და ბოლოს გენერლის ჩინიც  მიიღო; მანვე, თითქოსდა, ცოლად  შეირთო დედოფლის ფრეილინა და  შვილიც შეეძინა. აღწერილი სიტუაცია ნამდვილად  აბსურდულია, ამიტომაც იბადება ლოგიკური კითხვა: ზემოაღწერილი შემთხვევა ოფიცრების მიერ მოგონილი ირონიული ანეკდოტია თუ რეალურად მომხდარი ამბავი. ნაწარმოების ანალიზი იძლევა  იმის საფუძველს, რომ  დავასკვნათ: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მართლაც ანეკდოტია, მსგავს შემთხვევას  შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ნაწარმოებში აღწერილ ისტორიულ ეპოქაში - რუსეთის თვითმპყრობელურ იმპერიაში პავლე I-ის  მეფობის დროს. ამ შემთხვევაშიც    ფანტომი „ოფიცერი კიჟე"  წარმოადგენს  ბიუროკრატიზმის, როგორც გავრცელებული  სოციალური ბოროტების, მორიგ მსხვერპლს.

მსგავსი სიტუაციებია წარმოდგენილი მიხეილ ბულგაკოვის მისტიკურ-გროტესკულ ნაწარმოებებშიც. მწერალმა საინტერესო გზა განვლო პირველი გროტესკული მოთხრობებიდან (მაგ., „ჩიჩიკოვის თავგადასავალი", „მეწამული კუნძული", „დიავოლიადა", „საბედისწერო კვერცხები", „ძაღლის გული", რომლებშიც აშკარად გამოსჭვივის ირონიული „ვოლტერიანული სიცილი") იმ ტიპის ნაწარმოებებამდე, რომლებსაც ახასიათებს  ზემოთ განხილული „კაფკიანური არა-სიცილი" (მაგ., „ოსტატი და მარგარიტა"). კერძოდ, ლიტერატურათმცოდნეთა საყოველთაო აღიარებით  მ. ბულგაკოვის მოთხრობა „ძაღლის გული"  კლასიკური ლიტერატურული გროტესკია, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც ნიშანდობლივია ლიტერატურული გროტესკის ჟანრისათვის; აქვე შევნიშნავთ, რომ მ. ბულგაკოვის ბელეტრისტიკის ანალიზისას, როგორც წესი, ლიტერატურათმცოდნენი მიმართავენ ტერმინს "ინტელექტუალური გროტესკი", რადგან ხშირად აღნიშნული ნაწარმოებების სიუჟეტი ემყარება ლიტერატურულ რემინისცენციას, ალუზიას ან მხატვრული პერსონაჟები ინტელექტუალური სამყაროს წარმომადგენლები არიან (მწერლები, მხატვრები, ექიმები, პროფესორები...).

„ძაღლის გულში" უხვად არის წარმოდგენილი სატირული და ფანტასმაგორიული სურათები. მაგ., მოთხრობა იწყება ძაღლის აშკარად ფანტასმაგორიული შინაგანი მონოლოგით, რომელშიც იგი წყევლის 20-იანი წლების მოსკოვში თავის ძაღლურ ცხოვრებას. ამ მონოლოგში ყურადღებას იქცევს მოსკოვური ჭორების, საინტერესო წვრილმანების ცოდნა, დაკვირვების უნარი, სიტყვის ვირტუოზულობა. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას ხედავს და წერს მწერალი მიხეილ ბულგაკოვი, მაგრამ გაწვდის ძაღლის მონოლოგის სახით, რაც, თავის მხრივ, ფანტასმაგორიას წარმოადგენს. მონოლოგში ძაღლი წარმოდგენილია ნიჭიერ, ენამწარე, იუმორის გრძნობით აღსავსე არსებად. იგი უთუოდ იწვევს თანაგრძნობასა და სიმპათიას. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ეს შეუძლებელია!" - სწორედ ეს არის ლიტერატურული გროტესკის უმთავრესი პირობა. ასევე გროტესკულ ფანტასმაგორიას წარმოადგენს ძაღლის  თავის ტვინზე პროფესორ პრეობრაჟენსკის მიერ ჩატარებული ოპერაცია: გარდაცვლილი ლოთის - კლიმ ჩუგუნოვის ჰიპოფიზის ტრანსპლანტაცია. მიხეილ ბულგაკოვი, პროფესიით ექიმი, დეტალურად აღწერს ამ ოპერაციას, რათა მკითხველს სინამდვილის ილუზია შეუქმნას. ძაღლის გაადამიანურობის პროცესი აღწერილია პრეობრაჟენსკის თანაშემწის, ექიმ ბორმენტალის, დღიურში, რომელიც, თავის მხრივ, ასევე  გროტესკის ნიმუშს წარმოადგენს. მოთხრობაში მწერალი "აჩვევს" მკითხველს ინტელექტუალური თამაშის ფანტასმაგორიულ წესებს, რის შედეგადაც მას  უკვე აღარ უკვირს გაადამიანებული „ევგრაფ ევგრაფის ძე შარიკოვის" შემდგომი ცხოვრება და თავგადასავლები. ნაწარმოების ფინალში აღწერილ სცენებში (შარიკოვის კვლავ შინაურ ძაღლად გადაქცევა, რომელიც ბედნიერია პროფესორის ბინაში ცხოვრებით)  ბევრი რამ უტრირებულია, მაგრამ ესეც მთლიანად შეესაბამება ლიტერატურული გროტესკის ნორმებს.

რაც შეეხება "ოსტატსა და მარგარიტას", ეს რომანი ლიტერატურული გროტესკის, სატირული ფანტასმაგორიის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. გროტესკულია რომანის პირველივე სცენა 30-იანი წლების მოსკოვში, სადაც გამოჩნდება ნამდვილი სატანა-ვოლანდი თავისი ამალით, რათა გამართოს ყოველწლიური მეჯლისი „დედოფლის" (ამ შემთხვევაში მარგარიტა ნიკოლაევნას) თანდასწრებითა და ხელმძღვანელობით. აღნიშნულ ეპიზოდში აღწერილია  ბერლიოზისა (დიდი ფრანგი კომპოზიტორის მოგვარე, რაც, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა გროტესკულ უაზრობას) და პოეტ ბეზდომნის („ბეზდომნი" - ე.ი. „უსახლკარო") დიალოგი; შემდეგ გაიმართება კამათი ვოლანდსა და ბერლიოზს შორის იესო ქრისტეს შესახებ (მითისა და რეალობის ერთმანეთში გადასვლა, ვოლანდი ხომ პირადად ესწრებოდა იეშუას სიკვდილით დასჯას), რასაც მოჰყვება ვოლანდის წინასწარმეტყველება ბერლიოზის აღსასრულისა (ტრამავაის ბორბლებქვეშ) და პოეტ ბეზდომნის მომავლის (მას „შიზოფრენიის" დიაგნოზს დაუსვამენ) შესახებ. რომანის მომდევნო თავებში მკითხველი ეცნობა თავად „პროფესორ ვოლანდის" თაოსნობით გამართულ შავი მაგიის სეანსებს „ვარიეტეს თეატრში", მოწმე ხდება მისი ამალის „ფოკუსებისა" № 302 ბინაში, სატანური მეჯლისისა და ა.შ. მთელი ეს ფანტასმაგორია გრძელდება იმ მომენტამდე, სანამ  „უწმინდური ძალები" (და მათთან ერთად ოსტატი და მარგარიტა)  არ დატოვებენ მოსკოვს.

მთელ რომანში (გარდა იერუსალიმის თავებისა, სადაც მწერალი უფრო შეზღუდულია) ბულგაკოვი მიმართავს სატირასა და პაროდიას. ნაწარმოებში აღწერილი პარადოქსული სიტუაციები ხშირად ფანტასმაგორიაში გარდამავალ აბსურდს ენაცვლება. Mმწერალი ამ ხერხს თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად იყენებს. ირონიისა და აბსურდის საშუალებით ავტორი კიცხავს გარკვეულ მოვლენებს, ფაქტებსა და სახეებს,  ამავე დროს იგი დადებითი იდეალების პროპაგანდასაც ეწევა. სწორედ ფანტასმაგორიული აბსურდის ფორმით ამხელს ავტორი სტალინის ტოტალიტარული რეჟიმისდროინდელ სინამდვილეს. ბულგაკოვის სატირული ფანტასმაგორია მიმართულია ანგარების, ეგოცენტრიზმისა და სხვა ანტიჰუმანური ტენდენციების წინააღმდეგ. ამასთან ერთად, მწერალი  არ ღალატობს დანტეს, რაბლესა და სვიფტის ტრადიციებს: საჯაროდ ამათრახებს (ზოგჯერ ღიად, აშკარად, ზოგჯერაც მალულად, შეფარვით) თავის იდეურ, პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოწინააღმდეგეებს.

უკანასკნელ ხანს ხშირად სვამენ კითხვას ლიტერატურული გროტესკის, სატირული ფანტასმაგორიის მომავალთან დაკავშირებით. ლაპარაკია სწორედ ლიტერატურულ გროტესკზე, ვინაიდან ხელოვნების სხვა დარგებში (ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა, მუსიკა, თეატრი, ცირკი და სხვა) გროტესკი  დღესაც წარმატებით გამოიყენება ექსპრესიისა და მხატვრული ეფექტის მისაღწევად. როგორც მე-20 საუკუნის პრაქტიკა გვარწმუნებს, გროტესკულ ნაწარმოებთა რაოდენობა ხელოვნების ჩამოთვლილ სახეობებში კი არ კლებულობს, არამედ მატულობს. განსაკუთრებით ეს ეხება ცირკს (ბუფონადა, ილუზიონი), ანიმაციურ ფილმებს (მულტიპლიკაცია), თანამედროვე სახვით ხელოვნებას (აბსტრაქციონიზმი, ავანგარდიზმი). უფრო მეტიც, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა ქმნის ისეთ „ვირტუალურ" ფანტასმაგორიებს, რომლებიც ზოგჯერ აღემატება  მხატვრისა თუ მწერლის ფანტაზიას.

რაც შეეხება ლიტერატურატურულ გროტესკს, ამ შემთხვევაში იკვეთება ორი საპირისპირო ტენდენცია, რომელთაგან ერთ-ერთი ხელს უწყობს ლიტერატურული გროტესკის შენარჩუნებასა და განვითარებას, ხოლო მეორე - პირიქით. ხელისშემშლელ ტენდენციად მოიაზრება თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პირობებში ადამიანის ინფორმაციულობა. ასეთ პირობებში გროტესკული ფანტასმაგორია ოდნავ თუ გააკვირვებს მას: ის, რაც ფანტაზიად მიაჩნდა წარსულ თაობას, ყოველდღიურ მოვლენად მიაჩნია თანამედროვე ადამიანს. ასეთმა სიტუაციამ შესაძლოა  გამოიწვიოს ლიტერატურული გროტესკის თანდათანობითი კვდომა. მეორე მხრივ, ლიტერატურათმცოდნენი გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ ლიტერატურული გროტესკის პოზიტიურ ევოლუციას; მათ შორის გამოვყოფთ:

1.            საზოგადოებაში ობიეტურად არსებული უსამართლობის სატირული, გროტესკული გაკიცხვის აუცილებლობა (სოციალურ ნაკლოვანებათა ნუსხა იმდენად დიდია, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს);

2.            მხიარული (გროტესკული) „გამოთხოვება წარსულთან", რაც ყველაზე ხშირი და პოპულარული შემთხვევაა ლიტერატურული გროტესკის გამოყენებისას;

3.            გროტესკული ანტიუტოპია, როგორც იმ განუხორციელებელი ილუზიების, სოციალური პროექტებისა და უტოპიების საპირისპირო მოვლენა, რომლებიც ზედმეტად ოპტიმისტურად, იდილიურად გვიხატავენ კაცობრიობის მომავალს;

4.           ლიტერატურული გროტესკი, როგორც მხატვრული ექსპრესიის უძლიერესი საშუალება; უსაზღვრო ფანტაზიის, ინტელექტუალური თუ სიტყვიერი თავისუფალი თამაშის სურვილი და სხვ.

          იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორები ყოველთვის არსებობდა საზოგადოებაში  და, სავარაუდოდ, იარსებებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიტერატურულ გროტესკს მის სხვადასხვა გამოვლინებაში (ფანტასმაგორია, აბსურდი და სხვ.) ჯერ არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობანი და,  როგორც მხატვრული პირობითობის განსაკუთრებული საშუალება, თანამედროვე ისტორიულ პირობებში კვლავ რჩება ლიტერატურისთვის ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ  ფორმად.

ლიტერატურა

ალხაზიშვილი გ. მუზაშვილი ნ.
2009
ქართული პოსტმოდერნი და ქართული დეკონსტრუქცია.http://www.lib.ge-7.03.2009
Camus A.
1951
L’homme révolté. Paris.
Dürenmmatt F.
1966
Theater-Schriften und Reden. Zürich.
Kayser W.
1957
Das Groteske in Malerei und Duchtung.Hamburg.
Sartre J.-P.
1946
L’existentialisme est un humanisme. Paris.
Simon K. G.
1958
Das Absurde lacht sich tot. Akzente. № 5.
Камю А.
1990
Бунтующий человек. Москва.
Кафка Ф.
1991
Замок. Москва.
Кафка Ф.
1991
Америка. Процесс. Из дневников. Москва.
Петриашвили О.
2005
Гротеск в русской литературе ХХ века. Тбилиси.