მეგრულ - ქართული ინტერფერენციებისათვის
ენობრივ კონტაქტს, როგორც კულტურათა შორის კონტაქტების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, კვლევის საკმაო ტრადიცია გააჩნია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ენათმეცნიერებასა და მომიჯნავე დარგებში მიღწეული შედეგები ამ კუთხით ძირითადად ინდოევროპულ ენებზე აისახება და ისევ და ისევ ნაკლებია ცნობილი სხვა ენების შესახებ სოციო- და ფსიქოლინგვისტიკაში.
ენობრივი კონტაქტი თავისთავად სხვადასხვა ენობრივ დაჯგუფებებს შორის კონტაქტს გულისხმობს. აქედან გამომდინარე ეს, ზოგადად, ის სფეროა, რომელშიც ლინგვისტური, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, პედაგოგიური ასპექტების შეჯერება ხდება. ამდენად, ამა თუ იმ ენის ლინგვისტური კვლევა არ შეიძლება შემოიფარგლოს ენის, როგორც დახურული სისტემის, კვლევით.
პირველ რიგში, აუცილებელია იმ კრიტერიუმების გარკვევა, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება ესა თუ ის ფენომენი და მიეცემა მას გარკვეული ადგილი. 1977 წელს გამოცემულ წიგნში „Sprachen in Kontakt" ვაინრაიხი ასხვავებს კონტაქტის შედეგად წარმოშობილ ფენომენებს, ერთი მხრივ, ცოცხალ მეტყველებასა და, მეორე მხრივ, ენაში, როგორც Langue [Weinreich, 1977:27-28]. კლაუს ციმერმანმა დიფერენციაციის შემდეგი მეთოდები შემოგვთავაზა:
1) სხვაობა მოკლევადიან და გრძელვადიან ფენომენებს შორის;
2) სხვაობანი ფენომენებს შორის, როცა ისინი, ერთი მხრივ, ენის სოციალურ მხარეს, ხოლო, მეორე მხრივ, მის სტრუქტურას ეხებიან. მოკლევადიანი ფენომენების შემთხვევაში, რომელიც ენის სტრუქტურულ მხარეს მოიცავს, ციმერმანი ორ ფაქტორს გამოყოფს:
1) ნარევობა, რომლის ქვედა საფეხურებად მას ინტერფერენცია, ე. წ. code-switching (სამეტყველო კოდის ცვლა - ერთიდან მეორეზე გადასვლა და პირიქით) და ტრანსფერენცია წარმოუდგენია;
2) გაადვილება (Vereinfachung). ეს არის სტრატეგია, რომლითაც მიიღწევა კომუნიკაცია ენობრივი ბარიერის არსებობის დროსაც. ე. წ. „foreigner talk" წარმოადგენს ენის გაადვილებულ ფორმას, რომელსაც იყენებს ამ ენაზე მოლაპარაკე ინდივიდი უცხოელთან კომუნიკაციის მისაღწევად [Zimmermann, 1992:50]. ამ გზით ნასწავლ ენას, როგორც წესი, „გატეხილ ენას" უწოდებენ [Ferguson, De Bose, 1977:108].
გრძელვადიანი ფენომენების რიგში ციმერმანთან ლექსიკური ნასესხობები გვხვდება.
მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ენათშორისი კონტაქტები არ იყოს დაფიქსირებული. იქაც კი, სადაც ორენოვანი საზოგადოება არ არსებობს, სხვადასხვა გზით (ვაჭრობა, დიპლომატია, ტურიზმი) მყარდება კონტაქტი ენებს შორის. პირველი პროფესიული ენა წარმოიშვა გაცხოველებული ვაჭრობის შედეგად
ხმელთაშუაზღვისპირეთში. ასევე არსებობს მონაცემები რუსულ-ნორვეგიული შერეული ენის შესახებ, რომელზეც მეთევზეები მეტყველებდნენ. ენობრივი კონტაქტების შედეგად წარმოშობილი ენების საუკეთესო ნიმუშებია პიჯინი და კრეოლი.
ხშირმა მასობრივი გადაადგილებებმა, კოლონიალიზმმა და საზღვრების მუდმივმა გადაწევამ ბევრ ქვეყანაში ორენოვნება ან სულაც მრავალენოვნება დაამკვიდრა. არსებობს ქვეყნები, სადაც ერთმანეთის გვერდით რამდენიმე ენა თანასწორუფლებიანად ფუნქციონირებს სახელმწიფო ენის სტატუსით (შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბელგია, ინდოეთი, კანადა და სხვ.). შესაბამისად, ამ ქვეყნებში საზოგადოება ორენოვანი ან სულაც მრავალენოვანია.
საინტერესოა ენობრივი კონტაქტები ერთი საზოგადოების შიგნით, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი ორენოვანია, მეორე კი - არა. ასეთ ვითარებას ადგილი აქვს მაშინ, როცა დომინანტია ერთი ენა, რომელზეც მეტყველებს საზოგადოების ყველა წევრი და, შესაბამისად, უმეტესად ამ ენაზე ხდება კომუნიკაცია. ამავე დროს საზოგადოების ერთი ნაწილი მეტყველებს დამატებით სხვა ენაზე, რომელიც მისთვის წარმოადგენს L1-ს. ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს ქართველური ენების მაგალითზე, ანუ გვაქვს დომინანტი ენა - ქართული, რომელზეც მეტყველებს საქართველოში მცხოვრები ქართველური ჯგუფის ენებზე მოლაპარაკე ყველა ინდივიდი. ამავე დროს სვანები და მეგრელები მეტყველებენ კიდევ სხვა ენებზე, კერძოდ, სვანები - სვანურად, მეგრელები - მეგრულად.
როდესაც ზემოთ ვახსენეთ ენობრივი კონტაქტები ერთი საზოგადოების შიგნით, მხედველობაში გვქონდა ისტორიულად და გენეტიკურად მჭიდრო კავშირში მყოფი საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც მოიაზრებიან ერთ ეთნოსად, აქვთ საზიარო კულტურა და ტრადიციები, რაც ამ ხალხების ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში აირეკლება.
ცხადია ის ფაქტი, რომ იქაც კი, სადაც ორენოვანი საზოგადოება (ამ სიტყვის ვიწრო გაგებით) არ არსებობს, გარკვეულწილად მაინც აქვს ადგილი ბილინგვიზმს. მხედველობაში გვაქვს ენის სუბსისტემები:
ა) დიალექტები;
ბ) სოციოლექტები;
გ) დროით განპირობებული ენობრივი ვარიაციები (ერთი თაობის ან ეპოქის
ენა).
აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთ ენაზე მოლაპარაკე ადამიანიც გარკვეულწილად ორენოვანი ან მრავალენოვანი გამოდის იმიტომ, რომ არავინ ლაპარაკობს ყოველთვის ერთნაირად. ყველა ენაში არსებობს დიალექტები და სოციოლექტები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, მაგალითად, კახელი უქცევდეს კახურად, იმერელი - იმერულად და ა. შ. ცხადია, რომ სხვადასხვა თაობა განსხვავებულად მეტყველებს. ამასთან, ისევ სოციო- და ფსიქოლინგვისტური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა მეტყველების ტრანსფარენტულობა, ანუ ინდივიდის უნარი, ცვალოს სამეტყველო კოდი მოცემული სოციალურ-კულტურული ფონის შესაბამიად.
ამჯერად ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ ინტერფერენციის საკითხები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი ორი მონათესავე ენის - ქართულისა და მეგრულის - მაგალითზე. ამოსავალი იქნება მეგრული ენის კონტაქტი ქართულის დასავლურ დიალექტებთან: ქვემოიმერულთან და გურულთან. ფაქტია, რომ გარკვეული სახის ზანიზმები სწორედ ამ დიალექტებშია დაფიქსირებული, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს - გეოგრაფიულად განპირობებული მუდმივი კონტაქტი ენებს შორის. ამ კუთხით ბევრი დაწერილა ქართველურ ენათმეცნიერებაში და, ამდენად, ჩვენ აქ არ შევეხებით უკვე მრავალჯერ განხილულ ფაქტებს (ნასესხობებს ლექსიკაში, ასევე, ერგატიულ კონსტრუქციებს, როგორებიცაა, მაგალითად, კაცმა მოვიდა, კაცმა მოკვდა) და მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ მორფო-სინტაქსურ ინტერფერენციაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ქართული ენის დასავლურ კილოებზე მოლაპარაკის მეტყველებაში ხშირად გვხვდება ისეთი ზმნური ფორმები, როგორებიცაა: მინავალა, ნაკეთება, ნაქონა და ა. შ. რაც სალიტერატურო ქართულისათვის მცდარი და მიუღებელია. საქმე ისაა, რომ ზმნის ასეთი ფორმის წარმოება ახასიათებს მეგრულ ენას, კერძოდ კი ეს არის მეოთხე სერიის ფორმები. სალიტერატურო ქართულს მეოთხე სერია არ მოეპოვება და ზემოთ ჩამოთვლილი ზმნების ეკვივალენტურ ფორმებს ანალიტიკურად აწარმოებს: მიდიოდა თურმე, აკეთებდა თურმე, ჰქონდა თურმე. აღსანიშნავია ისიც, რომ მეგრულს ზმნების მეშველზმნიანი უღლებაც ახასიათებს, მაგალითად: თასუნდას იუ&აფუ (თესავდეს იქნება); ჭკუმუნდას იუ&აფუ (ჭამდეს იქნება). მსგავსი წარმოება ზმნისა საკუთრივ ქართულისათვის უცხოა. სალიტერატურო ენა ასეთ შემთხვევებს შემდეგნაირად გააფორმებს: ალბათ (და) თესავს; ალბათ (შე)ჭამს და ა.შ. ხოლო მეგრულიდან გადმოქართულებული ფორმები, როგორიცაა: თესავდეს იქნება; ჭამდეს იქნება მეგრულის კალკს წარმოდგენს; ანუ, როგორც ვხედავთ, იქ, სადაც მეგრული კავშირებითი კილოს ფორმებს იყენებს, ქართულში ინდიკატივია (თხრობითი კილო) გამოყენებული. საერთოდ, თუ დავუკვირდებით, კონიუნქტიური (კავშირებითი კილო) და ინდიკატიური ფორმები განსხვავებულ ასპექტში გამოიყენება ქართულსა და მეგრულში. სანამ კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვანდეთ, ორიოდე სიტყვით ვახსენებთ, რომ კონიუნქტივის უმთავრესი ფუნქცია არის მოდალობის გამოხატვა. ასეა ეს უნივერსალურად მრავალ ენაში. კონიუნქტივს იყენებენ რეალური, შესაძლებელი ან არარეალური მოქმედების გამოსახატავად. აქედან გამომდინარე არსებობს კონიუნქტივის შემდეგი სახეები: რეალისი, პოტენციალისი და ირეალისი. ხშირად ამ კილოთი გამოიხატება მოქმედება, რომელიც სურვილზე, ნატვრაზე მიუთითებს. აქ უკვე საქმე გვაქვს კონიუნქტივის ოპტატიურ ან
ვოლუნტატიურ ფუნქციასთან. არც ქართველური ენებისთვისაა უცხო კონიუნქტივის ამ ასპექტში გამოყენება. ნატვრით წინადადებებში ძირითადად კავშირებით კილოს ხმარობენ. მაგ. ნეტა მოვიდეს, ნეტა წავიდეს, ნეტა გააკეთოს და ა.შ. მსგავს სურათს გვიჩვენებს, აგრეთვე, მეგრულიც: ნოტე ქუმორთას, ნოტე მიდართას, ნოტე გააკეთას. ვხედავთ, რომ ორივეგან (როგორც ქართულში, ისე მეგრულში) მეორე კავშირებითია გამოყენებული. საერთოდ, კავშირებითის ფორმები შესაბამის წრეთა მწკრივების მორფოლოგიურ ბაზაზეა აგებული. მაგ. აწმყოს კავშირებითი აგებულია უწყვეტელის ბაზაზე (აკეთებდეს - აკეთენდას), მყოფადისა - ხოლმეობითის (გააკეთებდეს - გააკეთენდას), მეორე კავშირებითი - წყვეტილის (გააკეთოს - გააკეთას) და ა.შ. ყოველივე ამის ფონზე მაინცა აქვს ხოლმე ადგილი სემანტიკურ სხვაობებს ამა თუ იმ ფორმის ხმარებისას ქართულსა და მეგრულში. მაგალითისთვის მოვიყვანთ ასეთ წინადადებას მეგრულიდან: ფარა კომუჩასუ-ნი, კოჩი იპექ. ამ წინადადების ქართული ეკვივალენტია: ფული რომ მომცა, კაცი ვიქნები. ორივეგან დამოკიდებულ წინადადებაში გვაქვს ერთი და იგივე ზმნა "მოცემა" ( მეგრ. "მოჩამა") . განსხვავება თვითონ ზმნის ფორმებს შორის არის წინადადებებში. მეგრულში პირობა გამოხატულია მეორე კავშირებითით, ხოლო ქართულში- წყვეტილით. ქართულ წინადადებას რომ მეგრული მოდელი მოვარგოთ, მივიღებთ შემდეგს: ფული რომ მომცეს, კაცი ვიქნები, რასაც თავისთავად სხვა დატვირთვა აქვს და არ არის მეგრული წინადადების სემანტიკური ეკვივალენტი. თვითონ ზმნის სემანტიკიდან თუ ამოვალთ, "მოცემა" არის გარდამავალი ზმნა, რომელიც აქტიურ სუბიექტს და პირდაპირ და ირიბ ობიექტს მოითხოვს. ჩვენი მაგალითების შემთხვევაში ზმნის ეს სემანტიკური როლები რედუცირებულია, ანუ რეალურად არ არსებობს აქტიური სუბიექტი, რომელიც "მიცემის" აქტს განახორციელებს. არც მეგრული "კომუჩასუ-ნი" და არც ქართული "მომცა" არ გულისხმობს მესამე პირს, რომელიც პირველს რაღაცას მისცემს. სემანტიკურად ეს ფორმები "ქონა" ზმნის ეკვივალენტურია, ანუ იმავე წინადადების პარაფრაზირება შესაძლებელია შემდეგნაირად: ფული რომ მქონდეს, კაცი ვიქნები (ფარა კომიღუდასუ-ნი, კოჩი იპექ ). არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - როგორც კი მეგრულ დამოკიდებულ წინადადებაში ლექსიკურად მარკირებულ აქტიურ სუბიექტს შემოვიყვანთ, შეიცვლება წინადადების შინაარსი: თიქ ფარა კომუჩასუ-ნი, კოჩი იპექ . შესაბამისად, ამ წინადადების ქართული ეკვივალენტია: მან ფული რომ მომცეს, კაცი ვიქნები. ანუ, როგორც ვხედავთ, თუ ქართული წინადადებისათვის ლექსიკურად მარკირებული სუბიექტის არსებობა ირელევანტურია, მეგრულში სწორედ ამაზეა დამოკიდებული წინადადების სწორად გაგება.
ჩვენ ტიპოლოგიური შედარებისათვის ისეთი მაგალითი მოვიყვანეთ, რომელშიც ანალოგიური ფორმების ხმარებისას სემანტიკურ სხვაობას ჰქონდა ადგილი ამ ენებს შორის. დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მეგრულისათვის ზემოხსენებული კონსტრუქცია არ არის ერთადერთი. მისთვის მისაღებია, ასევე, ქართული მოდელი:
ფული რომ მომცა, კაცი ვიქნები - ფარა კომუჩუ-ნი, კოჩი იპექ. ზოგადად, როცა ენა რისამე გამოხატვის რამდენიმე ხერხს იცნობს, ბუნებრივია, აქედან ერთ-ერთს ენიჭებოდეს უპირატესობა. მეგრულის მაგალითზე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ორივე კონსტრუქცია სწორია, მაგრამ მეტყველებაში უფრო ხშირად გამოიყენება პირველი, ანუ კავშირებითის ფორმით ნაწარმოები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მეგრელის მეტყველებაში სწორედ პირველი ფორმა სჭარბობდეს მეორეს და ამ ენაზე მოლაპარაკე შესაბამისად აგებდეს ქართულ წინადადებებს, რაც ხშირ შემთხვევაში სემანტიკურ გაუგებრობას იწვევს. აქ უკვე საქმე გვაქვს მორფო-სინტაქსურ ინტერფერენციასთან.
ბილინგვიზმის შემთხვევაში ერთი საზოგადოების შიგნით ციმერმანი ორ ასპექტს გამოყოფს: კოლექტიურ და ადსკრიპტიულ ბილინგვიზმს. კოლექტიური ბილინგვიზმი გულისხმობს, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი ერთნაირად ორენოვანია, ხოლო ადსკრიპტიული ბილინგვიზმის დროს სოციალურ ჯგუფზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ენის გამოყენება; ანუ არსებობს A ჯგუფი, რომელიც ძირითადად ერთ ენას იყენებს და B ჯგუფი, რომელიც ძირითადად მეორე ენის მომხმარებელია [Zimmermann, 1992:57]. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციუმი ხშირ შემთხვევაში შეგნებულად ირჩევს ერთ ენას მიუხედავად იმისა, რომ მას კომპეტენცია მეორე ენაშიც გააჩნია. აქ უკვე თავს იჩენს ისეთი ფენომენი, როგორიც არის ენობრივი იდენტიფიკაცია. ზოგადად, იდენტიფიკაცია ენობრივი (კულტურათა შორის) კონტაქტების შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. სპეციალურ ლიტერატურაში საუბარია იდენტიფიკაციის სხვადასხვა დონეზე: ეთნიკური იდენტიფიკაცია, სოციალური იდენტიფიკაცია, პერსონალური იდენტიფიკაცია და სხვ. ენობრივი იდენტიფიკაციის ცნებაც, რასაკვირველია, კავშირშია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დონეებთან და, უფრო მეტიც, იგი ძალიან ხშირად გაიგივებულია ეთნიკური იდენტიფიკაციის ცნებასთან. პირველ რიგში, აუცილებელია გაირკვეს, თუ რომელ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ინტერეთნიკურ თუ ინტრაეთნიკურ კონსტელაციასთან. ცხადია, რომ ენობრივი ვარიაციების შიგნითაც ფიქსირდება იდენტიფიკაციის მომენტი და ეს ბუნებრივიცაა. განსხვავებულად მეტყველება წარმოადგენს ინდივიდისათვის ნიშანს, რის მიხედვითაც ხდება ამ პიროვნების იდენტიფიკაცია სხვადასხვა ჭრილში (ეთნიკური, სოციალური და სხვ.).
ზემოთ ნახსენები კონსტელაციებიდან (ინტერეთნიკური vs ინტრაეთნიკური) აქცენტს ვაკეთებთ ინტრაეთნიკურ კონსტელაციაზე, ვინაიდან ენობრივი კონტაქტის შემთხვევაში ერთი საზოგადოების შიგნით სწორედ ეს უკანასკნელი თამაშობს დიდ როლს. ამასთან, ყურადღებას შევაჩერებთ ენის პარალინგვისტულ/პროსოდიულ დონეზე და განვიხილავთ კონკრეტულ სუპრასეგტმენტალურ ელემენტს მეგრულ-ქართული ენობრივი კონტაქტის ჭრილში. ეს ელემენტი არის და, რომელიც მეგრულში მაქვემდებარებელი კავშირის ფუნქციას ასრულებს. ქართულში იგი მაერთებელი კავშირის ფუნქციით გვხვდება. ამასთან და ქართულსა და მეგრულში ხშირია ნაწილაკის სახითაც, როცა კითხვას ჩაკითხვა მოსდევს, მაგ. რა მინდა? რა მინდა და -შენი კარგად ყოფნა. მეგრ.: მურე და, მუდგა რდას (რა არის და, რაც გინდა იყოს); ენათმეცნიერი იზა ჩანტლაძე მიიჩნევს, რომ და იმთავითვე ყველა ქართველურ ენაში ნაწილაკ-კავშირს წარმოადგენდა და პროსოდიულ მოთხოვნილებებს ემსახურებოდა. საინტერსოა, რომ ჩაკითხვა სვანურში ყოველთვის ი კავშირით ფორმდება. აქედან გამომდინარე, იგი იდენტურია ქართული და კავშირ-ნაწილაკისა, ვინაიდან ამავდროულად ი ელემენტი სვანურში და კავშირის ფუნქციას ასრულებს [ ჩანტლაძე, 1998:214].
საკუთრივ მეგრულში და ელემენტს სხვა პროსოდიული დატვირთვაც აქვს, სახელდობრ, იგი ხშირად იხმარება წინადადებაში, რომელიც თხოვნას, მუდარას შეიცავს და ექსპრესიული ხასიათისაა. მისი ქართული ეკვივალენტი ამ შემთხვევაში „რა" ნაწილაკი იქნება. მაგ. მოლართი და, გოხვეწÊქÊ (წამოდი, რა, გეხვეწები); ქიმერთი და, ქოუწი (მიდი, რა, უთხარი). და ელემენტით ქართული წინადადების გაფორმება ძალიან ხშირია მეგრულენოვანი ინდივიდის მეტყველებაში. ამ ნაწილაკის ექსპრესიული ელფერი იმდენად ძლიერია, რომ მოლაპარაკე სამეტყველო კოდის შეცვლის დროსაც (როდესაც ხდება მეგრულიდან ქართულზე გადართვა) უმეტესწილად ინარჩუნებს მას. ამიტომაც გვხვდება ქართულად მეტყველების დროს მსგავსი წინადადებები:მომიტანე, და; წამოდი და და ა.შ. განსაკუთრებით ხშირია
მსგავსი შემთხვევები ბავშვების მეტყველებაში: დედა, გამიკეთე და საჭმელი;
მომიტანე და პური და ა.შ.
სამეტყველო კოდის შეცვლასთან დაკავშირებით საინტერესოა პასიურ ორენოვანთა მეტყველება, თუ როდის და რა ვითარებაში ხდება ამა თუ იმ ფორმის გამოყენება. მეგრულ-ქართულის შეთხვევაში პასიურ ორენოვანს დავარქმევდით ინდივიდს, რომლისთვისაც L1-ს წარმოადგნს ქართული, ხოლო მეგრული L2-ია. დაკვირვების მიხედვით საკმაოდ სწრაფად ხდება სამეტყველო კოდის ცვლა და მეტყველებაც სიტუაციაზეა გათვლილი. მაგალითად, სამეგრელოში ჩასულ თბილისელს (წარმოშობით მეგრელს) შეუძლია ადვილად ჩართოს თავის ქართულ
მეტყველებაში მეგრულისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, განსაკუთრებით კი პროსოდიული ელემენტები, მათ შორის ზემოთ განხილული და. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? შეიძლება მიჩნეულ იქნას მსგავსი რამ ინდივიდის იდენტიფიკაციის შეცვლად? იდენტიფიკაცია, როგორ წესი, არ იცვლება, და, ამდენად, ცნება „იდენტიფიკაციის შეცვლა" კონტრადიქცია გამოდის. მეორე მხრივ, ცხადია, რომ სამეტყველო კოდის შეცვლით სწორედ ენის პროსოდიულ დონეზე ხდება კოდირება ინდივიდის იდენტიფიკაციისა. ზოგადად, იდენტიფიკაციის ცნება სოციო- და ფსიქოლინგვისტიკაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ამდენად,
დასკვნების გამოტანაც საკმაოდ რთული საქმეა. ცალმხრივი მიდგომა საკითხისადმი უმართებულო იქნებოდა. თითოეული მოლაპარაკე, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარკვეულ სოციუმს ეკუთვნის, ინდივიდია და, შესაბამისად, მეტყველების კვლევასაც, საბოლოო ჯამში, ცალკეულ ინდივიდამდე მივყავართ. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეტყველება არა მხოლოდ გრამატიკულ წესებს ექვემდებარება, არამედ ის ამავდროულად არის ქცევა. შესაბამისად, როცა ლაპარაკია პროსოდიულ დონეზე ინდივიდის იდენტიფიკაციაზე, ამას უნდა შევხედოთ იმავე ქცევის ასპექტში. იმდენად, რამდენადაც ასეთ შემთხვევებში საქმე გვაქვს არა საკუთრივ ერთი ენიდან მეორეზე გადასვლასთან, არამედ ენის პროსოდიულ დონეზე კონკრეტულ ინტერფერენციასთან, როდესაც არ ხდება სამეტყველო კოდის ცვლა ვიწრო ლინგვისტური გაგებით (არ იცვლება ლექსიკა და მორფო-სინტაქსი), მსგავსი შემთხვევები შეიძლება განხილული იქნას დიგლოსიის დონეზე. თვითონ ტერმინი დიგლოსია ბერძნულიდან მოდის და შეესებამება ლათინურ ბილინგვიზმს. ენამეცნიერებაში მისი დანერგვა ჩარლზ ფერგიუსონის სახელს უკავშირდება, კერძოდ კი მის პუბლიკაციას „Diglossia", რომელიც 1959 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „Word"- ში. ავტორი ცდილობს, აღწეროს საზოგადოებრივი მრავალენოვნების განსაკუთრებული ფორმა, სადაც ენის H (high) ვარიაცია უპირისპირდება ერთ ან მეტ L (low) ვარიაციას, ანუ არსებობს ერთი სტანდარტული სალიტერატურო ენა და მასთან დაპირისპირებული რამდენიმე ენობრივი ვარიაცია. H-ს დაუფლება ხდება ხელოვნური გზით (გაკვეთილი) მაშინ, როდესაც L ბუნებრივი გზით ნასწავლი ვარიაციაა. ფერგიუსონი ზემოხსენებულ პუბლიკაციაში დიგლოსიის შემდეგ განმარტებას გვთავაზობს: "დიგლოსია არის შედარებით სტაბილური ენობრივი სიტუაცია, რომელშიც, ენის ძირითადი დიალექტების გარდა (ისინი შესაძლებელია მოიცავდეს სტანდარტს ან რეგიონალურ სტანდარტებს), ერთობ დივერგენტული, მაქსიმალურად კოდიფიცირებული (ხშირ შემთხვევაში გრამატიკულად უფრო კომპლექსური) ენობრივი ვარიანტი შედის. ეს უკანასკნელი სალიტერატურო ენის ორგანიზმისათვის ერთგვარ გამტარს წარმოადგენს ადრეულ პერიოდში ან სხვა ენობრივ ჯგუფში. მისი ათვისება მიიღწევა ფორმალური განათლების გზით და გამოიყენება როგორც მწერლობაში, ასევე ზეპირმეტყველებაში, მაგრამ არა ყველა სფეროში" [Ferguson, 1959: 336].
დიგლოსიის ყველაზე მნიშვნელოვან ნიშან-თვისებად ფერგიუსონი H და L-ისთვის ფუნქციების გადანაწილებას მიიჩნევს. ზოგიერთ სიტუაციაში მხოლოდ H-ს გამოყენება ხდება, ზოგან კი L არის პრიორიტეტული და ეს ბუნებრივიცაა. მოლაპარაკე სიტუაციის მიხედვით თვითონ ირჩევს ამა თუ იმ ენობრივ ვარიანტს და ეს არჩევანი ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ენის სოციალურ ფუნქციას. ცნობილია, რომ სხვადასხვა ენას vs ვარიაციებს თუ ენობრივ ფორმებს მოლაპარაკისათვის სხვადასხვა ხარისხის მქონე სოციალური დატვირთვა აქვს. მრავალენოვან საზოგადოებებში გვხვდება სხვადასხვა ენობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია ამ ენებზე მოლაპარაკე ინდივიდებით და იმის მიხედვით, თუ რომელი ენის მატარებელია ინდივიდი, ხდება მისი მიკუთვნება ამა თუ იმ ჯგუფისადმი. ბუნებრივია, ერთი ენობრივი ჯგუფის შიგნითაც გვხვდებიან ასევე ორენოვნები. ასეთ შემთხვევაში მათ მეტყველებაში ხდება ისეთი მოდელის კონსტრუირება, რომელშიც ყველა ენას ფუნქციონალურად თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. სწორედ ასეთი მოდელი გვხვდება მეგრულენოვანი ინდივიდების შემთხვევაში, ანუ გვაქვს ფაქტიურად ერთი საზოგადოება და ერთი საკომუნიკაციო, დომინანტური ენა (ქართული), რომელზეც მეტყველებს ამ საზოგადოების ყველა წევრი. ამავდროულად არსებობენ ორენოვნები სვანებისა და მეგრელების სახით. მათ მეტყველებაში კონსტრუირებულია ზემოხსნებული ენობრივი მოდელი, რომელშიც ორივე ენას: ქართულსა და მეგრულს vs ქართულსა და სვანურს თავისი ფუნქციონალური დატვირთვა აქვს. თუკი ქართულისა და მეგრულის შემთხვევაში ფერგიუსონისეული დეფინიციებით ვიხელმძღვანელებდით, სალიტერატურო ქართული გამოდის ე.წ. H ვარიაცია, მეგრული კი - L. ვინაიდან აქ ლაპარაკია ენების ფუნქციონალურ მხარეზე სოციოლინგვისტურ ასპექტში, მეგრულს სოციოლინგვისტურად ფაქტიურად დიალექტის ფუნქცია გააჩნია.
რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები და მოვლენები სრულად ვერ ასახავს იმ თავისებურებებს, რომლებიც ამ ორი ენის ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტის შედეგად იჩენს თავს. წინამდებარე სტატია ორენოვანი ავტორის ლინგვისტურ დაკვირვებებს ეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ნაწილობრივ მაინც წარმოჩინდეს ეს თავისებურებები და მომავალშიც გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა, რამაც, შესაძლებელია ბევრი, აქამდე ამოუხსნელი ლინგვისტური პრობლემა გადაჭრას.
ამ ტერმინს ციმერმანამდე იყენებდნენ ფერგიუსონი და დე ბუსი [Fergiuson, De Bose, 1977:103].
pidgin - კოლონიური ექსპანსიის დროს ძირითადად აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებზე წარმოშობილი ენები (წარმოიშვა ინგლისური, ფრანგული, ესპანური და პორტუგალიური ენების ბაზაზე). creol - პიჯინის განვითარებული საფეხური - ფუნქციონალურად ჩამოყალიბებული ენა.
ინგლ. Language1 (ე.წ. პირველადი ენა).
მეოთხე სერია გააჩნია ასევე სვანურს და სავარაუდოდ ამით აიხსნება მსგავსი ფორმების გავრცელება ქართული ენის რაჭულსა და ლეჩხუმურ დიალექტებში.
ზოგიერთ ენაში, მაგალითად, გერმანულში ამ კილოს სხვა ფუნქციაც გააჩნია. იგი გამოიყენება სხვისი ნათქვამის გადმოსაცემად.
შესაძლებელია, აქ დიალექტურ სხვაობასთანაც გვქონდეს საქმე, რაც კიდევ ცალკე საკვლევია.
ლიტერატურა
Bußmann, H. 1990 |
Lexikon der Sprachwissenschaft. Stuttgart: Alfred Kröner Verlag. |
Ferguson, Ch. 1959 |
Diglossia, Word, XV. 325-340. |
Ferguson, Ch. De Bose, E. 1977 |
Simplified Registers, Broken Language and Pidginization, in: Valdman, A. (ed.): Pidgin and Creole Linguistics, Boomington: Indiana University press, 99-125. |
Tandaschwili, M. 2001-2003 |
Lehrveranstaltungen: Sprachkontakt und Bilingualusmus (Uni Frankfurt) file: http://titus.uni-frankfurt.de/personal/manana/bilingual/index.htm |
Kremnitz, G. 1994 |
Gesellschaftliche Mehtsprachigkeit. Wien: Braumüller. |
ქაჯაია ო. 2001 |
მეგრულ-ქართული ლექსიკონი. ტომი I. თბილისი. |
Schiffrin, D. 1994 |
Approaches to Discourse. Oxford: Blackwell. |
ჩიქობავა არნ. 1936 |
ჭანურის გრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ. თბილისი. |
ჩანტლაძე ი. 1998 |
ქართველოლოგიური ძიებანი, I. თბილისი. გვ. 214 |
Weinreich, U. 1977 |
Sprachen in Kontakt. Ergebnisse und Probleme der Zweisprachigkeitsforschung, mit einem Vorwort von André Martinet. Ed. und mit einem Nachwort zur deutschen Ausgabe versehen von A. de Vincenz, München: Beck. |
Zimmermann, K. 1992 |
Sprachkontakt und ethnische Identität und Identitätsbeschädigung. Aspekte der Assimilation der Otimí-Indianer an die hispanophone mexikanische Kultur. Frankfurt am Main:Vervuert. |