რამდენიმე ქართული ანთროპონიმისა და ტოპონიმის ეტიმოლოგიის საკითხი
ორბელთა (ორბელიანთა) ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეების საქართველოში ფლობდა ორბეთის ციხეს ქვემო ქართლში, საიდანაც მოდის მათი გვარი [ივანე... 2002: 508]. ორბეთი გამჭირვალე სახელია, ორბების ადგილს დაერქმეოდა ხოლმე. მასში -ეთ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელი სუფიქსია, რომელიც ჩამოსცილდება ტოპონიმს, თუ მას დაერთვის წარმომავლობის სუფიქსი -ელ-ი. ვთქვათ: კახეთი და კახელი, იმერეთი და იმერელი, ბანძა (სოფელი) და აქედან გვარი ბანძელაძე. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, თვით დიდი სომეხი ისტორიკოსი, სტეფანოს ორბელიანი, წერს ამის შესახებ: ,,განუტეხელი იგი სიმაგრე ორბეთი, რომელი აღშენებულ იყო ჴელითა ქართლოჲსისათა, მისცნეს მათ სახლად სამყოფად მათდა და ადგილად სიმაგრისად... დაიმკვიდრეს ორბეთი და სახელისა მისგან ციხისა მისგან მრავლით ჟამითგან ეწოდნეს ორბელიანნი, ესე არიან ორბეთელნი, რამეთუ ჩვეულება არს ნათესავისა ამის სახელითა ადგილისათა სახელისდებად მთავართა, ვითარცა მთეულთა - მთეულნი, მრაჭველთა - მრაჭველნი და ჰერელთა - ჰეროსთონი, და ჯავახთა - ჯავახნი, და კახთა - კახნი და ლიხელთა - ლიხელნი და სხვანი მრავალნი [სტეფანოს... 1978: 28-29].
ტოპონიმთა დამახინჯება სამწუხარო ტენდენციაა[1]. ტენდენციურობა შეიძლება განაპირობოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის გადაჭარბებულმა შეფასებამაც და მეზობელი ხალხების, ქვეყნების წარსულისა და დღევანდელობის შეუფასებლობამაც. ტოპონიმთა ეტიმოლოგიის არასწორი ინტერპრეტაცია ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ზოგიერთ მეცნიერს. მინდა მივუთითო ფაქტზე, როგორ ცდილობს ორი მეცნიერი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენელი, თავიანთი ქვეყნების ენობრივ-კულტურულ არეალში მოაქციოს ქართული სოფლის სახელი, აწყური. აზერბაიჯანელი მეცნიერი წერს: ,,Также с гурами связаны названия сел Азгур (по-груз. Ацкури) в Месхетии (Ахалцихский район) и Ацкури около г.Телави. Именно в этом регионе в IV-VI вв. действовали и проживали упоминавшиеся сабиры [А. Юнусов, 1999].
ამ მეცნიერისათვის მნიშვნელობა არა აქვს სიტყვის ფუძეს, მაწარმოებლებს, საერთოდ, ლინგვისტურ მორფემებს. სიტყვის ნებისმიერ ნაწილში, თუ დაინახავს ბგერათა მისთვის მისაღებ თავყრილობას, იმ წუთში მისთვის სასურველ ეტიმოლოგიაზე იწყებს მსჯელობას. ა. იუნუსოვი არ მიუთითებს, საიდან აიღო ფორმა Азгури (არ არის გამორიცხული, რომ თავადვე შექმნა), რომელშიც გამოყოფს гур-ს და მას უკავშირებს თურქული მოდგმის ტომებს, საბირებს, რომლებიც, თურმე, სწორედ აწყურშიცხოვრობდნენ IV-VI საუკუნეებში. მათ დაარქვეს აწყურს სახელი. гур-ს კი გამოყოფს, მაგრამ, რადგან მისთვის სასურველ ფორმას ყოფს 2 ნაწილად, აღარაფერს ამბობს аз- ნაწილზე. ეტყობა, მასში გულისხმობს Азербаиджан-ს, რომლის ცნობილ შემოკლებასაც წარმოადგენს аз- ელემენტი.
მისი აზრით, Азгур-ის ქართული ვარიანტი არის Ацкури. ოღონდ არაფერს ამბობს, რატომ დასჭირდათ ქართველებს Азгури-ის Ацкур-ად ქცევა. ქართულ ენას აქვს შესაძლებლობა (განსხვავებით აზერბაიჯანულისგან, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს აწყურის წარმოთქმას), წარმოთქვას აზგურიც და აცკურიც, მაგრამ არ სჭირდება ამის გაკეთება, რადგან ეს ფორმები მეორადია, ერთი მოგონილია, ხოლო მეორე (აცკური) რუსული ტრანსკრიფციის შედეგია და მას ქართულთან არავითარი კავშირი არა აქვს.
სომეხი მეცნიერი მიიჩნევს: ,,Топоним Ацкур, несомненно, армянского происхождения. Как мы полагаем, это сложное слово состояшее из корней Ац и Кур" [Саносян, 2006: 35]. იქვე მიუთითებს პატივცემული მეცნიერი, რომ არსებობს, თურმე, Ацкур-ის გაქართულებული ფორმა Аскурет(и) თუ Сокурет(и) და ეს ფორმები ქართულ საისტორიო წყაროებში არის თითქოს დადასტურებული. ეს არის რეალური ფაქტების დამახინჯება, რადგან ქართულ სინამდვილეში აწყურს აქვს რამდენიმე ფონეტიკური ვარიანტი თავისი არსებობის განმავლობაში: აწყური, აწყვერი, აწყუერი.
ა. სანოსიანის აზრით, მხოლოდ სომხები ცხოვრობდნენ აწყურში და მათვე დაარქვეს სახელი ამ ადგილს. ამ ორი მეცნიერის მიერ შემოთავაზებული მცდარი ეტიმოლოგიები ამახინჯებს ისტორიას და ქართველებისათვის ადგილს აღარ ტოვებს. ორივესთვის მთავარი ფონეტიკური პრობლემა არის ყ ბგერა, რომელიც ამ ტოპონიმის ფუძეში უმნიშვნელო როლს არ ასრულებს. ეს ბგერა არც სომხურს, არც აზერბაიჯანულს, არც სხვა თურქულენოვან ენებს ფონემის სახით არ გააჩნიათ. ამიტომაც მათი ეტიმოლოგიის მთავარი შეცდომა არის ის, რომ кур - არასოდეს ყოფილა აწყურის ფუძეში. არც კლავდიოს პტოლემეოსს შეეძლო აწყურად დაეწერა ეს სახელი თავის რუკაზე, რადგან არც მას ჰქონდა თავის ენაში ყ ბგერა, ამიტომ წერს იგი Аcкur-ს. ასე რომ არ ყოფილიყო, ქართულ ენას ჰქონდა საშუალება Аcкur-ი გადმოეტანა ასკურად.
სამწუხაროა, რომ ამ გეოგრაფიულ სახელს ბევრი თავისებურად ,,კითხულობს” და აკეთებს შესაბამის ,,დასკვნებს”, რომ სახელი დაურქმევიათ თურქებს ან სომხებს. თურქებთან დაკავშირებით შეიძლება კატეგორიულად ითქვას, რომ აწყურში თურქებს არასოდეს უცხოვრიათ. რუსულ აღწერის დავთრებში (1907) მოხსენიებულ აქაურ თურქებში იგულისხმებიან გამაჰმადიანებული ქართველები. ისინი მე-19 საუკუნეში ქართველებად იწოდებოდნენ. მათი ,,თურქობა” მხოლოდ ოსმალურ-რუსული პოლიტიკის შედეგია.
Ацкур, Аскur, Азгур ფორმები მეორადია, ყველა მიღებულია ქართული აწყურიდან, რომელიც, როგორც აღინიშნა, რამდენიმე ფონეტიკური ვარიანტით არის ცნობილი [ბერიძე, 2008; ბერიძე, 2010].
აწყური დაიშლება ასე: ა-წყურ-ი, რომელშიც ა - არის პრეფიქსი [Марр, 1935: 163], ხოლო წყურ - ფუძე დაკავშირებულია წყალთან. ამოსავალია წყ – ძირი. ეს ძირი გვხვდება წყალთან დაკავშირებულ ისეთ ქართველურ სიტყვებში, როგორებიცაა:წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ- [ფერნიხი, სარჯველაძე, 2000: 657; შენგელია, 2006: 147]. იგივე წყ ძირი გვაქვს სიტყვებში: ნე-რ-წყ-ვ-ი, რ-წყ-ევ-ა [მ. ჩუხუა, 2003: 370].
აწყური ნიშნავს წყლიან ადგილს, წყლის ადგილს. ორი აწყურია საქართველოში და ორივე მდინარის პირას მდებარეობს. სამცხის აწყური, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, დღეს მტკვრის ორივე ნაპირზე მდებარეობს და ასე იყო ოდითგანვე, როგორც ეს ბოლო დროის არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა და არა ,,на правом берегу р. Куры”, როგორც ეს ა. სანოსიანს ჰგონია. ასევე მდინარე ბერხევის ორივე ნაპირზეა გაშენებული მეორე აწყური, რომელიც ახმეტის რაიონში მდებარეობს.
რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანში, არც თურქეთში მსგავსი სახელის ტოპონიმი (თუნდაც მათთვის სასურველი სახელის ვარიანტით) არ მოიძებნება. არც ის არის შემთხვევით, რომ, როგორც ეს ა. სანოსიანისა და ა. იუნუსოვის წერილებიდან ჩანს, თავიანთ საისტორიო წყაროებში ვერავითარი ინფორმაცია აწყურის შესახებ ვერ მოიძიეს, რადგან იქ ასეთი ინფორმაცია არ არის. ერთადერთი ფაქტი, რომელიც დასტურდება, ეხება სომეხ ოვანეს აწყურელს, რომელიც წარმოშობით აწყურიდან იყო და მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა. ამ ფაქტზე დაყრდნობით სომეხი მეცნიერი აკეთებს შემდეგ დასკვნას: ,,И город, и крепость Ацкур всегда были заселены армянами. В дальнейшем здесь обосновались также евреи, грузины и турки“ [Саносян, 2006: 36].
ამ ,,ფაქტთან” დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ სომხები საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდნენ. ისინი, მტრების მიერ დარბეულნი, სამშობლოდან გამოქცეულნი, ხშირად შემოგვეკედლებოდნენ ხოლმე. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი განსაკუთრებით აქტიურად სახლდებოდნენ ქალაქ ადგილებში, სადაც ებრაელებთან ერთად მისდევდნენ ვაჭრობას. დღეს რომ აწყურში სომხები კომპაქტურად არ ცხოვრობენ, ამას თავისი ისტორია აქვს. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში აწყურის მოსახლეობა დაიცალა ქართველთა დიდი ნაწილისაგან. ზოგი ომში დაიღუპა, ზოგიც საზღვარგარეთ წავიდა. ,,1830 წელს აწყურში დასახლდა არზრუმელი სომხების 166 ოჯახი”... მათ დახვდათ 461 კომლი ქართველი მაჰმადიანი და 31 კომლი ებრაელი [ლომსაძე, 1975: 487]. ,,ახლად დასახლებული კოლონისტები ადგილობრივ მოსახლეობას არ შერევიან. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეს ცხოვრობდა, ხოლო ახალჩამოსახლებულები - მტკვრის მარცხენა მხარეს“[ლომსაძე, 1975: 487].
,,სომხები და ებრაელები ეწეოდნენ მხოლოდ ვაჭრობას, ისინი მეურნეობის არც ერთ დარგს არ მისდევდნენ. არ ჰყავდათ არც საქონელი, გარდა ცხენებისა და სახედრებისა, რასაც თავიანთ სავაჭრო საქმიანობაში იყენებდნენ... 1840-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ახალციხის საფაშოს ნაცვლად შეიქმნა ახალციხის მაზრა და გაუქმდა სანჯაყები, აწყვერი აბასთუმნის უბანს დაემორჩილა და მისი ბურჟუაზიულ ქალაქად გადაქცევის პერსპექტივებიც შეწყდა. აწყვერში ჩასახლებული სომეხი ვაჭარ-ხელოსნები 40-იან წლებში აიყარნენ და ახალციხეში გადასახლდნენ. აწყვერიდან ახალციხეში გადავიდნენ ებრაელი ვაჭრებიც. ამის შემდეგ აწყვერი სამცხის ტიპურ სოფლად გადაიქცა“[ლომსაძე, 1975: 488].
სამწუხაროდ, არც ერთი ზემოთ მოხმობილი აზერბაიჯანელი და სომეხი მეცნიერი არ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ აწყური არ იყო მხოლოდ ციხე და ეკლესია, იგი იყო საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სასულიერო ცენტრი. აწყურის საეპისკოპოსო საქართველოს ეპარქიათა შორის ერთ-ერთი უძველესია. აწყურის ეპისკოპოსი იწოდებოდა მაწყვერელად. პირველი ეპისკოპოსი, ვისმა სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის იოსები, რომელიც მოღვაწეობდა მე-6 საუკუნის დასაწყისში [Православная ... 2002: 221]. ბოლო ეპისკოპოსი, ვისი სახელიც ვიცით, იყო გედეონი, რომელმაც უკვე სულთნისგან მიიღო აწყურის კათედრა [Православная ... 2002: 222].
ეპისკოპოსთა შორის გამორჩეულია ეფრემ დიდი მაწყვერელი (იგი კათედრას უძღვებოდა 855-895 წლებში), გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, რომლის შესახებ გიორგი მერჩულე წერს; ,,დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყუებელ იქმნა ქყუეყანა ჩუენსა, რამეთუ პირველად აღმოსავლისა კათოლიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა, ხოლო ეფრემ ქრისტესმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალიმისა პატრიარქისა განწესებითა და წამებითა სიხარულითა“[მერჩულე, 1949: 97]. ა. იუნუსოვის მიხედვით, როდესაც გურებმა აზგური დააარსეს, საბირები ცხოვრობდნენ მთელ მესხეთში და, რა თქმა უნდა, აწყურშიც. საინტერესოა, საეპისკოპოსო ცენტრში რა სარწმუნოებისანი იყვნენ საბირები ან რა ენაზე საუბრობდნენ? აწყურის საეპისკოპოსოში, ბუნებრივია, მრევლიც ქართველი ქრისტიანი იყო.
ზოგიერთი მეცნიერი საბირებისა და გურების კვალდაკვალ ქართველების ადგილს აღარ ტოვებს ისტორიის არც ერთ მონაკვეთზე. ისინი ცდილობენ უგულვებელყონ, რომ ოსმალების ან რუსების მიერ აღწერილია არა მარტო საქართველოს ესა თუ ის კუთხე, არამედ იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობაც. სამწუხაროა, რომ ბატონი ა. სანოსიანი ქართველ მეცნიერზე, აკადემიკოს ს. ჯიქიაზე, ასე წერს: ,,В 1595 г. здесь была произведена перепись населения и составлен налоговый реестр семей. В реестре приводится имена представителей семей, в большинстве своем армянские. "Большой давтар (реестр) Гюрджистанского вилайета" перевел с турецкого на грузинский и издал в 1941 г. С. Джикия. Сей ученый муж не пожалел сил и стараний, дабы извратить армянские имена, сделать их грузинскими , а если не удавалось - непонятными" [Саносян, 2006: 36].
ამ საკითხში ზოგიერთი სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი მეცნიერი მეტად ტენდენციურია. ისინი ყურადღებას არ აქცევენ იმ გარემოებას, რომ ოსმალებმა კარგად იცოდნენ, ვინ ცხოვრობდა საქართველოში. მათ იცოდნენ, რომ იქ მცხოვრები სომხები მიგრანტები იყვნენ. მიგრანტთა შთამომავლები არიან დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის მოსახლე სომხებიც, რომლებიც საქართველოს ამ კუთხემ შეიკედლა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში და გადაარჩინა ცნობილ გენოციდს.
ოსმალები, როდესაც აღწერდნენ გურჯისტანის ველაიეთს, დიაკრეტიულ ნიშნებს იყენებდნენ მათთვის გაუგებარი ქართული ბგერების აღსანიშნავად, რამაც საშუალება მისცა ს. ჯიქიას, სწორად წაეკითხა და გადმოეცა სახელები.
ა. სანოსიანი აცხადებს: ,,Как я уже сказал, большинство имен и топонимов армянские: (1. Купра? 2. Манвел, его брат. 3. Вардзел. 4. Мазман. 5. Егия. 6. Геворк и др.) [Саносян, 2006: 37]. ჩამოთვლილი სახელებიდან (კუპრა, მანველი, ვარძელი, მაზმანი, ეგია, გევორქი) გამოსაყოფია გევორქი, რომელიც, მართლაც, ჰქვია სომხებს, მაგრამ 1595 წელს, როდესაც ოსმალებმა აღწერეს აწყურის რაიონი ახალციხის ლივაში, ამ სახელის ადამიანი აწყურში არ ცხოვრობდა [გურჯისტანის...1941: 89-90]. @”გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით აწყურში სომხური ეთნოსის წარმომადგენელი ჩანს ერთი ოჯახი, რომლის უფროსის სახელიც ამოუკითხავია, მამით კი არის ტერ-აკოფას ძე, დასახელებული არის, აგრეთვე, ტერსიმონი, რომელიც სომხური წარმომავლობისა უნდა იყოს.
რატომღაც ა. სანოსიანმა კითხვის ნიშანი დაუსვა კუპრას. ამ სახელის მნიშვნელობა მისთვის გაუგებარია. „კუპრა“ ქართული ანთროპონიმია, ცნობილი სახელია. მისგან გვაქვს ცნობილი ქართული გვარები: კუპრავა, კუპრაძე, კუპრაშვილი,კუპრეიშვილი და სხვა. მე-9 საუკუნეში მესხეთში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც ერქვა კუპრა, რის შესახებაც მოგვითხრობს გიორგი მერჩულე თავის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”. ,,წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქვა კუპრა, წინაშედედოფლისა და მის შენდობისა თხოვა“ [მერჩულე, 1949: 108].
მე-13 საუკუნეში მესხეთში ცხოვრობდა კუპრას ძე. ,,დავით ნარინის თანამეცხედრემ, თამარ დედოფალმა, იგი საღვინედ შესწირა გელათის მონასტერს (1260-1270 წწ.) [პირთა...1999 : 540]. შემდეგ საუკუნეებში გვხვდებიან კუპრაძე ბერა, კუპრაძე დათუნა, კუპრაძე ნასყიდა, კუპრაძე პაატა და სხვანი. მე-17 საუკუნეში მოხსენიებულნი არიან: კუპრაშვილი გიორგი - ,,მოწმე მთაწმინდის მონასტრის მამის იაკინთეს მიერ წერეთლის ასულ გულობუდახისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა"; კუპრაშვილი გოგია - ,,ცუცხათს მცხოვრები გლეხი, ქაიხოსრო აგიაშვილის ყოფილი ყმა, იგი ცოლ-შვილით, ძმითა და მამულით უწყალობა გიორგი მეფემ ვახტანგ აგიაშვილს" [პირთა...1999 : 540] შემდეგ საუკუნეებში გვხვდებიან კუპრაძე ბერა, კუპრაძე დათუნა, კუპრაძე ნასყიდა, კუპრაძე პაატა და სხვანი. მე-17 საუკუნეში მოხსენიებულნი არიან: კუპრაშვილი გიორგი - ,,მოწმე მთაწმინდის მონასტრის მამის იაკინთეს მიერ წერეთლის ასულ გულობუდახისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა”; კუპრაშვილი გოგია - ,,ცუცხათს მცხოვრები გლეხი, ქაიხოსრო აგიაშვილის ყოფილი ყმა, იგი ცოლ-შვილით, ძმითა და მამულით უწყალობა გიორგი მეფემ ვახტანგ აგიაშვილს“ [პირთა...1999 : 540] და სხვ. ასე რომ, „კუპრა“ ნამდვილად არ არის სომხური სახელი. „კუპრაში“ -ა არის სუფიქსი, რომელიც მსგავსებას აღნიშნავს. „კუპრა“ „კუპრიდან“ მომდინარეობს. კუპრა შეერქმეოდა ხოლმე ადამიანს შავი ფერის გამო ისევე, როგორც შავ-ა (შავაძე, შავიშვილი, შავიანიძე, შავიძე...)[2] . ა. სანოსიანი არც იმ ფაქტს აქცევს ყურადღებას, რომ კუპრა კაკას ძეა. ცხადია, კაკაც გაუგებარი სახელი იქნება მისთვის. შორს წაგვიყვანს იმ ქართველთა ჩამოთვლა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა დროს და ერქვათ კაკა ან იყვნენ კაკაშვილები, კაკაურიძეები და სხვა. ამ სახელისაგან ნაწარმოები ბევრი ტოპონიმია საქართველოში, მათ შორის დავასახელებ საქართველოში კარგად ცნობილ კაკას ხიდს, რომელიც მესხეთიდან იმერეთში მიმავალ გზაზე მდებარეობდა. ასევე გამორჩენია პატივცემულ მეცნიერს კაკას ერთ-ერთი შვილის სახელი, ყვავილა. კუპრა რომ სომეხი ყოფილიყო, თავის შვილს ყვავილას კი არ დაარქმევდა არამედ წაღიკას, როგორც ჰქვია და ერქვა ბევრ სომეხს.
ა. სანოსიანი სომხურ სახელად მიიჩნევს კუპრას მეორე შვილის სახელს, მანველს. მანველი არის ფონეტიკური ვარიანტი ძველებრაული ემანუელ/ ემანუილისა. მისაგან არის წარმოქმნილი ქართული გვარები: მანველაშვილი, მანველიშვილი, მანელიშვილი, მანველიძე, მანელიძე [ჭუმბურიძე, 2003: 151-152].
ასევე სომხურ სახელად აცხადებს ა. სანოსიანი ისეთ ქართულ სახელს, როგორიცაა ვარძელი. „ვარძიას“ ჰქონდა ფონეტიკური ვარიანტი „ვარძა“ („ვარძია“ ერთადერთი სახელი არ არის მესხეთში). „ვარძელი“ ნიშნავს ვარძიიდან წამოსულს და მისგან არის ნაწარმოები ქართული გვარი ვარძელაშვილი ისევე, როგორც კახეთიდან წამოსული არის კახელი და მისგან გვარი - კახელიშვილი, იმერეთიდან წამოსული იმერელი და მისგან ნაწარმოები - იმერლიშვილი და სხვა მრავალი.
„მაზმანი“ აღმოსავლური სიტყვაა, შემოსულია ქართულში როგორც ხელობის აღმნიშვნელი ტერმინი. ჯერ კიდევ სულხან-საბა ორბელიანი წერდა, რომ მაზმანი არის ,,ბალნის მრთველი”. ბალნის თოკის მგრეხელად განმარტავს მას დ. ჩუბინაშვილი. მაზმანი არის მესაბლე. ამგვარად ,,გურჯისტანის დიდ დავთარში” დადასტურებული მაზმანი არ უნდა იყოს სახელი, ის აღნიშნავს ხელობას. ოსმალო მოხელე წერს, რომ აწყურში ცხოვრობდა მაზმანი გიორგი, ე.ი. მესაბლე გიორგი, ბალნის თოკის მგრეხელი გიორგი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მაზმანი არ შეიძლება ქცეულიყო სახელად. ხელობის აღმნიშვნელი ტერმინები დაერქმეოდა ადამიანებს სახელებად ან მეტსახელებად და შემდეგ ვიღებდით მისგან გვარებს. ასე გვაქვს მიღებული გვარი მაზმანიშვილი. როგორც, ვთქვათ, მენაღარე და მენაღარიშვილი. ზ. ჭუმბურიძე წერს: ,,სხვადასხვა ხელობის მიხედვით შერქმეული გვარებია: დალაქიშვილი, დურგლიშვილი, ხარატი, ხარატიშვილი, ხარაზი, ხარაზიშვილი, ხუროძე, ხუროშვილი, ზეინკლიშვილი, კალატოზიშვილი, მენაბდე, მეტივიშვილი, მეცხვარიშვილი, მეხრიშილი, მებაღიშვილი, მზარეულაშვილი, ფეიქრიშვილი, ხაბაზიშვილი, მესარკიშვილი, მესაბლიშვილი (საბელი - ,,თოკი”, მესაბლე - ,,თოკის მგრეხელი”), მაზანაშვილი (მაზმანაშვილი). მაზმანი საბას განმარტებით ,,ბალანის მრთველი”... [ჭუმბურიძე, 2003: 87]. ხელობის აღმნიშვნელი გვარებიდან ზოგი ქართული იყო, ზოგიც ხელობასთან ერთად შემოსული ტერმინი და მისგან მიღებული გვარები. ასეთი ტერმინები შედიოდა სომხურშიც და ვიღებდით ერთნაირფუძიან გვარებს. მაგ.: ხარატიშვილი და ხარატიანი, მაზმანიშვილი და მაზმანიანი, დალაქიშვილი და დალაქიანი და ა.შ.
ქართულ გვარებში არანაკლებ პროდუქტიულია –იან სუფიქსი, ამიტომ ხშირად არა მხოლოდ ფუძეთა დამთხვევა ხდება, არამედ მთლიანად გვარისაც. მაგ.: დავითიანი შეიძლება იყოს სომეხიც და ქართველიც, ამ შემთხვევაში ოჯახმა და გვარმა ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის, სომეხია თუ ქართველი.
აწყურის მცხოვრებლებში დადასტურებულ კიდევ ერთ სახელზე მიუთითებს ა. სანოსიანი. ეს არის ეგია. შეიძლება, ავტორმა ვერ ამოიკითხა სახელი ელია და საქმე გვაქვს არასწორ დაწერილობასთან, რადგან ასეთი სახელის კაცს მე-16 საუკუნის ბოლოს აწყურში არ უცხოვრია.
,,დავთარში” სხვა ქართული სახელებიც გვხვდება. მაგ., იგი გვამცნობს, რომ ვენახი დედისიმედისა და მაწყვერელი ბერისა გადავიდა მაჰმადიან დიდგვაროვანთა ხელში [გურჯისტანის...1941: 90]. დედისიმედი მესხეთში გავრცელებული სახელია.მაწყვერელი აწყურის მკვიდრის, სასულიერო პირის წოდებაა, რაც, რა თქმა უნდა, გვიჩვენებს, რომ სასულიერო და საერო ფენების წარმომადგენლები ქართველები არიან.
ამგვარად, ზოგიერთ სომეხ და აზერბაიჯანელ მეცნიერს აერთიანებს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის არცოდნა, რის გამოც უადვილებათ სასურველი დასკვნების გამოტანა. აწყური, მისი ისტორია, ეტიმოლოგია, ქართული ენისაგან, საქართველოს ისტორიისაგან განუყოფელია.
[1] ასეთი რამ არც თუ იშვიათად გვხვდება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ა. სანოსიანის სტატიების კრებული [ Саносян, 2006], რომელშიც დამახინჯებულია ქართულ-სომხური ურთიერთობები.
[2] შდრ. ქერისფერი>ქერა, ღვინისფერი>ღვინა (ღვინაძე, ღვინიაშვილი...), შვინდისფერი>შვინდა, სვილისფერი>სვილა და მრავალი სხვ.
ლიტერატურა
პირთა... 1999 |
პირთა ანოტირებული ლექსიკონი.თბილისი. |
ბერიძე მ. 2008 |
აწყურის ეტიმოლოგიისათვის. ქართული მემკვიდრეობა. XII. ქუთაისი. |
ბერიძე მ. 2010 |
ტაძრები და სახელები. თბილისი |
ჩუხუა მ. 2003 |
ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი.თბილისი. |
ჭუმბურიძე ზ. 2003 |
რა გქვია შენ. თბილისი. |
ფერნიხი ჰ., სარჯველაძე ზ. 2000 |
ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი. |
გურჯისტანის... 1941 |
გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. თურქული ტექსტი გამოსცა, თარგმანი და კომენტარები დაურთო ს. ჯიქიამ. თბილისი. |
ივანე... 2002 |
ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი |
ლომსაძე შ. 1976 |
სამცხე-ჯავახეთი. თბილისი. |
მერჩულე გიორგი 1949 |
ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა. თბილისი. |
შენგელია ვ. 2006 |
ქართველურ და ჩერქეზულ ენობრივ სისტემათა ისტორიის ზოგიერთი საკითხი. თბილისი. |
სტეფანოს... 1978 |
სტეფანოს ორბელიანის ,,ცხოვრება ორბელიანთა”-ს ძველი ქართული თარგმანები, ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი. |
Марр Н. 1935 |
Избранные работы. том V . Vjcrdf-Ktybyuhfl. |
Православная... 2002 |
Православная энциклопедия. том IV. Москва. |
Саносян А. 2006 |
Еще и белый геноцид. Ереван. |
Юнусов А. |
Ахыскинские (месхетинские) турки: Дважды депортированный народ /Центральная Азия и Кавказ. #1(2) 1999. http://www.ca-c.org/journal/cac-02-1999/st_20_junusov.shtml |