შემოქმედებითი მიდგომა ფერთა ნომინაციის პროცესში და ფერის აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობის ზღვარი

ნომინაციის თეორია, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმის გამორკვევასთან, თუ როგორ თანაფარდობაში იმყოფება ერთმანეთთან აზროვნების ცნებითი (შემეცნებითი) ფორმები, როგორ იქმნება, მყარდება და ნაწილდება ობიექტური რეალობის ცალკეული ფრაგმენტების დასახელებები. ნომინაციის თეორიის საგანს წარმოადგენს, აგრეთვე, ნომინაციის პროცესებში ადამიანის აზროვნების, ენისა და სინამდვილის ურთიერთმოქმედების შედეგების შესწავლა. როგორც ამას ე. კუბრიაკოვა აღნიშნავს, В центре внимания номинации, оказывается не только анализ результатов номинации, но и анализ самого процесса номинации  [Кубрякова, 1986: 41]. ადრესანტისა და ადრესატის ერთობლივი ქმედების პროცესში ნომინაციის დროს ხდება საგნისა თუ მოვლენის რომელიმე ნიშნის გადარჩევა და ეს ნიშანი ხდება სახელდების საფუძველი. ა.ა. პოტებნია საგნის ძირითად ნიშანს უწოდებს “წარდგენას”, ანუ “შინაგან  ფორმას,”[1] ხოლო სახელის გარეგანი სახელწოდება განისაზღვრება ენის ლექსიკურ-გრამატიკული შერჩევითი საშუალებებით. მეცნიერის სიტყვებით, ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც დომინირებს, არის შინაგანი ფორმა.  “Форму языка составляет нечто постоянное и единообразное в деятельности духа, выражения мысли [Бодуэновские... 2001: 53].  სწორედ შემოქმედებითი მიდგომა აძლევს საშუალებას ლინგვისტებს, შეისწავლონ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გადაცემისა და ორგანიზაციის პროცესი, მოლაპარაკის ფაქტორის, ადრესატის ფაქტორის, აგრეთვე, გამონათქვამის მნიშვნელობის სხვადასხვა კონტექსტის გათვალისწინებით. ნომინალური ფუნქციების შესრულების უნარის მქონე ლექსიკური ერთეულების შექმნის სფეროში ყოველი კონკრეტული ენის სპეციფიკა  გამომდინარეობს არამხოლოდ მისი გრამატიკული წყობის თავისებურებებიდან. კონცეპტუალური აზროვნების პოტენციალი, რამდენადაც უნივერსალური არ  უნდა იყოს, შეიცავს სპეციფიკურ ნიუანსებს და, უფრო მეტიც, სუბიექტურია ყოველი ინდივიდისათვის ფსიქოლოგიური და სოციალურ-კულტურული ფაქტორებიდან გამომდინარე.  

ენა, ზოგადად,  გლობალური თვალსაზრისით, უნივერსალურ-კონცეპტუალურ სისტემას წარმოადგენს. ბერლინი და ქეი მიიჩნევენ, რომ ფერთა კატეგორია ენის ინდივიდუალური თავისებურება კი არ არის, არამედ  ადამიანთა რასის საერთო კონცეპტუალური სისტემაა. თუმცა, აქვე საჭიროა დავაზუსტოთ, ფერთა კატეგორია არა მხოლოდ ინდივიდუალური თავისებურებაა კონცეპტუალური თვალსაზრისით, არამედ მას აქვს უნივერსალური, კაცობრიობისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული ნიშნები. ამ ზოგად კონცეპტუალურ სისტემაში  საინტერესოა, თუ რაში ვლინდება ფერთა ტერმინოლოგიის სპეციფიკა და ფერთა  აღმნიშვნელი სიტყვების   რა თვისებები  წარმოჩნდება  ენაში.

ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს ხილული, არსებული სინამდვილის საგანი, რომლის აღქმა ხდება ძირითადად მხედველობით (ზოგ შემთხვევაში სმენით). „Видимое же – это прежде всего цвет“[Аристотель, 1976: 408]. ფერის აღმნიშვნელ ერთეულებს განვიხილავთ ფუნქციური ლინგვისტიკის ჭრილში და  ვაანალიზებთ ნომინაციის შემოქმედებითი მიდგომის კონტექსტში  ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა აღქმა და ასოციაციები. ფერთა ნომინაციის პროცესი განიხილება, როგორც შემოქმედებითი პროცესი, რომელშიც კონკრეტული კონცეფცია იძენს ფორმას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერბალურ ფორმას და ავითარებს თავის მნიშვნელობას კულტურულ-ანთროპოლოგიურ კონტექსტში ისე, როგორც  მიუთითებს ტიპურ მოვლენებზე არისტოტელე. აქ ფერი, რომელიც არსებობს ხილულ სინამდვილეში, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც “მატერია”, ხოლო  ფერის აღმნიშვნელი  სიტყვა კი, როგორც “ფორმა და შინაარსი”.    

ფერთა აღქმისა და მათი კატეგორიებად დაყოფის უნარი ფერის ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. აღქმის პროცესში ფერების კატეგორიებად დაყოფა  აიოლებს მათ ნომინაციას. ფერის აღმნიშვნელი სახელების რაოდენობა შეზღუდულია იმ ფერებთან შედარებით, რომლებსაც  აღვიქვამთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფერთა უკვე არსებული დასახელებების შესაბამისად ხდება მათი  აღქმა კატეგორიების მიხედვით [Khomeriki... 2009: 136].

 ფერების შესახებ ნაშრომებს ხელოვნებაში, კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიასა და ანთროპოლოგიაში დიდი სარგებლობა მოაქვს კოგნიტური ლინგვისტიკისათვის  ფერების სახელწოდებების შესწავლის თვალსაზრისით. ფერის ნომინაციის ანალიზი საშუალებას იძლევა, უფრო ღრმად და საფუძვლიანად შევისწავლოთ ფერების სახელდების სპეციფიკა. ფერის დეკოდირების სისტემის გახსნილი ხასიათის გათვალისწინებით დეკოდირების თანმიმდევრობა და ამ სისტემაში არსებული ფერის აღმნიშვნელი ერთეულების შინაარსის განვითარების პროცესის ანალიზი   ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო ხასიათს იძენს და ლინგვისტიკის ტრადიციულ ინვენტარს ემატება.

სხვადასხვა ელფერის კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელები განსხვავებული ენობრივი ჯგუფების აღქმის შედეგად შესაძლებელია, განსხვავებული იყოს, რასაც განაპირობებს კულტურათა განსხვავება. ამავე დროს სხვადასხვა ადამიანი ფერებს განსხვავებულად აღიქვამს და აქედან გამომდინარე მათ მიერ ფერების კატეგორიებად დაყოფაც განსხვავებულია. ენობრივი განსხვავებები აღქმის განსხვავებასაც იწვევს, და, პირიქით, აღქმა განაპირობებს ნომინაციის პროცესის შედეგს[2]. შესაძლებელია, ფერის ცენტრალურობაც თავის როლს თამაშობს. აღქმის ზღვარი უფრო განსხვავებულია ცენტრალურ ფერებს შორის. ქართულში ცენტრალური ფერები პირველადი კატეგორიისაა და ისინი ძირითადი ტერმინებით აღინიშნება. ამ ტერმინების სისტემა აბსოლუტურად შეესაბამება ბერლინისა და ქეის ფერების უნივერსალურ მოდელს [Khomeriki..., 2009:136].

ცენტრალური ფერები ადგენს უნივერსალურ კოგნიტურ საფუძველს როგორც ფერების ენისათვის, ისე ფერთა მეხსიერებისათვის. ცნობილია, რომ ადრეულ ეპოქებში სულ  სამი ფერი დომინირებდა  ხელოვნებაში (თეთრი, შავი, წითელი)  [Миронов,  1984: 20-21]. ეს პალიტრა ნელ-ნელა მდიდრდებოდა. მას დაემატა ცისფერი (წყლისფერი, ლურჯი)  და ყვითელი (მზისფერი). ეს ხუთი ფერი წარმოადგენდა ლეონარდო და ვინჩის პალიტრის ხუთ ძირითად ფერს. მათი გარკვეული კომბინაციებით  შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ფერის მიღება (ლურჯი + წითელი+ თეთრი = იისფერი; წითელი + ყვითელი= ფორთოხლისფერი, სტაფილოსფერი, ნარინჯისფერი). ორი ფერი აქრომატულია: შავი და თეთრი. ისინი შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთმანეთის სინონიმებად, ასევე  ერთმანეთის ოპოზიტებად არა მხოლოდ ფილოსოფიურ, არამედ ლინგვისტურ კონტექსტშიც:

შავი - გლოვა;

თეთრი- გლოვა;

შავი - ბოროტება;

თეთრი - სიკეთე;

შავი - სოლიდარობა;

თეთრი - სისპეტაკე;

თეთრი - გაჭირვება;

თეთრი -  დასაწყისი;

შავი - დასაწყისი.

ძირითადი ფერების დამახსოვრება უფრო მოწესრიგებულად და სპონტანურად  ხდება. ფერები, რომლებიც ბუნებრივად უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს (მაგალითად, წითელი - ცეცხლი; ცისფერი/ლურჯი - წყალი ცა; შავი - მიწა; თეთრი (ყვითელი/ოქროსფერი) - მზე) უფრო ადვილად გამახსოვრდება. გარდა ამისა, ცენტრალური ფერების გახსენებაც უფრო მალე ხდება (ისეთების როგორებიცაა: red, yellow, green, blue, white and black), ვიდრე სხვების .

რა მნიშვნელობას იძენს ფერის აღმნიშვნელი სიტყვა ენაში (პროზაში, პოეზიაში) ადამიანების ასოციაციების მეშვეობით? როგორ მოქმედებს ექსტრალინგვისტური და ინტრალინგვისტური  ფაქტორები ამ ტიპის ლექსიკის განვითარებაზე?  როგორ გადადის ინდივიდუალური გლობალურში და როგორ იკვეთება მასში   ამა თუ იმ კულტურის, სოციუმის თავისებურებები? როგორ მჟღვანდება ნომინაციის შემოქმედითი პროცესი, როგორც საზოგადოების   ბუნებრივი, კრეატიული მოვლენა, რომლის შედეგად ვითარდება ენა?

            პრაქტიკული ტესტირების, დისკრიპტიული მეთოდის და  ინტრადისციპლინარული  ანალიზის საშუალებით შევეცადეთ დაკვირვება გვეწარმოებინა  არა მხოლოდ ფერთა აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობაზე, არამედ მათი შექმნის პროცესზეც. კვლევამ დაადასტურა, რომ ფერის სიმბოლიკა, ანუ კონვენციურად მიღებული მნიშვნელობა, სპეციფიკურია გარკვეული კულტურისათვის  სტილისტური თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მეტად საყურადღებოა ამ სიტყვების პოეტური და   მეტაფორული მნიშვნელობები  კულტურულ-სინქრონულ კონტექსტში, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ ენა კონცეპტუალური სისტემაა. ის არის მოდელი, რომელსაც ქმნის ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური ფაქტორი, სოციოლოგიური  ფაქტორი, რეგიონალური (დემოგრაფიული ფაქტორი), ანუ როგორც  ინტრალინგვისტური, ასევე ექსტრალინგვისტური ფაქტორები.

 ტესტირება, რომლის შედეგებიც საფუძვლიანად გავაანალიზეთ, 2009 წლის დეკემბერში ჩავატარეთ.  ტესტის საშუალებით გამოიკითხა 80 ქართველი სტუდენტი. ტესტი შედგენილი იყო 10 ფერის სახელებისაგან: წითელი, ყვითელი, მწვანე, სტაფილოსფერი, ცისფერი, იისფერი, შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი, თეთრი. ტესტს ფერთა სიმბოლიკაზე აქვს მზა სწორი პასუხები  ფერწერის თვალსაზრისით. იგი მოდიფიცირებული და ადაპტირებული იყო, რადგან ჩვენი კვლევიდან გამომდინარე გვაინტერესებდა ფერის აღმნიშვნელი ერთეულების უფრო კომპლექსური შესწავლა და არა მხოლოდ კარგად ცნობილი სიმბოლური მნიშვნელობების დაფიქსირება.

 ტესტი ოთხი ვარიანტისაგან შედგებოდა. სტუდენტებს პასუხი უნდა გაეცათ, თუ რასთან ასოცირდება ფერის აღმნიშვნელი სახელწოდება და, აგრეთვე,  საკუთარი ვარიანტი, ანუ ინდივიდუალურ-სუბიექტური ასოციაცია, უნდა დაეწერათ, რომელსაც ფერის სახელწოდება იწვევდა მათში. სტუდენტები არ იყვნენ შეზღუდულები ერთი ან მეტი ვარიანტის არჩევით თითოეულ პასუხზე, მათ მიუთითეს, რომ უნდა აერჩიათ პირველადი ასოციაცია, რომელიც სიტყვას უკავშირდება. მთლიანობაში ტესტი წააგავდა ტესტს ფერების სიმბოლიკის შესახებ, ანუ მათ ჰქონდათ მზა პასუხები, რომლებიც მიღებულია სახვით ხელოვნებაში, თუმცა, ტესტის დროს ამ ასპექტზე არ ხდებოდა აქცენტირება. მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვა, თუ როგორ გადადიოდა ასოციაციები ფერის აღმნიშვნელი ზედსართავების მნიშვნელობაში კონკრეტული  ინდივიდის აზროვნების და აღქმის შედეგად.

ტესტირების შედეგები საკმაოდ ინდივიდუალური აღმოჩნდა, თუმცა, გამოიკვეთა საერთო სურათიც, გამოვლინდა ძირითადი ტენდენციები.

ვნახოთ, რა ასოციაციებს იწვევს და რა მნიშვნელობით გამოიყენებენ ფერებს გამოკითხულები:

შავი  - სიკვდილი 50%, ბოროტება 39%, გაბრაზება 13%, ეჭვიანობა 4%, სოლიდურობა 2%, სიცოცხლე 1%, ზოგ შემთხვევაში ყველა მოცემული პასუხია მონიშნული (ასოციაციები: შავი ძირითადი ფერია; ცხოვრების ფერია; აუცილებელი ფერია; ბრმა მხოლოდ შავს ხედავს მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

თეთრი - სიწმინდე 69%, მშვიდობა 33%, სიყვარული 10% , გაჭირვება 1%, ზოგ შემთხვევაში ყველა მოცემული პასუხი  იყო შემოხაზული (ასოციაციები: დაძაბულობა, შიში მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).  

წითელი - ვნება 86 %, საშიშროება 78%, სიმშვიდე 4%,  ბუნება 1% (ასოციაციები: რისკი, სიყვარული, აგრესია, ენერგიულობა, სილაღე, სიმკაცრე, არამშვიდი, ხმაურიანი,  ძლიერი  ფერია, იპყრობს   მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

ცისფერი - სიმშვიდე 74%, იმედი 84%, ენერგია 24%, სიმდიდრე 4%  (ასოციაციები: ზეცა, პოზიტიური  მიუთითა გამოკითხულთა 1% -ზე ნაკლებმა).

ყვითელი - ბედნიერება 55%, ცხოვრება 66%, დამცირება 28%, ბოროტება 16 %  (ასოციაციები: სითბო, ნათელი, სიკვდილი, კრეატიულობა,  სიახლე, მზე, პოზიტიური ენერგია მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

მწვანე - ჯანმრთელობა 74%, სიბრძნე 41%, მოწყენა 15%, შური 15% (ასოციაციები: ბუნება, მშვიდობა, მეგობრობა, სიხარული მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

სტაფილოსფერი - შემოქმედება 64%, ჯანმრთელობა 18%, მშვიდობა 13%, შიში 10% (ასოციაციები: სიხარული, მოძრაობა, სიჩქარე მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

იისფერი - ფუფუნება 48%, სიმშვიდე 34%, სიბრაზე 10%, საშიშროება 1% (ასოციაციები: ღირსება, მისტიკა, სიცივე, სწავლა, დამცირება მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

ყავისფერი - სიამაყე 38%, ფუფუნება 30%,  დამცირება 28 %, ენერგია 23%, (ასოციაციები: უბრალოება, მოწყენა, უმოქმედობა, სიყვარული, ყავა, უღიმღამობა, ცხოვრება,  უაზრო ყოფა მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

ნაცრისფერი - მოწყენა 48%, ხანდაზმულობა 44%, შიში 10%, სიკვდილი 9% (ასოციაციები: ზამთარი, სისადავე, სიცარიელე,  ახალგაზრდულობა,  სპორტული, მოდური მიუთითა გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა).

„ჯერ კიდევ არისტოტელემ განაცხადა, რომ ფერები შავისა და თეთრის შერევით მიიღება, ხოლო ამ ორ უკიდურესობას შორის არის არა ფერთა განუსაზღვრელი რაოდენობა, არამედ ხუთი  სავსებით განსაზღვრული ფერი: მეწამული, ყვითელი, წითელი,მწვანე და ლურჯი. შესაბამისად, შავისა და თეთრის ჩათვლით ფერების რაოდენობა შვიდს აღწევს, ხოლო ფერის სხვა  ნიუანსები მათი კომპოზიციებით არის განპირობებული. ადამინისათვის თეთრი და შავი ორი უკიდურესობაა, ორი ერთმანეთის"საპირისპირო" წერტილია" [დარჩია, 2005: 12]. პლატონს ესმოდა ფერის ოპტიკური ბუნება და ის, რომ მის არსებობას განაპირობებს მატერიალურ ობიექტებთან კავშირი. ფერის ხარისხობრივი ბუნების აღიარებამ გავლენა მოახდინა მის აღმნიშვნელ ტერმინებზეც. თეორეტიკოსებმა სცადეს განესაზღვრათ ისინი ფერის საზღვრების გათვალისწინებით, თუმცა, ზოგჯერ მათი მნიშვნელობა ფერის ფარგლებს ბევრად სცილდება [დარჩია, 2005: 13].

ფერების აღმნიშვნელი სიტყვების სისტემა საკმაოდ არასტაბილურია. ამ სისტემის დეკოდირება და ამ ერთეულებისა და მათი მნიშვნელობის პრაგმატიკის შედარებითი ანალიზი საინტერესოა საერთო, ტრადიციული ხერხებისათვის ისტორიულ ლინგვისტიკაში (კოგნიტური ანთროპოლოგია, ფერთა კლასიფიკაცია, ენის ცვალებადობა, ენის უნივერსალურობა).

ბერლინმა და ქეიმ დაადგინეს, რომ ფერების აღმნიშვნელი ლექსიკის უნივერსალური სისტემა 11 ძირითადი კატეგორიისაგან შედგება (white, black,  red, green, yellow,  blue,  brown,  purple, pink, orange, grey) და ისინი მკაცრი მათემატიკური რიგით მოაწესრიგეს [Leech, 1977: 235]. 

          ბერლინისა და ქეის სწავლებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავუშვათ, რომ ძირითადი ტერმინების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია საზოგადოების განვითარებასთან  ერთად გულისხმობს, რომ ისტორიულ წარსულში ფერების აღმნიშვნელი  სახელები უფრო ცოტა იყო, ვიდრე თანამედროვე  ეტაპზეა. ფერწერისა და სხვა იმ საქმიანობების განვითარებამ, რომლებშიც   ფერის ფაქტორი მოქმედებდა, პოეზიასა და მეტაფორულ კონტექსტში ფერთა ერთეულების მნიშვნელობების გადახედვამ და ახალი მნიშვნელობების გამოყენებამ გააფართოვა ფერთა სემანტიკური ველი.  “In the natural environment most objects have fixed colors and, consequently, it is usually superfluous to identify them by color, e.g., ‘green leaves’, ‘white clouds’, ‘black coals’, ‘red blood’’, etc. Color manipulation activities present the possibility of radically changing the colors of both natural and men-made objects so that their identification by use of words is no longer redundant, but, in some instances, almost necessary” [Witkowski, Brown, 1981: 15]. ფერთა სახელების, მათი მნიშვნელობისა და ლექსიკური თანმიმდევრობის მაგალითზე ვლინდება ენის ცვლილებისა და მისი ისტორიული აღდგენის, სინქრონიასა და დიაქრონიაში ხალხთა კონცეპტუალური ინვენტარის განვითარების პროცესები. გარდა ამისა, საზოგადოებისა და ენის განვითარების  მეშვეობით ვლინდება ფერთა სახელების განვითარების თანმიმდევრობის დეკოდირების სისტემები. საინტერესო როლს ამ პროცესში თამაშობს “შეგრძნება” (sensation) და “აღქმა”(perception). პრაქტიკულად, შეგრძნება, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს სიტყვა “white”-თან ქმნის ამ სიტყვას, უფრო მეტიც,  აღქმა ავითარებს ამ ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობას. ასე ვითარდება, აგრეთვე, ამ სიტყვების სიმბოლური მნიშვნელობაც.

     ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა როგორც სოციალურ-ლინგვისტური, ისე ფსიქოლოგიური პროცესები. მაგალითად, ქართულენოვან საზოგადოებაში სიტყვა “blue” სიმბოლურად ნიშნავს “სიმშვიდეს”. ის, აგრეთვე, ასოცირდება ენერგიასთან. გამოკითხულები ამას ხსნიდნენ იმით, რომ ცა ასოცირდება ლოცვასთან, უფალთან, დახმარებასთან, იმედთან.  საინტერესოა, აგრეთვე,  განვიხილოთ ერთი და იმავე ფერის აღქმის კონტრასტულობა როგორც ერთი, ისე ორი განსხვავებული საზოგადოების ჩარჩოში. მაგალითად, თეთრი ფერი ბევრ კულტურაში ასოცირდება უმანკოებასთან, სიწმინდესთან, ინდოეთში კი იგი გლოვის ფერია. ჩატარებული ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ აქრომატული ფერების აღმნიშვნელი  სიტყვების, „თეთრისა“ და „შავის“, ოთხივე მნიშვნელობა (ვარიანტი) იყო მონიშნული.  შავი ასოცირდება როგორც სიცოცხლის დასასრულთან, ისე მის დასაწყისთან. ერთ შემთხვევაში ის აღნიშნავდა გლოვას, სხვა შემთხვევაში კი ელეგანტურ ჩაცმულობას.  თეთრი ფერი ასოცირდებოდა როგორც უმანკოებასა და სიმშვიდესთან, ასევე გაჭირვებასა და დაძაბულობასთან. შესაბამისად, მნიშვნელობები დაჯგუფდა საწინააღმდეგო ასოციაციებში, დადებითსა და უარყოფითში: აღქმა ქმნიდა მეტაფორულ მნიშვნელობასა და განწყობას. ასეთი ტიპის ყველა მნიშვნელობას, ფერების დასახელების პირველადი მნიშვნელობისაგან განსხვავებით, შესაძლებელია, ვუწოდოთ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. ასეთი მნიშვნელობები და თავად ფერთა სახელების ნომინაციის სპეციფიკა ავლენს ენის ცვლილებისა და საზოგადოების განვითარებას. აღქმაზე ჩატარებულმა ფსიქოლოგიურმა ტესტებმა დაამტკიცა, რომ კულტურის, საზოგადოების, გეოგრაფიული და სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ ფერებს და ანიჭებენ მათ სახელებს. ცისფერ, ლიმონისფერ და ყვითელ ფერებზე გამოკითხულები პასუხობდნენ, რომ ხედავენ ორ ან სამ ფერს იმის მიხედვით, მოცემულ ენაში არსებობს თუ არა კონკრეტული ფერის აღმნიშვნელი სიტყვა. “Participants are shown three colors and asked to ‘pick the odd one out’, on the basis of similarity. Although English speakers tend to pick the color that is from a different English category (eg.: lemon yellow, yellow, blue), ‘Africans tend to show no such bias’ (eg.:  yellow, blue) because two colors are in the same African Category.”  [Özgen, 2004:96]                                                                                                                

ამრიგად, ფერების აღმნიშვნელი სიტყვების კომპლექსური შესწავლა უფრო ნათელს ხდის, რომ საზოგადოებისა და კაცობრიობის განვითარებასთან ერთად კონკრეტულ ასოციაციებზე დაყრდნობით  ამ სიტყვების „ფორმის“ ფარგლებში ხდება მათი „შინაარსის“ განვითარება; სიტყვის არა მხოლოდ პირველადი მნიშვნელობა ან მისი ის სტანდარტული მნიშვნელობა, რომელიც  დაფიქსირებულია ლექსიკონში, არამედ  მხატვრული-მეტაფორული მნიშვნელობაც ვლინდება, როგორც ფსიქოლოგიურ-საზოგადოებრივი ფენომენი, რომელსაც სიტყვა იძენს მეტყველებაში, განსაკუთრებით პოეტურ მეტყველებაში.

ვიზუალური აღქმის შედეგად დამახსოვრებული შეგრძნება იწვევს ასოციაციას, ქმნის მნიშვნელობას და პოლისემიას ამყარებს ფერის ამსახველ სიტყვებში. ვიზუალური აღქმა და სოციალური გარეფაქტორები გავლენას ახდენს კატეგორიალური ტერმინების ლინგვისტიკური კატეგორიზაციის პროცესზე. აღსანიშნავია, რომ ფერის აღმნიშვნელი სიტყვა ენაში ადამიანების ასოციაციების მეშვეობით იძენს ემოციურ ელფერს და ახალ მეტაფორულ, პოეტურ მნიშვნელობას ( პოეზიასა და, ზოგადად, მეტყველებაში).

ფერის აღმნიშვნელი   ლექსიკის შესწავლა გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო  ღრმად შევისწავლოთ ნომინაციის პროცესი, რაშიც ვლინდება თვით შემოქმედებითი პროცესის, სიტყვის, ფორმისა  და შინაარსის ფსიქოლოგიური და სოციალური კონტექსტი და ლექსიკის განვითარების გზები.


[1] „Одним из признаков, преобладающим над всеми остальными, внутренняя форма“, - წერს ა.პოტებნია [Потебня, 1999: 116].

[2]  ნომინაციაში იგულისხმება რაღაც იდეის “ფორმაში” შეფუთვა.

ლიტერატურა

დარჩია ი.
2005
ფერის ფენომენი ბერძნულ ტრაგედიაში, თბილისი.
Khomeriki M.,Kezeli A.,Lomashvili N.
2009
The revealing of Color Categorical Boundaries among Georgian Speakers. (The article is published in English). საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის მოამბე, ტომი 3. #3.
Witkowski R. Brown C.
1981
Lexical Encoding Sequences and language change: color terminology system, Northern Illinois University.
Leech G.
1977
Semantics , Aylesbury, Penguin books.
Özgen E.
2004
Language, Learning, and color Perception , Current Directions in Psychological Sciences, University of Surrey, Guildford, Surrey, United Kingdom , Vol. 13, No. 3.
Аристотель
1976
Сочинения в четырех томах. Москва .
Потебня А.
1999
Полное собрание трудов. Мысль и язык. Москва.
Кубрякова Е.
1986
Номинативный аспект речевой деятельности. Москва.
Миронова Л.
1984
Цветовведение, Минск .
Бодуэновские…
2001
Бодуэновские чтения: Бодуэн де Куртенэ и современная лингвистика. Способы номинации и мотивации композитообразований. Казань.