ხელოვანის შეოქმედებითი თავისუფლების პრობლემა ტოტალიტარულ სახელმწიფოში (გრიგოლ რობაქიძის ''ჩაკლული სულის'' მიხედვით)

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვის პრობ­ლე­მისადმი თა­ვისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა  ჯერ კი­დევ ან­ტი­კურ ეპ­ოქ­ა­ში გამოუთქვამთ პლა­ტონს, არ­ის­ტო­ტე­ლეს, თუ­კი­დი­დე­სა და სხვა მოაზ­როვ­ნე­ებს. ხე­ლო­ვა­ნი­სა და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მას არც აღ­ორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში და­უკ­არ­გავს აქ­ტუ­ალ­ო­ბა, რა­საც მოწ­მობს ნი­კო­ლო მა­კი­ავ­ელ­ის ნააზ­რე­ვი. სწო­რედ მან გა­მიჯ­ნა ერ­თმა­ნე­თისა­გან მო­რა­ლი და პო­ლი­ტი­კა, რის გა­მოც ამო­რ­ალ­უ­რი პო­ლი­ტი­კა ამ­ოს­ავ­ა­ლი პრინ­ცი­პით - მი­ზა­ნი ამ­არ­თლებს სა­შუ­ალ­ებ­ას - დღე­საც მა­კი­ავ­ელ­იზ­მად იწ­ოდ­ე­ბა [მაკიაველი, 2007: 42 ]. ამ­ა­ვე პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პი­ტი­რიმ სო­რო­კი­ნი წერდა: «არც ჰიტ­ლერს, არც სტა­ლინ­სა და არც მუ­სო­ლი­ნის არ შე­უქ­მნი­ათ დღე­ვან­დე­ლი კრიზისი, არამედ პი­რი­ქით, არ­სე­ბულ­მა კრი­ზის­მა შექ­მნა ის­ი­ნი ის­ეთ­ებ­ად, რო­გო­რე­ბიც არ­ი­ან _ მი­სი იარაღ­ი­თა და მა­რი­ონ­ეტ­ებ­ით. ის­ი­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­იც­ი­ლო, მაგ­რამ ეს არ მოს­პობს კრი­ზისს და არც შე­ამ­ცი­რებს მას. ეს კრი­ზი­სი, სა­ნამ ის არ­სე­ბობს, შექ­მნის ახ­ალ ჰიტ­ლე­რებს, სტა­ლი­ნებს» [სოროკინი, 2006 : 9].

            XX სა­უკ­უნ­ე­ში, რო­დე­საც მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცია  ის­ეთი ტოტალიტარული სა­ხელ­მწი­ფო მო­დე­ლებ­ის პი­რის­პირ აღ­მოჩნ­და, რო­გო­რებ­იც გერ­მა­ნუ­ლი ნა­ციზ­მი და საბ­ჭო­უ­რი სოციალიზმი იყო, აღ­ნიშ­ნულ­მა პრობ­ლე­მამ ახ­ა­ლი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ით იჩ­ი­ნა თა­ვი. "შა­ვი ჭი­რი­სა" თუ "წი­თე­ლი ტე­რო­რის" გა­ბა­ტო­ნე­ბამ მწერ­ლო­ბა სა­ხელმ­წი­ფო იდ­ე­ოლ­ოგ­ი­ის მსახუ­რად აქ­ცია. ლი­ტე­რა­ტუ­რას უნ­და ჩა­ენ­ერ­გა ხალ­ხის­თვის გან­საზ­ღვრუ­ლი იდ­ე­ე­ბი და იდეალ­ე­ბი, მწე­რა­ლი უნ­და გამ­ხდა­რი­ყო იდ­ე­ოლ­ო­გი და პრო­პა­გან­დის­ტი, პოლიტელიტის "დახმარებით" მი­ეთ­ით­ებ­ი­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­ის განვითარების ვექტორზე,  მოძ­რა­ობ­ის გეზ­ზე, ჩამო­ეყ­ალ­იბ­ებ­ი­ნა მი­სი სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა. ხელოვ­ნე­ბა­ზე მკაც­რი კონ­ტრო­ლი ხორციელდებოდა. ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სამსახურ­ში ყოფ­ნა კა­ცობ­რი­ობ­ის­ მიერ წინარე ეპოქებში აღიარებული ყვე­ლა ზნე­ობ­რი­ვი კა­ნო­ნის უარ­სა­ყო­ფად შემ­ზა­დე­ბას გულის­ხმობ­და.

XX საუკუნის 20-30-იანი წლების საქართველოში ბოლშევიკები ყველანაირ საშუალებას იყენებდნენ ძალაუფლების განსამტკიცებლად. ამ მიზნით ისინი აქტიურად მიმართავდნენ ინტელიგენციის გადაბირების პოლიტიკას. ხელოვნების წარმომადგენელთა  მიმხრობით კომუნისტები ერთგვარად ნიღბავდნენ და ალამაზებდნენ საკუთარ დიქტატორულ ზრახვებს. ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ხელოვნების იდეოლოგიზების პრინციპი. ქართული მწერლობა წინააღმდეგობაში მოექცა; მწერალთა ერთი ნაწილი ცდილობდა გარიდებოდა მიმდინარე პროცესებს და ნეიტრალურ პოზიციაზე დამდგარიყო (თუმცა, ზოგიერთი ბოლშევიკებთან აქტიურ თანამშრომლობას დასთანხმდა), მწერალთა მეორე ნაწილი კი თავისი შეუვალი პოზიციის გამო საბჭოთა ხელისუფლების სატანური ძალის პირისპირ აღმოჩდა და საკუთარ თავზე იწვნია ახალი რეალობის სისასტიკე. მიუხედავად  სასიცოცხლო რისკისა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქართულ (და არა მარტო ქართულ) საზოგადოებას სიმართლე გაეგო "წითელყაბალახიანი" საქართველოს შესახებ. 

როგორც წესი, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ხე­ლო­ვა­ნს აიძ­ულ­ებ­ენ არ­ჩე­ვ­ნის გაკეთ­ებ­ას: იგი ან სას­ტი­კი რე­ჟი­მის მორ­ჩილ ქვე­შევ­რდო­მად უნ­და იქცე­ს (დიქ­ტა­ტის მორჩილებაში მყო­ფი ხე­ლო­ვა­ნი კი, რო­გორც წე­სი, ად­რე თუ გვი­ან აღ­ზე­ვე­ბუ­ლი უს­ამ­არ­თლო­ბის თა­ნა­ზი­ა­რი ხდე­ბა) ან უნდა დაუ­პი­რის­პი­რდეს მას და შე­ინ­არ­ჩუ­ნოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თავისუფლე­ბა.  გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას სწორედ აღ­ზე­ვე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტის პი­რის­პირ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნიჭი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ტრა­გიზმი გა­მო­არ­ჩევს, რაც ნიშანდობლივია როგორც მისი მხატვრულ-დოკუმენტური ესეისტიკისთვის, ასევე  მხატვრული შემოქმედებისთვის; კერძოდ, მწერლის  რო­მა­ნის, „ჩაკლული სულის"  მთა­ვა­რი გმი­რი - XX საუკუნ­ის პირ­ვე­ლი ნახევრის კა­ცობ­რი­ობ­ა­ზე და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლად აღ­მარ­თუ­ლი ტი­რა­ნი­ის მი­ერ ნაგ­ვე­მი ხე­ლო­ვანი - მწერლის "ალტერ ეგოს" წარმოადგენს.

     ტოტალიტარული რეჟიმის სამსახურში ჩამდგარ საბჭოთა ცენზურას აღიზიანებდა გრიგოლ რობაქიძის პიროვნული თვისებები; იმ დროს  „ინტელიგენტური გარეგნობა" და „ევროპული განსწავლულობაც" საკმარისი იყო პარტიულ ფუნქციონერებში  ეჭვის გამოსაწვევად. აგრეთვე, თვალში საცემი იყო მწერლის გამორჩეული ერთგულება ქართული კლასიკური ლიტერატურის იდეალებისადმი, ტრადიციებისადმი. საბჭოთა ცენზურას არ აინტერესებდა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების ლიტერატურული ღირებულება; მას მხოლოდ ის აღიზიანებდა, რომ მწერლის ნაწერებს შეეძლო  პოლიტიკური საფრთხე შეექმნა ძალადობასა და ტერორზე დამყარებული წყობისთვის. იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფიMმწერალი გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ის გაექცა საბჭოეთში გამეფებულ „დემონოკრატიას" და ცდილობდა, უცხოეთიდან მიეწვდინა ხმა თავისი ქვეყნისთვის; თუმცა,  როგორც მოსალოდნელი იყო, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა" მის სახელს ტაბუ დაადეს. აკრძალვამ 1970-იან წლებამდე გასტანა. კრიტიკოსი ნუგზარ წერეთელი აღნიშნავს: „საქართველოს მწერალთა კავშირში, მაშინ არსებულ ინსტანციებში დადიოდა რეპრესირებული დიდოსტატის და, არაჩვეულებრივი ქალბატონი ლიდა რობაქიძე, ყველას უჩვენებდა წიგნებს, წერილებს, საბუთებს, სურათებს. იგი იძულებული იყო ემტკიცებინა, რომ მისი სახელოვანი ძმა არ იყო მოღალატე, რომ ის იყო ევროპული დონის მწერალი" [წერეთელი, 2008 : 26].

XX საუკუნის საბჭოურ სინამდვილეში ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას ასე გვიხატავს გრიგოლ რობაქიძე: „ისტორიამ არ იცის დაკვეთა, გარნა არა საბჭოური. მიქელ ანჯელომ მოხატა „სიქსტინის კაპელა" პაპის დაკვეთით, ხოლო პაპი არ ჩარეულა ხელოვანის შემოქმედებაში. ჩარეულიყო, ნათითხნი გამოვიდოდა ნახატი. არავინ იქნება წინააღმდეგი იმისა, მწერალმა გაშალოს შეკვეთილი, თუ, რასაკვირველია, შემკვეთელი არ ჩაერევა ავტორის მწერლურ პროცესში. ჩარევა გამოვა «ხალტურა» [რობაქიძე, 1996 : 61].

გრიგოლ რობაქიძემ თავის მხატვრულ და მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებებში ნიღაბი ჩამოხსნა  საბჭოთა წყობილების ზნეობრივ სახეს, გვიჩვენა მისი ამორალობა, სისასტიკე, უმეცრება; წარმოაჩინა ერის საუკეთესო ნაწილის განადგურებით გამოწვეული ქართველთა  ტრაგედია. კომუნისტებმა შეძლეს ისე მოეწყოთ საზოგადოება, რომ, „არსებობა თუ გინდა შეინარჩუნო, აუცილებლად ნამუსი უნდა გაყიდო" [ბაქრაძე, 2004 : 49]. გრიგოლ რობაქიძის საბედისწერო ნაბიჯი _ ემიგრაციაში წასვლა _ გაუსაძლისი პირობებით იყო გამოწვეული, რადგან „პროკრუსტეს სარეცელს" მორგებული მწერლობა, ტაბუდადებული ეროვნული პრობლემატიკა, გასაქანს არ აძლევდა მის ტალანტს.

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას მამხილებელი პათოსი გამოარჩევს. ამის დადასტურებაა მის მიერ ემიგრაციამდელი თუ ემიგრაციაში წასვლის შემდგომ შექმნილი ნაწარმოებები, რომლებიც სწო­რედ სტა­ლინ-ჟდა­ნო­ვის კულ­ტუ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის აღ­ზე­ვე­ბის ჟამს და­იწ­ე­რა. მათ შორის დავასახელებდით რომანებს: „ჩაკლული სული", „გრაალის მცველნი"; ესეებს: „ადოლფ ჰიტლერი", „კავკასიური ნოველები", „მუსოლინი", „სტალინი" და სხვ., რომლებშიც მწერალმა ახსნა ბოლშევიზმის ჭეშმარიტი არსი, უჩვენა მისი უარყოფითი ზეგავლენა საზოგადოების ზნეობაზე, მიუთითა იმ საფრთხეზე, რომელიც განადგურებით ემუქრება ეროვნულ ცნობიერებას.

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების თითქმის ყველა ნიმუში მიმართულია ეროვნული ძარღვის, ფესვების ძიებისაკენ. აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო მძლავრად იკვეთება მის ესეისტიკაში. ნიშანდობლივია, რომ მწერლის  ავტობიოგრაფიული ესეებიც   სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების ზოგადსაკაცობრიო დონეზე წარმოჩენითა და რომანტიზებითAარის ნასაზრდოები. აღნიშნულის გათვალისწინებით ძნელია იმის დაჯერება, რომ დასაწყისში მწერალს არ მოსწონებოდა სოციალიზმის ჰუმანური იდეები, უარეყო ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციისდროინდელი  პოსტულატები - ძმობა, ერთობა, თანასწორობა. საქმეც ისაა, რომ გრიგოლ რობაქიძე მშვენივრად ხედავდა, რომ ამ იდეებით  ბოლშევიკები და მათი მხარდამჭერნი დემაგოგიურად  აპელირებდნენ და მოხერხებულად სარგებლობდნენ;  ლამაზ იდეებს  ამოფარებულნი, ისინი ავ საქმეებს ჩადიოდნენ.  ამის დადასტურებას წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის ესე „ილია ჭავჭავაძე და ფილიპე მახარაძე", რომელშიც მწერალი ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ფილიპე მახარაძესა, და მის მიმდევრებს „ზნედაცემულებს" უწოდებს: „სოციალ-დემოკრატიული ბელადები დაჩვეულნი არიან დემაგოგიურ სიყალბეს, რადგან ხელობათა აქვთ გადაქცეული ხალხის გაბრიყვება იქ, სადაც სიმართლით ვერას ხდებიან" [რობაქიძე, 1913 : 13]. 

გრ. რობაქიძე ცდილობს, გაერკვეს ტირანული სახელმწიფო ძალაუფლების ბუნების არსში. იგი წერს: „დასამორჩილებელს თუ სისუსტე დაანახე, კიდევ უფრო გაურჩდება იგი. ნამდვილი მთავრობა ან სულ არ გამოსცემს საეჭვო დეკრეტს, ან თუ გამოსცა, უთუოდ ეცდება, რაც უნდა დაუჯდეს, ცხოვრებაში გაატაროს" [რობაქიძე, 1990 : 51]. მართლაც, განმტკიცებული სოციალიზმის პირობებში, როცა სტალინი იდგა ქვეყნის სათავეში, სტალინის მთავრობა,  რადაც არ უნდა დასჯდომოდა (თუნდაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლის ფასად), მაინც გაატარებდა თავის დეკრეტს. გრ. რობაქიძე ეთანხმება ჟოზეფ დე მესტრის გამონათქვამს, რომ სახელმწიფოს საფუძველი ეშაფოტია და აზუსტებს: „სახელწიფოს არ შეუძლია იარსებოს ისე, თუ იგი ძალადობას არ მიმართავს" [რობაქიძე, 1990: 45].

ესეში „სულის დაშლა"  ემიგრაციაში მყოფი გრ. რობაქიძე ქართველ მწერლებთან დაკავშირებით წერს: „მათ შეეძლოთ უთუოდ მწიფობის ხანაში მნიშვნელოვანი რამ მიეცათ ქართული ლიტერატურისათვის. საბჭოთა ატმოსფეროში მათ არ ძალუძთ მისცენ უკანასკნელის მეათედიც იმისა, რისი მიცემაც მათ შეეძლოთ. - სწორედ იმ „სინამდვილობის" გამო. ბოლშევიკებად რომ იქცნენ? - შემეკითხება მკითხველი. ჯერ ერთი, მათი ქცევა ბოლშევიკებად ძალიან ძნელი ამბავია, გარდა ორი სამისა. მე კარგად ვიცნობ მათ: ისინი შინაგანად დამთავრებულნი იყვნენ, როცა მე საბჭოეთი მივატოვე, მეორე, ასეთი ქცევა შინაგან გარდატეხას მოითხოვს, რაიც შესაძლოა მხოლოდ თავისუფალ არეში; ბოლშევიზმის არეში კი, სადაც მხოლოდ გარეგანი ძალაა გამეფებული, ასეთი გარდატეხა საეჭვოა. მესამე, კიდევაც რომ იქცნენ ბოლშევიკებად შინაგანად და ამრიგად გახდნენ „ნამდვილნი", მაშინაც ვერ გამოიღებს მათი ნიჭი ნაყოფს, რადგან ბოლშევიზმი და ხელოვნება ერთიმეორეს ეწინააღმდეგებიან. აქ არაა ადგილი ამ საკითხს შევეხო, ვიტყვი მხოლოდ, მთელს საჭოეთში მე არ მეგულება არც ერთი ნაწარმოები, რომელიც არსებითად ბოლშევიკური იყოს და იმავე დროს ხელოვნური. თუ რამ თვალსაჩინო შეიქმნა საბჭოეთში ამ მხრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოსტატური „გვერდის ავლით" ბოლშევიზმისა. მაგალითების მოყვანა ზედმეტია" [რობაქიძე, 1996: 59].

ცნობილია, რომ გრ. რობაქიძემ საგანგებო ესეები უძღვნა ჰიტლერს, მუსოლინის, ლენინსა და სტალინს. მისი ინტერესი აღნიშნული პიროვნებებისადმი განაპირობა "ზეკაცის", "ზეადამიანის" ბუნების ახსნის სურვილმა.  ამერიკელი მკვლევარი, ლეონარდო ფოქსი გრიგოლ რობაქიძის დაინტერესებას ზემოთ ჩამოთვლილი დიქტატორებით შემდეგნაირად ხსნის: «რობაქიძეს ატყვევებდა «გმირის» ცნება, როგორც ეს ასახულია მითოლოგიასა და თანამედროვე ხანაში. მისმა ამგვარმა ინტერესმა იგი მიიყვანა ჰიტლერისა და მუსოლინის შესწავლამდე, რომლებსაც იგი ხედავდა არა პოლიტიკური, არამედ მითოლოგიური თვალთახედვით» [რობაქიძე, 1996: 38].

სწორედ „ადოლფ ჰიტლერისა" და „მუსოლინის" გამო გარიყა ევროპულმა საზოგადოებამ გრიგოლ რობაქიძე. მისი საქციელი მით უფრო გაუგებარი ჩანდა, რომ იგი არ თვლიდა თავს პოლიტიკოსად. უფრო მეტიც: პოლიტიკა მწერლის საზიანო საქმედ მიაჩნდა: „პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ და არცა ვარ. არა ვარ, არა იმის გამო, ვითომ პოლიტიკის არა გამეგებოდეს რა. არა ვარ იმის გამო, რომ ღრმად და მკაფიოდ მაქვს შეგნებული: მწერალი, რომელიც პოლიტიკაში ერევა, პოლიტიკას ვერსა არგებს, თავის თავს კი, როგორც ხელოვანს, ვნებასაც მიაყენებს" [რობაქიძე, 1996: 226]. მიუხედავად ზემოთქმულისა, მწერალმა მაინც მიაყენა ვნება საკუთარ თავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერსა და მუსოლინიზე დაწერილი ესეების გამო ევროპაში მას ალმაცერად უყურებდნენ; არც ძველ თხზულებებს უბეჭდავდნენ და არც ახალს. ემიგრანტული ქართული პრესა თუ გამოაქვეყნებდა ხანდახან მის წერილებს, თორემ დიდი გამომცემლობების კარი მისთვის დაკეტილი იყო.[1]

     გრიგოლ რობაქიძის დახასიათებით, არც ლენინი, არც ჰიტლერი, არც მუსოლინი არ ფლობდნენ  პიროვნების დამანგრეველ ისეთ ძალას, როგორსაც სტალინი. სტალინი ადამიანებს არარაობად აქცევდა. ეს პროცესი ცხადად აღწერა გრიგოლ რობაქიძემ რომანში „ჩაკლული სული", რომელშიც XX საუკუნის კაცობრიობის სულიერი კრიზისის ფონზე ტირანიის პირისპირ დარჩენილი ხელოვანის ტრაგედია აქვს გაცხადებული.

         ემიგრაციაში წასულმა მწერალმა 1933 წელს გერმანიის ქალაქ იენაში გამოაქვეყნა რომანი, რომლის ბოლოსიტყვაობაში მიუთითებდა მისი დაწერის თარიღზე - 1932 წელი. „ჩაკლული სულის"  პრობლემა სათაურშივეა გაცხადებული. მწერალს, უპირველეს ყოვლისა, ხელოვანის _ თამაზ ენგურის  _ ტრაგიკული ბედი აღელვებს და მის ბედს, ზოგადად,  ქართველი ხელოვანების, ერის ინტელექტუალური ძალების გადაგვარების, დაკნინების, ქართველი ერის ბედს უკავშირებს. „ეს წიგნი, რომელსაც ტყუილად როდი ეწოდება „ჩაკლული სული", ცდილობს მხატვრულად წარმოაჩინოს ბოლშევიზმის ქვესკნელური გამხრწნელი ძალა მის ატმოსფერულ ზემოქმედებაში", _ წერს გრიგოლ რობაქიძე 1937 წლის აპრილში რომანისთვის დართულ ბოლოსიტყვაში და თავმდაბლობის გარეშე მიანიშნებს რომანის წინასწარმეტყველურ ღირებულებაზე, რომელიც მოსკოვის ბნელ მოვლენებს (სტალინის დამხობის ცდას)  შეეხება და გახსნილია ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟის, ბერზინის,  სახით.  

        რომანში მოქმედება თბილისში იშლება.მისი მთავარი გმირი თამაზ ენგური, მწერალია. თამაზი, როგორც ყველა ხელოვანი, მოწოდებულია, რომ თავისი სულიერი მონაპოვარი სხვებსაც გაუზიაროს, მაგრამ მას განადგურებას უქადის გაბატონებული საბჭოთა დიქტატურა. წითელი ტერორი ცდილობს, ყველა ხელოვანი თავის იდეოლოგიას დაუმორჩილოს, უზნეო ხელისუფლების შესანიღბად გამოიყენოს. სასტიკი რეპრესიების შიშმა შედეგი გამოიღო: „ლიტერატურაში, თეატრში, კინოში _ ყველგან მუშაითობდნენ, ყველა ცდილობდა, სწორად გაევლო ბაგირზე. შესაფერის თემებს ეძებდნენ, ამგვარი ცდებისთვის უფრო გამოსადეგს. ათასგვარ მხატვრულ ხერხს იგონებდნენ, მიზნის მიღწევა საეჭვო რომ არ ყოფილიყო. გარკვეული ოსტატობა ჩამოყალიბდა, ერთგვარი აკრობატიკა. მაგრამ თემებთან და მხატვრულ ხრიკებთან ერთად, სიძნელეებიც იზრდებოდა. თუ თვით სამუშაოს ძირითადი ხაზის გარკვევას მოისურვებდნენ, მხოლოდ მექანიკურ სქემას იღებდნენ, რომელიც ვერავითარ აღფრთოვანებას ვერ გამოიწვევდა...ამ სიძნელეებს ყველაზე იოლად კინო აუდიოდა: ის ხომ ყველაზე შორს იდგა ნამდვილი ხელოვნებისგან. შემდეგ მოდიოდა თეატრი, სულ ბოლოს ლიტერატურა და პოეზია... ლირიკა სულ მთლად გადაშენდა...» [რობაქიძე, 1991 : 89].

          საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაციის დასტურად მწერალი გვიჩვენებს, რომ ერთ დროს ზნეობის უმაღლეს საფეხურზე მდგომი ხალხი დღეს ყველაფერს იკადრებს, ოღონდ სიცოცხლე შეინარჩუნოს. ადამიანებისთვის აღარ არსებობს ღირსება, თანაგრძნობა, ერთგულება, პატიოსნება. არადა, ყველა ეს თვისება ხომ ასეთი ახლობელია და დამახასიათებელი ქართველი კაცისთვის?! მაშ, ახლა რა მოხდა? რა ძალამ შეძლო ამ კეთილშობილი გენის ასეთი დეგრადაცია? პასუხი ერთია: ყოველგვარი ზნეობრივისა და ამაღლებულის დამთრგუნველი ბოლშევიკური იდეოლოგიაა, რომლის სახე-სიმბოლოს „ჩაკლულ სულში"  წარმოადგენს „ხვლიკისთავიანი სტალინის" სახე. მისი შემზარავი პორტრეტის დახატვით გრიგოლ რობაქიძემ ნათლად წარმოაჩინა დამოკიდებულება სოციალისტური იდეოლოგიის მიმართ, რომლის ძალაუფლებამ ყოველგვარი ზნეობრივ-მორალური საზღვარი გადალახა.

        ბოლშევიზმი თავისი მომნუსხავი ძალით ახერხებდა ადამიანისთვის პატივის აყრას და მერე უკვე პატივაყრილ ადამიანს იოლად იგდებდა ხელთ. „ასეთი ატმოსფერო სუფევდა. უნდობლობა და შიში ბატონობდა...ასე გაჩნდა გადახრის ნამდვილი მანია: მარცხნივ, მარჯვნივ და ღმერთმა იცის, კიდევ საით. ერთ თანამშრომელს რომელიმე გადახრას აღმოუჩენდნენ და მერე გაზეთებში, უჯრედებში, კრებებზე ბობოქრობდნენ, საპროტესტო რეზოლუციებს ადგენდნენ. გაზეთები, უჯრედები, კრებები, რეზოლუციები _ ამ ქარბორბალას უმაღლესი მოხელეც ვერ გაუმკლავდებოდა. ის მოუხელთებელი რაღაც აქაც საშინელ გავლენას ახდენდა; არავინ იყო თავისუფალი, ყველა საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მხოლოდ ერთი ხსნა არსებობდა: მონანიება, თვითმხილება და დანაშაულის აღიარება ეპიდემიასავით მოედო მთელ საბჭოეთს... იმ ატმოსფერომ, რომელშიც სინამდვილე და მოჩვენება ერთმანეთში გადადიოდა, ჩაუდენელი ცოდვის რეალურად აღქმის შესაძლებლობაც შექმნა.."[რობაქიძე, 1991 :  87].

          თამაზ ენგური  საკუთარ ანალებში ასეთ ჩანაწერს წააწყდება: „ლენინმა განსაკუთრებული სახელი უწოდა სტალინს _ „ლეგენდარული ქართველი". ლეგენდარული ჭარბად იყო სტალინში, ოღონდ ქართველი - მეჩხერად" [რობაქიძე, 1991 : 94]. დიქტატორს,  რომელსაც მოგვიანებით   „პრეისტორიული ხვლიკის გაქვავებულ თავს" შეადარებს, რობაქიძე შემდეგნაირად აღწერს: „..დროებით დენის ქსელიდან გადმობობღდებოდა დარეტიანებული და გაუცხოებული. როცა შეშინებული გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ღონე, აი, მაშინ სტალინი მხოლოდ სოსო ჯუღაშვილი იყო, უბრალოდ ქართველი. მაშინ ახსენდებოდა შორეული საქართველო, რომლისგანაც ესღა შემოენახა: საცივისა და კახური ღვინის გემო, მრავალჟამიერი ჰანგი და ქართული გინება: „მაგათი დედა კი ვატირე" [რობაქიძე, 1991 : 108].

       გრიგოლ რობაქიძის მწერლური ნიჭი, მხატვრული და ფილოსოფიური წარმოსახვა, იძლევა შესაძლებლობას, რომანში განზოგადდეს არა მხოლოდ ბოლშევიკური ტირანიის ხასიათი, არამედ გაიხსნას ტოტალიტარული სახელმწიფო მოდელების ჭეშმარიტი სახე. რომანში ხაზგასმულია, რომ ადამიანის ზნეობრივი დეგრადაციის ერთ-ერთ მიზეზს  ღმერთის უარყოფა წარმოადგენს. მთავარი გმირის, თამაზ ენგურის,  მიერ ჩადენილი ცოდვის (მეგობრის გაცემა) სათავე იმ სულიერ მერყეობაში მდგომარეობს, რომელიც მას ბოლშევიკების შიშით ეუფლება. მეგობრის გაცემამდეც არაერთხელ წასულა თამაზი ზნეობრივ კომპრომისზე: ჯერ კინოსტუდიაში, სცენარის განხილვის დროს, შემდეგ მწერალთა სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას „სისხლის გამოშვების" შესაძლებლობას რომ დაუშვებს; და ყოველი კომპრომისის შედეგად იგი იმ  სულიერ კრიზისს უახლოვდება, რომელსაც ლევანის უნებლიე გაცემა აგვირგვინებს. სინდისის ქენჯნის გრძნობა მხოლოდ ამ საქციელის ჩადენის შემდეგ უჩნდება თამაზ ენგურს. ის აცნობიერებს, რომ ძალას, რომელმაც ამ ცოდვისაკენ უბიძგა ხელოვანს,  შიში ერქვა. მრავალმნიშვნელოვანია რომანის ფინალი, რომელიც ცოდვის ჭაობში ჩაფლვას, ტოტალიტარული წნეხისგან „სულის ჩაკვლის" მცდელობას მოსდევს. თამაზ ენგური ამგვარი დაცემის წყალობით იძენს კათარზისისა და უფალთან მიახლების უნარს. ცოდვილი სულის ჩაკვლით იგი უნდა აღდგეს და დაძლიოს შიში, რომელსაც ღალატის ცოდვამდე მიუყვანია. მწერალმა სინანულის გზაზე შეაყენა ცოდვილი, რათა  უფალმა ხელახლა ჩაჰბეროს მას სული, რადგან თამაზი ღვთისაკენ მიილტვოდა გულითა და გონებით, მთელი არსებით უხმობდა ცოდვით დაცემული ხელოვანი მაცხოვარს: „ო, შენ, ქრისტეს სისხლო, დაჭრილი ნეკნებიდან გადმოღვრილო, შენს ერთ წვეთს მაზიარე, მხოლოდ ერთ პატარა წვეთს, რათა განვახლდე, განვნათლდე, ვითარცა ბავშვი, როგორც ქალწული" [რობაქიძე, 1991: 154].

      გზა, რომელსაც ნაწარმოების მთავარი გმირი გაივლის VITA NUOVA-სკენ, ერთადერთი ხსნაა სულიერი კრიზისით გათანგული კაცობრიობისათვის. თამაზ ენგურს ნამდვილად სჭირდებოდა შინაგანი ცვლილება, სულიერი ტრანსფორმაცია. ხელახლა დაბადება  ღვთიური ქმედებაა, უკვდავება კი მხოლოდ მორწმუნის ხვედრია. რადგანაც ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში „ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას" [რომაელთა 3.23.],  ამიტომაც ყველა მათგანი  ხელახლა უნდა დაიბადოს  ცოდვების  მისატევებლად, ღმერთთან ურთიერთობის  დასამყარებლად ­_ ასეთია გრიგოლ რობაქიძის რომანის კრედო. 

 „ჩაკლული სული" არ არის მხოლოდ შემოქმედებითი თავისუფლების აღკვეთის კლასიკური მაგალითი; იგი მარადიული წრებრუნვის გამომხატველი ნაწარმოებია, რომელშიც  თამაზის სულიერი განახლება ბიბლიურ „ზეციდან შობას" იმეორებს _  „ვინც ქრისტეშია, ახალი  ქმნილებაა; ძველი წარხდა და, აჰა, ყოველივე არის ახალი" [კორინთელთა II 5:17]. „ის თამაზი აღარ იყო, იგი სხვა იყო, იქნებ აღარც იყო ადამიანი. მის წინ დიდი ძლიერი სინათლე გამოჩნდა... უეცრად აკანკალებულმა, შეშინებულმა ღმერთი იხილა იქ. თამაზი წამოხტა, უნაპირო სივრცეებს გადახედა და მთელი ხმით იყვირა: „შენ ხარ, შენ ხარ, შენ ხარ" [რობაქიძე, 1991: 154].

      გრიგოლ რობაქიძემ სულიერი კათარზისის საშუალებით დაანახვა მკითხველს ჭეშმარიტი შემოქმედის ამოუწურავი ენერგია, ძალა. რომანში ხაზგასმით არის წარმოჩენილი, რომ  ყოველ ხელოვანს ღმერთთან ზიარების მადლით ახალი სიცოცხლე ენიჭება; იგი უკვდავებას იმკვიდრებს მარადიული ღირებულებებისათვის გაწეული მსხვერპლის წყალობით.    


[1] კრიტიკოს როსტომ ჩხეიძის აზრით, ქართველთა მცირე ნაწილის გარკვეულწილად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ფაშისტების მიმართ რუსეთისაგან თავის დაღწევისა და ბოლშევიზმის დამხობის სურვილით უნდა იყოს განპირობებული [ჩხეიძე, 2010 : 357].

ლიტერატურა

ბაქრაძე აკ.
1999
კარდუ. თბილისი.
ბაქრაძე აკ.
2004
რჩეული. ტომი III. თბილისი.
კორინთელთა..
1989
კორინთელთა მიმართ II ეპოსტოლე. ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა. თბილისი.
მაკიაველი ნ.
2007
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. მთავარი. წიგნი IV.თბილისი.
რომაელთა...
1989
რომაელთა მიმართ ეპისტოლე.... ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა. თბილისი.
რობაქიძე გრ.
1913
ილია ჭავჭავაძე და ფილიპე მახარაძე. იმერეთი. №113.
რობაქიძე გრ.
1990
სოციალისტების სახელმწიფოებრივი უძლურება. სახელმწიფო და სამართალი. №12.
რობაქიძე გრ.
1991
ჩაკლული სული (გერმანულიდან თარგმნა ალ. კარტოზიამ). თბილისი.
რობაქიძე გრ.
1996
სიმართლე ჩემთვის ყველაფერია. თბილისი.
რობაქიძე გრ.
2006
ადოლფ ჰიტლერი (გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო დ. ფანჯიკიძემ). თბილისი.
რობაქიძე გრ.
2006 A
მუსოლინი.(გერმანულიდან თარგმნა ნ. გოგოლაშვილმა). ჩვენი მწერლობა. №19.
სოროკინი პ.
2006
ხელოვნების კრიზისი. ქუთაისი.
შპენგლერი ო.
2005
ევროპის დაისი (თარგმნა ნუგზარ კუჭუხიძემ). ქუთაისი.
ჩხეიძე რ.
2010
ერი და ბედისწერა. თბილისი.
წერეთელი ნ.
2008
ბოლომდე თქმა მართლისა. სიტყვა. №7