გალაკტიონის სიმბოლისტური და ნოვალისის რომანტიკული პოეზიის ტიპოლოგიისათვის

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონის (1891–1959) პოეტური დისკურსი ინსპირირებულია არა მხოლოდ ფრანგული სიმბოლიზმის, არამედ გერმანული რომანტიზმის სახისმეტყველებითი პოეტური კონცეპტებითაც: კერძოდ, გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში ვხვდებით ღამის, ღვთისმშობლის (მადონას), სატრფოს სახისმეტყველებას, რომელთა შინაგანი საზრისი სწორედ გერმანელი რომანტიკოსი პოეტისა და ფილოსოფოსის, ნოვალისის (ფრიდრიჰ ფონ ჰარდენბერგი, 1772-1801), შესაბამის პოეტურ კონცეპტებთან ამჟღავნებს იდეურ სიახლოვესა და ესთეტიკურ თანამოაზრეობას. ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია ლურჯი ფერის სახისმეტყველების ტიპოლოგია გალაკტიონთან და ნოვალისთან. თუმცა, აქვე უნდა შევნიშნო, რომ აღნიშნული კონცეპტების ესთეტიკური ათვისებისა და რეცეფციის საფუძველზე გალაკტიონი შემდგომ ქმნის საკუთარ ინდივიდუალურ და უნიკალურ სახისმეტყველებას. 

გალაკტიონისა და გერმანული რომანტიზმის კონცეპტუალურ-სახისმეტყველებითი თანამოაზრეობის თვალსაჩინო გამოვლინებაა გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის (N 2, 1922) მოწინავე, რომელშიც გალაკტიონი ახსენებს გერმანელ რომანტიკოსებს - ვილჰელმ ჰაინრიხ ვაკენროდერსა და ნოვალისს, რომელთა პოეზიას იგი აკავშირებს როგორც, ზოგადად, ჭეშმარიტი პოეზიის, ისე საკუთარი პოეზიის ონტოლოგიურ არსთან, რაც კონცეპტუალური თვალსაზრისით გულისხმობს პოეტურ ტექსტებში/პოეტური ტექსტებით ტრანსცენდენტურობისაკენ სწრაფვას,  მის მაქსიმალურად სრულყოფილ სახეობრივ წვდომას. ყოველივე ამას უპირისპირდება ემპირიული სინამდვილის პრაგმატიზმი, წარმავლობა და ამაოება: „მე ვიცოდი, რომ ადამიანებს შორის აღარ არის არავითარი კავშირი უსულო და უგულო ანგარიშების გარდა, რომ ამაოდ წყუროდათ ამ ადამიანებს იდეალი და ჰარმონია, რომ ეგოისტურმა ანგარიშებმა სრულიად წალეკეს ლტოლვა არაქვეყნიურ ოცნებისადმი, გაჰქრა მწუხარება ვაკენროდერის, გაჰქრა ზმანებები ნოვალისის" [ტაბიძე, 1975: 20].

ასევე გავიხსენოთ გალაკტიონის ცნობილი ლექსი „აღარ არის მენესტრელი”, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა გავიაზროთ, ერთი მხრივ, როგორც თავისებური პოეტური მიძღვნა ნოვალისისა და მისი რომანტიკული პოეზიისადმი,  ხოლო,  მეორე მხრივ,  როგორც  გერმანული  რომანტიზმისა და გალაკტიონის კონცეპტუალურ-ესთეტიკური თანამოაზრეობის გაცხადება. ამიტომაც, ჩემი აზრით, მოცემულ ლექსში ნოვალისის ყვავილის, ანუ ლურჯი ყვავილის, პოეტური კონცეპტი შემოქმედებით პროცესში წარმოქმნილი შემთხვევითობა კი არ არის, არამედ იგი ცნობიერად თუ არაცნობიერად გამოხატავს ნოვალისის პოეზიიდან მომდინარე შემოქმედებით ინსპირაციასა და იმპულსებს: 

ეს ოცნება არის ჭრელი

ფიქრი ბნელი ღამისა,

აღარ არის მენესტრელი

უნაზესი დამისა.

იყო ირგვლივ ზიანება

და ყორნების ჩხავილი,

თოვლმა სილას მიანება

ნოვალისის ყვავილი.

მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ,

ოცნება ნუ გშორდება,

ყოველივე იგი ისევ

ისე განმეორდება”  [ტაბიძე, 1973: 192].

ლექსში იკვეთება შემდეგი პოეტურ სახეები და კონცეპტები – ღამე, ოცნება, (ნოვალისის) ყვავილი. მართალია, პოეტური სახისმეტყველების თვალსაზრისით აქ განსაკუთრებული არაფერია, ვინაიდან ნებისმიერ ეპოქაში ნებისმიერი პოეტის საყვარელი პოეტური სახეები და კონცეპტები შეიძლება იყოს ღამე, ოცნება/სიზმარი, ყვავილი. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ თავად ლექსის მთელ საზრისისეულ-ესთეტიკურ კონტექსტს, ლექსში ეს პოეტური სახეები წარმოჩნდება, როგორც კონკრეტული თვითმყოფადი შინაარსის (შინაგანი ლოგოსის) შემცველი პოეტური ხატები: კერძოდ, ისინი შემოქმედებით-კონცეპტუალურად უკავშირდებიან და მიანიშნებენ ნოვალისის რომანტიკულ პოეზიაზე, რამდენადაც ლექსში გალაკტიონი, ერთი მხრივ, პირდაპირ ახსენებს ნოვალისის რომანტიკული პოეზიის ცენტრალურ სიმბოლოს ლურჯ ყვავილს („ნოვალისის ყვავილი”), ხოლო, მეორე მხრივ, ლექსში არის ალუზიები ნოვალისის რომან „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენზეც,”[1] რაზეც მიანიშნებენ ყვავილისა დამენესტრელის პოეტური სახეები.

გალაკტიონის ლექსის ტექსტში პოეტური კონცეპტები მენესტრელი და ნოვალისის ყვავილი ერთ სახისმეტყველებით სიბრტყეს ქმნის და საერთო პოეტური კონცეფციის ფარგლებში თავსდება: ლექსში ნოვალისის ყვავილის პოეტურ კონცეპტს იგივე მხატვრული ფუნქცია აკისრია, როგორიც ნოვალისის რომანში: კერძოდ, იგი არის ტრანსცენდენტური საღვთო რეალობის სიმბოლო, რომლის მოხმობითაც გალაკტიონი მიანიშნებს იმ ეგზისტენციალურ ჩიხზე, რომელიც გამოწვეულია ღვთაებრივის (ამ უკანასკნელის სიმბოლოა ნოვალისის ყვავილი) ყოფიერებასა და ადამიანის სულიერ ცხოვრებაში რედუცირებით – „თოვლმა სილას მიანება ნოვალისის ყვავილი”.

ამ სახისმეტყველებითი კონტექსტიდან გამომდინარე, როგორც ნოვალისის პოეტურ ტექსტებში, ისე გალაკტიონის აღნიშნულ ლექსში ოცნების პოეტური კონცეპტი წარმოადგენს დაკარგულ ღვთაებრივ ყოფიერებაზე ოცნებისა და მისი მოგონების ალუზიას, ხოლო ღამის ქრონოტოპი მიანიშნებს სწორედ იმ პირველქმნილ, მეტაფიზიკურ ღამეზე, რომლის წიაღშიც შემდგომ იშვება ღვთაებრივი ნათელი.  

ახლა მივუბრუნდეთ საკითხს, თუ რაში მდგომარეობს გალაკტიონისა და ნოვალისის პოეტური ტექსტების კონცეპტუალურ-ესთეტიკური და სახისმეტყველებითი თანამოაზრეობა და რა ფორმით ვლინდება გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში ნოვალისის რომანტიკული პოეზიით აღძრული შემოქმედებითი ინსპირაცია. კერძოდ, ჩემი აზრით, ნოვალისისა და გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში საერთოა:

  1. სატრფოს პოეტური სახის, როგორც საღვთო ტრანსცენდენტური რეალობის სიმბოლოს, გაგება. შდრ.: გალაკტიონის მერის ციკლის ლექსები და ნოვალისის „ღამის ჰიმნების” პოეტური ციკლი.
  2. ღამის, როგორც ტრანსცენდენტურობის პოეტური სიმბოლოს, გაგება. შდრ.: გალაკტიონის „მე და ღამე”, „მთაწმინდის მთვარე”, „აღარ არის მენესტრელი”, „ლილიან ფრთებით” და სხვ. და  ნოვალისის  „ღამის ჰიმნები”.
  3. გალაკტიონისა და ნოვალისის პოეტურ ტექსტებში საერთოა, ასევე, ღვთისმშობლის, მადონას, კულტის პოეტური რეცეფცია, რომელშიც ღვთისმშობლის პოეტური სახე გვევლინება საღვთო სიყვარულისა და ტრანსცენდენტურობის სიმბოლოდ.  შდრ.: გალაკტიონის „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში”, „ხომალდს მიჰყვება თეთრი მადონა”, „საღამო”, „დამშვიდობება” და ნოვალისის „ღამის ჰიმნებისა” და „სასულიერო სიმღერების” პოეტური ციკლები. 
  4. და რაც უმთავრესია, გალაკტიონისა და ნოვალისის პოეტურ ტექსტებში ესთეტიკურ-სახისმეტყველებით სიახლოვეს ავლენს ლურჯი ფერის (შესაბამისად, ცისფერის, სილაჟვარდის) ფერთამეტყველება.[2] 

როგორც უკვე აღინიშნა, ნოვალისთან სატრფოს პოეტური სახის, როგორც ტრანსცენდენტურობისა  და  საღვთო  რეალობის  სიმბოლოს, გაგება გვხვდება მის პოეტურ-მისტიკურ ციკლში „ღამის ჰიმნები" [ბრეგაძე, 2009: 121-123], რაც შემდეგ ვარირებული სახით გადადის მისსავე რომანში „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი"  [ბრეგაძე,  2009].  ნოვალისის  პოეტურ  ტექსტებში გმირის სატრფოსადმი  ლტოლვა წარმოადგენს არა უბრალო, „ბიურგერულ" სიყვარულს, არამედ მასში სიმბოლიზებულია შემმეცნებელი სუბიექტის სწრაფვა სულიერი სრულყოფის, უსასრულობისა და ტრანსცენდენტურობისაკენ [ბრეგაძე, 2009]. შესაბამისად, ნოვალისთან სატრფოს პოეტური სახე გვევლინება ტრანსცენდენტურობისა და სამოთხისეული ეგზისტენციის სიმბოლოდ: „ნისლში შთაინთქა მთა და ვიხილე სატრფოს ნათლითმოსილი ნაკვთები. მის თვალებში დაევანა მარადისობას. ხელი შევავლე სასურველს და ცრემლები იქცნენ მბრწყინავ უწყვეტ მძივად. ათასწლეულები წარილტვნენ შორეთში ვით ავდრის ქარები. მის ყელს დავადინე ნეტარების ცრემლები ახალი ცხოვრებისათვის. და ეს სიზმარი ერთადერთია. მხოლოდ მას შემდეგ ჩამესახა მარადი, შეურყეველი რწმენა ღამეული ზეცისა და მისი ნათლისადმი - სატრფოსადმი"  [ნოვალისი, 2007: 18].  

სწორედ ამგვარი სახისმეტყველებითი ფუნქცია აქვს გალაკტიონის ტექსტებში სატრფოს პოეტურ სახეს მერისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლში. („მერი”, „შენ ზღვის პირად მიდიოდი მერი”, „მერის თვალებით”, „ო, დღეს შემოდგომაა”). ამ შემთხვევაში, თუკი გავითვალისწინებთ გალაკტიონის პოეტური ტექსტების სპეციფიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი წარმოადგენენ ტრანსცენდენტალური პოეზიის ნიმუშებს, ანუ რომელთა პოეტურ-ესთეტიკური ინტენციაც ტრანსცენდენტურობის „გახსნა” და წვდომაა,[3] მაშინ ამ ჭრილში გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში ინტენცირებული სიყვარულის თემისა და სატრფოს (მერის) პოეტური სახის უბრალო, „ბიურგერულ”  სიყვარულზე რედუცირება იმთავითვე გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, მერის ციკლის პოეტურ ტექსტებში სატრფოს პოეტური სახე უნდა გავიაზროთ, როგორც ტრანსცენდენტურობისა და დაკარგული ღვთაებრივი პირველსაწყისის სიმბოლო. ოღონდ, ნოვალისისაგან განსხვავებით გალაკტიონთან სატრფოს სახით სიმბოლიზებული ღვთაებრივი ყოფიერება წარმოადგენს მიუწვდომელის სფეროს, რაც ონტოლოგიურად გალაკტიონის ლირიკული გმირისათვის (შესაბამისად, გალაკტიონისათვის) წარმოშობს ეგზისტენციალურ გამოუვალობასა და შიშს: კერძოდ, მასში (ზეციური) სატრფოსადმი ლტოლვა და მისდამი ტრფობა უკვე აღარ იწვევს და აღარ ნიშნავს სულიერ სრულყოფასა და უსასრულო ტრანსცენდენტურობაში უკვდავ ეგზისტენციას:

[...] და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,

რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა-

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

………………………………………………...

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული

და მე ავტირდი  ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული”   [ტაბიძე, 1973:  63].

ნოვალისთან და გალაკტიონთან სატრფოს პოეტურ სახეს უკავშირდება ღვთისმშობლის (მადონას) პოეტურად გააზრებული სახე, რომელიც ისევე, როგორც სატრფოს პოეტური სიმბოლო, განასახიერებს საღვთო ყოფიერებას. ნოვალისის პოეტურ ტექსტებში ღვთისმშობლისადმი (მადონასადმი) ლირიკული გმირის მისტიკური სწრაფვა სიმბოლურად განასახიერებს დაკარგული საღვთო ყოფიერების კვლავ მოპოვებას და ამავდროულად იმპლიციტურად გულისხმობს ამ ღვთაებრივი ყოფიერების მოპოვების რწმენას ლირიკული გმირის პიროვნული ნებელობიდან გამომდინარე (ფიხტეანური ნაკადი). რაც შეეხება გალაკტიონს, მისი ლირიკული მე აღარ ავლენს პიროვნულ ნებელობას, იგი უსახელო არარას წინაშე დგას და ექვემდებარება ყოფიერების მიერ შემოთავაზებულ ემპირიულ თუ მეტაფიზიკურ საგანთმიმართებებს – როგორ შევიძლოთ უღვთისმშობლობა? ვით ავიტანოთ უმადონობა? გაჰქრა ზმანება, გაჰქრა ფერია...” [ტაბიძე, 1973:  274].

მარიამგიხილე ათას ხატებში,

ვერვინ შეგიცნობს ვით სული ჩემი.

მე ვუწყი მხოლოდ, წუთისოფელი

მას მერე სიზმრად განმიქარდება,

და უტკბილესი, უთქმელი ზეცა

მარად ჩემს სულში ჩამესახება”  [Novalis, 1981:  198].

დედავ ღვთისაო, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

…………………………………………

სად არის ჩემთვის სამაგიერო?

საბედნიერო სად არის სული?

ვით სამოთხიდან ალიგიერი,

მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!                  

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე

სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით

გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

ღამენათევი და ნამთვრალევი

ჩემს სამარეში ჩავესვენები”  [ტაბიძე, 1973:  141].           

ორივე ავტორთან საინტერესოდ არის გააზრებული ღამის პოეტურ სიმბოლო, მათ შემოქმედებაში ღამე გვევლინება საღვთო მისტერიებისა და სულიერი შემეცნების სფეროდ. ამასთანავე, როგორც ნოვალისი, ისე გალაკტიონი ღამის პოეტურ სახეს უკავშირებენ სიკვდილის, სიზმრისა (ოცნების) და სატრფოს პოეტურ კონცეპტებსა და სახეებს: სიკვდილისა და სიზმრის  პოეტური სახეები როგორც ნოვალისთან, ისე გალაკტიონთან არის ახალი  საღვთო ეგზისტენციისაკენ მიმართული ტრანსცენდირების შუალედური, გარდამავალი საფეხური, რომლის გავლის შემდგომაც ხორციელდება ლირიკული გმირის სულიერი სრულქმნა და ღვთაებრივ ყოფიერებაში დამკვიდრება.[4]  

ნოვალისი:     „და მე ვესწრაფვი იქით, შორეთში, წმინდა, უთქმელ, იდუმალ ღამეს. [...] კეთილშობილი ბალზამი იღვრება შენს (ღამის - კ. ბ.) ყაყაჩოთა თაიგულიდან. დამაშვრალ სულს ეზიდები ზეცად. ენითუთქმელი და მიუწვდომელია კაცთა გონებისათვის სულის ჩვენის აღტაცება. [...] და ჰა, ლურჯი შორეთიდან ეშვება სანატრელი მწუხრის საბურველი. სალხენად ჩემდა გაფანტა ნათელი დღისა - ბორკილი სულისა. გაქრა წუთისოფლის დიდებულება, ნაღველი ჩემი განაქარვა ახალმა, ენითუთქმელმა სამყარომ. ღამემ და ზეცამ მომივლინეს მარადი ძილი. ქვეყანა შენივთდა და ზეცად აფრინდა ჩემი ახლადშობილი და გამოხსნილი სული. [...] ჩემი იდუმალთმეტყველი გული ღამისა და მისი ასულის - სატრფოს ერთგულია"  [ნოვალისი, 2007:  9-10, 18, 23]. 

გალაკტიონი:     

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო  სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...

 ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი”.

                                                                      [ტაბიძე, 1973:  64]                       

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გალაკტიონისა და ნოვალისის პოეტურ ტექსტებში ასევე მნიშვნელოვანია ლურჯი ფერის სიმბოლიკის ტიპოლოგია, სადაც ლურჯი ფერის პოეტურ-სახისმეტყველებით რეცეფციაში, ჩემი აზრით, კვლავ ვლინდება გალაკტიონისა და ნოვალისის, შესაბამისად, ქართული სიმბოლიზმისა და გერმანული რომანტიზმის, ესთეტიკურ-კონცეპტუალური თანამოაზრეობა.

ნოვალისის მხატვრულ ტექსტებში ლურჯი ფერის სიმბოლიკა  განასახიერებს შემეცნების გზას ტრანსცენდენტურისაკენ, ღვთაებრივი საწყისებისაკენ ლტოლვას, ლირიკულ გმირში საღვთო სინამდვილისაკენ სწრაფვის გაუნელებელ მოთხოვნილებას (Sehensucht), ასევე საღვთო ტრანსცენდენტური რეალობის ემპირიულ სინამდვილეში ემანაციას ან თავად საღმრთო ტრანსცენდენტურობას [Metzler... 2008:  48].

ნოვალისის პოეტურ ტექსტებში ლურჯი ფერის სიმბოლიკა, როგორც წესი, ჩნდება ყვავილის, ლურჯი ყვავილის (die blaue Blume), პოეტურ სიმბოლოსთან კავშირში. ესაა ცნობილი სიმბოლო ნოვალისის რომან “ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენიდან”. „ლურჯი ყვავილი“ არის ნოვალისის სახისმეტყველების ცენტრალური სიმბოლო, რომელიც განასახიერებს სულიერ სრულყოფილებას, საღმრთო ტრანსცენდენტურ სინამდვილეს, ასევე ზეციურ სიყვარულს, პირველსაწყისისეულ  ჰარმონიას,  შემეცნებისეულ  მდგომარეობას   [Metzler, 2008: 52]. შესაბამისად, ლურჯი ყვავილისადმი რომანის მთავარი პროტაგონისტის (ჰაინრიხის) სწრაფვა (Sehensucht, Erfüllung) სიმბოლურად განასახიერებს თვითშემეცნების გზაზე დგომას (ორფიკული ინიციაცია), ტრანსცენდირების პროცესს, რასაც შემდგომ უნდა მოჰყვეს საღმრთო ტრანსცენდენტური სინამდვილის, ჭეშმარიტების კვლავ მოპოვება და დამკვიდრება [ბრეგაძე, 2009]. 

თავის მხრივ, რომანში ლურჯი ყვავილის სიმბოლიკა სატრფოს (მატილდე) პოეტურ სახეს უკავშირდება. სატრფოსა და ლურჯი ყვავილის სახისმეტყველება ქმნის ერთ განუყოფელ მთლიანობას. ისინი განასახიერებენ საღმრთო ტრანსცენდენტურ რეალობასა და მთავარი გმირის (ჰაინრიხის) სწრაფვის საგანს. შემთხვევითი არაა, რომ სატრფოსა და ლურჯი ყვავილის პოეტური სახეები, როგორც ერთი მთლიანი სახისმეტყველებითი მოცემულობანი, როგორც ურთიერთიდენტური სიმბოლოები, რომანის დასაწყისშივე ჩნდება სწორედ სიზმრისეულ რეალობაში (ჰაინრიხის პირველ სიზმარში), ანუ ტრანსცენდენტურ სივრცეში [Novalis, 1981:  242].

ლურჯი ფერი, როგორც საღვთო ტრანსცენდენტური სივრცის სიმბოლო, ასევე მოცემულია რომანში ჩართულ ლექსში „მკვდართა სიმღერა” (“Das Lied der Toten”), რომელშიც გვხვდება ასეთი სტრიქონი: „სულში ჩამდგარა ზეცა, უღრუბლო სილურჯე” („Steht der Himmel im Gemüte, / Wolkenloses Blau”)  [Novalis, 1981; 400].

ლურჯი ფერის სახისმეტყველება გვხვდება ნოვალისის პოეტურ ციკლშიც „ღამის ჰიმნები” (“Hymnen an die Nacht”). აქაც ლურჯი ფერი  მწუხრის/ღამის პოეტურ კონცეპტთან ერთად[5] განასახიერებს საღვთო ტრანსცენდენტურ სინამდვილეს: „და ჰა, ლურჯი შორეთიდან ეშვება სანატრელი მწუხრის საბურველი” („Da kam aus blauen  Fernen – von den  Höhen meiner alten Seligkeit ein  Dämmerungsschauer”)  [ნოვალისი, 2007:  18].

აშკარაა, რომ, თუკი გავითვალისწინებთ როგორც ნოვალისის რომანის, ისე მისი პოეტური ციკლის ზოგად საზრისისეულ კონტექსტს (შინაგან ლოგოსს), მაშინ ცხადი ხდება, რომ აქ „უღრუბლო სილურჯე” (“wolkenloses Blau”) და „ლურჯი შორეთი” („blaue Ferne”) სწორედ საღვთო ტრანსცენდენტურ-მისტიკური სინამდვილის პოეტური სიმბოლოებია და არა უბრალო პოეტური ეპითეტები.

ლურჯი ფერის სიმბოლიკა ასევე ფიგურირებს ნოვალისის ცნობილ ზღაპარში სუმბულისა და ვარდკოკორის შესახებ („Das Märchen von Hyazinth und Rosenblütte”). ზღაპრის ფერთამეტყველებაში ლურჯი ფერი სიმბოლურად განასახიერებს თვითშემეცნების გზასა და ყოფიერების პირველსაწყისებისაკენ გმირის სწრაფვას: ქალღმერთ ისიდას სამყოფელისაკენ მიმავალი გზა სწორედ ლურჯი ფერით არის შემოსილი – „ჰაერი იყო თბილი და ლურჯი” („Die Luft lau und blau”[6]) [Novalis, 1981: 217]. 

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ გერმანული რომანტიზმის და, კერძოდ, ნოვალისის ფერთამეტყველებაში ლურჯი ფერი საღმრთო ტრანსცენდენტური სინამდვილის პოეტური სიმბოლოა, რომლის სახისმეტყველება, თავის მხრივ, უკავშირდებასატრფოსა და ყვავილის პოეტურ კონცეპტებს. ფაქტიურად, ნოვალისიდან მოყოლებული სწორედ ლურჯი ფერი (ლურჯი ყვავილი) იქცა რომანტიკული პოეზიის ერთ-ერთ უმთავრეს სახისმეტყველებით პარადიგმად.

მაგრამ, თუკი ნოვალისის რომანტიკულ მხატვრულ ტექსტებში ლურჯი ფერის სახისმეტყველება ერთმნიშვნელოვნად განასახიერებს საღმრთო ტრანსცენდენტურ რეალობას, გალაკტიონის სიმბოლისტურ პოეზიაში ლურჯი ფერის სახისმეტყველების ჰომოგენურობა დარღვეულია. ლურჯი ფერის პოეტური სემანტიკა გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში უკვე იძენს აპოკალიფსური აღსასრულის საზრისსაც. შესაბამისად, გალაკტიონთან ლურჯი ფერის სიმბოლიკა უკვე განასახიერებს  იმ  ეგზისტენციალურ მიუსაფრობასა და დასასრულს, რომელიც თემატურად, ზოგადად, დამახასიათებელია მოდერნისტული პოეტური ტექსტებისათვის (მაგ.,  გ. თრაქლი,  რ. მ. რილკე). 

შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონთან ლურჯი ფერის სახისმეტყველება ამბივალენტურ, დუალისტურ, ორმაგ თვისებას ავლენს: ერთი მხრივ, იგი მოიცავს საღმრთო ტრანსცენდენტური სინამდვილის, პარადიზული სივრცის სემიოტიკას, რომლის სახისმეტყველებითი არქეტიპიც არის გერმანული რომანტიზმის, კერძოდ, ნოვალისისეული ლურჯი ფერის სიმბოლიკა (ასევე, ბარათაშვილისეული ლურჯი ფერის სახისმეტყველებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ინტერესის საგანია ნოვალისისეული ნაკადი). თუმცა, მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში ლურჯი ფერის სახისმეტყველება შეიცავს სიკვდილის, არარას (das Nichts), აპოკალიფსური ჟამის, ეგზისტენციალური მიუსაფრობისა და შიშის სემანტიკასაც. 

ჩემი აზრით, ლექსებში „თვალუწვდენელი, დაუსაბამო”, „მთაწმინდის მთვარე”, „დგება თეთრი დღეები...”, „ი. ა.”, „თოვლი”, „ნუგეში”, „გაგონდება თუ არა...”, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში”, „უცნაური სასახლე” და სხვ. ლურჯი ფერიგანასახიერებს  საღმრთო ტრანსცენდენტურ სინამდვილეს, ხოლო ლექსებში „ლურჯა ცხენები”, „გვიანი ოცნება”, „მოვა... მაგრამ როდის?”, „მე არაერთხელ მქონია ფრთები”, „ლურჯი ხომალდი”, „სასაფლაონი” და სხვ. ლურჯი ფერი არის სიკვდილის, ეგზისტენციალური შიშის, აპოკალიფსური სივრცისა და არარას პოეტური სიმბოლო.

ქვემოთ მოხმობილ ამონარიდებში, ჩემი აზრით, მკვეთრად ჩანს გალაკტიონთან ლურჯი ფერის სიმბოლიკის ეს ამბივალენტურობა და ორსახოვნება:

გაგონდება თუ არა

კარალეთის დღეები,

მთების ლურჯი კამარა 

უცხო სამოთხეები?  [ტაბიძე, 1973: 160].

ლაჟვარდების კიდეო,

დაბურულო ზმანებით,

ლურჯო მონტევიდეო,

ვიწრო ხელთათმანებით” [ტაბიძე, 1973: 208].      

 როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

………………………………………………………………………

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,

ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,

როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!”[ტაბიძე, 1973: 71].

მოცემულ პოეტურ ტექსტებში აშკარაა ლურჯი ფერის სახისმეტყველების დუალისტური ბუნება: ერთგან იგი დაკარგული პარადიზული ყოფის ალუზიაა („მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები”; „ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმანებით”), ხოლო სხვაგან აპოკალიფსური ჟამის, არარას, „არყოფნის” სუგესტიური პოეტური სახეა („სიზმრიანი ჩვენებით – ჩემი ლურჯა ცხენებით ჩემთან მოესვენებით, ყველანი აქ არიან”). ფაქტიურად „ლურჯა ცხენების” პოეტური ტექსტის სახისმეტყველება, ნარატიული სივრცე და პოეტური რიტორიკა მთლიანად ლურჯი ფერს ფერთამეტყველებითაა მოცული, რომელშიც ლურჯი ფერის სიმბოლიკა სწორედ აპოკალიფსური ჟამისა და სიკვდილის, როგორც ეგზისტენციალური დასასრულის, პოეტურ სახედ გვევლინება.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში ლურჯი ფერის სახისმეტყველება სწორედ ამგვარი შემოქმედებითი დუალიზმითაა დეტერმინებული და აქ მსგავსი ნიმუშების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება.

გალაკტიონისა და ნოვალისის ზემოთ მოხმობილი პოეტური ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გალაკტიონის სიმბოლისტურ პოეზიაში  მოცემულია ნოვალისის რომანტიკული პოეზიისათვის დამახასიათებელი სახისმეტყველებისა და პოეტური კონცეპტების ახლებური პოეტური გააზრება, რის შედეგადაც ისინი ფუძნდებიან გალაკტიონის უნიკალურ პოეტურ სახისმეტყველებაში და გადაიქცევიან მის განუყრელ და ორგანულ შემადგენელ ელემენტებად (ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა გავლენებთან, არამედ შემოქმედებით ინსპირაციასთან). აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ გალაკტიონის პოეზიის შემოქმედებითი ინსპირაცია ფრანგულ სიმბოლიზმთან ერთად შეიცავს გერმანული რომანტიზმიდან მომდინარე შემოქმედებით იმპულსებსაც.


[1] ამ რომანში სწორედ ლურჯი ყვავილის სიმბოლო გვხვდება.

[2]  ლურჯი ფერის სიმბოლიკის სემანტიკურ ველში შემოდის ცისფერისა და  სილაჟვარდის ფერთამეტყველებაც, რაც გალაკტიონის პოეტურ ტექსტებში საღმრთო ტრანსცენდენტურ სივრცეს აღნიშნავს,  როგორც ლურჯი ფერი (შდრ.: “სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში”). გალაკტიონთან ცისფერისა და სილაჟვარდის პოეტური კონცეპტები ერთმნიშვნელოვნად საღმრთო ტრანსცენდენტურ რეალობას განასახიერებს, თუმცა, ლურჯი ფერი ამავდროულად ქაოსური და აპოკალიფსური ტრანსცენდენტური სივრცის პოეტური სიმბოლოცაა (შდრ.: “ლურჯა ცხენები”). ამდენად, კონკრეტული კონტექსტებიდან გამომდინარე ლურჯი და ცისფერი (შესაბამისად, სილაჟვარდე) შესაძლოა რეციფირებულ იქნას როგორც “სინონიმურ”, ასევე  “ანტონიმურ” პოეტურ სახეებად.

[3] ამ თვალსაზრისით მხოლოდ “ლურჯა ცხენების” ხსენებაც კმარა.

[4]   საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ღამის პოეტური სახის გაგებაში  გალაკტიონი დიამეტრალურად უპირისპირდება ფრანგ სიმბოლისტებს, მაგ., პოლ ვერლენს, რომელთანაც ღამე აპოკალიფსური დაქცევისა და აღსასრულის სიმბოლოა და არა სპირიტუალური ჭვრეტის  სფერო და ახალი საღვთო ეგზისტენციის დასაწყისის წიაღი (იხ. მისი ლექსი „ღამის ეფექტი“), როგორც ეს გალაკტიონთან და ნოვალისთანაა.

[5] აქ უკვე სილურჯე და ღამე ურთიერთიდენტურ პოეტურ კონცეპტებად აღიქმება.

[6] შდრ.: გალაკტიონი: “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია”.

ლიტერატურა

ბრეგაძე კ.
2009
ლიტერატურული და ენისფილოსოფიური ნარკვევები. თბილისი.
ნოვალისი
2007
ღამის ჰიმნები, გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო კ. ბრეგაძემ. თბილისი.
ტაბიძე გ.
1975
თხზულებანი 12 ტომად. ტომი XII. თბილისი.
ტაბიძე გ.
1973
რჩეული. თბილისი.
Metzler…
2008
Metzler Lexikon literarischer Symbole, Verlag Metzler. Stuttgart.
Novalis
1981
Werke in einem Band, hrsg. von H.-J. Mähl, Carl Hanser Verlag. München.