ძველი ქართული ენის ლექსიკიდან: მანდა
სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში განმარტებულია: "მანდ _ მაგავე ადგილს".
"ქართული სამოციქულო სიმფონია-ლექსიკონის" მიხედვით მანდა ზმნიზედა ძველ ქართულში ნიშნავს: "მანდ, იმ ადგილას, იქ".
როგორც წესი, მანდა არაა განმარტებული ძველი ქართულის არცერთ ლექსიკონში (მათ შორის ძველ ტექსტებს დართულ ლექსიკონებშიც). მიიჩნევენ, რომ მას უძველეს ძეგლებში დღევანდელი მნიშვნელობა ჰქონდა და, ამდენად, განსამარტავი არაფერია.
მხოლოდ ი. აბულაძის ძველი "ქართული ენის ლექსიკონში" არის მანდა მოხსენიებული: "მანდა _ მანდ", რასაც მოსდევს ორი საილუსტრაციო ნიმუში, რომლებშიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მანდას სინამდვილეში სრულიად განსხვავებული შინაარსი აქვს.
"შუშანიკის წამებაში" არის ასეთი ადგილი: "და ჩუენ-ღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: "იაკობ მანდა არსა?" და მე ვარქუ: "რაჲ გინებს?" და მან მრქუა: "უწესს პიტიახში" [ძველი... 1963: 18]. მანდა სიტყვა ამ კონტექსტში არ არის განმარტებული ძეგლის სხვადასხვა გამოცემასა და, ასევე, საშუალო სკოლის სახელმძღვანელოს დართულ ლექსიკონებში, რადგან, ალბათ, მიიჩნევა, რომ მანდა თხზულებაში დღევანდელი მნიშვნელობით არის ნახმარი და მასზე საგანგებოდ შეჩერება არა არის საჭირო. მხოლოდ კორნელი კეკელიძემ ჩათვალა, რომ კონტექსტს უფრო შეეფერება "აქ" და არა "იქ". თხზულების მისეულ რუსულ თარგმანში ეს ადგილი ამგვარად ჟღერს: "Тут ли Яков?" [Кекелидзе= 1979: 60]
მართლაც, რატომ არ შეიძლება, ვარსქენის მიერ გამოგზავნილ კაცს ეკითხა: "იაკობი აქ არის?" განა ეს უცნაურად ჟღერს?
ანალოგიური შემთხვევა გვაქვს "ვეფხისტყაოსანში":
"ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია" [რუსთაველი, 1966, 381].
1966 წელს ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტი ვარიანტებითურთ. საანალიზო სტროფის სქოლიოში მითითებულია, რომ მანდას ორ ხელნაწერში (IY) ენაცვლება "აქა", ერთში (Z) "მე აქ", ხოლო მანდა ყველაის შვიდ ხელნაწერში (FJKLORT) ცვლის "მე აქა ყველა". ეს მონაცემები ჩვენი შემთხვევისთვის საგულისხმო ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა: გამოდის, რომ V საუკუნეშიცა და შუა საუკუნეებშიც მანდას შეიძლებოდა ჰქონოდა "აქ" ზმნიზედის მნიშვნელობა.
ამ საკითხის გარკვევის მიზნით შევამოწმე ძველი ქართულის მრავალი ძეგლი, ბიბლიური ტექსტები, ქართული და ნათარგმნი თხზულებები. კონტექსტის მიხედვით მანდას მნიშვნელობის გარკვევა ზოგჯერ ადვილია, ზოგჯერ კი ჭირს, რადგან თითქოს ორივე მნიშვნელობაა დასაშვები (როგორც "აქ", ისე "მანდ"). ვნახოთ ამგვარი შემთხვევის რამდენიმე ნიმუში:
"ოდესმე მივიდოდა გზასა მოწაფეთა თჳსთა თანა. პოა ერთმან მათგანმან გზასა ზედა მცირედ ნედლი ცერცჳ და ჰრქუა ბერსა: მამაო, გნებავსა აღვიღო ესე? მიხედნა მას ბერმან დაკჳრვებულად და ჰრქუა: შენ დასდევ ეგე მანდა? და თქუა ძმამან მან: არა" [დვალი 1974: 21].
"შენ არცა მანდა დგომასა და ჩემსა საუბარსა ღირს ხარ" [გორგანი, 1962: 255, 28]. კაცმა რომ თქვას, ამ მაგალითს "აქ" უფრო შეეფერება, ვიდრე "მანდ".
ვნახოთ კიდევ ერთი მაგალითი "ვეფხისტყაოსნიდან":
"ეგრე უთხრა: "ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე" [რუსთაველი, 1966, 256]. განა ბუნებრივად არ ჟღერს: "აქ იყავი, მომიცადე"? მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში "აქ" უფრო შესაფერისია, ვიდრე "მანდ".
"იწყო ხმობად მისა: პავლე, პავლე! და ვითარ უკმოხედა მას და იცნა იგი, ჰრქუა მას: მელოდე მანდა, ვიდრემდის გარდამოვიდე" [მამათა...1975: 272].
სხვაგან უფრო ადვილია მანდას მნიშვნელობის გარკვევა, რადგან პირდაპირი დაპირისპირებაა აქა და მანდა ზმნიზედებისა:
- "მიუძღჳნ ღმერთი ამ[ა]თ აქეთ და მანდა" [ძველი... 1963: 101].
- "ოდეს-იგი გამოხუედით სიმრავლე ქალაქისაჲ და ეძიებდით ღმერთთა მათ თქუენთა, ... მაშინ მე მანდა ვიყავ" [ძველი... 1963: 122 B). უფრო ძველ რედაქციაშია: "მაშინ მე მუნ ვიყავ".
- "და მიხედოთ მას, რომელსა ემოსოს სამოსელი მბრწყინვალჱ, და ჰრქუათ: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ მანდა, ანუ დაჯედ ქუეშე ფერჴთა ჩემთა" [იაკ. 2,3]
- "და ჰრქუა მას აბრაამ: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე _ ძჳრნი იგი. აწ ესერა (ესე) აქა ნუგეშინის-ცემულ არს და შენ მანდა იარები" [ლუკ. 16,25 C]. უნდა აღინიშნოს, რომ ასეა უძველეს, ადიშის, რედაქციაში. სხვა ხელნაწერებში (DEFGHIK) მანდა საერთოდ გამოტოვებულია და ბოლო ოთხ სიტყვას ცვლის "ხოლო შენ იტანჯები".
"მანდა" ზმნიზედის შესატყვისი არ არის ბერძნულში და, შესაბამისად, სხვა, მაგალითად, რუსულ და გერმანულ რედაქციებშიც. ქართველმა მთარგმნელმა, ეტყობა, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ჩაუმატა "მანდა", რათა უფრო გამოკვეთილად გამოეხატა დაპირისპირება, კონტრასტი, მაგრამ შემდეგ, ჩანს, სხვა გადამწერებმა უფრო დაუახლოვეს ქართული თარგმანი ბერძნულ ორიგინალს და "მანდა" საერთოდ ამოიღეს.
ბუნებრივია, ძველ ტექსტებში მანდა მეტწილად სწორედ დღევანდელი მნიშვნელობით იხმარებოდა.
ვნახოთ რამდენიმე ნიმუში:
- "ხოლო მე შორს ღათუ ვარ ჴორცითა, არამედ მახლობელ სულითა: და აწვე შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა ესევითარისა მისთჳს, რომელმან საქმჱ იგი ქმნა" [I კორ. 5,3].
- "ჰრქუა მას დედაკაცმან მან: რაჲ გნებავს, შემოვედ და მაუწყე მე, ხოლო მე მანდა არა მოვალ" [მოსხი იოანე, 1960: 36].
- "ნუ შთაჰვარდები წყალსა მაგას შიდა, რამეთუ ბოროტ არიან მჴეცნი ეგე, რომელნი იყოფიან მანდა შიდა" [წამებაი... 1941: 116].
- "და საზღვართა მათთა ეგრისათა, ვიდრემდის იყვნენ მანდა ანუ განვიდენ მანდით" [ჯუანშერი, 1955: 240]. ერთ ხელნაწერში მანდით ზმნიზედას (რაც ნიშნავს "მანდედან") ენაცვლება მანდათ.
- "მოდგა კარსა და მრქუა ჩუენ: "რაჲ გნებავს?" ჰრქუა მას კაცმან მან, რომელმან მიმიყვანა მე: "შემოსლვაჲ გუნებავს მანდა, განგჳღე და შემოვიდეთ". მიუგო კაცმან მან შინაგანით და ჰრქუა: "ვერვინ მათგანი შემოვალს ადგილსა ამას" [მოსხი იოანე, 1960: 60].
- "წმიდანო მამანო, გუეუწყა სიწმიდისა თქუენისათჳს და ვცანთ მანდა ყოფაჲ თქუენი და ფრიად გულკლებულ ვართ, რომელ არა ინებეთ ამას წმიდასა და სახელოვანსა მთასა მოსლვაჲ, რაჲთამცა თქუენი წმიდაჲ ლოცვაჲ მოგუეღო. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა მოხჳდეთ და ერთგან ვიყოფებოდით" [ძველი... 1967: 57].
- "აწ სახელი ჩემი შენ ძლით იგმობვის სახლსა მაგას შინა და შენ მანდა ხარაა?" [ძველი... 1967:246].
- "რწმუნებულნი თქუენდა საქმენი არა უდებ გიქმნიან, არამედ ესრეთ გიღუწიან თქუენ, ვითარმცა თჳთ მანდა ვიყვენით ჩუენ. ხოლო უფროჲსღა ვინაჲთგან მანდა თქუენ შორის ყოფაჲ ჩუენი სარწმუნო არს უკლებად, სრულ ყავთ ყოველი [დიდი... 1975: 88].
ახლა ვნახოთ ისეთი მაგალითები, რომლებშიც მანდა ზმნიზედას დღევანდელის საპირისპირო გაგება აქვს და "აქა" შეესატყვისება:
- "მაშინ მოვიდა იესუ დაბასა მას, ... და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო" [მათ. 26,36]
Kaq...sate aÙtoà.[1]
Setzt euch hier, bis ich dort hingehe und bete.
посидите тут, пока Я пойду, помолюсь там.
(ამ წინადადებაში ნახმარია მანდა და იქი. მანდა ნიშნავს "აქ", ისე შეუძლებელი იქნებოდა მეორე წინადადება: ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო). - "ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ-ძი ბრძანოს უფალმან თქუენთჳს" [რიცხ. 9,8].
გელათურ რედაქციაში ეს ადგილი ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო სიტყვას არ ეხება: "და მან თქუა მათდა მიმართ: დაადგერით თქუენ მანდა ღამე და მიგიგნე თქუენ საქმენი, რომელნიცა თქუნეს უფალმან ჩემდა მომართ".
ბერძნულში მანდას შესატყვისი წარმოდგენილია: StÁte aÙtoà, გერმანულ და რუსულ თარგმანებში კი ადგილის მიმანიშნებელი ზმნიზედები აქა ან მანდა საერთოდ არაა:
Wartet, ich will hören, was der Herr euretwegen befiehlt.
Постой, я послушаю, что повелит о вас Господь. - "ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულსა თანა და მე და ყრმაჲ ესე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანის-ვსცეთ და მოვაქციოთ თქუენდავე" [დაბ. 22,5]. ასეა A და S ხელნაწერებში. C და B ხელნაწერებში მას სინონიმური "აქა" ცვლის: "დასხედით აქა".
Kaq...sate aÙtoà
Bleibet mit dem Esel hier! Ich aber und der Knabe wollen dorthin gehen.
Останьтесь здесь с ослом, а я и сын пойдем туда. - "მოხუცებულთა მათ ჰრქუა: დადუმენით თქუენ მანდა, ვიდრემდე მოვიდე თქუენდა, და აჰა ესერა აჰრონ და ორ თქუენ თანა, უკუეთუ ვისმე ედვას საშჯელი, მივედინ მათა" [გამ. 24,14].
Esuc£zete aÙtoà
Befahl er den Ältesten: "Wartet hier af uns, bis wir zu euch zurückkommen!"
А старейшинам сказал: оставайтесь здесь, доколе мы не возвратимся к вам!" - "არიან ვინმე მანდა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ" [ლუკ. 9,27].
tîn ïde
Es sind Einige von denen,die hier stehen.
Есть некоторые из стоящих здесь. - [2]ჲ შესძინოს უფალმან თქუმად ჩემდა მომართ" [რიცხ. 22:19Oგელათ.]
Øpome...nate aÙtoà
Doch bleibt auch ihr diese Naht hier!
Останьтесь здесь и вы на ночь, и я узнаю, что to скажет мне Господь! - "ჰრქუა მოსე ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთა: ძმანი თქუენნი ვიდოდიან ბრძოლად და თქუენ ჰსხდეთ მანდა?" [რიცხ. 32:6 გელათ.]
kaˆ Øme‹j kaqÁsesqe aÙtoà
Eure Brüder sollen also in den Kampf ziehen, und ihr wollt hier ruhig sitzenbleiben?
Братья ваши пойдут на войну, а вы останетесь здесь - "ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით თქუენ მანდა წუთ ერთ, ვიდრემდე მივიდე და თაყუანის-ვსცე" [მარკ. 14,32]. Eეს ადგილი ლატალის ხელნაწერიდან არის დამოწმებული. სხვა ხელნაწერებში, მათ შორის ადიშურ რედაქციაშიც, მანდა არ გვხვდება. შესატყვის ადგილას იქ გვაქვს: "დასხედით აქა".
Kaq...sate ïde
Setzt euch hier, bis ich hingehe und bete
Он сказал ученикам Своей: посидите здесь, пока я помолюсь
ეს მაგალითი მეტად საყურადღებოა. ჩანს, IX საუკუნის მიწურულისთვის, როცა ქართულ ოთხთავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადიშის სახარება გადაიწერა, მანდას დღევანდელი მნიშვნელობით ხმარებას საფუძველი ნელ-ნელა ეცლებოდა (ბუნებრივია, თავდაპირველად ზეპირ მეტყველებაში, შემდეგ კი წერილობით ძეგლებშიც), რაკი ადიშის რედაქციის გადამწერმა იგი "აქა"-თი შეცვალა. საფიქრებელია, რომ იმ დროისთვის ზოგიერთი ძეგლის გადამწერმა ხელი არ ახლო მანდას და ეს ფორმა უცვლელად, ძველი სახით დატოვა, სხვებმა კი, მანდას ომონიმურ ბუნებას რომ შეცდომაში არ შეეყვანა მკითხველი, თავი აარიდეს ამ ორსახა ზმნიზედას და კარგად გაკვალული გზით ამჯობინეს ამ საკითხის გადაჭრა _ ერთხელ და სამუდამოდ აქა დაამკვიდრეს.
ამ მხრივ მრავლისმეტყველია ერთი, შეიძლება ითქვას, სანიმუშო მაგალითი. გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების შუხართისეული კოლექციის #4 ხელნაწერში, რომელიც მოიცავს "წმინდა იაკობ მოციქულის ჟამისწირვასა" და "წესს სიწმიდის განახლებისას", არის ერთი საკმაოდ ვრცელი მინაწერი, რომელიც მოთავსებულია 95-ე ფურცელზე, პირველი ტექსტის ბოლოს. იგი, ჩვეულებისამებრ, ნაწერის გვერდით, ფურცლის კიდეზე კი არაა, არამედ მოსდევს ძირითად ტექსტს. მასში საგანგებოდაა ხაზგასმული ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაცია (პირველი სტრიქონის პირველი სამი სიტყვა ასომთავრულითაა დაწერილი, დანარჩენი _ ნუსხურით): "წმიდანო მამანო, შემინდვეთ. ამის ჟამისწირვისა დედასა მრავალი განგებაჲ და ლოცვები და სიტყუები აკლდა თავითგან ვიდრე დასასრულამდე, ვითა მე ვიცოდე მოძღუართაგან და ჩემთა ჟამისწირვათა შინა ეწერა და ვერ დიად ჩემისა გულისაჲ იყო. ხოლო ვინ მაწერიებდა, მევედრებოდა ფრიად, რაჲთა რაჲ მაგას შინა სწერია, იგიაჲ ოდენ დამიწერეო. აწ იგიაჲ ოდენ დამიჩხრეკია დიად გულისკლებითა, ყოველი დაკლებულებაჲ ჩემი შემინდვეთ, ღმრთისათჳს, და თქუენ ვითა გინა, ყავთ, გარნა ლოცვასა წმიდასა თქუენსა მომიჴსენებდით მარადის. ოდეს ესე ჟამისწირვაჲ დაიწერა სინაწმიდას ჴელითა იოანე ფრიად ცოდვილისა ზოსიმჱსითა დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებულებისა ჩემისათა სალოცველად ჩემდა და ყოველთავე ჩემეულთათჳს, დასაბამითგანი წელნი იყვნეს ქართულად ხ˜ფ˜პ˜თ˜ და ქრონიკონი იყო ს˜ე˜. აწ კუალადცა გევედრები, ყოველი დაკლებულებაჲ ჩემი შემინდვეთ, ღმრთისათჳს, და ლოცვასა წმიდასა თქუენსა მომიჴსენეთ მე, ფრიად ცოდვილი, და ყოველნი ზემოწერილნი და თქუენცა ქრისტემან შეგიწყალენ ყოველნი ერთობით. ამენ" [მამათა... 1975: 272].
ეს მინაწერი მეტად მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პირდაპირ ასახელებს ძეგლის გადაწერის თარიღს _ 985 წელს, თანაც, ორგვარი ხერხით: ხფ˜პთ=6589_5604=985, ს˜ე=205+780=985. მეორეც, ქებას იმსახურებს გადაწერის დამკვეთის პოზიცია: იგი მოითხოვს, ავალდებულებს გადამწერს (ეს გადამწერი კი ამ საქმიანობის დიდი სპეციალისტი იოვანე-ზოსიმეა): როგორც დედანში წერია, ისე გადაწერე ტექსტი, არაფერი შეცვალოო (მიუხედავად იმისა, რომ, ეტყობა, იოვანე-ზოსიმესთვის დედნის ენა მოძველებული, ხოლო მასთან ერთად ზოგიერთი სხვა საკითხიც მიუღებელი ყოფილა).
რა გამოდის? მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფორმა უკვე მოძველებულია სალიტერატურო ენაში, ძველი ხელნაწერების გადაწერისას დამკვეთები ცდილობენ, ამა თუ იმ სიტყვის ძველებური სახე შეინარჩუნონ და აიძულებენ გადამწერლებს, უცვლელად გადმოიღონ პირველწყარო. ზოგი, ალბათ, არ ემორჩილებოდა ამ ბრძანებისმაგვარ ვედრებას და, მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა (გავიხსენოთ, რას ამბობს იოანე-ზოსიმე, "მევედრებოდა ფრიად" არაფერი შეცვალოო), მაინც თავისი თანადროული ფორმებით ცვლიდა მისი აზრით მოძველებულებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა დამკვეთი ასეთი კატეგორიულობით მოითხოვდა ძველი ფორმების დაცვას. ასე ნელ-ნელა, თანდათანობით ძველი ახალმა შეცვალა. ეს ისეთი პროცესია, მას რამდენიმე კაცის ძალისხმევა ვერ შეაჩერებს. ასე გაჩნდა, ვფიქრობ, ლატალის ხელნაწერისეული მანდა სიტყვის მაგივრად ქართული ოთხთავის სხვა რედაქციებში აქა. რაკი ერთმა გაბედა და უკუაგდო ძველი, მას სხვებმაც აუბეს მხარი. პირველი ნაბიჯის გადადგმაა ძნელი, თორემ, როცა რაიმეს პრეცედენტი ჩვენ თვალწინაა, მერე ადვილია მისთვის მიბაძვა, წესიდან გადახვევა, მტკიცე ზღუდის მონგრევა. ეს მხოლოდ მწიგნობრობაში არ ხდება, ეს ცხოვრებისეული კანონია.
იშვიათად გვხვდება მანდაჲ, რომელიც "მანდაურს", "იქაურს" აღნიშნავს: "მო-რაჲ-ვიდეს ძმანი, მითხრეს ჩუენ მანდაჲ იგი საქმჱ, რაჲ იქმნა ნეტარსა მაგას და წმიდასა და დიდებულსა ქალაქსა იერუსალჱმს" [გამოცხადებაჲ... 1946: 75].
ეს ფორმა სხვაგანაც გვხვდება: "და ჰრქუაჲ მათ მოსე: დეგით მანდაჲ, და ვისმინოთ რაჲ ძი ბრძანოს თქუჱნთჳს უფალმან" (რიცხ. 9,8 pb), მაგრამ, ვფიქრობ, ეს უკანასკნელი მხედველობაში არაა მისაღები, რადგან უფრო ბეჭდურ შეცდომას წააგავს ანდა უხეირო ორიგინალიდან არის გადმოღებული. ყოველ შემთხვევაში, წინა მაგალითი წესის მიხედვითაა ნაწარმოები, აქ კი იოტა ყოვლად გაუმართლებელია, ისევე როგორც სამი სიტყვის წინ ზმნაში: ჰრქუაჲ.
"ვეფხისტყაოსანშიც" გვხვდება მანდა ზმნიზედისაგან ნაწარმოები მანდაური და მანდით: „რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე" [რუსთაველი, 1966, 1274]; „მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა" [რუსთაველი, 1966, 1273]; "ცეცხლსა, მანდით მოდებულსა, გული ჩემი ასადაგეს" [რუსთაველი, 1966, 138 H]. შდრ. „ცეცხლმან მანდით მოდებულმან" (GR). ძირითად რედაქციაში კი იკითხება: „ცეცხლთა შენგან მოდებულთა". ყველა ამ ფორმას მანდას დღევანდელი გაგება მიესადაგება.
შევაჯამოთ ზემოთ ნათქვამი: ჩანს, ძველ ქართულში მანდას ჰქონდა როგორც მანდ, ასევე, შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც, აქა ზმნიზედის მნიშვნელობა. როცა ენაში ერთი სიტყვა ორ სხვადასხვა ცნებას გადმოსცემს, ერთმანეთან შეუთავსებელს, აღრევა რომ არ მოხდეს, ეს ორსახოვნება უნდა მოიშალოს, მოისპოს. ჩვენს შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ასე მოხდა. ერთ სიტყვაში ჩადებული ორი ერთმანეთის საპირისპირო შინაარსის გასამიჯნავად მანდა ოდნავ სახეცვლილილი ფორმით, ბოლოკიდური ა-ს მოკვეცით, ძველი შინაარსით შემორჩა ენას, ხოლო პირველი პირის სიახლოვის მაჩვენებლად ახალი სიტყვის შემოტანა ენაში საჭირო აღარ გამხდარა, რადგან მასში ოდითგანვე იყო დამკვიდრებული სათანადო შინაარსის შემცველი ზმნიზედა აქა.
ჩანს, "მანდამ" უფრო მკვეთრად მას შემდეგ შეიცვალა მნიშვნელობა (აქ → იქ), როცა ხმარებიდან გავიდა მუნ და მისი ადგილი ნახევრად თავისუფალი დარჩა (იქი → იქ მთლად ვერ ფარავდა ხმარებიდან გასული მუნ ზმნიზედის ადგილს).
დავით ჩუბინაშვილის "ქართულ-რუსულ ლექსიკონში" [ჩუბინიშვილი, 1887] გვაქვს: "მანდ, მანდეთ ზზ მაგ ადგილს, nen= nfv= nelf\ მანდავე, მანდვე nfv ;t". რაც, კაცმა რომ თქვას, მიჰყვება ნიკო ჩუბინიშვილის ლექსიკონს [ჩუბინიშვილი, 1961], რომელშიც ჩვენთვის საინტერესო სიტყვა ასეა განმარტებული: მანდ, მანდეთ მაგ ადგილს (ითქმის 2 პირისად. ნახე აქ) [მათ. 26,36] nen= nfv= nelf". უნდა ითქვას, რომ მითითებულ ადგილას ოთხთავში სწორედ "აქ" იგულისხმება, nen= ამიტომ ამ შემთხვევაში nfv და nelf არ შეეფერება სინამდვილეს. ისე, მე ვფიქრობ, არცერთს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მანდა "აქ" ზმნიზედის ტოლფასია, თორემ ამას საგანგებოდ აღნიშნავდნენ.
რაც შეეხება კორნელი კეკელიძის ზემოთ ნახსენებ თარგმანს, ვფიქრობ, მან, ჩუბინაშვილებისგან განსხვავებით, სწორად გაიაზრა მანდა ზმნიზედის განსაკუთრებული ნიუანსი კონტექსტის შესაფერისად და შეგნებულად ამჯობინა nen მოსალოდნელ nfv-ს.
[1]აქ და ქვემოთ ბერძნული ტექსტის ნიუანსების გარკვევაში დახმარებისათვის მადლობას მოვახსენებ პროფ. რ. გორდეზიანს.
[2]სხვათა შორის, `შუშანიკის წამების" ერთ-ერთ ვარიანტში (ხელნ.H_1370), მანდას ნაცვლად იკითხება სწორედ მანდ [ძველი ... 1963: 18].
ლიტერატურა
გამოცხადებაჲ... 1946 |
გამოცხადებაჲ წმიდათა ზაქარიაჲსი, სჳმეონისი და იაკობისი: კიმენი. II. გამოსცა კ.კეკელიძემ. თბილისი. |
გამ. 1989 |
წიგნი გამოსლვათაჲ: „წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი“. I. გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ც. კიკვიძემ. |
გორგანი 1962 |
ვისრამიანი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ა. გვახარიამ და მ. თოდუამ. თბილისი. |
დაბ. 1989 |
წიგნი შესაქმისაჲ: „წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი“. I. გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ც. კიკვიძემ. თბილისი. |
დიდი... 1975 |
დიდი სჯულისკანონი. გამოსცეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშ¬ვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ. თბილისი. |
იაკ. 1956 |
კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები. გამოსცა ქ. ლორთქიფანიძემ. თბილისი. |
ლუკა 1945 |
ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით. გამოსცა ა.შანიძემ. |
მათე 1945 |
ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით. გამოსცა ა.შანიძემ. |
მამათა... 1975 |
მამათა ცხორებანი. გამოსცა ვ. იმნაიშვილმა. თბილისი. |
მოსხი იოანე 1960 |
იოანე მოსხი. ლიმონარი, გამოსცა ი. აბულაძემ. თბილისი. |
I კორ. 1974 |
პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ, პირველი: პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები. გამოსაცემად მოამზადეს ქ. ძოწენიძემ და კ. დანელიამ. თბილისი. |
რიცხ. 1990 |
წიგნი რიცხუთაჲ: წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი. II. გამოსაცემად მოამზადეს ი. აბულაძემ, ბ. გიგინეიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ც. ქურციკიძემ. თბილისი. |
რუსთაველი შოთა 1966 |
ვეფხისტყაოსანი. ტექსტი და ვარიანტები (ორ ტომად). ტომი I, ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით. თბილისი. |
სწავლანი... 1974 |
სწავლანი მამათა სკიტელთანი: შუა საუკუნეების ნოველების ძველი ქართული თარგმანები. II. გამოსცა მ.დვალმა. თბილისი. |
ჩუბინაშვილი დ. 1987 |
ქართულ-რუსული ლექსიკონი. სანკტ-პეტერბურგი. |
ჩუბინაშვილი ნ. 1961 |
ქართული ლექსიკონი. თბილისი. |
ძველი... 1963 |
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. I. დასაბეჭდად მოამზადეს ი. ბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ. თბილისი. |
ძველი... 1967 |
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. II. დასაბეჭდად მოამზადეს ი. ბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ. თბილისი. |
წამებაჲ... 1941 |
წამებაჲ წმიდისა თეკლაჲსი. გამოსცა ი. აბულაძემ. ენიმკის მოამბე. VIII. თბილისი. |
ჯუანშერი 1955 |
ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა: ქართლის ცხოვრება. I. გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა. თბილისი. |
Кекелидзе К. 1979 |
Иаков Цуртавел. Мученичество Шушаник Перевод с грузинского К.Кекелидзе. Тбилиси. |