თრიალეთის კულტურის ცულების ქრონოლოგიის, განვითარების ეტაპებისა და ტიპოლოგიის საკითხები
ბრინჯაოს ცულებს სამხრეთ კავკასიაში არსებობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. წინამორბედი ადრეყორღანული და მტკვარარაქსული ცულებისგან განსხვავებით თრიალეთის კულტურა ტიპოლოგიური მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და უფრო ერთგვაროვანია, თუმცა, უფრო განვითარებული, დახვეწილი და ჩამოყალიბებული ფორმებით ხასიათდება [ლორთქიფანიძე, 2002: 78; ჯაფარიძე, 2003: 113,142,151; საქართველოს... 1992: ტაბ. LXXIV, LXXV,CIV,CV].
სამხრეთ კავკასიის განვითარებული შუა ბრინჯაოს ხანის საბრძოლო იარაღებს შორის ცულები ყველაზე ნაკლებად არის წარმოდგენილი. დღეისათვის მათი რაოდენობა ერთ ათეულამდეა: ლენინაკანი, შამშადინ-ნავური (2 ცალი), ღრმაღელე, ბოდორნა, ნატახტარი და კიროვაკანი. კიროვაკანის ყორღანის ცულის გარდა, აღმოჩენის გარემოებების გათვალისწინებით ყველა დანარჩენი ეგზემპლარი შემთხვევით არის მოპოვებული და თანმხლები მასალის უქონლობის გამო მათი ქრონოლოგიის გასაზღვრისთვის გამოიყენება ურთიერთშედარებითი და ახლო აღმოსავლეთის პარალელური მასალების შედარებითი ანალიზი. სამხრეთ კავკასიის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი ამ ტიპის ზოგიერთი ცული მყარ საფუძველს გვაძლევს მათი თარიღის დასადგენად. აღნიშნულ ცულებს აღმოჩენის საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, მათ შესახებ ერთიან ქრონოლოგიურ სისტემაში მოყვანილი მხოლოდ ორი ნაშრომი გაგვაჩნია [Кушнарева... 2001: 101-116; Müller-Karpe, 1995: 273].
შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურის ცულებს ერთობლივ სტატიაში განიხილავენ კ. კუშნარიოვა და მ. რისინი [Кушнарева... 2001: 101-116]. ავტორებმა წინააზიურ მასალასთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე სამხრეთ კავკასიური ცულებისათვის შეიმუშავეს ქრონოლოგიური შკალა. ასეთივე შკალა, თუმცა, უფრო მოცულობითი, აქვს წარმოდგენილი მიულერ-კარპსეც [Müller-Karpe, 1995: 273]. მასში სამხრეთკავკასიური ცულები წარმოდგენილია წინა აზიის ანალოგიური და განსხვავებული ტიპის მრავალრიცხოვან ეგზემპლარებთან ერთად.
სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილი ცულები უფრო მეტად არიან განვითარებულნი, ვიდრე წინააზიურები, თუმცა, მათთან შედარებით უფრო გვიანდელნი არიან. ბ. კუფტინმა, რომელმაც პირველმა შეისწავლა ღრმაღელეში შემთხვევით აღმოჩენილი ცული [Куфтин, 1941: 17-18] ,[1] გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეფე-გავრის VI ფენის ცულთან [Speiser, 1935: 106, 179, Pტაბ. XLVIII; Avilova, 2008: 82; Maxwell-Hyslop, 1949]. ღრმაღელის ცული წარმოადგენს პირფართო ცხვირაწეულ ცულს; მას ტანი დაწახნაგებული აქვს და დაქანებული ყუა მკვეთრი შუბლით უკავშირდება ფართო პირს, რომლის ზედა ნაწილი არ არის სწორი. ცულის ზედა წვერი მკვეთრად არის აწეული. ყუა ორნამენტირებულია წრეებით, რომლებშიც რელიეფური ჰორიზონტალური ხაზით დაკავშირებული ორ-ორი წერტილია ჩასმული. გამოითქვა მოსაზრება, რომ ზემოაღნიშნული ცული შესაძლოა, გვიანბრინჯაოს ხანის ცენტრალურ-ამიერკავკასიური ტიპის ორფრთიანი და კოლხური ცულების პროტოტიპი ყოფილიყო [მიქელაძე, 1974; ქორიძე, 1955; ჯაფარიძე, 1969: 164 და სხვ.]. იგი თრიალეთის კულტურის განვითარებულ ეტაპს განეკუთვნება, რაზეც ქიმიური შემადგენლობაც მიუთითებს: სპილენძი Cu-89,74%, კალა Sn- 7,08%, ანთიმონი Sb- 0,1%, ტყვია Pb-1,27% [ქორიძე, 1956: 75-79, ტაბ. XIV,1; ქორიძე, 1965: 57]. მისი დანიშნულების შესახებ ბ. კუფტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა იგი საბრძოლო-სააღლუმო ცული ყოფილიყო [Куфтин, 1941: 17-18]. მოგვიანებით მსგავსი ცულების აღმოჩენამ მკვლევრებს მისცა საშუალება, შეემუშავებინათ მათი ქრონოლოგიური სისტემა და ახლო აღმოსავლეთის პარალელურ მასალასთან მოეყვანათ შესაბამისობაში ქრონოლოგიური თვალსაზრისით. ღრმაღელის ცულთან ყველაზე მიახლოებული სამი ეგზემპლარი არსებობს: ერთი აღმოჩენილია ნატახტარში, ერთი - ბოდორნაში და ერთის აღმოჩენის ადგილი უცნობია. ღრმაღელის ცული მსგავსებას ავლენს ნატახტარში შემთხვევით აღმოჩენილ ნიმუშთან [Николаишвили... 2010: 230]. ფორმის მიხედვით მცირე განსხვავება მხოლოდ პირის ზედა წვერშია, რომელიც ნატახტრის ეგზემპლარის შემთხვევაში უფრო მასიურია. რაც შეეხება ყუის ორნამენტს, ნატახტრის ცული წიწვისებური რელიეფური ხაზებითაა შემკული, რომლებიც ყუის შუაში ერთმანეთის საპირისპიროდ არიან დატანილნი. მათი შეერთების ადგილზე კი, ერთმანეთის მოპირდაპირედ (ზემოდან და ქვემოდან), რელიეფური სამკუთხედებია განლაგებული. ცულის ქიმიური შემადგენლობაა: სპილენძი Cu- 93 %; კალა Sn 0,6 %; ტყვია Pb- 1,7 %; ვერცხლი Ag- 0,95 %. ქიმიური შემადგენლობის გამო აღმომჩენები მას სამხრეთულ იმპორტად მიიჩნევენ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, იმპორტირებული ნახევარფაბრიკატების გამოყენებით ცული ადგილობრივ ოსტატებს დაემზადებინათ. ბოდორნაში აღმოჩენილ ცულს ყუიდან ტანზე გადასვლისას დაბალი საფეხური აქვს. მისი ყუაც ორნამენტირებულია და ზედ დატანებული აქვს ორ-ორი ერთმანეთში ჩასმული სამი ჰორიზონტალური რელიეფური ხაზით დაკავშირებული წრე [ქორიძე, 1956: 75-79; Picchelauri, 1995: 12-16,34, ტაბ. .5,30; Кушнарева... 2001: 113]. თრიალეთის კულტურაში ცულების ორნამენტირების მხოლოდ სამი შემთხვევაა ჯერჯერობით დაფიქსირებული. შედარებით არქაული ჩანს სომხეთში აღმოჩენილი ცულები. აღმოსავლეთ საქართველოს ზემოთ აღნიშნულ ცულებთან განსაკუთრებულ მსგავსებას ამჟღავნებს უცნობ ადგილზე მოპოვებული ცული, რომელსაც აქვს ძალიან ფართო პირი, ყუის და ტანის ზედა ნაწილის დამაკავშირებელი მაღალი და გამოკვეთილი საფეხური. საქართველოში აღმოჩენილ ნიმუშებთან დიდი მსგავსების მიუხედავად, აღსანიშნავია მისი განმასხვავებელი ნიშნებიც: პირის ზედა წვერის მასიურობა, გამოკვეთილობა და ზევით აწევა [Кушнарева... 2001: 113]. სომხეთში აღმოჩენილ ცულებს (ლენინაკანი, შამშადინ-ნავური) ტანის ზედა ნაწილის სისწორე, ზემოთ აღწერილ ნიმუშებთან შედარებით, ვიწრო პირი და ყუიდან მის ზედა ნაწილზე გადასვლის მკვეთრი საფეხური ახასიათებთ [Мартиросян, 1964: 61-64]. შამშადინის ერთ-ერთ ცულს გააჩნია გვიანდელი განვითარებული ეგზემპლარებისათვის დამახასიათებელი ნიშანი, სუსტად აწეული პირის ზედა წვერი. ნავურის ორივე ცულის ყუის ქვედა გარეთა მხარე ოდნავ გრძელდება და ჭრილში დეზისებურ შვერილს ქმნის. გარდა ამისა, მათი ორივე ყუა გვერდხედში ტრაპეციის ფორმისაა. სამხრეთკავკასიურ ცულებს შორის ლენინაკანის ცული ყველაზე არქაული ჩანს. მას სწორკუთხოვანი ფორმები და ტრაპეციის ფორმის შედარებით ვიწრო პირი აქვს [Мартиросян, 1964: 61]. ამ ნიშნით იგი განსხვავდება სხვა ამიერკავკასიური ცულებისაგან და უახლოვდება წინააზიურ ადრეულ ცულებს. ზემოთ აღწერილ ექვსივე ცულს ახასიათებს ტანის ექვსად დაწახნაგება, რაც აშკარა და განმასხვავებელი ნიშანია ადრეყორღანული და მტკვარარაქსული ცულებისაგან.
კ. კუშნარიოვასა და მ. რისინის მიერ შემუშავებულ ქრონოლოგიურ სქემაში 13 ეგზემპლარია განხილული, რომელთაგან რვა სამხრეთ კავკასიიდანაა და ერთი - ჩრდილო კავკასიიდან, ხოლო ოთხი ახლო აღმოსავლეთიდან [Кушнарева... 2001: 113]. ავტორთა მიერ უძველეს ნიმუშებად მიჩნეულია ყარსის, თეფე-გავრის VI ფენის და ტელ-ბილლის ცულები, რომლებიც აქადური პერიოდით თარიღდება. აღნიშნულ სამ იარაღს შორის მკვლევართა მიერ უძველესად მიჩნეულია ყარსის ცული. ჩვენ ვეთანხმებით მიულერ-კარპეს, რომელსაც თავის ქრონოლოგიურ სქემაში თეფე-გავრისა და ტელ-ბილლის ცულები ყარსის ნიმუშზე უფრო ადრეულად მიაჩნია (მკვლევარმა ისინი ძვ. წ. 2250-2132 წწ. დაათარიღა და ზედა ქრონოლოგიურ საზღვრად ურის III დინასტიის დასაწყისი მიიჩნია, რაც ერთ-ერთი ვერსიით ძვ. წ. 2132 წელია) [ძველი...1988: 67; Müller-Karpe, 1995: 273]. ჩვენი აზრით, ყარსის ცულის თეფე-გავრისა და ტელ-ბილლის ეგზემპლარებზე გვინდელობას ადასტურებს მისი ექვსად დაწახნაგებული ტანი. ეს ნიშანი არ ახასიათებს თეფე-გავრისა და ტელ-ბილლის ნიმუშებს, რომლებსაც ამ ტიპის ცულებს შორის მიულერ-კარპე სამართლიანდ მიიჩნევს ყველაზე ადრეულად [Müller-Karpe, 1995: 273]. ამ შემთხვევაში მისი თარიღი უფრო ადრეულია, ვიდრე კ. კუშნარიოვასი და მ. რისინისა. ავტორები თავიანთ შკალას ქრონოლოგიურად აგრძელებენ ლენინაკანის შემთხვევით აღმოჩენილი ეგზემპლარით. მას და მის შემდგომ შამშადინ-ნავურის ორ ცულსა და უცნობი ადგილიდან მომდინარე ცულს ძვ. წ. XX ს-ს მიაკუთვნებენ [Кушнарева... 2001: 113]. მიულერ-კარპე ლენინაკანის და შამშადინ-ნავურის ცულებს ყარსის ცულის თანადროულად მიიჩნევს და ძვ. წ. XXII-XXI სს-ით ათარიღებს [Müller-Karpe, 1995: 273]. ჩვენ ვეთანხმებით კ. კუშნარიოვასა და მ. რისინს: შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ყარსის ცული უფრო ადრეული უნდა იყოს, ვიდრე შამშადინ-ნავურის ცულები.Aამ უკანასკნელთ აქვს რიგი ნიშანი, რომლებიც უფრო მოგვიანო ხანისთვისაა დახასიათებელი; მაგ.: პირის ზედა წვერის თანდათანობით ზევით აწევა, ტანის ქვედა ნაწილის ნახევარწრისებური მორკალვა, რაც ასევე ნიშანდობლივია ღრმაღელის, ნატახტრისა და ბოდორნის ცულებისათვის და არ ახასიათებს ყარსისა და ლენინაკანის ნიმუშებს. მათი ტანის ქვედა ნაწილი ოვალურადაა მორკალული, აქედან გამომდინარე პირის ქვედა წვერი ნაკლებაა სატარე ხვრელისაკენ მიმართული. ყარსის, თეფე-გავრისა და ტელ-ბილლის შემთხვევაში მათი პირის ქვედა წვერი უფრო დაშორებულია სატარე ხვრელს, ვიდრე შემდგომ ეგზემპლარებზე. შამშადინ-ნავურის ცულების შემდეგ კ. კუშნარიოვა და მ. რისინი განიხილავენ უცნობი ადგილიდან მომდინარე ცულს. ამ პერიოდის სამხრეთკავკასიურ ცულებს შორის მას ყველაზე განიერი და ფართო პირი აქვს. ფორმით იგი ძალზე წააგავს ღრმაღელისა და ნატახტრის ცულებს, რომელთაგან მას მხოლოდ ორნამენტის უქონლობა განასხვავებს. ვფიქრობთ, რომ კ. კუშნარიოვასა და მ. რისინის მიერ შემოთავაზებული თარიღები ქრონოლოგიურად მეტად დაშორებულია. ეს ეხება, ერთი მხრივ, შანშადინ-ნავურის ორი ცულისა და უცნობი ადგილიდან მომდინარე ერთი ცულის ძვ. წ. XX საუკუნით დათარიღებას და, მეორე მხრივ, ღრმაღელისა და ბოდორნის ნიმუშების დათარიღებას ძვ. წ. XVIII საუკუნით. ბუნებრივია, მათთვის ცნობილი არ იყო ინფორმაცია ნატახტრის ცულის შესახებ, რომელიც მათი სტატიის დაბეჭდვიდან ხუთი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი [Николаишвили... 2010:230-231].
ჩვენ ვეთანხმებით მკვლევრების მიერ შემოთავაზებულ თარიღებს თეფე-გავრისა და ტელ-ბილლის ცულებთან დაკავშირებით - ძვ. წ. 2250 - ძვ. წ. XXII ს-ის I ნახ. [Кушнарева... 2001: 113; Müller-Karpe, 1995: 273]. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვერ დავეთანხმებით კ. კუშნარიოვასა და მ. რისინის მოსაზრებას ყარსის ცულის თეფე-გავრისა და ტელ-ბილლის ეგზემპლარებზე უფრო ადრეულობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მ. მიულერ-კარპეს შემოთავაზებული ვერსია ყარსისა და ლენინაკანის ცულების ერთნაირად დათარიღების შესახებ, შესაძლებელია შეიცვალოს, რადგან ყარსის ნიმუში გაცილებით არქაული ჩანს და უფრო უახლოვდება ზემოთ აღნიშნულ ორ უძველეს ეგზემპლარს, ვიდრე ლენინაკანის განვითარებულ ცულს, რომელსაც ტანი ექვსად აქვს დაწახნაგებული და წიბოები პირამდე დაუყვება. ჩვენი აზრით, ყარსისა და ლენინაკანის ცულებს შორის განვითარების კიდევ ერთი ნიმუში უნდა იყოს, რადგან ყარსის ცულის ექვსად დაწახნაგების ცდა მეტად სუსტია, ხოლო ლენინაკანის ეგზემპლარის შემთხვევაში კი აშკარად გამოხატულია. გარდა ამისა, ყარსის ცულის პირის ზედა მხარე სწორია, ხოლო ლენინაკანის ეგზმპლარის ტანი ტრაპეციის ფორმისაა. ამგვარი ფორმა არ ახასიათებს შემდგომი პერიოდის ცულებს, რაც, ჩვენი აზრით, მიუთითებს ლენინაკანის ეგზემპლარის ტიპოლოგიურ განსხვავებაზე ახლო აღმოსავლეთის ამ ტიპის ცულებისაგან.
ვფიქრობთ, რომ ლენინაკანის ცული საკმაოდ განვითარებული და ჩამოყალიბებულია. მას კარგად დამუშავებული ფორმები და დიზაინი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით შამშადინ-ნავურის ცულებზე, რომლებიც ე. წ. “ღრმაღელის ტიპის” ცულებს შორის ყველაზე არქაული ჩანს. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შამშადინ-ნავურის ცულები ერთ-ერთ პირველ ნიმუშებს წარმოადგენს ე. წ. “ღრმაღელის ტიპის” ცულების ტიპში. მოგვიანო პერიოდის შამშადინ-ნავურის ცულებს კვლავ აქვს ადრეული ეგზემპლარებისათვის დამახასიათებელი ნიშანი, პირის ზედა ნაწილის სისწორე. შამშადინ-ნავურის ცულებთან შედარებით ლენინაკანის ნიმუშის ადრეულობაზე მისი პირის ნახევარწრისებური მორკალვა მიუთითებს. მათი ანალიზის შედეგად ვფიქრობთ, რომ მათ შორის განვითარების კიდევ ერთი საფეხური უნდა იყოს.
ჩვენი აზრით, ლენინაკანის ცულს, რომელიც შესაძლებელია დათარიღდეს ძვ. წ. XXII ს-ის II ნახევრით, სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილი მასალების მიხედვით, მოჰყვება შამშადინ-ნავურის ცულები, რომლებიც ჩვენ ურის III დინასტიის პერიოდის ნიმუშებად მიგვაჩნია (ძვ. წ. 2132-2024 წწ. [ძველი...1988: 67]). ვფიქრობთ, რომ მისი შემდგომი განვითარება უცნობი ადგილიდან მომდინარე ცულია, რომლის დათარიღების დროსაც ვიზიარებთ კ. კუშნარიოვასა და მ. რისინის მოსაზრებას, კერძოდ - ძვ. წ. XX საუკუნეს. ჩვენი აზრით, შამშადინ-ნავურისა და უცნობი ადგილიდან მომდინარე ცულებს შორის სავარაუდებელია კიდევ ერთი ეგზემპლარი. რაც შეეხება ნატახტრისა და ღრმაღელის ნიმუშებს, ისინი, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIX ს-ის I ნახევრით თარიღდება, რასაც არ ეწინააღმდეგება კ. კუშნარიოვასა და მ. რისინის მოსაზრება, რომ ღრმაღელის და ბოდორნის ცულები ძვ. წ. XVIII ს-ზე უფრო გვიანდელი არ უნდა იყოს [Кушнарева... 2001: 113]. ბოდორნის ცული მისი სატარე ხვრელისა და ტანის ზედა ნაწილის ურთიერთმიმართების გამო ღრმაღელისა და ნატახტრის ნიმუშებზე გვიანდელად მიგვაჩნია. გარდა ამისა, ღრმაღელისა და ბოდორნის ნიმუშებს მსგავსი ფორმის სატარე ნაწილები აქვს. პირთან შეერთებისას ეს დეტალები გაცილებით განიერი ხდება, ვიდრე ნატახტრის ეგზემპლარის შემთხვევაში.
ვერ დავეთანხმებით კ. კუშნარიოვასა და მ. რისინის მოსაზრებას კიროვაკანისა და ხორეჯის სეკირის მსგავსი ცულების ღრმაღელისა და ბოდორნის ცულებთან ქრონოლოგიური მიახლოების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ისინი ბოდორნის ეგზემპლარზე უფრო გვიანდელნი არიან. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს კიროვაკანისა და ხორეჯის ცულების შედარება, ერთი მხრივ, ღრმაღელის, ნატახტრის და ბოდორნის ეგზემპლარებთან, ხოლო, მეორე მხრივ, გვიან ბრინჯაოს ხანის ცენტრალურ ამიერკავკასიურ ცულებთან. ვფიქრობთ, რომ კიროვაკანის, ხორეჯისა და ცენტრალურამიერკავკასიური ტიპის ცულები შესაძლებელია განვითარდა “ღრმაღელის ტიპის” უცნობი ადგილიდან მომდინარე ადრეული ცულისაგან. მისი პირის ზედა წვერის განსაკუთრებული ფორმა და, საერთოდ, დამახასიათებელი მასიურობა, უხეში ფორმები, ძალიან წააგავს მოგვიანო პერიოდის ეგზემპლარებს. იმავდროულად, არ ვთვლით, რომ გვიანდელი ორფრთიანი სეკირები ნატახტრის, ღრმაღელის და, მით უფრო, ბოდორნის ცულებისგანაც მომდინარეობს. ჩვენი აზრით, ე. წ. “ღრმაღელის ტიპის” უცნობი ადგილიდან მომდინარე ცულსა და ხორეჯისა და კიროვაკანის ორფრთიან სეკირებს შორის განვითარებისა და სახეცვლილების კიდევ ერთი ეგზემპლარია სავარაუდო. რაც შეეხება ორ ყველაზე მოგვიანო ნიმუშს, უძველესად დაღესტნის ეგზემპლარი მიგვაჩნია [Котович... 1973: 83]. ხორეჯის სატარე ნაწილი პირთან შეერთებისას განივრდება, რაც ასე დამახასიათებელია ზემოთ აღწერილი ადრეული ცულებისთვის. კიროვაკანის ყორღანიდან მომდინარე ნიმუშს კი სატარე ნაწილი სწორგვერდა აქვს [Пиотровский, 1949: 46-47; D Devedjian, 2006: 260] გარდა ამისა, ჩრდილო კავკასიის ცულის პირის ზედა წვერი უფრო ქვემოთაა დაწეული, ვიდრე კიროვაკანისა, რაც ამ უკანასკნელს უფრო გვიან ბრინჯაოს ხანის ორფრთიან ცულებთან აახლოვებს.
ჩვენი აზრით, ახლო აღმოსავლეთის ცულების ერთ-ერთ ტიპში, რომელიც გავრცელებას თრიალეთის კულტურაში პოულობს, გამოიყოფა განვითარების ოთხი სხვადასხვა ქრონოლოგიური ეტაპი. პირველ ეტაპს ეკუთვნის თეფე-გავრის VI ფენის, ტელ-ბილლის, ყარსისა და ლენინაკანის ცულები. თუმცა, ამ უკანასკნელს მისი პირის გამორჩეული ფორმის გამო განცალკევებით განვიხილავთ და შესაძლებელია მისი ცალკე ქვეტიპად გამოყოფაც, რადგან თეფე-გავრის ტიპის ცულების განხილვისას ტრაპეციის ფორმის პირი არც ლენინაკანის ეგზემპლარამდე და არც მის შემდეგ არ გვხვდება. მეორე ეტაპის ეგზემპლარებს წარმოადგენს შამშადინ-ნავურის ორი ნიმუში. მესამე ეტაპში გავაერთიანეთ ე. წ. “ღრმაღელის ტიპის” ცულები: უცნობი ადგილიდან, ნატახტრიდან, ღრმაღელიდან და ბოდორნიდან. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, აქ განხილული გვაქვს ხორეჯის და კიროვაკანის ყორღანის ცულები.
I ეტაპი
1. თეფე-გავრა ძვ. წ. XXIIIს-ს II ნახ.
2. ტელ-ბილლა ძვ. წ. XXIIIს-ს II ნახ.
3. ყარსი ძვ. წ. XXII ს-ის I ნახ.
4. ლენინაკანი. ძვ. წ. XXII ს-ის II ნახ.
II ეტაპი
1. შამშადინ-ნავურის 2 ცული ურის III დინასტიის პერიოდი.
III ეტაპი
1. უცნობი ადგილი ძვ. წ. XX ს.
2. ნატახტარი ძვ. წ. XIX ს-ის I ნახ.
3. ღრმაღელე ძვ. წ. XIX ს-ის I ნახ.
4. ბოდორნა ძვ. წ. XIX-XVIII სს. მიჯნა.
IV ეტაპი
1. ხორეჯი ძვ. წ. XVIII ს.
2. კიროვაკანი ძვ. წ. XVIII ს.
განვითარების ამ ოთხი ეტაპის გამოყოფის შედეგად შესაძლებლად მიგვაჩნია გამოვყოთ სამი ტიპი.
პირველ ტიპს წარმოადგენს თეფე-გავრის VI ფენის, ტელ-ბილლისა და ყარსის ეგზემპლარები. მათი დამახიათებელი ნიშნებია: პირის ზედა ნაწილის სისწორე, შიდა მხარეს მიმართული პირი, პირის ქვედა წვერსა და ყუას შორის არსებული ოვალი, ყუიდან პირის ზედა ნაწილზე მკვეთრი და მაღალი გადასვლის საფეხური, პირის ზედა და ყუიდან პირის ზედა ნაწილზე გადასვლისას ერთ თანაბარ სიმაღლეზე მყოფი საფეხურის წვერები, ყუის ქვედა ნაწილთან შედარებით გაცილებით დაბლა ჩამოსული პირის ქვედა წვერი, მრგვალი სატარე ხვრელი. ამ ტიპის ქვეტიპად მიგვაჩნია ლენინაკანის ეგზემპლარი, რომელსაც როგორც განსხვავებები, ისე მსგავსებები გააჩნია პირველი ტიპის ნიმუშებთან. მისი მსგავსებებია: პირის ზედა ნაწილის სისწორე, ყუიდან პირის ზედა ნაწილზე მკვეთრი და მაღალი გადასვლის საფეხური, მრგვალი სატარე ხვრელი და პირის ქვედა წვერსა და ყუას შორის შექმნილი ოვალი. რაც შეეხება განსხვავებებს: პირველ ყოვლისა, თვალში საცემია ტანის მთელ სიგრძეზე ექვსად დაწახნაგების მცდელობა, ტრაპეციის ფორმის პირი, პირის მომრგვალებული წვერები; პირის ზედა წვერი ყუიდან პირის ზედა ნაწილზე გადასვლის საფეხურის წვერზე უფრო მაღლაა, ხოლო პირის ქვედა წვერი კი ყუის ქვედა ნაწილთან ერთ ხაზზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ პირის მოყვანილობის მიხედვით იგი ყველაზე მეტად თეფე-გავრის VI ფენის ნიმუშს ემსგავსება. სამხრეთ კავკასიაში ამ ფორმის პირი შემდგომში აღარ ვრცელდება.
მეორე ტიპის ეგზემპლარებია: შამშადინ-ნავურის, უცნობი ადგილიდან მომდინარე, ნატახტრის, ღრმაღელისა და ბოდორნის ცულები. ამ ტიპის ცულების დასაწყის ეგზემპლარად შამშადინ-ნავურის ნიმუშები მიგვაჩნია, რომლებსაც პირველი ტიპის დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად (პირის ზედა და ყუიდან პირის ზედა ნაწილზე გადასვლის საფეხურის წვერები ერთ თანაბარ სიმაღლეზეა, ზედა წვერი არც ისე გამოკვეთილია) უკვე ახალი ტიპის ნიშნებიც უჩნდებათ (პირის ქვედა წვერი მორკალვის დროს ყუასთან მიმართებით არასრულ წრეს ქმნის, პირის ზედა წვერი თანდათანობით ზევით ადის, ტანი უკვე კარგად და მრავალმხრვ არის დაწახნაგებული, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრესის თვალსაზრისით, სატარე ხვრელი ოვალურია). ზოგიერთი ნიშანი, მაგალითად, ყუიდან პირის ზედა ნაწილზე მკვეთრი და მაღალი გადასვლის კუთხოვანი საფეხური, შამშადინ-ნავურის ცულების შემდეგ ნელ-ნელა ქრება. იგი უფრო რბილ და მომრგვალებულ ფორმებს იძენს, რაც საბოლოოდ ყველაზე კარგად ბოდორნის ეგზემპლარზე შეინიშნება.
მესამე ტიპს შეადგენს ხორეჯისა და კიროვაკანის ყორღანის ცულები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს ხანის ცენტრალურკავკასიური ტიპის ცულების პროტოტიპებად მიგვაჩნია. მათი დახასიათებელი ნიშნებია: მასიური, დიდი და მეტ-ნაკლებად სწორგვერდა ყუა ოვალური სატარე ხვრელით, ორფრთიანი პირი, აქედან გამომდინარე, პირის ქვედა წვერის უფრო მიახლოება ყუასთან და ამის გამო შექმნილი თითქმის შეკრული წრე.
მიუხედავად გამოყოფილი ტიპებისა, ვთვლით, რომ სამხრეთკავკასიური ცულები წარმოადგენს ერთი ტიპის განვითარების გრძელ ჯაჭვს, რომელიც იწყება თეფე-გავრისა და ტელ-ბილლის ცულებიდან და მთავრდება ბოდორნის ეგზემპლარით. ხორეჯის ტიპის ცულის შემოსვლით კი ახალი ტიპის ცულს ეყრება საფუძველი, რომელიც თავის გავრცელებას გვიან ბრინჯაოს ხანაში პოულობს. ჩვენ მიერ გამოყოფილი თითოეული ტიპის გაჩენა გამოწვეული იყო იარაღის კონკრეტული სახეობის ტექნიკური პროგრესით და არა ახალი, განსხვავებული ტიპის შემოსვლით.
ჩვენი აზრით, ზემოთ განხილული ცულები საბრძოლო დანიშნულებისაა, რომლებიც წარჩინებულ მეომრებს ეკუთვნოდათ. განსაკუთრებით ეს ითქმის ნატახტრის, ღრმაღელისა და ბოდორნის ცულებზე. დიზაინის დახვეწილობა და ნატიფი ორნამენტი გვავარაუდებინებს, რომ მათი მფლობელები მაღალ სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ და ეს ცულები სააღლუმო-ცერემონიალური დანიშნულებითაც გამოიყენებოდა.
[1] აღსანიშნავია, რომ იგი ადამიანის ძვლებთან ერთად იპოვეს.
ლიტერატურა
მიქელაძე თ. 1974 |
ძიებანი კოლხეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. ძვ. წ. II-I ათასწლეულები. თბილისი |
ლორთქიფანიძე ო. 2002 |
ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბილისი. |
საქართველოს... 1992 |
საქართველოს არქეოლოგია. ტომი II (ენეოლით-ადრე ბრინჯაოს ხანა). თბილისი. |
ქორიძე დ. 1956 |
თბილისის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი. |
ქორიძე დ. 1965 |
კოლხური კულტურის ისტორიისათვის. თბილისი. |
ძველი... 1988 |
ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია. თბილისი. |
ჯაფარიძე ო. 1969 |
არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში. თბილისი. |
ჯაფარიძე ო. 2003 |
საქართველოს ისტორიის სათავეებთან. თბილისი. |
Avilova L. I. 2008 |
Regional Models of Metal Production in Western Asia In the Chalcolithic, Early and Middle Bronze Ages.Trabajos de Prehistooria 65, N.є 1, Enero-Junio 2008 |
Devedjian S. 2006 |
Lori Berd II (Bronze Moyen). Yerevan. (სომხურ ენაზე) |
Maxwell-Hyslop R. 1949 |
Western Asiatic Shaft-Hole Axes”. Iraq, Vol. 11. |
Müller-Karpe M. 1995 |
Zu den Erdgräbern 18,20 und 21 von Assur. Ein Beitrag zur Kenntnis mesopotamischer Metallgefäβe und waffen von der Wende des 3. zum 2. Jahrtausend v. Chr. Sonderdruck aus Jahrbuch des Römisch-Germanischen Zentralmuseums Mainz. |
Picchelauri K. 1997 |
Waffen der Bronzezeit aus Ost-Georgien. Berlin. |
Speiser E.A. 1935 |
Excavations at Tepe Gawra”. Vol. I. Philadelphia. |
Котович В. Т., Котович В. М. 1973 |
Находки древних бронзовых топоров в Дагестане. Кавказ и Восточная Европа в древности. Москва. |
Куфтин Б. А. 1941 |
Археологические раскопки в Триалети. Тбилиси. |
Кушнарева К., Рысин М. 2001 |
Новые данные к проблеме датировки памятников |
Николаишвили В., Сихарулидзе А., Инанишвили Г., Иремашвили Ш. 2010 |
Бронзовый боевой парадный топор из Натахтари. კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია და ფოლკლორისტიკა. თბილისი. |
Мартиросян А. 1964 |
Армения в эпоху бронзы и раннего железа. Ереван |
Пиотровский Б. Б. 1949 |
Археология Закавказъя. Ленинград. |