დისკურსის პრაგმატული კოჰერენტულობის ფორმირების შესახებ

კოჰერენტულობა ტექსტის ლინგვისტური კვლევის საგანს წარმოადგენს. ლიტერატურის თეორეტიკოსები არ დავობენ, რომ ტექსტის ინტერპრეტირების დროს მნიშვნელოვანია კოჰერენტულობის გათვალისწინება, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით მიიღწევა ტექსტის ბმულობა და ორი ერთმანეთის გვერდით დაწერილი წინადადება ერთ მთლიან ტექსტად აღიქმება. როგორც ცნობილია, ლიტერატურათმცოდნეობაში განიხილება ტექსტის ბმულობის ორი შესაძლებლობა: შინაარსობრივ-სემანტიკური და ფორმალურ-გრამატიკული. ტექსტი კოჰერენტულია, თუ წინადადებათა შეკავშირების ორივე ხერხია გამოყენებული. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით  დისკურსის კოჰერენტულ მთლიანობაში ინტეგრირების პრობლემასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის წარმოჩენას.

ტექსტობრივი სქემების აგება და ინტერპრეტირება დაკავშირებულია გარკვეული სემანტიკური ინფორმაციის შემცველი გამონათქვამების ერთ კოჰერენტულ მთლიანობაში ინტეგრირების პრობლემასთან. მოლაპარაკე სუბიექტმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს შესაფერისი კონცეპტები და მოვლენები და ისეთი თანმიმდევრობით მიაწოდოს ინფორმაცია აუდიტორიას/მსმენელს, რომ ამ უკანასკნელმა იოლად და იმავდროულად, მაქსიმალური სისრულით აღიქვას იგი. აღნიშნულ პროცესში მსმენელი, თავის მხრივ, მოლაპარაკე სუბიექტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კოჰერენტულ რეპრეზენტაციას მიმართავს, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, მის ხელმისაწვდომობას და, მეორე მხრივ,  იმ კონცეპტების კონსტრუირებას, რომლებიც ფაქტობრივად მოლაპარაკე სუბიექტის კონცეპტების იდენტურია. Aსწორედ ამ გზით ხდება ტექსტობრივი სქემების აგება და ინტერპრეტირება, რომელსაც ცოდნის ინტეგრირების პრობლემადაც განიხილავენ.

ურთიერთდამოკიდებულება დისკურსსა და ტექსტის სტრუქტურას, ასევე, გონებაში მათ გადამუშავებასა და  ინფორმაციის შენახვას შორის იმთავითვე  ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილი გერმანელი ლინგვისტი ჰანს გეორგ კონონ ფონ დერ გაბელენცი (და სხვა მეცნიერებიც) "ფსიქოლოგიური საკითხის" განხილვისას (თემის ცნებასთან დაკავშირებით) მიმართავდნენ ყურადღების პრიმიტიულ იდეებს. ფსიქოლოგი სტაუტი ლინგვისტურ ქცევას  გონებრივ აქტიურობასთან მიმართებით ხსნიდა [Lambrecht, 1994;  Gundel,  1974]. თანამედროვე ლინგვისტებიც თავიანთ თეორიულ კვლევებში მიმართავენ კოგნიტიურ ცნებებს,  კერძოდ, აქტივაციისა (მეხსიერების) და ყურადღების იდეებს.

დისკურსის სემანტიკურ თეორიაზე მსჯელობისას  გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. უპირველეს ყოვლისა, მოლაპარაკე სუბიექტს გონებაში უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, აღბეჭდილი საგნის კონცეპტუალური რეპრეზენტაციის გარკვეული ფორმა/სახე. სწორედ ეს რეპრეზენტაცია წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ "მნიშვნელობას", რომელსაც მოლაპარაკე "ამუშავებს" დისკურსის კონსტრუირების დროს. ხშირად ლინგვისტები კონცეპტუალურ რეპრეზენციას მოსაზრებათა ნაკრებად მიიჩნევენ და ტექსტობრივ რეპრეზენტაციას ან ტექსტობრივ საფუძველს უწოდებენ [Kintsch, 1974; Kintsch, van Dijk, 1983]. მაგრამ კონცეპტუალური რეპრეზენტაცია არ არის მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებული. მაგალითად, ყავის დალევის კონცეპტუალური რეპრეზენტაცია შესაძლოა, ძლიერ განხვავდებოდეს მუსიკის მოსმენის რეპრეზენტაციისაგან, ხოლო ეს უკანასკნელი - ავტომანქანის სიჩქარეების გადართვისაგან [Russell S. Tomlin..., 1997]. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია როგორც კონცეპტუალური რეპრეზენტაციების შექმნა, ასევე მათი მეხსიერებიდან და აღქმითი გამოცდილებიდან "გამოძახება".

აღსანიშნავია, რომ დისკურსის შინაარსს მხოლოდ კონცეპტუალური რეპრეზენტაციები არ წარმოადგენს.Mმოლაპარაკე სუბიექტმა კონცეპტუალური რეპრეზენტაციის  მთლიანობიდან უნდა შეარჩიოს ინფორმაცია, რათა მასზე დაყრდნობით ააგოს ტექსტი. მოლაპარაკე სუბიექტი არჩევს იმ ინფორმაციას, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს მსმენელისთვის, რათა ამ უკანასკნელმა ადეკვატურად აღიქვას დისკურსის  შინაარსი. მოლაპარაკის მიერ ინფორმაციის ფლობისა და გადმოცემის ხერხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დისკურსის აგებასა და გააზრებაში. დისკურსის სწორად წარმართვა, მინიმუმ, ოთხ დამოუკიდებელ  პრობლემას მოიცავს:

  1. მოლაპარაკე სუბიექტი არასოდეს მიმართავს უმიზნო კონცეპტუალურ რეპრეზენტაციას სასაუბრო ენის საშუალებით. მას ყოველთვის  გააჩნია გარკვეული მიზანი, ზოგჯერ რამდენიმეც კი.
  2. მოლაპარაკე სუბიექტი შეზღუდულია რიტორიკული მიზნებით, კონცეპტუალური რეპრეზენტაციის გამოყენებისას დინამიურად არჩევს ადრესატსა და  მისაწოდებელ ინფორმაციას. იგი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი რეფერენტი ან მოსაზრებაა ცენტრალური და უფრო მნიშვნელოვანი დისკურსის წარმართვაში. მოლაპარაკე სუბიექტის ამგვარი პოზიცია, საბოლოო ჯამში, მსმენელს მისი საკუთარი კონცეპტუალური რეპრეზენტაციის შექმნაში ეხმარება. ამდენად, საწყის პოზიციაზე ცენტრალური რეფერენტები და მოსაზრებები დისკურსის თემატური ორგანიზების სპეციფიკას განსაზღვრავენ, ხოლო ასოცირებული პრაგმატული ცნებები და პროცესები კი - თემატური მენეჯმენტის შემადგენელ ნაწილებად განიხილება.
  3. თემატური მენეჯმენტის პარალელურად  მოლაპარაკე სუბიექტი დინამიკაში აკვირდება, თუ რომელი მოსაზრებაა მსმენელისათვის ნაცნობი (ე.წ. ნაგულისხმევი მოსაზრებები) და  რომელი მოითხოვს წარდგენას (ე.წ. საპრეზენტაციო მოსაზრებები). ნაგულისხმევი მოსაზრებები შესაძლოა, ორ ჯგუფად დაიყოს; პირველ ჯგუფში გაერთიანდება ის მოსაზრებები, რომლებიც, მოლაპარაკე სუბიექტის აზრით, მსმენელისათვის უკვე ნაცნობია (ე. წ. ზოგადი ინფორმაცია); ხოლო მეორე ჯგუფში - ის მოსაზრებები, რომელთა გაგებისთვის, მოსაუბრის აზრით, მსმენელს დახმარება და გარკვეული განმარტება ესაჭიროება (ე. წ. გამიზნული ინფორმაცია). ნაგულისხმევი ინფორმაცია განსაზღვრავს დისკურსის რეფერენტულ ორგანიზებას, ხოლო მასთან ასოცირებულ პრაგმატულ ცნებებს და კოგნიტიურ პროცესებს შეიძლება რეფერენტული მენეჯმენტი ეწოდოს.
  4. მოლაპარაკე სუბიექტი დინამიკაში აკვირდება, თუ რომელი ნაგულისხმევი მნიშვნელობაა  მსმენელისთვის გასაგები. შესაძლოა, იგი ზოგჯერ არც იყოს დარწმუნებული, რომ მსმენელი რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ მისთვის (მოლაპარაკე სუბიექტისთვის) სასურველ მნიშვნელობას გულისხმობს. მას ასევე შეუძლია ხაზი გაუსვას და გამოყოს გარკვეული მნიშვნელობები. ეს პროცესები განსაზღვრავენ დისკურსის ფოკუსის ორგანიზებას, ამდენად, მასთან ასოცირებულ პრაგმატულ ცნებებსა და კოგნიტიურ პროცესებს შეიძლება ფოკუსის მენეჯმენტი ეწოდოს. დისკურსის მენეჯმენტის ზემოაღნიშნული ოთხი სფერო ასახავს დისკურსში ინფორმაციის მენეჯმენტის ძირითად პრობლემებს.

კოგნიტიურ პროცესებს, ცოდნის ინტეგრირებასა და ინფორმაციის მენეჯმენტს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გასაგებად მეტად მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, თუ როგორ ხდება ნაგულისხმევი მნიშვნელობის შენარჩუნება დისკურსის  ჩამოყალიბებისა და გაგების პროცესში.   დაკავშირებული (connected) და კოჰერენტული დისკურსის  ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს ტექსტში ერთხელ წარმოდგენილი ცნებების სისტემატური მოხსენიებაც. ასევე გასათვალისწინებელია გამონათქვამის ამა თუ იმ ნაწილში გადმოცემული ინფორმაციის სიახლის პრობლემა. ჩვეულებრივ, ყოველი წინადადება შეიცავს ერთ ისეთ ელემენტს, რომელიც ახალ ინფორმაციას გვაწვდის. სწორედ მას უწოდებენ ფოკუსს, რომელიც დაკავშირებულია განსხვავების კოგნიტურ წარმოდგენასთან. ფოკუსი არის ინფორმაცია, რომელიც სხვა ინფორმაციისაგან გამოირჩევა და ერთგვარად განცალკევებულად დგას. ლონგეკრის მახვილგონივრული შენიშვნით, დისკურსისთვის ზემოთ ნახსენები თვისებები რომ არ ყოფილიყო ნიშნეული,  "შედეგი დაახლოებით ისეთივე იქნებოდა, როგორიც მაშინ,  შავი ქაღალდი რომ ეჩვენებინათ და ეთქვათ: ეს არის აქლემების ქარავანი, რომელიც  შავ ქვიშაზე შუაღამისას მიდის" [Longacre, 1976: 10]. ამდენად, გარკვეული ელემენტის განსაკუთრებულობა აუცილებელია ადამიანის ცნობიერებისათვის: საგანს თუ მოვლენას მხოლოდ მაშინ აღვიქვამთ, როდესაც ის გარემომცველი საგნებისა და მოვლენებისგან გამოირჩევა.

პრაგმატიკის, კერძოდ კი, მაკროპრაგმატიკის თვალსაზრისით, არც ერთი ტექსტი არ შეიძლება ფუნქციონირებდეს ვაკუუმში. ფუნქციურ სტილთა სხვადასხვაობა და ტექსტთა განსხვავებული პრაგმატული ორიენტაციის ტიპები კულტურულ-ისტორიულ გარემოში ყალიბდება და ვითარდება. Uუნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია გაიმიჯნოს ფუნქციური სტილი (როგორც უფრო  ზოგადი კატეგორია) ტექსტთა ქვეტიპის (ან კონკრეტული ტექსტის) პრაგმატული ორიენტაციისაგან.

ზემოაღნიშნულ პრობლემებს უკავშირდება მასობრივი კომუნიკაციის შემეცნებითი ღირებულების, კერძოდ კი, მეტაფორის შემეცნებითი ფუნქციის პრობლემა პუბლიცისტურ დისკურსში. პუბლიცისტური მასალის ანალიზმა გვიჩვენა, რომ საჟურნალო სტატიებში მეტაფორის შემეცნებითი ფუნქცია ტექსტის (და ავტორის)  პრაგმატული ორიენტაციით განისაზღვრება. Eეს ნიშანდობლივი თვისება გასდევს როგორც  ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ პუბლიცისტურ მასალას. სტატიათა ავტორები, რომლებიც აშუქებენ უმნიშვნელოვანეს საშინაო, საგარეო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა პრობლემებს, ითვალისწინებენ ჟურნალის მკითხველ აუდიტორიას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჟურნალისტები მიმართავენ პროფესიულ ტერმინოლოგიას, უპირატესობას ანიჭებენ პოპულარულ, საყოველთაოდ ცნობილ ტერმინებს; ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სტატიის ავტორს სურს რომელიმე განსაკუთრებულად რთული მოვლენის არსის წარმოჩენა და მკითხველამდე იოლად მიტანა (ანუ, შემეცნების პროცესის გაიოლება), მაშინ უპირატესობა ენიჭება მეტაფორას.

მეტაფორასთან შედარებით, ცხადია, ტერმინი უფრო ზუსტია, მაგრამ ტერმინის გამოყენება კოგნიტურ სირთულეს ქმნის არაპროფესიონალი  აუდიტორიისათვის. აღნიშნული თვალსაზრისით, პრესაში ორიგინალური (genuine) მეტაფორის პრაგმატულ-ფუნქციური დატვირთვა გულისხმობს მეტაფორის კოგნიტური (შემეცნებითი) და სტილისტური (ხატოვნება, კომპაქტურობა) პოტენციალის ერთობლიობას. სტატიის ავტორი, მეტაფორის საშუალებით ახერხებს  აზრის, შეხედულებისა თუ შეფასების გადმოცემას ფართო აუდიტორიისათვის გასაგები ხატოვანი, შთამბეჭდავი და, ამავე დროს, პოპულარული ენით. მაგალითისათვის, განვიხილოთ ესე ჟურნალ Time-დან, რომელიც აშუქებს ტეტჩერიზმის არსს ბრიტანეთში. სტატიის ავტორი ახერხებს ერთგვერდიან ესეში ბრიტანეთის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპის არსის განმარტებას. Aიგი არ მიმართავს ეკონომიკურ ტერმინებს; მათ ნაცვლად იყენებს ორიგინალური მეტაფორების ერთობლიობას, რომელიც ეფექტურია კოგნიტური, სტილისტური და, ამდენად, პრაგმატული თვალსაზრისითაც. Mმაგალითად, "მისი (მარგარეტ ტეტჩერის, - მ. დ. ) განმათავისუფლებელი  არმია განდევნიდა ურწმუნოებს, დაარბევდა პროფკავშირებს, ჩამოგლეჯდა სოციალური დაცვის ბადეებს, რომლებიც ჰამაკებად გადაქცეულან".[ Ogden, 1997: 7]ავტორისთვის არსებითია, რაც შეიძლება მოკლედ,  გასაგებად, მკითხველისთვის მისაწვდომი ენით გადმოსცემს მარგარეტ ტეტჩერის მიერ გატარებული  რეფორმების არსი. კერძოდ, აღნიშნულ კონტექსტში, ცენტრალური მეტაფორაა to rip down the social safety nets, which had become hammocks  -  სოციალური დაცვის  ბადეების ჩამოგლეჯა, რომლებიც მათთვის (ინგლისელებისთვის) ჰამაკებად გადაიქცა. ეს ერთი ფრაზა იტევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემას. აღნიშნული მეტაფორით ნაჩვენებია ტეტჩერის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელიც გულისხმობს  ტეტჩერამდელ ინგლისში საკმაოდ ძლიერი სოციალური დაცვის მექანიზის არსებობას. ინგლისურ ენაში დაცვის მექანიზმები აღინიშნება კლიშეთი - "social safety nets",  რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "სოციალური უსაფრთხოების ბადეებს", ანუ  ინგლისურ ენაში "მუშაობს" გაცვეთილი მეტაფორა „უსაფრთხოების ბადე"  ნაცვლად "სოციალური დაცვის სისტემისა".  სტატიის ავტორი აცოცხლებს ზემოაღნიშნულ კლიშეს ("social safety nets") და მის ბაზაზე   ქმნის სრულიად ახალ, გავრცობილ მეტაფორას. კერძოდ, ის ამბობს, რომ, ტეტჩერის აზრით, ინგლისელებისთვის სოციალური დაცვის ბადე იქცა ჰამაკად, ანუ  ზედმეტმა სოციალურმა დაცვამ ხალხი გააზარმაცა. მეორე ორიგინალური მეტაფორით -  to rip down the hammocks   (ჩამოგლიჯა ჰამაკი) - ავტორი გადმოგვცემს ინგლისის პრემიერის  ახალ ხედვას:Mმარგარეტ ტეტჩერს სჯერა, რომ არსებული სოციალური დაცვის ბადე უნდა განადგურდეს, რადგანაც ის ხელს უშლის საბაზრო ეკონომიკის ნორმალურ განვითარებას, ჯანსაღ კონკურენციას, კერძო საწარმოების დაფუძნებას და ადამიანის ინდივიდუალურ ინიციატივას.

ზემოაღნიშნული ცენტრალური მეტაფორის გარდა, სტატიაში სხვა მეტაფორებსაც ვხვდებით, რომლებიც  განხილული მეტაფორის ფონზე დიდი მხატვრულობით არ გამოირჩევიან, მაგრამ გარკვეულ კოგნიტურ ფონს ქმნიან; მაგ; Strikes were "The British disease (ბრიტანეთი დაავადებული იყო გაფიცვებით);BBritain's ship of state plunged  (ბრიტანეთის სახელმწიფო გემი ჩაიძირა). ამგვარად, ცენტრალური მეტაფორის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექსტის ავტორის  პრაგმატული ორიენტაცია განისაზღვრება ამ მეტაფორის  კოგნიტური ეფექტურობით ( ცნების მოშველიების გარეშე ფართო აუდიტორიისთვის ახსნილია ტეტჩერის რეფორმების არსი) და სტილისტური  დატვირთვით (ხატოვნებითა და კომპაქტურობით).

ზემოაღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით საინტერესოდ გვეჩვენება მეტაფორული ცნების საკითხის განხილვაც. მაგალითისთვის ავიღოთ   ცნება  Competition (კონკურენცია) და ცნებითი მეტაფორა Competition is war  (კონკურენცია ომია). Mეს  უკანასკნელი გვხვდება  ჟურნალ  Time-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ეძღვნება კომპიუტერული  ტექნიკის მაგნატ ლარი ელისონს. სტატიის ავტორი მას მეომარ ნინძად წარმოგვიდგენს;  იგი წერს: "ის წარმართავს თავის ბიზნესს, როგორც მეომარი ნინძა"  და იქვე აგრძელებს: "ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ლარისთან პირად საუბრებში ინდუსტრიის მნიშვნელოვანი პირი აღნიშნავს, რომ მეტაფორები, რომლებსაც იგი იყენებს კონკურენტებთან მიმართებით,  ყოველთვის  დაკავშირებულია ძალადობასთან. ,,ეს სწორედ ის ადგილია, სადაც  ჩვენ დანას ჩავცემთ გულ-მკერდში" ან ,,ჩვენ მოვახრჩობთ კონკურენტებს". ამ მეტაფორებს ლარი ბიბლიიდან არ სესხულობს. Mმას   თავისი ცხოვრება წარმოუდგენია,  როგორც ბრძოლა".[Eisenberg..., 1997: 15]სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ კონკურენტებზე საუბრისას ელისონი  მიმართავს სამხედრო ტერმინოლოგიას, კონკურენტს მტრად აღიქვამს; "იგი უტევს მათს  პოზიციას და, ამავე დროს, იცავს თავისას, გეგმავს თავის მოქმედებებს და იყენებს გარკვეულ სტრატეგიას" [Лакофф, Джонсон, 1990: 389]. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოყვანილი მეტაფორები განეკუთვნება სტრუქტურულ მეტაფორათა რიგს: ომისათვის დამახასიათებელი ცნებებით, სამხედრო ტერმინოლოგიით წარმოჩენილია მძაფრი ბიზნესკონკურენციის სურათი. როგორც ვხედავთ, სტრუქტურული მეტაფორები გულისხმობს არა მხოლოდ ცალკეული მეტაფორის,  არამედ მეტაფორათა მთელი ველის გადატანას საქმიანობის ერთი სფეროდან მეორეზე, წარმოდგენილ შემთხვევაში სოციალური აგრესიის სფეროდან -  ბიზნესში არსებული აგრესიის   სფეროზე.  ანალოგიურია შემდეგი მაგალითებიც:   "ოსტინში, ტეხასში, ბუშმა და მისი მრჩევლების ვიწრო წრემ განაცხადეს, რომ ისინი  მზად არიან აწარმოონ ომი დემოკრატთა ტერიტორიაზე";  "გორის კამპანია გეგმავს ტეხასში ბუშის  მაჩვენებლების განსაკუთრებულ ასპექტებზე  ძლიერი იერიშის მიტანას".  [Chipman, 2000: 24].ზემოთ მოტანილი  მაგალითის მსგავსად, აქაც  ომია გაჩაღებული, ამჯერად - საარჩევნო ომი.  ლაკოფი და ჯონსონი აღნიშნავენ, რომ "მეტაფორის არსი მდგომარეობს ერთი სახის მოვლენების განცდასა და გააზრებაში სხვა სახის მოვლენების ტერმინებით'' [Лакофф..., 1990: 389]. ცხადია, აღნიშნულ მაგალითში მკითხველი საარჩევნო ბრძოლას ომის  ნაირსახეობად არ მოიაზრებს. საარჩევნო მარათონი და  შეიარაღებული კონფლიქტი სხვადასხვა სახის  მოვლენებს წარმოადგენს და თითოეული  მათგანი განსხვავებული სახის ქმედებას უკავშირდება; თუმცა,   სტატიის ავტორები მიმართავენ სამხედრო ტერმინებს და ომის ცნებას მეტაფორულად მოიაზრებენ.  ამ შემთხვევაში მისაღებია ცნებითი მეტაფორა - Election is war - არჩევნები ომია; ზემოთ მოტანილი მაგალითების ანალოგიურად კი  სფეროების გადატანის სახედ შეიძლება მოვიაზროთ - "სოციუმი  პირდაპირი აგრესიიდან", " სოციუმი პოლიტიკაში (არჩევნებში)". თუკი ერთ შემთხვევაში ომის მეტაფორებით ახსნილია კონკურენცია ბიზნესის სფეროში, მეორე შემთხვევაში იგულისხმება საარჩევნო კამპანია. ცხადია, ადამიანთა ასეთი დაპირისპირება უშუალოდ სისხლისღვრას არ გულისხმობს, მაგრამ მათ შორის არსებითი მსგავსებაა დანახული; კერძოდ, გარეგნული გამოვლინებების ცივილური სახის მიუხედავად, დაპირისპირება  საკმაოდ მძაფრი და დაუნდობელია.Pამასთან, პირველი მაგალითი შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალური, უხეში აგრესიის, ხოლო   მეორე - ორგანიზებული, მასობრივი აგრესიის გამოვლინებად.

ანალოგიური ვითარებაა ქართულ ტექსტებშიც. იმავე ცნებით მეტაფორებს  ("არჩევნები - ომია" ან  "პოლიტიკა - ომია")  ვხვდებით  ქართულ პრესაშიც; მაგ. ,,თუ ყურადღებით მივადევნებთ თვალს პოლიტიკურ პროცესს და ამ პროცესში  პოლიტიკური ფიგურების აქტიურობის ხარისხს,  დავინახავთ, რომ  ბოლო ხანს  განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ედვარდ სურმანიძეზე. იგი სხვებზე ხშირად არის ფრონტის წინა ხაზზე  და ჟვანიასთვის საიმედო  თანამებრძოლია'' [ანთაძე, 2001:9]. მოყვანილ მაგალითში გამოყენებული ,,ცნებითი სისტემა, რომლის  საშუალებითაც ხდება აღქმის, აზროვნების და ადამიანის მოქმედების სტრუქტურირება, თავისი არსით, მეტაფორულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ,  რომ   აზროვნებასა და ენაში გამოვლენისას მეტაფორა  ,,ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია გამჯდარი'', ადამიანის მოქმედებისა და ქცევის ჩათვლით: ,,Eсли мы правы в своем предположении, что наша понятийная система носит преимущественно метафорический характер, то тогда наше мышление, повседневный опыт и поведение в значительной степени обусловливаются метафорами, мы получили также в свое распоряжение метафоры, структурирующие наше восприятие, наше мышление и поступки.  Mетафора пронизывает всю нашу повседневную жизнь и проявляется не только в языке, но и в мышлении и действии.'' [Лакофф...,  1990: 387]. მსგავსი დასკვნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ცნობიერებით აღქმული რეალობა, სამყაროს, ქცევის წესები და სოციალური კონტაქტები დამკვიდრებულია ცნებით  სისტემაში, რომელიც, თავის მხრივ, მეტ-ნაკლებად  შეპირობებულია მეტაფორით.

აღსანიშნავია, რომ რუსულ პრესაშიც ანალოგიური ვითარებაა. "В битве за подмосковье Кремль поддержал Генадия Селезнева публично, в  борьбе за кресло председателя Думы - поддерживает тайно" [А. Рыклин..., 2000: 12].  "Дмитрий Аяцков попытался взорвать ситуацию изнутри, предложив назвать трех кандидатов в президенты.  Да все без толку"  [Д. Пинскер, 1998:17] . ამ მაგალითებშიც იგივე ცნებითი მეტაფორაა გამოყენებული, როგორიც ზემოთ ნახსენებში; კერძოდ, არჩევნები - ომია, სოციუმი პირდაპირი აგრესია - სოციუმი პოლიტიკა. სამივე ენიდან  მოყვანილმა მაგალითებმა გვიჩვენა, რომ ომის მეტაფორებით ახსნილია  კონკურენცია ბიზნესის სფეროშიც და  საარჩევნო კამპანიის პერიპეტიებიც. ადამიანთა დაპირისპირების ეს სფეროები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისხლისღვრას არ გულისხმობს, თუმცა, დაპირისპირებაა ისეთი მძაფრი და ძლიერი, რომ ომს წააგავს;   ეს სიმძაფრე და აგრესიულობა  მეტაფორებითაა ხაზგასმული.

როგორც ვხედავთ, კოგნიტიური და პრაგმატული ფუნქციების გადაკვეთაზე წარმოქმნილ შემეცნებით მეტაფორას  გამომსახველობითი პოტენციალიც დიდი აქვს, ამიტომ იგი  ემოციებზეც მოქმედებს და   გონებაზეც; შემეცნებითი მეტაფორა ლოგიკური არგუმენტაციის გარეშე არწმუნებს მკითხველს, ამიტომაც იგი ხშირად გამოიყენება პრესის ენაში.

ლიტერატურა

ანთაძე ი.
2001
მოვლენების განვითარების ორი შესაძლო სცენარი.,,არილი’’ N14, 9 აგვისტო
დარასელია მ.
2005
პუბლიცისტური დისკურსი, მეტაფორა და მისი განსაზღვრის თეორიული საფუძვლები. თბილისი.
Chipman J.
2000
The Battle Ahead. Newsweek,August 28.
DuBois J.W.
1980
Beyond Definiteness: The Trace of Identity in Discourse’’, in W.Chafe (ed.),The Pear Stories: Cognitive,Cultural and Linguistic Aspects of Narrative Production. Norwood.
Eisenberg D., Cooper J., Jackson D.S.
1997
Larry Ellisson:The Prince of San Mateo. Time,May 12.
Fox B.A.
1987
Discourse Structure and Anaphora in Written and Conversational English. Cambridge: Cambridge University Press.
Gundel J.
1974
The Role of Topic and Comment in Linguistic Theory’’.PhD Dissertation, University of Texas. Austin.
Halliday M.A.K.
1967
Notes on Transivity and Theme in English, Part1, ”Journal of Linguistics”, №3.
Kintsch W.,van Dijk T.
1978
Toward a Model of Text Comprehension and Production. ”Psychological Review”, №8.
Kintsch W.
1974
The Representation of Meaning in Memory. Hillsdale, NJ: Lawrence Erlbaum.
Lakoff G.,Johnson M.
1981
The Metaphorical Structure of the Conceptual System. Perspectives on Cognitive Science/Ed-d by Norman D/. Chicago: University of Chicago Press.
Lakoff G.,Johnson M.
1980
Metaphors We Live By. Chicago: University of Chicago Press.
Lambrecht K.
1994
Information Structure and Sentence Form. Cambridge: Cambridge University Press.
Ogden Ch.
1997
Goodbye To All That? Time,May 12.
Russell S. Tomlin, Linda Forrest, Ming Ming Pu and Myung Hee Kim.
1997
Discourse Semantics in Discourse as Structure and Process, Discourse Studies: A Multidisciplinary Introduction,Vol.I,edited by Teun A.van Dijk. SAGE Publications,London,Thousand Oaks,New Delhi.
Пинскер Д.
1998
Наш дом - ,,серпентарий’’. ,,Итоги вместе с Newsweek’’, 5мая.
Лакофф Дж., Джонсон М.
1990
Метафоры, которыми мы жывем. Теория Метафоры / Под ред. Н.Д.Арутюновой, М.А.Журинской/. Москва.
Рыклин А., Хитаров Д.
2000
Еще один генерал-губернатор. ,,Итоги вместе с Newsweek’’,18 января.