ქართული ტოპონიმები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე (1944-1957 წლები)

სხვადასხვა მიზეზთა გამო ოდესღაც დიდი საქართველოდან მცირე ნაწილიღა შემოგვრჩა. არსებობის განმავლობაში თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის დღენიადაგ მებრძოლ კავკასიის ამ პატარა ქვეყანას დღესაც ედავებიან იმ მიწა-წყალს, რომელზეც ათასწლეულობით ცხოვრობდა ქართველი ერი. პარადოქსია, მაგრამ საქართველო მიეკუთვნება იმ თითო-ოროლა ქვეყანათა რიცხვს, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ობიექტურ თუ  ნაკლებად ობიექტურ გარემოებათა გამო ერთიმეორის მიყოლებით კარგავდა ტერიტორიებს. აღნიშნული პროცესის საწყის ეტაპად მოვიაზრებთ XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისს (1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება), როდესაც  დამოუკიდებელი საქართველოს უნიათო ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეთმო სოჭის ოლქი (სოჭი-ტუაფსეს რაიონი), რომელიც უძველესი დროიდანვე საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის - აფხაზეთის - შემადგენლობაში შედიოდა. აღნიშნული ტერიტორიების დანაწევრება მეფის რუსეთმა მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო, როცა სამხედრო ადმინისტრაციული საზღვარი მზიმთაზე გაავლო, ხოლო 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებამ ეს საზღვარი უფრო სამხრეთით გადმოსწია და საქართველოს ჩამოაშორა გაგრის რაიონიც. ისტორიული სამართლიანობა ნაწილობრივ  აღდგა 1917 წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ამიერკავკასიის კომიტეტის სხდომამ აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გააუქმა 1904 წლის დადგენილება და გაგრის რაიონი კვლავ სოხუმის ოლქს - აფხაზეთს  - დაუბრუნა [ამიერკავკასიისა ... 1919].

განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის საინგილოს ჩამოშორება. როგორც ცნობილია,  საინგილო, რომელიც შედგება კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებისაგან, უძველესი დროიდან წარმოადგენდა ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს; დასახლებული იყო ქართველთა მონათესავე ტომებით - ჰერებით. IV-V საუკუნეებისათვის ჰერეთისა და ქართველების მჭიდრო მეზობლობამ, აგრეთვე, ქართველების მიგრაციამ ჰერეთისკენ, განაპირობა მათი გაქართველება და ქართველებთან კულტურულ-პოლიტიკური შერწყმა. XI საუკუნიდან ,,ჰერეთის" ტერიტორია კახეთის ფარგლებშია. XV საუკუნიდან სახელწოდება ,,ჰერეთი" საისტორიო წყაროებში ქრება და იგი მთლიანად ერწყმის კახეთს. XVII-XVIII საუკუნეების პოლიტიკურმა ცვლილებებმა კახეთის სამეფოში (გარეშე ძალების მუდმივი თავდასხმები, ლეკიანობა...) ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია. ქართული მოსახლეობის ფიზიკურმა განადგურებამ, გადასახლებამ, ჩრდილოეთიდან წახურელების, ხუნძების და სხვა ტომთა თარეშმა, ეს კუთხე გადაშენებამდე მიიყვანა. დარჩენილ ქართველებს ძალდატანებით ამაჰმადიანებდნენ. ყოველივე ზემოთქმულმა ეს უძველესი ქართული მიწა-წყალი თანდათანობით გაუუცხოვა დედასამშობლოს. დღევანდელი ტერმინი ,,საინგილო" XIX საუკუნეში დამკვიდრდა. გამაჰმადიანებულ ქართველს თურქულად ,,იანგილ" ერქვა, რაც ,,ახლად მოქცეულს" (ახლადგამაჰმადიანებულს) ნიშნავდა. 1921 წლიდან საინგილო ,,პოლიტიკური მოსაზრებებით" აზერბაიჯანის სახელმწიფოს გადაეცა და დღემდე მის შემადგენლობაშია. ასევე, სულ მცირე დროში, ბოლშევიკების მიერ ანექსირებული საქართველოს იურისდიქციაში შემავალი ართვინისა და არტაანის ოლქები, აგრეთვე, ლორეს მხარე მეზობელი ქვეყნების ხელში გადავიდა [ნაჭყებია, 2006: 147-148].

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დე-ფაქტოდ არსებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძირძველი ქართული მიწა-წყალი რუსეთმა ცალმხრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა; მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მხარდაჭერისა, პერსპექტივა მეტად ბუნდოვანი და დამაფიქრებელი რჩება. თანამედროვეთ და, ალბათ, მომდევნო თაობებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ტერიტორიული ,,რეაბილიტაციისათვის."

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  XX საუკუნის შუა წლებში სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით საქართველოს მიწა-წყალი საგრძნობლად განივრცო. [მენთეშაშვილი, 1990]. საქართველოს ჩრდილოეთიდან შემოუერთდა:

 

  1. დასავლეთ კავკასიონის გადაღმა, სვანეთის ჩრდილოეთით, მდინარე თებერდასა და ყუბანის ზემო წელში მდებარე ტერიტორიები (დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ნაწილი);
  2. კავკასიონის ქედის იქით, მდინარეების _ არღუნისა და ასას  _ ზემოწელში არსებული მიწები (დღევანდელი ინგუშეთის ნაწილი);
  3. ითუმ-ყალეს რაიონი (დღევანდელი ჩეჩნეთის ნაწილი).

 

         აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ცნობილი მოვლენების გამო აღმოჩნდა; კერძოდ, ყარაჩაელებს, ყაბარდოელებს, ბალყარელებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს დიდი სამამულო ომის მიწურულს საბჭოთა ხელისუფლებამ ბრალი დასდო გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობაში, სამშობლოს ღალატში, საბჭოთა მოქალაქეების გერმანელების წინაშე დაბეზღებაში, ამიერკავკასიისკენ მიმავალი გერმანელი ჯარებისთვის უღელტეხილის ბილიკების ჩვენებაში,  აღნიშნული ტერიტორიიდან ფაშისტების განდევნის შემდეგ სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებში. აქედან გამომდინარე, 1944 წლის 12 ოქტომბრის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ. კალინინისა და პრეზიდიუმის მდივნის ა. გორკინის ხელმოწერით გამოცემულ იქნა ბრძანება, რომელშიც წერია: ,,იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდა გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა მოქალაქეებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ფაშისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისაგან ბანდიტებს და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტურ დახმარებას, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

  1. ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, გასახლდეს სსრკ-ს სხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომირი ოლქი გაუქმდეს.
  2. ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის გამო... ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქის უშკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული _ ქლუხორის რაიონი, ცენტრი - ქალაქი მიქოიან-შახარი, აღნიშნულ ქალაქს შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ქლუხორი" [სსრკ უმაღლესი საბჭოს ..... 1944 : 1]

ასე გაუქმდა ყარაჩაის ავტონომიური ოლქი. ლიკვიდაციის გამო ყოფილი ოლქის უჩკულანის რაიონი, მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცა საქართველოს   სსრ-ს; აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული _ ქლუხორის რაიონი, ხოლო მთავარ ქალაქს ეწოდა ქლუხორი. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონებში ამავე მიზეზით თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან აყარეს და გაასახლეს ბალყარელებიც.  მათს საცხოვრისს ეწოდა ყაბარდოს ასსრ. ტერიტორიის ნაწილი: ელბრუსსკისა და ნაგორნის რაიონების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი კი საქართველოს სსრ-ს, ზემო სვანეთის რაიონს, შეუერთეს.

ახლადშექმნილ რაიონებში კრემლის მითითებით ხუთი ათასზე მეტი ქართველი ჩაასახლეს, ძირითადად სვანები და რაჭველები, რომლებმაც, განსხვავებით ოსებისა და რუსებისაგან, მოგვიანებით რეაბილიტირებულ მოძმე კავკასიელებს დიდსულოვნად დაუთმეს თავიანთი სახლ-კარი და ცხოვრების მოსაწყობად ხელიც კი გაუმართეს, რასაც დღესაც სიყვარულით იხსენებენ ადგილობრივები.

ასევე გააუქმეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ; თუმცა, ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია წინარეისტორიის გახსენება: ბოლშევიკების ზეობის პერიოდში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების დათმობის პოლიტიკამ  მასშტაბური ხასიათი მიიღო, ზემოთ ნახსენები ტერიტორიების გარდა, გასული საუკუნის 20-იან წლებში, ქართველმა ბოლშევიკებმა "დათმეს" საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის სექტორში გარკვეული ტერიტორია. კერძოდ, 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე ოფიციალურმა თბილისმა "დათმო" თიანეთის მაზრაში, მდ. არღუნის ხეობაში, მდებარე ქისტებით დასახლებული სოფლები: ჯარეგო, თერეთეგო, მელზესტი, ცეკარო, სახანო და სხვ. ამდენად, საზღვარი რსფსრ-სა და საქართველოს შორის სოფ. შატილიდან რამდენიმე კილომეტრში გატარდა [კილაძე, 2008: 8-9].  1928 წელს საქართველოს მთავრობა ისევ დათმობაზე წავიდა და დააკმაყოფილა ჩეჩენი ჯარეგოელების მოთხოვნა დამატებითი სათიბების გადმოცემის თაობაზე, რაც დაამტკიცა კიდეც ცაკის პრეზიდიუმმა 1928 წლის 20 აგვისტოს. შედეგად ჩეჩნეთის ფარგლებში მოექცა ალაქოს მთის უბანი. მაგრამ შატილელები არ ურიგდებოდნენ თავიანთი სათიბ-საძოვრების დაკარგვას და საქმე შეტაკებამდეც კი მივიდა. დუშეთის რაიკომი იძულებული გახდა, მიემართა ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რათა გადაესინჯა 1928 წლის დადგენილება; თუმცა გაჭიანურებულ მიმოწერას მოსკოვს, თბილისსა და გროზნოს შორის  საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომმა მოუსწრო.

1944 წლის 7 მარტს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებამ პრობლემა მოულოდნელად მოაგვარა. ამ ბრძანებულებით ჩეჩნები და ინგუშები გაასახლეს შორეულ გუბერნიებში იმავე მიზეზით, რომლითაც სხვა ჩრდილოეთკავკასიელი ხალხები. გაუქმებული ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო დანარჩენი მიწა-წყალი გადანაწილდა ჩრდილოეთ ოსეთს, დაღესტანსა და საქართველოს შორის. საქართველოს შემოუერთეს: ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. ახალი გადანაწილებით საქართველოს ფარგლებში აღმოჩნდა ოსეთის ასსრ-ს გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიც. ამ გადანაწილებით ქვეყანას, ბუნებრივია, დაუბრუნდა 1927-1928 წ.წ. რსფსრ-სადმი (ჩეჩნეთ-ინგუშებისადმი) გადაცემული სოფლები მთებით, ტყეებით, საძოვრებით, სათიბებით.

შემოერთებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ახალხევის რაიონის სახით დაფუძნდა, რომელიც მოგვიანებით, 50-იან წლების დასაწყისში, გაუქმდა და დუშეთის რაიონს შემოუერთდა; რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ ნაწილს, იგი გააერთიანეს ყაზბეგის რაიონში.

ამდენად, 1919-1921 წლებში ისტორიული საქართველოს მიწების _ სოჭის ოლქი, საინგილო, ლორეს რაიონი, ართვინისა და არტაანის ოლქები _ დაკარგვის ,,სანაცვლოდ" მოსკოვის ავანტიურული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მოსახლეობა 1944 წლისთვის 26 ათასით, ხოლო ტერიტორია 74,4 ათასი კვ. კმ-ით გაიზარდა; თუმცა, დიდი მიხვედრილობა არ უნდოდა იმას, რომ ამ ტერიტორიებს საქართველო დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა და ასეც მოხდა: 1955 წელს ქლუხორის რაიონის ტერიტორია რსფსრ-ს გადაეცა, ხოლო მოგვიანებით, 1957 წლის 9 იანვრის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მოხდა ჩეჩენი და ინგუში ხალხების რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღდგენა, რის საფუძველზეც გაუქმდა ახალხევის რაიონი და იგი სხვა ტერიტორიებთან ერთად რსფსრ-ს ჩრდილოკავკასიურ ავტონომიებს დაუბრუნდა. საქართველო-რუსეთის საზღვარი კი 1944 წლის 7 მარტამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდა.

ასეთია მოკლე ისტორია იმ მიწებისა, რომლებმაც სულ რაღაც ათიოდე წლით საგრძნობლად განავრცო საქართველოს საზღვრები.

ბუნებრივია, საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანებულ ჩრდილოკავკასიის ტერიტორიებზე მასობრივად შეიცვალა გეოგრაფიული სახელწოდებანი. კრემლის ,,ეროვნული პოლიტიკა," მსგავსად ცარიზმისა, ემყარებოდა უკვე დანერგილი და დამკვიდრებული ტოპონიმების მასობრივ გადარქმევას კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად, რაც ხშირად გამხდარა მიზეზი სხვადასხვა ეთნოსის დაპირისპირების პროვოცირებისა. ამის ნიმუშად გამოდგება შემოერთებულ ტერიტორიებზე ახალი ქართული ტოპონიმების ხელოვნურად შექმნაც.

არაქართულ მიწაზე მოხდა ყარაჩაული, ჩეჩნური, ინგუშური, ყაბარდოული, ბალყარული ტოპონიმების ჩანაცვლება ქართული გეოგრაფიული სახელებით, რაც რამდენიმე მიმართულებით წარიმართა:

 

  • ადგილობრივ ტოპონიმებს ჩაენაცვლა კომუნისტურ-იდეოლოგიური ხასიათის სახელწოდებანი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობდა, მოსახლეობისათვის გაეწია პროპაგანდა სოციალისტური წყობილების უპირატესობაზე ყველა მიმართულებით. მსგავსი პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა. ასეთებია: შრომა, ახალშენი, მზისა, ახალსოფელი, განახლება, შუქურა...
  • ჩრდილოკავკასიელი ხალხები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაასახლეს; ამიტომაც ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოსახლეობაში პატრიოტული, საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას, რასაც მედიასთან ერთად გეოგრაფიული სახელებიც ემსახურებოდა. ამით აიხსნება ზემო ბაქსანისათვის საბჭოთა კავშირის გმირის, ბალყარეთში დაღუპული კაპიტან ბუხაიძის სახელის უკვდავსაყოფად ბუხაიძის დარქმევა...
  • რადგანაც გასახლებული ეთნოსები მოღალატეებად იყვნენ გამოცხადებულნი, მათი ხსენებაც კი აიკრძალა, რასაც შეეწირა თვით საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის მებრძოლი კავკასიელი კომუნისტების სახელობის ტოპონიმებიც. სახელდობრ: სოფლის სახელი ბაიდაევი შეიცვალა თამარიანით.
  • გვხვდება არაიდეოლოგიზებული სახელებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი მახასიათებელია თვით დასახელებული პუნქტის გეოგრაფიული თავისებურებანი: შუამთა, მთისძირი, ხიდისკარი, დარიალი, თერგულა, მაღარო, ყუბანისი [საქართველოს....1949].

 

საქართველოს ამჟამინდელ ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ტოპონიმთა ცვლაზე ცნობები მხოლოდ ,,საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის" 1949 წლის ცნობარშია დაფიქსირებული. შემდგომ გამოცემებში ქართული ტოპონიმები არ სახელდება, რაც XX საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს საზღვრებიდან მათი გასვლითაა განპირობებული.

1943 წელს ყარაჩაის ავტონომიური ოლქის უჩკულანის რაიონისა და მიქოიანის რაიონის ნაწილის ტერიტორიებზე შეიქმნა ქლუხორის რაიონი, რომლის ცენტრს, ქ. მიქოიან-შახარს შეეცვალა სახელი და ეწოდა ქლუხორი. ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის" 21-ე ტომში ვკითხულობთ: ,,Клухори (б. Микоян-Шахар) - город, центр Клухорского района Грузинского ССР. Расположен на р. Кубани при впадении в нее р. Теберди на выс. 879 м. над ур. моря, на Военно-Сухумской дороге, в 65 км к Ю. от ж.-д. станции Баталпашинск и в 88 км. к С. от Клухорского перевала. Основан в 1926-1927... Имеются (1953) русская и грузинская средние школы" [Большая  ... 1953].                     

1944 წელსვე სოფ. კამენომოსტი-ს (ყოფილი ტაშკეპიური) დაერქვა ახალშენი, ხურზიკს _ ზედვაკე, უჩკულანი აულს _ მადნისხევი, ქვემო თებერდას (ყოფილი სინტი) _ მზისა, ზემო თებერდას _ თებერდა, კარტჯურტს _ მთისძირი.  1947 წელს სოფ. ჯალზიკი-ს გადაერქვა სახელი და უწოდეს ახალსოფელი, ჯინგირს _ ბარი, მაღაროს _ იალბუზი > მაღარო, ქლუხორს _ მადნისხევი > ყუბანისი, კამენემოსტ-ს _ შერთულა, დაუტს _ შუამთა, ბირლიკს _ შუქურა, ლასტოჩკას > მელნიჩნაია > ხიდისკარი. 1944 წელს ზემო სვანეთის რაიონს შემოერთებულ ყარაჩაელთა საცხოვრებელ ტერიტორიაზე: ყუბანისს _ განახლება, ბაიდაევს _ თამარიანი, გაგიშს _ იალბუზი, თეგენეკლის _ ფიჭვნარი, ზემო ბაქსანს _ ბუხაიძე.

ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის სამხრეთი ნაწილი მიერთებულ იქნა ყაზბეგის რაიონზე, სადაც სახელი შეეცვალა შემდეგ ტოპონიმებს (1944 წელს): არმხი[1] _ ახალსოფელი, ჰამეტა _ განახლება, ჯეირახი _ დარიალი, არმხისი (კურორტი) _ დარიალი (კურორტი), ფორტაუხი ხუტორი _ თამარიანი, ქვემო ოზმა _ თერგულა, ვეინახი _ მთისძირი, ზემო ოზმა _ შრომა.  1944 წლის 21 მარტის დადგენილებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ითუმ-ყალეს[2] რაიონს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ახალხევის რაიონი, ხოლო ითუმ-ყალეს რაიონის ცენტრს, სოფ. ითუმ-ყალეს _ ახალხევი. ითუმ-ყალე, მდ. არღუნის ვიწრო ხეობაში მდებარეობს და ისტორიულად ამ ხეობის შესასვლელ-გასასვლელს აკონტროლებდა. ეს კუთხე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, XVII-XVIII საუკუნის სამარხთა კომპლექსებით.

ი. ბ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ქართველთმოძულე ნ. ხრუშჩოვის ზეობის ხანაში,  ამ ტერიტორიების შენარჩუნება ყოვლად წარმოუდგენელი იყო და  1957 წელს კიდევაც  გადაეცა რუსეთის ფედერაციას; მასობრივად შეიცვალა ქართული ტოპონიმებიც; თუმცა, ქართული სახელდებანი მეტ-ნაკლებად შეცვლილი ფორმით დღესაც საკმაოდაა წარმოდგენილი, რაც ასახულია რუსულ ენაზე გამოცემულ გზამკვლევებში.


[1]  არმხი, იგივე ჯეირახი, ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია არმხის, ანუ ჯეირახის, ხეობაში. ხეობის სახელწოდებად უპირატესად ჯეირახი გამოიყენება, რომელიც უკავშირდება არაბ სარდალს ჯეირახს, რომელმაც 725 წელს დარიალის ვიწროები გაიარა და ალანიაში შეიჭრა; არმხი კი ამ ხეობას ეწოდა მდ. არმხის გამო; რუსულ ენაზე გამოცემული ინგუშური ტურისტული გზამკვლევები ამ მდინარეს ხშირად ქართული სახელდებით - ქისტეთისწყალი - მოიხსენიებენ. აქ მდებარეობს ქრისტიანული ტაძარი _ თხაბა-ერდი, რომელიც XII საუკუნეშია აშენებული საქართველოდან ჩატანილი ქვის ფილებით. ასევე მდ. ასას ხეობაში მდებარეობს ელბი-ერდისა და თარგიმის ტაძრები, რომელთა კედლებზე შემონახულია ქართული ასომთავრული წარწერები და ფრესკები.

[2] ათწლეულების განმავლობაში ქვეყნების, ერის, ენისა და ა.შ. თვითსახელწოდებანი ჩვენ გადმოგვქონდა რუსულიდან, რაც ხშირად იწვევდა უზუსტობებს. ამის ნიმუშია ,,კალა"-თი დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები: მახაჩკალა, ითუმ-კალე... რაც რუსული ფორმაა. კალა (სპარსულია, ნიშნავს ,,ციხე-"ს) იგივე სიტყვაა, რაც თბილისში არსებული ციხის დასახელებაში გვაქვს _ ნარი-ყალა; რუსებს ,,ყ" არა აქვთ და სხვა ენათა ამ ბგერას ისინი ,,კ-"თი გადმოსცემენ. მაგრამ რადგანაც ჩვენი ანბანი იძლევა საშუალებას და ეს საკითხი მოგვარებული გვაქვს, მსგავს შემთხვევებში ,," უნდა ვწეროთ და არა ,,."

ლიტერატურა

ამიერკავკასიისა...
1919
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები. ტფილისი.
კილაძე ს.
2008
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო..ასავალ-დასავალი. №47. თბილისი.
მენთეშაშვილი ა.
1990
ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან. თბილისი.
ნაჭყებია მ.
2006
ქართველთა ეთნოლინგვისტური ტერმინები. თბილისი.
საქართველოს ...
1949
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის. თბილისი.
სსრკ უმაღლესი საბჭოს....
1944
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანება, გაზ. ”კომუნისტი”, 1944 წლის 12 ოქტომბერი. თბილისი.
Большая ...
1953
Большая советская энциклопедия. Том 21. Москва.