ემოციური ცნება ბრაზის შედარებითი კვლევა ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებში

სპეციალური ფსიქოლოგიური ლიტერატურის თანახმად, ბრაზი არის მავნე, დამღუპველი ემოცია, რომელსაც ბადებს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შებოჭილობის გრძნობა. ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონებში ემოცია anger შემდეგ დეფინიციებს ვხვდებით: Oxford Advanced Learner's Dictionary -ს მიხედვით, იგი განმარტებულია, როგორც „the strong feeling that you have when something has happened that you think is bad and unfair" [Oxford..., 1995: 40] . Collins Cobuild English Language Dictionary კი ბრაზის შემდეგ განმარტებას გვაძლევს „Anger is the strong emotion that you feel about an action or situation which you consider unacceptable, unfair, cruel or insulting, and about the person responsible for it" [Collins..., 1992: 49]. Longman Dictionary of English Language and Culture-ის თანახმად, ბრაზი არის „strong and sometimes violent feeling of displeasure, usually leading to a desire to step or hurt the person or thing causing it"[Longman 1992: 50]. Random House Dictionary-ში, ბრაზის მნიშვნელობა შემდეგია: „A strong feeling of displeasure and belligerence aroused by a wrong; wrath ire" [The Random..., 1987: 45]. ამგვარად, ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბრაზი არის უსიამოვნების ძლიერი გრძნობა, რომელსაც იწვევს ცუდი,  მიუღებელი, სასტიკი და შეურაცხმყოფელი შემთხვევა და რომელსაც მივყავართ მისი გამომწვევი პიროვნებისათვის ტკივილის მიყენებამდე.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ბრაზი არის ,,ძლიერი გაჯავრება, ძალზე გულის მოსვლა, გახელება"[ქართული... 1962: 63]. სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით კი ბრაზი არის ,,სიცოფე ძლიერი". [ორბელიანი, 1991: 113]

Словарь современного русского литературного языка ბრაზს განმარტავს, როგორც ძლიერი აღელვების, აღშფოთების გრძნობას (чувство сильного возмущения, негодования) და ასევე სიბრაზისა და გაღიზიანების მდგომარეობას  (состояние раздражения, озлобления). აქვე მოცემულია ბრაზით გამოწვეული მდგომარეობა - განრისხება (вспышка гнева) და ბრაზის მორევა (порыв гнева). აღნიშნულ ლექსიკონში ვხვდებით ასევე ბრაზის ტიპს, სახელდობრ,  царский гнев-ს [Словарь Современного..., 1961: 35].

Словарь русского языка ზემოხსენებული ლექსიკონის იდენტურ განმარტებას გვთავაზობს. აქაც ბრაზი ძლიერი აღელვებისა და აღშფოთების გრძნობაა (чувство сильного возмущения, негодования) [Словарь Русского..., 1981:41]. Словарь русского языка აღნიშნული ემოციით გამოწვეულ მდგომარეობასაც ასახელებს, კერძოდ, განრისხებას (Вспышка гнева, быть в гневе). Толковый словарь русского языка ბრაზს განმარტავს, როგორც ძლიერი აღელვების, აღშფოთებისა და გაღიზიანების გრძნობას (чувство сильного негодования, возмущения, раздращения) [Толковый словарь ..., 1940: 51].

რუსული ენის განმარტებით ლექსიკონებში ბრაზის დეფინიციების განხილვის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ ბრაზი არის ძლიერი გრძნობა, რომელიც იწვევს აღელვებას, აღშფოთებასა და გაღიზიანებას. მოყვანილია, ასევე, ფრაზები, რომლებიც გამოხატავენ ამ ემოციის შედეგად განცდილ მდგომარეობას - განრისხებასა და ბრაზის მორევას. 

ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებში სალექსიკონო დეფინიციების განხილვის  შედეგად შეგვიძლია გავაკეთოთ ზოგადი დასკვნები. ემოციური ცნებები anger, ბრაზი და гнев სამივე ენაში მიჩნეულია, როგორც ძლიერი ემოცია/გრძნობა. აღნიშნული ემოციის ნეგატიურ ბუნებაზე ხაზგასმა კეთდება მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებში. ემოციის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს ინგლისური ენის ლექსიკონები, ხოლო ქართულსა და რუსულ ენებში მიზეზები დასახელებული არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ სამივე ენაში მოცემული სალექსიკონო დეფინიციები გარკვეულწილად იდენტურია ფსიქოლოგ პ. ეკმანის [Ekman, 1980: 69] მიერ მოწოდებული განმარტებისა, რომელშიც იგი ბრაზს ახასიათებს, როგორც გაღიზიანებისა (იხ. რუსული დეფინიცია) და უსიამოვნების (იხ. ინგლისური დეფინიცია) ძლიერ გრძნობას (იხ. ქართული, ინგლისური, რუსული დეფინიციები). ის ფაქტი, რომ  ემოცია ბრაზი ფსიქოლოგიურ ლიტერატურაზე დაყრდნობით ხასიათდება განსხვავებული ინტენსიურობით, დაწყებული უბრალო გაღიზიანებით, დამთავრებული მძვინვარებითა და რისხვით,  აისახება ენობრივ დეფინიციებშიც. კერძოდ, ინგლისურ ენაში ინტენსივობა გამოიხატება შემდეგნაირად: displeasure - violent - belligerence, ქართულში - გულის მოსვლა - გაჯავრება - გახელება - გაცოფება, რუსულ ენაში раздражение, возмущение, негодование, озлобление. შედარების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო სამივე მოცემული სალექსიკონო დეფინიციებისათვის არის ის, რომ ყველა მათგანი დასახელებულ ემოციას მიიჩნევს ძლიერ გრძნობად, რომელიც ხასიათდება გარკვეული ინტენსიურობით (იხ. ცხრილი # 1).

ცხრილი № 1

ემოციის აღმნიშვნელი ცნებების სტრუქტურა ბევრი მეცნიერის მიერ წარმოდგენილია, როგორც რამდენიმე საფეხურისგან შემდგარი სცენარი.

ლეიკოფი და კოვეშეცი [Lakoff, 1987:87] anger-ს აღწერენ, როგორც მოვლენათა გარკვეულ მიმდევრობას:

ბრაზის მიზეზი;

ბრაზის არსებობა;

ბრაზის კონტროლირების მცდელობა;

ბრაზზე კონტროლის დაკარგვა;

სამაგიეროს გადახდა.

 

ფსიქოლოგები ბრაზს რამდენიმე საფეხურიანი სცენარის მიხედვით ახასიათებენ:

 

ბრაზის ოთხი საფეხური:

ბრაზის წინა, ანუ მოსამზადებელი, პერიოდი, როდესაც წარმოიშვება უთანხმოება;

გაცხელების პერიოდი - აღნიშნულ ეტაპზე ადამიანი ემოციურად ხდება ჩართული;

აფეთქება (outburst), როდესაც ადამიანი კარგავს მოთმინებას;

შედეგები - გაცხარება.

 

ბრაზის საფეხურები:

ბრაზის მიზეზები-ბრაზის მიზეზი შეიძლება იყოს უმნიშვნელო. იგი შეიძლება გამოიხატოს რაიმეს გადაჭარბებითა თუ ფიზიკური დისკომფორტით;

ზიანის გამომწვევი შემთხვევა  - ბრაზი შეიძლება წარმოიშვას როგორც რეაქცია რაღაც შემთხვევაზე;

ბრაზის გაჩენა - ადამიანი განიცდის ფიზიოლოგიურ დისკომფორტს: სხეულის ტემპერატურისა და შინაგანი წნევის მომატებას;

კონტროლის მცდელობა, როდესაც ადამიანი ცდილობს შეიკავოს ბრაზი;

კონტროლის დაკარგვა - ადამიანი კარგავს კონტროლს თავის თავზე;

დასჯის აქტი.

 

ბრაზის ხუთი საფეხური:

გაღიზიანება;

აღშფოთება;

მრისხანება;

გაშმაგება;

მძვინვარება.

 

ზემოდასახელებული სცენარების შეჯერებული ვარიანტი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ  ცხრილის სახით (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი  2

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრაზს იწვევს ცუდი, უსიამოვნო, მიუღებელი, სასტიკი და შეურაცხმყოფელი შემთხვევა, უსამართლო მოპყრობა და, ასევე, დასახული მიზნის გზაზე არსებული ნებისმიერი დაბრკოლება.

ბრაზის არსებობა ხასიათდება რიგი ფიზიოლოგიური თუ ექსპრესიული ცვლილებებით. ასახელებენ სხეულის ტემპერატურის, შინაგანი წნევისა და გულის ცემის მომატებას, ასევე გაქცევისა ან ბრძოლის ჰორმონების გამოყოფას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგების მიერ დადგენილია, რომ ბრაზის დროს ადამიანი გრძნობს, თუ როგორ უდუღს სისხლი, ალმური ასდის სახეზე. აქედან გამომდინარე, ენაში ბრაზთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებში ვხვდებით სიტყვებს სისხლი, გული. თედო სახოკია გულთან დაკავშირებით აღნიშნავს: ,,როცა კაცი აღშფოთებულია ბრაზისგან, გულმოსულია, შეშინებულია ან კიდევ გახარებული, ეს სულიერი განცდა, პირველყოვლისა, მოქმედებს გულზე, აფორიაქებს მას, არღვევს მის წონასწორობას, გამოჰყავს იგი დამშვიდებული მდგომარეობიდან: გული საგულეში აღარ ჩერდება, ბუდეში ვეღარ ეტევა, ბორგავს, გარეთ განოხტომას ლამობს!" [სახოკია, 1979: 113].

 ქართულ ენაში სიტყვა გული რიგ ზმნებთან შესატყვისობაში გამოხატავს სიბრაზისგან გამოწვეულ ემოციურ მდგომარეობა: გულზე გახეთქვა, გულის  მოსვლა, გულზე ცეცხლის მოკიდება, გულის ადუღება, გულის გასივება,  გულის ყელში მობჯენა, გულის ყელში გაჩრა, გულის აყოლება, ბრაზის გულშივე ჩაკვლვა .  თ. სახოკია აღნიშნავს: ,,ძალიან გაბრაზების დროს სული გვიგუბდება და ისეთ გრძნობას განვიცდით, თითქო გული ბუდიდან დაიძრა, ყელში მოგვებჯინა ან შიგ ჩაგვეჩარა და გარეთ გამოსვლას ჰლამისო" [სახოკია, 1979: 117].

ეს ემოციები ინგლისურ ენაში აისახება შემდეგ გამონათქვამებში: to flush with anger; to burn with anger; someone's blood is up; to make one's blood boil; flame with anger; fire someone with anger; blow a gasket/stack/fuse; flash with anger.  რუსულ ენაშიც  ვხვდებით იდენტურ გამონათქვამებს: у него кровь кипит. მსგავსი გამონათქვამები არის ქართულ ენაშიც, სახელდობრ: ავენთე და დავენთე, ალმურის მოკიდება, სისხლი უდუღს, სისხლის ყელში მობჯენა. როგორც შევნიშნეთ, სამივე ენისათვის საერთოა ბრაზის გამოხატვა სემა სისხლის გამოყენებით და საგულისხმოა ასევე, რომ ზმნა, რომელსაც ეთანხმებიან, ასევე იდენტურია (სისხლი უდუღს, кровь кипит, blood boils).

ქართულ ენაში ბრაზის მდგომარეობას, რომელიც გამოხატულია სისხლის ყელში მობჯენით,  ზუსტი ექვივალენტი არ აქვს ინგლისურ და რუსულ ენებში, თუმცა, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ინგლისური გამონათქვამი blood is up სემანტიკურად რამდენადმე შეესაბამება მას, თუ შედარების კრიტერიუმად ავიღებთ სისხლის მოძრაობას ქვემოდან ზემოთ. მოცემული ფრაზებისა და იდიომების განხილვისას ცხადი ხდება, რომ ბრაზის კოგნიტური მეტაფორები, კერძოდ ბრაზი, როგორც ცხელი სითხე კონტეინერში და ცეცხლი, საერთოა მოცემული ენებისათვის (იხ. ცხრილი  3).

ცხრილი  3

ამრიგად, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ცნება ბრაზის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლები აისახება სამივე ენის ფრაზეოლოგიასა თუ იდიომატურ გამონათქვამებში.  შეგვიძლია ასევე დავასკვნათ, რომ ემოცია ბრაზის კონცეპტუალური სფერო მოცემულ იდიომებზე დაყრდნობით იდენტურია ქართული, რუსული და ინგლისური ენებისათვის.

ბრაზი რუსულ ენაში ასოცირდება დაბრმავებასა  და დამუნჯებასთან.  აღნიშნულის გამოსახატავად გამოიყენება შემდეგი მეტაფორები: ослепленный злобой; гнев ослепил меня; закатив глаза; ничего не видя перед собой; налитые кровью глаза; гнев застилал глаза; глаза косят от злости.  ამ ემოციურ მდგომარეობას ასახავს შემდეგი ინგლისური ფრაზებიც: blind with anger (სიბრაზისგან დაბრმავება); to be speechlesly angered (სიბრაზისგან დამუნჯდა, ენა ჩაუვარდა).

ინტენსიურობა შეიმჩნევა, ასევე, იმ ზმნებშიც, რომლებიც გამოხატავენ აღნიშნული ემოციით გამოწვეულ მდგომარეობას მეტაფორა ,,ცეცხლის" საშუალებით: fire/flare/blaze up. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული ზმნები ასევე გამოხატავენ ბრაზის სტადიებს - საწყისი (blow a gasket/stack/fuse), საშუალო (fire /flare/ flame/blaze up), ბოლო (burn).

ადამიანი ყოველთვის არ ავლენს ბრაზს. გარკვეულ შემთხვევებში იგი ცდილობს, თავის თავში ჩაახშოს და არ მისცეს მისი გამოვლინების საშუალება. ინგლისურ ენაში მსგავსი მცდელობის გამომხატველია შემდეგი ფრაზები: suppress one's anger; turn one's anger inward; to keep anger bottled up inside somebody.

ბრაზი ქართულ ენაში შედარებულია ჭურჭელთან, რომელიც შეიძლება აივსოს ან დაიცალოს. ამის გამომხატველია მოთმინების ფიალა/თასი დაეცლება/აევსება. რუსულ ენაშიც ვხვდებით მსგავს შედარებას - чаша терпения переполнилось. ინგლისურ ენაში ემოცია ბრაზის მეტაფორა, ჭურჭელი არ გვხვდება. ქართულ ენაში ბრაზის მდგომარეობას გამოხატავს ზმნები - დაცლა - შევსება, რუსულში - მხოლოდ შევსება.

ქართულ და ინგლისურ ენებში მოთმინების დაკარგვას გამოხატავენ, ასევე, ბეწვი/ძაფი გაუწყდება, one's patience wears thin.

ბრაზი ,,მოწინააღმდეგეცაა". ამ მეტაფორის ფარგლებში ბრაზი განიხილება, როგორც უარყოფითი ემოცია, რომელსაც მივყავართ არასასურველ ფიზიოლოგიურ ეფექტებამდე. იგი არღვევს ადამიანის ნორმალურ არსებობას და წარმოადგენს საფრთხეს, როგორც სუბიექტისათვის, ასევე გარშემომყოფთათვისაც. მოცემული მეტაფორა აქტუალურს ხდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის კონტროლისა და თვითკონტროლის დაკარგვის საფრთხის პრობლემას: сдерживать гнев, злость захватывает раздражение; бороться со злостью; сдерживать раздражение; овладеть собой; одолевать негодование; не поддаваться злобе; одолел гнев; охватило безумие; противостоять своему гневу.

ბრაზი არის სიგიჟე, რომელიც კონტროლს აკარგვინებს ადამიანს. ამას გამოხატავს შემდეგი ფრაზები: go wild, start raving; flail smb's arms; foaming at the mouth; go out of mind; tear smb's hair out; bang smb's head against the wall.

ბრაზი, როგორც ,,სიგიჟე," შესაძლებელია, დავახასიათოთ, როგორც ცოფი. მსგავსი კოგნიტური მეტაფორა არ გვხვდება ლეიკოფთან და კოვეშეჩთან. ინგლისურ ენაში ბრაზს, როგორც ცოფს, გამოხატავს to foam with anger; foam at the mouth, რუსულში - быть в бешенстве, говорить с пеной у рта, ხოლო ქართულში - პირიდან ცოფების ყრა, დორბლების წამოყრა.

გაბრაზებული ადამიანი წააგავს მხეცს, რომელიც ვეღარ აკონტროლებს თავს. ამის გამომხატველია: fericous temper;  to arouse one's anger; unleash one's anger; get anger out of one's hand.

ბრაზი გააზრებულია, როგორც  ცხელი სითხე კონტეინერში (Anger is a hot fluid in a container). ეს არის პირობითი მეტაფორა, რომელშიც ბრაზი წარმოდგენილია, როგორც ცხელი სითხე, კერძოდ, ხაზგასმულია  ტემპერატურის ცვლილება, სითხის დონე გულისხმობს ბრაზის ინტენსივობის ცვლილებას; სითხის მოცულობა - ბრაზის კონტროლს, ხოლო სითხის აფეთქება - კონტროლის დაკარგვას.

რუსულ ენაში ბრაზი არის სტიქია (ცეცხლი, წყალი): вспыхнул гнев; подлить масла в огонь; тлеет злоба; разгорается злость; захлестнула злость; закипеть от ярости; наполниться раздражением; переполнить чашу терпения; лопаться от злости; выплеснуть ярость; кровь кипит от негодования; точка кипения; довести до белого каления; взволновать, остывать после вспышки гнева; кипеть/закипать от гнева.

ბრაზი არის ჭექა-ქუხილი. რუსულ ენაში გამოიყოფა ამ ემოციისათვის უნიკალური მეტაფორული სახე, რომელიც აერთიანებს ცეცხლსა და წყალს - ჭექა-ქუხილი, ღრუბელი. ბრაზი არის სტიქიური, უმართავი მდგომარეობა, რომელიც მოულოდნელად შეიპყრობს და დაიმორჩილებს ადამიანს. იგი  შეესაბამება წამიერ აფეთქებას და წვას: взгляд туманится гневом и начинает извергать молнии; гнев, настоящий гнев засверкал в его глазах; метать громы и молнии: воспламеняется гневом; загоревшимися гневом черными глазами; пылающее от гнева лицо; судя по глазам, гроза была не за горами.

ბრაზის ემოციურ მდგომარეობას, ასევე, გამოხატავს მოთმინების შემცველი ფრაზები, რომლებიც გვხვდება სამივე ენაში,  რუსულში - терять терпение, ინგლისურში - to lose one's temper/patience; to run out of patience,  ქართულში - მოთმინების დაკარგვა.

ინგლისურ ენაში მოთმინების მნიშვნელობით იხმარება როგორც patience, ასევე - temper. ზმნები, რომლებიც ბრაზის მდგომარეობას ასახავენ, გამოხატულია არა მხოლოდ ზმნა დაკარგვით, როგორც ეს არის მოცემული ქართულ და რუსულ ენებში, არამედ ასევე to run out-ის მეშვეობით.

ბრაზის გამომხატველია, ასევე, ფრაზები to be out of temper. ბრაზის მდგომარეობაში ჩავარდნას გამოხატავენ to get, to fly, to go into a temper.

სამივე ენაში იდენტურია ბრაზის გამომხატველი შემდეგი ფრაზები: to exhaust smb.'s patience, მოთმინება დაელევა და чье-л. терпение истощается, вывести кого-л. из терпения, ასევე, терпение лопнуло, მოთმინებიდან გამოყვანა.

სიბრაზის თანმხლებ კინემატურ გამოვლინებებს გამოხატავს ზმნა to clench  არსებით სახელებთან  (fist, teeth, hand)  შესიტყვებაში. ქართულ ენაში კბილების ღრჭენა/კრაჭუნი, ლესვა, შუბლგაუხსნელი, შუბლის შეკვრა, რუსულში - сжимать кулак, зубы. მსგავსი კინემატური გამოვლინება ქართულ ენაში გამოიხატება ზმნებით კრაჭუნი, ღრჭენა და ლესვა.

ინგლისელთა აღქმით, ბრაზი ხანმოკლე ემოციაა: dies quickly in a good man, anger grows old fast, თუმცა მისი შედეგი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს: anger is a brief madness, but it can do damage that lasts forever. ამ ემოციის ნეგატიურ ბუნებაზე მეტყველებს შემდეგი ფრაზები: anger is a sworn enemy, anger and haste hinder good counsel და სხვ. ინგლისური კულტურა anger-ს ადარებს ქარს, რომელიც გონებიდან დევნის ყოველგვარ ნათელს (anger is a wind that blows out the light of the mind).

ბრაზის დასაძლევად ინგლისური ენის ლექსიკა გვაწვდის შემდეგის სახის რჩევებს: kill your anger while it's hot, sleep with your anger. ამ ემოციის ხანმოკლე ბუნებაზე მეტყველებს  ფრაზები, რომ ათამდე დათვლასა და ანბანის 26 ასოს ჩამოთვლაში ბრაზიც გაივლის: if you are angry count to ten, when in anger say the alphabet.

ქართულ ენაში ბრაზზე არსებული გამონათქვამებიდან გვხვდება ისეთებიც, რომლებიც ქართულ კულტურასთან მჭიდრო კავშირს ავლენს. ქართულ ენაში ბრაზის გამომხატველი ფრაზები გემოს შეგრძნებებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა გაპილპილება, გაწიწმატება. მსგავსი პარალელი არ გვხვდება რუსულსა და ინგლისურ ენებში.

რუსული ენისათვის სპეციფიკურია ბრაზის სახეობა -  царский гнев, რაც ქართულსა  და ინგლისურ ენებში არ გვხვდება.

ამრიგად, ჩვენი გახილვის საგანს წარმოადგენდა ფსიქოლოგიური და ენობრივი თვალსაზრისით იმ ემოციის განხილვა, რომელიც ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებში სახელდება სიტყვებით anger/ბრაზი/ гнев. ფსიქოლოგთა განმარტებით. სამივე ენაში ვხვდებით ფრაზეოლოგიურ ერთეულებს, რომლებიც: ასახავენ აღნიშნულ ემოციას;  გამოხატავენ ამ ემოციის თანმხლებ ფიზიოლოგიურ გამოვლინებებს;  ინგლისურ ენაში, ასევე, ვხვდებით ანდაზებს, რომლებიც რჩევას აძლევენ ინდივიდს, თუ როგორ დააღწიონ თავი სიბრაზის გრძნობას. 

ლიტერატურა

Ekman
1980
Universals and cultural differences in facial expressions of emotion. University of Nebraska Press.
Lakoff, Kovecses
1987
Lakoff G., Kövecses Z.The cognitive model of anger inherent in American English // Cultural models in language and thought. Cambridge: Cambridge University Press.
ორბელიანი s.-s.
1991
ლექსიკონი ქართული. თბილისი.
Oxford ...
1995
Oxford Advanced Learner’s Dictionary, AS Hornby, Fifth Edition, Oxford University Press.
The Random
1987
The Random House Dictionary of the English Language, Second edition, New York.
სახოკია თ.
1979
ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი. თბილისი.
ქართული...
1962
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი.
Словарь Русского...
1981
Словарь Русского Языка в четырех томах. Москва.
Словарь Современного ...
1961
Словарь Современного Русского Языка. Москва, Ленинград .
Collins ....
1992
Collins Cobuild English Language Dictioanry, Collins London and Glasgow.
Longman ...
1992
Longman Dictionary of English Language and Culture.