„არ“, „ც“, „კი“ ნაწილაკები ქართულში და მათი შესაბამისობები ინგლისურში
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში „კი" და „ც" ნაწილაკების ფუნქციები, ძირითადად, განიხილება მტკიცებით კონტექსტში და არ არის შესწავლილი მათი ფუნქციები უარყოფით კონტექსტში. ისინი ლიტერატურაში განხილულია მხოლოდ ზმნებთან მიმართებით [შანიძე, 1973: 610-613; ჯორბენაძე... 1984: 140-141], სახელებში კი უარყოფის მაწარმოებლად ითვლება ცირკუმფიქსები (უ-ო, უ-ურ) და უარყოფითი პრეფიქსი „არა" [ჯორბენაძე... 1984: 136-149].
სტატიის ფარგლებში შევეცადეთ, დაგვესაბუთებინა, რომ ქართულში, ზმნური უარყოფის გარდა, სინტაგმის დონეზე არსებობს სახელური (არსებითი, ზედსართავი სახელებისა და ზმნიზედის) უარყოფაც. ამასთანავე, განვიხილეთ, თუ რა ფუნქციები აქვთ „ც" და „კი" ნაწილაკებს უარყოფით კონტექსტში. კვლევის შედეგების თანახმად, „ც" ნაწილაკი იძლევა შკალარული პრედიკაციის მოდელს [Horn, 1989: 121-174], „კი" ნაწილაკს კი შემოაქვს პრესუპოზიცია. და ბოლოს, განხილული გვაქვს ლექსიკური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ხდება იმავე ფუნქციების გადმოცემა ინგლისურში.
კვლევა ჩატარდა ქართული და ინგლისური ენების შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე. ემპირიულ მასალას წარმოადგენს ქართული მხატვრული ტექსტები და მათი შესაბამისი ინგლისური ტექსტები. გამოყენებულია ფუნქციური ანალიზის მეთოდი, რომელიც კვლევის ობიექტს განიხილავს სიტუაციურ კონტექსტში და შეისწავლის მის მნიშვნელობებს სხვადასხვა სიტუაციაში.
ბოლო წლებში უარყოფის სინტაქსური და სემანტიკური თეორიების შესწავლას ცენტრალური ადგილი უკავია ლინგვისტიკაში. უარყოფა არის უნივერსალური მოვლენა, თუმცა, მისი გამოხატვის საშუალებები და ინტერპრეტაცია ენათა მიხედვით განსხვავებულია. გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ნაწილაკების ფუნქციების შესწავლა, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ გრამატიკული კატეგორიები და მათი გამოყენება ხდება განსხვავებულ კონტექსტში [Arnold, 1985: 283-305, Jespersen, 1992: 91-92]. ნაწილაკები ხშირად გამოხატავენ კონტექსტუალური მნიშვნელობის ნიუანსებს და ადრესატის დამოკიდებულებას გამოთქმული მოსაზრების მიმართ. შესაბამისად, მათ დიდი პრაგმატული დატვირთვა გააჩნიათ, გამოხატავენ ილოკუციურ ძალას (ადრესატის ინტენციას), აძლიერებენ ან ასუსტებენ მას.
უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, თუ რომელი ერთეულები მიეკუთვნება ნაწილაკების ჯგუფს. ტექსტის დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაწილაკების კლასი გაფართოვდა და ლინგვისტები ამჟამად შეისწავლიან დისკურსის ნაწილაკებს/მარკერებს, რომლებშიც, ცალკეული ლექსიკური ერთეულების გარდა, შედის სიტყვათა შეთანხმებებიც. ინგლისურში ბევრი კვლევაა ჩატარებული ნაწილაკებზე, ტექსტში მათი ფუნქციების შესწავლაზე. გამოკვლეულია ზმნიზედები, კავშირები, შორისდებულები: „only" და „even" ნაწილაკების პრესუპოზიციური ასპექტები (Horn, 1969: 98-107), უარყოფითი პოლარული ნაწილაკების - „yet", „anymore", „either" და „neither" - გამოყენებისა და ლიცენზირების პირობები [Levinson, 2008], ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი სემანტიკური მახასიათებლები [Hajiyev, 2008: 432-441], „even"-ის სკალარული მახასიათებლებისა და პრესუპოზიციის როლი პოლარული მგრძნობელობის „even"-ის ფორმირებაში [Giannakidou, 2007: 39-81] უარყოფა და კონტრასტი გამოხატული კავშირით „მაგრამ" [Blakemore, 1989: 15-37] და ა.შ.
ქართულში „ც", „კი" და „არ" ნაწილაკების კომბინაციური ფორმებია: „არც", „არც კი", „კი არც", „...ც კი არ", „კი...ც არ", „კი არ", „...ც არ". „ც" ნაწილაკი შეიძლება დაერთოს სახელს, ზმნას, ზმნიზედას და ნაწილაკსაც (არ-ც). „კი" ნაწილაკი კი დგას ცალკე.
ქართული ენის მოეფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონის თანახმად, „-ც" და „კი" ნაწილაკებს აქვთ სხვადასხვა ფუნქცია. კერძოდ, „ც" ნაწილაკი: კითხვითი ნაცვალსახელისა და ზმნისართისაგან აწარმოებს მიმართებით ნაცვალსახელს ან ზმნისართს; აძლიერებს სიტყვის მნიშვნელობას; გამოხატავს დამატებითობას, იმავეს, რასაც „აგრეთვე" ფორმა [ჯორბენაძე... 1988: 454].
ლექსიკონში არაფერია ნათქვამი ამ ნაწილაკის ფუნქციაზე უარყოფით კონტექსტში, სადაც „ც" ნაწილაკი კონტექსტუალურად შეიძლება იხმარებოდეს მეორე და მესამე ფუნქციით - უარყოფის გამაძლიერებელი და დამატებითობის ფუნქციებით.
განვიხილოთ „არ" და „ც" ნაწილაკების კომბინაცია - „არც". იმავე ლექსიკონის თანახმად, მისი ფუნქციებია: გამოხატავს კატეგორიულ უარყოფას, იმპერატივს; მიუთითებს ვინმეზე, რაიმეზე ან რაიმე ქმედების შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს; გამორიცხავს რაღაცის დაშვებას; გამორიცხავს რამდენიმე ერთეულს [ჯორბენაძე... 1988: 454].
უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი შეეხება ზმნურ უარყოფას. გარდა ამისა, ლიტერატურიდან მოყვანილი მაგალითების საფუძველზე, შეიძლება გამოვყოთ აღნიშნული ნაწილაკის დამატებითი ფუნქციები და კონტექსტუალური მნიშვნელობები. კერძოდ, „არც" ნაწილაკი გამოიყენება სახელის მარკირებისა და უარყოფისას, ანუ აქვს სახელური უარყოფის გამოხატვის ფუნქცია:
- არც ნათქვამი და არც დასანახი არ გამოეპარებოდა [შატბერაშვილი, 1985: 85].
Nothing could escape his sight or hearing [Shatberashvili, 1978: 60].
ქართულში ორმაგი უარყოფა, „არც" ნაწილაკით მარკირებული „ნათქვამი" და „დასანახი", ინგლისურში გამოხატულია ერთჯერადი უარყოფით - ნაცვალსახელით „nothing".
„არც" ნაწილაკი შეიძლება იყოს „არ" ნაწილაკთან კომბინაციაში: - სადაც სიკვდილი არ შეაბოტებს, იქ ხომ არც სიცოცხლეა [შატბერაშვილი, 1985: 38].
Where there is no life there is no death. [Shatberashvili, 1978: 26].
სახელური უარყოფა „არც სიცოცხლეა" გამოხატულია კერძო უარყოფით - „no life".
„არ...არც" შეიძლება გამოხატავდეს დამატებითობას უარყოფით კონტექსტში: - სოფლის გზაზე ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. არც ეზოებში ჩანდა ვინმე [შატბერაშვილი, 1985: 25].
Not a single soul was to be seen on the village road. Nobody could be seen in the yards either [Shatberashvili, 1978: 17].
კერძო უარყოფა „არც ეზოებში" ინგლისურში გადმოცემულია ნაცვალსახელით „either". - ...ჯერ არც თვითონ სჯერა, თუ მის წინ სოფლის თვალი და იმედი კოხტა თენგო ბიჭი ასვენია [შატბერაშვილი, 1985: 132].
Even he himself could not believe yet, that Tengo, the pride and hope of the whole village, was lying dead before him. [Shatberashvili, 1978: 98].
ამ შემთხვევაში ქართულში კატეგორიული უარყოფა ინგლისურში გადმოცემულია „even...not", სადაც „even"-ით ხდება აკეთებს მოქმედი პირის მარკირება /"he"/.
„არც" ნაწილაკი შეიძლება იძლეოდეს კოგნიტური შკალის მოდელს [Fauconnier, 1975: 188-99] პრედიკატების მზარდი/კლებადი თანმიმდევრობით და შკალის მინიმალური ერთეულის უარყოფას. - ჩემსკენ არც გამოუხედავს [დოლენჯაშვილი, 2005: 12].
He didn't even look at me [Dolenjashvili, 2006: 141].
„არც გამოუხედავს" გულისხმობს, რომ კონტექსტუალურად მოსალოდნელი ქმედება იყო „გამოხედვა". ინგლისურში აღნიშნული გამოხატულია ზმნური უარყოფითა და ზმნიზედის გამოყენებით - „n't even".
„არც" ნაწილაკი, გარდა სახელური უარყოფისა, დროის გარემოებასთან ერთად შეიძლება გამოხატავდეს უარყოფის ტემპორალურ ასპექტს: - ასეთი რამ არ მომხდარა...თუმცა ასეთი რამ არც არასდროს მომხდარა (საუბ.).
„არც" ნაწილაკი შეიძლება გამოხატავდეს რაოდენობისა და ჯერადობის მინიმალური ერთეულის უარყოფას: - არც ერთს არ დაუხუჭავს თვალი ჩვეულებრივი სიკვდილით... [შატბერაშვილი, 1985: 6].
Neither died a natural death ... [Shatberashvili, 1978: 3].
აღნიშნულ უარყოფას ინგლისურ პარალელურ ტექსტებში შეესაბამება, ძირითადად, „no", „nothing", „even...not", „n't even", „would not", „neither", „either", „neither ... nor" ერთეულებით გამოხატული უარყოფა.
ქართული ენის მოეფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონის მიხედვით, „კი" ნაწილაკის ფუნქციებია: მტკიცებითი; გაძლიერებითი; დაპირისპირებით; დაეჭვებითი [ჯორბენაძე ... 1988: 260].
აქაც ნაწილაკის ფუნქციები განხილულია მხოლოდ დადებით კონტექსტში. „კი" ნაწილაკი უარყოფით კონტექსტში შეიძლება გამოხატავდეს გაძლიერებით და დამაპირისპირებელ ფუნქციებს. გარდა ამისა, „არც კი" კომბინაციაში „კი" ნაწილაკი უარყოფს ისეთ რამეს, რისი დაშვების პრესუპოზიციაც არსებობს კონტექსტში:
„არც კი დაფიქრებულა" (საუბ.). ამ ფრაზაში გადმოცემულია მოლოდინი, რომ მინიმალური შესაძლო ქმედება იყო დაფიქრება და ისიც არ შეასრულა. - „მაგრამ კალატოზს ზემოთ არც კი აუხედავს, არც არაფერი უთქვამს, თითქოს თავადის ხმა არც გაეგონის" [შატბერაშვილი, 1985: 12].
"But the mason did not even look up, he did not utter a word, it was as if he had not even heard the Prince's voice" [Shatberashvili, 1978: 8].
არსებობს მოლოდინი, რომ თავადის ნათქვამზე მას უნდა ჰქონოდა რაიმე რეაგირება, თუნდაც გაეხედა მისი მიმართულებით, მაგრამ მან ესეც არ გააკეთა. ანუ, უარყოფილია კონტექსტუალურად მოსალოდნელი მინიმალური რეაგირება. ინგლისურში უარყოფა გამოხატულია უარყოფითი ნაწილაკით /ზმნური უარყოფა/ და ზმნიზედით - „n't even". - -რა ვქნა, რითი დაგარწმუნო, რომ მე არც კი შევსულვარ მირცას ოთახში [ჯანდიერი, 1995: 41].
How can I prove that I never entered Mirtsa's room [Jandieri, 2006: 53].
იგულისხმება, რომ სუბიექტს კონტაქტი არ ჰქონია მირცასთან, მინიმალურ ქმედებად აღებულია „ოთახში შესვლა". ინგლისურში გვაქვს ზმნიზედა „never". - გათენებას აღარაფერი აკლდა, ღვინის სმაში შეჯიბრებული ყმაწვილკაცობა კი ჯერ ადგომას არც კი აპირებდა [კლდიაშვილი, 1989: 68].
It was near dawn, but the young people carried away by a drinking competition, showed no intention of ending the feast [Kldiashvili, 2003: 134].
პირველ შემთხვევაში „კი" ნაწილაკით ხდება „ყმაწვილკაცობის" მარკირება, „არც კი" უარყოფს მოსალოდნელი ქმედებებისაგან მინიმალურს, კერძოდ, „ყმაწვილკაცობა გამთენიისას მაინც უნდა დაშლილიყო". ინგლისურში გვაქვს კერძო უარყოფა „no".
განხილული მაგალითების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ „არც კი" გამოხატავს მოსალოდნელი შესაძლო ქმედებების მინიმალური ერთეულის უარყოფას. ინგლისურში აღნიშნული გამოიხატება კომბინაციით: „n't even". გარდა ამისა, გვხვდება: „no", „never" და სხვ.
ზემოთ განხილული ნაწილაკები გვხვდება შემდეგი ტრანსპოზიციითაც: „არც კი": - - მამაჩემი ნაწყენი იქნება, - თქვა მან ჩურჩულით. - დღეს მასთან ერთად უნდა მეთოხნა სიმინდი...მე კი არც გამიფრთხილებია, ისე წამოვედი ამ დილით [შატბერაშვილი, 1985: 78].
‘We were supposed to hoe the maize together today and I left this morning without even warning him' [Shatberashvili, 1978: 55].
ამ შემთხვევაში „კი" ნაწილაკით ხდება მოქმედი პირის/აგენტის მარკირება, „არც" ნაწილაკი უარყოფს მის მიერ შესრულებულ კონტექსტუალურად მოსალოდნელ მინიმალურ ქმედებას - „გაეფრთხილებინა მამა". ინგლისურში აღნიშნული გამოხატულია წინდებულითა და ზმნიზედით: „without even".
„-ც კი არ" უარყოფის შემთხვევაში „ც" ნაწილაკი დაერთვის სახელს, ხდება მისი აქცენტირება/მარკირება და უარყოფა, გვაქვს „ც" ნაწილაკით მარკირებული სახელური უარყოფა: - „სახელიც კი არ ვიცი მისი" (საუბ.).
ამ შემთხვევაში იქმნება კონკრეტული პირის შესახებ ინფორმაციის ფლობის ხარისხობრივი მაჩვენებლის კოგნიტური (პრაგმატული) შკალის მოდელი, მინიმალური ერთეულით: ადამიანის „სახელის ცოდნა".
xmin - x1 - x2 - x3 - x4 - xn - xmax
სახელის ცოდნა ადამიანის შესახებ
მაქსიმალური ინფორმაციის ფლობა
შკალის xmin-ს შეესაბამება „სახელის ცოდნა", შკალის xmax-ს - ადამიანის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა. x1-ს - „სახელისა და გვარის ცოდნა", x2-ს - „ოჯახური მდგომარეობა", x3-ს - „საქმიანობა", x4-ს - „მისი წარსული" და ა.შ. - ბედმა მისთვის სიკვდილიც კი არ გაიმეტა ... [შატბერაშვილი, 1985: 139].
Fate would not even let her die quietly [Shatberashvili, 1978: 103].
ბედის უკუღმართობით განსაზღვრული ყველაზე უარესი რამ ადამიანისათვის არის „სიკვდილი" და კონკრეტულ შემთხვევაში ესეც არ ეღირსა გმირს. - გავშრი, მე რა უნდა მეთქვა, ეგ კაცი თვალითაც კი არ მინახავს-მეთქი [ჯანდიერი, 42].
I was speechless. What could I say? I said that I had never seen that person [Jandieri, 2006: 54].
ამ შემთხვევაში გვაქვს კატეგორიული უარყოფა - „თვალითაც არ მინახავს", რომელიც ინგლისურში გამოხატულია უარყოფითი ზმნიზედით „never".
ამრიგად, „...ც კი არ" კომბინაცია ინგლისურში გამოიხატება, ძირითადად, კომბინაციით „not/n't even" და ზმნიზედით „never".
„კი...ც არ" კომბინაცია ხაზს უსვამს აგენტს და მის მიერ კონტექსტიდან გამომდინარე სავარაუდო ქმედებების მინიმალური ერთეულის უარყოფას: - „მას კი თავიც არ აუწევია" (საუბ.). ‘კი' ნაწილაკით ხდება სუბიექტის მარკირება,
შკალაზე გვაქვს ამ სიტუაციაში რელევანტური ქმედებები: „შეგებება", „წამოდგომა", „გამარჯობის თქმა" ... „თავის აწევა". უარყოფილია შკალის მინიმალური ერთეული. - ზაქარიას კი მოკლულის წილი, ქამარ-ხანჯალი და გაქონილი ჩოხა-ქურქიც არ ეყო ვალის ასანაზღაურებლად [ჯავახიშვილი, 1958: 51].
...while Zakro had had to sell off his late partner's share together with this dagger and belt, as well as his worn felt cloack to repay all the debts, but still it hadn't been enough [Javakhishvili, 2009: 51].
ინგლისურში „...ც კი არ" უარყოფა გადმოცემულია „even, ‘but still ... n't" ფორმით.
„კი არ" კომბინაციის საშუალებით ხდება დაპირისპირება, იგი გამოხატავს ოპოზიციას წინადადების პოზიტიურ წყვილთან მიმართებით: - რამე გევნებათ კი არა, თუ დამიჯერებ, სასარგებლოც იქნება [კლდიაშვილი, 1989: 12].
Believe me, instead of harm, I'll be useful, really...[Kldiashvili, 2003: 122].
აღნიშნულ შემთხვევაში ლაპარაკია ოპოზიციურ წყვილზე: „მავნე-სასარგებლო". „კი არა" კომბინაციას წინადადებაში შემოყავს ოპოზიციური ერთეული - „სასარგებლო".
„კი არ" კომბინაცია მნიშვნელობით მსგავსია „არამედ" მაპირისპირებელი კავშირისა, თუმცა, მათ მიერ გამოხატული კონცეპტები ფუნქციურად განსხვავდება. „არამედ" გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც წინადადებაში არ შემოდის ოპოზიციური ერთეული, გვაქვს არა დაპირისპირება, არამედ ინფორმაციის დაზუსტება. „არამედ" კავშირი უარყოფს თვისებრივ მაჩვენებელს, ხოლო „კი არ" - ოპოზიციურ ერთეულს:
„კაცი...თავდაჯერებული თვლიდა, რომ ხეები ეზოში უწესრიგოდ კი არ იყვნენ დარგულნი, არამედ ყველაფერს დიდი კანონზომიერების ხელი აჩნდა" [დოჩანაშვილი, 1976: 117].
აღნიშნულ წინადადებაში არ არის უარყოფილი დარგული ხეების არსებობა, ლაპარაკია მხოლოდ დარგული ხეების განლაგებაზე (თვისებრივ მახასიათებელზე).
გარდა ამისა, „კი არ" გამოხატავს დამატებითობას და ფაქტის დადასტურებას: - „...სათქმელს ეზოში მოფუსფუსე ცოლს კი არა, სოფლის ბოლოში მცხოვრებ ტიკინესაც მიუწვდენდა" [შატბერაშვილი, 1985: 49].
...his voice was loud enough to be heard even at the other end of the village [Shatberashvili, 1978: 35].
პარაფრაზი: სათქმელს მიუწვდენდა ცოლსაც და ტიკინესაც.
ამრიგად, ინგლისურში „კი არ" ნაწილაკებით გამოხატულ უარყოფას, ძირითადად, შეესაბამება კომბინაცია „not...but". დადებითი კონოტაცია /დამატებითობის ფუნქციით/ ინგლისურში გამოიხატება გამაძლიერებელი ზმნიზედით „even".
„...ც არ" ნაწილაკების კომბინაციით ხდება იმ ერთეულის მინიმალური რაოდენობის უარყოფა, რომელ სახელსაც დაერთვის „ც" ნაწილაკი: „სიტყვაც არ დასცდენია" (საუბ.), იგულისხმება, რომ არა თუ დიალოგი არ შემდგარა, არ თქმულა ფრაზა, წინადადება, უარყოფილია კომუნიკაციის მინიმალური ერთეულიც - სიტყვა. - ...ცხენი ისევ იმავე ადგილას იდგა, ფეხსაც არ იცვლიდა [კლდიაშვილი, 1989: 37].
The horse ignored all this, it just sood there, not budging an inch [Kldiashvili, 2003: 128].
უარყოფილია გადაადგილების მინიმალური ერთეული, რაც ინგლისურში გამოხატულია სიგრძის მინიმალური ერთეულით. - „ჯამაგირი პაპიროსის ფულადაც არ ეყოფა" [შატბერაშვილი, 1985: 84].
His salary will not even buy his tobacco [Shatberashvili, 1978: 60].
კონტექსტუალურად ითვლება, რომ მინიმალური, რაზეც ფული გეყოფა, არის პაპიროსი და, თუ პაპიროსზეც არ გეყოფა ფული, მაშინ, არ გეყოფა სხვა არაფერზე. - ...იქნებ სულაც არ მოსულა წუხელ? [შატბერაშვილი, 1985: 128].
"Maybe he didn't come home at all last night?" [Shatberashvili, 1978: 94].
ამ შემთხვევაში ვარაუდია, რომ გმირი ტყუილად ელოდება ადამიანის გამოსვლას ოთახიდან, ვინაიდან იგი საერთოდ არ მისულა სახლში. ინგლისურში „ც" ნაწილაკის ფუნქცია გადმოცემულია ზმნიზედით „at all".
ამრიგად, „...ც არ" უარყოფა ინგლისურში, ძირითადად, გამოხატულია: „n't/not even", „not...but". გარდა ამისა, გვაქვს: „without even", „n't...at all", „never", „n't...yet".
ზემოთქმულის საფუძველზე, ნაწილაკების კომბინაციების ფუნქციებია:
„არც" ნაწილაკი იძლევა კერძო/სახელური უარყოფის მოდელს. აღნიშნულს ადასტურებს კერძო უარყოფის ინგლისური ენის მაგალითებიც. გარდა ამისა, „არც" უარყოფს კონტექსტუალურად მოსალოდნელ ქმედებას: გამარჯობა არც მითხრა.
„არც კი" კომბინაცია უარყოფს მოლოდინს, პრესუპოზიციას, რომელიც შემოაქვს ნაწილაკს „კი": გამარჯობა არც კი მითხრა.
‘...ც არ' კომბინაცია უარყოფს „ც" ნაწილაკით მარკირებული სახელის/აგენტის მიერ ჩადენილ ქმედებას: ხელიც არ გაუნძრევია.
„კი არც" კომბინაციაში „კი" აკეთებს სახელის მარკირებას, „არც" ნაწილაკი - უარყოფს კონტექსტუალურად მოსალოდნელ რელევანტურ ქმედებას „პასუხის გაცემას": „მე კი არც მიპასუხია". კონტექსტი გულისხმობს, რომ მას პასუხი უნდა გაეცა.
„...ც კი არ" კომბინაციაში „ც" ნაწილაკი ახდენს სახელის მარკირებას, ნაწილაკს „კი" შემოჰყავს პრესუპოზიცია: გამარჯობაც კი არ მითხრა.
„კი ...ც არ" კომბინაციაში „კი" აკეთებს აგენტის მარკირებას, ხოლო „ც" - სახელის მარკირებას (გვაქვს ორმაგი მარკირება): მან კი გამარჯობაც არ მითხრა.
„კი არ" კომბინაცია აპირისპირებს ხარისხობრივ კატეგორიებს: „კი არ გავბრაზდი, მეწყინა". გარდა ამისა, გააჩნია დადებითი დენოტაცია ადიტიური ფუნქციით: „არა მარტო ეს, არამედ ისიც". პარაფრაზი: „შენც და იმასაც მოგთხოვთ პასუხს".
N 1. ნაწილაკების ლექსიკონით განსაზღვრული და ახალი მნიშვნელობები
N 2. „კი", „ც", „არ" ნაწილაკების შესაბამისობები ინგლისურში
როგორც ცხრილიდან ჩანს, პარალელურ ტექსტებში ინგლისურში გვაქვს შემდეგი ლექსიკური ერთეულები:
მასალაზე დაყრდნობით, შეიძლება ვთქვათ, რომ ქართულ ენაში გვაქვს სახელური და პრედიკატული უარყოფა.
„ც" ნაწილაკის მონაწილეობით გამოხატული უარყოფა ქართულში იძლევა იმპლიკატური შკალის მოდელს პრედიკატების მზარდი/კლებადი თანმიმდევრობით. ამ შემთხვევაში ხდება შკალის მინიმალური ერთეულის უარყოფა.
„არც" ნაწილაკი გამოხატავს: (1) სახელურ უარყოფას; (2) უარყოფას ტემპორალური მნიშვნელობით; (3) რაოდენობის/ჯერადობის მინიმალური ერთეულის უარყოფს; (4) დაპირისპირებას.
„ც" ნაწილაკი კონტექსტუალურად ავლენს შემდეგ ფუნქციებს: (1) ახდენს სახელის მარკირებას/აქცენტირებას და კერძო უარყოფას, (2) ქმნის პრაგმატული შკალის მოდელს, უარყოფს მის მინიმალურ ერთეულს.
„კი" ნაწილაკის კონტექსტუალური ფუნქციებია: (1) სახელის მარკირება; (2) უარყოფით ნაწილაკთან ერთად უარყოფს მოლოდინს, შესაძლებლობას, პრესუპოზიციას; (3) უარყოფასთან ერთად აპირისპირებს ოპოზიციურ ერთეულებს; (4) გამოხატავს დამატებითობას (ადიტიურ ფუნქციას) უარყოფით კონტექსტში; (5) გამოხატავს დამატებითობას (ადიტიურ ფუნქციას) დადებითი კონოტაციით.
ქართულში უარყოფის გამოხატვის მრავალფეროვნება მიიღწევა არა მარტო „არ" უარყოფის გამოხატვის ძირითადი ნაწილაკისა და „ც" და „კი" ნაწილაკების კომბინაციით, არამედ მათი ტრანსპოზიციითაც.
ინგლისურში ჩვენ მიერ განხილული მაგალითების პარალელურ ტექსტებში უარყოფის გამოხატვის საშუალებებად ხშირად გვხვდება ზმნიზედები: „even", „never" დამოუკიდებლად ან უარყოფასთან კომბინაციაში. მათთან ხშირად ასოცირდება სხვა ზმნიზედებიც: „still", „at all", „yet" დამატებითი კონტექსტური ნიუანსებით.
შეიძლება ითქვას, რომ „არ", „კი" და „ც" ნაწილაკებით გამოხატული უარყოფა ინგლისურში გამოირჩევა მეტი ლექსიკური მრავალფეროვნებით. ინგლისურში ხშირად გვხვდება ზმნიზედა „even", რომელიც უშუალოდ „ც" ნაწილაკის ფუნქციას შეესაბამება. „ც" ნაწილაკს ქართულში მნიშვნელობა გააჩნია მხოლოდ სხვა ლექსიკურ ერთეულთან კომბინაციაში. ინგლისური კი იმავე მნიშვნელობის გამოხატვას ახერხებს დამოუკიდებელი სემანტიკური მნიშვნელობის მქონე ლექსიკური ერთეულებით.
ლიტერატურა
დოლენჯაშვილი თ. 2005 |
ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი. |
დოჩანაშვილი გ. 1976 |
„გამსვლელი პაიკი“. მოთხრობები. საბჭოთა საქართველო. თბილისი კლდიაშვილი დ. |
კლდიაშვილი დ. 1989 |
სამანიშვილის დედინაცვალი. თბილისი. მერანი. |
შანიძე ა. 1973 |
ქართული ენის გარამატიკის საფუძვლები. თბილისი. |
შატბერაშვილი გ. 1985 |
მკვდრის მზე. თბ. : საბჭოთა საქართველო. |
ჯავახიშვილი მ. 1958 |
თხზულებანი ექვს ტომად. I ტომი. საბჭოთა საქართველო“ თბილისი. |
ჯანდიერი კ. 1995 |
საოჯახო ქრონიკა. მერანი. თბილისი; |
ჯორბენაძე ბ. 1984 |
უარყოფითის გამომხატველ ფორმათა ნაირსახეობისათვის ქართულში//ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი მეექვსე, მეცნიერება, თბილისი; |
ჯორბენაძე ბ., კობაიძე მ., ბერიძე მ. 1988 |
ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი. მეცნიერება. თბილისი. |
Arnold M. 1985 |
Clitics and Particles, Source: Language. Vol. 61. No. 2. |
Blakemore D. 1989 |
Denial and Contrast: A Relevance Theoretic Analysis of |
Dolenjashvili T. 2006 |
Fidal or Amina from Three to Five. P.S Literature. Tbilisi. |
Fauconnier G. 1975 |
Polarity and the Scale Principle. Proceeding of the Chicago Linguistic Society. |
Giannakidou A. 2007 |
The Landscape of Even. Natural Language&Linguistic Theory. Vol. 25. No.1. |
Hajiyev E. 2008 |
‘The Status of Particles in Modern English’. International Journal of Computers. Issue 4. Volume 2. |
Horn L. R. 1969 |
A Presuppositional Analysis of |
Horn, L. R. 1985 |
Metalinguistic Negation and Pragmatic Ambiguity. Linguistic Society of America (Mar.). |
Jandieri K. 2006 |
Family Chronicle. P.S Literature. Tbilisi. |
Javakhishvili M. 2009 |
The Devil’s Stone. 12 Short stories. Shemetsneba Publishing House. Tbilisi |
Jespersen O. 1992 |
The Philosophy of Grammar. University of Chicago Press. |
Kldiashvili D. 2003 |
Samanishvili’s Stepmother. New Century. 3’2003. ‘Saari’. Tbilisi. |
Levinson D. 2008 |
Licensing of negative polarity particles yet, anymore, either and neither: combining downward monotonicity and assertivity, Dissertation; |