ვერაგობა, როგორც სტრატეგია, ხორხე ლუის ბორხესის „მზაკვრობის მსოფლიო ისტორიაში“
წინამდებარე სტატიაში განხილულია XX საუკუნის ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ხორხე ლუის ბორხესის (1899-1986), შემოქმედების ადრეულ ეტაპზე დაწერილი ნაწარმოების „მზაკვრობის მსოფლიო ისტორიის" სტრუქტურა, მთავარი გმირების ხასიათი და ვერაგობა, როგორც სტრატეგია, მიზნის მიღწევის პროცესში.
ესპანურენოვანი სამყაროს ლიტერატურას ქართველი მკითხველი ინგლისურ, ფრანგულ თუ გერმანულენოვან პროზასა და პოეზიასთან შედარებით ნაკლებად იცნობს. რაც შეეხება კონკრეტულად ზემოხსენებულ მწერალსა და მოაზროვნეს, ქართულად მხოლოდ მისი მოთხრობების მცირე ნაწილია თარგმნილი და ხელმისაწვდომი.
აღნიშნული ნაწარმოები ბორხესმა შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისში დაწერა. იმ პერიოდში, როცა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგიური თუ ფანტასტიკური სახის ნარატიული ენის შემუშავება. 1935 წელს პირველად ჩნდება მისი ნამუშევარი „მზაკვრობის მსოფლიო ისტორია", რომელსაც მოჰყვა „ფიქციები", „ალეფი" და სხვ. თავად სიტყვა infamia („მზაკვრობა") ავტორს შეგნებულად აურჩევია, რათა „მკითხველი პირველივე წუთებიდან დააყრუოს. არადა, მის მიღმა არაფერია. ეს მხოლოდ გარეგან ხატებათა ერთობლიობაა. კაცი, რომელმაც განიზრახა მისი დაწერა, ძალიან უბედური იყო, მაგრამ გაბედა ამის გაკეთება." [Borges, 2004:10-11].
თავად სათაური სხვადასხვა ენაზე მეტ-ნაკლებად განსხვავებულად ითარგმნა. იმის გამო, რომ სიტყვა infamia ასე დატვირთულია სემანტიკურად, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანი მეტად ან ნაკლებად მართებულია. მიზანშეწონილი იქნებოდა, ეს სიტყვა ქართულად თარგმნილიყო, როგორც „მზაკვრობა" (შდრ. ფრანგულად ეს ნაწარმოები ითარგმნა, როგორც "Histoire universelle de l'infamie" [Borges,1994:3] იტალიურად "Storia universale dell'infamia"[Borges,1997:3], გერმანულად "Universalgeschichte der Niedertracht und andere Prosastücke" [Borges,1976:5], რუსულად კი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე ვარიანტი: "Всеобщая история бесчестья" [Борхес,1989:3], "Всеобщая история подлогов" [Борхес,2004:3], ან "Всеобщая история низосты" [Борхес,2006:3]).
ესპანური ენის განმარტებითი ლექსიკონი და ენის სამეფო აკადემია გვთავაზობს ამ სიტყვის შემდეგ განმარტებებს:
ამ წყაროების თანახმად, სიტყვა infamia ნიშნავს:
Infamia- 1.Acción infame de palabra u obra; 2. Cualidad de infame
Infame - Que es vil o detestible. [Valdeiglesias, 1995:501]
RAE (Real Academia Española) კი განმარტავს: infamia: 1. descredito, deshonra; 2. Maldad, vileza en cualquier forma [RAE, ინტერნეტრესურსი]
ვინაიდან ესპანურ ენაში ხსენებული სიტყვა გამოხატავს ყოველგვარ სიავესა და ბოროტებას, რისი მოფიქრებაც კი შეუძლია ადამიანის გონებას, ქართულში მის ზუსტ ეკვივალენტად, ალბათ, შესაძლებელი იქნება, დავასახელოთ სიტყვა „მზაკვრობა". კლასიკური გაგებით, მზაკვარი არის ადამიანი, რომელიც ცუდს ჩადის არა ცხადად, არამედ ფარულად. არნოლდ ჩიქობავას რედაქციით გამოცემული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი მიუთითებს, რომ სიტყვა „მზაკვრობა" არის თვალთმაქცობა, ცბიერება, ფლიდობა, მუხანათობა. „მზაკვარი" ზაკვის მოქმედი, მუხანათი ადამიანია. [ჩიქობავა,1958:238]
რადგანაც ქართულში „მზაკვარი", „ვერაგი", გაცილებით უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვაა, ვიდრე, მაგალითად, „გაიძვერა" ან „უსირცხვილო", ვამჯობინეთ ნაწარმოების სათაური თარგმნილიყო, როგორც „მზაკვრობის მსოფლიო ისტორია".
„მზაკვრობის მსოფლიო ისტორია" 16 მოთხრობისაგან შედგება. პირველი შვიდი მოთხრობა სტრუქტურულად ერთნაირია და მისდევს მოთხრობის ქვეთავებად დაყოფის პრინციპს.
ყველა მოთხრობა შედგება პატარა ქვეთავებისაგან, რომელთა სათაურებიც ისეა შერჩეული, რომ ავტორი გარკვეულწილად ახარისხებს მათ დროის, ადგილის თუ გარემოებების მიხედვით. აქ თითქმის არ გვხვდება სათნოებით აღსავსე ადამიანები, ესაა ლაზღანდარების, მეკობრეების, ყაჩაღების, მკვლელებისა თუ თვითმარქვიების ერთიანობა, ჯაჭვი, რომელიც არ წყდება. ავტორს სურს, მოიცვას ყველა და ყველაფერი, სამხრეთამერიკელი მონათა ვაჭრითა და ნიუ-იორკელი განგსტერებით დაწყებული XVIII საუკუნის არაბი მღებავითა და ჩინელი მეკობრე ქალით დამთავრებული.
ამ მოთხრობებში თემის პარადოქსულობა და ირონია თამამად ეხამება ურთიერთსაწინააღმდეგოს. ის რამდენიმე ფაქტორს ემყარება: პირველი აგებულია სიუჟეტზე, რომელშიც ხდება სხვისი სახელის, ვინაობის მითვისება (როგორც ამას ტომ კასტროსა და ნიღბიანი მღებავის შემთხვევაში ვხვდებით), მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს პიროვნების ან იდენტობის წინააღმდეგობასთან, როგორც ეს ხდება ჩინგის ქვრივის, მონკ ისთმანის, ბილ ჰარიგანისა და კოტსუკე-ნო-სუკეს შემთხევებში. ჩინგის ქვრივი მამაცი ქალია, რომელსაც თავისი სამართლის კოდექსი აქვს, მონკ ისთმანი კი სამხედრო მოღვაწეობის პერიოდში კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანის დატყვევებას და თამამად იბრძვის მეგობართა მხარდამხარ ბრძოლის ველზე. ამ ადამიანების აღსაწერად ბორხესი ოქსიმორონს მოუხმობს [Serra, 2009:659]. იყენებს ისეთ პარადოქსულ შეპირისპირებას, როგორიცაა „საზარელი კეთილისმოქმედნი" (terribles bienechores) [Borges, 2004:18]. ოქსიმორონს, როგორც პარადოქსის ერთ-ერთ სახეს, ავტორი მოულოდნელობის ეფექტის მისაღწევად იყენებს.
ამ მოთხრობების საერთო ქარგა აუცილებლად გულისხმობს ტყუილს. მაგალითად, სასტიკი განმათავისუფლებელი ლასარუს მორელი, ტომ კასტრო და ჰაქიმი მერვიდან თავიანთ მიზნებს სხვისი სახელის მითვისებით აღწევენ. პირველ შემთხვევაში ლასარუსი ირგებს ახალ როლს, მონებს „ათავისუფლებს", თვალზე ცრემლმომდგარი კითხულობს „წმინდა წერილებს", ტომ კასტრო კი ახალგაზრდა თიჩბორნად ასაღებს თავს და გულმოკლულ დედას თავხედურად ეცხადება, ჰაქიმს უფლის მოციქულად მოაქვს თავი.
აღსანიშნავია, რომ პიროვნების/იდენტობის უზურპაციას სასურველი შედეგი მხოლოდ პირველ ჯერზე მოაქვს, პროტაგონისტთან (რომელიც პარადოქსულად ანტაგონისტიცაა) მოდის სანატრელი დიდება, რომელსაც აუცილებლად მოსდევს მარცხი, საყოველთაო უარყოფა, გაძევება და შესაბამისი სასჯელი.
პირველივე მოთხრობაში „სასტიკი განმათავისუფლებელი ლასარუს მორელი" (El atroz redentor Lazarus Morell) ბორხესი მოუხმობს ისეთ სიტყვათშეხამებებს, როგორებიცაა „დანაშაულებრივი და შესანიშნავი არსებობა სასტიკი განმათავისუფლებლის, ლასარუს მორელისა" (la culpable y magnífica existencia del atroz redentor Lazarus Morell) [Borges, 2004:18], „შეუდარებელი ნაძირალა" (incomparable canalla) [Borges, 2004:18], „პატივსაცემი ნაგავი" (basura venerable) [Borges, 2004:18]; ბორხესი ხშირად იშველიებს ირონიულ დასასრულს, მაგალითად, ლასარუს მორელი სულაც არ ხდება შურისძიების მსხვერპლი, იგი უბრალოდ, ფილტვების ანთებით კვდება.
„მზაკვრობის მსოფლიო ისტორიაში" კანონის დარღვევას, ანუ დანაშაულს, ყოველთვის მოსდევს დროებითი გამარჯვება, თუმცა, საბოლოოდ ავტორი კანონის უზენაესობას გვიჩვენებს და ამ თაღლითებსა თუ კაცისმკვლელებს სამართლიან სასჯელს უვლენს.
თუ ვლადიმერ პროპის თეორიას მოვიშველიებთ, რომელიც ამბობს, რომ სხვადასხვა ნაწარმოებს აქვს საერთო უცვლელი ელემენტები და რომ ზოგადად ყველა ნაწარმოებისათვის დამახასიათებელია ოცდაათზე მეტი საერთო ელემენტი [Propp, 2003:25], აღმოვაჩენთ, რომ რამდენიმე მათგანი ჩვენთვის საინტერესოა ბორხესის ამ კონკრეტულ ნაწარმოებებთან მიმართებითაც. ესენია:
- აკრძალვა, რაც ინტრიგის საწყისს წარმოადგენს;
- სიცრუის საშულებით პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესების სურვილი;
- ბოროტმოქმედება, კანონის დარღვევა მიზნების მისაღწევად;
- მთავარი გმირის მშობლიური ადგილებიდან წასვლა;
- ბედის უეცარი საჩუქარი;
- ძიება, რომელსაც მთავარი გმირი მიჰყავს მოგზაურობამდე;
- სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა;
- საზოგადოების მიერ მთავარი გმირის შევიწროვება;
- თვალთმაქცობა (მთავარი გმირი ხშირად სხვა ადამიანის სახელსა და ცხოვრებას ირგებს);
- დასჯა (გმირი ისჯება ჩადენილი ქმედებების გამო).
მოთხრობებში ძირითადად სამი მუდმივი ფაზაა წარმოდგენილი. ესენია:
სურვილი (ჟინი)- მთავარ გმირს სწყურია სახელი, დიდება, ფული, ძალაუფლება, სხვაზე აღმატება, რასაც ყოველთვის აღწევს ზნედაცემული საქციელითა და მზაკვრული ხერხებით. ამ სურვილით ხელმძღვანელობენ ლასარუს მორელი, ტომ კასტრო, მეკობრე ქვრივი ჩინგი, დანაშაულებრივ საქმეთა ოსტატი მონკ ისთმანი, გულგრილი მკვლელი ბილ ჰარიგანი, ნიღბიანი მღებავი.
დაკმაყოფილება (დროებითი კმაყოფილება) - მთავარი გმირები ახერხებენ ბილწი ზრახვების დაკმაყოფილებას, ოღონდ აუცილებლად უსამართლო გზით.
საბოლოო კრახი და სამართლიანი სასჯელი - ესაა მოთხრობების დასკვნითი ეტაპი, ბოლო ფაზა. მთავარი გმირი განიცდის კრახს, იღებს ღირსეულ სასჯელს (სიკვდილის ან ფსიქიური აშლილობის სახით). აქ გამონაკლისია ჩინგის ქვრივი, რომელმაც ჭკუას უხმო და იმპერატორს დანებების სანაცვლოდ შეწყალება სთხოვა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამონაკლისი წესს ადასტურებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ამ მოთხრობაში საქმე გვაქვს ორმაგ პოლარულობასთან. იქ, სადაც არის ვერაგობა, არის სასჯელიც არაეთიკური საქციელის გამო. სადაც კანონგარეშე მოქმედებაა, ნაჩვენებია კანონის უზენაესობაც. უსამართლობას აუცილებლად მოსდევს სამართლიანი დასასრული.
ისტორია, რომლითაც ბორხესი ხსენებულ ნაწარმოებს იწყებს, ლასარუს მორელს შეეხება. ავტორი გვაცნობს XIX საუკუნის დასაწყისს, ამერიკის ისტორიის შავ პერიოდს, მონობით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის ხანას. დილიდან საღამომდე მუშაობით გამოფიტულ მონათა შორის ავტორი გვაცნობს თავმომწონე თეთრკანიანს -ლასარუს მორელს. ლასარუსი გულცივი მკვლელია, რომელიც გაუბედურებულ მონებს თავისუფლებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი მათ მხოლოდ ახალ ბატონებს „ჩუქნის". მორელი თანამზრახველებთან ერთად მრავალ მონას გაყიდის, სანამ მას ერთ-ერთი „შეფიცული" არ დააბეზღებს. მასზე ნადირობა ცხადდება. 1835 წელს ლასარუსი ვინმე საილეს ბაკის სახელით ფილტვების ანთებით ხვდება ნეტჩეზის საავადმყოფოში და იქ კვდება.
ავტორს ლოგიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს მკითხველი დასასრულისაკენ. მისთვის მნიშვნელოვანია ახსნას, რა უდევს საფუძვლად ამა თუ იმ მოვლენას. ლასარუს მორელი ზნედაცემულობის სიმბოლოა, ადამიანი, რომელიც ინიღბება „წმინდა წერილების გულისამაჩუყებელი კითხვით". უბადრუკი და ჭაობიანი მინდვრები ისეთივე საშინელი და ჯოჯოხეთურია, როგორიც ამ მიწის წიაღიდან გამოსული ადამიანები. ლასარუსისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, კაცი, რომელიც მზადაა, საათობით იკითხოს საღვთო წერილები აღელვებული ხმით, თვალის დაუხამხამებლად კლავს ადამიანს, რომლის უკანასკნელი სურვილი მხოლოდ ლოცვის წაკითხვაა. მწერალი თითქოს არ იყენებს მეტაფორას, ხატოვან გამონათქვამებს და უბრალო ენით ყვება ამბებს, რომელთაც შეუძლია, ბოლომდე შეძრას მკითხველი.
თუკი ლასარუსს თავისი შავბნელი საქმეების შესრულებაში ხელს ღალატი შეუშლის, მომდევნო მოთხრობის „უსირცხვილო მატყუარა ტომ კასტრო" გმირს, ტომ კასტროს, მხოლოდ თავისი მოსამსახურის ერთულება და თავდადება შველის. არტურ ორტონი, იგივე ტომ კასტრო, ერთი ჩვეულებრივი ყასბის შვილია, რომელიც მშობლებისგან თავის დაღწევას გაქცევით ახერხებს. სიდნეიში კასტრო გაიცნობს ზანგს, სახელად ბოგლს, რომელსაც დაუმეგობრდება კიდეც. 1865 წელს ისინი ადგილობრივ გაზეთში კითხულობენ განცხადებას ვინმე როჯერ თიჩბორნის გარდაცვალების შესახებ. რისი დაჯერებაც არ სურს დედას, გულმოკლულ ქალბატონ თიჩბორნს. სწორედ მაშინ დაებადება ბოგლს შესანიშნავი იდეა. ის კასტროს დაარწმუნებს, რომ ლედი თიჩბორნს მისწეროს წერილი და აუწყოს, რომ ცოცხალია.
მიუხედავად იმისა, რომ გაუნათლებელ კასტროს საფრანგეთში აღზრდილ, დახვეწილ ახალგაზრდასთან საერთო არაფერი აქვს, თიჩბორნები მას მაინც მიიღებენ. თუმცა, ლედი თიჩბორნის გარდაცვალების შემდეგ ნათესავები კასტროს აუჯანყდებიან და სასამართლოში უჩივლებენ. ორტონს მხოლოდ იმ მრავალრიცხოვან კრედიტორთა არმია უჭერს მხარს, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ოდესმე ვალს დაიბრუნებენ. პროცესის მიმდინარეობისას იღუპება ბოგლი, რაც სერიოზულად აისახება კასტროზეც. 1874 წლის 27 თებერვალს არტურ ორტონს, იგივე ტომ კასტროს მიესაჯა 14-წლიანი კატორღა იძულებით მუშაობის პირობით. კარგი ყოფაქცევისათვის ვადა 4 წლამდე შეუმცირდა. ციხიდან გამოსულს საჯარო გამოსვლები „დასჩემდა", ლაპარაკს თავის უდანაშაულობაზე საუბრით იწყებდა და თვითკრიტიკით ასრულებდა. მოთხრობის დასასრულს კასტრო კვდება.
ნიშანდობლივია, რომ ნაწარმოებში დახატული გმირების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან არიან. მათ აქვთ დაუძლეველი ჟინი, შური იძიონ მთელ სამყაროზე. ტომ კასტროც უბედურია ლასარუსის მსგავსად. ოღონდ მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ლასარუსი გამოირჩევა იშვიათი გამჭრიახობით, ტომ კასტრო კი მხოლოდ მარიონეტია ბოგლის ხელში. თავად ბოგლი მშვიდი და თვინიერი ფინიაა, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ სურს: ასიამოვნოს პატრონს. საკმარისია, ბოგლი მოკვდეს და კასტრო, როგორც „შეკოწიწებული" პიროვნება, ქრება. ამის დასტურია მისი საჯარო გამოსვლები ციხის შემდგომ პერიოდში. კასტროს გონება არეული აქვს, არ გააჩნია პიროვნული „მე" და ვერ გარკვეულა თავის თავში. მისტიციზმი ამ ამბავში უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე სასტიკი განმათავისუფლებლის ისტორიაში.
ბოგლის ბავშვობისდროინდელი ზმანებანი და შიში შესაძლო სიკვდილის წინაშე მისტიკური ჩანართია. ამავეს თქმა შეიძლება უფალთან მის საუბრებზეც. ეტლები სიკვდილის მსახვრალი ხელის სიმბოლოა, იმ სიკვდილისა, ერთხელ რომ აუცილებლად წამოეწეოდა მას.
ბოგლი, ტომი და ლასარუსი საზიზღარი, უგულო ადამიანები არიან. პირველი ორი სასოწარკვეთილი ქალის იმედებზე აგებს მთელ თავის წარმატებას, ლასარუსი კი დამონებული, წაქცეული ადამიანების იმედებით ვაჭრობს. ამ იმედებს ყიდულობს, ისევ ყიდის და საბოლოოდ მისისიპის მღვრიე წყლებში მიუჩენს ადგილს.
ბორხესი ნელ-ნელა აფართოებს ფანტასტიკური სამყაროს არეალს. იგი გვიყვება ისტორიას მეკობრე ქალზეც, რომელსაც უზარმაზარი ფლოტი ჰყავს და დათარეშობს ჩინეთის ნაპირებთან. ის ისეთი მონდომებით ძარცვავს ნაპირებს, რომ დაზარალებული მოსახლეობა თავს ანებებს თევზაობას და მათთვის უცხო საქმიანობას, აგრარულ სამუშაოებს, ჰკიდებს ხელს. ეს მეტ ზიანს აყენებს იმპერიას, რადგანაც სერიოზულად აფერხებს ვაჭრობის განვითარებას. ჩინგის ქვრივის თარეში ცამეტ წელიწადს გრძელდება. ქვრივის არმადა შედგება ექვსი ფლოტილიისგან, რომელთაც სხვადასხვა ფერის დროშები ალამაზებს (წითელი, ყვითელი, მწვანე, შავი, ლილისფერი და მუქი მწვანე). რეგლამენტი, რომელიც პირადად ჩინგის ქვრივის მიერ იქნა დაწესებული, მკაცრია, არ ექვემდებარება შესწორებებს, არის ლაკონური და ზუსტი. ბოლოს ასაკში შესული ჩინგის ქვრივი ხვდება, რომ დიდხანს ვერ გაძლებს და იმპერატორს შეწყალებას სთხოვს დანებების სანაცვლოდ, ამისთვის კი თავისუფლებას იღებს. შემთხვევითი არ არის, რომ ქვრივი სახელს იცვლის, იწყებს ახალ ცხოვრებას, რაც მორალური ღირებულებების გადაფასებას არც კი მოითხოვს. იგი ყიდის ოპიუმს და ურჩევნია სიმშვიდეში გალიოს ცხოვრება, რაც უბრალო ფარსია, სხვა არაფერი.
მოთხრობაში „დანაშაულებრივ საქმეთა ოსტატი მონკ ისთმანი" ავტორი გვაცნობს „სხვა ამერიკას", არა ისეთს, როგორსაც ის იცნობს და მისთვის უფრო ახლობელია, არამედ ბინძური სულის მქონე გვამების ნიუ-იორკულ ცხოვრებას. თუკი წინა მოთხრობებში გაიელვებდნენ ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც არც ძარცვავდნენ, არც კლავდნენ და, უბრალოდ, თავისთვის ცხოვრობდნენ (როჯერ თიჩბორნი და დედამისი, მებრძოლი კინგ-კვეიო), აქ ასე არ ხდება. აქ ყველა ტყუის, ჩხუბობს, ისვრის, კლავს და ძალაუფლებისათვის იბრძვის. ბორხესის მზაკვრულ ამბავთა ამ სერიაში მონკ ისთმენს საპატიო ადგილი უკავია. მოთხრობა გვიხატავს თანამედროვე მეგაპოლისების შავბნელ ქუჩებს, ცბიერი პოლიტიკოსების ორგვარ სახეს და, როგორც ყოველთვის, ამბავი გაჟღენთილია შეგრძნებით, მოსპოს ყოველივე ადამიანური ამ სამყაროში.
მონკ ისთმანის ბავშვობის წლებზე ავტორი არაფერს ამბობს. ისთმანს, როგორც აქტიურ პირს, ვეცნობით 19 წლიდან. დაწყებული იმ დროიდან, როცა მონკი ზოომაღაზიას ხსნის. ავტორი სარკაზმსა და ირონიას უხმობს. ისთმანი, როგორც უღირსი ნაძირალა, რომლისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს ამქვეყნად, ფულისა და ძალაუფლების გარდა, ცხოველებთან სათუთ არსებად გადაიქცევა. მას უყვარს (თუკი აქვს საერთოდ ეს უნარი მომადლებული) თავისი კატები და მტრედები. მათთვის ემეტება სითბო. სამაგიეროდ, მისთვის ამ ცხოველებზე ნაკლებად ფასეული და ღირსეულია ადამიანთა მოდგმა. დაუთვლელია იმ მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც მას საიქიოს გაუსტუმრებია, სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რამდენი კატა თუ მტრედი ჰყავს მაღაზიაში. მას ჭირისუფალი არა ჰყავს (ისევე, როგორც ბორხესის სხვა უამრავ პერსონაჟს) და არცაა გასაკვირი, ავტორს ხომ მთელი ამ ისტორიებით იმის თქმა უნდა, რომ ეს ანგარებიანი მკვლელები ისეთი უბადრუკი და მარტოხელა არსებები არიან, როგორც არავინ სხვა ამ სამყაროში.
„მზაკვრობის მსოფლიო ისტორიას" არ აკლია ყალთაბანდი ადამიანების სახეები, თუმცა, მოთხრობაში „ცერემონიათა წინდაუხედავი ოსტატი კოტსუკე-ნო-სუკე" ბორხესი გარკვეულ ბალანსს იცავს სიკეთესა და ბოროტებას შორის. ბატონის მეომრებსა და სატსუმელ ყმაწვილს დისონანსი შეაქვთ ცბიერ სახეთა მთელ ამ გალერეაში.
საინტერესოა, აგრეთვე მოთხრობა „ნიღბიანი მღებავი ჰაქიმიდან". ესაა ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც თავს ღვთის მოციქულად აცხადებს. მისთვის არ არსებობს დაუფარავი საიდუმლო. ერთ დღესაც ერთ-ერთი ქალი ჰარემიდან ამბავს გაავრცელებს, რომ ჰაქიმს ცერა თითი და ფრჩხილები აკლია ხელზე. ატყდება ერთი აურზაური. ხმა სწრაფად გავრცელდება მორწმუნეთა შორის. ჰაქიმს შეიპყრობენ და ჩაქოლავენ.
რელიგიური თემატიკა ბორხესისთვის უცხო არ არის, მოთხრობაში „თეოლოგი საიქიოში" ავტორი გვიხატავს გარდაცვლილ მელანჩტონს, რომელიც ვერ ხვდება, რომ სააქაოს აღარ არის და ძველებურად აგრძელებს ლიტერატურულ საქმიანობას, მაგრამ, რადგანაც აკლია რწმენა, საღამოს დაწერილი ტექსტი დილითვე ეშლება. ეს პერსონაჟი უბადრუკი ანარეკლია იმ ყველაფერისა, რაც ძველი მელანჩტონისგან დარჩა. ანგელოზები მიდიან მისგან, ის მეგობრებიც კი, რომლებიც აქებენ და ადიდებენ მას, მხოლოდ მარტოობის გრძნობას ამძაფრებენ. ბოლოს მელანჩტონი უსახო დემონების მსხვერპლი ხდება და ავტორი მის ასავალ-დასავალს ბუნდოვანს ტოვებს.
ამ სიუჟეტების გმირები ზნედაცემული ადამიანები რომ არიან, ცხადია. საინტერესოა ის, რომ ამ მოთხრობების უმრავლესობა სრულდება სიკვდილის სცენებით. მატყუარა ტომ კასტრო, ფლიდი მონკ ისტმანი, უიღბლო კოვბოი ბილ ჰარიგანი, დაუდევარი ოსტატი კოტსუკე-ნო-სუკე და ფარისეველი ჰაქიმის ცხოვრების ლოგიკური დასასრული ისეთივე სამარცხვინოა, როგორიც მათი სიცოცხლე იყო. არც ერთი მათგანი „შინ", „სახლში" არ კვდება. მათ ხომ ოჯახი, როგორც ასეთი, არ გააჩნიათ. ისინი იხოცებიან ეშაფოტებზე, ქუჩებში, ბარებში, უდაბნოებში და ა.შ. მათ ხოცავენ ტყვიით, დანით, ქვით და ყოველთვის მუხანათურად.
არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ გმირებს წარმოშობაც ისეთი ბუნდოვანი აქვთ, როგორიც მათს ტიპაჟს შეეფერება. არც ერთი მათგანი წარჩინებული ოჯახიდან არაა, არ მიუღიათ არანაირი აკადემიური განათლება, არ აღზრდილან ზნეობრივ ადამიანებად და, შესაბამისად, არც უცხოვრიათ ადამიანურად.
ქურდად თუ მკვლელად არავინ იბადება, ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ ავტორი მათს ცხოვრებას ყოფს ეტაპებად. მათ მიერ გავლილ გზას მთელი სიზუსტით გვიხატავს.
აღსანიშნავია, რომ არც ერთ ზემოხსენებულ პერსონაჟს არ რჩება შვილი. ავტორი არ გვრთავს ნებას, ასეთი რამ დავუშვათ ამ მაგიურ სამყაროში. იქნებ იმიტომ, რომ ბოროტება არ უნდა გამრავლდეს, მას გაგრძელება არ უნდა ჰქონდეს ამ სამყაროში.
კარგი იქნებოდა, ორიოდე სიტყვა ამინდის შესახებაც გვეთქვა. ამ ისტორიებში ამინდიც ისეთივე ბნელი, უღიმღამო და მოქუფრულია, როგორიც თავად გმირები. ფლიდი ლასარუს მორელი მისისიპის წვიმიანი და ჭაობიანი ადგილების შვილია, თვითმარქვია ტომ კასტრო ნისლიანი ალბიონის დაუპატიჟებელი სტუმარი, სისხლისმსმელი მონკ ისთმანი მიტოვებულ ქუჩაში კვდება ზამთრის სუსხიან დღეს, ბილ ჰარიგანი უდაბნოს სასტიკ მცხუნვარებას აფარებს თავს და არც მოციქული ჰაქიმია ოაზისის შვილი.
მრავალფეროვანია გეოგრაფიული მასშტაბებიც, რომელთაც ბორხესი გვთავაზობს. ეს ხომ მსოფლიო ისტორიაა ავაზაკობის შესახებ, ასე რომ, ავტორი კუთხეს არ ტოვებს ამ დედამიწაზე. იგი ერთნაირი გულმოდგინებით ხატავს ამაზონისა თუ მისისიპის ჯუნგლებს, ევროპის გულს, აზიის წყლებში მოთარეშე მეკობრეებს, სამხრეთ თუ ჩრდილოეთ ამერიკას თავისი ვესტერნებით, ამომავალი მზის ქვეყანასა და ხრიოკ უდაბნოს. ეს კადრები ბუნებრივად ენაცვლება ერთმანეთს.
უდავოა, რომ ბორხესთან ყველა დეტალი გათვლილია, არ არსებობს ერთი ზედმეტი ან ნაკლული დეტალი. აქ ბუნება შესაბამისობაშია მთავარი გმირების ბნელ სამყაროსთან და ერთადერთი, რაც მკითხველს რჩება, ესაა, გამოიჩინოს თანაგრძნობა, სიბრალული და ხშირად ზიზღიც კი ხსენებული პერსონაჟებისადმი.
ლიტერატურა
ჩიქობავა არნ. 1958 |
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ტომი V. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი. |
Borges J.L. 2004 |
Historia Universal de la Infamia. Biblioteca Borges. Alianza Editorial S.A España. Madrid. |
Valdeiglesias 1995 |
Diccionario Básico de la lengua española. Alcobendas. Madrid |
Serra E. 1977 |
La Estrategia del Lenguaje en Historia Universal de la Infamia. Revista Iberoamericana: Vol. XLIII, Núm. 100-101, Julio-Diciembre. |
Borges J.L. 1994 |
Histoire universelle de l'infamie. Traducteur Laure Gulle-Bataillon, Paris. |
Borges, J.L. 1997 |
Storia universale dell'infamia. Biblioteca Adelphi. Roma. |
Borges, J.L. 1976 |
Universalgeschichte der Niedertracht und andere Prosastücke. München. |
Борхес Х. Л 1989 |
Проза разных лет. Всеобщая история бесчестья. изд-во Радуга. Москва. |
Борхес Х. Л 2004 |
Всеобщая история подлогов. Азбука-классика. Москва. |
Борхес Х. Л 2006 |
Всемирная история низости. Современная проза. Собрание сочинений в 4 томах – том 1. Москва. |
Propp V. 2003 |
Morphology of the Folktale.Indiana University. Seventeenth edition. |
ინტერნეტრესურსი: |
ესპანური ენის სამეფო აკადემიის ვებ-გვერდი: RAE http://lema.rae.es/drae/?val=infamia |