სტაბილურობა და ვარირება ესპანური ენის ბინარულ თანხმოვანთჯგუფებში

პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობას რომაელების მიერ მალევე მოჰყვა  ლათინური ენის გავრცელება ესპანეთში, რაც იყო რომის იმპერიაში შემავალი ხალხების არა მარტო ტერიტორიული, არამედ კულტურული უნიფიკაციის გამოხატულებაც.

დაახლოებით ორი საუკუნე გაგრძელდა პირენეის ნახევარკუნძულის რომანიზაცია. ესპანეთში გავრცელებულმა ლათინურმა იმდენად ძლიერად მოიკიდა ფეხი, რომ თითქმის სრულად გაქრა ადგილობრივი  ენები (ბასკურის გარდა). თუმცა, ვერ ვიტყვით იმას, რომ პრერომანული სუბსტრატის კვალი არ შეიმჩნევა კასტილიურ ენაზე. სწორედ ნახევარკუნძულის პრერომანული ენების გავლენა იგრძნობა ყველაზე დიდი დოზით ესპანური ენის ფონეტიკაზე.

პრერომანული ენების  გავლენის გარდა, ესპანეთში გავრცელებულმა ლათინურმა ენამ ევოლუციის შემდეგ ეტაპებზე შეიძინა  გერმანული და არაბული ელემენტები, რითაც დაშორდა მის პირვანდელ ფორმას და საფუძველი ჩაუყარა ესპანურ რომანსეს.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ ენას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ახასიათებდა მჭიდრო კონტაქტი სუბსტრატ (იბერიულ), სუპერსტრატ (ვესტგოთურ) და ადსტრატ (არაბულ) ენებთან, ესპანური ენის ლექსიკური მარაგის დიდი ნაწილი ლათინური წარმოშობის სიტყვებით არის წარმოდგენილი, რაც იმის წინაპირობაა, რომ ეტიმონის დონეზე არსებული ბინარული და პოლიკონსონანტური კომპლექსების უმრავლესობა უკავშირდება ლათინურ ძირებს; თუმცა, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონსონანტური კომპლექსები გვხვდება პრერომანული, ბერძნული, გერმანული, არაბული და ა.შ. წარმოშობის სიტყვებში.

სწორედ თანხმოვანთჯგუფების, ოღონდ მხოლოდ ორელემენტიანი კომპლექსების,  კვლევას ეხება წინამდებარე სტატია. მასში აღწერილია თანხმოვანთჯგუფების მიერ განვლილი ევოლუციის პროცესი და ახსნილია  მათი ვარირების  გამომწვევი მიზეზები.

კვლევა ჩავატარეთ კორომინასის, გარსია დე დიეგოს და სანტიაგო სეგურა მუნგიას უახლესი ეტიმოლოგიური ლექსიკონების (ასევე, ესპანეთის სამეფო აკადემიის RAE-ს) მონაცემებზე დაყრდნობით. მასალის კვლევის დროს შევხვდით როგორც მდგრადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე კონსონანტურ კომპლექსებს, ასევე ისეთ ჯგუფებს, რომელთაც ევოლუციის პროცესში განიცადეს არა ერთი, არამედ რამდენიმე განსხვავებული ფონეტიკური ცვლილება. ასევე, შევხვდით ისეთ თანხმოვანთკომპლექსებსაც, რომლებიც არ ფიქსირდება ლათინური, ბერძნული, პრერომანული, არაბული ან სხვა ენის ეტიმონის დონეზე, მაგრამ მათ ვხვდებით ესპანურ კორელატში.

მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით შესწავლილი კონსონანტური კომპლექსები დავაჯგუფეთ შემდეგი თანმიმდევრობით: 1.თანხმოვანთჯგუფები, რომლებიც სტაბილურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა; 2. თანხმოვანთჯგუფები, რომლებიც მხოლოდ ვარირებისკენ არის მიდრეკილი; 3. კონსონანტური კომპლექსები, რომლებიც ესპანურ ენაში გადადის როგორც ფორმაუცვლელი, ასევე ფორმაშეცვლილი სახით; 4. კონსონანტური კომპლექსები, რომლებიც დერივატის დონეზე ფიქსირდება. მათი აღნიშნული თანმიმდევრობით კლასიფიკაციის პარალელურად განვსაზღვრეთ, თუ რომელი ფონეტიკური ცვლილებით იყო განპირობებული ამა თუ იმ კომპლექსის ვარირება.

შუა კონსონანტური კომპლექსი bs ისევე, როგორც bt ჯგუფი გამოირჩევა სტაბილურობის მაღალი მაჩვენებლით. არც ერთი მათგანი არ განიცდის  ფონეტიკურ ცვლილებას ევოლუციის პროცესში და გამონაკლისების გარეშე, უცვლელი ფორმით, გადადის ესპანურ ენაში: ლათ. observator → ესპ. observador, ლათ. obturare → ესპ. obturar და ა.შ.

ძირითადად ლათინური წარმოშობის სიტყვებში გვხვდება dr კონსონანტური კომპლექსი. იგი ესპანურ კორელატში ვარირების გარეშე გადადის: ლათ. cuadrigalis → ესპ.cuadriga, ლათ. cuadrus → ესპ.cuadro.

ცვლილებებს არც fr ჯგუფი ექვემდებარება. იგი მხოლოდ ლათინური ეტიმონის მქონე სიტყვებში გვხდება და მდგრადობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ლათ. afrontare ესპანურში შეესაბამება afrontar-ს.

L კონსონანტით დაწყებული ხუთი ბინარული კომპლექსი გადადის ესპანურში უცვლელი ფორმით. Ld, lf, lg, lm და lv თანხმოვანთჯგუფები გვხვდება როგორც ლათინური, ასევე არალათინური წარმოშობის სიტყვებში: ხალხ. ლათ. caldus → ესპ. caldo, ლათ. alga → ესპ.alga, ლათ. palma → ესპ. palma, ლათ. salvus →  ესპ. salvo.

საინტერესოა lf კომპლექსის მიერ განვლილი გზა ესპანურ alfil-ში. იგი მომდინარეობს სპარსული pil-იდან, რომელმაც არაბულში დაიმატა არტიკლი და მივიღეთ al-fil. როგორც ვხედავთ, ჩვენთვის საინტერესო თანხმოვანთჯგუფი არაბული ენის დერივატის დონეზე წარმოიქმნა, საიდანაც უცვლელი ფორმით გადავიდა ესპანურ ენაში. იგივე მოვლენა დაფიქსირდა ესპ. alfañique-ს ეტიმოლოგიის კვლევის დროს. ისიც სპარსული (panid) ვოკაბულადან მოდის და არაბულის გავლით, სადაც არტიკლს იმატებს (al-fenid), გადადის ესპანურში.

ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია nv კონსონანტური კომპლექსი. მჟღერი ნაზალისა და მჟღერი ფრიკატივისაგან შედგენილი ჯგუფი ძირითადად გვხვდება ისეთ ზმნებში, რომლებიც შედგენილია con და in თავსართების დამატებით ფუძესიტყვაზე: ლათ. convergere (con+vergere) ესპანურში გვაძლევს convergir-ს, ხოლო ლათ. invadere (in+vadere) - invadir-ს. გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც nv კომპლექსი იქმნება არა ორი მორფემის შერწყმის შედეგად, არამედ მაშინ, როცა იგი ფუძისეულია. მათ შორისაა ესპ. convexo, რომელიც მოდის ლათ. convexus-იდან და ესპ. invocar, რომელიც მივიღეთ ლათ. invocare-დან [Segura Munguía, 2010: 889].

თავკიდური პოზიციისაგან განსხვავებით, pl კონსონანტური ჯგუფი არ ექვემდებარება ცვლილებებს სიტყვის შუაში: ლათ. triplex → ესპ. triple, ლათ. triplicare → ესპ. triplicar და ა.შ. ცვლილებები არც pn ჯგუფმა განიცადა. ბერძნული hypnos (sueño) ესპანურში გვაძლევს hipnosis-ს. როგორც ვხედავთ, ბერძნული ძირი ესპანურ დერივატში შენარჩუნებულია და მას დამატებული აქვს ესპანური სუფიქსი - sis, რაც არის პროცესის ამსახველი ბოლოსართი.

ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე სტაბილურ კონსონანტურ კომპლექსთა ჩამონათვალში დიდ ადგილს იკავებს ისეთი ჯგუფები, რომელთა პირველი ელემენტიც არის კონსონანტი r. Rb, rl, rm, rn, rr, rv ჯგუფებს ვხვდებით როგორც ლათინური, ასევე ბერძნული, კელტური, გოთური, არაბული და სხვა წარმოშობის მქონე სიტყვებში. მათ ვარირებას არც ერთ ესპანურ კორელატში არ აქვს ადგილი.

ლათინური ეტიმონის მატარებელია ესპ. arbol. იგი მომდინარეობს arbor-იდან. როგორც ვხედავთ, ჩვენთვის საინტერესო კონსონანტური კომპლექსი შენარჩუნებულია, რასაც ვერ ვიტყვით ბოლოკიდურ თანხმოვანზე, რომელიც, დისიმილაციის შედეგად, ტრანსფორმირდა. ორი სემანტიკური მნიშვნელობა აქვს ესპ. berlina-ს. იმ შემთხვევაში, თუ berlina აღნიშნავს `ოთხკარიან მანქანას", იგი მომდინარეობს ფრანგული berline-დან, სადაც ეს ვოკაბულა შევიდა ქალაქ ბერლინის დასახელებიდან (ადგილი, სადაც ის გამოიგონეს), ხოლო თუ berlina აღნიშნავს `ვინმეს დაცინვას", იგი  არის გერმანიკული წარმოშობის და ესპანურ ენაში გადადის იტალიური berlina (მასხარა)-დან [Coromines, 2008: 73]. ბერძნული harmonia-დან შემოვიდა ესპანურში armonía, ხოლო rn კომპლექსიანი სიტყვები ძირითადად ლათინური ეტიმონის მატარებელია: pierna (ლათ.perna), cuerno (ლათ. cornu). როგორც ვხედავთ, rn კონსონანტური ჯგუფისგან განსხვავებით, ფონეტიკური ვარირება განიცადეს e და o ხმოვნებმა. დიფთონგიზაციის შედეგად, e გადავიდა ie-ში, ხოლო o - ue-ში. რაც შეეხება r-ს გემინატს, იგი, ლათინურის გარდა, გვხვდება პრერომანული ეტიმონის მქონე სიტყვებში. პრერომანული (კერძოდ, კელტური) წარმოშობისაა ესპ. berrendo, რომელიც მომდინარეობს barrovindos-იდან, ხოლო ლათ. arrogans გვაძლევს კასტილიურ arrogante-ს. R კონსონანტით დაწყებული სტაბილური კომპლექსების ჩამონათვალში ბოლო ადგილს იკავებს rv კომპლექსი, რომელიც მხოლოდ ლათინური წარმოშობის მქონე სიტყვებში გვხვდება: ლათ. cervus → ესპ. ciervo, ლათ. corvus → ესპ. cuervo, ლათ. parva →  ესპ. parva და სხვ.

საგრძნობლად მცირეა ისეთი კონსონანტური კომპლექსების რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ ვარირებისკენ არის მიდრეკილი. მასალის კვლევის დროს მხოლოდ  სამ ჯგუფს შევხვდით და სამივე გემინატს წარმოადგენს. მჟღერი ოკლუზივის გემინატი - bb ისევე, როგორც ყრუ ოკლუზივის გემინატი - pp, ესპანურ ენაში დამკვიდრების დროს განიცდის ვარირებას და გამარტივებული ფორმით გადადის ესპანურში. ორმაგი ოკლუზივის გამარტივების მოვლენა ფიქსირდება შემდეგ სიტყვებში: ლათ. iabbatia → ესპ. abadia, ლათ. abbatissa →  ესპ. abadesa, ლათ. cappa → ესპ. capa, ლათ. appetitus → ესპ. apetito და ა.შ. როგორც ვხედავთ, მონოფენემური კორელატის წარმოქმნის გარდა, პირველ ორ მაგალითში მოხდა ყრუ კონსონანტის გამჟღერებაც. გამარტივდა m-ს გემინატიც, რაც კარგად ჩანს შემდეგ ესპანურ სიტყვებში: comunicar (ლათ. comunicare), comunidad (ლათ.communitas). არსებობს იმავე გემინატის ვარირების მეორე მოვლენაც, სადაც კომპლექსის პირველი ელემენტი გადადის n-ში: conmoción (ლათ. commotio), conmutar (ლათ. commutare) და ა.შ.

მესამე ჯგუფში გავაერთიანეთ ისეთი კონსონანტური კომპლექსები, რომლებიც ესპანურ ენაში გადადიან როგორც ვარირების გარეშე, ასევე ფორმაშეცვლილი სახით. სწორედ ამ ჯგუფში შედის თანხმოვანთჯგუფების უმრავლესობა.

იშვიათ მოვლენას წარმოადგენს gl კონსონანტური კომპლექსი. თუმცა, ამის მიუხედავად, გვაქვს მისი როგორც ვარირების, ასევე კონსტანტურობის მაგალითები. ლათ. degluttio ესპანურში გვაძლევს deglución-ს, ხოლო ლათ. espeglo-სგან მივიღეთ  ესპ. esplego. როგორც ვხედავთ, მეორე მაგალითში  მოხდა gl კონსონანტური კომპლექსის დაშლა l-ს გადასმის გამო, რის შედეგადაც ესპანურში მონოფონემური კორელატი მივიღეთ.

პირველი ელემენტის დაკარგვით აიხსნება gm კონსონანტური კომპლექსის გამარტივებული ფორმით გადასვლა ესპანურში: ლათ. augmentum → ესპ. aumento, ლათ. pigmentum → ესპ. pimiento.  მისი კონსტანტურობის  მოვლენა  ფიქსირდება ესპ. segmento-ში, რომელიც მომდინარეობს ლათ. segmentum-იდან [Real Academia].

სამ ქვეჯგუფად შეგვიძლია დავყოთ gn კომპლექსის მიერ განცდილი ფონეტიკური ცვლილებები. ბინარული ჯგუფისაგან მონოფონემური კორელატის მიღება (პირველი ელემენტის დაკარგვის ხარჯზე) ფიქსირდება ესპ. conocer (ლათ. cognoscere)-ში, კომპლექსის პალატალიზაცია კი ფიქსირდება ესპ. leña (ლათ. ligna)-სა და ესპ. estaño (ლათ.stagnu)-ში [Penny, 2008: 90]. რთულია ესპ. prenda-ს მიერ განვლილი ევოლუციის გზა. იგი მომდინარეობს ლათ. pignora-დან და კასტილიურ კორელატს ქმნის რამდენიმე  ცვლილების   შედეგად: pignira → peñra → peñdra → prenda. როგორც ვხედავთ, ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე დაფიქსირებული პალატალიზაციის,  თანხმოვნის ეპენთეზის და მეტათეზის შედეგად, ესპანურ კორელატში საერთოდ დაიკარგა ეტიმონის დონეზე არსებული კონსონანტური კომპლექსი. Gn ჯგუფი უცვლელი ფორმით გადავიდა შემდეგ ესპანურ სიტყვებში: magnífico (ლათ. magnificus), magno (ლათ. magnus) და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ შუა კონსონანტური კომპლექსი ln ვარირებას ხშირ შემთხვევაში არ ექვემდებარება (ლათ. balnearius → ესპ. balneario, ლათ. alnus → ესპ. alno), გვაქვს ორიოდე მაგალითი, რომლებშიც ფიქსირდება მისი ვარირება. L-ს პალატალიზაციით შემდეგ კი მისი გაქრობით  და დარჩენილი ერთი კონსონანტის ხარისხის შეცვლით ვიღებთ პალატალიზებულ n-ს, ანუ ñ-ს: balneum → bannium → baño [ახვლედიანი, 2009: 67].

თანხმოვანთჯგუფი lp გვხვდება როგორც ლათინური, ასევე არალათინური წარმოშობის სიტყვებში. გვაქვს არაერთი მაგალითი მისი როგორც ვარირებისა, ასევე კონსტანტურობისა. კასტილიურ ენაში დამკვიდრების დროს არავითარი ცვლილება არ განუცდია lp კომპლექსს შემდეგ სიტყვებში: ლათ. palpitare → ესპ.palpitar, ლათ. pulpitum → ესპ. pulpito და სხვ. კომპლექსის პირველი ელემენტის ვოკალიზაცია ფიქსირდება ლათ. talpus-ის მიერ განვლილ ევოლუციის გზაზე. მან ჯერ მოგვცა taupo, ხოლო მოგვიანებით დიფთონგმა au-მ მონოფთონგიზაცია განიცადა და დღევანდელ ესპანურში გვაქვს topo. დისიმილაციის მოვლენით აიხსნება ლათ. palpetrum-იდან ჯერ parpadro-ს, ხოლო მოგვიანებით, párpado-ს მიღება.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსონანტური კომპლექსია mb ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსის მდგრადობის უამრავი მაგალითი გვაქვს (მაგ: ლათ. ambitus → ესპ. ámbito, ლათ. ambulare → ესპ. ambular), ვხვდებით ეტიმონის დონეზე არსებული mb კომპლექსის ესპანური კორელატის დონეზე როგორც გამარტივების, ასევე პოლიკონსონანტურად გადაქცევის მოვლენას: ლათ.palumbes (ხალხ. ლათ. palumba) გოთურის გავლენით მარტივდება და გვაძლევს paloma-ს [ახვლედიანი... 2009: 42], ხოლო ლათ. umbilicus, b-სა და l-ს შორის არსებული i-ს სინკოპის შედეგად გვაძლევს ombligo-ს.

ჯერ კიდევ ლათინურში შეიმჩნეოდა mn კომპლექსის მიდრეკილება ასიმილაციისაკენ. ლათ. damnum ჯერ ეტიმონის დონეზე განიცდის ცვლილებას, შემდეგ კი ასიმილირებული dannu გვაძლევს daño-ს. როგორც ვხედავთ,  ლათინურის დონეზე წარმოქმნილი n-ს გემინატი ესპანურში გადავიდა პალატალიზებული n (ანუ ñ)-ს სახით. ვარირების გარეშე გადავიდა mn თანხმოვანთჯგუფი ესპანურ omnipotente-ში, რომელიც მომდინარებს ლათ. omnipotens-იდან.

განხილულმა მასალამ გვიჩვენა, რომ  ng კომპლექსი იმ ერთ-ერთ ჯგუფთაგანია, რომელთაც ესპანურ კორელატებში უფრო ხშირად სახეცვლილი ფორმით ვხვდებით, ვიდრე ვარირების გარეშე. მის მიერ განცდილი ფონეტიკური ცვლილებები შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ჯგუფად: პირველი ჯგუფში გავაერთიანეთ ისეთი მაგალითები, რომელთა ბინარული კომპლექსიც ესპანური კორელატის დონეზე იქცა მონოფონემურად, რასაც წინ უძღვოდა პალატალიზაცია და დარჩენილი ერთი ელემენტის ხარისხის შეცვლა (ლათ. cignere → ესპ. ceñir); მეორე ჯგუფში შევიყვანეთ ისეთ მაგალითები, რომლებშიც კომპლექსის მეორე ელემენტია დაკარგული (ლათ. pungente →  ესპ. puniente);  მესამე ჯგუფში თავი მოვუყარეთ ბინარული კომპლექსის პოლიკონსონანტურად გადაქცევის მაგალითებს (r-ს ეპენთეზის შედეგად ლათ. conger ესპანურში გვაძლევს congrio-ს), ხოლო მეოთხეში გავაერთიანეთ ისეთი მაგალითები, რომლებშიც კომპლექსის მეორე ელემენტი ტრანსფორმირდება. აქ შეიძლება გამოვყოთ ორი ქვეჯგუფი: ა) სიტყვები, რომლებშიც g გადადის c-ში (singellus-sencillo);  ბ)სიტყვები, რომლებშიც მეორე ელემენტი გადადის ch-ში: cingulum-cincho. უცვლელი ფორმით ng კომპლექსი გადავიდა შემდეგ სიტყვებში: angina, angor, largo და ა.შ.

ვარირების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა შუა კონსონანტური nt კომპლექსის კვლევის დროს. გვაქვს მისი როგორც ვარირების, ასევე კონსტანტურობის მაგალითები. უცვლელი ფორმით იგი გადავიდა ესპ. contacto, intentar და სხვ. ლათინური წარმოშობის სიტყვებში. რაც შეეხება მის ვარირებას, აქ ვხვდებით ორელემენტიანი კომპლექსის ყრუ ელემენტის როგორც გამჟღერებას (მოსარაბ. antubiya → ესპ. endivia), ასევე იმავე ყრუ თანხმოვნის გადასვლას c-ში (ლათ. amentia → ესპ. amencia), ხოლო თუ მას ხმოვანი a, o ან u მოსდევდა - z-ში (ლათ. pantex → ესპ. panza), რაც სწორად წარმოთქმის აუცილებლობით არის გამოწვეული. ბინარული კომპლექსი პოლიკონსონანტურად ტრანსფორმირდა (ხმოვნის სინკოპის შედეგად) ესპ. entraña-ში, რომელიც მომდინარეობს ლათ. interaneus-იდან.

მხოლოდ ლათინური წარმოშობის სიტყვებში გვხვდება pt კონსონანტური კომპლექსი და იგი ძირითადად სახეცვლილი ფორმით გადადის ესპანურ კორელატში. მის მიერ განცდილი ცვლილებები დავყავით რამდენიმე ჯგუფად: პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ პირველი ელემენტის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი მონოფონემური კორელატის მქონე სიტყვები (ლათ. ruptu → ესპ. roto), მეორეში თავი მოვუყარეთ ისეთ სიტყვებს, რომლებშიც საერთოდ ამოვარდა ბინარული ჯგუფი (ლათ. septimana → ესპ. semana). მესამე ჯგუფში კი გავაერთიანეთ ვოკალიზაციის ამსახველი მაგალითები (ლათ. captivus → ესპ. cautivo) და ა.შ.  Pt კომპლექსი უცვლელი ფორმით გადავიდა ზოგიერთ სიტყვაში. მაგ: captura (ლათ. captura) და სხვ.

შუა კონსონანტური კომპლექსი rd გვხვდება ლათინური, ბერძნული და პრერომანული წარმოშობის სიტყვებში და ძირითადად უცვლელი ფორმით გადადის ესპანურ ენაში: ლათ. ardere → ესპ. arder, ბერძ. kardiakos → ესპ. cardiaco, კელტ. bardus → ესპ. bardo. მხოლოდ ორიოდე შემთხვევა გვაქვს rd კომპლექსის ვარირებისა. მათ შორისაა ლათ. hordeum, რომელმაც ჯერ ესპ. orzuelo (სავარაუდოდ, იტალიური orzata-ს  გავლენით)  მოგვცა,  ხოლო შემდეგ  - horchata  [Coromines, 2008: 302].

თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელი ფორმით გადადის rp კონსონანტური კომპლექსი: ლათ. corpus → ესპ. cuerpo, ლათ. serpente → ესპ. serpiente. ვხვდებით მისი ვარირების მხოლოდ ერთ შემთხვევას. ვგულისხმობთ ზმნა sobreponer-ს, რომელიც მომდინარეობს ლათ. superponer-იდან. როგორც ვხედავთ, დერივატის დონეზე მოხდა მეტათეზა და ყრუ კონსონანტის - p-ს გამჟღერება.

ასიმილაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა rs კონსონანტური კომპლექსი. XVII საუკუნემდე ლათინურ სიტყვებში, რომლებიც ანტიკურ ლათინურში rs ჯგუფით იყო  წარმოდგენილი  სიტყვის შუაში, ვხვდებით ss ჯგუფს, ხოლო XVIII საუკუნიდან უკვე ფიქსირდება ამ სიტყვებში არსებული გემინატის გამარტივება ერთ-ერთი ელემენტის ამოვარდნის ხარჯზე: transversu → traviesso → travieso, ursu → osso → oso  და  სხვ [ახვლედიანი, 2008: 70], უცვლელი ფორმით rs კომპლექსი გადავიდა რამდენიმე ბერძნული წარმოშობის, ოღონდ ესპანურში ლათინიზებული ფორმით მოცემულ სიტყვაში: ბერძ. thyrsos  → ლათ. thyrsus → ესპ. torso.

სხვადასხვა სახის ცვლილებები განიცადა rt კომპლექსმა ესპანურ ენაში დამკვიდრებისას. გარდა იმისა, რომ მოხდა მეორე ელემენტის გამჟღერება (ლათ. fartum → ესპ. fardo), დაფიქსირდა ყრუ ოკლუზივის ყრუ ფრიკატივში გადასვლა (ლათ. martialis → ესპ.marcial). გვაქვს, აგრეთვე, კომპლექსის მეორე ელემენტის ყრუ აფრიკატში გადასვლის შემთხვევები (ლათ. cortex → ესპ. corcho). კონსონანტური კომპლექსი ცვლილებების გარეშე გადავიდა შემდეგ ესპანურ სიტყვებში: corto (ლათ. curtus), arteria (ბერძ. arteria) და ა.შ.

იშვიათია ეტიმონის დონეზე არსებული tr კომპლექსის მიერ განცდილი ცვლილებები. თუმცა, გვაქვს მისი ვარირების რამდენიმე შემთხვევა. მათ შორისაა: ესპ. cidro, რომელიც ლათ. citrus-იდან მივიღეთ თანხმოვნის გამჟღერების შედეგად. ვარირების გარეშე გადავიდა აღნიშნული კონსონანტური ჯგუფი ესპ. atrio-ში, რომელიც მომდინარეობს ლათ. atrium-იდან და ესპ. matraca, რომელიც მივიღეთ არაბ. matraqa-დან.

მეოთხე ჯგუფში გავაერთიანეთ ისეთი კონსონანტური კომპლექსები, რომლებიც დერივატის დონეზე ფიქსირდება. დერივატის დონეზე წარმოქმნილ ჯგუფებს ხშირად "grupos  secundarios"-ს სახელით მოიხსენიებენ [Morales,  2005: 217]. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ დერივატის დონეზე წარმოქმნილი თანხმოვანთჯგუფები მცირეა, ამავე ჯგუფში შევიყვანეთ ისეთი კომპლექსებიც, რომლებიც გარკვეული რაოდენობის სიტყვებში ეტიმონის, ხოლო გარკვეულ ვოკაბულებში დერივატის დონეზე გვხვდება. სწორედ ამის გამო მეოთხე ჯგუფი დავყავით ორ ქვეჯგუფად. პირველში შევიყვანეთ sf, sg შუა კონსონანტური კომპლექსები, ხოლო მეორეში თავი მოვუყარეთ dr, gl, gm, gn, ld, lg, lm, lp, lv, mb,  nt, nv, rf, rg, rl, rm, rn, rp, rr თანხმოვანთჯგუფებს. აღსანიშნავია, რომ პირველ ქვეჯგუფში შემავალ სიტყვები ძირითადად არალათინური წარმოშობის ვოკაბულებია: ბერძ. sphaera →  ესპ. esfera,   ბასკ. izokin → ესპ. esguin. როგორც ვხედავთ, პირველ მაგალითში ეტიმონის დონეზე არსებული კომპლექსი არა მარტო ფონეტიკურად ტრანსფორმირდა, არამედ სიტყვაში პოზიციაც შეიცვალა.

რაც შეეხება მეორე ქვეჯგუფში შემავალ კონსონანტურ კომპლექსებს,   მათი ესპანურ კორელატში წარმოქმნა უკავშირდება  სინკოპას, მეტათეზას, ასიმილაციას, დისიმილაციას და ყრუ კონსონანტის გამჟღერებას.

მხოლოდ სინკოპის შედეგად მიღებულ კონსონანტურ კომპლექსებს წამოადგენს gl და rm ჯგუფები: ლათ. regula → ესპ. regla, ძვ. გერმ. aram → ესპ. armón. გვაქვს რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როდესაც ხმოვნის სინკოპას თან ახლავს ყრუ კონსონანტის გამჟღერებაც. სწორედ ამ გზით მივიღეთ ესპანურში dr, ld, lg ჯგუფები: ლათ. lateralis → ესპ. adral, ლათ. malitas → ესპ. maldad, ლათ. delicatus → ესპ. delgado. იგივე dr კომპლექსი რამდენიმე სიტყვაში მეტათეზის შედეგადაც არის წარმოქმნილი: ლათ. crocodilus → ესპ. cocodrilo, ლათ. brodium → ესპ. bodrio. დისიმილაციით  აიხსნება rp კომპლექსის მიღება - ესპ. párpado-ში. იგი მომდინარეობს ლათ. palpetrum- იდან, რომელიც ჯერ parpadro-დ ტრანსფორმირდა, ხოლო მოგვიანებით, მოგვცა párpado. ასიმილაცია კი ფიქსირდება r-ზე დაწყებულ არაბულ სიტყვებში, რომლებმაც ესპანურ ენაში დამკვიდრების დროს al არტიკლი დაიმატეს. სწორედ  ამ არტიკლის l- მ მოგვცა r-ს გემინატი, მისი ფუძისეულ r-სთან ასიმილაციის შედეგად: არაბ. ruzz → ესპ. arroz.

განხილულმა მასალამ გვაჩვენა, რომ ლათინური და არა მარტო ლათინური ენის კონსონანტურმა კომპლექსებმა ესპანურ ენაში დამკვიდრების დროს ევოლუციის რთული გზა განვლეს და რომ მათთან დაკავშირებული ფონეტიკური ცვლილებების უმრავლესობა გამოწვეულია კომუნიკაციის საარტიკულაციო აპარატთან დაკავშირებული ლინგვისტური (შინაგანი) ფაქტორებით, რისი ნათელი მაგალითიც არის ინტერვოკალურ პოზიციაში მყოფი ყრუ თანხმოვანების გამჟღერება (ასევე, ასიმილაციის, დისიმილაციის, მეტათეზის, სინკოპის და ეპენთეზის არაერთი შემთხვევაც). როგორც ჩანს, პირენეის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები ლათინურიდან ან სხვა ენიდან შემოსული მთელი რიგი სიტყვების უცვლელი ფორმით მიღება, რის გამოც ამ სიტყვებში დაფიქსირდა უამრავი ფონეტიკური (სისტემური თუ არასისტემური) ცვლილება.

მასალის კვლევის დროს შევხვდით რამდენიმე ისეთ ვარირებასაც, რომლებიც ექსტრალინგვისტურ ფაქტორებს უკავშირდება. სწორედ აკუსტიკური ცდომილებით, რომელსაც მენედეს პიდალი  "error de audición"- ს უწოდებს [Menéndez Pidal, 1977: 195],  აიხსნება რამდენიმე კონსონანტური კომპლექსის ვარირება. მიუხედავად იმისა, რომ მათი არევა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, თანხმოვანთჯგუფებთან ძირითადად კომპლექსის შემადგენელ ოკლუზივებს და ნაზალებს შორის არტიკულაციის წერტილის ცდომილებას ვხვდებით: bieldo →  bielgo, tunbak  → tumbaga.

როგორც ვხედავთ, დიდი სტრუქტურული ცვლილებები განიცადა ესპანურმა ენამ (თუმცა, შეინარჩუნა მემკვიდრეობითი ელემენტებიც) და შედეგად მოგვცა ლათინურზე არანაკლებ რთული ფონეტიკური სისტემა.

ლიტერატურა

ახვლედიანი ც., კობეშავიძე მ.
2009
ესპანური ენის ისტორია. თბილისი.
ახვლედიანი ც.
2009
სტაბილურობა და ვარირება რომანულ თანხმოვანთჯგუფებში. თბილისი.
ახვლედიანი ც.
2008
დიაქრონიული ფონოტაქტიკა და რომანული კონსონანტიზმის პრობლემები. თბილისი.
Corominas J.
2008
Breve diccionario etimológico de la lengua castellana. Madrid.
Menéndez Pidal R.
1977
Manual de gramática histórica española. Madrid
Morales A.
2005
Fonética histórica y fonología diacrónica. Madrid.
Penny R.
2008
Gramática histórica del español. Barcelona.
Segura Munguía S.
2010
Nuevo diccionario etimológico Latín-Español y de las voces derivadas. Bilbao.
Real Academia Española [ინტერნეტრესურსი]
http://www.rae.es/rae.html