არისტოტელე ჰომეროსისეული ნოვატორობის შესახებ და „ილიადის“ IX სიმღერა: გაფართოების ზეპირი და წერილობითი ეტაპები

როგორც ცნობილია, დღემდე, ფაქტობრივად, ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს „ილიადისა" და „ოდისეის" ავტორის წინა და უშუალოდ მომდევნო პერიოდების ანტიკური ბერძნული ეპიკური პროდუქციის შესახებ: „ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი ჰომეროსის პოემების მათ წინამავალ და თანადროულ ეპოსთან ურთიერთმიმართების თაობაზე" [Fenik, 1986: XIII]. აღნიშნულის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უაღრესად ძნელია გამოვლინდეს, თუ რა არის ჰომეროსთან ტრადიციული და რა - ნოვატორული: „მაგრამ, როგორც ჩანს, მისი პოემების ანალიზისა და ანტიკურ ავტორთა ცნობების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით საყურადღებო დასკვნების გაკეთება მაინც შესაძლებელია" [გორდეზიანი,[1] 2002: 123]. ფორმულების ენის, მოქმედების აგებისა და ეპიკური კონფლიქტის განვითარების, კომპოზიციური ორგანიზაციისა და გმირთა ინდივიდუალიზაციის ასპექტებით „ილიადისა" და „ოდისეის" შესწავლის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ „ჰომეროსის პოემებში ნოვატორობის სული თითქმის ყველგან ვლინდება" [გორდეზიანი, 2002: 123-125].

იმ ანტიკურ ავტორთა შორის, რომელთა ცნობების გათვალისწინებითაც, ობიექტური ხასიათის სიძნელეების მიუხედავად, მაინც შესაძლებელი ხდება ჰომეროსისეული ნოვატორობის საკითხის კვლევა, უმნიშვნელოვანესად მიჩნეულია არისტოტელე, რომელიც „პოეტიკის" რამდენიმე ადგილას ვრცლად მსჯელობს არა მხოლოდ საზოგადოდ ჰომეროსის შემოქმედებაზე, არამედ მის განსხვავებაზეც სხვა ბერძენ ეპიკოსებთან მიმართებით: „მიუხედავად იმისა, გვსურს თუ არა, რომ ჰომეროსს „ინოვაციურობისაკენ" ლტოლვა მივაწეროთ, ჩვენ მასზე მაინც უნდა ვიფიქროთ არა როგორც უბრალოდ თავისი საქმის დიდოსტატზე, არამედ როგორც უდიდესი ნიჭით დაჯილდოებულ კაცზე, რომელსაც შექსპირის, ბახის ან მოცარტის მსგავსად არ შეეძლო შეუცვლელი დაეტოვებინა, რასაც ხელს შეახებდა. არისტოტელეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ეპიკური ნარატივი ჰომეროსის პოემებში წარმოუდგენელი ოსტატობითაა დაქვემდებარებული პოეტურ კონტროლს და რამდენადაც ეს თვისება მათ ყველა სხვა საგმირო პოემისაგან განასხვავებს, გამართლებული უნდა იყოს, ჰომეროსის გენიალურობის არაორდინარულობის მიზეზი მის მიერ დიდი ზომის ნარატივის სრულად გათავისების უნარში ვეძიოთ" [Mueller, 1984: 159]. ზემოაღნიშნული ასპექტით, ანუ ეპიკური სიუჟეტის კომპოზიციური ორგანიზაციის თვალსაზრისით, ჰომეროსისეული ნოვატორობის შესახებ არისტოტელე, როგორც ცნობილია, ყურადღებას ამახვილებს თავისი ტრაქტატის რამდენიმე ადგილას: VIII, 1451a22-30; XVII, 1455b16-23; XXIII, 1459a18-37; XXVI, 1462b5-11.

თუმცა, „პოეტიკაში" ფიქსირდება კიდევ ერთი ადგილი. ესაა XXIV, 1460a5-11, რომელშიც კვლავაც ჰომეროსისათვის დამახასიათებელი ინოვაციურობაა გაანალიზებული, მაგრამ ამჯერად - უკვე სხვა მიმართულებით, კერძოდ, გმირთა ინდივიდუალიზაციის თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, „პოეტიკის" ამ ადგილას არისტოტელე სრულიად არაორაზროვნად გამოთქვამს თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ ჰომეროსისეულ პერსონაჟებს აქვთ ხასიათი, რაც მიღწეულია მათი სიტყვების, მონოლოგებისა და დიალოგების საშუალებით [გორდეზიანი, 2002: 114-115].

აღნიშნული ადგილი იმთავითვე იპყრობდა ტრაქტატის მთარგმნელ-კომენტატორთა ყურადღებას. მის ინტერპრეტირებას ართულებს ის გარემოება, რომ არისტოტელეს სიტყვები - ατν γὰρ δεῖ τὸν ποιητὴν λάχιστα λέγειν [Aristotle's...: 1460a7], ანუ „პოეტს კი ის მოეთხოვება, რომ თავად მან ძალიან ცოტა ილაპარაკოს",  -  ორგვარად შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული: 1. პოეტმა პირველ პირში ძალიან ცოტა უნდა ილაპარაკოს; 2. პოეტმა როგორც პირველ, ისე მესამე პირში ძალიან ცოტა უნდა ილაპარაკოს. ჩემი აზრით, მართებულია მეორე ინტერპრეტაცია [ხინთიბიძე, 2012], რომელიც უკანასკნელ ხანებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ის ემყარება „პოეტიკის" ტექსტის განსახილველი ადგილის ილსისეულ [Else, 1957: 619-621] და განსაკუთრებით, ლუქასისეულ [Lucas, 1978: 67, 226-227] გააზრებას, რისი გათვალისწინებითაც XXIV, 1460a5-11 პასაჟი მე ამგვარად მესმის:

[5] „ჰომეროსი კი მრავალ სხვა [მიზეზთან] ერთად ქებას იმის გამოც იმსახურებს, [6] რომ მან, [ეპიკოს] პოეტთა შორის ერთადერთმა, იცის, თვითონ რა უნდა გააკეთოს. [7] პოეტს კი ის მოეთხოვება, რომ თავად [როგორც მთხრობელმა] ძალიან ცოტა ილაპარაკოს, ვინაიდან არ არის [იგი] [8] ამის გამო მიმბაძველი (ანუ პოეტი). სხვები (ე.ი. სხვა ეპიკოსები) კი, ფაქტობრივად, სულ (ე.ი. მთელი პოემის მანძილზე) თავადვე [9] ყვებიან (narrate), მაგრამ ბაძავენ ცოტას (ე.ი. თავიანთ გმირებს ცოტას ალაპარაკებენ, impersonate) და უმნიშვნელოდ. მას კი (ანუ ჰომეროსს) მცირე [10] შესავლის შემდეგ მაშინვე შემოჰყავს კაცი, ქალი ან რომელიმე სხვა [11] ხასიათი და არავინ ხასიათის გარეშე, არამედ [მხოლოდ] ხასიათის მქონე" (ე.ი. ჰომეროსი, სხვა ეპიკოსებისაგან განსხვავებით, თავისი პერსონაჟების ხასიათებს გადმოცემს მათივე მეტყველების  საშუალებით, ანუ დიალოგური - და არა ნარატიული - პარტიების გამოყენებით).

„პოეტიკის" XXIV, 1460a5-11 პასაჟის ამგვარი ინტერპრეტაციით, ჩემი აზრით, შესაძლებელია როგორც ჰომეროსისეული პერსონაჟების ინდივიდუალიზაციის საკითხის გაანალიზება, ისე „ილიადისა" და „ოდისეის" გენეზისის პრობლემის ახლებურად კვლევაც. ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ ჰომეროსი თავისი პოემების დიალოგური პარტიების სიმრავლით, არისტოტელეს თანახმად, ბევრად აღემატება ყველა სხვა ეპიკოსს. „ილიადისა" და „ოდისეის" ავტორის ორმაგი ნოვატორობა - მისი წარმატებული სწრაფვა ერთდროულად როგორც კომპოზიციური თვალსაზრისით ორგანიზებული მონუმენტურობისაკენ, ანუ ვრცელი და იმავდროულად სტრუქტურულად ერთიანი კომპოზიციისაკენ, ისე დიალოგური პარტიების სიმრავლისაკენ,  - ვფიქრობ, ერთმანეთს ლოგიკურად შეიძლება დაუკავშირდეს, რაზეც ჰომეროლოგიურ გამოკვლევებში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა.

უკანასკნელი ხანების ჰომეროლოგიურ ნაშრომებში დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „ილიადისა" და „ოდისეის" უპრეცედენტოდ დიდი, მონუმენტური სიგრძე მიღწეულია თანდათანობითი, კერძოდ, ეტაპობრივი, გაფართოების პროცესში და თანაც ერთი და იმავე პოეტის - თავად ჰომეროსის  - მიერ [Mueller, 1984: 159-176]. ეს ახალი, თავისი არსით, თუ ასე შეიძლება ითქვას, კომპრომისული თეორია, ერთი შეხედვით, საკმაოდ წარმატებული ჩანს.  ის მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეების ანალიტიკური და უნიტარისტული კონცეფციების ურთიერთმორიგებას და იმავდროულად პარი-ლორდის (Parry-Lord's) ზეპირი პოეზიის (of Oral Poetry) თეორიის მეტ-ნაკლებად განეიტრალებას, რადგანაც ჰომეროსის ეპოსის ფორმირების პროცესში დაწერის ეტაპის არსებობის შესაძლებლობა მის (ანუ ამ თეორიის) მიერ მთლიანად გამორიცხული არ არის. აღნიშნული თეორიის საშუალებით, ერთი მხრივ, მართლაც დაძლეულია ჰომეროსის, როგორც რეალურად არსებული ინდივიდუალური შემოქმედის, მთლიანად უარყოფის ანალიტიკოსებისათვის დამახასიათებელი მისწრაფება [Page, 1959: 297-342], მეორე მხრივ კი, ირელევანტურადაა გადაქცეული „ილიადაში" არსებული ნებისმიერი ბუნდოვანი ადგილის უნიტარისტული პოზიციიდან [Schadewaldt, 1938] „გამართლების" სურვილი: ტექსტში რეალურად არსებული წინააღმდეგობების უარყოფა საჭირო აღარაა, რადგანაც მათი გამომწვევი მიზეზი არა მრავალავტორობაა, არამედ თავად ჰომეროსი - გენიალური შემოქმედი, მაგრამ „თანამედროვე სტანდარტებით ცუდი რედაქტორი" [Mueller, 1984: 172], რაც, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ აკნინებს „ილიადის" ავტორის გენიალურობას.

ზემოაღნიშნული თეორია მაქსიმალურად დასაშვები ეკლექტურობით ხასიათდება. ამდენად, პოპულარულია, რადგანაც მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს, ფაქტობრივად, ყველა ძირითადი ჰომეროლოგიური მიმართულების ინტერესებს. თუმცა,  ვფიქრობ, რომ ის, სამწუხაროდ, ბოლომდე მაინც ვერ აღწევს დასახულ მიზანს - ერთმანეთს მოარიგოს, ერთი მხრივ, მრავალავტორობისა და ზეპირი პოეზიის თეორიები და, მეორე მხრივ, ინდივიდუალური შემოქმედის, ანუ წერილობითი ჰომეროსის, კონცეფცია.

სხვადასხვა სახის ე.წ. სიუჟეტური არათანმიმდევრულობები, ანუ ტექსტში არსებული ურთიერთშეუსაბამო ადგილები, განსახილველი თეორიის ფარგლებში, ვფიქრობ, სრულიად მართებულადაა მიჩნეული „ილიადის" თანდათანობითი გაფართოების ეტაპებზე მიმანიშნებელ ფაქტობრივ მონაცემებად [Mueller, 1984: 167]. „ილიადის" ფორმირების გააზრება თავად ჰომეროსის მიერვე განხორციელებული გაფართოების მრავალწლიან, ეტაპობრივ პროცესად პრინციპში არ ეწინააღმდეგება უნიტარისტულ თვალსაზრისს: „ის, რომ „ილიადა" და „ოდისეა" არ არის ერთი ამოსუნთქვით დაწერილი პოემები, სრულიად აშკარაა. უნდა ვიფიქროთ, რომ პოეტი მათ თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ ქმნიდა. ... ასევე დასაშვებია, რომ პოემის ნაწილები დროში იმ თანმიმდევრობით არ იქმნებოდა, რაც მათ ახლა აქვთ" [გორდეზიანი, 2002: 125]. თუმცა, განსახილველი თეორია, ჩემი აზრით, „ზეპირი პოეზიის" მიმართულების მრავალრიცხოვანი მომხრეებისათვის ანგარიშის გაწევის მიზნით, განხილვის გარეშე ტოვებს ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს. კერძოდ, გაფართოების სავარაუდო ეტაპებიდან რომელი შეიძლება ყოფილიყო ზეპირი და რომელი - წერილობითი.

„ილიადის" გაფართოების შედეგად მის ტექსტში წარმოქმნილი სიუჟეტური შეუსაბამობები განსახილველი თეორიის ფარგლებში, ფაქტობრივად, სამ ტიპად არის კლასიფიცირებული. პირველი - ესაა იმგვარი „რედაქციული ხასიათის პრობლემა" [Mueller, 1984: 172], რომელიც თავად ჰომეროსის მიერაა განეიტრალებული, მაგრამ „არა ბუნდოვანი ადგილის ამოღებით, არამედ მისი კიდევ უფრო განვრცობის გზით" და ამდენად, ახალ სიუჟეტურ კონტექსტთან, ვითარებასთან მისი შესაბამისობაში მოყვანის საშუალებით, რის საილუსტრაციო ნიმუშადაც მიჩნეულია „ილიადის" II სიმღერის 699-709, 721-728 სტრიქონები [Mueller, 1984: 161-162]. მეორე ტიპის ბუნდოვანი ადგილები ჰომეროსის მიერ გაუნეიტრალებლადაა დატოვებული, რადგანაც "პოეტი არ ცდილობდა ადრინდელი ტექსტი დამატებული ნაწილისათვის მიესადაგებინა"[Mueller, 1984: 174],, რისი მაგალითიც, განსახილველი თეორიის თანახმად, არის „ილიადის" IX სიმღერის ე.წ. დუალისების სცენა, რომლის ფარგლებშიც ორზე მეტი პირის გადაადგილება აქილევსის ბანაკისაკენ გადმოცემულია ორობითი რიცხვის ფორმებით [Mueller, 1984: 174, 167 ]. მესამე ტიპის ბუნდოვანი ადგილების შემთხვევაში ჰომეროსის მიერ მათი გაუნეიტრალებლად დატოვება, განსახილველი თეორიის მიხედვით, ახსნილია იმ გარემოებით, რომ „პოეტი იყო არასაკმარისად კარგი რედაქტორი"[Mueller, 1984: 167-168],, რის მაგალითადაც მოტანილია „ილიადის" II სიმღერაში თავად ჰომეროსის მიერ ე.წ. ხომალდთა კატალოგის ჩართვა, რამაც "ტექსტის ძველი და ახალჩამატებული ნაწილების ერთმანეთთან უხეიროდ გადაბმა" გამოიწვია: ზევსის სურვილის მიუხედავად აგამემნონი ომს კი არ იწყებს, რის შედეგადაც იგი სწრაფ და გარდაუვალ მარცხს იგემებდა, არამედ გამოცდას უწყობს თავის ჯარს, რაც სიუჟეტური ხაზის სრულიად სხვა მიმართულებით განვითარებას იწვევს [Mueller, 1984: 167-168, 172].  

რაკი სიუჟეტური შეუსაბამობები, ჩემი აზრითაც, „ილიადის" თავად ჰომეროსის მიერ განხორციელებული გაფართოების ეტაპების მოდელირებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული, ვფიქრობ, აჯობებს, თუკი მათ (სიუჟეტურ შეუსაბამობებს) ერთმანეთისაგან განვასხვავებთ იმის მიხედვით, თუ რომელ ეტაპზე უნდა წარმოქმნილიყვნენ ისინი - ზეპირსა თუ წერილობითზე. ამისათვის სიუჟეტური შეუსაბამობები მათი ტიპის მიხედვით, ჩემი აზრით, პირობითად, სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს.

1) პირველ ჯგუფს მიეკუთვნება, თუ ასე შეიძლება ითქვას, არარსებული, მაგრამ პოტენციურად მოსალოდნელი სიუჟეტური შეუსაბამობები, რომლებიც შეიძლება დაფიქსირებულიყვნენ, მაგრამ არ ფიქსირდებიან, ერთი მხრივ, თავიდანვე არსებული, ანუ ძველი, და, მეორე მხრივ, უდავოდ ჩამატებულად მიჩნეული ტექსტობრივი მონაკვეთების გადაბმის ადგილებში. ასე მაგალითად, ანალიტიკური თეორიის თანახმად, VIII სიმღერა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გვიანდელი ჩამატებაა ამჟამინდელი პოემის ტექსტში. როგორც ცნობილია, მასში არ ფიქსირდება რაიმე სახის - და მით უმეტეს სტრუქტურული ხასიათის - შეუსაბამობა (ერთადერთ სავარაუდო და თანაც უმნიშვნელო გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ორად ორი ხაზი - 8, 475-476 [შდრ. Mueller, 1984: 169]). აღნიშნული გარემოება, ჩემი აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ ამგვარი ჩამატება, თუკი ის მართლაც განხორციელდა ჰომეროსის მიერ, უნდა მომხდარიყო „ილიადის" გაფართოების ზეპირ ეტაპზე, რადგანაც სიუჟეტური შეუსაბამობის სახით აშკარა კვალი არ დაუტოვებია (ამდენად, თუ VIII სიმღერა, მართლაც, ჩამატებაა, ის გაფართოების საწყის, ზეპირ ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო და არა შედარებით გვიანდელ, წერილობით ეტაპზე). და მართლაც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პოემის ტექსტი ჯერაც არ იყო წერილობით დაფიქსირებული და მხოლოდ პოეტის მეხსიერებაში ინახებოდა (რასაც ზეპირი პოეზიის თეორია ე.წ. ზეპირ დაფიქსირებას უწოდებს), გაფართოების ამ, ანუ ზეპირ, ეტაპზე ტექსტის რედაქტირება, ბუნებრივია, გაცილებით უფრო ადვილად განხორციელდებოდა, რის შედეგადაც პოემის ამჟამინდელ ტექსტში VIII სიმღერასთან დაკავშირებით შეუსაბამობები, ფაქტობრივად, არ ფიქსირდება.

2) მეორე ჯგუფში ერთიანდება ტექსტის გაფართოებით გამოწვეული ის შეუსაბამობები, რომლებიც ჰომეროსს შემდგომი, დამატებითი განვრცობის გზითა აქვს განეიტრალებული, რაც, ვფიქრობ, იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ განვრცობამდელი ტექსტი უკვე წერილობით იყო დაფიქსირებული, რის გამოც პოემის გაფართოების შედეგად მიღებული სიუჟეტური შეუსაბამობის ძველი, გაფართოებამდელი ტექსტის შეცვლის გზით რედაქტირება პოეტმა ვერ შეძლო. ამდენად, როგორც დამატებული ტექსტით პოემის გაფართოება, ისე ამის შედეგად წარმოქმნილი შეუსაბამობის ხელახალი გაფართოების საშუალებით განეიტრალება, სავარაუდოდ, უნდა მომხდარიყო წერილობით უკვე დაფიქსირებულ ტექსტში, ანუ გაფართოების წერილობით ეტაპზე (დაწვრ. იხ. ქვემოთ). ამ შემთხვევაში ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ პოეტი განავრცობდა უკვე წერილობით და არა „ზეპირად" დაფიქსირებულ ტექსტს (თუკი მონუმენტური ზომის მხატვრული ტექსტის „ზეპირად დაფიქსირება" საერთოდ შესაძლებელია).

3) მესამე ჯგუფისაა იმგვარი შეუსაბამობები, რომლებიც პირველი და მეორე ჯგუფის შეუსაბამობების მსგავსად პოეტის მიერ ასევე გაცნობიერებულია, მაგრამ ისინი მას მიზანმიმართულადა აქვს დატოვებული გაუნეიტრალებლად (ჩემი აზრით, შეუძლებელია, გენიოს პოეტს ვერ ეგრძნო, რომ მის მიერ ტექსტის გაფართოებას პოემაში ბუნდოვანი ადგილის გაჩენა მოჰყვა). ვფიქრობ, რომ ამგვარი შემთხვევები პოეტს გაუნეიტრალებლად ორი მიზეზით შეიძლება დაეტოვებინა:

ა) პოეტი გრძნობს წარმოქმნილ შეუსაბამობას, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ არსებობს გაფართოების შედეგად მიღებული ახალი ტექსტის მთლიანობაში განსხვავებულად, ახლებურად გააზრების იმგვარი შესაძლებლობა, რომელიც არც მის ძირითად მხატვრულ ჩანაფიქრს ეწინააღმდეგება და იმავდროულად ახალგაჩენილ ბუნდოვან ადგილსაც თავისთავად, მისი (ანუ პოეტის) მხრიდან დამატებითი ძალისხმევის გარეშეც ანეიტრალებს. ამდენად, შესაძლებელი არის მისი გაუნეიტრალებლად დატოვება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ გარემოებაზე ჰომეროლოგიურ გამოკვლევებში ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. აღნიშნულის საილუსტრაციო მაგალითად, ვფიქრობ, შეიძლება გამოდგეს „ილიადის"  IX სიმღერის დუალისური ფორმების შემცველი საყოველთაოდ ცნობილი სცენა. თუკი აქ მართლაც თავდაპირველად არსებული ორი ელჩი სამით გაფართოვდა (რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება), პოეტს სცენა კვლავინდებურად დუალისებით გადმოცემული სახით შეიძლებოდა დაეტოვებინა, თუკი გაიაზრებდა, რომ გაფართოების შედეგად მიღებულ ახალ ტექსტშიც, მთლიანობაში მისი სხვაგვარად გააზრების შემთხვევაში, ორობითი რიცხვის გამოყენება კვლავინდებურად გამართლებული იყო. კერძოდ, თუკი მანამდე დუალისური ფორმები შეესაბამებოდა ორ ელჩს - ოდისევსსა და აიასს, შემდგომში ფოინიქსის დამატების შედეგად მიღებული სამი ელჩი დუალისური წყვილის ერთ წევრად შეიძლებოდა გააზრებულიყო, ორი მაცნე კი - მეორე წევრად. როგორც ცნობილია, უნიტარისტული კონცეფციის ფარგლებში IX სიმღერის დუალისური ფორმების საკითხი სწორედ ამგვარადაა ახსნილი და ამდენად, ამ სცენის ბუნდოვან ადგილად მიჩნევის მართებულობა საფუძვლიანი ეჭვის ქვეშაა დაყენებული [გორდეზიანი, 2002: 54, 82].

ბ) პოეტი გაუნეიტრალებლად ტოვებს აშკარა შეუსაბამობას არა იმის გამო, რომ ხედავს ტექსტის მთლიანობაში ახლებურად გააზრებისა და ბუნდოვანი ადგილის თავისთავად „გაუვნებელყოფის" შესაძლებლობას, არამედ რაღაც სხვა მიზეზით. მაგალითად, იმის გამო, რომ გაფართოების შედეგად წარმოქმნილი ტექსტობრივი წინააღმდეგობის განეიტრალება ეწინააღმდეგება პოემის სიუჟეტური ხაზის განვითარებას, რომელიმე მთავარი გმირის ხასიათის თავისებურებას ან ზოგადად მის პოეტურ კონცეფციასა თუ რომელიმე კონკრეტულ მხატვრულ ჩანაფიქრს. ამგვარ შემთხვევაში „ილიადის" ავტორს პოეტური ალღო, სავარაუდოდ, უკარნახებდა, რომ წარმოქმნილი ბუნდოვანი ადგილი მისი განეიტრალებით გამოწვეულ მოსალოდნელ შედეგთან შედარებით ნაწარმოებს მხატვრული თვალსაზრისით მთლიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ზიანს აყენებდა. აღნიშნულის მაგალითად გამოდგება ის შემთხვევა, რომელიც ჰომეროლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში სახელდებულია, როგორც „ილიადის" „XI და XVI წიგნებში ტექსტის ღია კონფლიქტი ელჩობასთან", ანუ IX სიმღერასთან. განსახილველი თეორიის ფარგლებში ეს შემთხვევა არც თუ უსაფუძვლოდ, საბოლოო ჯამში, ახსნილია ისევ და ისევ პოემის თანდათანობითი, ეტაპობრივი გაფართოებით: პატროკლოსისადმი მიმართვისას აქილევსი არც XI და არც XVI სიმღერაში ერთი სიტყვითაც არ ახსენებს შერიგების სანაცვლოდ აგამემნონის მიერ მისთვის წინა ღამით შეთავაზებულ საგანძურსა და ბრისეისის დაბრუნებას, თუმცა მიმდინარე საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე მას ამის გაკეთება შეუძლია [Mueller, 1984: 171-172].  თუკი დავუშვებთ, რომ ჰომეროსმა IX სიმღერა „ილიადის" ტექსტში, მართლაც, XI და XVI სიმღერებზე უფრო გვიან შეიტანა და ზემოაღნიშნული წინააღმდეგობა რაღაც მიზეზის გამო არ/ვერ გაანეიტრალა, მაშინ როგორღა ავხსნათ ვ. შადევალდტის მიერ შენიშნული ფაქტი, რომ XVI სიმღერაში, კერძოდ, პატროკლოსისადმი იმავე მიმართვის ფარგლებში აქილევსი ითვალისწინებს გვიანჩამატებულად ნავარაუდევ IX სიმღერაში მის მიერ თქმულ სიტყვებს, რომ ომში მხოლოდ მას შემდეგ ჩაებმება, როცა ბრძოლა მის საკუთარ ხომალდებს მიუახლოვდება: XVI, 61-63 = IX, 650-652 [შდრ. Mueller, 1984: 171-172]. თუკი ჰომეროსმა შეძლო და გაანეიტრალა ერთი სიუჟეტური წინააღმდეგობა, რატომ ვერ ან არ გააკეთა იგივე სხვა შემთხვევაში? ვფიქრობ იმიტომ, რომ ამგვარი განეიტრალებით  იმ „მცირე" შეუსაბამობასთან შედარებით, რომელიც ამ ბუნდოვანი ადგილის პოეტის მიერ გაუნეიტრალებლად დატოვებამ გამოიწვია, „ილიადის" მხატვრულ სამყაროს გაცილებით უფრო დიდი, გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. საქმე ისაა, რომ უნიტარისტული კონცეფციის მიხედვით, არაკეთილგონიერიდან კეთილგონიერ ქცევაზე თანდათანობითი გადასვლა აქილევსის ხასიათის განმსაზღვრელ, მის უმთავრეს თვისებადაა მიჩნეული [გორდეზიანი, 2002: 116]. ამდენად, „ილიადის" მხატვრული ლოგიკის, კერძოდ, აქილევსის ხასიათის ზემოაღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით, რაც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს კიდეც მთელი პოემის სიუჟეტური ხაზის განვითარებას, პოეტისათვის მიუღებელი უნდა გამხდარიყო განსახილველი ბუნდოვანი ადგილის ამა თუ იმ ფორმით განეიტრალება:  არც XI და არც XVI სიმღერაში (XIX სიმღერის დასაწყისისაგან განსხვავებით)  აქილევსი ჯერაც არ არის მზად, აღიაროს IX სიმღერაში ელჩებთან საუბრისას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უმართებულობა. მაგრამ პატროკლოსისადმი მიმართულ სიტყვებში მის მიერ აგამემნონის შემოთავაზების ამა თუ იმ ფორმით ხსენება სწორედ ამგვარი აღიარების ტოლფასი იქნებოდა უკვე XI ან XVI სიმღერაში.

ნათელია, რომ მესამე ჯგუფის ორივე - როგორც ა, ისე ბ - ტიპის ბუნდოვანი ადგილები შეიძლება წარმოქმნილიყო „ილიადის" გაფართოების როგორც ზეპირ, ისე  წერილობით ეტაპზე. ამდენად, ჩემთვის, როგორც უნიტარისტული თვალსაზრისისა და იმავდროულად, წერილობითი ჰომეროსის კონცეფციის მომხრისათვის, მნიშვნელოვანია სწორედ მეორე ჯგუფის შეუსაბამობების  გამოვლენა, რადგანაც ისინი „ილიადის" ფორმირების მრავალწლიან პროცესში, ჩემი აზრით, გაფართოების უდავოდ წერილობითი ეტაპების არსებობაზე მიუთითებენ (დაწვრ. იხ. ქვემოთ).

განსახილველი თეორიის ფარგლებში, როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღვნიშნე, „ილიადის" გაფართოების სავარაუდო ეტაპები მოდელირებულია ანალიტიკური კონცეფციის (გ. ჰერმანის, ჯ. გროთის, ვ. ლიფის [Mueller, 1984: 166-167] და ბუნებრივია, უ. ფონ ვილამოვიც-მოლენდორფის [გორდეზიანი, 2002: 51-52] ნაშრომების),  ფაქტობრივად, მთლიანად და უცვლელი სახით გათვალისწინების გზით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ორი ან მრავალი ავტორი შეცვლილია ერთით - თავად ჰომეროსით. თუმცა, ამგვარი „ინოვაცია", ჩემი აზრით, არ არის საკმარისი ანალიტიკური და უნიტარისტული თეორიების ერთმანეთთან ბოლომდე „მოსარიგებლად". საქმე ისაა, რომ თანამედროვე უნიტარისტული თეორია არა მხოლოდ პოემების ერთავტორობას და ამდენად, მათ მხატვრულ ერთიანობას ასაბუთებს, არამედ - წერილობითი ჰომეროსის კონცეფციასაც. აღნიშნულის დასამტკიცებელ არგუმენტებად კი მიიჩნევს პოემებში სტრუქტურული სიმეტრიის ერთიანი ბადის არსებობას  როგორც მიკრო-, ისე მაკროსტრუქტურულ დონეებზე, გმირთა ექსპონირებისას, ანუ პოემაში პირველად მოხსენიებისას, მათი „წარდგენის" კანონზომიერებას, „ილიადასა" დაოდისეას" შორის მითოლოგიური ინფორმაციის დეტალებამდე გათვლილ განაწილებას და სხვა [გორდეზიანი, 2002: 125-126], რაც, ვფიქრობ, შეუძლებელია აიხსნას პოემათა შექმნის ხანგრძლივი პროცესის ბოლოს წერილობითი ეტაპების არსებობის დაშვების გარეშე. მაგრამ განსახილველი თეორიის ფარგლებში წარმოდგენილი „ილიადის" ფორმირების სავარაუდო ეტაპების ზოგადი მონახაზი გაფართოების წერილობითი ეტაპის ფუნქციას, ფაქტობრივად, ხედავს ზეპირად უკვე თავიდან ბოლომდე შექმნილი - კომპოზიციურად ერთიანი  და იმავდროულად მონუმენტური, ანუ ბოლომდე გაფართოებული, - პოემის ტექსტის მხოლოდ დაფიქსირებასა და მის უცვლელად ტრანსმისიაში [Mueller, 1984: 162-176].

ზეპირი ფორმით არსებულ „ილიადას", ჩემი ვარაუდით, შეიძლებოდა ჰქონოდა მხატვრული ერთიანობა, მაგრამ იმავდროულად ვერ ექნებოდა მონუმენტური ზომა. ამას რამდენიმე გარემოება მაფიქრებინებს, რომელთაგან უმთავრესი ისაა, რომ გაფართოების ზეპირ ეტაპზე „ილიადის" დასაწყისსა და დასასრულსს შორის სიმეტრიას მხატვრული ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონოდა, თუკი ეს პოემა ერთჯერადი შესრულებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. სხვაგვარად რომ ვთქვა, თუკი „ილიადა" ჯერაც არ იქნებოდა მონუმენტური ზომის [ხინთიბიძე, 2005: 277-279, 330-331]. ამდენად, გაფართოების წერილობითი ეტაპების გარეშე, გაფართოების მხოლოდ ზეპირ ეტაპებზე „ილიადა" ამჟამინდელ მონუმენტურ ზომამდე, თეორიულად, კი შეიძლება გაზრდილიყო, მაგრამ ვერ შეინარჩუნებდა კომპოზიციურ ერთიანობას, ხოლო თუკი ის (კომპოზიციური ერთიანობა) არ გააჩნდა, ვერც შეიძენდა. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ  „ილიადის" ტექსტი ფორმირების ვერც წერილობით ეტაპზე გაფართოვდებოდა მასში ვრცელი სიუჟეტური ნაწილების, ანუ მთლიანი მზა სიმღერების, ჩამატების გზით (რისი ალბათობაც განსახილველი თეორიის ბოლომდე გაზიარების შემთხვევაში მთლიანად ვერ გამოირიცხება). საქმე ისაა, რომ ამგვარი სახის გაფართოება ზეპირ ეტაპზე ფორმირებული მცირე ზომის წერილობით დაფიქსირებულ პოემაში არა მხოლოდ ცალკეულ, არასტრუქტურული, ანუ ე.წ. რედაქციული, ხასიათის შეუსაბამობებს წარმოქმნიდა, როგორც ეს „ილიადის" ამჟამინდელ ტექსტში ფიქსირდება, არამედ მასში (პოემაში) არსებული კომპოზიციური სიმწყობრის სრულ რღვევას გამოიწვევდა. როგორც ცნობილია, ამის კარგი საილუსტრაციო მაგალითია ილიადის X სიმღერა - დოლონია [შდრ. Mueller, 1984: 175-176]. ამდენად, წინასწარ სხვა მიზნით უკვე შექმნილი მთლიანი სიმღერის და მით უმეტეს, სიმღერათა ჯგუფის (II-VII და XII-XV) თუნდაც თავად ჰომეროსის მიერ ჩამატება ე.წ. წინარე-ილიადაში, მისი შემდგომი გაფართოების მიზნით [შდრ. Mueller, 1984: 173] და ამის შედეგად იმგვარი კომპოზიციური ერთიანობის მქონე პოემის მიღება, როგორიც ჩვენთვის ცნობილი „ილიადაა", ჩემი ვარაუდით, სრულიად შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. თანაც, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო გაფართოების როგორც ზეპირ, ისე - და მით უმეტეს - წერილობით ეტაპებზე.

როგორც ზემოთ უკვე მივანიშნე, კომპოზიციური ერთიანობის შენარჩუნებასთან ან მით უმეტეს, მის კიდევ უფრო განმტკიცებასთან ერთად „ილიადა" მონუმენტურ ზომამდე, ჩემი აზრით, შეიძლებოდა გაფართოებულიყო მხოლოდ წერის ეტაპზე. ამდენად, ბუნებრივია, ისმის კითხვა: ზეპირ ეტაპზე კომპოზიციურად უკვე ერთიანი ფორმით არსებული შედარებით მცირე ზომის მქონე ტექსტი მისი გაფართოების წერილობით ეტაპებზე როგორ შეიძლებოდა გაზრდილიყო მონუმენტურ ზომამდე და იმავდროულად, არამც თუ არ დაეკარგა მხატვრული ერთიანობა, არამედ ის ამჟამინდელი „ილიადის" დონემდე აემაღლებინა? ვფიქრობ, რომ ამგვარი რამ შესაძლებელი შეიძლება გამხდარიყო ძირითადად ნარატიული ნაწილებისაგან შედგენილი წერილობით დაფიქსირებული ტექსტის, მნიშვნელოვანწილად, სწორედ დიალოგური პარტიებით  გაფართოების გზით. სწორედ იმ დიალოგური პარტიებისა, რომელთა ესოდენ დიდი რაოდენობითაც, არისტოტელეს თანახმად [Aristotle's...: 1460a5-11], ჰომეროსის პოემები აგრერიგად აღემატებოდა მისთვის (არისტოტელესათვის) ცნობილ ყველა სხვა ეპიკურ პოემას.

ზემოაღნიშნული ტიპის გაფართოების საილუსტრაციოდ, სტატიის ფორმატის გათვალისწინებით, ყურადღებას ამჯერად მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გავამახვილებ, რომელიც „ილიადის" IX სიმღერაში ფიქსირდება. აღნიშნული სიმღერის 676-692 სტრიქონებში აქილევსისაგან დაბრუნებული ოდისევსი აგამემნონის მიმართვის პასუხად ანგარიშს აბარებს მას, თუ რა შედეგით დასრულდა ელჩობა. თუმცა, ოდისევსის ანგარიში ასახავს აქილევსის მიერ მხოლოდ მისთვის ნათქვამ სიტყვებს და გაკვრითაც კი არ მოიხსენიებს ამის შემდეგ აქილევსსა და ფოინიქსს, ხოლო ელჩობის ბოლოს კი აქილევსსა და აიასს შორის შემდგარი საუბრების შედეგებს. ოდისევსის ამგვარი „გულმავიწყობის" მიზეზით აგამემნონსა და აქაველებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ აქილევსი მეორე დღეს გამთენიისთანავე დაუყოვნებლივ გაცურავს სამშობლოსაკენ, მაშინ როცა, სინამდვილეში, მას უკვე გადაფიქრებული აქვს სახლში დაბრუნება და ისიც კი აქვს ნათქვამი, თუ რა შემთხვევაში დაუბრუნდება ბრძოლის ველს. ანტიკურობიდან მოყოლებული ამ ადგილს ყურადღება არაერთხელ მიექცა და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას, ფაქტობრივად, ყოველთვის ანალიტიკურად განიხილავდნენ [Mühll, 1952: 180-181[2]]. მაგრამ თავად ჰომეროსის მიერ „ილიადის" ეტაპობრივი გაფართოების თეორიის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ორი - A და B - პოეტის მოღვაწეობის კვალი კი არ უნდა დავინახოთ, არამედ ერთი და იმავე ავტორის - ჰომეროსის -  მიერ თავისი პოემის თანდათანობითი გაფართოების ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ეტაპები.

აღნიშნული თვალსაზრისით „ილიადის" IX სიმღერის 676-692 სტრიქონებზე დაკვირვება, ჩემი აზრით, საინტერესო ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ თანდათანობით ფართოვდებოდა IX სიმღერა. კერძოდ, ვფიქრობ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენამდე მოღწეული სახით „ილიადის" IX სიმღერის ტექსტის ამ მონაკვეთმა შემოინახა პოემის ფორმირების ის ეტაპი, როდესაც აქილევსთან მისული სამი ელჩიდან (ოდისევსი, აიასი, ფოინიქსი) მას სიტყვით მიმართავდა მხოლოდ ერთი - ოდისევსი, დანარჩენები კი საუბარში მონაწილეობას არ იღებდნენ. თუკი ჩემი ვარაუდი საფუძველს არ არის მოკლებული, მაშინ ფაქტია, რომ გაფართოების ამ ეტაპზე ტექსტი უკვე წერილობით იყო დაფიქსირებული. ამაზე, კერძოდ, ის გარემოება უნდა მიუთითებდეს, რომ IX სიმღერის ტექსტის გაფართოების ერთ-ერთ შემდგომ ეტაპზე, როდესაც სრულიად გასაგები მიზეზების გამო ჰომეროსმა საჭიროდ ჩათვალა, აქილევს-ოდისევსის საუბრისათვის აქილევს-ფოინიქსისა და აქილევს-აიასის საუბრები „დაემატებინა", ამის შედეგად „მოძველებული" 676-692 სტრიქონები მან (ჰომეროსმა) არც ამოიღო და არც შეცვალა, არამედ კიდევ უფრო განავრცო დიომედეს მიმართვით აგამემნონისადმი (IX, 696-709). დიომედეს მიერ წარმოთქმული ეს გამამხნევებელი ხასიათის სიტყვა შეიძლება მანამდეც ყოფილიყო IX სიმღერის ტექსტში, მაგრამ - არა 701-703 სტრიქონები, რომლებშიც ოდისევსის ანგარიშისაგან განსხვავებით, ფაქტობრივად, ასახულია როგორც აქილევსის პასუხი ფოინიქსისადმი[3], ისე მისივე პასუხი აიასისადმი[4].

ზემოგანხილული შემთხვევა, რომელიც „ილიადის" ფორმირების ერთ-ერთ დამასრულებელ ეტაპზე წერილობით მანამდე უკვე დაფიქსირებული ტექსტის სწორედ დიალოგური პარტიებით გაფართოების საილუსტრაციო მაგალითად გამოდგება, ჩემი აზრით, ამასთანავე იმაში დარწმუნების შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ ჰომეროსი თავის მონუმენტურ ქმნილებას მართლაც ორგვარი ტექსტობრივი მოდალობის ზღვარზე ქმნიდა [Mueller, 1984: 172]  - ზეპირისა და წერილობითის, მაგრამ არა იმგვარად, როგორც ეს მეტწილად ანალიტიკურ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიძლება იქნას მოდელირებული.

და ბოლოს, ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ გარემოებაზე. „ილიადის" IX სიმღერის ეტაპობრივი გაფართოების შესახებ ზემოთ ჩემ მიერ წარმოდგენილი ვარაუდის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ შესაძლებელია ელჩობის სცენაში არსებული დუალისური ფორმების ოდნავ განსხვავებულად - თუმცა კვლავინდებურად უნიტარისტული პოზიციიდან - ინტერპრეტაცია. მაგრამ ეს უკვე ცალკე განხილვის თემაა და ამდენად, აღემატება წინამდებარე სტატიის მიზნებს.

 


[1] გაწეული კონსულტაციისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, პროფესორ რისმაგ გორდეზიანს.

[2] იქვეა საკითხის შესახებ ბიბლიოგრაფიაც.

[3] მეორე დილით ერთად მოეფიქრებინათ, სახლში დაბრუნებულიყვნენ, თუ იქვე დარჩენილიყვნენ (ἀλλ᾽ ἤτοι κεῖνον μὲν ἐάσομεν  κεν ἴῃσιν,  κε μένῃ [Homer: IX, 701-702a]).

[4] თუ რა შემთხვევაში ჩაებმებოდა იგი ბრძოლაში (τότε δ᾽ αὖτε μαχήσεταιὁππότε κέν μιν θυμὸς ἐνὶ στήθεσσιν ἀνώγῃ καὶ θεὸς ὄρσῃ [Homer: IX, 702b-703].

ლიტერატურა

გორდეზიანი რ.
2002
ბერძნული ლიტერატურა (ელინური ეპოქის ეპოსი, ლირიკა, დრამა), ტომი I, თბილისი.
ხინთიბიძე ზ.
2012
არისტოტელეს პოეტიკის ერთი ადგილის (XXIV 1460a5-11) ინტერპრეტაციისთვის, მოხსენება წაკითხული საერთაშორისო კონფერენციაზე საბერძნეთი - ევროპული იდენტობა - საქართველო, 27-29 ივნისი, თბილისი, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies, International Conference, GREECE – EUROPEAN IDENTITY – GEORGIA, 27-29 June, Tbilisi.
ხინთიბიძე ზ.
2005
ჰომეროსი და რუსთველი. კომპოზიციური ორგანიზაციის ჰომეროსისეული პრინციპები და ეპიკური ტრადიცია, თბილისი.
Aristotle's…
Aristotle's Ars Poetica (Greek text), ed. R. Kassel, Oxford, Clarendon Press, 1966. The Annenberg CPB/Project provided support for entering this text. http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.
Else G. F.
1957
Aristotle's Poetics: the Argument, Leiden.
Fenik B.
1986
Homer and the Nibelungenlied (comparative studies in epic style), MCL, v. XXX, Harvard UP, Cambridge, Massachusetts, and London, England.
Homer
Iliad, Homer. Homeri Opera in five volumes, Oxford, Oxford University Press, 1920. The Annenberg CPB/Project provided support for entering this text. http://www.perseus.tufts.edu/hopper/text;jsessionid= 088DBC01DE51CEADCE078E02297FFF92?doc=Perseus%3Atext%3A1999.01. 0133%3Abook%3D9%3Acard%3D669.
Lucas D. W.
1978
Aristotle, Poetics, Introduction, Commentary and Appendixes, Clarendon Press, Oxford.
Mueller M.
1984
The Iliad, MCL, London.
Mühll P. von der
1952
Kritisches Hypomnema zur Ilias, Basel.
Page D. L.
1959
History and the Homeric Iliad, University of California Press,Berkeley, Los Angeles, London (Reissued, 1976).
Schadewaldt W.
1938
Iliasstudien, Leipzig.