დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი - ორენოვანი ევროპულ-ქართული ლექსიკონების საფუძველი

წინამდებარე სტატიის მიზანია  „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის" [დიდი ინგლისურ-ქართული... 2010] ბაზაზე სხვა ევროპულ-ქართული ლექსიკონების შექმნის პერსპექტივების წარმოჩენა.

„დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი", რომელშიც შესულია 110 000 სიტყვა-სტატია, მოცემულია რამდენიმე ასეული ათასი ინგლისური მნიშვნელობის ქართული ეკვივალენტი, დღეისათვის წარმოადგენს ერთგვარ ორენოვან კორპუსსაც, რომელსაც სხვა ლექსიკოგრაფიული პროექტები (როგორც ზოგადი, ისე სპეციალიზებული) შეიძლება დაეფუძნოს.

ეს ფაქტი ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმაც შენიშნეს: ბრიტანელი პროფესორი დონალდ რეიფილდი იყო პირველი, ვინც „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი" გამოიყენა, როგორც კორპუსი. თავის მნიშვნელოვან ნაშრომზე - „დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონზე" [რეიფილდი, 2006] მუშაობისას, სხვა წყაროებთან ერთად, დონალდ რეიფილდმა გამოიყენა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის 12 ტომის ელექტრონული ვერსია. ქართველ მეცნიერთა შორის  ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის მთავარი რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ავთანდილ არაბული იყო პირველი, ვინც „დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონს" ორენოვანი კორპუსი უწოდა.

„დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის", ისევე როგორც უცხოენოვანი განმარტებითი თუ ორენოვანი ლექსიკონების ანალიზისას გამოიკვეთა ლექსიკონის ევროპულ-ქართული და ქართულ-ევროპული ორენოვანი ლექსიკონების შესაქმნელ პროექტებში გამოყენების საკმაოდ რეალური და იმედის მომცემი შესაძლებლობა. ამას აიოლებს ინგლისური და სხვა ევროპული ენების კონვერგენციის საკმაოდ მაღალი ხარისხი ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის დონეზე (მსგავსი ენობრივი აზროვნება, ევროპული ენების ურთიერთზეგავლენა, ენობრივი თუ ფრაზეოლოგიური კლიშეები, კალკები და ა.შ.), რაც, გარკვეული შემოქმედებითი მიდგომის გამოჩენის პირობით, საკმაოდ კარგი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.

„დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" ბაზაზე ორენოვანი ლექსიკონების შექმნის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა რომანული ენები. როგორც ცნობილია, ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ (1066 წ.), თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, ინგლისში სახელმწიფო ენა ფრანგული იყო. ამ ისტორიულმა ფაქტმა გამოიწვია ფრანგული ენის ძლიერი გავლენა ინგლისურზე, რაც ენის ლექსიკაზეც აისახა და განაპირობა ბევრი ფრანგული სიტყვის შეღწევა ინგლისურ ენაში. ფრანგული ნასესხობა ხშირ შემთხვევაში ლათინური ძირის სიტყვა იყო, ვინაიდან ფრანგული, ისევე როგორც იტალიური, ესპანური და სხვა რომანული ენები, ხალხური ლათინურიდან განვითარდა და რომანული ენების ლექსიკური ფონდის დიდი ნაწილი, ე.წ. რომანული ლექსიკა, ლათინური ძირის სიტყვებს წარმოადგენს. ამდენად, თანამედროვე ინგლისურ ენაში, ისევე როგორც თანამედროვე რომანულ ენებში, ბევრია ლათინური ძირის სიტყვები. ჩვენი მოსაზრება, რომლის თანახმადაც „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი" წარმატებით შეიძლებოდა გამოყენებულიყო რომანულ-ქართული ორენოვანი ლექსიკონების შესაქმნელად, სწორედ ამ ვითარებას ეფუძნებოდა. ჩვენ შევიმუშავეთ ამგვარ ორენოვან ლექსიკონებზე მუშაობის მეთოდიკა და აღნიშნული მეთოდიკით შევადგინეთ სიტყვა-სტატიები იტალიურ-ქართული და ფრანგულ-ქართული ლექსიკონებისათვის. როგორც ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" გამოყენება მნიშვნელოვანწილად აიოლებს მუშაობას რომანულ-ქართული ტიპის ლექსიკონებზე.

ნათქვამის საილუსტრაციოდ წარმოვადგენთ იტალიურ სიტყვაზე abdicare  მუშაობის ეტაპებს და მეთოდს. იტალიურ-ქართულ სიტყვა-სტატიებზე მუშაობისას გამოვიყენეთ სამი იტალიურ-ინგლისური ლექსიკონი, იტალიური ენის ერთი განმარტებითი ლექსიკონი და ერთი იტალიურ-რუსული ლექსიკონი [Collins C, 2010], [Dizionario... 2012], [Ragazzini... 2008],  [Zingarelli... 2011], [ABBYY... 2006].

ერთ-ერთ ამ იტალიურ-ინგლისურ ლექსიკონში [Collins C, 2010] სიტყვა abdicare  შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:

abdicare vi  (al trono) abdicare (a) to abdicate (from), (rinunciare) abdicare a to renounce, give up; abdicare a una carica to give up a position; (venir meno a, responsabilità, dovere) to abdicate.

მსგავსი სურათია კიდევ ერთ იტალიურ-ინგლისურ ლექსიკონში [Dizionario... 2012]:

abdicare vi (àbdico, àbdichi; aus. avere) 1. to abdicate: il re abdicò in favore del figlio the king abdicated in favour of his son; abdicare al trono to abdicate the throne; 2. (estens) (rinunciare) to give up (a qcs. sth.), to renounce (a qcs. sth.).

აღნიშნულ იტალიურ-ინგლისურ ლექსიკონებში იკვეთება სიტყვა abdicare-ს ორი მნიშვნელობა: 1. ტახტიდან გადადგომა, უფლებამოსილებათა მოხსნა; 2. უარის თქმა უფლებაზე და ა.შ.

იტალიურ-ინგლისური ლექსიკონებიდან მიღებული ინფორმაცია მოწმდება და ზუსტდება იტალიური ენის განმარტებითი ლექსიკონის დახმარებით.

იტალიური ენის ზემოაღნიშნულ განმარტებით ელექტრონულ ლექსიკონში, რომლითაც ჩვენ ამ მასალის მომზადებისას ვისარგებლეთ [Zingarelli... 2011], სიტყვის abdicare   შემდეგი დეფინიციაა მოცემული:

abdicare

A v. intr. (io àbdico, tu àbdichi; aus. avere)

1 Rinunciare all'autorità sovrana o ad altro potere legittimo (+ a): il re fu costretto ad abdicare; abdicare al trono in favore di qlcu.

2 (est.) Rinunciare (+ a): abdicare a un'eredità, a una carica, ai propri diritti | Sottrarsi a una responsabilità, a un dovere.

B v. tr.

1 (raro, lett.) Rifiutare: abdicare una professione.

2 †Ripudiare.

შემდეგ ეტაპზე იტალიურ-ინგლისური ლექსიკონიდან ვადგენთ მოცემული იტალიური სიტყვის ორივე მნიშვნელობის ინგლისურ ეკვივალენტებს, ესენია:

to abdicate და to renounce. აღნიშნულ ზმნებს ვნახულობთ „დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში" [დიდი ინგლისურ-ქართული... 2010]:

abdicate (v) 1.

1) გადადგომა (გადადგება) ტახტიდან, თანამდებობიდან; უფლებამოსილებათა მოხსნა;

2) უარის თქმა (უარს ამბობს) უფლებაზე, მოსაზრებაზე და სხვ.; he abdicated his opinion თავის მოსაზრებაზე უარი თქვა;

2. იურ. შვილზე უარის თქმა (უარს ამბობს); შვილის მემკვიდრეობის გარეშე დატოვება.

renounce (v) 1. წიგნ.იტულზე, საკუთრებაზე და ა.შ. ოფიციალურად უარის თქმა (უარს იტყვის); to renounce a title [a privilege, a right] ტიტულზე / წოდებაზე [პრივილეგიაზე, უფლებაზე] ოფიციალურად უარის თქმა;

2. რწმენის, პრინციპების და ა.შ. საჯაროდ უარყოფა (უარყოფს); he renounced his religion and became Muslim მან თავისი რელიგია უარყო და მუსლიმანი გახდა;

„დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" ზემოთ მოყვანილი სტატიებიდან ვირჩევთ იმ ქართულ ეკვივალენტებს, რომლებიც იტალიური ენის როგორც თარგმნითი, ასევე განმარტებითი ლექსიკონების თანახმად, მაქსიმალურად ზუსტად ასახავს იტალიური სიტყვის მნიშვნელობას.

ამგვარი პროცედურის შედეგად მივიღეთ სიტყვა-სტატია, რომელშიც იტალიური ზმნის ძირითადი მნიშვნელობები ქართულად შემდეგნაირად არის გადმოცემული:

abdicare v  1. გადადგომა (გადადგება) ტახტიდან, თანამდებობიდან; უფლებამოსილებათა მოხსნა; abdicare al trono ტახტიდან გადადგომა;

2. უარის თქმა (უარს ამბობს) უფლებაზე, ვალდებულებაზე, მემკვიდრეობაზე და სხვ.

ამ მეთოდის გამოყენებით გაკეთებული გვაქვს ათეულობით სიტყვა-სტატია იტალიურ-ქართული ლექსიკონისათვის.

წარმოვადგენთ კიდევ ერთ სიტყვა-სტატიას, ამჯერად არსებით სახელს,

abisso - „უფსკრული" (აღნიშნულ სიტყვა-სტატიაზე მუშაობისას გამოვიყენეთ შემდეგი სიტყვა-სტატიები „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონიდან": abyss, gulf, bowel):

abisso m. 1. უფსკრული (აგრ. გადატ.); precipitarono in un abisso ისინი  უფსკრულში ჩაცვივდნენ; sotto di noi si spalancava un abisso ჩვენ ფეხქვეშ უფსკრულს დაეღო პირი; tra me e lui c'è un abisso გადატ. ჩემ და მას შორის / ჩვენ შორის დიდი უფსკრულია / სრული უთანხმოებაა;

2. დიდი განსხვავება / სხვაობა; tra lui e suo fratello c'è un abisso მასსა და მის ძმას შორის ძალზე დიდი განსხვავებააა;

3. pl  რისამე  ღრმა / შორეული ადგილები; სიღრმეები; gli abissi del mare ზღვის სიღრმეები; gli abissi della terra დედამიწის სიღრმეები;

4. წიგნ. ჯოჯოხეთი, ქვესკნელი; le potenze dell'abisso ჯოჯოხეთის / ქვესკნელის ძალები;

un abisso di ignoranza სრული უმეცრება; essere sull'orlo dell'abisso უფსკრულის / კატასტროფის პირას ყოფნა.

მოკლედ თუ შევაჯამებთ, ჩვენი მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: იტალიურ-ინგლისური ლექსიკონის მეშვეობით ვადგენთ იტალიური სიტყვების ინგლისურ ეკვივალენტებს. იტალიური სიტყვის მნიშვნელობას ან მნიშვნელობებს (პოლისემიურობის შემთხვევაში) ვაზუსტებთ იტალიური ენის განმარტებითი ლექსიკონებით, აგრეთვე იტალიურ-რუსული ლექსიკონებით. შემდეგ, იტალიური სიტყვის ინგლისურ ეკვივალენტს ვნახულობთ „დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში", რაც გვეხმარება იტალიური სიტყვის შესაფერისი ქართული ეკვივალენტის განსაზღვრაში.

აქვე ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას, კერძოდ: იტალიურ და ქართულ ენებს შორის (ისევე როგორც ინგლისურ და ქართულ ენებს შორის), როგორც გენეტიკურად არამონათესავე და სისტემურად სრულებით განსხვავებულ ენებს შორის, არსებობს მნიშვნელოვანი სემანტიკური ასიმეტრია, რაც ენობრივი ეკვივალენტობის პრობლემას წარმოშობს ევროპულ-ქართული ტიპის ლექსიკონებში. აღსანიშნავია, რომ ენობრივი ეკვივალენტობის პრობლემა არ არის მხოლოდ ქართული ორენოვანი ლექსიკოგრაფიის პრობლემა. ჰარტმანისა და ჯეიმზის „ლექსიკოგრაფიის ლექსიკონში" ტერმინები „ეკვივალენტობა" და „ეკვივალენტური" შემდეგნაირადაა განმარტებული: „ენობრივი და კულტურული ანიზომორფიზმის შედეგად, თარგმნითი ეკვივალენტები, როგორც წესი, არის ნაწილობრივი, მიახლოებითი, არასიტყვასიტყვითი და ასიმეტრიული (და არა სრული, პირდაპირი, სიტყვასიტყვითი და ორმხრივი). ამდენად, ორენოვან ლექსიკონში მათი დადგენა სირთულეებთან არის დაკავშირებული და საჭირო ხდება ხელოვნურად შექმნილი განმარტებითი ეკვივალენტების მოშველიება" [Hartmann..., 1998:51].

ენებს შორის სემანტიკური ასიმეტრიისა და ეკვივალენტობის პრობლემის საკითხებზე ლექსიკოგრაფიის არაერთი ავტორიტეტული თეორეტიკოსი მიუთიუთებს [Zgusta, 2006]; [Hartmann, 2007]; [Adamska-Salaciak, 2010].

ეკვივალენტობის პრობლემის გადასაჭრელად „დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში" განვასხვავებთ: მნიშვნელობის ეკვივალენტს და თარგმნით / კონტექსტუალურ ეკვივალენტს [თ. მარგალიტაძე, 2012]. მნიშვნელობის ეკვივალენტი ინგლისურ და ქართულ ენებს შორის ეკვივალენტობას აღწერს ამ ორი ენის უფრო ზოგად, სისტემურ დონეზე, თარგმნითი ეკვივალენტები კი დასტურდება ცალკეულ კონკრეტულ კონტექსტებში და გამართული ლიტერატურული თარგმანის საშუალებას იძლევა. „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" ავტორებმა შეიმუშავეს მეთოდიკა, რომელიც მნიშვნელობათა ეკვივალენტებისა (ლექსიკური ერთეულების ინფორმაციულად უფრო ღირებული ან განმარტებითი ეკვივალენტებისა) და მრავალრიცხოვან საილუსტრაციო ფრაზებსა და წინადადებებში წარმოდგენილი თარგმნითი ეკვივალენტების კომბინირებაში მდგომარეობს [თ. მარგალიტაძე, 2012].

„დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში" ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ინგლისური სიტყვების მნიშვნელობების ქართული ეკვივალენტები. ინგლისური და რომანული ენების კონვერგენციის საკმაოდ მაღალი ხარისხი საშუალებას იძლევა მნიშვნელობათა სწორედ ეს ეკვივალენტები იქნეს გამოყენებული რომანულ-ქართულ ლექსიკონებში, რაც არა მხოლოდ გააიოლებს, არამედ დააჩქარებს მუშაობას ქართული ენის ორენოვან ლექსიკონებზე რომანულ ენებთან მიმართებით.

იგივე ლექსიკოგრაფიული პრინციპები და მეთოდები იქნა გამოყენებული კიდევ ერთ რომანულ ენასთან, სახელდობრ ფრანგულთან, მიმართებით.

საილუსტრაციოდ წარმოვადგენთ ფრანგული ზმნის retirer სიტყვა-სტატიას ფრანგულ-ქართული ლექსიკონისათვის.

ზმნა retirer ერთ-ერთი ფრანგულ-ინგლისური ონლაინ-ლექსიკონიდან [Collins A, 2010]:

retirer vt  [+projet, candidature] to withdraw

[+troupes] to withdraw

[+soutien] to withdraw

Le premier ministre lui a retiré son soutien au moment critique. The prime minister withdrew his support at a critical moment.

retirer qch à qn [+autorisation, passeport, permis] to take sth away from sb

On lui a retiré son permis. He's had his licence taken away from him.

[+garde] to take sth away from sb

 [+vêtement, lunettes] to take off, to remove

Il a retiré son pull. He took off his sweater.

 (=reprendre)

[+bagages, billets] to collect, to pick up

[+argent] to withdraw

Elle a retiré de l'argent. She withdrew some money

როგორც ვხედავთ, ზემომოყვანილ სიტყვა-სტატიაში ფიგურირებს ინგლისური ზმნის to withdraw სხვადასხვა მნიშვნელობა. ამდენად, ფრანგულ-ქართული სიტყვა-სტატიის ასაგებად დავეყრდენით „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" სიტყვა-სტატიას to withdraw, განსაკუთრებით კი მოცემული შემთხვევისთვის რელევანტურ მნიშვნელობებს. ფრანგული ზმნის მნიშვნელობათა ნიუანსები დაკონკრეტდა ფრანგული განმარტებითი ლექსიკონის [Robert... 1981] მიხედვით.

გარდა ამისა, გამოყენებული იქნა ზმნის to withdraw სინონიმური ზმნის - to remove განმარტება „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონიდან". ამასთან დაკავშირებით ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სინონიმების ბეჭდური და ელექტრონული ლექსიკონების მეშვეობით საჭირო ლექსიკური ერთეულების სინონიმების გამოვლენა და ამ გზით დამატებითი ქართული ლექსიკის მოძიება „დიდ ინგლისურ-ქართული ლექსიკონში" ჩვენი ლექსიკოგრაფიული მეთოდის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ფრანგულ-ინგლისური ლექსიკონის სიტყვა-სტატიის შემოქმედებითად გადამუშავებისა და ინგლისური ეკვივალენტების ინგლისურ-ქართული ლექსიკონიდან ამოღებული შესაბამისი ლექსიკური ერთეულებით ჩანაცვლების შედეგად მივიღეთ შემდეგი სახის სიტყვა-სტატია:

retirer v 1. საიდანმე  გამოსვლა (გამოვა); რაიმეში  მონაწილეობის შეწყვეტა; კანდიდატურის მოხსნა;

2. 1) უკანვე წაღება (წაიღებს), დარღვევა (მიცემული სიტყვისა, დაპირებისა და ა.შ.); le premier ministre lui a retiré son soutien au moment critique პრემიერ-მინისტრმა კრიტიკულ მომენტში უარი უთხრა მხარდაჭერაზე;

2) უკანვე გაწევა (გასწევს), წაღება (ხელისა და ა.შ.);

3. უფლებამოსილების, ნებართვის და მისთ. ჩამორთმევა (ჩამოართმევს); retirer qch a qn ვინმესთვის რისამე ჩამორთმევა; on lui a retiré son permis de conduire მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს;

4. რისამე  გახდა (გაიხდის); მოხსნა; Il a retiré son pull მან სვიტრი გაიხადა;

5. ფულის, თანხის  აღება (აიღებს), გამოტანა, მოხსნა (საბანკო ანგარიშიდან, ბანკომატიდან  და მისთ.);

6. სამხ. ჯარების  გაყვანა (გაიყვანს).

ზემოთ აღწერილი მეთოდი კარგად „მუშაობს" გერმანიკულ ენებთან მიმართებითაც. როგორც ცნობილია, ინგლისური ენა გერმანიკულ ენათა ჯგუფში შედის და გერმანული, ჰოლანდიური, ფრიზული, შვედური, დანიური, ნორვეგიული და სხვა გერმანიკული ენების ახლომონათესავე ენაა. გარდა სტატიის დასაწყისში აღნიშნული ფაქტორებისა (ინგლისური და სხვა ევროპული ენების კონვერგენციის მაღალი ხარისხი ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის დონეზე, მსგავსი ენობრივი აზროვნება, ევროპული ენების ურთიერთზეგავლენა და სხვ.) ახლომონათესავე ენებთან მიმართებით დამატებითი ფაქტორიც იკვეთება, კერძოდ, ლექსიკა, რომელიც საერთოა გერმანიკული ენებისათვის, ე.წ. საერთოგერმანიკული ლექსიკა. საერთოგერმანიკული წარმოშობის ლექსიკაში ამგვარი კონვერგენციის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ლექსიკის სხვა შრეებში.

ლაკონიურობისთვის, მოვიყვანთ სიტყვა-სტატიებს გერმანულ-ინგლისური ლექსიკონიდან [Collins B, 2010], შემდეგ კი მათ საფუძველზე ჩვენ მიერ შედგენილ გერმანულ-ქართულ სიტყვა-სტატიებს:

zurückziehen

1. vt  to pull or draw back

[Hand, Fuß] to pull or draw away or back

[Truppen] to pull back

(=rückgängig machen) [Antrag, Bemerkung, Klage etc] to withdraw

2. vr  to retire, to withdraw

(=sich zur Ruhe begeben) to retire, (Mil) to withdraw, to retreat, (vom Geschäft, von der Politik etc) to retire (von, aus from)

sich von jdm zurückziehen to withdraw from sb

sich von der Welt/in sich (Akk.) zurückziehen acc  to retire from the world/into oneself

zurückgezogen

3. vi  aux sein  to move back

[Truppen] to march back

[Vögel] to fly back

სიტყვა-სტატიის შედგენისას ინგლისური ეკვივალენტები ამ შემთხვევაშიც ჩავანაცვლეთ შესაბამისი ქართული სიტყვებით „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონიდან".

გარდა ამისა, სიტყვა-სტატიის აგებისას საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე, სიტყვა-სტატია მაქსიმალურად ინფორმატიული ყოფილიყო. ამიტომ ზმნას (ამ შემთხვევაში ე.წ. ძლიერ ზმნასთან გვაქვს საქმე) მივუთითეთ პრეტერიტისა და ნამყო მიმღეობის ფორმები. გარდა ამისა, საჭიროდ მივიჩნიეთ, სიტყვა-სტატიის მნიშვნელობები დაგვეყო ცალკეულ სექციებად, რომლებიც რომაული ციფრებით გვაქვს აღნიშნული. ამ სექციებში მოცემულია ზმნის გარდამავალი (I სექცია), გარდაუვალი (II სექცია) და უკუქცევითი (III სექცია) მნიშვნელობები. გარდაუვალ მნიშვნელობას აქვს მინაწერი (s), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზმნის პერფექტი იწარმოება დამხმარე ზმნით sein (ყოფნა). მივუთითეთ გერმანული ენის მცოდნისთვის სასარგებლო სხვა ინფორმაციაც. ყოველივე ამის შედეგია შემდეგი სიტყვა-სტატია:

zurückziehen (zog zurück; zurückgezogen)

I vt  1. უკანვე გაწევა (<გა>სწევს) / წაღება (ხელისა, ფეხისა და სხვ.);

2. გა<მო>ყვანა (გა<მო>იყვანს), უკან დაწევა (ჯარებისა, პირადი შემადგენლობისა);

3. ნათქვამზე, ადრე გაკეთებულ შეთავაზებაზე და მისთ. უარის თქმა (იტყვის), უკანვე წაღება / გაუქმება (განაცხადისა, საჩივრისა, შენიშვნისა და მისთ.);

II vi (s) 1) უკან დაწევა (<და>იწევს), უკან დახევა;

2) მარშით უკან დაბრუნება (<და>ბრუნდება) ითქმის ჯარების შესახებ;

3) ძველ საცხოვრებელ ადგილას, სამშობლოში და სხვ. დაბრუნება (<და>ბრუნდება) აგრ. ითქმის ფრინველების შესახებ;

III (sich)  1. 1) განმარტოება (განმარტოვდება), განცალკევებულ ადგილას გასვლა (დასასვენებლად და მისთ.); გაცლა, წასვლა (ხალხისგან, საზოგადოებისგან და მისთ.); sich von jdm zurückziehen ვინმეს ჩამოშორება, ვინმესთან ურთიერთობისთვის თავის არიდება; sich von der Welt zurückziehen გარესამყაროს / საზოგადოებას ჩამოშორება; sich in sich (Akk) zurückziehen საკუთარ თავში ჩაკეტვა;

2) (von, aus) სამსახურიდან / თანამდებობიდან გადადგომა (გადადგება); პოლიტიკიდან, მოღვაწეობის სფეროდან და სხვ. წასვლა; ამა თუ იმ  საქმიანობისთვის თავის დანებება;

2. უკან დახევა (<და>იხევს), უკან დაწევა; უკუქცევა (ითქმის ჯარების შესახებ).

ანალოგიური წესით შეიძლება შვედურ-ქართული სიტყვა-სტატიების აგებაც. ლაკონიურობისთვის განზრახ ავირჩიეთ შედარებით მარტივი აგებულების შვედურ-ინგლისური სიტყვა-სტატიები. ქვემოთ მოყვანილია სიტყვები (სულ რამდენიმე ზმნა და ზედსართავი სახელი) შვედურ-ინგლისური ონლაინ-ლექსიკონებიდან [Engelsk-svensk..., 2012], [Swedish-English..., 2012], [Русско-Шведский..., 2004], შემდეგ კი ჩვენ მიერ შედგენილი შვედურ-ქართული სიტყვა-სტატიები, რომლებიც ჩვენ მიერ ზემოთ უკვე დეტალურად აღწერილ მეთოდიკას ეფუძნება.

annullera (a) withdraw; (b) cancel

შესაბამისმა შვედურ-ქართულმა სიტყვა-სტატიამ ასეთი სახე მიიღო:

annullera v  რისამე  გაუქმება (<გა>აუქმებს), ანულირება; უკანვე წაღება (ბრალდებისა, ნათქვამისა და მისთ.); regeringen annullerade beslutet om skattehöjning მთავრობამ გააუქმა გადაწყვეტილება გადასახადის გაზრდის შესახებ; annullera projekt som inte kan kontrakteras tillräckligt snabbt იმ პროექტების გაუქმება, რომლებთან დაკავშირებითაც კონტრაქტის / ხელშეკრულების გაფორმება საკმარისად მოკლე ვადებში ვერ მოხერხდება.

შემდეგი სიტყვა, ზმნა avlägsna :

avlägsna remove; eliminate

შვედურ-ქართული სიტყვა-სტატია:

avlägsna მოცილება (<მო>აცილებს), მოშორება; აღმოფხვრა, მოსპობა; vi kommer också att avlägsna andra hinder som eventuellt kan komma att uppstå ჩვენ აგრეთვე აღმოვფხვრით სხვა დაბრკოლებებსაც, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას.

ზედსართავი ofärdig :

ofärdig  (a) crippled; disabled; lame; (b) unfinished; not complete

ეს ზედსართავი შვედურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიის ფარგლებში ასეა წარმოდგენილი:

ofärdig 1. კოჭლი; დასახიჩრებული, დაშავებული; დაინვალიდებული, უნარშეზღუდული; hans son är tyvärr född ofärdig სამწუხაროდ, მისი ვაჟი დაბადებიდან ინვალიდია / უნარშეზღუდულია; 2. დაუსრულებელი, დაუმთავრებელი, ჯერ  მზად რომ არ არის; არასრული; boken är ännu ofärdig წიგნი ჯერ არ არის დამთავრებული.

ამგვარად გვესახება უცხოურენოვან-ქართული ლექსიკონების შექმნის სპეციფიკა „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" ბაზაზე. ცხადია, კონკრეტული პროექტების განხორციელებისას ესა თუ ის უცხოურენოვან-ინგლისური ლექსიკონები გამოყენებული იქნება ამგვარ ლექსიკონებზე საავტორო უფლებათა მქონე პირებთან და ორგანიზაციებთან სათანადო შეთანხმებისა და კანონიერი თანამშრომლობის საფუძველზე.

ლიტერატურა

დიდი ინგლისურ-ქართული...
2010
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი. მთ. რედაქტორი თ. მარგალიტაძე. თბილისი. http://www.dictionary.ge
მარგალიტაძე თ.
2012
„ეკვივალენტობის პრობლემის გადაჭრის გზები დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში“. ლექსიკოგრაფიაში ბათუმის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები. ბათუმი.
რეიფილდი დ.
2006
დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. London: The Garnett Press
ABBYY...
2006
ABBYY Lingvo 12. © ABBYY Software
Adamska-Salaciak A.
2010
Examining Equivalence International Journal of Lexicography, 4: 387 – 409.
Collins (A)
2010
Online Dictionary. French-English / English-French. Translation, definition, synonyms. http://dictionary.reverso.net/french-english/
Collins (B)
2010
Online Dictionary. German-English / English-German. Translation, definition, synonyms. http://dictionary.reverso.net/german-english/
Collins (C)
2010
Online Dictionary. Italian-English / English-Italian. Translation, definition, synonyms. http://dictionary.reverso.net/italian-english
Dizionario...
2012
DizionarioEnglish-Italian / Italiano-Inglese http://dizionari.corriere.it/dizionario_inglese/Italiano/a.shtml
Engelsk-svensk...
2012
Engelsk-svensk ordbok: Swedish-English and Multilingual Dictionary. Dict.cc. http://sv-en.dict.cc/
Hartmann R. R. K.
2007
Interlingual Lexicography: Selected Essays on Translation Equivalence, Contrastive Linguistics and the Bilingual Dictionary. Tübingen: Max Niemeyer.
Hartmann R. R. K., James G.
1998
Dictionary of Lexicography. London: Routledge.
Ragazzini...
2008
Il Ragazzini. Le opere Zanichelli in Cd Rom
Robert...
1981
Le petit Robert (nouvelle édition revue, corrigée et mise à jour pour 1981). Paris: Le Robert.
Swedish-English...
2012
Swedish-English and English-Swedish online dictionary. FREELANG http://www.freelang.net/online/swedish.php
Zgusta L.
2006
Lexicography Then and Now. Tübingen: Max Niemeyer.
Zingarelli...
2011
Lo Zingarelli. Le opere Zanichelli in Cd Rom
Русско-Шведский...
2004
Русско-Шведский и Шведско-Русский On-line словарь http://www.valenta.se/dictionary/