დავით გურამიშვილის ლოცვისა და სამებისადმი ვედრების ინტერპრეტაციისათვის

ლოცვა  რწმენის გამოხატულებაა, ხოლო რწმენა ის ძალაა, რომელიც ადამიანის სულს იფარავს ბოროტებისაგან. იგი ღმერთთან „შერწყმის მოთხოვნილების დადასტურებაა" [ბარამიძე, 1992: 25]. სული, რომელიც სინანულს არ ეძლევა და ლოცვას არ აღავლენს, ვერასოდეს ეზიარება სიკეთეს. ლოცვა სულის ამაღორძინებელი და განმაახლებელია, მას მოაქვს სათნოება, სიკეთე, ამაღლებულობა, სულის სრულყოფილება. დავით გურამიშვილის მხატვრულ ნააზრევში ლოცვას ძირითადად სიმბოლური ფუნქცია აკისრია. ეს პრობლემა არაერთგზის  გამხდარა კვლევის საგანი. მას მიეძღვნა რამდენიმე   სპეციალური ნაშრომი. მათგან უნდა დავასახელოთ რევაზ ბარამიძისა და ბელა ბალხამიშვილის შრომები [ბარამიძე, 2005; ბალხამიშვილი, 2005]. რ. ბარამიძის აზრით: „დავითიანი" „არის ერთი მთლიანი თხზულება, ღვთაებისადმი სწრაფვის და მონანიების გამომხატველი გაბმული ლოცვა, რომელშიც ჩაქსოვილია რეალურ-ისტორიული სურათებისა თუ დამოძღვრების შემცველი პასაჟები" [ბარამიძე, 2005: 16]. ბ. ბალხამიშვილმა შეისწავლა „ქაცვია მწყემსის ანუ მხიარული ზაფხულის" ერთი ეპიზოდი, მწყემსი გოგოს ლოცვა, რომელშიც „ერთმანეთს ენაცვლება ყოფითობა და ამაღლებულობა, შიში და გაბედულება, ღვთისადმი მინდობა-მორჩილება და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი" [ბალხამიშვილი, 2005: 171]. „დავითიანში" ლოცვათა წყებაა მოცემული, რომელთაც თხზულების მხატვრულ სტრუქტურაში საგანგებო ფუნქცია აკისრია. სიმბოლური აზროვნების ძირითადი მახასიათებლები, რომლებსაც ბიბლიური სახე-სიმბოლოები, ალუზიები, რემინისცენციები, ენიგმები, ანტინომიურობა, ორპლანიანობა წარმართავს, „დავითიანში" სრულად ვლინდება და სწორედ ისინი განაპირობებენ თხზულების მხატვრულ ფენომენს.

„დავითიანის" მხატვრულ-ესთეტიკურ და იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივ სამყაროში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პირველ წიგნში მოთავსებული ლოცვა და ვედრება: „ლოცვა, ოდეს დავითს ტყვეობასა შინა მოშივდა და ღმერთს პური სთხოვა" და „სამების ვედრება: გზის წარმართვის თხოვნა დავითისაგან", რომლებშიც პოეტმა უპირველესი ქრისტიანული ლოცვის, საუფლო ლოცვის, „მამაო ჩვენოს", ტექსტის ჩართვით ღვთისადმი შეწევნის თხოვნა, ღვთის სასოება, საკუთარი განწყობილებები, ტყვეობისას აღძრული განცდები და სულიერი მომავლისაკენ სწრაფვა გამოხატა. ორივე ლექსს აქვს მინაწერი „იამბიკო", თუმცა, იამბიკოს ფორმით არაა დაწერილი, ორივე ლექსი თოთხმეტმარცვლიანია. მიუხედავად ამისა, ორივე ლექსი ჰიმნოგრაფიას, საგალობელს უახლოვდება სახისმეტყველებითი გამომსახველობითი საშუალებებით, სამეტყველო ენით, ფორმაც ასეთსავე შთაბეჭდილებას ტოვებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ხალხური მსოფლგანცდითა და სალექსო საზომითაც ენათესავებიან ფოლკლორს, განსაკუთრებით ეს ითქმის სარითმო მარცვლებზე, ამ ტიპის სარითმო მარცვლებს დავით გურამიშვილი სხვაგანაც იყენებს. ამ ლექსებში გამოყენებული სარითმო მარცვლები მათ სასაუბრო ინტონაციასაც ანიჭებს. საგულისხმოა, რომ ეს ლექსები ლეკთა ტყვეობიდან თავდახსნილი პოეტის ხელახალი განცდითაა დაწერილი, როგორც თავად ამბობს, როდესაც მოშივდა და ღმერთს პური სთხოვა.

უნდა აღინიშნოს ლექსების სტრუქტურული მოდელი, მათში დაცულია „მამაო ჩვენოს" ტაძარში შესრულების საღვთისმსახურო წესი: „მამაო ჩვენოს" ლოცვის ტექსტისაგან გამოყოფილია მღვდლის სათქმელი ლოცვა,  მისი სათაურია „სამების ვედრება: გზის წარმართვის თხოვნა დავითისაგან",  რაც პოეტის ლიტურგიულ ცნობიერებასთან ერთად ღვთისმსახურების მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ  „დავითიანის" ეს ლოცვები საგანგებო განხილვის საგანი არ ყოფილა.

საღვთისმეტყველო ლიტერატურაში სახარებისეული საუფლო ლოცვის „მამაო ჩვენოს" ტექსტი სხვადასხვა დროს არაერთგზისაა განმარტებული წმიდა მამათა მიერ, რათა უკეთ გასაცნობიერებელი გამხდარიყო  მრევლისათვის. კერძოდ, დავიმოწმებ წმ. იოანე ოქროპირის და  წმ. თეოფილაქტე ბულგარელის ეგზეგეტიკურ შრომებს [წმ. იოანე ოქროპირი, 1996: 12-13]. ეს ლოცვა ნათლად წარმოაჩენს, თუ რა არის სახარება, მისი არსი და მიზანდასახულობა. იგი არის ღვთის ნებასთან შინაგანი შერწყმა, ღვთიურ სამყაროსთან ზიარება და სიხარულით შემეცნება იმისა, რომ მარადიულ სიკეთეს ეძიებს და მოიპოვებს; ეს ლოცვა ღვთის ძალას ანიჭებს ადამიანს, რათა ბოროტისაგან იყოს დაცული. ა. ჰარნაკმა „მამაო ჩვენოს" განხილვისას აღნიშნა, რომ სახელი, ნება და ღვთიური სამყარო არის ამ ლოცვის შემადგენელი დამამშვიდებელი ელემენტები, რომელთა გავლენა ვრცელდება წმინდა ამქვეყნიურ, მიწიერ მოტივებზე [Гарнак, 1907: 46]. ქართული ჰიმნოგრაფია იცნობს ამ ლოცვის საგალობლად გარდაქმნის შემთხვევასაც, კერძოდ, როდესაც იოანე მინჩხმა ტექსტის მცირეოდენი შეცვლით, -  ზოგი სიტყვის შეცვლით და ზოგის დამატებით, - ფაქტობრივად, ახალი საგალობელი შექმნა „მამაო ჩვენოს" თემატიკასა და მოტივებზე. „მამაო ჩვენოს" თემა განსხვავებული მიზანდასახულობით გამოიყენეს და ასახეს დავით გურამიშვილმა და ილია ჭავჭავაძემ („ლოცვა"), რომლებმაც თავიანთი ნაფიქრ-ნააზრევი მკითხველისა თუ მსმენელის გრძნობა-გონებამდე მიიტანეს.

დავით გურამიშვილის სიმბოლური ენა, რომლითაც იგი გვესაუბრება დასახელებულ ლექსებში, ბიბლიურ სახისმეტყველებით ასპექტებს წარმოაჩენს. საზოგადოდ, დავით გურამიშვილის მთელი მემკვიდრეობის ამ მიმართულებით კვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ ლექსებში ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ორივეგან ჰორიზონტალურ-ვერტიკალურ ჭრილშია ღვთისადმი ლოცვა წარმოთქმული და ავტორის ძირითადი სათქმელი მსმენელ-მკითხველისათვის მიწოდებული. ვერტიკალურად აქ სრულადაა „მამაო ჩვენოსა" და მღვდლის წარმოსათქმელი ლოცვის ტექსტი გადმოცემული, რაც მომავალში ადამიანის სულის ზეცად აღყვანებისა და მისი სულიერი განღმრთობის მომასწავებლად შეიძლება აღვიქვათ. ჰორიზონტალურ ჭრილში, რაც „მამაო ჩვენოს", როგორც ქრისტიანთა უპირველესი ლოცვის, სამყაროში განფენილობას მოწმობს, ავტორი თავისი ღრმააზროვანი სიმბოლოებითა და სახისმეტყველებით გამოხატავს ღვთისადმი დამოკიდებულებას, რწმენას, მის მოიმედეობას, სიყვარულს. ეს  საღვთო სახელთა და ბიბლიურ პერსონალიათა მოხმობის საფუძველზე მსოფლმხედველობრივი მრწამსის გამოხატულებად აღიქმება. ამ ლექსების არსის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ჭრილით წარმოჩენა ავტორის მიერ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებისა და ესთეტიკური განცდის აღძვრის იშვიათ შერწყმას წარმოადგენს, რითაც ეს თხზულებები საგალობლის ლიტურგიულ დანიშნულებას ეხმიანებიან, ტაძარში შესრულების სიმბოლური აღქმის საფუძველს ქმნიან. ტაძარი, სადაც ადამიანი დგას და ღვთისმსახურებაში მონაწილეობს, სწორედ ვერტიკალურ-ჰორიზონტალური სივრცული არეალით წარმართავს ადამიანის სულს, ვერტიკალური მიმართულებით - ღმერთისაკენ და ჰორიზონტალური მიმართულებით - ყოველი ადამიანისაკენ. ესაა ადამიანის სრულყოფილების, სისრულის დადასტურების, მისი სულიერი მისიის გამოვლინება. დავით გურამიშვილმა სამყაროს ერთიანობის, ადამიანის მთლიანობის, ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის მიმართებათა ჩვენების ფონზე ადამიანს, როგორც ღვთისგან ქმნილ არსებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - საკუთარ თავს, თვითშემეცნებისაკენ მიმავალი რთული გზა მოუნიშნა, რაც ღმერთის, სამყაროს, ადამიანის შეცნობის მცდელობისა და სულიერი გამოცდილების შედეგად მიიღწევა.

ორივე ლექსი ავტორის სულიერ მდგომარეობას, შინაგან სამყაროს, ადამიანის მიერ უფლის მიმართ ვედრებას გამოხატავს. ლექსების მთელ ტექსტებს ღვთის წყალობის სასოება, ღვთისაგან მადლის გარდმოვლენის მოლოდინი წარმართავს. პირველი ლექსი მამა ღმერთის, როგორც ყოვლისმპყრობელის, მოწყალისა და შემოქმედის, მიმართ ვედრებით იწყება და ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, მისი გვირგვინის - ადამიანის შექმნისა და სამყაროში მისი ადგილის ღვთისაგან განჩინებით წარიმართება. ლექსის პირველი სტროფით გამოთქმული ლოცვა მომდევნო სტროფების სიტყვებსა და აზრს შინაარსობრივად მიემართება, მათში გრძელდება ავტორის განწყობილების გამოხატვა:

„იყავნ ჩემზედ მოწყალებით, შენ დამიფარეო;

სახელისა შენისათვის აწ მამეხმარეო;

შენი უხვი მოწყალება შორს ნუ წამგვარეო,

მოვედინ მოწყალებითა, ისევ შემყარეო!

სუფევა წარმოავლინე, მადლი მომფინეო;

შენი განჩენილი ვარ და შენ დამარჩინეო!

იყავნ ნება შენი ჩემზე, ჩემო მეუფეო,

ვითარცა პირველ მამათა შენ უწყალობეო" [გურამიშვილი, 1980: 117-118].  

ლოცვა ადამიანის სულიერი განმწმენდელი და სრულმყოფია, რის გამოც ორივე ლექსს მთლიანობაში ენიჭება პოეტის სულიერი განწმენდის, სრულყოფის, ამაღლების მხატვრული ფუნქცია. ჩანს, რომ პოეტი განიცდის ღვთის მადლისა და წყალობის დაკლებას, ამიტომ მომდევნო სტროფში, ღვთის წყალობის იმედით გამსჭვალულს, ღმერთთან კვლავ შეხვედრის მოლოდინის გრძნობა აღავსებს. დავით გურამიშვილი ძველი აღთქმისეული ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სახისმეტყველებით წარმოაჩენს თავისი რთული ბიოგრაფიის, ტრაგიკული ცხოვრების ავბედით ფურცლებს. „ავართა მთასა" მყოფი, უცხო ტომელთა შორის დაკარგული ტყვე ღმერთს შესთხოვს, რომ უმძიმეს წუთებში მას ღვთის წყალობა და მადლი არ მოაკლოს ისე, როგორც გასაჭირში მყოფ ისრაელელებს, რომელთაც დღისით ღრუბლის, ღამით ნათლის სვეტით გზა გაუნათა, გაუკვალა და უდაბნოში მყოფთ ციდან მანანა უწვიმა, რაც მათი სულიერი და ფიზიკური გადარჩენის სიმბოლური ნიშანი იყო:

„ცათა შინა ისრაელთა საზდო უწვიმეო,

ეგრეცა ნათლის სვეტითა ღამე ავლინეო,

ქვეყანასა ვარ უცხოსა დაკარგული ტყვეო,

ზედა მთასა ავართასა, აწ მამეშველეო" [გურამიშვილი, 1980: 119].

სულიერი ხსნის მოლოდინი პოეტმა „ნათლის სვეტის" მოვლინებით გამოხატა, ხოლო ნათლის სვეტს, საზოგადოდ კი სვეტს, დავით გურამიშვილის პოეზიაში განსაკუთრებული მხატვრული ფუნქცია აკისრია. პოეტი ხშირად მიმართავს ამ მეტაფორა-სიმბოლოს, რითაც ღმერთთან წვდომის ვერტიკალურ ხაზს გამოკვეთს. ეგვიპტის მონობიდან ებრაელთა გამოსვლის თემა უფლის შეწევნითა და ნებით საღვთისმეტყველო ლიტერატურაში, ცხადია, ქართულ ლიტერატურაშიც, გავრცელებული და კონცეპტუალურია, რადგან იგი ადამიანის, საზოგადოდ, კაცობრიობის სულიერ ხსნაზეა ორიენტირებული. დავით გურამიშვილმა ეს თემა თავისებურად დამუშავებულ-ინტერპრეტირებული შემოგვთავაზა, საკუთარ მსოფლხედვას შეუხამა და საკუთარი პოეტური მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედად დაგვისახა. უცხოობასა და ტყვეობაში მყოფმა პოეტმა ღვთის მადლისა და წყალობის ნაკლებობა შეიგრძნო, მან თავი უფლის მადლმოკლებულად მიიჩნია; მოენატრა ყოვლისმპყრობელი, სამყაროსა და ადამიანის შემქმნელ-დამბადებელი ღმერთი, მოწყალე, მადლის მიმფენი ადამიანთათვის და უდიდესი გულწრფელობით მიმართავს მას, როგორც კაცობრიობის მხსნელს, სულიერ გადამრჩენს. პოეტი ღმერთის ძიების პროცესში წარმოგვიდგება. ამ გზაზე იგი ფიზიკური და სულიერი შიმშილის მდგომარეობაში ნათლის სვეტის მოვლინებასა და საზრდოს ბოძებას ნატრობს, რათა ბნელი გაუნათდეს და როგორც ფიზიკური, ისე სულიერი საკვები მიიღოს. ბიბლიური მოძღვრებით, ნათლის სვეტის [გამოსლ. 13,21-22];  ღამით გზის გაკვალვა (როგორც ალმოდებული მაყვლის ბუჩქის ხილვა, რომელიც ალისგან არ იწვოდა) უფლის გამოცხადების, უფლის ჩენის, თეოფანიის გამოვლინებაა. დავიმოწმებ გამოსლვათა წიგნის ტექსტს: „ხოლო აღიძრა ანგელოზი იგი წინამავალი ბანაკისა ძეთა ისრაÀლისათასა და ვიდოდა უკუანათაგან, და აღიძრა სუეტიცა ღრუბლისა პირისაგან მათისა და დადგა უკუანათაგან მათსა" [გამოსლ. 14,19]; „და იყო საÃუმილავსა განთიადისასა და მიჰხედა უფალმან ბანაკსა მეგÂპტელთასა სუეტითა ცეცხლისა და ღრუბლისათა და განაწყო ბანაკი მეგÂპტელთაÁ" [გამოსლ. 14,24]; „ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე მოვალ შენდა სუეტითა ღრუბლისათა, რათა ესმას ერსა. ვიტყოდი მე შენდა მომართ და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე. და მიუთხრობდა მოსე სიტყუათა ერისათა უფალსა" [გამოსლ. 19,9]; „და ვითარცა შევიდის მოსე კარავსა მას, გარდამოÃდის სუეტი იგი ღრუბლისა და დადგის კართა მის კარვისათა და ეტყÂნ უფალი მოსეს" [გამოსლ. 33,9]. ლექსში დასახელებულ ბიბლიურ პერსონალიათაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც რამდენჯერმე იხსენიება და რომელზეც არის ადამიანის სულიერი ხსნის მოტივაცია ორიენტირებული. 

სვეტი ნათლისა და სვეტი ღრუბლისა სასწაულის ნიშანია ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში, ამ უკანასკნელს საოცრად ღრმად და საფუძვლიანად უკავშირდება „დავითიანი". აქ ჰიმნოგრაფიული სამეტყველო ენით, ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სტრუქტურითა და სახისმეტყველებითი საშუალებებით კერძო პირის ნატვრა და თხოვნა კი არაა წარმოსახული, არამედ საზოგადოდ კაცობრიობისა, რომელიც ღვთისაგან მოელის წყალობას, მადლს, არსობის პურს. ამიტომ მომდევნო სტროფებში კვლავ გრძელდება ბიბლიურ სახე-ხატთა კვალობაზე პოეტის თხოვნა და ვედრება, რათა ღმერთმა მიუტევოს შეცოდებანი როგორც სულგრძელმა და გულმოწყალემ, ღმერთმა თავად გადაიხადოს თავისი ვალი, რადგან პოეტი მიიჩნევს, რომ ღმერთს თავისი მოვალეობა აკისრია, თავისი ვალი აქვს ადამიანის წინაშე, რადგან მისი შექმნილია ყოველი არსი. ღმერთმა უბოძა ადამიანს ყოველივე და ღმერთმავე უნდა უწყალობოს არსობის პური, რომელსაც დაცილებულია, გაყრილია და მის ნაცვლად შამბს ძოვს. ნათლის სვეტის სიმბოლური სახე „დავითიანში" ბევრჯერ შეინიშნება, შეიძლება ითქვას, რომ იგი მსჭვალავს მთელ „დავითიანს". მიუხედავად იმისა, რომ დავით გურამიშვილის ეს ლექსები უცვლელად მიჰყვება „მამაო ჩვენოს" სიტყვებს, იგი მაინც ღრმა ინდივიდუალობითა და პოეტური ხელწერით გამოირჩევა, რადგან პოეტი ახალ რეალობას, ახალ სამყაროს, ახალ თვალთახედვას ქმნის, ახალ მსოფლგანცდას ბადებს და, ფაქტობრივად, თავის „მამაო ჩვენოს" გვთავაზობს, რომლის ორიენტირი მათეს სახარების ლოცვაა. აქვე უნდა აღინიშნოს დავით გურამიშვილის ერთი „გალობა", რომელიც ჩვენს განსახილველ ლექსებთან უშუალოდაა დაკავშირებული და რომელიც ასევე მამა ღმერთისადმი მიმართვით იწყება და მალევე გადადის მაცხოვრისადმი ვედრებაზე, რომ განიღვიძოს, ნუ სძინავს, ცოდვილი კაცობრიობა აღადგინოს, ხოლო დავითს, რომელსაც მტრები სდევნიან და უბედურება თავს დასტყდომია, მის წინ მდებარე გზა გაუნათოს.

„მამავ, შენი ძეო, ვითხოვ მიბოძეო;

ვიქცევი, ქვესკნეთს ვარდები, მისვეტ-მიბოძეო,

რად გძინავს, აღდეგ, უფალო, აწ განიღვიძეო,

მოდი, გამმართე წელ-გულში, სულ დავიბღუნძეო.

ღმერთო, დავითის მთნეველო, მამაო და ძეო,

ის მტერნი ჩემი მდევნელნი დევნე, განაძეო,

შენ გამირკვიე დავითსა, რაც წინ გზა მიძეო!" [გურამიშვილი, 1980: 128].

აქაც, ლექსის მეორე ნაწილში, პოეტი ღმერთს შესთხოვს სულიერ საზრდოსა და შემოსვას, რაც „სამოსელი პირველით" შემოსვას უკავშირდება.

სიმბოლური აზრითა და შინაარსით უაღრესად დატვირთულია „დავითის შესხმა პირველი", რომელშიც პოეტი ასევე ღმერთს ესავს, რომელმაც უნდა იხსნას სულიერი ტყვეობისა და ბნელში ყოფნისაგან: „ბნელში მგდებარე გამოვედ გარე, ვითა დავღამდი, ისე გავსთენდი! ძე მოგვებოძა, გვესვეტ-გვებოძა, მე დაქცეული მისგან ავშენდი..." [გურამიშვილი, 1980: 151]. ესეც ეხმიანება განსახილველი ლექსების მოტივებს, რომელთა გააზრება ბნელის განათებასთან, ნათლის მოვლინებასთან ასოცირდება.

ლექსში საინტერესოა კაენისა და აბელის სახისმეტყველებითად წარმოსახვა, რომელთა მიერ ღვთისადმი შეწირული მსხვერპლი განსხვავებული შინაარსისა იყო და რასაც შედეგად ძმის მიერ ძმის მოკვლა მოჰყვა. დავით გურამიშვილის სიტყვებში კი ღვთისაკენ კაცობრიობის მსასოებელი მზერა შეიგრძნობა. პოეტი ღმერთს ევედრება, რომ ძველ სახმილთ ნუ გაუხსენებს და ნუ განუახლებს. მისი ვედრება შეისმინოს ისე, როგორც  მართალი აბელის მსხვერპლი შეიწირა:

„ჩვენთანა შენი წყალობა ნუ განაქარვეო,

ნადებნი ძველნი სახმილნი ნუ განგვიახლეო,

ჩვენნი მსხვერპლი კაენისა ნუ მიამზგავსეო.

ვითარცა აბელ მართლისა შენ შეიწირეო" [გურამიშვილი, 1980: 118].

დავით გურამიშვილის თხოვნა-ვედრებით გაჯერებული ლექსი ოპტიმიზმითაა გამთბარი. ეს იმედიანი განწყობა გრძელდება მეორე ლექსშიც, რომელიც სამებისადმი ვედრებაა, რათა პოეტს გზა წარუმართოს და ცოდვები შეუნდოს. დავით გურამიშვილის ორივე ლექსს გასდევს დავით წინასწარმეტყველთან სულიერი ნათესაობა, რაც 148-ე და 150-ე ფსალმუნური მოტივების სამებისადმი ვედრების ბოლო სტროფში წარმოჩენით ვლინდება:

„აწ დავით იტყვის: დიდება, შენდა, მეუფეო,

მარადის და უკუნითი უკუნისამდეო!

ამინთე მე ბნელს სანთელი და მამინათეო,

დავით მე შენ გევედრები, გზა წარმიმართეო!" [გურამიშვილი, 1980: 119].

დავით გურამიშვილის „მამაო ჩვენოს" თემაზე დაწერილი ლექსების მხატვრული ფუნქცია აღსარებით-ლიტურგიულია და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა-ვედრების განზოგადებული, კრებსითი აზრის გამოხატულებაა; შთაგონებულია ნათლის მარადიული არსებობის იმედით. ლექსები ბიბლიურ პერსონალიათა სიმრავლითაც გამოირჩევა: აბელი, კაენი, აბრამი, ისაკი, მოსე, დავითი. ავართა მთებში ტყვედ მყოფი პოეტი, დავით წინასწარმეტყველის სულიერი მემკვიდრე, ქრისტიანული ლიტურგიული ცნობიერებით მიილტვის უზენაესისაკენ, ღმერთისაკენ, რათა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერ მომავალზე იზრუნოს. დავითის ლექსებში ღრმად გამოიხატა ქართველი ერისა და მთელი კაცობრიობის რწმენა სულის უკვდავებისა, მისი სული კი ვერ გატეხა ვერც სამკვიდროდან გადახვეწამ და მოწყვეტამ, ვერც პიროვნულმა ტრაგიკულმა განცდებმა და ცხოვრებამ, რომლებიც ერთმანეთს იყო გადაჯაჭვული. დავით გურამიშვილის „მამაო ჩვენოს" თემაზე შექმნილმა ლექსებმა პოეტის მსოფლმხედველობა წარმოაჩინა და პოეტური შემოქმედებითი  შესაძლებლობები გამოავლინა. ამ მიმართულებით მას მემკვიდრეებიც გამოუჩნდნენ, რომელთაგან განსაკუთრებულია ამავე თემაზე შექმნილი ილია ჭავჭავაძის ლექსი „ლოცვა", რომელშიც მწერლის მრწამსი - მტრისთვის შენდობის თხოვნა - ქრისტიანულ საფუძვლებს ემყარება.

ლიტერატურა

ბალხამიშვილი ბ.
2005
„შუვაღამ ადგა, გოგომ ილოცა“, დავით გურამიშვილი - 300, თბილისი.
ბარამიძე რ.
2005
„დავითიანში“ განფენილი ზოგიერთი საკითხი, თბილისი.
ბარამიძე რ.
1992
ლოცვების მხატვრული ფუნქცია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, რელიგია, #5.
გურამიშვილი დ.
1980
თხზულებანი, თბილისი.
წმ. იოანე ოქროპირი.
1996
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, ტომი 2, თბილისი.
Гарнак А.
1907
Сущность христианства, СПБ.