ხ–//ჰ– პრეფიქსის ფუნქციისათვის ი– პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში ძველ ქართულში

ხანმეტ წერილობით ძეგლებში ნორმას წარმოადგენს ხ- პრეფიქსის არსებობა ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის სამივე პირის ფორმაში (შესაბამისად, ჰაემეტში მოსალოდნელია ჰ- ):

I.პ. ხჳქმენ

II. პ. ხიქმენ

III. პ. ხიქმნა

ეს ნორმაა, თუმცა გვაქვს დარღვევებიც. ძველ ქართულში ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში ხ-//ჰ- პრეფიქსის კვალიფიკაციის საკითხი ენათმეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. სანამ უშუალოდ პასუხს გავცემდეთ ჩვენ მიერ დასმულ პრობლემას, შევეცდებით  მოკლედ  განვიხილოთ უძველეს ხანმეტ და ჰაემეტ ხელნაწერთა ვითარება.

იერემიას წინასწარმეტყველების ხანმეტი ნაწყვეტების შემცველი ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ოქსფორდულ  და კემბრიჯულ  ფრაგმენტებში[1] (VI-VII საუკუნეების მიჯნა) [შანიძე, 1937:32] ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმები (სულ 9) წარმოდგენილია ხ- ან ჰ- [2] პრეფიქსით:

I პირი. ძეგლში დასტურდება პირველი სუბიექტური პირის მხოლოდ ერთი ფორმა [ხჳშ]ევ  [იერ. 20:14][3], მაგრამ, რადგან, გამომცემლის სიტყვებით, „კავებში ჩასმულია ის ასოები, რომლებიც ჩამოფლეთილ ნაწილებს გაჰყოლია" [შანიძე, 1937:32], ამ ფორმას ვერ დავეყრდნობით.

II პირი. მეორე პირის ფორმები ფრაგმენტებში არ დასტურდება.

III პირი.  მესამე სუბიექტური პირის ფორმები ხ- პრეფიქსიანია: ხიყოს [იერ. 12:16, 20:14, 20:15], ნუ ხიყოფ(ინ)  [იერ. 20:14], შეხიმუსრა [იერ. 18:4], ხიყო [იერ. 18:3]. დასტურდება ორი ჰ- პრეფიქსიანი ფორმაც: დაჰიდვა [იერ. 12:11], განჰირყუნა [იერ. 12:11].

როგორც ვხედავთ, ხანმეტი იერემიას ფრაგმენტებში ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმები ყველა შემთხვევაში ხ-//ჰ- პრეფიქსითაა წარმოდგენილი. არ დასტურდება ხ-ს ნულთან მონაცვლეობის არცერთი შემთხვევა, რასაც უკვე მცხეთის ჯვრის წარწერაში ვხვდებით (დემეტრე ჳპატოსის წარწერაში (VI საუკუნის მიწურული) [ჯავახიშვილი, 1996:161] იკითხება „მეოხ ხეყავ'' ფორმა, იგივე ზმნა ადრნერსე ჳპატოსის წარწერაში (VII საუკუნის I ნახ.) [ჯავახიშვილი, 1996:160] ხ-ს გარეშეა წარმოდგენილი: „მეოხ ეყავ''). თუ ხანმეტი იერემიას ფრაგმენტებს ცოცხალი ხანმეტობის ეპოქისად მივიჩნევთ, მაშინ ქრონოლოგიურად შესაძლოა მცხეთის ჯვრის ადრნერსე ჳპატოსის წარწერას უსწრებდეს კიდეც. ხელნაწერში  „გაპარული" ჰაემეტი ფორმების არსებობა შესაძლოა ავხსნათ  გადამწერის ენობრივი გარემოს გავლენით.

ჩვენამდე მოღწეულ ხანმეტ და ჰაემეტ ხელნაწერებს შორის მხოლოდ ხანმეტი ლექციონარი (VII საუკუნის II ნახევარი) [შანიძე, 1944:019] არ წარმოადგენს პალიმფსესტს.

I პირი. ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის  პირველი სუბიექტური პირის ფორმა ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტში არ დასტურდება.

II პირი. მეორე სუბიექტური პირის  ფორმა  ხ- პრეფიქსითაა წარმოდგენილი: ხიქმნები [ი. 20:27].[4]

III პირი. მესამე პირისთვის ნორმაა ხ- პრეფიქსიანი ფორმები. ძეგლში ამ მხრივაც ხანმეტობის ნორმაა გატარებული, ისევე როგორც მისი ხმარების ყველა სხვა შემთხვევაში (ხიქმნა [მ. 28:11; ლ. 24:18], გახითქუა [მ. 28:15], ხიყო [მრკ. 16:4;           ლ. 24:15;  ლ. 24:26; ი. 20:19] და სხვ.). ორ შემთხვევაში ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმა წარმოდგენილია ჰ- პრეფიქსით: შეჰიძრნენ [მ. 24:29], ჰიყოს [ლ. 12:34]. კითხვის გაიოლების მიზნით ხ- პრეფიქსიანი ფორმების დაახლოებით ნახევარში       მთლიანად ან ნაწილობრივ ამოფხეკილია, რაც მეორეულია. ძეგლის თავდაპირველი ვითარების გათვალისწინებით არ დასტურდება ი-  პრეფიქსიანი ვნებითის არცერთი ფორმა, რომელიც ხ-//(ჰ-) პრეფიქსის გარეშე იქნებოდა წარმოდგენილი. ეს ფაქტი ხელნაწერის სიძველეზე მეტყველებს. ხანმეტი ლექციონარი იმ მხრივაც იქცევს ყურადღებას, რომ დასტურდება სულ შვიდი ჰაემეტი ფორმა: ჰიხილოთ [მრკ. 16:7; მ. 24:33], ჰიცილობთ [ლ. 24:17], ჰეტყებდენ             [მ. 24:30], მიჰეხების [ლ. 12:33], შეჰიძრნენ [მ. 24:29], ჰიყოს [ლ. 12:34]. ამ შემთხვევაშიც ჰაემეტი ფორმების არსებობა შესაძლოა გადამწერის ენობრივი გარემოს გავლენით ავხსნათ. 

ძეგლის ენობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ხანმეტი ლექციონარი უძველესი თუ არა, ერთ-ერთი ძველი ხანმეტი ხელნაწერია. იგი  „ისეთ დროსაა გადაწერილი, რომ ხანმეტობა მკვიდრი მოვლენაა სალიტერატურო ენაში: მართლაც, რომ ის მხოლოდ მწიგნობრული გზით შემონახული მოვლენა ყოფილიყო და სასაუბრო ენაში მცირეოდენი საყრდენი მაინც არ ჰქონოდა, არ შეიძლება ცოცხალ ფორმას (უხანოს) სადმე თავი არ ეჩინა" [შანიძე, 1944:020]. თუ გავითვალისწინებთ, რომ VII-VIII საუკუნეთა ისეთი ეპიგრაფიკული ძეგლი, რომელიც ხ- პრეფიქსს გამოავლენდეს, არ მოგვეპოვება, „ცოცხალი" ხანმეტობის ამსახველად მიჩნეული ხანმეტი ლექციონარი შესაძლოა ქრონოლოგიურად მცხეთის ჯვრის ადრნერსე ჳპატოსის წარწერის წინმსწრებადაც მივიჩნიოთ და მისი შექმნის თარიღი ნახევარი საუკუნით წინ  გადავწიოთ.

იაკობის პირველსახარების ხანმეტ ნაწყვეტებში (VII ს.) [Birdsall, 1969:108]    ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმები სამივე პირში ხ- პრეფიქსითაა წარმოდგენილი:

I პირი. ხჳქმნე [იაკ. 12:9][5], აღხჳწერო [იაკ. 20:13-14], ხჳპოვო [იაკ. 17:19].

II პირი. ხიყო [იაკ. 12:1], აღხიზარდე [იაკ. 18:14].

III პირი. ხიქმნა [იაკ. 15:23-16:1], ხიპოვა [იაკ. 19:13], ხიკურთხა [იაკ. 19:5], მოხიქცა [იაკ. 20:10], მოხიწიოს [იაკ. 13:2-3], ხიყო [იაკ. 13:9-10], ხიყოს [იაკ. 20:10], აღხიტყუა [იაკ. 14:17], ხიშუეს [იაკ. 15:1].

ხელნაწერში ჰ- პრეფიქსიანი ფორმები არ დასტურდება. იაკობის პროტოევანგელეს სიძველეს მხარს უჭერს ი- პრეფიქსიან ვნებითებში ხ-ს ნულთან მონაცვლეობის შემთხვევების არარსებობა, ამასთანავე, პირველი პირის ფორმების ხ- პრეფიქსით წარმოდგენა. ანალოგიური ვითარებაა აქტივების პირველი სუბიექტური პირის ფორმებშიც, როცა მას ეწყობა, როგორც წესი, მიცემითში მდგარი მესამე ობიექტური პირიც: ხუ(ხედავ) [იაკ. 17:2], მიხუხედე  [იაკ. 21:21], დახუფარო [იაკ. 21:20].

იაკობის პირველსახარებაში ხ-  პრეფიქსის ხმარების ნორმები დაცულია არა მარტო ი- პრეფიქსიან ვნებითებთან, არამედ სხვა შემთხვევებშიც, მაგრამ ჩანს, ხელნაწერი იმ ვითარების ამსახველია, როცა დაწყებულა ხანმეტობის რღვევის პროცესი. სხვაგვარად ვერ ავხსნით ერთ შემთხვევაში შეაგინა [იაკ. 16:19-20], ხოლო მეორეში (შე)ხაგინა [იაკ. 17:27-28] ფორმების არსებობას [შანიძე, 1977:11]. ამის გათვალისწინებით ხელნაწერი შესაძლოა  VII საუკუნის I ნახევრითაც დათარიღდეს.

ხანმეტი ოთხთავის (VII ს.) ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში, ძირითადად, ხანმეტობის ნორმაა დაცული, თუმცა გვაქვს დარღვევებიც:

I პირი. ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის პირველი სუბიექტური  პირის ფორმებში პარალელური წარმოებაა: დასტურდება როგორც ხ- პრეფიქსიანი (მოხჳვლინე [ლ. 4:43][6]), ისე უპრეფიქსო (ვიყვენით [მ. 23:30]) ფორმები. ეს უკანასკნელი ქრონოლოგიურად უფრო მოგვიანო პერიოდის ტექსტებისთვისაა ნიშანდობლივი, რადგან ასახავს ხანმეტობის რღვევის პროცესს.  ი- პრეფიქსიანი ვნებითები ტექსტში ამ მხრივ განყენებულად არ დგას, მათ მხარს უჭერს აქტივთა პირველი სუბიექტური პირის ფორმებიც. ამ შემთხვევაშიც პარალელური წარმოებაა (ხჳქმ [მრკ. 11:29],  განხუასხამ [ლ. 11:20],  შეხუძინე [მ. 25:20]... შდრ.  განვასხემდით [მ. 7:22],  მოვგუარე       [მ. 17:16],  ვიტყჳთ [ი. 3:11]...). როგორც ჩანს, იმ პერიოდის ცოცხალი მეტყველებისათვის სწორედ ვ- პრეფიქსიანი გამარტივებული ფორმები უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი, რომლებიც უნებლიეთ „გაეპარა" გადამწერს. ხ- პრეფიქსიანი ფორმები ხანმეტი დედნის ვითარებას უნდა ასახავდეს.

II პირი. მეორე სუბიექტურ პირში ფორმა ხ- პრეფიქსიანია: მოხიქცეთ [მ. 18:3].

IIIპირი. მესამე პირში ხანმეტობის ნორმა, ძირითადად, დაცულია (განხიკურნებოდეს [მ. 15:31], ხიქმნა [მ. 28:11],  ხიქცეოდა [მ. 21:17],  დახირღუეს [ლ. 21:6] და სხვ.), თუმცა დასტურდება ნორმიდან გადახვევის შემთხვევებიც (იყოს [მ. 5:32; მრკ. 9:50],  დაიმარილოს   [მ. 5:32], განირყუნიან [მ. 6:16],  აღივსნეს [ლ. 6:11], შეიმოსა [ლ. 12: 27]).

როგორც ვხედავთ, ი- პრეფიქსიან ვნებითთა წარმოებაში დარღვეულია ხანმეტობის ნორმები. ხანმეტ ოთხთავში ხ- პრეფიქსი არ ჩანს სხვა შემთხვევებშიც (ნუ კლავ, ნუ იპარავ [მრკ. 10:19], უჩუენე [მ. 8:4], ულხინჱს [მ. 10:15]...) ან ზედმეტადაა ნახმარი (მიხიყვანის  [მ. 7:13, 14], შეხცთეს  [მ. 18:12], ხისადილნეს [ი. 21:15] და სხვ.).  როგორც ვხედავთ, ხანმეტ ოთხთავში, ზემოთ განხილული ხელნაწერებისგან განსხვავებით,  საკმაოდ ხშირია ხ- პრეფიქსის ხმარების ნორმათა დარღვევა         (ხ- უმეტესად იკარგება ხმოვნის წინა პოზიციაში). ამ დარღვევათა ნაწილი წარმოადგენს გადამწერის მიერ უნებლიეთ „გაპარულ შეცდომებს", მოტივირებულს ცოცხალი სასაუბრო მეტყველებით, ხოლო მეორე ნაწილი - განზრახ, შეგნებულად დაწერილ ე.წ. ფსევდოგრამატიზებულ ფორმებს, რაც უკავშირდება გადამწერისთვის ხ- პრეფიქსის ხმარების ნორმების დაბინდვას.

სალიტერატურო ენის ისტორიისათვის ფრიად მნიშვნელოვანია ხანმეტ ოთხთავში ს- პრეფიქსიანი ფორმის არსებობის ფაქტი: „ესრჱთ არს სასუფეველი ღ ~ჲ,      ვ ~ა იგი კაცმან დასთესის" [მრკ. 4:26]. გადამწერის მიერ ეს უნებლიეთ „გაპარული შეცდომა" ნათელს ხდის, რომ ხელნაწერის შექმნის ჟამს ცოცხალ მეტყველებაში სავარაუდებელია (იმ რეგიონისაში მაინც, სადაც ხელნაწერი გადაიწერა) უკვე ს- პრეფიქსიანი ფორმების არსებობა, ანუ ე.წ. სანნარევი მეტყველება (ჩანასახის სახით მაინც). აქედან გამომდინარე, „ეჭვქვეშ დგება ს- პრეფიქსიანი ფორმების IX საუკუნიდან არსებობის ფაქტი" [სარჯველაძე, 1995:129].  ხანმეტობა ძეგლში უფრო მწიგნობრული გზით გატარებული ნორმის შთაბეჭდილებას ტოვებს და აიხსნება ლიტერატურული ტრადიციითა და ხანმეტი დედნის არსებობით. ხანმეტი ოთხთავი იმითაც იქცევს ყურადღებას, რომ ჰაემეტი ფორმა მასში, ფაქტობრივ, არ დასტურდება. მართალია, ოთხ ადგილას ხანმეტი ფორმის ნაცვლად ჰ- პრეფიქსიანი ფორმა გვაქვს (ჰკლავ [მრკ. 10:19], ჰრქუა [მრკ. 3:5; ლ. 15:31; 16:2], მაგრამ ეს მოგვიანო პერიოდის გაცხოველების შედეგია, -ს ქვეშ გარკვევით ჩანს -ს გრაფიკული მონახაზი [ქაჯაია, 1984:301].

დასასრულ, გვინდა შევეხოთ ხანმეტი ოთხთავის დათარიღების საკითხს. იმ დარღვევათა საფუძველზე, რომლებიც შეინიშნება ტექსტში, საეჭვო უნდა იყოს მისი V-VI საუკუნეებით დათარიღება (ამ პერიოდის ეპიგრაფიკული ძეგლები არ გამოავლენს ხ- პრეფიქსის მოშლის ფაქტს), როგორც ამას გვთავაზობს ლ. ქაჯაია [ქაჯაია, 1984:303]. ვფიქრობთ, უფრო გასაზიარებელია ზ. სარჯველაძის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ხანმეტი ოთხთავის ფრაგმენტები VII საუკუნით უნდა დათარიღდეს [სარჯველაძე,  1995:128]. ზემოთ განხილულ ხანმეტ ხელნაწერთა შორის იგი ყველაზე გვიან გადაწერილი ტექსტია. ამასთან დაკავშირებით კვლავ დგება ერთი საკითხი: რამდენად გამართლებულია ხანმეტობის ნორმების მყარად ამსახველი ხანმეტი ლექციონარისა  და ხანმეტი ოთხთავის ქრონოლოგიურად ერთ სიბრტყეზე მოთავსება? ვფიქრობთ, მათ შორის სხვაობას მინიმუმ ნახევარი საუკუნე მაინც უნდა წარმოადგენდეს. ამის გათვალისწინებით გამართლებული უნდა იყოს ხანმეტი ლექციონარის VII საუკუნის დასაწყისში გადაწერილად მიჩნევა [უტიე, 1973:173], სხვა  შემთხვევაში საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ხანმეტი ოთხთავის VII საუკუნის მიწურულით  დათარიღება.

საინტერესო ვითარებას გვიჩვენებს ხანმეტი მრავალთავი, რომელსაც ა. შანიძე VIII საუკუნის I ნახევრით ათარიღებს [შანიძე, 1927:109].

I პირი. ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის პირველი სუბიექტური პირის ფორმები ხ- პრეფიქსის გარეშეა წარმოდგენილი: ვიქცეოდი [მრავ. 130:22][7], განვიბანეთ [მრავ. 132:12], ვიყვენით [მრავ. 132:15]. ეს ამ ძეგლში უკვე მკაცრად გატარებული ნორმაა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. როგორც მოსალოდნელი იყო, ანალოგიური ვითარებაა აქტივთა პირველი სუბიექტური პირის ფორმებშიც: დავაცადო [მრავ 127:13-14], ვაჩუენოთ [მრავ. 128:4-5],  შევწიროთ [მრავ. 131:18],   ვიტყოდით [მრავ. 134:3]   და სხვ. ეს ფორმები, ფაქტობრივ, სანნარევობისა და ახალი ქართულის ვითარების ამსახველია და ნათლად გვიჩვენებს იმ პერიოდის მეტყველების რეალურ სურათს. ამიტომ ამგვარი ენობრივი ვითარების გაგრძელებად იმ ჰაემეტი მონაცემის მიჩნევა, რომლისთვისაც აღჰუმართე, შეჰუწირო, დაჰუაცადო ტიპის ფორმები იქნება დამახასიათებელი, ვფიქრობთ, გაჭირდება. 616-619 წლებით დათარიღებულ წყისის წარწერაში დადასტურებული აღჰუმართე ტიპის ფორმები ხანმეტი მრავალთავის შექმნის ეპოქისთვის განვლილ ეტაპს უნდა წარმოადგენდეს. ჩანს, გარკვეული ენობრივი პროცესები ხანმეტსა და ჰაემეტ ენობრივ გარემოში თანადროულად მიმდინარეობდა. ამიტომ რაღაც პერიოდში, თუნდაც სხვადასხვა ტერიტორიაზე, ამ ორი მონაცემის თანაარსებობა უნდა ვივარაუდოთ. ამიტომ ჩვენთვის საეჭვოა ჰაემეტობის ხანმეტობის მომდევნო ქრონოლოგიურ საფეხურად მიჩნევა [ჯავახიშვილი, 1996:278] და ა. შანიძის მოსაზრება უფრო მისაღები ჩანს [შანიძე, 1923:461].

 ხანმეტ მრავალთავში დასტურდება ძველი ტიპის ხ- პრეფიქსიანი ფორმების ერთეული შემთხვევებიც (ხუმადლობდეთ [მრავ. 127:6-7], შეხუწირვიდეთ [მრავ. 127:11-12], თავყანის ხუცე(მდე) [მრავ. 131:9], ხუემსგავსენით [მრავ. 142:10]), რომლებიც გაპარული უნდა იყოს ხანმეტი დედნიდან.  ნორმად მაინც ოდენ ვ- პრეფიქსიანი ფორმები უნდა ჩაითვალოს.  ხელნაწერის ამ თავისებურებას ა. შანიძე მოკლედ ასე აყალიბებს: „პირველ სუბიექტურ პირში ხანმეტობა ვერ ხარობს" [შანიძე, 1927:115].

ჩვენი აზრით, პირველი სუბიექტური პირის ვითარება ერთ-ერთ ძირითად ენობრივ კრიტერიუმად (სხვა ნიშნებთან ერთობლიობაში) უნდა მივიჩნიოთ ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების ქრონოლოგიზაციისათვის.  ვ-  პრეფიქსიანი ფორმების რაოდენობრივი სიჭარბე (ხუ- წარმოებასთან შედარებით) და, მით უმეტეს, ოდენ ამ ტიპის ფორმების არსებობა საკვლევი ძეგლის გვიანდელობაზე უნდა მეტყველებდეს. განხილულ ხანმეტ ხელნაწერთა შორის ხანმეტი მრავალთავი, მართლაც, ყველაზე გვიანდელია.

II პირი. მეორე სუბიექტური პირის ფორმები უგამონაკლისოდ ხ- პრეფიქსიანია (ხიყვნეთ [მრავ. 143:3], ხიქ(ცეოდით) [145:18-19], ხიქმნნეთ [მრავ. 145:19]). ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ხ-ს დაკარგვას ხელი შეუშალა მორფოლოგიურმა ფაქტორმა: ჩანს, იგი მეორე სუბიექტური პირის ნიშნად იქნა გააზრებული.

III პირი. მესამე სუბიექტური პირის ფორმები ხ- პრეფიქსითაა წარმოდგენილი, სამიოდე გამონაკლისის გარდა: შეიწირვის [მრავ. 125:2], იქცენ [მრავ. 134:1], გარდაიქცეს [მრავ. 149:2] (თანაფარდობა ასეთია: 32:3).

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ხანმეტ მრავალთავში S2 და O3 პირების ნიშნად ხ- პრეფიქსი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, წარმოდგენილია ყველგან, სადაც ხანმეტობის ნორმითაა მოსალოდნელი. ძეგლი იმითაც იქცევს ყურადღებას, რომ მასში არცერთი ჰაემეტი ფორმა არაა „გაპარული". ეს იმით უნდა ავხსნათ, რომ მრავალთავის გადაწერის დროისთვის არა მარტო ხანმეტობა, არამედ ჰაემეტობაც განვლილ ეტაპს წარმოადგენდა. VII საუკუნიდან ცოცხალ მეტყველებაში უკვე სანნარევობა ივარაუდება (საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონისთვის მაინც). ხანმეტ მრავალთავში ხანმეტობა ოდენ ლიტერატურული ტრადიციით შეპირობებული ხელოვნური, მწიგნობრული გზით გატარებული ენობრივი მოვლენაა და არა „ცოცხალი" პროცესის ამსახველი ფაქტი [შანიძე, 1927:116]. ძეგლის  გადამწერი არაა ოდენ გადამწერი, ის საკმაოდ დაკვირვებული რედაქტორ-გადამწერია (ამიტომ „გაპარული" შეცდომები ხელნაწერში, ფაქტობრივ, არაა), რომელიც ქმნის იმ ეპოქაზე მორგებულ ახალ ორთოგრაფიულ  ნორმებს, რაც გულისხმობს ძველისა და ახლის სინთეზს. პირველ ყოვლისა, ვგულისხმობთ ცოცხალი მეტყველებისათვის დამახასიათებელი იმ ენობრივი მოვლენის დაკანონებას, ნორმად გამოცხადებას, რომელიც აშკარად დარღვევას წარმოადგენდა „ცოცხალი" ხანმეტობისთვის და რომელიც სპონტანურადაა გატარებული ხანმეტ ოთხთავში. ესაა, ზოგადად, პირველი სუბიექტური პირისთვის ვ- პრეფიქსიანი ფორმების ორთოგრაფიულ ნორმად გამოცხადება (ხჳყვენით>ვიყვენით, შეხუწიროთ > შევწიროთ...). ამ ნორმით აღდგა ქართულისთვის ბუნებრივი პრეფიქსული მონოპერსონალიზმის პრინციპი.

ჰაემეტ ლექციონარში (VIII ს.) [შანიძე, 1923:358], რომელიც, ფაქტობრივ, სანნარევ ძეგლთა უძველეს ნიმუშადაა მიჩნეული, ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმათა თითქმის ნახევარი ჰ- პრეფიქსის გარეშეა წარმოდგენილი.

I პირი. ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის პირველი სუბიექტური პირის ფორმები ჰ- პრეფიქსის გარეშეა წარმოდგენილი(ვიყო [ჰაემ. 370:10][8], მოვივლინე [ჰაემ. 382:15]). ამ მხრივ იგი გვერდში უდგას ხანმეტ მრავალთავს.

ჰაემეტ ლექციონარს, ზოგადად, პირველი სუბიექტური პირის ფორმებში ჰუ- კომპლექსი, ფაქტობრივ, აღარ ახასიათებს: ვიტყჳ [ჰაემ. 387:10], მოვიმკი [ჰაემ. 385:6], მოველოდეთ [ჰაემ. 366:14], ვიდიდებდე [ჰაემ. 370:10]. რამდენიმე ძველი ნორმის ამსახველი ფორმა უფრო ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ჰაემეტი დედნის არსებობით იხსნება და საერთო ტენდენციას ვერ ცვლის (ჰუყოფ [ჰაემ. 388:15], ჰჳცოდე [ჰაემ. 388:13], სათნო ჰჳყავ [ჰაემ. 370:12]). ხელნაწერში გვხვდება ერთი ფორმა, რომელიც გამოავლენს ჰ-უ- პრეფიქსების ახლებურ განლაგებასაც: დავჰთესი [ჰაემ. 385:1].

II პირი. მეორე სუბიექტური პირის ფორმა ორ შემთხვევაში ჰ- პრეფიქსითაა წარმოდგენილი, მესამედ - მის გარეშე: ჰიყოფი [ჰაემ. 387:12], ჰიყავ [ჰაემ. 376:13], იყვენით [ჰაემ. 378: 2-3]. ეს უკანასკნელი II ბრძანებითის მწკრივისაა, შესაძლოა, ჰ- S2-ის ნიშნად იქნა გააზრებული და ამანაც განაპირობა მისი დაკარგვა, თუმცა წინა შემთხვევაზე ამას ვერ ვიტყვით (ჰიყავ ზმნაც ამავე მწკრივის ფორმაა).

III პირი. დასტურდება ჰ-0-თან მონაცვლეობის შემთხვევები, კერძოდ, მესამე სუბიექტური პირის ფორმათა თითქმის ნახევარი ჰ- პრეფიქსითაა წარმოდგენილი, ნახევარი - მის გარეშე (შდრ. ჰიქმნა [ჰაემ. 376:7], იქმნებიან [ჰაემ. 368:2-3]; ჰიქცეს [ჰაემ. 388:14], მოიქცა [ჰაემ. 386:7]; ჰიყვნეს [ჰაემ. 377:9], იყვნეს [ჰაემ. 383:8] და სხვ.).

მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების ნიშნად ჰ- თანხმოვნის წინ ყოველთვისაა წარმოდგენილი, ხმოვნის წინ ჰ- პრეფიქსის დაკარგვა ბოლომდე გატარებული არ არის (შდრ. ჰიტყოდა [ჰაემ. 376:15], იტყოდა [ჰაემ. 369:7]; მიჰუგო [ჰაემ. 369:2], მიუგო [ჰაემ. 381:5]; ჰიცოდე [ჰაემ. 385: 3-4], იხილოთ [ჰაემ. 386:5] და სხვ.). დასტურდება სამი ჰს- კონტამინაციურპრეფიქსიანი ფორმა (მიჰსცემდა [ჰაემ. 377:2; 379:7], დაჰსცხრა [ჰაემ.  383:14]), რომლებიც ასახავენ როგორც ცოცხალი მეტყველების (რომელშიც ეს ზმნები ს- პრეფიქსით გამოითქმოდა), ისე ჰაემეტი დედნის ვითარებას.

ჰაემეტი ლექციონარის ენობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ გადამწერმა ვეღარ შეძლო ჰაემეტი დედნის გრამატიკული ნორმების ბოლომდე გატარება და ბევრი რამ შეცვალა ცოცხალი სასაუბრო მეტყველების გავლენით, რომელიც ხელნაწერის შექმნისას სანნარევი უნდა ყოფილიყო. მართალია, ტექსტში, ხანმეტი ოთხთავისგან განსხვავებით,  ასიმილაციის საფუძველზე მიღებული                       ს- პრეფიქსიანი ფორმა საერთოდ არ დასტურდება, მაგრამ ჰს- კონტამინაციურპრეფიქსიანი ფორმები იმის მაჩვენებელია, რომ იმ პერიოდის ცოცხალ მეტყველებაში S2 და O პირების ერთ-ერთ ალომორფად ს- უკვე უნდა გვქონოდა.

ხანმეტ-ჰაემეტ ხელნაწერთა ენობრივი ანალიზი საფუძველს გვაძლევს თვალი გავადევნოთ ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმათა გამარტივებისა და     ხ-//ჰ- პრეფიქსის 0-თან მონაცვლეობის პროცესს, რომელიც სქემატურად ასე შეიძლება გამოვსახოთ:

 

I პირი

II პირი

III პირი

ოქსფ.,  კემბრ.

(ხუ-)

-

ხ-//(ჰ-)

ხანმ. ლექც.

-

ხ-

ხ-//(ჰ-)

იაკ. პროტ.

ხუ-

ხ-

ხ-

ხანმ. ოთხთ.

ხუ-//ვ-

ხ-

ხ-//0

ხანმ. მრავ.

ვ-

ხ-

ხ-//0

ჰაემ. ლექც.

ვ-

ჰ-//0

ჰ-//0

ცხადი ხდება, რომ ი- პრეფიქსიან ვნებითებში ხ- პრეფიქსის ნულთან მონაცვლეობა უნდა დაწყებულიყო I-III პირის ფორმებში. ეს პროცესი უფრო აქტიურად წარიმართა I სუბიექტურ პირში, რის საფუძველზეც მივიღეთ გამარტივებული, ოდენ ვ- პრეფიქსიანი ფორმები (ეს ერთადერთ ნორმას წარმოადგენს ხანმეტი მრავალთავისა და ჰაემეტი ლექციონარისათვის).  III პირის ფორმებში ხ-ს დაკარგვა ბოლომდე არაა გატარებული. II სუბიექტური პირის ფორმებში კი მისი დაკარგვისათვის ხელი უნდა შეეშალა მორფოლოგიურ ფაქტორს: როგორც ჩანს,    ხ-//ჰ- S2-ის მორფემად იქნა გააზრებული. ფორმათა გამარტივების პროცესი საბოლოოდ დასრულდა სანნარევ წერილობით ძეგლებში.

დასასრულ, გვინდა შევეხოთ მთავარ პრობლემას: რა ფუნქციისაა ხ-//ჰ- პრეფიქსი ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში და რატომ იჩენს იგი თავს სამივე პირში? ძველი ქართულის სინქრონიულ დონეზე, გარკვეული თვალსაზრისით, მეორე პირის ფორმებში ხ-//ჰ- მეორე სუბიექტური პირის მორფემად შეიძლება იქნეს მიჩნეული [შანიძე,1927:114; ონიანი, 1978:115; სარჯველაძე, 1997:74], ხოლო პირველი სუბიექტური პირის ფორმებში ხუ- ერთიანად უნდა იქნეს კვალიფიცირებული ამ პირის ერთ-ერთ ალომორფად [ონიანი, 1978:162; გამყრელიძე, 1979:49; სარჯველაძე, 1997:74]. ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის მესამე პირის ფორმებში მის გამოვლენას არავითარი მორფოლოგიური საფუძველი არ ეძებნება და ანალოგიით, პარადიგმის გათანაბრებით უნდა აიხსნას [ონიანი, 1978:165]. საზოგადოდ, „თუ რატომ იჩენს თავს ხ- ამ ტიპის ზმნებში, ჯერჯერობით დამაკმაყოფილებლად ახსნილი არ არის" [სარჯველაძე, 1995:125].

ჩვენი აზრით, ხ-//ჰ- პრეფიქსის მეორე სუბიექტური პირის მორფემად მიჩნევას ახლავს მთავარი დაბრკოლება: თუ მას კონკრეტულად მეორე პირის ნიშნად მივიჩნევთ, რამდენად გამართლებული იქნება მორფოლოგიურად ან თუნდაც ლოგიკურად მისი გამოვლენა სხვა სუბიექტური პირის ფორმებშიც? პირის რომელობის მიხედვით ოპოზიციისას კონკრეტური მორფემა ოპოზიციის მხოლოდ ერთი წევრის (პირის) მარკერი შეიძლება იყოს, ჩვენს შემთხვევაში კი     ხ-//ჰ- სეგმენტი სამივე პირთან რეალიზდება. ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ ხანმეტსა და ჰაემეტ ტექსტებში ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნა ბრძანებითის მწკრივების II სუბიექტურ პირში ყოველთვის ხ-//ჰ- პრეფიქსითაა წარმოდგენილი. ეს ნორმაა და არა გამონაკლისი   (ხიყვენით [Birdsall, 1971:67], ხიყავ [ქაჯაია, 2006:50], ჰიყავ [ჰაემ. 376:13], მაგრამ იყვენით [ჰაემ. 378:2-3]). ძველ ქართულში კი ამ შემთხვევაში S2-ის უნიშნობა მორფოლოგიური აკრძალვაა. მაშასადამე, ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში ხ-//ჰ-  არ ექვემდებარება იმ ზოგად წესს, რომელიც მეორე სუბიექტურ პირზე ვრცელდება, სხვაგვარად, იგი „არ იქცევა", როგორც ამ პირის ნიშანი. ამრიგად, ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში   ხ-//ჰ-ს ვერ მივიჩნევთ მეორე სუბიექტური პირის მორფემად. მაგრამ რამდენად შეიძლება ხუ- ოდენობის მიჩნევა S1-ის  ალომორფად?

ჩვენი აზრით, პირველი სუბიექტური პირის გამოხატვის მორფოლოგიური ფუნქცია ხუ- პრეფიქსის მეორე კომპონენტს უკავშირდება, ხ- ამ შემთხვევაში ისეთივე უფუნქციო სეგმენტის როლში გამოდის, როგორც ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის II-III პირის ფორმებში. ვინაიდან ხუ- პრეფიქსის ხ- სეგმენტს, ცალკე აღებულს, მორფოლოგიური ფუნქცია არ ეძებნება, პირობითად იგი S1-ის ალომორფის შემადგენელ ნაწილად შეიძლება მოვიაზროთ, ხოლო მისი არსებობა აქ ფონეტიკურ ნიადაგზე ავხსნათ. რადგან S1-ის გამოხატვა ხუ- პრეფიქსის პირველ კომპონენტთან არ იყო დაკავშირებული, ენამ ადვილად იგუა ამ ოდენობის დაკარგვა და მოხდა „რთული" პრეფიქსის გამარტივება: ხუ-//ჰუ- > ვ-.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია თვალსაზრისი ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის სათავისო ქცევის ფორმიდან მომდინარეობის შესახებაც [შანიძე, 1953:354-356]. თუ ხანმეტსა და ჰაემეტ ტექსტებში ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნათათვის ნორმას წარმოადგენს ხ-//ჰ- პრეფიქსიანი ფორმები, აქტივთა სათავისო ქცევისთვის ნორმაა ფორმები, რომლებშიც აღნიშნული პრეფიქსი წარმოდგენილი არაა (იგი მხოლოდ I სერიის ფორმებში იჩენს თავს, როცა Oმიცემითშია, მაშინ როცა ი- პრეფიქსიან ვნებითებში ყველა შემთხვევაში რეალიზდება). ამიტომ ამ ტიპის პასივებში ხ-//ჰ-ს არსებობას სათავისო ქცევის ფორმებით ვერ ავხსნით.    ა. ონიანიც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ, რადგან ი- ალომორფიანი ვნებითი საერთო-ქართველურ საფეხურამდე ადის და ყველა ქართველურ ენაში უგამონაკლისოდ ერთპირიანია, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის ოდესმე ორპირიანი იქნებოდა [ონიანი, 1978:164].

როგორც ვხედავთ, ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში ხ-//ჰ-ს არ ეძებნება მორფოლოგიური ფუნქცია, იგი უფუნქციო ელემენტია არა მარტო ძველი ქართულის  დონეზე, არამედ დიაქრონიულადაც. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ელემენტი სამივე პირის ფორმაში იჩენს თავს, სჯობს ყველა შემთხვევაში ხ-//ჰ- სეგმენტის გამოვლენა ერთნაირად აიხსნას, ოღონდ არა მორფოლოგიურ, არამედ ფონეტიკურ ნიადაგზე. ხანმეტ და ჰაემეტ ტექსტებში     ხ-//ჰ- პრეფიქსი იხმარება კიდევ რამდენიმე ფუნქციით: Sდა O3 (მიცემითში მდგარი) პირების მარკერად[9]; ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის უფროობითი ხარისხის ფორმებში; S1 პირის ხუ-//ჰუ- ალომორფის შემადგენელ ელემენტად. ჩვენი აზრით, ხ-//ჰ- პრეფიქსი მისი ხმარების ყველა შემთხვევაში ისტორიულად ფონეტიკურ ნიადაგზე უნდა იყოს განვითარებული. მისი მორფოლოგიური ფუნქციით აღჭურვა და პირის მორფემად გადააზრება მეორეული მოვლენა ჩანს. ხ-//ჰ- ელემენტის გაჩენა შესაძლოა ასპირაციას უკავშირდებოდეს, რომელიც საერთო-ქართველურს ახასიათებდა. „ქართველურ ენათა ისტორიული მონაცემებით დასტურდება, რომ ფშვინვიერი შემართვა-დამართვა ქართველურ ენათა ფონეტიკური სტილისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ყოფილა. ამას ადასტურებს, ერთი მხრივ, ძველი ქართულის მონაცემები და, მეორე მხრივ, ქართველურ ენათა ცოცხალი დიალექტების მონაცემები" [ჟღენტი, 1965:112]. ქართველურ ენათაგან ხმოვანთა (//სონანტთა) ფშვინვიერი შემართვა-დამართვა თავდაპირველად მეგრულ-ლაზურში უნდა მოშლილიყო, შემდეგ - ქართულში, სვანურში კი  (ბალსზემოურსა და ბალსქვემოურში) ამჟამადაც მოქმედი ფონეტიკური მოვლენაა. საკითხის ამგვარად დასმის შემდეგ, ვფიქრობთ, სავსებით გასაგები უნდა იყოს მეგრულ-ლაზურში S2 და O3 პირების უნიშნობა.

თუ საკითხის ჩვენეული დასმა მართებულია, სწორედ სვანურში უნდა იყოს ხელშესახები S2 და O3 პირების ნიშნების ისტორიულად ასპირაციასთან დაკავშირება. მართლაც, სვანურში ხ-  ოდენობის გამოვლენა (იქნება ის S1-ის ხუ- პრეფიქსის შემადგენელი სეგმენტი თუ S2 და O3ირ. პირების ალომორფი) ფონოლოგიურადაა შეპირობებული: პირველ ყოვლისა, იგი რეალიზდება უზმნისწინო ზმნებთან, ანლაუტში, ხმოვნის წინა პოზიციაში (# - V), თანხმოვნით დაწყებულ ფუძეებთან ხ- არ ჩანს (ხუ-არი „ვარ", ხ-ოსყი „ვუკეთებ", ხ-არი „ხარ", ხ-აჰუდი „აძლევს"... შდრ. ტ-უ-იხე „ვაბრუნებ", ტიხე „აბრუნებ", ათ-ბ-ე „მიაბა"...).[10] ზოგადად, სვანური განსხვავებულად ექცევა პირის მორფემებს, ნულს ადვილად უთანაბრდება ხ-, რასაც სხვა მორფემებზე ვერ ვიტყვით. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში ხდება არა ხ-ს დაკარგვა, არამედ შესაბამისი ფონოლოგიური პოზიციის გათვალისწინებით მისი არსებობა არცაა საგულვებელი.

სვანურში ასპირაციის შემდგომი განვითარებისას, სხვაგვარად, სპირანტის უფრო ღრმად წარმოთქმისას ჰ > ხ, მაგ., ჰარაყ //ხარაყ, ჰასაკ//ხასაკ და სხვ. ჩანს, ერთ ენობრივ კოლექტივშიც შესაძლებელია პარალელურად ჰ- და ხ- პრეფიქსიანი ფორმების არსებობა. საკითხის ამგვარად დასმის შემდეგ ნათელი უნდა იყოს, რომ ხანმეტობა-ჰაემეტობა სხვა არაფერია, თუ არა ლიტერატურული წარმოთქმის სხვადასხვა ნორმა [ჟღენტი, 1965:107]. როგორც ჩანს, ჰ- უფრო ღრმად გამოითქმოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში (შესაბამისად, ხდებოდა მისი ჩაწერა გრაფემით. სწორედ ხ- პრეფიქსიან ფორმებს უნდა ჰქონოდა ლიტერატურული ნორმის სანქციაც), ხოლო სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში იგი უფრო სუსტი უნდა ყოფილიყო (ამიტომ აღინიშნებოდა გრაფემით). ჩვენი აზრით, ხანმეტობის ხ- პრეფიქსი არტიკულაციურად არ უნდა ყოფილიყო იდენტური ძირეულ მორფემებში დადასტურებული სპირანტისა (მაგ., ახალი, ხუთი...). ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი -ს ერთგვარი რბილი ნაირსახეობა, საშუალო ბგერა -სა და -ს შორის, დაახლოებით ისეთი, როგორიცაა ინგილოურ დიალექტში -სგან მიღებული ბგერა, რომელიც რეალიზდება ყ, ხ-ს წინ: გაჰყო>გახყო, დაჰხურა>დახხურა [ჯორბენაძე, 1989:341]. ე.ი. ძველი ქართულის ხანმეტობის პერიოდში, სავარაუდოდ, უნდა გვქონოდა ორგვარი : საკუთრივ სპირანტი და ე.წ. რბილი (<), რომელიც, პირველისგან განსხვავებით, დაკარგვას ექვემდებარებოდა (მაგ., მეოხ ხესსსყავ >მეოხ ეყავ (მცხეთის ჯვრის წარწ.)).

ამგვარად, ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში გამოვლენილ ხ-//ჰ- პრეფიქსს ძველი ქართული ენის დონეზე არ მოეპოვება მორფოლოგიური ფუნქცია. სამივე პირის ფორმაში იგი უფუნქციო ელემენტი გამოდის (პირობითად, ხ-//ჰ-  შესაძლოა მივიჩნიოთ S1-ის ალომორფის შემადგენელ ელემენტად: ხუ-// ჰუ-). ისტორიულად ეს პრეფიქსი (ჰ- > ხ-) ასპირაციის ნიადაგზე განვითარებული ჩანს.


[1] ოქსფორდული ფრაგმენტი გამოსცა ი. ჯავახიშვილმა [ჯავახიშვილი, 1996:304-305], ხოლო კემბრიჯული -     ა. შანიძემ [შანიძე, 1937:29-42].

[2] ჰ- დასტურდება 2 შემთხვევაში.

[3] ვიმოწმებთ ა. შანიძის გამოცემის მიხედვით [შანიძე, 1937].

[4] ვიმოწმებთ ა. შანიძის გამოცემის მიხედვით [შანიძე, 1944].

[5] ვიმოწმებთ ა. შანიძის გამოცემის მიხედვით [შანიძე, 1977].

[6] ვიმოწმებთ ლ. ქაჯაიას  გამოცემის მიხედვით [ქაჯაია, 1984].ქაჯაია, 1984].

[7] ვიმოწმებთ ა. შანიძის გამოცემის მიხედვით [შანიძე, 1927].

[8] ვიმოწმებთ ა. შანიძის  გამოცემის მიხედვით [შანიძე, 1923].

[9] ე- პრეფიქსიანი ვნებითის ფორმებში ხ-//ჰ-  03ირ-ის ნიშანია, ამიტომ ამ ტიპის ვნებითებში პრეფიქსის ფუნქციას ცალკე არ ვეხებით.

[10] ზმნისწინიანი ფორმების შესახებ დაწვრილებით იხ. [ციხელაშვილი, 2005:275-276].

ლიტერატურა

გამყრელიძე თ.
1979
ზმნის „პირიანობა“ და „ვალენტობა“. საენათმეცნიერო კრებული. თბილისი.
ონიანი ა.
1978
ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები. თბილისი.
ჟღენტი ს.
1965
ქართული ლიტერატურული წარმოთქმის ძირითადი თავისებურებანი. რჩეული შრომები. ქართველურ ენათა ფონეტიკის საკითხები. თბილისი.
სარჯველაძე ზ.
1995
კიდევ ერთხელ ხანმეტობისა და ჰაემეტობის ურთიერთ–მიმართების შესახებ. ფილოლოგიური ძიებანი. ეძღვნება გ. კარტოზიას. თბილისი.
სარჯველაძე ზ.
1997
ძველი ქართული ენა. თბილისი.
უტიე ბ.
1973
ქართული ხანმეტი ლექციონარის ერთი ფურცელი პარიზში. მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. #1. თბილისი.
ქაჯაია ლ.
1984
ხანმეტი ტექსტები. ნაკვეთი I. ტექსტი გმოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სიმფონია დაურთო ლამარა ქაჯაიამ. თბილისი.
ქაჯაია ლ.
2006
წმ. ქრისტინას წამების ხანმეტი ტექსტი. გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნლი. #3. ქუთაისი.
შანიძე ა.
1923
ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის. ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე. ტომი III. ტფილისი.
შანიძე ა.
1927
ხანმეტი მრავალთავი. ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე. ტომი VII. თბილისი.
შანიძე ა.
1937
ხანმეტი იერემიას კემბრიჯული ნაწყვეტები. ენიმკის მოამბე. ტომი II (1). თბილისი.
შანიძე ა.
1944
ხანმეტი ლექციონარი. ძველი ქართული ენის ძეგლები. ტომი I. თბილისი.
შანიძე ა.
1953
ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. თბილისი.
შანიძე ა.
1977
იაკობის პირველსახარების ხანმეტი ნაწყვეტები. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები. ტომი 20. თბილისი.
ციხელაშვილი ლ.
2005
მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების მორფემის გენეზისისათვის. საენათმეცნიერო ძიებანი. ტომი XIX. თბილისი.
ჯავახიშვილი ი.
1996
ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი IX. თბილისი.
ჯორბენაძე ბ.
1989
ქართული დიალექტოლოგია. ტომი I. თბილისი.
Birdsall J.
1969
A Georgian Palimpsest in Vienna. Oriens Christainus. 53.
Birdsall J.
1971
Khanmeti Fragments of the Synoptic Gospels from Ms. Vind. Georg. 2. Oriens Christainus. 55.