ემილი დიკინსონის შემოქმედების აღქმის თავისებურებები ქართულ ლიტერატურაში

თუ თანამედროვე ქართული თარგმანის, კერძოდ კი პოეზიის თარგმანის ტენდენციებს გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ უკანასკნელ ხანებში ჩვენი ლიტერატურისათვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქართულ ენაზე ე.წ. ,,ქალური პოეზიის" ინტერპრეტირება. რასაკვირველია, ეს შემთხვევითი მოვლენა არაა, ლიტერატურამ აირეკლა სოციალურ ასპარეზზე მომხდარი ცვლილება  -  ქალის როლის ტრანსფორმირება თანამედროვე სამყაროში. სქესთა შორის არსებული განსხვავება არა მხოლოდ ფიზიოლოგიური ნიშნებით იკვეთება, არამედ განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური პოზიციებითაც, რაც აისახება კიდეც ე.წ. ,,ქალურ ნარატივში". ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყანათაგან, სადაც ქალთა ემანსიპაციას ჩაეყარა საფუძველი და აქედან გამომდინარე, ამერიკულ ლიტერატურაში განსაკუთრებით მძაფრად და მკვეთრად წარმოჩინდა ქალთა პრობლემატიკა თუ, უბრალოდ, სამყაროს მდედრული თვალსაზრისით ხედვა. ცნობილი ამერიკელი პოეტი ნათანიელ ჰოთორნი წერდა:   ,,ქალი ავტორი, რომელიც სამწერლობო სფეროში ცდილობს თავის დამკვიდრებას, განსაკუთრებულ საფრთხეს ეჩეხება: თითქოს ერთგვარი უხერხულობა ახლავს თან იმის წარმოჩენას, თუ როგორ უცქერს სამყაროს ქალის გაშიშვლებული გონება, როგორ გვაძლევს მინიშნებას, ქვეყნიერების ღრმად ჩამარხული საიდუმლოებების ამოსახსნელად"  [Dillon, 2004:138]. 

ამერიკელი პოეტი ქალი ემილი დიკინსონი პირველთაგანი იყო, ვინც ამერიკის საზოგადოებას ეს ,,უხერხულობა" შეუქმნა. მისი აზროვნებისა და პოეტური გამომსახველობის თავისებურება იმდენად უჩვეულო იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის, რომ გამომცემლებმა პოეტის სიცოცხლეში ვერ ითავეს მისი ლექსების დაბეჭდვა და სიკვდილის შემდეგაც დიდხანს იყოყმანეს, დიდხანს საგულდაგულოდ უკეთებდნენ რედაქტირებას, იმდროინდელი მკითხველის გემოვნებას არგებდნენ დიკინსონის პოეტურ მემკვიდრეობას.

თუმცა ზემოთაღნიშნულ წინაღობებს ხელი არ შეუშლიათ მსოფლიოს მთარგმნელებისთვის, ხელი მოეკიდათ ემილი დიკინსონის პოეზიის თარგმნისათვის. მათ შორის არც ქართველი მთარგმნელები შეუშინებია სირთულეებს, მით უმეტეს, რომ, როგორც თარგმანის ცნობილი თეორეტიკოსი, დალი ფანჯიკიძე, აღნიშნავს, ქართულ ენას აქვს რესურსი ნებისმიერი სირთულის პოეტური ტექსტი ითარგმნოს მასზე:  ,,ქართული ენა და ლიტერატურული ტრადიციები განუსაზღვრელ საშუალებას იძლევა ყოველი ტიპის პოეზიისთვის გამოინახოს ადეკვატები ან მშობლიური ენის გამომსახველობითი ერთეულების ბაზაზე შეიქმნას და დამკვიდრდეს ახალი მეტყველება, როცა საქმე ქართული პოეტური ტრადიციისაგან განსხვავებული პოეზიის თარგმნას ეხება" [ფანჯიკიძე, 1999:48].   

ემილი დიკინსონი იყო პირველი იმ ამერიკელ პოეტ ქალთაგან, რომელთა შემოქმედებაც მეტ-ნაკლებად სრულად ითარგმნა ქართულ ენაზე. 1971 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ თარგმნილი ლექსების კრებულ ,,ამერიკელ პოეტებში" შეტანილია დიკინსონის ორი ნაწარმოები. გიორგი ნიშნიანიძის მიერ ნათარგმნი მისი ოცდათორმეტი ლექსი დაიბეჭდა 1985 წელს გამოცემულ კრებულ ,,ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მცირე ანთოლოგიაში". 2005 წელს გამომცემლობა ,,დიოგენემ" პირველად ქართულ სინამდვილეში გამოაქვეყნა ემილი დიკინსონის ორენოვანი კრებული (მთარგმნელები: გიორგი ნიშნიანიძე, მედეა ზაალიშვილი, დავით ახალაძე, დალი ინწკირველი, მანანა კობაიძე, მაია ნათაძე, მაია ჯიჯეიშვილი, ლელა სამნიაშვილი), რომელშიც თითოეულ ლექსს რამდენიმე თარგმანი ერთვის და მას მანანა კობაიძის შესანიშნავი წინასიტყვაობა უძღვის. ამ კრებულის გამოცემას მოჰყვა ზეინაბ სარაძის პუბლიკაცია ჟურნალ ,,ლიტერატურულ პალიტრაში" [ლიტერატურული... 2010]. გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში ხშირად ჩნდება სხვადასხვა მთარგმნელის მიერ შესრულებული  ემილი დიკინსონის ლექსების თარგმანები.

ერთ-ერთი პირველი მთარგმნელი, რომელმაც ემილი დიკინსონი ქართულ ენაზე გადმოიტანა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი გაჩეჩილაძე იყო.  მისი თარგმანები მეტ-ნაკლებად სრული სახით შეტანილია 1985 წელს გამოცემულ ინგლისური და ამერიკული პოეზიის მცირე ანთოლოგიაში. როგორც წიგნზე დართული მცირე კომენტარიდან ჩანს, მთარგმნელი ემილი დიკინსონს ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ პოეტად მიიჩნევს და, სხვათა შორის, აღნიშნავს, რომ ამერიკელ პოეტთაგან სწორედ მან გამოიყენა პირველად ე.წ. ,,პარა-რითმა". მაშასადამე, მთარგმნელი ინფორმირებულია იმ ექსპერიმენტული ნოვაციების შესახებ, რომელთაც მისმა Vis-à-vis-მ ჩაუყარა საფუძველი და, წესით, უნდა ითვალისწინებდეს კიდეც მათ თარგმანში.

როგორც აღვნიშნეთ, ამერიკელი გამომცემლები თავდაპირველად საკმაოდ ცვლიდნენ დიკინსონის შემოქმედებას: ათანაბრებდნენ სტრიქონების რაოდენობას, ,,მართავდნენ" რიტმულ სტრუქტურას, ცვლიდნენ რითმებს უფრო ჟღერადი წყვილებით, სასვენი ნიშნების გამოყენებას გრამატიკულ ნორმებს უმორჩილებდნენ, იმპლიციტურ ინფორმაციას ექსპლიციტურად აქცევდნენ და ა.შ. ყოველივე ეს მეტისმეტად მოგვაგონებს იმას, თუ როგორ თარგმნიდნენ ემილი დიკინსონის შემოქმედებას თავდაპირველად საქართველოში.

მაგალითისთვის გამოგვადგება დიკინსონის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ლექსი ,,I'm Nobody" და მისი გაჩეჩილაძისეული თარგმანი:

,,I'm Nobody! Who are you?

Are you - Nobody - too?

Then there's a pair of us!

Don't tell! they'd advertise - you know!

 

How dreary - to be - Somebody!

How public - like a Frog - 

To tell one's name - the livelong June - 

To an admiring Bog!"  [დიკინსონი, 2005:26].

 

,,მე ვარ არავინ  -შენ ნეტავ ვინ ხარ? -

ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?

-კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით, -

ყველა არავინ იმ ქვეყნად მიჰყავთ.

 

ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად,

კიდევ კარგი, რომ არვინ არა ვართ -

როგორ იოლად ავცდით ორივე,

აურზაურს და დავიდარაბას" [დიკინსონი, 2005:27].

თარგმანი ძირითადად ინარჩუნებს დედნის შინაარსობრივ პლანს, თუმცა გვხვდება გადახვევებიც, ორიგინალში წერია, რომ თუკი მათ, ლექსის ლირიკულ გმირსა და მიმართვის ობიექტს, გაუგეს, რომ არავინ არიან, ქვეყანას მოსდებენ და ისინი გაირიყებიან საზოგადოებისაგან; გიორგი ნიშნიანიძე ცვლის ამ პასაჟს: ,,არავინ" თვით ღმერთს მიჰყავს იმქვეყნად, რადგან მისი ადგილი დედამიწაზე არ არის. ჩემი აზრით, ეს პასაჟი მნიშვნელოვნად ასხვაფერებს ლექსის კონცეფციას - თუ როგორი დაუნდობელია ხალხი (და არა ღმერთი) ადამიანების მიმართ, რომელთაც სოციალური სტატუსი არ გააჩნიათ. გარდა ამისა, ტექსტში გვხვდება შემთხვევა, როდესაც დედნის იმპლიციტური ინფორმაცია, რომელიც ბოლო ორ სტრიქონშია ჩადებული, მთარგმნელმა ზედაპირზე ამოიტანა: ,,როგორ იოლად მოვრჩით ორივე აურზაურს და დავიდარაბას." სამაგიეროდ, თარგმანში არ ჩანს ავტორისეული შეფასება მოვლენებისა - დამამცირებელია ბრძოლა იმისთვის, რომ ამქვეყნად შენი ადგილი გქონდეს.

გარდა ამისა, ლექსში მთლიანად შეცვლილია სტილური კომპონენტები: დედნის რიტმი წყვეტილია, წინადადებები დაუსრულებელი, სინტაქსი - არანორმირებული; თარგმანში კი, პირიქით, თხრობა დინამიკურია, რიტმი - მუსიკალური, წინადადებები სრულყოფილი, წინა პლანზე გადმოდის არა შიში იმისა, რომ ქვეყანას არ მოსდონ ლირიკული გმირის არარაობა, არამედ კმაყოფილება, რომ მან ყველა ამქვეყნიური საზრუნავი თავიდან აიცილა.

ლექსში გამოყენებული ორი ტროპული საშუალებისაგან, ანაფორა და შედარება, თარგმანში არც ერთი არაა შენარჩუნებული. დედნისეული სატირა, დაძაბულობა შეცვლილია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბედს შეგუებული, საკუთარი ხვედრით კმაყოფილი ადამიანის განწყობილებით. ამ სილაღეს ხაზს უსვამს თარგმანის დედნისაგან სრულიად განსხვავებული რითმულ-მეტრული სტრუქტურაც: ემილი დიკინსონისეული არათანაბარი რიტმული მახვილები: 3. 3. 3. 4. (I სტროფი) ქართულში გათანაბრებულია და მკვეთრ ევფონიურ ჟღერადობას ქმნის, რასაც ემატება გიორგი ნიშნიანიძისთვის ჩვეული მდიდრული დაქტილური რითმა (ანაბრად - არა ვართ - დავიდარაბას), რომელიც ანაცვლებს დიკინსონის მწირ, ფორმალურ ვაჟურ რითმას.

გიორგი ნიშნიანიძის შრომა მხოლოდ იმიტომ გამოვყავით ცალკე, რომ იგი თვალსაჩინო მთარგმნელია და გარკვეულწილად დანარჩენებზე მეტ ყურადღებას იქცევს, თუმცაღა ის ნიშან-თვისებები, რომლითაც ნიშნიანიძის თარგმანის ნიმუში დავახასიათეთ, თამამად შეიძლება გავავრცელოთ როგორც ამავე მთარგმნელის მიერ შესრულებულ დიკინსონის სხვა ლექსების თარგმანებზე, ასევე - ამ პოეტის სხვა მთარგმნელთა ნამუშევრებზე.

შეგვიძლია გამოვყოთ შემთხვევათა რამდენიმე ტიპი: როდესაც მთარგმნელი გაურბის ტექსტის ადეკვატურად გადმოტანას ქართულ ენაზე და დედნის შინაარსისა და ფორმის ზოგადი მახასიათებლების ვარიაციებზე ფაქტობრივად ახალ ლექსს ქმნის:

,,This is my letter to the World,

That never wrote to Me -

The simple News that Nature told-

With tender Majesty. . . " [დიკინსონი, 2005:22].

 

,,ვუხმობ სამყაროს, დაუსაბამოს,

მე, მონატრული მისი ნუგეშის,

არ დამდებია გულზე მალამოდ,

არ ჩავუკვრივარ თბილად უბეში. . . " [დიკინსონი, 2005:23].

(მთარგმნელი  - მაია ჯიჯეიშვილი)

ანდა:

,,Crackling with fever, they Essay,

I turned by brimming eyes away,

And come next hour to look "  [დიკინსონი, 2005:155].

 

,,დამსკდარ ბაგესთან ღვინოს მიიტანს,

წუთით დავტოვებ თავის ტკივილთან -

მისი ვარამის ცქერა ძნელია" [დიკინსონი, 2005:156].

                       (მთარგმნელი _ დ. ახალაძე)

უკვე ვიმსჯელეთ და ნიმუშის მიხედვითაც განვიხილეთ შემთხვევა, როდესაც მთარგმნელი, ტრადიციული გემოვნების შესაბამისად, ძირფესვიანად ცვლის ემილი დიკინსონის პოეტიკას, თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ეხება მხოლოდ ერთ მთარგმნელს, შეგვიძლია  მოვიყვანოთ მრავალი მაგალითი, როგორ ჩაანაცვლა ამერიკელი პოეტის ექსპერიმენტები ტრადიციულმა მიმართულებამ ქართულ თარგმანებში, აი, ნიმუშიც:

,,How dreary - to be _ Somebody!

 How public - like a Frog -

To tell one's name -the livelong June -

To an admiring bog! "   [დიკინსონი, 2005:28].

 

,,ხომ დამღლელია, რომ იყო ვინმე,

ხავსებს უვარცხნო ხაო,

შენი სახელი ნასათუთევი

ამცნო ობიან ჭაობს"  [დიკინსონი, 2005:27].

(მთარგმნელი - მ. ჯიჯეიშვილი)

რომ აღარაფერი ვთქვათ ,,ნასათუთევ სახელსა" და თავისთავად მშვენიერ პოეტურ ხატზე ,,ხავსებს უვარცხნო ხაო", რომელთაც არაფერი აქვთ საერთო დედნისეულ საპირწონეებთან და ვერც ლოგიკით იმპლიცირებულ ჩანართებად შევაფასებთ, ამ სტროფში გვხვდება კიდევ ერთი სინტაგმა -,,ამცნო ობიან ჭაობს";          

იგივე სინტაგმა ლელა სამნიაშვილს ასე გადმოაქვს:

,,და ბაყაყივით -შენი სახელი -

ყიყინით მოსდო სანუკვარ ჭაობს" [დიკინსონი, 2005:29].

ახლა ვნახოთ დალი ინწკირველის ნამუშევარი:

,,... და აღტაცებას გამოსტყუებ

ჭაობის ვირთხას[დიკინსონი, 2005:29].

რატომ გამოიწვია აზრთა ასეთი სხვადასხვაობა დედნისეულმა სიტყვათშეთანხმებამ ,,admiring bog"?  საქმე ისაა, რომ ,,ჭაობი, რომელიც გაღმერთებს/ტაშს გიკრავს," მეტად არაორდინალური ხატი აღმოჩნდა ქართული ცნობიერებისთვის. ქართულ სინამდვილეში ,,ჭაობი" მეტაფორულად ასოცირდება ,,ვერაგთან", ,,ჩამთრევთან", მაგრამ არავითარ შემთხვევაში მასთან, რაც გაღიარებს და შენით აღფრთოვანებულია. ამიტომ მთარგმნელები, შეიძლება ასეც ვთქვათ, არ ენდნენ ფრაზის პირველ, თვალშისაცემ მნიშვნელობას და სინტაგმის სხვაგვარი ინტერპრეტირება სცადეს. ისეთი კომპეტენტური მთარგმნელიც კი, როგორიც ლელა სამნიაშვილია, ამ ფრაზამ ელემენტარულ შეცდომამდე მიიყვანა. მას ერთმანეთში აერია ,,admiring" - ,,აღტაცებული", ,,მოთაყვანე" და მისი პასიური ფორმა ,, admirable" - ,,სანუკვარი", ,,სათაყვანო"; მ. ჯიჯეიშვილმა უპირატესობა მიანიჭა ფორმას ,,ობიანი ჭაობი", ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეცნობიერებაში ,,ჭაობი" ნესტსა და ობთანაა დაკავშირებული და,  მეორეც, ალბათ, იმიტომ, რომ ,,ობიანი ჭაობი" ალიტერაციაა და კეთილხმოვანია. რაც შეეხება თარგმანს ,,ჭაობის ვირთხა", ეს თავისუფალი ასოციაციური აზროვნების გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ.

ზეინაბ სარაძემ ემილი დიკინსონის თარგმნას ხელი მას შემდეგ მოჰკიდა, რაც ,,დიოგენეს" მიერ გამოცემულ ორენოვან კრებულს გაეცნო და ჩათვალა, რომ ვერც ერთმა მთარგმნელმა ვერ გაართვა თავი დასახულ მიზანს, როგორც ჩანს, მისი მთარგმნელობითი პრინციპი დედნის უაღრეს ერთგულებას გულისხმობს და ორიგინალისაგან თარგმანის დისტანცირების ყოველგვარ გამოვლინებას უარყოფს. მისი თარგმანები შინაარსის თვალსაზრისით ზუსტად ისევე მისდევს ინგლისურ ლექსებს, როგორც პწკარედული თარგმანი. შენარჩუნებულია არაზუსტი რითმა, არათანაბარი რიტმი, არეული პუნქტუაცია, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ზეინაბ სარაძე ნამდვილად არ განიცდის ქართული ტრადიციული პოეტიკის გავლენას, მაქსიმალურად არიდებს თავს ყოველგვარ დამკვიდრებულ შაბლონს და ზედმიწევნით იცავს მინიმალიზმის მოთხოვნებს. ვნახოთ, როგორი წარმატება მოუტანა მას ამგვარმა მიდგომამ:

This is my letter to the world,

That never wrote to me,--

The simple news that Nature told,

With tender majesty.

Her message is committed

To hands I cannot see;

For love of her, sweet countrymen,

Judge tenderly of me!  [დიკინსონი, 2005:22].

 

თარგმანი:

,,ვუგზავნი სამყაროს წერილს  -

თავად ის არ მწერს  -

ვაცნობებ ქალბატონ ბუნების

უბრალო ახალ ამბებს.

 

უხილავ ხელებს

წერილი უკავია ამ წამს.

ერთსა ვთხოვ ადრესატს  -

ნუ განმსჯის მკაცრად [ლიტერატურული . . .  2010:67]

ზეინაბ სარაძის არჩევანი ლექსის ყველა კომპონენტის მიზანმიმართული სიმპლიფიკაციაა, სავარაუდოდ, სხვა მთარგმნელებისთვის დამახასიათებელი ჰიპერბოლიზებული ტროპიზმის საპირისპიროდ. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ტენდენციას ტექსტის მეტისმეტ ერთგულებასთან ვერ გავაიგივებთ, ვინაიდან დედანი სულაც არ არის ისეთი მინიმალისტური, როგორც ეს თარგმანს სურს წარმოგვიდგინოს, ვერსიაში დაკარგულია ორიგინალის მხატვრული სახეები: საკმაოდ პათეტიკური ეპითეტი ,,tender Majesty" - ,,ნაზი დიდებულება" - საერთოდ ამოღებულია ისევე, როგორც მაღალფარდოვანი მიმართვა ,,sweet countrymen" - ,,ძვირფასო მოყვასნო". იგი შეცვლილია მშრალი და ოფიციალური კონოტაციის მქონე  სიტყვით ,,ადრესატი". მიზანმიმართულად შეცვლილია დედნისეული ინტონაციაც: აბსოლუტურად ყველა რთული წინადადება თარგმანში მარტივადაა ქცეული. საინტერესოა მთარგმნელის მცდელობა, ქართულ სინამდვილეში შემოიტანოს ე.წ.  ,,ირიბი" რითმა: ,,არ მწერს  - ამბებს"; ,,ამ წამს  - მკაცრად".  თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ, ჯერ ერთი, ეს ლექსი ორიგინალში კონვენციურია და მეორეც: ინგლისურ ენაში არაზუსტი რითმის მეტ მხატვრულ გამომსახველობას განაპირობებს მახვილი, რომლის საშუალებითაც ლექსის მუსიკალურობა მაინც შენარჩუნებულია. რაც შეეხება ქართულ ენას, მახვილის პასიური როლის გამო აქ ევფონიური ჟღერადობის  შესანარჩუნებლად ძირითადი აქცენტი რითმაზეა გადატანილი, ამიტომ სარაძისეული ,,ირიბი" რითმები ვერ ქმნიან დიკინსონის ლექსების ეკვივალენტურ ესთეტიკურ ღირებულებას.

შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მთარგმნელის მხრიდან თუნდაც მინიმალისტური და სადა პოეტიკის მქონე შემოქმედის პოეზიის ზომაზე მეტად გაუბრალოება და გამარტივება ისეთივე არაადეკვატურ თარგმანს გვაძლევს შედეგად, როგორსაც ტროპული სახეების ჰიპერბოლიზება და თარგმანის სხვადასხვა პოეტური სამკაულით გადატვირთვა.

ჩემი აზრით, დიკინსონის მთარგმნელთაგან ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სწორი სტრატეგია ლელა სამნიაშვილს აქვს შერჩეული. თუმცა, მისი ვერსიები ადეკვატური თარგმანისათვის წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს სრულად ვერ უპასუხებენ,  მაგრამ რის გამოც მათ სხვა მთარგმნელთა ნამუშევრებთან შედარებით უპირატესობა შეიძლება მივანიჭოთ არის, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ მთარგმნელს გარკვეული სუბორდინაცია აქვს მოძებნილი: იგი არასოდეს შორდება მკვეთრად დედნისეულ შინაარსს. მართალია, ზუსტ რითმებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მისი თარგმანები დიკინსონის ლექსების მსგავსად არასოდეს არის ძალიან მელოდიური და დინამიკური; ლელა სამნიაშვილი ზუსტად აღადგენს დეფისების გამოყენების ავტორისეულ ფუნქციას და მათ ძირითადად ცალკეულ სიტყვათა ემპათიზაციისთვის იყენებს:

,,მოსაწყენია  - იყო ვიღაცა -

სხვა ყველას მსგავსი  - ვინც ცხოვრობს,

                                დაობს!

და ბაყაყივით  - შენი სახელი  -

ყიყინით მოსდო სანუკვარ ჭაობს!"  [დიკინსონი, 2005:29].

 

ანდა:

,,ცა დაბლაა. ღრუბლებია პირქუში

და მღელვარედ სივრცეში რომ ტრიალებს -

ბეღლის გასწვრივ თუ ღრმა თხრილში დაცემას -

ფიქრობს - თოვლის ფიფქი - მოხეტიალე[დიკინსონი, 2005:33].

ის კომპონენტი, რომელიც ყველაზე მეტად აჩენს ლელა სამნიაშვილის თარგმანების ორიგინალთან მსგავსების შეგრძნებას, არის დიკინსონისთვის დამახასიათებელი ის მეტრული გრამატიკა, რომლის კომპენსირებაც მთარგმნელმა მეტ-ნაკლებად მოახერხა. თუმცა, ქართული პოეტიკისათვის მახვილზე ყურადღების გადატანა საკმაოდ უჩვეულოა, ამ კომპონენტის შენარჩუნება, ასე თუ ისე, შეუძლებელი მაინც არ აღმოჩნდა და დიკინსონისეული ძახილ-გამოძახილის ეფექტი რიგ შემთხვევაში თარგმანში გადმოიცა:

,,მე მიყვარს ფერი აგონიისა,

ვიცი, ის არის სუფთა -

კაცი ტანჯვას ვერ გამოიგონებს -

რაც ბინდად ჩაუგუბდა

ორივე თვალში. . . "  [დიკინსონი, 2005:145].

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველი მთარგმნელები სხვადასხვა მთარგმნელობითი მეთოდის გამოყენებით ცდილობენ, გასაღები მოარგონ დიკინსონის პოეტურ სტილს და თუ საუკეთესო შედეგი ამ თვალსაზრისით ჯერ არ ჩანს, აშკარაა, რომ ეს ინტერესი, ადრე თუ გვიან, წარმატებამდე მიიყვანს მათ, მითუმეტეს, რომ ლელა სამნიაშვილის მიერ უკვე სწორი ვექტორებია შერჩეული.

თუკი ივ ბონეფუას მოსაზრებას მოვიშველიებთ, რომ ლექსის წარმატებულად  თარგმნის ერთადერთი წინაპირობა ავტორისა და მთარგმნელის შემოქმედებითი სამყაროების სიახლოვეა [Bonnefoy, 1992:186], მაშინ არ არის გასაკვირი, რომ ლელა სამნიაშვილმა ყველა სხვა მთარგმნელზე უკეთ გაართვა თავი ამოცანას, ემილი დიკინსონის პოეზიისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნები საკუთარ პრიზმაში გადაეტეხა და ასე მიეწოდებინა ქართველი მკითხველისათვის. მათი ტანდემი მაშინ შედგა, როდესაც ლელა სამნიაშვილი, რომელიც დღეს თანამედროვე ქართულ პოეზიაში ანგარიშგასაწევი ფიგურაა, ის-ის იყო ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებდა. თუკი ამ ორი შემოქმედის ინდივიდუალურ სტილებს შორის პარალელს გავავლებთ, ვნახავთ, რომ ის შთაბეჭდილება, რომელიც ემილი დიკინსონმა მოახდინა თავის ახალგაზრდა ქართველ მთარგმნელზე, შემდეგში ლელა სამნიაშვილის პოეზიის ინდივიდუალურ მახასიათებლად იქცა და აქედან გამომდინარე, უფრო ორგანული გახდა ქართული პოეზიისთვის.  მაგალითად:

,,შენი ცა, მგონი, შენს ჭაობზე უსიერია.

და ეს დუმფარაც ალბათ ციდან დააგდე წყალზე

და სიღრმისაკენ ჩააყოლე ფესვები ბასრი.

არ ვიცი, როგორ გაიმეტე. ან იქნებ ასე -

აუნთე ჭაობს ერთადერთი ბრდღვიალა ჭაღი.

ის - არც კი ამჩნევს ამ სიბნელეს. და ალბათ არ ღირს

არც ჩემგან -  ასეთ საყვედურებს -  ფოთლების სიბრტყეს

ვაწერდე -  შენთვის, რომ დახედო. არც ერთი სიტყვა -

ჰაერის ბუშტი -  ბაყაყების სლიპინა ენებს

არ ასცდენია."  [სამნიაშვილი, 2010:75]

აქ საინტერესოა   ჭაობის თემატიკა. ჭაობი  ადამიანთა უზნეო და მერკანტილური ფუსფუსის მეტაფორაა და მისი მკვიდრი ბაყაყი კი -  რიგითი ობივატელი, რომლისთვისაც სხვების განკითხვა დიდი სიამოვნებაა (შეადარეთ ემილი დიკინსონისეული მეტაფორა: ბაყაყი, რომელიც ცდილობს თავი მოაწონოს ჭაობს). ნარატივის ფორმაა მსჯელობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძებნა; ლექსს ახასიათებს წყვეტილი, თითქოს ყოყმანით სავსე აზროვნება, ემოციათა რაციონალური გააზრების მცდელობა; ფორმის თვალსაზრისით საინტერესოა, რომ  ლექსის ევფონიური ჩონჩხი აგებულია სტრიქონებში მარცვლების რიტმულ მონაცვლეობაზე (ქართული ლიტერატურული გამოცდილებისათვის ამგვარი რიტმი აშკარად უცხოა). ძირითადად სწორედ ყოველივე ეს ქმნის   ლექსის თავშეკავებულ მუსიკას, ხოლო რითმას, ტრადიციულად ყველაზე ჟღერად ელემენტს ქართულ ლექსში, ამჯერად მინიმალური ფუნქცია აკისრია ისევე, როგორც ემილი დიკინსონის შემოქმედებისთვისაა ეს დამახასიათებელი. გარდა ამისა, ლექსში რითმები არაზუსტია: ,,ბასრი - ასე", ,,წყალზე - ჭაღი", ,,სიბრტყე - სიტყვას" და ძალიან მოგვაგონებს ამერიკელი პოეტი ქალის სტილს, რომ არაფერი ვთქვათ პუნქტუაციაზე. ლელა სამნიაშვილის ამ სტროფების (და, რასაკვირველია, არა მხოლოდ ამ სტროფების) მიხედვით აშკარად ჩანს, რომ დეფისები (ქართული პუნქტუაციისათვის არცთუ ძირეული და მნიშვნელოვანი სასვენი ნიშანი) პოეტის შემოქმედების მკვეთრად გამოხატული სტილური მახასიათებელია, თანაც მის ლექსებში დეფისს აქვს ზუსტად იგივე მხატვრული ფუნქცია, რაც ემილი დიკინსონისათვისაა ნიშანდობლივი. დეფისით გამოხატავს აზრის მდინარების წყვეტილობას, რასაც პოეტის გონებაში მიმდინარე შინაგანი ბრძოლა განაპირობებს ან გამოიყენება ცალკეულ სიტყვებსა და ფრაზებზე აქცენტის გადატანის ფუნქციით. აღსანიშნავია, რომ ლელა სამნიაშვილისთვის იმდენად ორგანული გახდა საკუთარი პოეტური სათქმელის გამოხატვისას დეფისის გამოყენება, რომ მას არა მხოლოდ პოეტის ორიგინალურ შემოქმედებაში ვხვდებით, არამედ მის მიერ ნათარგმნ სხვა პოეტთა ლექსებშიც დეფისების სიუხვე აშკარად შესამჩნევია:

,,მე დავიღალე ამ ყველაფრით და სიკვდილს ველტვი,

რომ არ ვუმზერდე -ღირსება რომ მათხოვრად იშვა, -

არარაობა როცა ზეობს და ამის მეტი

რაც გიერთგულებს, - ყოველივე -ღალატის ნიშნად. . ." [შექსპირი, 2012:15].

                       (თარგმნა ლელა სამნიაშვილმა )

როგორც ვხედავთ, რბილად რომ ვთქვათ, თვალსაჩინოა, რომ ლელა სამნიაშვილის პოეზიის ზოგადი ინდივიდუალური მახასიათებლები ემილი დიკინსონის სტილის ალუზიას ქმნის. ასე მოიკიდა ფეხი ქართულ ლიტერატურაში იმ ნოვაციებმა, რომლებმაც ერთ დროს შეძრა ამერიკის შეერთებული შტატები. თავისთავად ღირსშესანიშნავი ფაქტია, რომ ქართულ პოეზიაში ემილი დიკინსონის სტილის პორტრეტირება თვალსაჩინო შემოქმედის მიერ ხდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართველი პოეტი, რომლის შემოქმედებაშიც ემილი დიკინსონის პოეზიის რემინისცენციებს ვხვდებით, ზვიად რატიანია, თუმცა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევისაგან განსხვავებით, აქ ვხვდებით არა პოეტის ინდივიდუალური სტილის იმპორტის [გაფრინდაშვილი, 2012:176] ნიშნებს, არამედ მოვლენას, როდესაც ერთი პოეტი გააზრებულად აღიარებს თავს მეორის მემკვიდრედ.

ზვიად რატიანი ღრმად და საფუძვლიანად იცნობს ამერიკულ პოეზიას. მან არაერთი ამერიკელი პოეტი თარგმნა. მათ შორის აღსანიშნავია ტომას სტრენზ ელიოტის ოთხი პოემა და არაერთი კრიტიკული წერილი თუ ესე, რომლებიც ამერიკული პოეზიის საკითხებს ეძღვნება. სხვათა შორის, ზვიად რატიანი არის პოეტი, რომელმაც პირველად შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში ამერიკულ პოეზიაში უკვე დამკვიდრებული არაერთი თემატური, ტროპული თუ სტრუქტურული კომპონენტი. იგი თვითონ უწოდებს თავს „გავლენებისაგან შემდგარ" პოეტს:  ,,ვერ გეტყვი, რომ რომელიმე კონკრეტულ პოეტს ვბაძავ, მაგრამ ძალიან ხშირად არის ჩემში ამა თუ იმ ტიპის პოეზიის იმიტირების მომენტები. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოეტები ახდენდნენ ამ ზეგავლენას[კოდალაშვილი. www.lib.ge]. ზვიად რატიანის ცნობილი ლექსის ,,წერილი საიდუმლო დედას" ანალიზი გვაფიქრებინებს, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ლექსის ადრესატი, ,,საიდუმლო დედა," ემილი დიკინსონთან ასოცირდება.

უპირველეს ყოვლისა, ლექსში პოეზიის აბსტრაქტული ცნება პერსონიფიცირებულია მდედრობითი სქესის არსებასთან, დედასთან, რომელთანაც პოეტი პოულობს თავშესაფარს, მაგრამ, ამავდროულად, იგი მუდამ მიუწვდომელი რჩება ლექსის ლირიკული გმირისთვის. პოეზიის განზოგადებული ცნების ქალად სუბლიმირება მკითხველს უღვიძებს შინაგანი ლოგიკით ინსპირირებულ განცდას, რომ იგი დაკავშირებული უნდა იყოს რომელიმე დიდი პოეტის ქალის სახესთან; იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება ეს პოეტი ქალი დიკინსონი იყოს, აღვიძებს ის, რომ ლექსს ეპიგრაფად უძღვის დიკინსონის სტრიქონები:

,,This is my letter to the world,

That never wrote to me,--

The simple news. . ."  [რატიანი, 2009:74].

გარდა ამისა, ლექსის სტრუქტურა აშკარად აჩენს დიკინსონის პოეტური სტილის ალუზიას: ხშირადაა გამოყენებული ამერიკელი პოეტის ქალის ნარატივისთვის დამახასიათებელი შეკითხვების ფორმა, რომელსაც შემდეგ მივყავართ მსჯელობის განვითარებისაკენ:

,,რატომ გიყვები ამ ყველაფერს? რატომ ჩავთვალე,

რომ ის ხარ, ვისაც ყველაფერი უნდა გავანდო?

რაც უფრო ვტყუი,  შენ მით უფრო რად ხარ მართალი?

ან რატომ ვცდილობ, წარმოსახვა დავიავადო

შენით, რომელიც თუ არსებობ, მისით არსებობ,

ამ წარმოსახვით. .. " [რატიანი, 2009:78].

ასევე თვალშისაცემია არათანაბარი სტრიქონები, რომლებიც თითქოს არღვევენ რიტმს, აცრუებენ მკითხველის მოლოდინს, რომელმაც იცის, რომ აქ მარცვალთა რაოდენობა აშკარად მეტი უნდა იყოს; გარდა ამისა, ზვიად რატიანი ამ ლექსში ძალიან ხშირად იყენებს ანჟამბემანს. ორივე ეს ხერხი ემილი დიკინსონის პოეზიის მკვეთრად დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშანია:

,,რაც ლამაზია, ყველაფერი არ იკოცნება.

შესაბამისად მეც მრჩება შანსი

გავხდე მორწმუნე. თუნდაც მხოლოდ ლექსის ფარგლებში" [რატიანი, 2009:74].

გარდა ამისა, ლექსის საკვანძო ტაეპი ,,შენ იცი, ვინც ხარ. მე არ ვიცი. . ." მკითხველს აშკარად უქმნის ასოციაციას, რომ პასუხია ემილი დიკინსონის საყოველთაოდ ცნობილი ფრაზისა: ,I'm nobody.Who are you?" (მე ვარ არავინ. შენ ვინ ხარ?), რაც ბადებს ვარაუდს, რომ ეს მიმართვაა პოეტისა, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარ ადგილსა და ხმას ეძებს პოეზიაში, პოეტისადმი, რომელმაც უკვე თავი დაიმკვიდრა და პოეზიის ერთგვარ სიმბოლოდ, როგორც უწოდებენ ,,პოეზიის მონაზვნად" იქცა.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ემილი დიკინსონის შემოქმედებამ ქართულ ლიტერატურაში შეძლო საკუთარი ადგილის დამკვიდრება. იშვიათია შემთხვევა ჩვენი მთარგმნელობითი ისტორიის განმავლობაში, როდესაც ერთი პოეტით ამდენი მთარგმნელი ინტერესდება. ეს ფაქტი აშკარად მიგვითითებს, რომ ამერიკელ პოეტ ქალს ჩვენს ქვეყანაში მიიჩნევენ იმ შემოქმედად, რომლის ესთეტიკის ტრანსფერიც ქართულ კულტურას, პოეზიასა და აზროვნებას გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს.

ორი ნიჭიერი თანამედროვე ქართველი პოეტის შემოქმედებაში დიკინსონის არეკვლის დიაპაზონის კვლევამ გვიჩვენა, რომ  ლელა სამნიაშვილის, დიკინსონის მთარგმნელის, შემთხვევაში საქმე გვაქვს  ემილი დიკინსონის ინდივიდუალური სტილის პორტრეტირებასთან, ხოლო, რაც შეეხება  ზვიად რატიანს, მართალია, იგი უშუალოდ დიკინსონის მთარგმნელი არ არის, მაგრამ ამერიკულ ლიტერატურაში კარგად გაცნობიერებული პოეტია და  ახდენს დიკინსონის, როგორც შემოქმედისა და როგორც კულტის, რემინისცენციას თავის შემოქმედებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დიდი ამერიკელი პოეტი ქალი, ემილი დიკინსონი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ქართული ლიტერატურისათვის მეტად საინტერესო და აქტუალურ ფიგურად და თარგმანისა თუ ლიტერატურული ტრანსფერის სხვა გზებით ჩაერთვება ქართულ სალიტერატურო ცხოვრებაში.  

ლიტერატურა

გაფრინდაშვილი ნ.
2012
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები, თბილისი.
დიკინსონი ე.
2005
რჩეული ლირიკა. თბილისი.
კოდალაშვილი ლ.
გავლენებისაგან შემდგარი პოეტი ზვიად რატიანი სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით არც თუ ისე გაკვალულ პოეზიის ბილიკებზე. http://lib.ge/book.php?author=329&book=5724
ლიტერატურული...
2010
ლიტერატურული პალიტრა, #9.
რატიანი ზ.
2009
ნეგატივი. თბილისი.
ლიტერატურული. . .
2010
ლიტერატურული პალიტრა. აგვისტო. თბილისი.
ფანჯიკიძე დ.
1999
ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები. თბილისი.
შექსპირი უ.
2012
სამოცდამეექვსე სონეტი. ერთი შედევრის თერთმეტი ქართული თარგმანი. თბილისი.
Dillon E.
2004
The Gender of Freedom. Stanford, California.
Yves Bonnefoy
1992
Theories of Translation:An Anthology of Essays from Dryden to Derrida. Chicago and London: The University of Chicago Press.
სამნიაშვილი ლ.
2009
ფრაქტალები. თბილისი.