ილია ჭავჭავაძის ერთი ლექსის ეპიგრაფის შესახებ
როგორც მიუთითებენ, ,,ილია ჭავჭავაძე, პირველ ყოვლისა, იყო დიდი ინტელექტი და დიდი ანალიტიკური ტალანტი, მრავალი ხელოვანისაგან განსხვავებით იგი არ ეძლეოდა ბუნდოვან განცდათა დინებას და არ მოქმედებდა გარემოსაგან მიღებული პირველი შთაბეჭდილების კარნახით, მას დიდი გული ჰქონდა, მაგრამ თავის გრძნობებს გონებას უქვემდებარებდა, ამით აზოგადებდა მათს შინაარსს და მთელი ერის მისწრაფებათა შეგნებულ გამომხატველად გამოდიოდა” [კიკნაძე, 1978 : 251].
ილია ჭავჭავაძეს როგორც ხელოვანს, პოეტს ჰქონდა მყარი თვალსაზრისი, თავისი ეროვნული კონცეფცია. სწორედ ამ თვალსაზრისის გრძნობათა ენაზე, მხატვრულ მასალაში გამოხატვა და საზოგადოებისათვის გადაცემა იყო მისი უპირველესი მიზანი.
საზოგადოების სწორ გზაზე დაყენებისათვის, მისთვის სათანადო განწყობილების შექმნისათვის, თხზულებათა მიზანდასახულების, იდეური ჩანაფიქრის სწორად გაგებისათვის მწერალი ბევრ საშუალებას მიმართავდა და სხვა საშუალებათა გვერდით ი. ჭავჭავაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ეპიგრაფს. ეპიგრაფის შერჩევას ილია ყურადღებით ეპყრობოდა, ბევრს ფიქრობდა, რა ეპიგრაფი მიესადაგებინა ამა თუ იმ თხზულებისათვის. ხშირად ცვლიდა ეპიგრაფს, ირჩევდა რა უფრო ზუსტს, გამომსახველს. ასე მოიქცა პოეტი, მაგალითად, ლექსის ,,ნანას” ეპიგრაფზე მუშაოებისას, პოემა ,,აჩრდილის” ეპიგრაფის შერჩევისას და ა.შ.
თავის თხზულებათა ეპიგრაფებად ილია ჭავჭავაძე იყენებდა ძალიან მნიშვნელოვან წყაროებს _ ბიბლიას, ხალხურ სიბრძნეს, საყოველთაოდ აღიარებულ ავტორთა, დიდ ავტორიტეტთა გამონათქვამებს, ციტატებს მათი თხზულებებიდან _ კერძოდ, რუსთველის, სულხან-საბა ორბელიანის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ბ. ბელინსკის, გ. ლაიბნიცისა და სხვათა ციტატებს.
ჩვეულებრივ, ილია ჭავჭავაძე მიუთითებს, თუ საიდან ან ვისგან აიღო ესა თუ ის გამონათქვამი თუ შეგონება. ლირიკული ლექსების შემთხვევაში ეს პრინციპი არ არის დაცული მხოლოდ ერთხელ. საქმე ეხება ილია ჭავჭავაძის ცნობილ ლექსს ,,მუშა”, რომელშიც თავისი დროისათვის სრულიად უჩვეულო, ლირიკული პოეზიისათვის ახალი თემაა წარმოჩენილი. როგორც ირკვევა, ამ ლექსის ეპიგრაფზეც ბევრი იფიქრა ავტორმა. ადრეულ ვარიანტს საერთოდ არა აქვს არავითარი ეპიგრაფი წამძღვარებული. მომდევნო ვარიანტში უკვე ჩნდება ეპიგრაფი. იგი თვით პოეტის მიერაა შექმნილი და იმაზე მიუთითებს, თუ როგორი მტანჯველი გრძნობა დაეუფლება კაცს, როცა ხედავს, რომ ღვთის სახედ შექმნილი ადამიანი უსამართლოდ იღუპება. ილია ჭავჭავაძე არ დააკმაყოფილა ამ ეპიგრაფმა, მასზე ხელი აიღო და საბოლოოდ შეარჩია ორი ტაეპი ერთი რუსული ლექსიდან: ,,В труде проходит жизнь его, и не приносит ничего”. ილია არ მიუთითებს ციტატის ავტორს.
შეიძლებოდა, ერთი შეხედვით, კაცს ეფიქრა, რახან წყაროს არ უთითებს ი. ჭავჭავაძე, ეპიგრაფიც პოეტის შექმნილიაო. ასეთი ვარაუდი კიდეც გამოითქვა, ოღონდ მოგვიანებით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სოლიდური გამოცემების რედაქტორმა და კომენტარების ავტორმა, დიდმა მეცნიერმა, პავლე ინგოროყვამ, მიუთითა, რომ ,,ილიას ლექსს ,,მუშას” უძღვის ეპიგრაფი ნეკრასოვიდან” [ჭავჭავაძე, 1951: L11].
ეს აზრი შემდეგ ბევრმა ავტორმა გაიმეორა.
ჩვენ ვეძიეთ ნ. ნეკრასოვის თხზულებებში, მაგრამ ასეთი სტრიქონები ვერ აღმოვაჩინეთ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ბოლო გამოცემის აკადემიური ოცტომეულის I ტომის კომენტარებში მკვლევარმა რუსუდან კუსრაშვილმა მიუთითა: ,,ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ,,მუშას“ ეპიგრაფად გამოყენებული სტრიქონები გამოჩენილ რუს პოეტს ნ. ნეკრასოვს (1821-1878) ეკუთვნის“. მაგრამ, კომენტატორმა აქვე კეთილსინდისიერად მიუთითა: ,,ზუსტი წყარო არ არის დადგენილი“ [ჭავჭავაძე, 1987: 374].
როგორც ბოლო დროს გამოვარკვიეთ[1], ი. ჭავჭავაძის მიერ ეპიგრაფად გამოყენებული სტრიქონები ნ. ნეკრასოვს არ ეკუთვნის. ისინი ამოღებულია ცნობილი რუსი პოეტისა და პუბლიცისტის, რევოლუციონერ-დემოკრატის, ნიკოლოზ ოგარიოვის (1813-1877) აკრძალული ლექსიდან ,,რუსეთის იმპერია“. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ოგარიოვმა თავისი ცხოვრების ერთი ნაწილი ციხეში გაატარა, შემდეგ პენზაში გადაასახლეს. ბოლოს კი ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა ინგლისში, მეგობრობდა გერცენთან. აქტიურად მოღვაწეობდა ,,კოლოკოლში“. ბუნებრივია, ილია ჭავჭავაძე აკრძალული ლექსის ავტორს ვერ მიუთითებდა.
საქმე ისაა, რომ ამ ლექსს ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ნ. ოგარიოვის თხზულებათა ვერცერთ გამოცემაში. დახმარებისათვის მივმართეთ რუსული ლიტერატურის ცნობილ სპეციალისტს პროფესორ ნოდარ ფორაქიშვილს. ვერც მან მიაკვლია ამ ლექსს ნ. ოგარიოვის თხზულებათა გამოცემებში. ჩანს, რუსეთში ახლაც აკრძალულია იგი.
ეს ლექსი პარიზში ნ. ოგარიოვის სხვა აკრძალულ ოთხმოც ლექსთან ერთად გამოუცია ვ. სიდორაცკის თავის გამომცემლობაში (სამწუხაროდ, წელი არ არის მითითებული). როგორც ჩანს, ლექსი ,,რუსეთის იმპერია“ ერთი უმნიშვნელოვანესია ნ. ოგარიოვის აკრძალულ ლექსებს შორის.
ასეთი საინტერესო ისტორიის გამოც აქ საჭიროდ ჩავთვალეთ ლექსის სრულად წარმოდგენა, რათა ნათლად ვიგრძნოთ დიდი ილიას ინტერესი ამ ლექსისა და, საერთოდ, ნ. ოგარიოვისადმი:
Под диким гнётом изнывая,
Томится русская земля:
Безгласны люди от Китая
До стен недвижного Кремля!
Живут и мрут среди смиренья
В молчаньи вялом поколенья.
Молчит запуганный мужик
Под гнётом маленьких владык!
Его чиновник грабит смело!
В труде проходит жизнь его
И не приносит ничего!
Проходит тускло… После тело
Кладут, как ветошь, в тёмный гроб.
Над ним бормочет пьяный поп
Да бабы вопят… Жизнь бесцветна,
Безрадостна и неприветна,
Смерть равнодушна и дика,
Хоть скорбь на сердце велика.
Но тот из нас, кому наука
Раздвинула границы дум,
На привязи свой держит ум,
Снедаем праздностью и скукой.
Кругом отпетые глупцы,
Рабы, шпионы-подлецы,
Попы, канальи голубые,
Воров несметные полки,
Да меры строгости тупые,
Да тюрьмы, ссылки и штыки!
А чья-то воля будто правит
И сверху вниз всё нагло давит.
Тут тесно, тяжело дышать,
И хочется бежать, бежать,
Куда-нибудь уйти скорее
От этой жизни, пытки злее,
Из этой грязи вековой,
От этой родины «святой»! [Огарёв]
( იტანჯება რა რუსეთის მიწა
საზარელი უღლის ქვეშ, სული უღონდება,
უტყვი ხალხი ჩინეთიდან
უძრავ კრემლის კედლებამდე
ცხოვრობენ და კვდებიან მორჩილად
უსიხარულოდ და მდუმარედ თაობები.
დუმს შეშინებული გლეხკაცი
პატარა მბრძანებლის კირთებქვეშ.
მას ჩინოვნიკი ძარცვავს უსირცხვილოდ
შრომაში მიდის მისი ცხოვრება
და არაფერი არ მოაქვს[2],
მიდის უღიმღამოდ, მერე მის სხეულს
ჩააგდებენ, როგორც ძველმანს, ბნელ კუბოში.
თავს ადგას მთვრალი მღვდელი და ლუღლუღებს,
დედაკაცები მოთქვამენ, ცხოვრება კი უფერულია,
უსიხარულო და ცივი.
თუმცა გულში წუხილი დიდია,
სიკვდილი გულგრილია და უაზრო,
მას, ვისაც მეცნიერებამ გაუდიდა გონების საზღვრები,
მოთოკილი აქვს თავისი ფიქრები,
გამოხრული უსაქმურობისა და მოწყენილობისაგან.
ირგვლივ ხელიდან წასული ბრიყვები,
მონები, ჯაშუშ-არამზადები, მღვდლები, გაიძვერები.
ქურდების უთვალავი ლეგიონი
და კიდევ სისასტიკის უაზრო ზომები,
ციხეები, გადასახლებები და ხიშტები,
თითქოს ვიღაცის ნება მართავს
და ზემოდან ქვემოთY ყველაფერს უტიფრად გუდავს.
აქ სივიწროვეა, სუნთქვა გეკვრის,
და გინდა გაიქცეს, გაიქცე სადღაც, ჩქარა გაეცალო
ამ ყოფას, წამებაზე უფრო ავს, ამ საუკუნო ტალახს,
ამ ,,წმინდა“ სამშობლოს!)[3].
საგანგებოდ აღსანიშნავი აქ ისიცაა, რომ ილია ჭავჭავაძე არა მარტო შესანიშნავად იცნობს რუსულ პოეზიას, თვით აკრძალულ თხზულებებსაც კი და მოხერხებულად იყენებს მათ საჭიროების შემთხვევაში, არამედ ხელსაც უწყობს ინტერესის გაღვივებას იმისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მწარე სიმართლის გამო აკრძალულიც.
[1] მადლობას მოვახსენებთ ახალგაზრდა მკვლევარს, ირაკლი მინაშვილს, რომელიც დაგვეხმარა ინფორმაციის მოძიებაში.
[2] ხაზგასმული სტრიქონები წარმოადგენს ილიას ლექსის ეპიგრაფს.
[3] პწკარედული თარგმანი სტატიის ავტორისაა.
ლიტერატურა
კიკნაძე გ. 1978 |
ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, თბილისი |
ჭავჭავაძე ი. 1951 |
თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. 1. თბილისი |
ჭავჭავაძე ი. 1987 |
თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. 1. თბილისი |
Огарёв H. 2014 |
Российская империя http://www.poesis.ru/poeti-poezia/ogarev/frm_vers.htm (Web-site accessed 7 March 2014) |