სიტყვაწარმოების ადგილისათვის ლინგვისტიკაში ქართული და გერმანულენოვანი საენათმეცნიერო ლიტერატურის მიხედვით

თანამედროვე ლინგვისტიკაში ტერმინს „სიტყვაწარმოება“ ორი მნიშვნელობით იყენებენ. არსებობს სიტყვაწარმოების განმარტება ამ ცნების ვიწრო გაგებით:    „სიტყვაწარმოება არის სიტყვების წარმოქმნა არსებული ენობრივი მასალის საფუძველზე და მისი დახმარებით“ [Fleischer ... 1995:5]. ამ შემთხვევაში იგი განიხილება, როგორც რომელიმე სამეცნიერო დისციპლინის − ლექსიკოლოგიის ან გრამატიკის (მორფოლოგიის, სინტაქსის) შემადგენელი ნაწილი, რომელიც „შეისწავლის სიტყვების აგების ტექნიკას“ [ტუსკია, 2004:3]. ქართველი ლინგვისტები, მაგალითად, ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე სიტყვაწარმოებას ძირითადად მორფოლოგიაში აერთიანებენ, თუმცა, მათი მეორე ნაწილი, მაგალითად, არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია, თ. ზურაბიშვილი, რ. გაბეჩავა და სხვ. მას ლექსიკოლოგიის შემადგენლობაში მოიაზრებენ. ამ მოსაზრებებს მომხრეები უცხოელ ლინგვისტთა შორისაც ჰყავს. სიტყვაწარმოებას გრამატიკის შემადგენელ ნაწილად თვლიან ჰ. პაული, ბ. ნაუმანი, ო. ბეჰაგელი, ი. ერბენი, კ. ბრინკმანი, ხოლო მას ლექსიკოლოგიას მიაკუთვნებენ ვ. შმიდტი, ვ. მოჩი და სხვა ლექსიკოლოგები. არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, შუალედური მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც სიტყვაწარმოება იკვლევს „ახალი სიტყვების წარმოებას, წესებს, რომელთა მეშვეობითაც ეს სიტყვები იწარმოებიან და აღწერს განსაზღვრულ ნიმუშებსა და მოდელებს. ამგვარად, ეს სფერო სხვა დისციპლინებს შორის დგას, ერთი მხრივ, სინტაქსსა და, მეორე მხრივ, მორფოლოგიას შორის და რადგან სიტყვაწარმოებითი პროცესები ზეგავლენას ახდენენ ასევე სიტყვის მნიშვნელობაზე, იგი ლექსიკოლოგიასთანაც არის დაკავშირებული“ [Kühn, 1994:2].

სიტყვაწარმოების სხვადასხვაგვარი სტატუსი აიხსნება მისი საკვლევი ობიექტის, მართალია, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ მაინც მკვეთრად განსხვავებული ასპექტებით. სიტყვაწარმოება, „აღწერს რა ახალი სიტყვების წარმოების კანონზომიერებებს და ახალი ერთეულების, როგორც შედარებით მცირე ელემენტების შეკავშირების შედეგად მიღებული პროდუქტის,  წარმოქმნას, თავისი კვლევის საგანს განიხილავს სინტაქტიკური თვალსაზრისით“ [Schippan, 2002:45].  ამ კუთხით თუ შევხედავთ, სიტყვაწარმოებას ბევრი საერთო აქვს სინტაქსთან. მაგრამ, მეორე მხრივ, სიტყვაწარმოებითი პროცესების შედეგად მიღებული სიტყვა ამა თუ იმ მეტყველების ნაწილს მიეკუთვნება და კერძოდ, რომელს − განისაზღვრება წარმოებული სიტყვის უშუალო შემადგენლების მიხედვით. ამდენად, სიტყვაწარმოება მორფოლოგიის შემადგენელ ნაწილადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სიტყვაწარმოების პროდუქტი ლექსიკალიზაციის პროცესის შედეგად ენის ლექსიკაში მკვიდრდება, ნაწარმოები ახალი სიტყვა ლექსიკოლოგიის კვლევის ობიექტიც  ხდება.

ძალზე საინტერესოდ მიგვაჩნია ერთი გარემოება: უცხოელ ლინგვისტთა შორის თანდათანობით იზრდება იმ მოსაზრების მომხრეთა რიცხვი, რომლის მიხედვითაც სიტყვაწარმოება განხილულ უნდა იქნას, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, რომელსაც აქვს კვლევის საკუთარი სფერო და ობიექტი. აღნიშნული მოსაზრება კი განაპირობებს სიტყვაწარმოების მეორე, უფრო ფართო გაგებას, რომლის თანახმად, იგი შედის არა სინტაქსის ან ლექსიკოლოგიის სფეროში, არამედ წარმოადგენს „დამოუკიდებელ, შედარებით ავტონომიურ ენობრივ დონეს“ [Dokulil, 1968:14]. მიუხედავად სიტყვაწარმოების სისტემური ხასიათისა, რის გამოც მას სინტაქსის კვლევის ობიექტად მიიჩნევენ, „სიტყვაწარმოებით კონსტრუქციებს ახასიათებთ თვისებები, რომელთა აღწერა სინტაქსს არ ძალუძს. ესენია ისტორიულობა, იდიომატიზაცია და ლექსიკურობა“ [Schippan, 2002:108]. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ „სიტყვაწარმოება ემყარება მორფოლოგიურ, სინტაქსურ და სემანტიკურ წესებს და სიტყვაწარმოების შედეგი საჭიროებს კვლევის სპეციფიკურ მეთოდებს” [Schippan, 2002:108]. 

ვ. ფლაიშერი და ი. ბარცი ასევე მსჯელობენ სიტყვაწარმოების განსაკუთრებულ ადგილზე ენის სისტემაში და მიაჩნიათ, რომ ის მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ სინტაქსისაგან. მართალია, სიტყვაწარმოებასა და სინტაქსს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება, რაც გამოიხატება იმაში, რომ „სიტყვაწარმოება შესაძლებელს ხდის ... ნიშანთა კომბინაციის პროდუქციას სიტყვის სტრუქტურაში“ [Flesicher...,1995:1] ისევე, როგორც ეს ხდება სინტაქსში, როცა სიტყვების კომბინაცია ქმნის წინადადებას, მაგრამ მათ შორის არის ერთი არსებითი სხვაობა: ნაწარმოები სიტყვების დიდი ნაწილი მყარ ლექსიკურ ერთეულად მკვიდრდება და ლექსიკის კუთვნილებად იქცევა, რასაც ვერ ვიტყვით წინადადებაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სიტყვაწარმოებას სინტაქსისაგან გამოყოფს ქართველი ლინგვისტი ბ. ფოჩხუაც: „ფლექსიაც და სიტყვაწარმოებაც სიტყვის აგებულების ცვალებადობას გულისხმობს...განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში გარკვეულ მიმართებაში არიან ერთმანეთთან სიტყვის აგებულება და სიტყვის როლი შესიტყვებაში; მეორე შემთხვევაში სიტყვის აგებულების ცვლა იწვევს სიტყვის მნიშვნელობის ცვლას. პირველ (ფლექსიის) შემთხვევაში ერთი სიტყვის სხვადასხვა ფორმასთანა გვაქვს საქმე, მეორე (დერივაციის) შემთხვევაში სხვადასხვა სიტყვასთან. პირველ შემთხვევაში აფიქსთა პარადიგმატულ თვისებებზე მახვილდება ყურადღება, მეორეში  სინტაგმატურზე“  [ფოჩხუა, 1974:14].

საინტერესოა ისიც, რომ ბ. ფოჩხუა სიტყვაწარმოებას არ მოიაზრებს ლექსიკოლოგიის ფარგლებში. ის განიხილავს რამდენიმე არგუმენტს, რომლებიც, როგორც წესი, იმის დასადასტურებლად მოჰყავთ, რომ სიტყვაწარმოება ლექსიკოლოგიის ნაწილია და დასკვნის სახით აყალიბებს შემდეგ მოსაზრებას: „ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ სიტყვათა სემანტიკური ჯგუფები და სტრუქტურული (სიტყვაწარმოებითი) ჯგუფები ერთმანეთს არ ემთხვევა და, მეორე მხრივ, ის, რომ სიტყვაწარმოებითი შესაძლებლობანი და ნაწარმოებ სიტყვათა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა, გვავარაუდებინებს, რომ მოძღვრება სიტყვაწარმოების შესახებ ვერ იქნება ლექსიკოლოგიის ნაწილი “[ფოჩხუა, 1974:14].

სიტყვაწარმოება, როგორც ცნობილია, არის ახალი ნომინაციური ერთეულების წარმოქმნის საშუალება, რომელიც „ხორციელდება ენის ნომინაციური პოტენციალის საფუძველზე, ე.ი. უზუალური სახელდებითი ერთეულების გამოყენებით განსაზღვრული წესების მიხედვით“ [Flesicher…,1995:2]. თუმცა, სიტყვაწარმოება არ უნდა აგვერიოს სიტყვაქმნადობაში. „სიტყვაქმნადობა გულისხმობს, რომ სიტყვები იქმნებიან ბგერათა კომბინაციებისაგან, რომლებიც ენაში (ჯერ კიდევ) არ არსებობენ, როგორც მნიშვნელობის მატარებელი ელემენტები (ნიშნები). ე.ი. წარმოიქმნება ახალი ძირი“ [Fleischer…,1995:5]. ხოლო სიტყვაწარმოება არის „სიტყვების (სიტყვათა ძირების) წარმოქმნა უკვე არსებული ენობრივი მასალის საფუძველზე და დახმარებით“  [Fleischer…1995:5]. სიტყვაწარმოების დამოუკიდებელ ხასიათზე მიუთითებს ს. ქანგისერიც, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს წინადადების „გრამატიკის კრეატიულობასა“ და „სიტყვის გრამატიკის კრეატიულობას“[Kanngießer, 1985:145].

ვ. ფლაიშერი და ი. ბარცი სიტყვაწარმოებას მიჯნავენ მორფოლოგიისგან. საუბარია, ერთი მხრივ, სიტყვის ფუძისა და ფლექსიური აფიქსების და, მეორე მხრივ, სიტყვაწარმოებითი კომპლექსის უშუალო შემადგენლების სტაბილურობის განსხვავებულ ხარისხზე. სიტყვაწარმოებითი კომპლექსის სტრუქტურისათვის დამახასიათებელია „ერთგვარი ელასტიკურობა“ [Fleischer...1995:3], ფლექსიის ფორმებისათვის კი − არა. ფლექსია ქმნის მტკიცე, მყარ სისტემას, რომელსაც გააჩნია სტაბილური, სისტემური ხასიათი, რასაც ვერ ვიტყვით სიტყვაწარმოებაზე. მაგალითად, დეკომპოზიციის პირობებში (დეკომპოზიცია განიხილება როგორც კომპოზიციის საპირისპირო მოვლენა), რომელსაც ხშირად ოკაზიონალური ხასიათი აქვს და ტექსტზეა მიბმული, შეიძლება დაირღვეს ან შესუსტდეს კომპოზიტის სტრუქტურა. ასეთ შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი კომპოზიტები: Hol- und Bringedienste („მოტანისა და წაღების სამსახური“) , Anto-Logie („ანთო-ლოგია“).

სიტყვაწარმოების, როგორც დამოუკიდებელი ლინგვისტური დისციპლინის, პოტენციალზე მსჯელობს ლ. მ. აიხინგერიც. ის მიუთითებს სიტყვაწარმოების მჭიდრო კავშირზე მორფოლოგიასთან, სინტაქსთან და ტექსტის ლინგვისტიკასთან, თუმცა, იქვე ხაზს უსვამს სიტყვაწარმოების ერთგვარ გათანაბრებას სხვა ენობრივ დონეებთან: „სიტყვაწარმოება იყენებს მორფოლოგიის ინვენტარს ისეთი ერთეულების შესაქმნელად, რომელთაც შესწევთ უნარი, როგორც სრულყოფილმა ელემენტებმა, მოცემული ენის სიტყვათა სიმრავლეში დაიმკვიდრონ ადგილი. სიტყვების ამ სივრცეს სტრუქტურული თვალსაზრისით სინტაქსი განაგებს, რომელსაც, თავის მხრივ, (აზრის) გამოხატვის ინტენციის საბაზისო სტრუქტურები, გადაფარავს, როგორიცაა მაგალითად, თემა-რემა სტრუქტურა. ამ ტექსტუალური საშუალებებით დაკავშირებული სინტაქსური სტრუქტურების სივრცეში ჩართული უნდა იყოს სიტყვაწარმოებითი საშუალებებით ნაწარმოები ერთეულები ისე, რომ არ დაიკარგოს მათი სპეციფიკური ხასიათი. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ კოდირების ისეთი სტრატეგიების და სახეობების არჩევა ხდება, რომლებიც ბევრად არ განსხვავდება იმისაგან, რაც სხვა ენობრივ დონეებზეა წარმოდგენილი, თუმცა კი საკუთრივ ამ სფეროს (სიტყვაწარმოების) შესაძლებლობებს წარმოგვიჩენენ“  [Eichinger, 2000:56].

სიტყვაწარმოებაზე, როგორც დამოუკიდებელ ენათმეცნიერულ დისციპლინაზე, მსჯელობისას მნიშვნელოვანია იმ საკითხების ჩამოთვლა, რომელთა გადაჭრაც სიტყვაწარმოების ამოცანებში შედის:

„ის აღწერს სიტყვაწარმოებითი საშუალებების ინვენტარს, ახდენს მათ კლასიფიკაციას და ალაგებს მათ რანგისა (მნიშვნელობისა) და პროდუქტიულობის მიხედვით;

ის აღწერს წესებსა და მოდელებს, რომელთა მიხედვითაც ახალი სიტყვაწარმოებითი კონსტრუქციები შეიძლება წარმოიქმნან და აფიქსირებს პირობებს, რომლებშიდაც ისინი მართლაც წარმოიქმნებიან ან ვერა;

ის გვაწვდის სემანტიკურ მოდელებს სიტყვაწარმოებითი კონსტრუქციების ინტერპრეტაციისათვის...;

ის აღწერს მეთოდების ინვენტარს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიტყვაწარმოებითი კონსტრუქციების ინტერპრეტაციისათვის;

იდიომატიზების, დემოტივაციისა და ლექსიკალიზაციის პროცესების ასახსნელად სიტყვაწარმოება ენის ისტორიის კვლევის მეთოდებსაც იყენებს. გარდა ამისა, სიტყვაწარმოების კვლევის სფეროს მიეკუთვნება სიტყვაწარმოებითი კონსტრუქცების კომუნიკაციური როლისა და მათი ადგილის განსაზღვრა ენის ლექსიკურ-სემანტიკურ სისტემაში “ [Schippan, 2002: 110].

როგორც ვხედავთ, სიტყვაწარმოების კვლევის სფერო საკმაოდ ფართოა და ის საკითხები, რომელთა შესწავლითაც ის არის დაკავებული, სცდება როგორც ლექსიკოლოგიის, ისე გრამატიკის ფარგლებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია მიზანშეწონილად მისი, როგორც დამოუკიდებელი ლინგვისტური დისციპლინის, განხილვა.

სიტყვაწარმოებითი საკითხების განხილვისას აუცილებელია, შევეხოთ იმ ტერმინოლოგიურ სხვაობებს, რომლებიც იკვეთება ქართულ და გერმანულ ენათმეცნიერულ ლიტერატურაში. პირველ რიგში, ეს ეხება ცნებას „სიტყვაწარმოება“. გერმანელი ლინგვისტებისაგან განსხვავებით, ქართველი ენათმეცნიერები ამ სიტყვას ორი მნიშვნელობით იყენებენ: ერთი მხრივ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, იგი არის სამეცნიერო დისციპლინის (ლექსიკოლოგიის ან გრამატიკის) შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამავე დროს იგი განიხილება, როგორც სიტყვაწარმოების ერთ-ერთი ტიპის − დერივაციის - სინონიმური ცნება. ამ მოსაზრებას ვაწყდებით, მაგალითად, ბ. ფოჩხუასა და ა. შანიძის ნაშრომებში. ბ. ფოჩხუა ტერმინებს „სიტყვაწარმოება“, „წარმოქმნა“ და „დერივაცია“ ერთი და იმავე მნიშვნელობით იყენებს ისევე, როგორც ა.შანიძე: „წარმოქმნას (დერივაციას), როგორც სახელთა შექმნის ერთ-ერთ საშუალებას, უპირისპირდება თხზვა (კომპოზიცია)...“ [ა. შანიძე, 1973:147].  ჩვენი აზრით,  ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც არის ტერმინოლოგიურ დონეზე მათი დიფერენციაცია. ამგვარად, ერთი მხრივ, თავიდან ავიცილებთ გაუგებრობებს ქართულ ლინგვისტიკაში და, მეორე მხრივ, უცხოელ ენათმეცნიერებს გავუადვილებთ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურასთან ურთიერთობას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დერივაციის შემთხვევაში იკვეთება მეორე განსხვავებაც. გერმანულ სიტყვაწარმოებაში განახვავებენ დერივაციის ორ სახეობას: ექსპლიციტურ და იმპლიციტურ დერივაციას. ექსპლიციტური დერივაცია ნიშნავს ახალი სიტყვის წარმოებას დერივაციის ბაზაზე პრეფიქსის, სუფიქსის ან მათი კომბინაციის (პრეფიქს-სუფიქსის) დართვით  [Fleischer...1995:46]. მაგალითად, Ordn-ung („წესრიგი“) , Un-glück (უბედურება), Ge-sing-e („სიმღერა“). იმპლიციტური დერივაცია კი გულისხმობს, მაგალითად, ზმნებისაგან არსებითი სახელების ან ზმნების წარმოების პროცესს, რომელიც ხორციელდება აფიქსაციის გარეშე ფუძის ალიტერაციით [Erben, 1983:27]. იმპლიციტური დერივაციის ნიმუშია ზმნისაგან werfen („გადაგდება“, „სროლა“) იმავე მნიშვნელობის არსებითი სახელის Wurf წარმოება. ქართველი ლინგვისტები ექსპლიციტურ დერივაციას და იმპლიციტურ დერივაციას (ანუ შინაგან ფლექსიას) სიტყვაწარმოების ორ სხვადახვა ტიპად განიხილავენ მაშინ, როდესაც  გერმანელი ლიგვისტები მათ ერთი ცნების − დერივაციის ქვეშ აერთიანებენ, რადგან, მათი აზრით, „ორივე სახეობას საერთო აქვს ის, რომ ხდება საბაზისო ფორმატივის მორფოლოგიურ სტრუქტურაში ჩარევა, რითაც ისინი განსხვავდებიან, მაგალითად, კონვერსიისგან Fleischer...1995:51]. ეს კარგად ჩანს შემდეგ მაგალითებში: ექსპლიციტური დერივაცია −wohnen     Wohnung („ცხოვრება“, „ბინადრობა“, „ბინა“),  იმპლიციტური დერივაცია − gehen   Gang („სიარული“ „სვლა“ ), კონვერსია − laufen      Lauf („სირბილი“).  გარდა ამისა, გერმანელ ლინგვისტთა შორის არსებობს მოსაზრება, რომ პრეფიქსაცია არ შედის დერივაციაში და რომ იგი სიტყვაწარმოების დამოუკიდებელ ტიპს წარმოადგენს. ამ მოსაზრებას იზიარებს, მაგალითად, ი. ქუნი, რომელიც გამოყოფს სიტყვაწარმოების ოთხ ტიპს: კომპოზიცია, დერივაცია, პრეფიქსაცია და შემოკლებების წარმოება [Kühn, 1994:24]. აღნიშნული შეხედულების მომხრეები თავიანთ პოზიციას ამყარებენ იმ არგუმენტით, რომ პრეფიქსაცია ისევე, როგორც კომპოზიცია, ექსპანსიას წარმოადგენს, რადგან არც ერთ შემთხვევაში მიღებული სიტყვა არ იცვლის მორფოლოგიურ კლასს. მაგალითად, „un” პრეფიქსის დართვის შედეგად  ზედსართავი სახელი  ungesund („არაჯანსაღი“) ზედსართავ სახელად რჩება,  სუფიქსაციის დროს კი, რომელიც ტრანსპოზიციის ერთგვარ სახეობას წარმოადგენს, შესაძლებელია სიტყვის „ტრანსპორტირება“ სხვა მეტყველების ნაწილში ან სემანტიკურ ჯგუფში. ამის ნიმუშს წარმოადგენს არსებითი სახელი Krankheit („ავადმყოფობა“), რომელიც krank („ავად“, „სნეული“) ზედსართავ სახელზე „-heit“ სუფიქსის დართვით არის ნაწარმოები. თუმცა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ გერმანულ ენაში მოიძებნება ისეთი დერივატები, რომლებმაც სწორედ პრეფიქსაციის შედეგად შეიცვალეს მორფოლოგიური კლასი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ არსებითი სახელი „Ge-bäck“ („ნამცხვარი“, „ფუნთუშეული“), რომელიც „backen„ ზმნაზე „Ge-” პრეფიქსის დართვით არის მიღებული. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ როგორც პრეფიქსაციის, ისე სუფიქსაციის შემთხვევაში უშუალო შემადგენლები ძირეული მორფემა და აფიქსია, ამასთანავე, თუ ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე დავუმატებთ იმ გარემოებასაც, რომ ქართულ ენაში პრეფიქსის დართვით შეიძლება ნაწარმოებმა სიტყვამ შეიცვალოს მორფოლოგიური კლასი, გასაგები გახდება, რატომ მიიჩნევს ლინგვისტთა უმრავლესობა, მათ შორის ქართველი ლინგვისტებიც, სუფიქსაციას დერივაციის სახეობად.

აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება სიტყვაწარმოების ერთ-ერთი მთავარი ტიპის − კომპოზიციაზე - მსჯელობის დროსაც. კომპოზიცია, ანუ თხზვა, ქართველ და გერმანელ ლინგვისტთა მიერ განიხილება, როგორც „ორი და მეტი ფუძის ან ბრუნვიანი სიტყვის შეკრება“ [თოფურია, 1979:103]. მაგალითად, „ცისარტყელა“, „Regenbogen” და ა.შ. თუმცა, გერმანელი ლინგვისტებისაგან განსხვავებით, ქართველი ენათმეცნიერები კომპოზიციაში მოიაზრებენ რედუპლიკაციასაც: დღეისათვის დადგენილია კომპოზიტთა ორი ძირითადი ტიპი: ფუძეგაორკეცებული (ფუძეგამეორებული, რედუპლიცირებული) და ფუძეგანსხვავებული (ნაირფუძიანი) [არონია, 2010:8]. რედუპლიკაცია ცალკე ტიპად განიხილება გერმანულ სიტყვაწარმოებაში − ეს „არის სიტყვების მორფოლოგიურ-სტრუქტურული წარმოების ელემენტარული სახეობა უშუალო შემადგენლის გაორმაგებით“ [Fleischer…1995:48].  რედუპლიკაციის ნიმუშებია „კაჭკაჭი“, Wirrwarr („არეულ-დარეულობა“).

საინტერესოა ის განსხვავებები, რომლებიც შეინიშნება სიტყვაწარმოების ტიპების გავრცელებაში ქართულ და გერმანულ ენებში.

თანამედროვე სიტყვაწარმოებაში განასხვავებენ ბინარული და არაბინარული სტრუქტურის მქონე სიტყვაწარმოების პროდუქტებს. „ბინარულად სტრუქტურირებული სიტყვაწარმოების სახეობებია კომპოზიცია, დერივაცია... შესაბამისი სიტყვაწარმოების პროდუქტები დაიყვანება უშუალო შემადგენლებიან სტრუქტურამდე. არაბინარული სიტყვაწარმოების სახეობებია კონვერსია და შემოკლებების წარმოება.  რეგრესიის (რედუქცია), კონტამინაციის (შერწყმა) და რედუპლიკაციის შედეგად მიღებული სიტყვაწარმოების კონსტრუქციებიც  ექვემდებარება უშუალო შემადგენლურ ანალიზს“ [Flesicher…2012:83]. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური სიტყვაწარმოების ტიპი გერმანულ და ქართულ ენებში.

„გერმანულისთვის კომპოზიცია ... უდავოდ სიტყვაწარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი  ტიპია“ [Elsen, 2004:23]. „დერივაცია არის სიტყვაწარმოების მეორე მნიშვნელოვანი ტიპი გერმანულში“ [Elsen, 2004:29]. ამ ორ ტიპს მკვეთრად ჩამორჩება კონვერსია და შემოკლებების წარმოება [Naumann, 2000: 42].

კომპოზიცია ძირითადად არსებით სახელებში დასტურდება. დერივაცია თანაბრად არის დამახასიათებელი არსებითი და ზედსართავი სახელებისათვის, თუმცა, „თანამედროვე გერმანულ ენაში „სუფიქსოიდების“ მეშვეობით ბევრი ოკაზიონალური ზედსართავი სახელი იწარმოება. როგორც ჩანს, დერივაცია მაინც უფრო ზედსართავ სახელს ახასიათებს“ [Naumann, 2000: 42]. სუფიქსოიდის მეშვეობით ნაწარმოები ზედსართავი სახელების ნიმუშებად შეგვიძლია განვიხილოთ lern-fähig („სწავლის უნარიანი“), bedeutungs-voll („მნიშვნელოვანი“) და სხვ. რაც შეეხება ზმნებს, მათი წარმოება ძირითადად პრეფიქსების დახმარებით ხდება. აქ სუფიქსების ნაკლებობას პრეფიქსაციისა და კონვერსიის ინტენსიური გამოყენება ანაზღაურებს [Fleischer… 2012:86].

განსხვავებული მდგომარეობაა ქართულში. აქ პროდუქტიულობის მიხედვით პირველ ადგილს აფიქსაცია იკავებს, რომელსაც მოსდევს კომპოზიცია: წარმოქმნის სხვადასხვა სახეა ცნობილი: აფიქსაცია, კომპოზიცია, რედუპლიკაცია, შინაგანი ფლექსია და სხვ. ამათგან ... ყველაზე გაბატონებულია აფიქსაცია და კომპოზიცია [თოფურია, 1979:103].  აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქართულ ენაში პრეფიქსაციასა და სუფიქსაციასთან ერთად ძალზე არის განვითარებული სიტყვის წარმოება ერთდროულად პრეფიქსისა და სუფიქსის მეშვეობით ანუ კომბინატორული დერივაცია. „ამით ქართველური ენები განსხვავდება ზოგი სხვა სისტემის ენათაგან, სადაც სიტყვაწარმოება ხდება ძირითადად სუფიქსის მეშვეობით“ [თოფურია, 1979:103]. გერმანულიც ასეთ ენათა რიცხვს მიეკუთვნება. აქ კომბინატორული დერივაცია „სამივე მეტყველების ნაწილთან (იგულისხმება არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი და ზმნა) იშვიათად გამოიყენება“ [Fleischer…2012:86]. ის ძირითადად არსებით სახელებთან არის წარმოდგენილი: „ცირკუმფიქსები მხოლოდ არსებითი სახელების წარმოებისას გამოიყენება“ [Naumann, 2000:52].

იმპლიციტურ დერივაციასთან, ანუ შინაგან ფლექსიასთან, დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ გერმანულ ენაში ის ისტორიულად დაკავშირებული იყო აბლაუტსა და უმლაუტთან და მეტ-ნაკლებად აქტიურად გამოიყენებოდა ახალი სიტყვების საწარმოებლად, თუმცა,  დღესდღეობით იგი სრულიად არაპროდუქტიულია [Flesicher…1995:51. მსგავსი მდგომარეობაა ქართულ ენაში. როგორც კვლევები ადასტურებენ, ქართულ ენაში აბლაუტი, რომელიც „წარმოადგენს უფრო ფართო მოვლენის  ალტერნაციის სახეობას“ [არაბული, 2001:102] და ალტერნაცია სიტყვაწარმოებითი ფუნქციით გამოიყენებოდა: „უძველეს ლექსემათა ურთიერთმიმართება აშკარად წარმოაჩენს ახალ ძირ-ფუძეთა წარმოქმნის ალტერნაციულ მექანიზმს. რომელიც გულისხმობს საერთი გენეზისის ძირთა სემანტიკური დიფერენციაციის პროცესს... „ [არაბული, 2001:98].

რაც შეეხება სიტყვაწარმოების სხვა სახეობებს − კონვერსია, შემოკლებების წარმოება, რეგრესია, კონტამინაცია, ისინი ნაკლებად აქტიურია როგორც გერმანულ, ისე ქართულ ენაში.

სიტყვაწარმოების ტიპების განსხვავებული გავრცელება გერმანულსა და ქართულ ენებში განპირობებული უნდა იყოს, ჩვენი აზრით, ამ ენებს შორის არსებული გრამატიკული განსხვავებებით, რაც გამოწვეულია მათი კუთვნილებით ენათა სხვადასხვა მორფოლოგიური ტიპისადმი. ქართული ენა, როგორც ცნობილია, შერეული ტიპის ენაა. იგი როგორც აგლუტინაციური, ისე ფლექსიური ენის ნიშნებს ავლენს. გერმანული კი  ფლექსიურ ენათა ჯგუფში შედის. აგლუტინაციური ენები გამოირჩევიან აფიქსების სიმრავლით, ხოლო ფლექსიური ენები  − დიდი სიტყვაწარმოებითი პოტენციალით

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია სიტყვაწარმოების, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის განხილვა, რომელიც, მართალია, თავისი კვლევის სფეროსა და ობიექტის სპეციფიკის გამო მჭიდრო კავშირშია სხვა ლინგვისტურ დისციპლინებთან (ლექსიკოლოგია, გრამატიკა, ტექსტის ლინგვისტიკა და სხვა), მაგრამ, ამავე დროს, ავლენს დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბების სულ უფრო და უფრო მეტ პოტენციალს, აფართოებს და მკაცრად შემოსაზღვრავს  თავისი კვლევის არეალს.

ლიტერატურა

არაბული ა.
2001
ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველუ ენებში. თბილისი
არონია ი.
2010
კომპოზიტები მეგრულ-ლაზურში. თბილისი
თოფურია ვ.
1979
შრომები III. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი
ტუსკია მ.
2004
სახელთა აფიქსური წარმოება ახალ სალიტერატურო ქართულსა და და დიალექტებში. თბილისი
ფოჩხუა ბ.
1974
ქართული ენის ლექსიკოლოგია. თბილისი
შანიძე ა.
1973
ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, მორფოლოგია. თბილისი
Dokulil A.
1968
Zur Theorie der Wortbildung. WZ der Karl-Marx Universität Leipzig
Eichinger L.M.
2000
Deutsche Wortbildung. Eine Einführung. Tübingen
Elsen H.
2004
Neologismen. Formen und Funktionen neuer Wörter in verschiedenen Varietäten Des Deutschen. Tübingen
Erben J.
1983
Einführung in die deutsche Wortbildungskehre. Berlin
Fleischer W., Barz I.
1995
Wortbildung der deutschen Gegenwartssprache. Tübingen
Fleischer W., Barz I.
2012
Wortbildung der deutschen Gegenwartssprache. Berlin-Boston
Kanngießer S.
1985
Strukturen der Wortbildung. In:Handbuch der Lexikologie. Königstein.
Kühn I.
1994
Lexikologie. Eine Einführung. Tübingen
Naumann B.
2000
Einführung in die Wortbildungslehre des Deutschen. Tübingen
Schippan Th.
2002
Lexikologie der deutschen Gegenwartssprache. Tübingen