ცულები ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების იბერია-კოლხეთში

შეტევითი შეიარაღების სახეობას განეკუთვნება ცული, რომელიც გამოიყენებოდა შეტევითი ხელჩართული ბრძოლისას. ხის ტარზე დაგებული ლითონის ეს იარაღი გამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებითაც, ამიტომ ხშირად რთულია საბრძოლო და სამეურნეო ცულების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. არქეოლოგიური მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ შუბის შემდეგ ცული იყო ყველაზე მასიური საბრძოლო იარაღი ანტიკური პერიოდის იბერია-კოლხეთში.

ამიერკავკასიაში რკინის ცულები ჩნდება დაახლოებით ძვ.წ VIII ს-დან. თავდაპირველად ისინი თანაარსებობენ კოლხურ-ყობანური ტიპის ბრინჯაოს ცულებთან და მათ ფორმას იმეორებენ. როგორც ჩანს, მათ ამ დროს ძირითადად საომარი დანიშნულება ჰქონდათ, თუმცა, ასევე შესაძლებელია მათ საკულტო ფუნქციაც გააჩნდათ, რაზეც მეტყველებს სამარხებში არაერთი მინიატურული ცულის აღმოჩენა. როგორც ბრინჯაოს, ისე რკინის ცულები, როგორც წესი, სამარხებში გვხვდება სხვა იარაღებთან კომპლექსში (ყველაზე ხშირად შუბისპირებთან ერთად). მნიშვნელოვნად იზრდება რკინის ცულების რაოდენობა ძვ.წ VII-VI სს-ის ძეგლებზე, ხოლო ძვ.წ VI ს-დან მხოლოდ რკინის ნიმუშები გვხვდება [Есаян.., 1985: 79]. ამ დროს ბრინჯაოს ცულებთან მსგავსება ირღვევა და რკინის ცულები თავისებური ფორმებით ყალიბდება.

ცულების კლასიფიკაციისათვის ამოსავალია ცულის ნაწილების მოყვანილობა, განივკვეთი და პროპორციები. მაგალითად, ცულის პირი შეიძლება იყოს ასიმეტრიული, რაც ნიშნავს იმას, რომ სატარიდან პირი არათანაბრად ფართოვდება. ცულის პირი სიმეტრიულია, როცა ის სატარიდან თანაბრად ფართოვდება ორივე მხარეს. ცულის იერს განსაზღვრავს თანაფარდობა საერთო სიგრძესა და პირის უდიდეს სიგანეს შორის, რის მიხედვითაც ვიღებთ ფართოპირიან ნიმუშებს, როცა პირის სიგანე უახლოვდება ან უტოლდება ცულის საერთო სიმაღლეს და ვიწროპირიან ნიმუშებს, რომელთა პირის სიგანე საერთო სიგრძეზე ნაკლებია ორჯერ ან მეტჯერ [გამყრელიძე..., 2005:129].

ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით ანტიკური ხანისა და ადრეშუასაუკუნეების იბერია-კოლხეთში გავრცელებული რკინის ცულებიდან სამი ძირითადი ტიპის გამოყოფა შეიძლება: ყუაკვერიანი ცული, ცულ-წერაქვი და ე.წ წებელდური ტიპის ცული. აქედან პირველი ორი ტიპი გავრცელებული იყო როგორც ადრეანტიკურ, ისე გვიანანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების იბერია-კოლხეთში, ხოლო მესამე ტიპი, ე.წ „წებელდური ცული“, მხოლოდ გვიანანტიკური ხანის ბოლო ეტაპისა და ადრეშუასაუკუნეების პროდუქტია (ახ.წ IV-VII სს.).

I-ყუაკვერიანი ცული. ყუაკვერიანი ცულების სხვადასხვა ქვეტიპები გამოირჩევა:

1) პირველი ქვეტიპი ხასიათდება ვიწრო, წაგრძელებული კონტურით. სატარე ხვრელი ცულის შუა ნაწილზეა. მათთვის დამახასიათებელია მაღალი, ოთკუთხა ან მრგვალგანივკვეთიანი ყუა და ვიწრო პირი (საშუალო სიმაღლე - 21 სმ., პირის სიგანე 3-4 სმ.) [სურ.1 1,2]. ასეთი ცულები ამიერკავკასიაში ძვ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრიდან ჩნდება და რკინის ცულების ყველაზე ადრეულ ფორმას წარმოადგენს [კვირკველია, 1982: 25]. აღმოჩენის ადგილებია - წითელი შუქურას სამაროვნის №11 სამარხი, რომელიც ძვ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრითა და VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება [Трапш, 1969: 78-162], ერგეტა I-ის №6 სამარხი, ერგეტა II-ის №1 სამარხი, ერგეტა III-ის №4 სამარხი და ერგეტა IV–ის №4 სამარხი [ძიძიგური, 2002A: 4]. მსგავსი ფორმის ცულები აღმოჩენილია ცენტრალურ ამიერკავკასიაშიც - თლის სამაროვნის ძვ.წ. VII-V სს-ის რამდენიმე სამარხში და ნაცარგორას სამაროვნის ძვ.წ. VII-VI სს ის №311 სამარხში [Техов, 1980: 57-64].

2) მეორე ქვეტიპი პირველთან შედარებით გამოირჩევა უფრო ფართო პირითა და დაბალი ყუით [სურ.1 3-9]. ზოგიერთს გამოკვეთილი, მომრგვალებული და ზემოდან დაბრტყელებული ჩაქუჩისებური ყუა აქვს [სურ.1 7,8,9], სხვებს კი სწორი, მართკუთხა ყუა [სურ.1 3,4,5,6] (პირის სიმაღლე მერყეობს 12-18 სმ-ს შორის. პირის საშუალო სიგანეა 6-8 სმ). აღნიშნული ცულჩაქუჩები უფრო ადრეულ ძეგლებზე გვხვდება და მათ პროტოტიპებად კოლხური და ყობანური ცულები მიიჩნევა [Мелюкова, 1964:67,68], კერძოდ კი, პ. უვაროვას კლასიფიკაციით, კოლხური ცულების В ტიპი, ო. ჯაფარიძის კლასიფიკაციით II ტიპი [Джапаридзе, 1953:285], ხოლო დ. ქორიძის ნაშრომის მიხედვით, კოლხური ცულების IV სახეობა, რომლებიც ძვ.წ. XI-VIII სს–ში იყო გავრცელებული [ქორიძე, 1965:68–74]. ისინი აღმოჩენილია ერგეტასა და დღვაბის ძვ.წ. VII-VI სს-ის სამარხებში [პაპუაშვილი, 1998:40-50], 7 ეგზემპლარი - ყულანურხვის ძვ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრითა და ძვ.წ. VI ს-ით დათარიღებულ სამარხებში [Трапш, 1951:23], 3 ცალი - ძვ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრითა და ძვ.წ. VI ს-ით დათარიღებულ ურეკის სამაროვანზე [მიქელაძე, 1985:33-34]. 15 ანალოგიური ცული აღმოჩნდა ძვ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრისა და ძვ.წ. VI ს-ის ბრილის სამაროვანზე [გობეჯიშვილი, 1952:50-52] და მუხურჩის ანალოგიური პერიოდის სამაროვანზე [Гогадзе, 1984: 28-55]. 3 ეგზემპლარი იყო პალურის ძვ.წ. VII-V სს-ის სამარხებში [ბარამიძე, 1998: 150-155], ფიჩორის ძვ.წ. VII-VI სს-ის სამაროვანზე [ბარამიძე, 1998: 28-30], დღვაბის სამაროვნის ძვ.წ. VI ს-ის ერთ-ერთ სამარხში [Микеладзе, 1995: 39-43] და საირხეში, საბადურის გორის ძვ.წ. VII-VI სს-ით დათარიღებულ კულტურულ ფენაში [მახარაძე, 1991:11-12]. ისინი გვხვდება ზემო სვანეთშიც [ჩართოლანი, 1996:357]. აღმოსავლეთ საქართველოში ისინი ნანახია თლის ძვ.წ. VII-VI სს-ის სამარხებში [Техов, 1980:57-64], ნარეკვავის ძვ.წ. VII-VI სს-ის სამაროვანზე [ოქროპირიძე, 1984: 212, ტაბ.X3], 5 ეგზემპლარი სამთავროს ძვ.წ. VII-VI სს-ის სამარხებში [აბრამიშვილი, 1957:115-140] და ერთი ცალი ძვ.წ. VII ს-ით დათარიღებულ მცხეთიჯვრის „მეომრის სამარხში“ [დავითაშვილი, 1998:106-107]. ისინი დაფიქსირებულია ჩრდილოეთ კავკასიაშიც: გელენჯიკა [Аханов, 1961: 143-145], დერგავისი, კორტა [Уварова, 1900:180], ზემო რუთხა [Погребова, 1969:179-188], ჩმი, გოლიატი [Уварова,1900:117,285-292]. ასეთი ფორმის ცულები დამოწმებულია ირანშიც და სომხეთშიც, მაგალითად, თოფრახ-ქალეს ძვ.წ. VII ს-ის ნამოსახლარზე [Пиотровский, 1939:162-163].

ცულჩაქუჩები გამოიყენებოდა ასევე მთელ კლასიკურ (ძვ.წ. VI-IV სს.) და ელინისტურ (ძვ.წ. IV-I სს.) პერიოდში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ისინი აღმოჩნდა დაფნარის ძვ.წ. IV ს-ის სამარხში [Кигурадзе, 1976: 61. ტაბ.V3], დაბლაგომში [Куфтин, 1950:36], ძევრულჰესის ელინისტური ეპოქის სამაროვანზე [Куфтин, 1950:198], ოთხი ცალი ნიგვზიანის ძვ.წ. VI ს-ის კომპლექსებში [ბარამიძე, 1977:41-43] და ქუთაისში [დავლიანიძე, 1983:52]. აფხაზეთში ისინი აღმოჩენილია გუადიხუს ე.წ „უფროსი ჯგუფის“ VI-IV სს-ის სამარხებში [Трапш, 1969:76-78], წითელი შუქურის სამაროვნის უფროსი ჯგუფის ორ სამარხში [Трапш, 1969:183], ქ. სოჭის მიდამოებში [Воронов, 1979:69], სოხუმის მთის V-II სს-ის სამარხებში [კალანდაძე, 1954:12-23], 4 ცალი ეშერის ნაქალაქარის III-II ს-ის ფენაში [Шамба, 1980:47,48] და 3 ეგზემპლარი მერხეულის ძვ.წ VI ს-ის სამარხებში [ბარამიძე, 1977:39]. აღმოსავლეთ საქართველოში ისინი იყო ბეშთაშენის [Куфтин, 1949:224-232], ნაცარგორისა და ბაზალეთის V-III სს-ის სამარხებში [Рамишвили, 2003: 97,98], ორი ცალი აბულმუგის VI-IV სს-ის სამარხებში [ხოხობაშვილი..., 2008:118-121], ასევე მანგლისში, გომარეთში, ასურეთში, სანთაში [დავლიანიძე, 1983: 50,139] და ეცოს სამაროვანზე [შატბერაშვილი 2003: 121].

ზემოთ აღწერილი ყუაკვერიანი ცულების ორივე ვარიანტი (პირველი და მეორე ქვეტიპი) დიდ მსგავსებას ამჟღავნებს სკვითურ ნიმუშებთან, ამიტომ სამეცნიერო ლიტერატურაში ისინი ხშირად „სკვითურ ცულებად“ მოიხსენიებიან და, შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ ისინი კავკასიაში სკვითებმა შემოიტანეს [Мартиросян, 1964:290]. თუმცა, მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, პირიქით, სკვითებმა აითვისეს ის ამიერკავკასიაში. ძვ.წ. VIII-VII სს-ში დასავლეთ ამიერკავკასიაში, კოლხურ-ყობანური ტიპის ბრინჯაოს ცულების საფუძველზე, მიმდინარეობს რკინის ყუაკვერიანი ცულების ფორმირების პროცესი. ძვ.წ. VII-VI სს-ში ისინი ფართოდ ვრცელდებიან ცენტრალურ ამიერკავკასიაშიც. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს წინა აზიიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოგზაურობის დროს გაეცვნენ სკვითები აღნიშნულ იარაღს და აითვისეს იგი[Есаян..., 1985:86]. ძვ.წ. VI-V სს-ში რკინის ყუაკვერიანი ცულები ცენტრალური ამიერკავკასიიდან ვრცელდება ჩრდილოეთ კავკასიაში [Виноградов, 1972: 250,251].

3) მესამე ქვეტიპში მოიაზრება კოლხეთში ძვ.წ IV-II სს-ში გავრცელებული ე.წ „სეკირისებური“ (ნახევარმთვარისებური) პირის მქონე ყუაკვერიანი ცულები (სიმაღლე მერყეობს 11-17 სმ-ს შორის. პირის სიგანე 8-12 სმ.) [სურ.1 10-24]. ისინი გამოირჩევა საკმაოდ განიერი სიმეტრიული ან ასიმეტრიული პირით, რომელიც ზოგჯერ ცულის საერთო სიმაღლეს უტოლდება. ასეთი 1 ცალი ცული აღმოჩნდა ვანში, ახვლედიანების გორაზე, II საძიებო თხრილის ელინისტური ხანის ფენაში [ლორთქიფანიძე, 1976: 182], 7 ეგზემპლარი იყო სოხუმის მთის V-II სს-ის რამდენიმე სამარხში [კალანდაძე, 1954:27-35], 6 ცალი გუადიხუს უმცროსი ჯგუფის სამარხებში [Трапш, 1969: 242,247,260] და 3 ანალოგიური ცული ეშერის ნაქალაქარის III-II სს-ის ფენებში [Шамба, 1980:48]. ასეთივეა მდ. ბესლეთის ნაპირზე და ბომბორაზე შემთხვევით აღმოჩენილი რკინის ცულები [Воронов, 1969:53]. ანალოგიური ცული შემთხვევით არის ნაპოვნი ქ. სოჭის მახლობლად [Воронов, 1979:70]. აღმოსავლეთ საქართველოში ამ ტიპის ცული ყანჩაეთის სამარხშია აღმოჩენილი [გაგოშიძე, 1964: 52]. შეიძლება ითქვას, რომ ყუაკვერიანი ცულების აღნიშნული ვარიანტი ძვ.წ. V-IV სს-ის მიჯნაზე ჩნდება და ძვ.წ. III-II სს-ის ჩათვლით არსებობს. ისინი ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება (აფხაზეთში). საქართველოს გარეთ ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული, თუმცა მათი გამოსახულებები გვხვდება სკვითურ არტეფაქტებზე, რომლებიც დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

4) მეოთხე ქვეტიპში გამოყოფილია პირწამახული ყუაკვერიანი ცულები, რომლებიც ნაპოვნია ბრილში, სამთავროში [Есаян..., 1985:86], ნაცარგორის ძვ.წ V-III სს-ის სამარხებში და სომხეთის ტერიტორიაზე (მუსიერი ძვ.წ. VII-VIII). ისინი უფრო გავრცელებულია კავკასიის გარეთ, სკვითურ კომპლექსებში და შესაბამისად, სავარაუდებელია მათი სკვითური წარმოშობა.

5) მეხუთე ქვეტიპში შეყვანილია ბრტყელყუიანი, წელში ოდნავ მოხრილი და პირისკენ ოდნავ გაფართოებული ცულები. ასეთი ცულია ნაპოვნი სარკინის ნაქალაქარის ძვ.წ. II ს-ის ფენაში [ძიძიგური 2002: 177,178].

იბერია-კოლხეთის გვიანანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე კვლავ გვხვდება ყუაკვერიანი ცულები, რომლებიც ყველაზე ახლოს დგას ზემოთ აღწერილ ადრეანტიკური ხანის ყუაკვერიანი ცულების მეორე ქვეტიპთან. მათთვის დამახასიათებელია მრგვალგანივკვეთიანი ან ოთხკუთხაგანივკვეთიანი დაბალი ყუა, ოვალური სატარე ხვრელი და ასიმეტრიული ვიწრო პირი [სურ.5]. ისინი, ზოგადად, ახ.წ II-VI სს–ით თარიღდება. სულ საქართველოში დაფიქსირდა ახ.წ II-VI სს-ით დათარიღებული 39 ცალი ყუაკვერიანი ცული [სურ.8], აქედან 29 აფხაზეთშია ნაპოვნი. აფხაზეთის გვიანანტიკური და ადრეშუასაუკუნეების არქეოლოგიური კულტურა, კერძოდ ე.წ „წებელდური კულტურა“, გამოირჩევა ცულების სიმრავლით. მის სხვადასხვა კომპლექსში გამოვლენილია, დაახლოებით, 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ცული (მათი დიდი უმრავლესობა განეკუთვნება ე.წ „წებელდური ტიპის“ ცულებს). აქ თითქმის ყოველი მეორე მეომარი შეიარაღებული იყო ცულით. უმრავლეს შემთხვევებში ისინი სამარხებში გვხვდება შუბისპირებთან ერთად. სამი ყუაკვერიანი ცული აღმოჩენილია აპუშტის ახ.წ IV-VI სს–ით დათარიღებულ სამ სამარხში [Воронов..., 1970:188], 14 ცალი ყუაკვერიანი ცულია დაფიქსირებული წიბილიუმის სხვადასხვა სამაროვანზე (წიბილიუმ–I, II, X და XI) [Kazanski..., 2007: 29]. მდ. კოდორის მარჯვენა მხარეს, სოფ. ხუტიაში, ახ.წ. IV-VI სს-ის დარღვეულ სამარხებში აღმოჩნდა ექვსი ცული, აქედან ოთხი განეკუთვნებოდა ყუაკვერიან ტიპს [ჩართოლანი, 2010: 14]. თითო ცალია ნანახი ახაჩჩარხუს ახ.წ. IV-V სს–ით დათარიღებულ №44 სამარხში [Шамба, 1970:44,45], აბგიდზრახუს ერთ–ერთ სამარხში [Воронов, 1969: 60], ასევე, ახაცარახუს, აზანტისა და ლარის სამარხებში, ახალ ათონში, სოფ. აბგარხუკში (გუდაუთის რაიონი) და ბიჭვინთის ნაქალაქარში, ახ.წ. IV ს-ის კულტურულ ფენაში [Шамба, 1970: 44,45].

აღნიშნული ტიპის ცულები ფიქსირდება აფხაზეთის გარეთაც, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. იგი ნანახია სოფ. ლიის სამაროვნის №1 სამარხში, რომელიც ახ.წ. II ს-ით თარიღდება [ძიძიგური, 2002: 117]. ახ.წ. II საუკუნეს განეკუთვნება კლდეეთში და არმაზისხევში აღმოჩენილი ნიმუშებიც [ლომთათიძე, 1957:18]. ერთი ასეთი ყუაკვერიანი ცული აღმოჩნდა ფიჭვნარის გვიანრომაული ხანის სამაროვანზე [სურ.5], მას აქვს მრგვალი სატარე ხვრელი და მასიური ოთხწახნაგა, ოდნავ მოხრილი, პირისაკენ თანდათან შევიწროებული ტანი. სხვა მასალის მიხედვით აღნიშნული ცულის შემცველი სამარხი თარიღდება ახ.წ. IV საუკუნით [კახიძე..., 2004:128]. ანალოგიური ცულებია ნანახი, ასევე, ნოქალაქევში, ვარდციხესა და ციხურაში [Рамишвили, 2003:25]. აღმოსავლეთ საქართველოში ისინი აღმოჩენილია ახრისის ახ.წ. I-III სს-ის სამარხში [Макалатия, 1951:185], ნეძიხის სამაროვანზე და ურბნისში [Рамишвили, 2003: 25]. საქართველოს გარეთ მსგავსი ნიმუშები გვხვდება ყირიმის ზოგიერთ სამაროვანზე, მაგალითად, ხარაკსის სამაროვანი, რომელიც ვ. ბლავატსკის მიერ ახ.წ. V ს-ის პირველი ნახევრითაა დათარიღებული და ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, კორცის სამარხში [Шамба, 1970: 44,45].

გვიანანტიკურ და ადრეშუასაუკუნეებში არსებული ყუაკვერიანი ცულების პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს წინარე ხანაში (ძვ.წ. VI-I სს.) საქართველოსა და მთლიანად სკვითურ სამყაროში გავრცელებული ყუაკვერიანი ცულები.

სავარაუდოდ, ამ ტიპის ცული გამოიყენებოდა უფრო სამეურნეო საქმიანობისათვის, მაგალითად, ჭედვისათვის, მორებზე ნახვრეტების ამოსათლელად და სხვ. ვიდრე საბრძოლველად, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ამ მიზნითაც შეიძლებოდა მისი გამოყენება [Артилаква, 1976: 48].

ცალკე, მეორე ტიპად, შეიძლება გამოვყოთ ე.წ „ცულ-წერაქვი“. მას აქვს მრგვალი სატარე ნახვრეტი, ვიწრო პირი და მაღალი ბრტყელი ყუა [სურ.7]. ისინი მამაკაცთა სამარხებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ყუაკვერიანი ცულების მსგავსად, მათი პროტოტიპებიც უნდა ვეძებოთ ადრეანტიკურ და ელინისტურ პერიოდში არსებულ ანალოგიური ფორმის იარაღებში. მაგალითად, ისინი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებენ ზემოთ მოყვანილ მეხუთე ქვეტიპთან. აღნიშნული იარაღიც წმინდა სამეურნეო დანიშნულებისა იყო და გამოიყენებოდა ქვისა და ხის მასალის სათლელად ან სხვა დანიშნულებით.

მესამე ტიპია ე.წ „წებელდური ცული“. თუ ზემოთ აღწერილი ყუაკვერიანი და „ცულ-წერაქვის“ ტიპის ნიმუშები სამეურნეო დანიშნულებისა იყო, „წებელდური ცული“ წმინდა საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოყოფილი ან ოდნავ შესამჩნევი ყუამილი, ოდნავ მოხრილი შუბლის ნაწილი და მორკალური, ასიმეტრიული, ქვემოთ დაშვებული ფართო პირი.

თვითონ წებელდური ტიპის ცულებშიც რამდენიმე ვარიანტი გამოირჩევა. არქეოლოგი ი. ვორონოვი ორ ფორმას გამოყოფდა: კუთხოვანი და მომრგვალებული სატარე ხვრელის მქონე ცულებს. მ. კაზანსკიმ უფრო ვრცელი კლასიფიკაცია წარმოადგინა: პირველისათვის დამახასიათებელია გრძელი კუთხეებიანი ყუამილი [სურ.2], რომელიც ყველაზე ადრეულია და გავრცელებული იყო ძირითადად III ს-ის ბოლო ეტაპსა და IV ს–ში. მეორე ფორმის ცულები გამოირჩევა მოკლე ოვალური მილითა და ასევე შედარებით მოკლე პირით [სურ.3], რომლებიც უმეტესად გვხვდება IV-V სს-ის სამარხებში. მესამე არის ასევე მოკლეყუიანი, მაგრამ უკვე ფართო, „წვერებიანი“ პირით [სურ.4]. ეს უკანასკნელი ყველაზე მოგვიანო, IV-VII სს-ის ძეგლებზე გვხვდება [Kazanski, 2007:29]. მათი ზომებიც განხვავებულია: ცულების სიმაღლე მერყეობს 11 სმ-დან 19 სმ-მდე, პირის სიგანე – 9 სმ-დან 15 სმ-მდე. ყუის დიამეტრი საშუალოდ 2,7X4 სმ-ია. არსებობს მოსაზრება, რომ მისი სრული განვითარება მხოლოდ XIII-XIV სს-ში მოხდა და შემდგომაც განაგრძობდა არსებობას.

წებელდური ტიპის ცულები აღმოჩენილია აფხაზეთის ახ.წ. III–VII სს-ის კომპლექსებში, როგორებიცაა: ახაცარახუ, ალრახუ, ახაჩჩარხუ, აპიანჩა, აპუშტა, აბგიძრახუ, აუხუამახუ, ატარა, ლარი, წიბილიუმი და შაპკა. აქ აღმოჩენილი ცულების უმრავლესობა ახ.წ. IV-VI სს-ს განეკუთვნება. ოლგინსკოეს 12 კრემაციულ ურნასამარხში სხვა ინვენტერთან ერთად აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის 8 ცული [Гзелишвили, 1947:93]. წებელდური ტიპის ცული აღმოჩნდა ასევე წიბილიუმის ციხესიმაგრის გათხრისას, VI ს-ის კულტურულ ფენაში [Воронов..., 1982:127]. ანალოგიური ტიპის ნიმუშები ნაპოვნია აფხაზეთის სხვა პუნქტებშიც: შემთხვევით აღმოჩენილი ოთხი ცული სოფ. ჩხალთაში [ჩართოლანი..., 2010:10], ორი ანალოგიური ეგზემპლარი მდ. კოდორის მარჯვენა მხარეს, სოფ. ხუტიაში, ახ.წ. IV-VI სს-ით დათარიღებულ დარღვეულ სამარხებში [ჩართოლანი, 2010: 14], თითო ცალი ატარაში, განახლებაში, გაგრაში, ბიჭვინთაში, ხაშუპსეში, ლათაში, მერხეულში, მდ. ციხერვის მარცხენა სანაპიროზე [Трапш, 1971: 148] და 6 ცალი ქალაქ სოჭის მიდამოებში [Воронов, 1979:97]. აფხაზეთში სულ ნაპოვნია, დაახლოებით, 160 „წებელდური ტიპის“ ცული (რაც საერთო რაოდენობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენს), აქედან 25-30% შემთხვევითი აღმოჩენაა. ისინი სამარხებში, როგორც წესი, გვხვდება სხვა იარაღებთან კომპლექსში. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ცული არ წარმოადგენდა უმთავრეს იარაღს და ყოველთვის დამხმარე იარაღად მოიაზრებოდა.

რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს, 2 ცალი ანალოგიური ცული ნაპოვნია ურეკში, რომლებიც ნ. ხოშტარიას მიერ თარიღდება გვიანანტიკური ხანით [ხოშტარია, 1955:63]. ერთი ცალი მსგავსი ცული აღმოჩნდა ნოქალაქევში, ვანში და ციხისძირის №1 ინჰუმაციურ სამარხში, რომელიც ახ.წ. IV ს-ით თარიღდება [ინაიშვილი, 1993: 83,84]. წებელდური ტიპის ცული აღმოჩნდა ზუგდიდის რაიონის სოფ. მახარიაში, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმში. სამი წებელდური ტიპის ცული ნაპოვნია ფიჭვნარში, აქედან ორი - ახ.წ. IV-V სს-ის სამარხებში, ხოლო მესამე - შემთხვევით [კახიძე...,2004:128]. ვარდციხის V-VI სს-ის ფენაში გათხრილი იქნა მინიატურული წებელდური ტიპის ცული [ჯაფარიძე, 1989:107,108]. სოფ. კინოთში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ცული [ლომთათიძე, 1957:6], რომელიც თავისი ფორმით შეიძლება წებელდურ ტიპს მიეკუთვნოს. ასევე არსებობს სხვა ზეპირი ცნობებიც მათი აღმოჩენის შესახებ: რაჭა-ლეჩხუმში, ძევრში, თერჯოლის რ-ნის სოფლებში გოგნაში (დაცულია ჩხარის სასკოლო მუზეუმში), აჯამეთში [ჯაფარიძე, 1989: 107,108]. უკანსკნელ წლებში ასეთივე ცულებია გამოვლენილი მდ. ენგურისა (სოფ. ლენჯერი) და ცხენისწყლის (სოფ. ხოფური) მთიანი ზოლის ახ.წ. V ს-ის სამარხებში [ჩართოლანი..., 2010:10]. ერთ-ერთი ბოლო მონაპოვარია 2011 წელს მესტიის რაიონის სოფ. ნაკიფარში შემთხვევით ნაპოვნი ცული. ჯიეთის სამაროვნის (ჭიათურის სამხრეთ-აღმოსავლეთით) II-III სს-ით დათარიღებულ №6 და №27 სამარხებში აღმოჩნდა წებელდური ტიპის ცულები. პირველი ხასიათდება მოკლე პირითა და ოდნავ შესამჩნევი ყუამილით. მისი სიმაღლეა 15 სმ., სატარე მილის დიამეტრი - 4 სმ. მეორე სამარხის ცული გამოირჩევა ფართო პირითა და ოდნავ გამოყოფილი ყუამილით. სიმაღლეა 12 სმ, სატარე მილის დიამეტრი - 2 სმ [სონღულაშვილი, 2006: 83]. ჯიეთის არტეფაქტებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ №6 სამარხში ნანახი ცული თავისი ფორმით განეკუთვნება მ. კაზანსკის კლასიფიკაციით მეორე ვარიანტს, რომელიც IV-V სს-ში თავსდება, ხოლო მეორე, №27 სამარხში აღმოჩენილი ნიმუში, კი განეკუთვნება, ამავე კლასიფიკაციით, მესამე ფორმას, რომელიც წარმოადგენს წებელდური ცულის ყველაზე ტიპიურ და გვიანდელ მოდიფიკაციას (ახ.წ. IV-VII სს.). აქედან გამომდინარე, ამ სამარხების II-III საუკუნეებით დათარიღება საკამათოა.

აფხაზეთის გარეთ მათი აღმოჩენის მრავალი შემთხვევა ადასტურებს, რომ ეს ტიპი არ იყო დამახასიათებელი მხოლოდ ერთი რეგიონისთვის, აფხაზეთისათვის, არამედ ის გავრცელებული ყოფილა მთელ დასავლეთ საქართველოში [სურ.9]. ამაზე მიუთითებს ვარდციხეში აღმოჩენილი მინიატურული ცულიც, რომელიც საკულტო ან სათამაშო ნივთად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებინებს ამგვარი ფორმის იარაღის ფართოდ გავრცელებას ისტორიული ეგრისის მთელ ტერიტორიაზე [ჯაფარიძე, 2006:179]. „წებელდური“ მას პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით დაერქვა.

როგორც წესი, სამარხებში ცულები ფიქსირდება მიცვალებულის მარცხენა მხართან, შუბისპირებთან ერთად (იშვიათად მარჯვენა მხართან). ზოგიერთ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდა მიცვალებულის საქამრე ნაწილიდან მარცხნივ ან მარცხენა ბარძაყთან, ყუით ქვემოთ. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთ ცულებს ატარებდნენ მარცხნივ, ქამარზე [Воронов..., 1982:128]. წებელდურ ტიპთან გარკვეულ მსგავსებას ავლენს გერმანიასა და ჩეხეთ-სლოვაკეთში აღმოჩენილი გვიანრომაული ხანის ცულები [Куфтин, 1949:93]. არქეოლოგი ბ. კუფტინი ვ. ოსბორნეს ნაშრომზე დაყრდნობით მიუთითებდა ამგვარი ფორმის ცულების პოვნის ფაქტზე გერმანიასა და ბოჰემიაში. ქალაქ მაინდეს (გერმანია) მუზეუმის ფონდებში ინახება ცულები, რომლებიც გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია სახელით Bartacht (გერმანულიდან ითარგმნება როგორც „წვერებიანი“) და არაფრით განსხვავდება ე.წ „წებელდურებისაგან“ [ჯაფარიძე, 2006:178,179]. დასავლურ და რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც ხშირად მათ „წვერებიან“ ცულებს უწოდებენ, მათი პირის მოყვანილობის გამო [ბერულავა, 2009:28]. ასეთი ერთი ცულია ნაპოვნი თურქეთის ტერიტორიაზეც, ამიტომ არ არის გამორიცხული VI საუკუნის ბიზანტიურ არმიაში არსებული ცულები, რომლებიც წერილობით წყაროებში ფიქსირდება, ფორმით წებელდური ტიპის მსგავსი ყოფილიყო [Воронов..., 1982:128]. ასევე ახლოა მასთან ფრანკული ცულები, ე.წ ფრანცისკები, რომლებიც გავრცელებული იყო ახ.წ. V-VI სს-ში. წებელდური ტიპის ცულსა და ფრანცისკებს შორის მსგავსება განსაკუთრებით სახელურის სიგრძეში შეიმჩნევა. წებელდური ცულის ტარზე წარმოდგენას გვიქმნის გუარაპის საკულტო ქვაზე არსებული გამოსახულება [სურ.6], რომელიც შეესატყვისება ფრანკთა სამარხებში აღმოჩენილი ცულების ტართა სიგრძეს (30–40 სმ). ასეთ მოკლეტარიან ცულებს ფრანკები იყენებდნენ როგორც სატყორცნ იარაღს. პროკოპი კესარიელის მიხედვით, ამ ცულებს „რკინა ჰქონდათ მტკიცე... ხის ტარი კი ძალიან მოკლე. პირველივე შეტევისას, როგორც წესი, ისინი ამ ცულებს სტყორცნიან მტერს, რომლებიც ამსხვრევენ მტერთა ფარებს და ასევე ხოცავენ მათ” [Воронов..., 1982:128]. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წებელდური ცულებიც იმავე ფორმით გამოიყენებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეომარს სხვა იარაღებიც ჰქონდა. წებელდური ტიპის ცულის პროტოტიპი არ არის დადგენილი. გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის კოლხურ ცულებთან, შემდგომ კლასიკურ და ელინისტურ ხანაში გავრცელებულ ცულებთან მათ დაკავშირებას ხელს უშლის მნიშვნელოვნად განსხვავებული ფორმები, ასევე მათი დამზადების რიგი ტექნოლოგიური თავისებურებები [ჯაფარიძე, 2006:178,179]. წებელდური არტეფაქტების პროტოტიპებად ვერ ჩაითვლება ადრებრინჯაოსა და შუაბრინჯაოს ხანის ყუამილიანი ცულებიც, მათ შორის დიდი ქრონოლოგიური დაშორებისა და შუალედური ტიპის არარსებობის გამო. საინტერესოა ის, რომ გვიანრომაულ ხანაში გერმანული ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზეც მსგავსი ტიპის ცული ჩნდება შედარებით მოგვიანებით, იმავე დროს, როცა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „წებელდური ტიპის“ ცულების გავრცელება იმპორტს უკავშირდება, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან შემოდიოდა და დაკავშირებული იყო გერმანული ტომების გააქტიურებასთან. შესაძლოა, ეს იმპორტი რომაულ-ბიზანტიური გარნიზონების მეშვეობით ხდებოდა. ცნობილია, რომ რომაული ლეგიონების „გერმანიზაციის“ პროცესი აქტიურად იწყება ახ.წ. III ს-ის ბოლოდან, რაც გულისხმობდა არა მარტო გერმანული წარმოშობის ჯარისკაცების მომრავლებას ლეგიონებში, არამედ გარკვეულწილად გერმანული იარაღების ადაპტირებასაც რომაულ არსენალში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ცნობილი ხდება, რომ ახ.წ. III-IV სს-ის მიჯნიდან კვლავ ხდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული რომაული ციხე-სიმაგრეების კვლავ გამოცოცხლება და ხელახალი გამაგრება-გაფართოება. სავარაუდებელია, რომ ამ დროისათვის აქ ჩაყენებული გარნიზონები უკვე საკმაოდ „ბარბარიზებულია“ (გერმანიზებული). სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა „წებელდური ცულის“ გამოჩენის დროც. როგორც ჩანს, შემდგომში ხდება მისი სწრაფი და ფართო ათვისება ადგილობრივ მოსახლეობაშიც.

ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას ადასტურებს საქართველოში მათი გავრცელების ტოპოგრაფიაც: ყველა ნიმუში აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში, რაც ადასტურებს მათ დასავლურ წარმოშობას, ხოლო მათი დიდი უმრავლესობის აღმოჩენა ზღვის სანაპიროსთან ახლოს, განსაკუთრებით კი წებელდაში, სადაც გადიოდა სებასტოპილისიდან ქლუხორისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული გზა და სადაც თავმოყრილი იყო ციხე–სიმაგრეების მთელი სისტემა, რაც მიანიშნებს მათ უშუალო კავშირს რომაულ, შემდეგ კი ბიზანტიურ სამხედრო გარნიზონებთან.

 

ლიტერატურა

აბრამიშვილი რ.
1957
სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს ხანის და რკინის ფართო ათვისების ხანის ძეგლების დათარიღებისთვის. შსმმ. XIX-A - XXI-B. თბილისი.
ბარამიძე მ.
1977
მერხეულის სამაროვანი. თბილისი.
ბარამიძე მ.
1998
შავიზღვისპირეთი ძვ.წ II-I ათასწლეულების პირველ ნახევარში. სადოქტორო დისერტაცია. თბილისი.
ბერულავა ნ.
2009
დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები და სამხედრო საქმე ადრეშუასაუკუნეებში (V-XI სს). თბილისი.
გაგოშიძე ი.
1964
ადრეანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან. თბილისი.
გამყრელიძე გ.,ფირცხალავა მ.,ყიფიანი გ.
2005
ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები. თბილისი.
გობეჯიშვილი გ.
1952
არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში. თბილისი.
დავითაშვილი ა.
1998
„მეომრის სამარხი“ სოფელ მცხეთიჯვრიდან. ნარკვევები, II. თბილისი.
დავლიანიძე ც.
1983
ქვემო ქართლის (თრიალეთის) კულტურა ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში. თბილისი.
ინაიშვილი ნ.
1993
ციხისძირის ახ.წ. I-VI სს-ის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი.
კალანდაძე ა.
1954
სოხუმის მთის არქეოლოგიური ძეგლები. სოხუმი.
კახიძე ა.,ვიკერსი მ.
2004
ფიჭვნარი I. საქართველო–ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები. ბათუმი.
კვირკველია გ.
1982
ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ძვ.წ. VIII-VI სს-ის მატერიალური კულტურა. საკანდიდატო დისერტაცია. თბილისი.
ლომთათიძე გ.
1957
კლდეეთის სამაროვანი. თბილისი
ლორთქიფანიძე გ.
1976
საბრძოლო და სამეურნეო იარაღი. ვანი II. თბილისი.
მახარაძე გ.
1991
საბადურის გორის სტრატიგრაფია და საირხის ნაქალაქარის ისტორიის ძირითადი ეტაპები. თბილისი.
მიქელაძე თ.
1985
კოლხეთის ადრერკინის ხანის სამაროვანი. თბილისი.
ოქროპირიძე ნ.
1984
ნარეკვავის სამაროვანი. თბილისი.
პაპუაშვილი რ.
1998
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ცენტრალური კოლხეთის სამარხ ორმოთა ფარდობითი ქრონოლოგიისთვის საბრძოლო იარაღის მიხედვით. საკანდიდატო დისერტაცია. თბილისი.
სონღულაშვილი ხ.
2006
ჯიეთის სამაროვანი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ჟურნალი, IV. თბილისი.
ქორიძე დ.
1965
კოლხური კულტურის ისტორიისთვის. თბილისი.
ჩართოლანი შ.
1996
ძველი სვანეთი. თბილისი.
ჩართოლანი შ., ცინდელიანი მ.
2010
კოდორის ხეობის “დალ”-ის მხარის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი.
ძიძიგური ლ.
2002
სამხრეთ კავკასიის მიწათმოქმედების ისტორიისათვის. თბილისი.
ძიძიგური ლ.
2002
ძველი კოლხეთის სამეურნეო კულტურა. თბილისი.
ხოშტარია ნ.
1955
არქეოლოგიური გამოკვლევა ურეკში. მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, I. თბილისი.
ხოხობაშვილი თ., ძნელაძე მ.
2008
აბულმუგის ანტიკური ხანის სამაროვანი (ძვ.წ VI-III სს). თბილისი.
ჯაფარიძე ვ.
1989
ვარდციხის ნაქალაქარი. თბილისი.
ჯაფარიძე ვ.
2006
ეგრისის ახ.წ I-VII სს-ის მატერიალური კულტურის ძეგლები. თბილისი.
Артилаква В.
1976
Железообрабатываюшее ремесло древней Грузии. Тбилиси.
Аханов Н.
1961
Геленджикские подкурганные долмены. СА, №1. Москва.
Виноградов В.
1972
Централъный и Северо-Восточный Кавказ в скифское время. Грозный.
Воронов Ю.
1969
Археологическая карта Абхазии. Сухуми.
Воронов Ю., Вознюк А., Юшин В.
1970
Апуштинский могилъник IV-VI вв н.э в Абхазии. СА, №1.
Воронов Ю.
1979
Древности Сочи и его окрестностей. Краснодар.
Воронов Ю., Шенкао Н.
1982
Вооружение воинов Абхазии IV-VII вв. Древности эпохи великого переселения народов IV-VII вв. Москва.
Гзелишвили И.
1947
Остатки кремации, погребенные в глиняных сосудах в Абхазии. «САНГ», VIII, 1-2. Тбилиси.
Гогадзе Э.
1984
К вопросу о хронологии и периодизации памятников колхидской кулътуры. შსმმ XXXVII-B.37. Тбилиси.
Джапаридзе О.
1953
Бронзовые топоры Западной Грузии. СА. XVIII. Москва.
Есаян С., Погребова М.
1985
Скифские памятники закавказъя. Москва.
Кигурадзе Н.
1976
Дафнарский могилъник. Тбилиси.
Куфтин Б.
1949
Материалы к археологии колхиды. Т-1. Тбилиси.
Куфтин Б.
1950
Материалы к археологии Колхиды, Т-2. Тбилиси.
Макалатия С.
1951
Археологические находки в село Ахриси. ВДИ, №3.Тбилиси.
Мартиросян А.
1964
Армения в эпоху бронзы и раннего железа. Ереван.
Мелюкова А.
1964
Вооружение скифов. САИ, Вып Д 1-4. Москва.
Микеладзе Т.
1995
Колхидская экспедиция в 1987 году. ПАИ. Тбилиси.
Пиотровский Б.
1939
Урарту. древнее государство Закавказъя. Ленинград.
Погребова М.
1969
Железные топоры скифского типа в Закавказъе. СА №2. Москва.
Рамишвили Р.
2003
Грузия в эпоху раннего средневековья (IV-VIII вв.). Крым, Северо-Восточное Причерноморье и Закавказье в эпоху средневековья. (IV – XIII века). Москва.
Техов Б.
1980
Тлийский могилъник (комплексы XVI-X вв. До н. э.). Тбилиси.
Трапш М.
1951
Грунтовые погребения с инвентарем скифского типа в сел.Куланурхва.-Тр. Абхазского Института языка, литературы и истории. Т XXIV. Сухуми.
Трапш М.
1969
Труды. Т-2. Тбилиси.
Трапш М.
1971
ТРУДЫ. Т-3. Кулътура цебелъдинских некрополей. Тбилиси.
Уварова П.
1900
Могилъники Северного Кавказа. МАК. VIII. Москва.
Шамба Г.
1970
Ахаччарху. Древний могилъник нагорной Абхазии. Сухуми.
Шамба Г.
1980
Эшерское городище. Тбилиси.
Kazanski M., Mastykova A.
2007
Tsibilium II. Paris.