ევროპული ენების ჟარგონებში არსებული ნასესხობები ბოშური ენიდან: მათი წარმომავლობა, მნიშვნელობა და იდეოლოგია
ევროპულ ენებში არსებული ჟარგონები და პირობითი ენა1 საყურადღებოა იმით, რომ მასში საკმაოდ ბევრი სიტყვაა, რომელთა წარმოშობაც ბოშურ ენას უკავშირდება2. სტატია განიხილავს ასეთი სიტყვების არსებობას სასაუბრო ენასა და ჟარგონში/პირობით ენაში. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვამახვილებ ესპანურზე და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ზოგიერთ ენაზე (ჩეხური, სლოვაკური, უნგრული, რუმინული). შესავალში მოკლედ მიმოვიხილავ იმ სემანტიკურ ჯგუფებს, რომლებშიც ამგვარი სიტყვების მოძიებაა შესაძლებელი. ეს ჯგუფები, რომლებიც ყველა საკვლევ ენაში გვხვდება, გასაოცარ ლექსიკურ მსგავსებას გვაჩვენებს.3
სტატიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ზოგიერთი სემანტიკური ჯგუფის გამოყოფა ეთნიკური თვალსაზრისით (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკურ ჯგუფის წევრსა და არაწევრზე ფოკუსირება) და იმის ჩვენება, თუ როგორ იცვლება სიტყვის მნიშვნელობა ხშირად უარყოფითისაკენ/დამამცირებელისაკენ და ეს ტენდენცია ყველა ენაში ნათლად ჩანს. ამას გარდა, შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რომლებმაც განაპირობა ამ სიტყვათა შესვლა ჟარგონში/არაფორმალურ მეტყველებაში და რატომ შეიძლებოდა მათი მნიშვნელობა შეცვლილიყო. ამ მიზნით მოვიყვან მაგალითებს ჩეხური, უნგრული, ესპანური ინტერნეტ ბლოგებიდან თუ დისკუსიებიდან. 2006-2012 წლებში ჩავატარე კვლევა ამ საკითხის შესახებ და, შესაბამისად, ამ კვლევას ემყარება ჩემი მონაცემები, რომელთაც ქვემოთ მოვიყვან.4
რამდენიმე მოკლე ისტორიული ცნობა ცენტრალურ ევროპაში არსებული ბოშა მოსახლეობის5 შესახებ
ბოშები ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე მეთხუთმეტე საუკუნეში მოვიდნენ და აქედან მოედვნენ მთელ დასავლეთ ევროპას და ესპანეთამდეც კი ჩააღწიეს.6
ისტორიის განმავლობაში ბოშების მიგრაცია ევროპაში რამდენიმე ტალღად მოხდა. ყველაზე დიდი ნაწილმა მიაღწია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპას მეცხრამეტე საუკუნეში. ეს მაშინ მოხდა, როცა დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე სისასტიკით გამორჩეული ბატონყმობა გაუქმდა7. ამან გამოიწვია მათი ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში მიგრაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს ცენტრალურ ევროპაში ადგილი ჰქონდა ბოშათა გენოციდს. ეს ბოშები ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ადგილობრივ მოსახლეობაში იყვნენ უკვე ასიმილირებულები.
ჩეხოსლოვაკიაშიიიის ომის შემდეგ 8 სლოვაკი ბოშების ორგანიზებული გადასახლება მოხდა აღმოსავლეთ სლოვაკეთიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე; უმეტეს შემთხვევაში საზღვრისპირა ნაწილებში ხდებოდა ამგვარი გადასახლება. კომუნისტური რეჟიმის დროს ტრადიციული ბოშური კულტურა, ენა და ეროვნული სული მუდმივად იჩაგრებოდა. ამან კი, თავის მხრივ, ბოშ მოსახლეობაში ტრადიციული ფასეულობების ნგრევა გამოიწვია. რკინის ფარდის მოსპობის შემდეგ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპიდან დასავლეთისაკენ მიგრაცია კიდევ რამდენიმეჯერ დაფიქსირდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად ცხოვრობდა ბოშა - ესპანეთსა თუ უნგრეთში - ორივე ქვეყანაში, მათი გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, მათ მიმართ დამოკიდებულება მაინც ერთნაირი იყო: ისინი იდევნებოდნენ (განსაკუთრებით მეთვრამეტე საუკუნეში), მათი ეთნოსის მუდმივი უარყოფა ხდებოდა. სიტყვა ,,ბოშა’’ აკრძალული იყო და მათ მოიხსენიებდნენ სახელით ,,ახალი ესპანელი’’ ან ,,ახალი უნგრელი’’. თუმცა ბოშები დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი ამ ქვეყნებში და მათი მუსიკის განვითარებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს (ესპანური ფლამენგო სწორედ ბოშური მუსიკის მოტივებზეა ისევე, როგორც უნგრული ვერბუნკოში და ცარდასი). სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამ ქვეყნების ჟარგონში უხვადაა ნასესხობები ბოშათა ენიდან.
ბოშური წარმოშობის სიტყვები და მათი ადგილი ევროპული ენების ლექსიკონში
ბოშურ დიალექტებს, რომლებიც ევროპაშია გავრცელებული, მეცნიერები მეთვრამეტე საუკუნიდან შეისწავლიან.9 ცნობილია, რომ ბოშათა ენა შედგება, ერთი მხრივ, ინდური წარმოშობის სიტყვებისაგან და, მეორე მხრივ, სომხური, სპარსული, ბერძნული ან სლავური ნასესხობებისაგან. ეს ნასესხობები განპირობებულია იმით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ან ცხოვრობს ბოშათა ესა თუ ის ჯგუფი.
დღესდღეისობით ლექსიკოლოგები, სოციო-ლინგვისტები თუ სხვა დარგების ექსპერტები დაინტერესებულნი არიან, თუ როგორ მოახდინა გავლენა ამ ქვეყნების ენაზე ბოშათა ენამ.
ბოშური წარმოშობის სიტყვები10 შესულია ზოგიერთ ჟარგონის ლექსიკონში11 და რამდენიმე სტატიაში12, თუმცა, სამწუხაროდ, ევროპულ ენებში ეს საკითხი არ არის ჯეროვნად შესწავლილი, მეცნიერები არ ახდენენ ფოკუსირებას ბოშური წარმოშობის სიტყვებზე.13
საშუალო ასაკის მშობლიურ ენაზე მოსაუბრე, ვთქვათ, ჩეხი ადამიანი, ძალიან მარტივად განასხვავებს ჩეხურ ენაში ინგლისური ან გერმანული წარმოშობის სიტყვებს, თუმცა, არასდროს არაფერი სმენია, ალბათ, ბოშური წარმოშობის სიტყვების შესახებ. ეს ბოშათა ეთნოსის მრავალწლიანი მარგინალიზაციის შედეგია14 და ბოშათა ენისაც და იმისიც, რომ ეს ენა უმრავლესობათა ენაში ისე შევიდა, რომ მარგინალური შრეები არ გააჩნია.15
ბოშური ენიდან მომდინარე სიტყვების უმრავლესობა სასაუბრო ენაში ისე შევიდა, რომ რიგ შემთხვევაში მისი ბოშური ძირები საერთოდ უცნობია (ისინი ლექსიკონებშიც კი არ არის ნახსენები).
ბოშური წარმოშობის სიტყვები სხვადასხვა რაოდენობით არის წარმოდგენილი სხვადასხვა ენაში. მაგალითად, სალაპარაკო უნგრულში, რუმინულში თუ ესპანურში ისინი უფრო მეტადაა, ვიდრე სლოვაკურში; კიდევ უფრო მცირეა მათი რაოდენობა ჩეხურში. ამ ყოველივეს ისტორიული თუ სოციო-კულტურული ფაქტორები განაპირობებს.
პირველ რიგში, ბოშათა დიდი დიასპორა (ბუნებრივია ჰეტეროგენული) ჩეხეთის რესპუბლიკაში და სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ესპანეთშია. ამ ქვეყნის ბოშები სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ (ზოგიერთი ჯგუფი საერთოდ აღარ საუბრობს ამ ენაზე). მიუხედავად ბოშათა ტრადიციების მარგინალიზაციისა, აშკარად ჩანს ის ტრადიცია, რომ არსებობდა მრავალწლიანი სოციალური კონტაქტი ბოშა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
ევროპული ენების უმრავლესობის პირობითი ენა (ევროპული ენების საკმაოდ დიდი ნაწილი) სწორედ ბოშათა ენის გავლენით ჩამოყალიბდა. ეს ტენდენცია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და დღესაც აქტუალურია.16 იგი დაკავშირებულია ინდუსტრიალიზაციასთან და ასევე ბოშათა მიგრაციასთან. ზოგიერთი სიტყვა დღეს აღარ არის პირობითი ენის შემადგენელი ნაწილი და აქტიურად გამოიყენება ამ ქვეყნების სალაპარაკო ენებში.
ბოშური სიტყვები ჩეხურ, უნგრულ, რუმინულ და ესპანურ პირობით ენებში
ჩეხური პირობითი ენა გერმანულ ჟარგონთან პირდაპირი კავშირის შედეგად ყალიბდებოდა და, შესაბამისად, მასში მრავლადაა ნასესხობები ებრაულიდან (გერმანული პირობითი ენის ნახევარი ებრაული ენიდან მოდის და ამიტომ ჩეხურ ენაშიც იმავე ტენდენციას ვხვდებით). ბოშური წარმოშობის სიტყვები მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საკმაოდ მცირე იყო და მათი რიცხვი თანდათან გაიზარდა.17
ტრადიციულად ვხვდებით უამრავ ბოშურ სიტყვას იმ ჟარგონში, რომელსაც იყენებდნენ ცირკის მსახიობები, ჟონგლიორები და სხვა ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ. მათი ჟარგონის უმეტესობა კრიმინალური ხასიათისაა, რადგან ისინი ყოველთვის საზოგადოებისაგან გარიყულნი იყვნენ. ჩეხი ცირკის მოხელეთა ჟარგონის 35% შედგება ბოშური წარმოშობის სიტყვებისაგან; რა თქმა უნდა, ყველა მათგანს არ მოუღწევია ჩვენამდე, თუმცა მათი უმეტესობა დღესაც არსებობს18.
უნგრული და ესპანური პირობითი ენაც ხასიათდება ბოშური წარმოშობის სიტყვების დიდი სიმრავლით. ისინი დაცულია მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც შესამჩნევია მათი საგრძნობი ზრდა. ეს ყოველივე დაკავშირებულია ინდუსტრიალიზაციასთან და ამ ქალაქებში ბოშა მოსახლეობის მიგრაციასთან. ბოშებმა ხელი შეუწყვეს სპეციალური, გარეუბნული ჟარგონის ჩამოყალიბებას. უამრავი ბოშური წამოშობის სიტყვა უნგრული და ესპანური სალაპარაკო ენის განუყოფელი ნაწილი გახდა. მათი რაოდენობა, დაახლოებით, 400-ს აღწევს.
უამრავი ნასესხობაა ბოშური ენიდან თანამედროვე რუმინულ ენაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ წლების განმავლობაში არსებობდა საკმაოდ მჭიდრო კავშირი ბოშებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.19
ბოშური ენის ნასესხობათა სემანტიკური თავისებურება და რამდენიმე მაგალითი ზოგიერთ ევროპულ ენაში
სემანტიკური20 თვალსაზრისით შეინიშნება ტენდენციები, რომლებიც მსგავსია ყველა ენისათვის:
1) უმეტეს შემთხვევაში ბოშური ენის მნიშვნელობა შენარჩუნებულია: ბოშურად šukár21 'ლამაზი' → უნგრულად sukár22 'ლამაზი', ესპანურად juncal23 'ლამაზი'; ბოშურად jakha 'თვალი' → ესპანურად acáis 'თვალები'.
2) თუმცა ზოგ შემთხვევაში მნიშვნელობა უარყოფით დატვირთვას იღებს: vakerel 'საუბარი (მესამე პირი)' → უნგრულად vakerál 'ჭორაობა (მესამე პირი)'; ბოშურად čhaj 'გოგო' → ესპანურად chai 'მსუბუქი ყოფაქცევის ქალი'.
3) ხანდახან მნიშვნელობა არამდგრადია: ბოშურად gadžo 'გლეხი, არაბოშა' → უნგრულად gádzsó 'არაბოშა', 'კაცი', 'ბოშა კაცი'; ესპანურად gachó 'კაცი', 'ცუდი კაცი'.
4) ზოგ შემთხვევაში მნიშვნელობა იცვლება: ბოშურად mangel 'თხოვნა, ხვეწნა (მესამე პირი' → ესპანურად mangar 'მოპარვა (მესამე პირი)', უნგრულად mangázik მოპარვა (მესამე პირი)'; ბოშურად rat 'ღამე'24 → ესპანურად rachí წვეულება (კორუნას ჟარგონზე).
ამ შემთხვავაში ეს არის მოკლე მიმოხილვა იმ სემანტიკური კატეგორიებისა, რომლებშიც ხშირად ვხვდებით ბოშურ ნასესხობებს. ის სემანტიკური სივრცე, რომელიც ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შემდეგია:
1) ნათესაობის აღმნიშვნელი სიტყვები, ეთნიკურობისა თუ პროფესიის გამომხატველი, მაგალითად: უნგრულად csaj 'გოგო, მეგობარი გოგო' (ბოშურად čhaj), ესპანურად chaval 'ბიჭი' (ბოშურად čhavo, čhavale ბიჭები), უნგრულად góré 'უფროსობა' (ბოშურად goro, gore უფროსი), ესპანურად manús, უნგრულად manusz 'ყმაწვილი' (ბოშურად manuš), უნგრულად. more 'ბოშა' (ბოშურად moré გამოიყენება, როცა მიმართავენ კაცს); ეთნოსით განპირობებულ ტერმინებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ;
2) ადამიანის სხეულის ნაწილების სახელწოდებები, ხშირად ფოკუსი ხდება კონკრეტულად ქალზე ან კაცზე: ესპანურად bul, bullate, უნგრულად bula 'დუნდულები' (ბოშურად bul, buljate), ესპანურად chucháis, უნგრულად csöcs25 'მკერდი' (ბოშურად čuči, čuča);
3) სეკრეციის გამომხატველი სიტყვები: უნგრულად kula 'კუჭში გასვლა' (ბოშურად khul), ესპანურად giñar 'ბუასილის ქონა, ჩეხურად chynda 'დუნდულები' (ბოშურად xin - 'ძღნერი') უნგრულად mutrál 'მოფსმა (მესამე პირი)' (ბოშურად mutrel 'მოფსმა (მესამე პირი)';
4) პროსტიტუცია და სექსი: ესპანური lumi 'მსუბუქი ყოფა-ქცევის ქალი' (ბოშურად lubni, lumni), უნგრულად lugnya 'მსუბუქი ყოფა-ქცევის ქალი' (Rom. lubnja);
5) საჭმელ-სასმელი, თრობა: უნგრულად kaja 'საჭმელი', ესპანურად jalar 'ჭამა' (ბოშურად. xal 'ჭამს'), pia 'ალკოჰოლი' (ბოშურად. pijel 'სვამს’) ესპანურად mol, mollate 'ღვინო', უნგრულად mólés 'მთვრალი' (ბოშურად mol 'ღვინო');
6) საუბარი და ემოციის გამოხატვა: უნგრულად hadovál, dumál 'ჭორაობს', ესპანურად chivar 'ღალატი', უნგრულად rovázik 'ტირის' (ბოშურად rov- 'ტირილი'), rinyál 'ტირის';
7) კრიმინალური აქტივობა: უნგრულად csór, ესპანურად chorar 'მოპარვა' (ბოშურად čor 'ქურდი');
8) ფული: უნგრულად lóvé 'ფული' (ბოშურად love), ესპანურად parné 'ფული' (ბოშურად parne);
9) ზედსართავი სახელები, რომლებიც გამოხატავს რაღაც დიდს, კარგს, შესანიშნავს: უნგრულად baró (ბოშურად baro), lácsó (ბოშურად. lačho), csácsó (ბოშურად čačo 'სწორი'), ესპანურად chachi;
10) ხარისხი და ხასიათი: უნგრულად gógyis 'ჭკვიანი' (ბოშურად godi 'ტვინი'), dilis 'გიჟი' (Rom. diló, dilino 'გადარეული'), ესპანურად chungo 'ცუდი' (ბოშურად džung 'ბოროტი'), gili/jili 'გიჟი' (ბოშურად xir 'ვირი');
11) ძირითადი ზმნები, რომლებიც გამოხატავს მოძრაობას ან გრძნობას: ესპანურად chalar 'წასვლა' (ბოშურად džal 'მიდის'), chalarse 'გაგიჟება', sobar 'ძილი' (ბოშურად sov 'ძილი'), chanar 'ცოდნა' (ბოშურად džan 'ცოდნა'), camelar 'სიყვარული' (ბოშურად kamel 'უყვარს'), უნგრულად dzsal 'მიდის' (ბოშურად džal), kamel 'უყვარს', szovel 'სძინავს'.
ზოგიერთი სიტყვა ეფუძნება ერთი და იმავე სიტყვას (და მსგავსი ფორმით) ერთზე მეტ ენაში.26 მხოლობითი სიტყვების დიფუზია განსხვავებულია თითოეულ ენაში. ყველა ენის ლექსიკონი უმეტეს შემთხვევაში განიცდის დიფუზიის ნაკლებობას (მაგალითად, უნგრულად csávó 'ახალგაზრდა მამაკაცი' ბოშურიდან čhavo; ესპანურიდან queli/keli 'სახლი' ბოშურიდან kher 'სახლი' - არ არის ორივე ენის ლექსიკონში)
ასახავენ თუ არა ბოშური ნასესხობები ბოშურ ღირებულებებსა და გამოცდილებას ?
ლექსიკონში ხშირად ვხვდებით ვულგარულ ან უარყოფითი დატვირთვის სიტყვებს, რომლებიც ბოშური წამომავლობისაა. მაგალითად, ჩეხურ სალაპარაკო ენაში გამოყენებული სიტყვები čokl (ძაღლი) ან čórnout (მოპარვა) არც თუ ისე კარგად ჟღერს ჩეხი ადამიანის ყურისათვის. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბოშური ნასესხობები ხშირად შეურაცმყოფელია ან იწვევს აღშფოთებასა და გულისწყრომას. ამან შეიძლება გამოუცდელი ადამიანი მიიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ ბოშური ენა არის უხეში და უხამსი ჟარგონი. თუმცა ეს აზრი მრავალჯერ გაქარწყლდა.27
როგორც ზემოთ ვნახეთ, არსებობს ბევრი საერთო ან ნაკლებ საერთო გამონათქვამები ისეთ სემანტიკურ დომეინებში, როგორებიცაა ნათესაობა, ეთნიკურობა, გრძნობები, აქტივობა, პროფესია, ემოცია და გამომხატველობა. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ შეუსაბამობა ბოშურ ნასესხობებში ევროპულ ენებში და მემკვიდრეობით მიღებული ლექსიკონი მატრასი სწორედ ამის შესახებ საუბრობს. იგი წერს:
“იბადება კითხვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მემკვიდრეობით მიღებული ლექსიკონის სემანტიკური სტრუქტურა უძველესი ბოშური კულტურის აღგენის თვალსაზრისით. მოლოდინი იმისა, რომ ამგვარი ლექსიკონი უნდა შეიცავდეს უძველეს ტრადიციებს, სოციალური ორგანიზების ფორმებს, არის უბრალოდ ჰიპოთეზა, რომელიც ინდო-ევროპულ კვლევებს ემყარება; მაგრამ სრულებითაც არ არის საჭირო, რომ ის ერგებოდეს ჩვენს კონკრეტულ კონტექსტს, რადგან სხვადასხვა ლექსიკურ მონაცემს შეიძლება ურთიერთსაწინააღმეგო ინტერპრეტაციაც კი ჰქონდეს’’ [Matras, 2002:28-29].
თუ ევროპულ ენებში ბოშური ენიდან ნასესხობებს განვიხილავთ, ალბათ რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ეს ნასესხობები რაღაც კუთხით მაინც ასახავს ბოშათა ცხოვრების სტილსა თუ ღირებულებებს. ერთი მხრივ, ისეთი სემანტიკური დომეინები, როგორებიცაა სხეულის ნაწილები, თრობის, ემოციის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები, სექსუალური ანდა ტაბუირებული სიტყვები უხვად არის წარმოდგენილი ევროპულ ჟარგონებში და ასახავს ბოშათა ცხოვრების სტილს. მეორე მხრივ, ზოგიერთი ტერმინი - მაგალითად, მუსიკასთან დაკავშირებული სიტყვები - არ არის დამახასიათებელი ჟარგონისათვის. სტატიის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებ ეთნოსით განპირობებული ტერმინების შესახებ და თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია მისი ცვლილება და შეიძლება თუ არა მისი მიჩნევა ტრადიციული ბოშური აზროვნების ნაწილად.
ეთნოსით განპირობებული ტერმინები
ინდოეთიდან ბოშებმა მკაცრად განსაზღვრული კასტური წყობა და ენდოგამია წამოიღეს. ეს განაპირობებდა იმას, რომ ბოშებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის ყოველთვის უფსკრული იყო, მიუხედავად მათ შორის არსებული სოციალური კონტრაქტისა.
ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის იყენებნენ სპეციალურ ტერმინებს დანარჩენი მოსახლეობის აღსანიშნავად. ეს ცნებები არ უტოლება უცხოს ანდა უცხოელს (მაგალითად ებრაელები არაებრაელს მოიხსენიებენ სიტყვით goi). ბოშებისათვის, არსებობს ტერმინი gádžo ჩეხების აღსანიშნავად, Gatscho - გერმანელებისათვის, gádzsó - უნგრელებისათვის , gagiu - რუმინელებისათვის, ა.შ.).
როგორც მატრასი აღნიშნავს,
“განსხვავება ბოშასა და არაბოშას შორის გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი ბოშათა ჯგუფის კულტურაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიწმინდეს/წაბილწვას. ზოგიერთი ამას ინდურ კასტურ წყობილებას უკავშირებს (ჰენკოკი 1991), სხვანი ამას მიიჩნევენ პერიპათეტიკური კულტურის სპეციფიკურ გამოვლინებად (საზერლენდი 1975)” [Matras, 2002:28-29].
ბოშური გამოთქმა gadžo ნიშნავს არაბოშა კაცს (gadži - არაბოშა ქალს). ეს სიტყვა ევროპული ენების უმრავლესობაში თავისი პირველადი მნიშვნელობით არის შესული. ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, ჩეხურში) ეს მოიაზრება, როგორც ტიპური ბოშური სიტყვა, და, ძირითადად, გამოიყენება როდესაც ,,ბოშების საკითხების’’ შესახებ საუბრობენ. თუმცა, როცა ჩეხი ადამიანი იყენებს ამ სიტყვას (საუბრობს ბოშათა და არაბოშათა ურთიერთობზე), მას, ძირითადად, უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ ევროპულ ენაში ბოშური სიტყვა gadžo/gadži იხმარება ზოგადად ქალისა თუ მამაკაცის აღსანიშნავად და იქიდან გამომდინარე, თუ კონკრეტულად ვისზეა საუბარი, მას აქვს ან დადებითი, ან უარყოფითი მნიშვნელობა.
ჩეხურში gádžo (მისი მდედრობითი ფომით gádžovka) იყენებენ როგორც ლაპარაკისას, ასევე წერისას (მაგალითად, ჟურნალისტები), როდესაც ტექსტი შეეხება ბოშათა და არაბოშათა ურთიერთობას და სურთ ბოშის აღსანიშნავად გამოიყენონ უშუალოდ ბოშური ტერმინი. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამ სიტყვის ზუსტი ეკვივალენტი არ არსებობს ჩეხურ ენაში. ცირკის მსახიობების ჟარგონში ამ ტერმინით აღნიშნავენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ ეკუთვნის ბოშათა ერთობას, მაგალითად, წარმოდგენაზე დამსწრე საზოგადოებას.
დღესღეისობით ესპანელი ბოშების უმრავლესობა – gitanos ან calé - ესპნელებს მოიხსენიებენ სიტყვით: payos. ცნება payo-ს აქვს ჩეხურში გამოყენებული gádžo მსგავსი ფუნქცია და იხმარება მაშინ, როცა საუბარია ბოშათა და არაბოშათა ურთიერთობზე. მაგრამ ესპანურ პირობით ენაში (ასევე სალაპარაკო ენაშიც) აგრეთვე ვხვდებით სიტყვებს gachó და gachí (ასევე gache ფორმით). კალოს ენაზე28 ეს სიტყვა აღნიშნავს არაბოშა მამაკაცს ან ქალს, თუმცა ესპანურ ჟარგონში ის იხმარება ზოგადად ქალისა და მამაკაცის აღსანიშნავად. სოციო-ლინგვისტური კვლევების თანახმად, რომელიც ესპანეთში ჩავატარე, gachó რიგ შემთხვევაში მიიჩნევა უცხოელად, ზოგ შემთხვევაში კი უცხო ცუდთან იგივდება (ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც სწორედ ამ დატვირთვით არის შესული). ამის საპირისპიროდ, gachí განისაზღვრება როგორც მიმზიდველი ქალი ან გოგო, თუმცა ხანდახან მსუბუქი ყოფაქცევის ქალადაც კი.
საყვარლისა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის აღმნიშვნელ ტერმინს ვხვდებით უნგრულშიც (gádzsi - ეს ტერმინი ხანდახან ნეიტრალურია და მიმზიდველ ქალს ან გოგოს აღნიშნავს) და რუმინულში (gagiu – საყვარელი, gagiçă – ქალი საყვარელი).
ჩემი აზრით, gadžo-ს საყვარელთან, ხოლო gadži-ს ქალ საყვარელთან ან საერთოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან გაიგივება მოდის ბოშათა ტრადიციული სექსუალური სიყვარულის კონცეფციიდან (სტიუარტი, 2005) და ძალიან კარგად ჩანს ის სემანტიკური ცვლილებები რომლებიც მოხდა ბოშათა ენასა და პირობით ენას შორის კონტაქტამდე.
რუმინულ ჟარგონში gagiu-ს გაიგივებას საყვარელთან დამატებითი ისტორიული მიზეზები გააჩნია: დღევანელი რუმინეთის ტერიტორიაზე ბოშები იყვნენ მონები ან მოსამსახურეები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე და სექსუალური ურთიერთობები ბოშებსა (განსაკუთრებით ქალებსა) და მათ არა-ბოშა მეპატრონეებს შორის საკმაოდ ხშირი იყო.29
ჩემი კვლევის თანახმად, უნგრელები და ესპანელები მიიჩნევენ, რომ სიტყვა gadžo „ბოშურია“ და აქედან გამომდინარე მისი გამოყენება ბოშების აღსანიშნავად დაიწყეს.
ბოშები იყენებდნენ მეზობელი მოსახლეობის ლექსიკურ ერთეულებს. მაგალითისათვის ვახსენოთ ბოშური სიტყვა xulaj 'მიწთამფლობელი, ბატონი, ფერმერი,' რომელიც ესპანურ ჟარგონში შევიდა, როგორც julay/julai და ნიშნავს ‘წინდაუხედავს’. ამ შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობის ცვლა დაკავშირებულია ბოშების უნართან, მოიტყუონ და გააცურონ ადამიანი. ბოშური ზღაპრების მთავარი პერსონაჟი ხშირად არის ჭკვიანი ბოშა, რომელიც ახერხებს სულელი და მიამიტი უცხოელის გაბრიყვებას.
ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ბოშები ხშირად იყენებენ სიტყვას goro (ინდურში gorá ნიშნავს ღია ფერისას) gadžo-ს ნაცვლად. სასაუბრო უნგრულში სიტყვა góré ნიშნავს უფროსს, დირექტორს, რომელიც მოდის goro-ს წოდებითი ბრუნვიდან და მას ძირითადად უნგრელი ახალგაზრდები იყენებენ.
უნგრულ ჟარგონში ვხვდებით ასევე ბოშურ სიტყვას raňi (rányi უნგრულში), რომელიც ნიშნავს ქალბატონს და raj-ს, რომელიც ნიშნავს პატრონს (ამ შემთხვევაში ბოშური სიტყვის მნიშვნელობა შენარჩუნებულია).
მოსახლეობის უმრავლესობის ენაში ვხვდებით ბოშურ გამონათქვამებს, რომლებიც აღნიშნავენ ბოშათა საზოგადოებას. ტერმინი “Rom’’ (მრავლობითში Roma) არის ბოშათა ეკვივალენტი. ჩეხურ სალაპარაკო ენაში romák-ს უარყოფითი დატვირთვა აქვს.
გამოთქმა more, რომლითაც ბოშები ახალგაზრდა ბოშას მიმართავენ, არის უნგრულშიც (móré) და ნიშნავს ზოგადად ბოშას.
ჟარგონსა თუ სალაპარაკო ენაში ვხვდებით სიტყვებს, რომლებიც აღნიშნავენ ახალგაზრდა ბოშას. ბოშათა ენა განასხვავებს ბოშა და არაბოშა ბიჭს/ვაჟს და ბოშა და არაბოშა გოგონას/ქალიშვილს. ბოშა ბიჭი/ვაჟი არის čhavo, ბოშა გოგონა/ქალიშვილი არის čhaj, არაბოშა ბიჭი/ვაჟი - raklo და არაბოშა გოგონა/ქალიშვილი - rakli.
არაბოშა ახალგაზრის აღმნიშვნელი ტერმინი გვაქვს ესპანურ ჟარგონშიც: lacorro - ბიჭი და lacorra, lacorrilla - მსუბუქი ყოფაქცევის ქალი (აქაც gadži-ს მსგავსად კავშირია არაბოშა გოგოსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალს შორის). მაგრამ სიტყვები čhavo and čhaj, რომლებიც ევროპულ ენებში აქტიურად გამოიყენება, ზოგადად გოგოსა და ბიჭს აღნიშნავს.
სალაპარაკო უნგრულში გამოთქმა csávó, csávesz ნიშნავს ბიჭს, კაცს, ახალგაზრდა კაცს, ხოლო csaj, csajszi, csajszli - გოგოს, მეგობარ გოგოს (აქედან წამოვიდა სიტყვა csajozni – გოგოსთან ერთად სიარული).
სასაუბრო ევროპულ ესპანურში ძალიან გავრცელებულია სიტყვა chaval (ბიჭი) და ასევე chavó, chavea (სიტყვა chavo ლათინურ ამერიკაში გავრცელებული ესპანურისათვისაც დამახასიათებელია): ესპანურ ჟარგონში chai (გოგო, ახალგაზრდა მეძავი) და გალიციურ ჟარგონში ja, jay გოგო, მეგობარი გოგო) და მისი კნინობითი ფორმები chaborró, chaborrillo (პატარა ბიჭი).
ჩეხურ ჟარგონში ვხვდებით čajka-ს, სლოვაკურში - čaja-ს, გერმანულში Tschei -ს (ეს სიტყვა ფიქსირება რუმინულში, შვედურში და ა.შ)
როგორც უკვე აღვნიშნე, ბოშები განასხვავებენ rom-romni (rom - ქმარი; romni ცოლი) და gadžo-gadži. მაგრამ ამავე დროს ბოშებში არსებობს ზოგადი სიტყვები, რომლებიც აღნიშნავს ადამიანს: manuš (მამაკაცი) და manušňi (ქალი) ისევე, როგორც მამაკაცი – murš და ქალი – džuvli. ზოგიერთი ეს ტერმინი შევიდა ჟარგონშიც. ეს სიტყვა ესპანურში გვხვდება, როგორც manu, manús და ნიშნავს კაცს, უნგრულში – manus, manusz (კაცი). სიტყვა džuvli (რუმინეთის ტერიტორიაზე ასევე žuli-ს ფორმაში) რუმინულში არის წარმოდგენილი, როგორც julă.
Gadžo-ს გამოყენების მაგალითები ჩეხურ, უნგრულ და ესპანურ ინტერნეტ ბლოგებში30:
1) ჩეხური
Na mezinárodní soutěži Eurosong už budou lídry Radoslava Gipsyho Bangu a Vojtěcha Lavičku doprovázet „gádžové“. (In the international competition Eurosong, there will already gadžos accompany the leaders Radoslav Gipsy Banga and Vojtěch Lavička.)
Když se Romové vystěhují z Česka do Kanady, budou spokojeni i gadžové z Ostravy! (When Roma move out from Czech Republic to Canada, also gadžos from Ostrava will be satisfied.)
Občas byli docela hlučnější, ale na Žižkově, kde je v každý ulici 10 hospod, je hlučnej každej - more i gadžo. (Sometimes they were rather noisy but in Žižkov where there are 10 pubs in every street everybody is noisy – more as gadžo.)
2) უნგრული
Sok gádzsó használ a szlengben cigány eredetű szavakat... (Many gádzsók use Gypsy origin words in slang...)
Két csávó meg egy gádzsi … (Two csávó and one gádzsi ...)
3) ესპანური
¿Me quiéres, mi gaché? (Do you love me, my gaché?)
Pese su odio a todo lo americano el gachó llevaba unos vaqueros de marca Levi's. (In spite of his hate of everything American, the gachó was wearing jeans of Levi's.)
No seas gacho (Don't be gachó.)
Sólo una gachí rica puede salvarme ahora (Only a rich gachí can save me know)
(…) el Ayuntamiento de Valencia, gobernado por la "gachí" del ferrari...(the City Hall of Valencia, controled by the gachí of Ferrari...)
დასკვნა:
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ენების ჟარგონში გვხვდება ბოშური წარმოშობის ბევრი სიტყვა. აღსანიშნავია, რომ ციფრები ისტორიული და სოციო-კულტურული ფაქტორებიდან გამომდინარეობს. რიგ შემთხვევაში ნასესხობათა მნიშვნელობა შენარჩუნებულია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სიტყვები უარყოფით კონოტაციას იღებს (ხანდახან მათი მნიშვნელობა ფართოვდება ან პირიქით). მიმაჩნია, რომ ამ ყოველივეს სოციალური და ისტორიული მიზეზები განაპირობებს.
ლიტერატურა
Besses, L. 1984 |
Diccionario de argot español, Cádiz: Universidad de Cádiz. |
Boretzky, N. 1994 |
Wörterbuch Romani-Deutsch-Englisch für den südosteuropäischen Raum : mit einer Grammatik der Dialektvarianten. |
Čengerová, Z. 2009 |
Gitanismos en el lenguaje de los internautas: algunos métodos de investigación. In: Jornadas de Estudios Románicos. Sección de Hispanística. Tomo II: Lingüística. Bratislava: AnaPress. |
2008 |
The Influence of Romani on Colloquial Spanish and Hungarian. Časopis pro moderní filologii. 2/90. |
2007 |
Výrazy z romštiny ve španělštině a maďarštině. Praha: FFUK. Unpublished M.A. thesis. |
Clavería, C. 1962 |
Notas sobre el gitano español. In García Blanco, M. Strenae: Estudios de filología e historia, p. 109-119. Salamanca. |
1951 |
Estudios sobre los gitanismos del español, Revista de Filología Española, Anejo LII, Madrid. |
Fazakas, I. 1999 |
Jasszok, zsarók és cafkavágók. Budapest: Fekete Sas Kiadó. |
Frazer, A. 1998 |
Cikáni. Praha: Nakladatelství Lidové noviny. |
Holub, J., Kopečný, F. 1952 |
Etymologický slovník jazyka českého. Praha: Státní nakladatelství učebnic. Horváthová, J. |
Horváthová, J. 2002 |
Kapitoly z dějin Romů. Člověk v tísni. |
Hübschmannová, M. 2000 |
Černobílý život. Praha: Gallery. |
Hübschmannová, M., Šebková M., Žigová, A. 2001 |
Romsko-český a česko-romský kapesní slovník. Praha: Fortuna. |
Hugo, J. 2006 |
Slovník nespisovné češtiny. Praha: Maxdorf. |
Juhász, J. ... 1999 |
Magyar értelmező kéziszótár. Budapest: Akadémiai Kiadó. |
Kakuk, M. 1993 |
A magyar nyelv cigány jövevény szavaiból. Magyar Nyelv, 89, p. 194-204. |
Kluge, F. 1989 |
Etymologisches Wörterbuch der deutschen Sprache. Berlin: Walter de Gruyter. |
Kövecses, Z. 1998 |
Magyar szleng szótár. Budapest: Akadémiai Kiadó. |
Krinková, Z. 2013 |
Vzájemné ovlivňování romštiny, španělštiny a dalších jazyků Pyrenejského poloostrova. Praha: FFUK. Unpublished Ph. D. thesis. |
Machek, V. 1971 |
Etymologický slovník jazyka českého. Praha: Academia. |
Matras, Y. 2002 |
Romani. A linguistic Introduction. Cambridge: University Press. |
1998 (ed.) |
The Romani Element in Non-Standard Speech. Wiesbaden: Harrassowitz Verlag. |
Pym, R. J. 2007 |
The Gypsies of Early Modern Spain, 1425-1783. New York: Palgrave. |
Romero Gualda, M.V. 1991 |
Gitanismos. Ediciones Rialp, A.S. Gran Enciclopedia Rialp. Salillas, R. |
Salillas, R. 1896 |
El delincuente español. El lenguaje : (estudio filológico, psicológico y sociológico) : con dos vocabularios jergales. El caló jergal. Biblioteca virtual Miguel de Cervantes. |
Sanmartí Sáez, J. 1991 |
Diccionario de argot. Madrid: Espasa. |
Stewart, M. 2005 |
Čas Cikánů. (The Time of the Gypsies). UP Olomouc: Barrister and Principal. Transl. by Silvie Prudká. |
Vekerdi, J. 2001 |
Dictionary of Gypsy Dialects in Hungary. Budapest: Terebess Kiadó. |