მოძრაობის ზმნები ქართულში

სივრცული მიმართებების ენობრივი რეალიზების საშუალებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებს. მოძრაობის ენობრივი ასახვა დიდ ინტერესს იწვევს როგორც საკუთრივ ლინგვისტური, ისე კოგნიტიური კვლევის თვალსაზრისით. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს საკითხები გასული საუკუნის ბოლო ათწლეულიდან და კოგნიტიური ლინგვისტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს.

კოგნიტიური ლინგვისტიკის მიდგომა მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ა) ამა თუ იმ ენაში უნდა განისაზღვროს, ერთი მხრივ, სემანტიკური ერთეულების სიმრავლე, ხოლო, მეორე მხრივ, ენობრივი საშუალებების (ზედაპირული ერთეულების) სიმრავლე;

ბ) უნდა გაირკვეს, კონკრეტული სემანტიკური ერთეულები რომელი ენობრივი საშუალებებით, როგორი კომბინაციებითა და მიმართებებით გამოიხატება, ანუ როგორი მოდელი გამოიყენება.

გ) უნდა შედარდეს ეს მოდელები ენების მიხედვით და დადგინდეს, გამოიკვეთოს მეტამოდელი (უნივერსალური პრინციპიები).

დ) გარდა ამისა, უნდა შედარდეს ეს მოდელები ერთი ენის სხვადასხვა საფეხურზე (დიაქრონიაში), მოინიშნოს ნებისმიერი ცვლილება ან პირიქით - არაცვალებადობა, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ენაში მეტამოდელის (უნივერსალური პრინციპის) გავლენით.

ე) დაბოლოს, უნდა მოხდეს განხილვა კოგნიტიური პროცესებისა, რომლებსაც შეეძლო განეპირობებინა ის მოვლენები, რომლებიც საფუძვლად დაედო კონკრეტულ მოდელებს.

კოგნიტიური კვლევის ინტერესს წარმოადგენს, თუ რამდენადაა შესაძლებელი ენების მიხედვით ამგვარი მოდელების შედარება. კერძოდ, არის თუ არა ენებში მოდელების დიდი მრავალფეროვნება, არის შედარებით ნაკლები რაოდენობა მოდელებისა (ტიპოლოგია), თუ არსებობს ერთადერთი მოდელი (უნივერსალია) [Talmy, 2000:21)

ამდენად, ბუნებრივია, ამ საკითხების შესწავლის მნიშვნელობა უნდა შეფასდეს როგორც კონკრეტული ენის კვლევის თვალსაზრისით, ისე ენათა შედარებითი კვლევის კონტექსტშიც.

მოძრაობა, როგორც ჩანს, უნივერსალური კონცეპტია, რომელიც ყველა ენაშია წარმოდგენილი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ენები განსხვავდებიან მისი ენობრივი გამოხატვის თვალსაზრისით. ეს განსხვავება იმდენად არსებითია, რომ ენათა კლასიფიკაციის საფუძვლადაც კი არის მიჩნეული. ლ. ტალმი განარჩევს ენათა ორ განსხვავებულ ტიპს, კერძოდ, ენებს, რომლებიც მოძრაობის მიმართულების გამოსახატავად იყენებენ დამხმარე საშუალებებს - წინდებულებს, ზმნისწინებს და სხვ. (ე.წ. სატელიტური სტრუქტურის მქონე ენები) და ენებს, რომლებიც, როგორც წესი, მიმართულებას გამოხატავენ ძირითადად ზმნური ძირების საშუალებით (ე.წ. ზმნური სტრუქტურის მქონე ენები) [Talmy, 2000:102].

დღეისათვის ამ კლასიფიკაციას ასეთი სახე აქვს:

სატელიტური სტრუქტურის მქონე ენები: გერმანიკული (დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, გერმანული, ისლანდიური, შვედური, იდიში); სლავური (ჩეხური, პოლონური, რუსული, სერბულ-ხორვატული, უკრაინული); ფინურ-უნგრული: (ფინური, უნგრული); ჩინური (მანდარინი).

ზმნური სტრუქტურის მქონე ენები: რომანული (კატალონიური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, ესპანური); სემიტური (მაროკოული არაბული, ებრაული); თურქული; ბასკური; იაპონური; კორეული [Cifuentes-Ferez, 2009:29].

ამ კლასიფიკაციით ენათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ქართული –სატელიტური სტრუქტურის მქონე ენებს თუ ზმნური სტრუქტურის მქონეთ? აშკარაა, რომ მოძრაობის მიმართულება ქართულში მხოლოდ ზმნისწინის მეშვეობით გადმოიცემა და ზმნური ძირი ამ მხრივ ნეიტრალურია. მაგ., (მი)დის ზმნის ძირი მიმართულებას არ გამოხატავს და მხოლოდ ზმნისწინების დართვის შედეგად მიუთითებს მოძრაობის ამა თუ იმ მიმართულებაზე. უნდა აღინიშნოს, ეს ზმნა არა მხოლოდ მიმართულების თვალსაზრისით არის ნეიტრალური, არამედ იგი გადაადგილების აღმნიშვნელ ერთგვარ უნივერსალურ საშუალებადაც გვევლინება ქართულში. ერთი მხრივ, იგი აღნიშნავს გადაადგილების კონკრეტულ სახეობას – ნაბიჯების გადადგმით მოძრაობას, ადგილის გადანაცვლებას (ადამიანისა, ცხოველისა), მაგრამ ამ ზმნით შეიძლება მოძრაობის თითქმის ყველა სახეობა გამოიხატოს: ტრანსპორტით გადაადგილება – მატარებლით მიდის, გემით მიდის, შესაძლოა თვითმფრინავით მიდის. ჩვენ ვამბობთ: ამერიკაში მიდის და არა მიფრინავს; ენაცვლება ზმნას დინება: წყალი, მდინარე მიდის; ნისლი ადის, წვიმა და თოვლი მოდის; გარდა ამისა, გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, როგორებიცაა: დრო მიდის, წერილი მოვიდა და სხვ. ზმნა (მი)დის მრავალმხრივაა საყურადღებო და საგანგებო შესწავლას საჭიროებს, ამჯერად ჩვენ მხოლოდ იმის ჩვენება გვინდოდა, რომ როგორც ზმნა (მი)დის, ისე სხვა ზმნური ძირები მიმართულებას არ გამოხატავს და ამ თვალსაზრისით ქართული სატელიტური სტრუქტურის მქონე ენებს უნდა მივაკუთვნოთ.

ქართულ ენათმეცნიერებაში განსაკუთრებით კარგადაა შესწავლილი ზმნისწინთა ფუნქციები და, ამდენად, მოძრაობის ენობრივი რეალიზაციის თავისებურებანი [აკ. შანიძე, ი. ვეშაპიძე, ა. მარტიროსოვი, არნ. ჩიქობავა, ა. კიზირია, ზ. ჭუმბურიძე, ა. ფოცხიშვილი და სხვ.].

მოძრაობის ზმნათა სემანტიკური ანალიზის პირველი ცდა ეკუთვნის ლ. თამარაშვილს. მისი ნაშრომი „გადაადგილების მნიშვნელობის მქონე ქართულ სიტყვათა ლექსიკონის აღწერა“ 1975 წელს გამოქვეყნდა მართვის სისტემის ინსტიტუტის შრომებში (XIII–3) [თამარაშვილი, 1975]. ამ ნაშრომში მოძრაობის ზმნები აღწერილია სემანტიკური მამრავლების მეთოდის გამოყენებით. ეს გახლდათ იმ დროისათვის სემანტიკის ფორმალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მეთოდი და ენის მანქანური დამუშავების მიზანს ემსახურებოდა. სანიმუშოდ წარმოვადგენთ რამდენიმე მაგალითს:

სვლა

1. გადაადგილება

2. მყარ ზედაპირზე

3. რითიმე (ფეხი, თვალი, ბორბალი)

4. პერიოდულად

 

რბენა

1. გადაადგილება

2. მყარ ზედაპირზე

3. ფეხებით

4. ორივე ფეხი ერთდროულად ზედაპირსაა მოცილებული

5. პერიოდულად

 

ხოხვა

1. გადაადგილება

2. მყარ ზედაპირზე

3. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში

 

ცურვა

1. გადაადგილება

2. წყალში

როგორც ნიმუშებიდანაც ჩანს, სტატიაში მოძრაობის ზმნათა სემანტიკის ფორმალიზაციის საინტერესო ცდაა მოცემული. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ლ. თამარაშვილისა და მართვის სისტემების ინსტიტუტში მომუშავე მკვლევართა ჯგუფის მიერ ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაოები არის ჩატარებული ამ მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მასალები, რომლებიც ქართული ენის განმარტებით–კომბინატორული ლექსიკონის ფარგლებში შეიქმნა.

საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ რ. ქურდაძის სტატიაზე „მოძრაობის (გადაადგილების) აღმნიშვნელი ზმნების სემანტიკისათვის ქართულ სალიტერატურო ენასა და დიალექტებში“. აღსანიშნავია, რომ რ. ქურდაძე მოძრაობის ზმნებში ცალკე გამოყოფს გადაადგილების სემანტიკის ზმნებს. სტატიაში მოხმობილია ძალზე საყურადღებო მასალა ქართული ენის დიალექტებიდან და მოცემულია მახასიათებლები აღნიშნულ ზმნათა კლასიფიკაციისათვის. კერძოდ, რამაზ ქურდაძე გამოყოფს მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნათა შემდეგ ჯგუფებს:

1. მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები მიმართულების ჩვენებით;

2. მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები მოძრაობის მანერის ჩენებით;

3. მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები მოძრავი საგნისადმი გარკვეული

დამოკიდებულების გამოვლენით;

4. მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები სავალი (სამოძრაო) ადგილის ზედაპირის

გათვალისწინებით“ [ქურდაძე, 2011:30–31].

ქართველურ ენებში, კერძოდ, მეგრულში მოძრაობის ზმნათა სემანტიკური ანალიზის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს ბ. ქობალავას შრომები, რომლებიც მეგრულში ზმნისწინის დანიშნულებასა და თავისებურებებს შეეხება [ქობალავა, 2002 A; ქობალავა, 2002 B].

ვფიქრობთ, აუცილებელია ამგვარი კვლევის შემდგომი გააქტიურება და ქართულში და სხვა ქართველურ ენებში მოძრაობის ზმნათა სრულყოფილი აღწერა და კლასიფიკაცია.

ჩვენ შევეცადეთ მოგვეხდინა მოძრაობის, კერძოდ, გადაადგილების ზმნათა კლასიფიკაცია კოგნიტიური ლინგვისტიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით. ტალმის შრომებზე დაყრდნობით გამოყოფილია შემდეგი სემანტიკური კატეგორიები:

ფიგურა: მოძრავი ობიექტი.

• ინდივიდუალური თუ ჯგუფური.

• ტიპი: ადამიანი, ცხოველი, ფრინველი და ა.შ.

• პოზა: პოზის ცვლილება მიმართულების დაწყების ან დასრულების დროს.

ფონი: რომელზედაც ფიგურა გადაადგილდება.

• წყარო: საწყისი მდებარეობა.

• მიზანი: ფინალური მდებარეობა.

• მიჯნა: მდებარეობა მიმართულების გასწვრივ.

• დაბრკოლების გადალახვა.

• გარემო, ნიადაგი: მდელო, მდინარე.

• არამყარი გარემო: ჰაერი, ნისლი, შტორმი/ქარბუქი, წყვდიადი და მისთ.

გზა (path): ფიგურის ტრაექტორია.

• მოძრაობის მიმართულება: წინ, ზევით.

• დეიქსისი: მიმართულება მთქმელის პოზიციიდან ამოსვლით.

• კონტური: წრიული გზა, ზიგზაგი და მისთ.

მანერა: ხერხი, მანერა, რომლითაც სრულდება მოძრაობა.

• გადაადგილების სახეობა, რომლითაც სრულდება გადაადგილება (სიარული,

სირბილი, ხტომა, ცურვა, ფრენა)

• სიმძლავრე

• სიჩქარის ხარისხი

• გადაადგილების საშუალება: ცხოველით, ავტომობილით, თვითმფრინავით

მიზეზი: რა იწვევს მოძრაობას.

ამათგან გვინდა გამოვყოთ კატეგორიები: გზა და მანერა. ტერმინისათვის - path - რ. ქურდაძე ირჩევს ტერმინს გეზი, რომელიც დაამკვიდრა აკ. შანიძემ ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში [შანიძე, 1980:248–260], მაგრამ, რადგან path მოიცავს როგორც გეზს, ასევე ორიენტაციას, ვფიქრობთ, ტერმინი გზა უფრო შეესაბამება იმ სემანტიკურ კატეგორიას, რომელიც ტერმინით path აღინიშნება.

ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ მოძრაობის მანერის გამომხატველი ზმნებზე. სანამ უშუალოდ განსახილველ საკითხს შევეხებოდეთ, უნდა დავიწყოთ იმით, რომ მოძრაობა ფართოდ განიხილება და იგი შედგება საკუთრივ მოძრაობისაგან, როდესაც სუბიექტი მოძრაობს ერთ ადგილზე, ისე, რომ არ გადაადგილდება და მოძრაობისაგან, როდესაც სუბიექტი მოძრაობისას ადგილს იცვლის, გადაადგილდება. ზემოთქმული მახასიათებლები შეეხება როგორც სატელიტური სტრუქტურის მქონე, ისე ზმნური სტრუქტურის მქონე ენებს.

მთავარი პრობლემა, რომელიც მოძრაობის მანერის აღმნიშვნელ ზმნათა ანალიზისას ჩნდება არის ის, რომ მანერის კატეგორია ძალიან ზოგადია. იგი მოიცავს მრავალფეროვან ინფორმაციას: მოძრაობის ტემპს, ემოციურ მდგომარეობას, ძირითად მამოძრავებელ უნარებს (სიარული, სირბილი, ხტომა და ა.შ.), ტრანსპორტირების, კონტაქტის სახეობას და ა.შ. გარდა ამისა, ერთ ზმნაში შესაძლოა ჩადებული იყოს მანერულობის დანაწევრებული სახეობის სხვადასხვა დეტალი. მიუხედავად ზოგადი ტენდენციების არსებობისა, ყოველი ენობრივი სისტემა მოძრაობის მანერის გამომხატვის, შეიძლება ითქვას, უნიკალურ სურათს იძლევა.

მოძრაობის მანერის გამოხატვისას ქართული მნიშვნელობას ანიჭებს სუბიექტის სივრცულ ლოკალიზებას: გადაადგილებისას ა. ვერტიკალურ მდგომარეობაშია იგი თუ ბ. – ჰორიზონტალურში; ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაადგილებისას განარჩევს შემდეგ ძირითად მოდელებს: ა.1. სიარული; ა.2. სირბილი; ა.3. ხტომა.

თითოეულში, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიყოს სხვადასხვა სემანტიკური კომპონენტი:

ა.1. სიარული;

ა1.1. გადაადგილების ტემპი

ა.1.1.ა. ჩქარი – მიკუნკულებს, მიცუხცუხებს.1

ა.1.1.ბ. ნელი – მიღოღავს, მიღოღიალებს.

ა.1.2. ნაბიჯების სიდიდე

ა.1.2. ა) დიდი ნაბიჯებით გადაადგილება – მიალაჯებს, მიაბოტებს.

ა.1.2. ბ) მოკლე ნაბიჯებით გადაადგილება – მიცუნცულებს, მიცუხცუხებს.

ა.1.3. ენერგიულობის ხარისხი – მიბანდალებს, მილასლასებს, მიიზლაზნება, მიჩანჩალებს; მიჩოჩავს.

ა.1.4. უმიზნო მოძრაობა – მიჩერჩეტებს, დაბოდიალობს,2 დაბორიალობს, დაყიალობს, დაეხეტება, დატანტალებს, დატუნტულებს, დაწანწალებს, დაწოწიალობს.

ა.1.5. სიამოვნების მიღებით გადაადგილება – მისეირნობს.

ა.1.6. გლუვ ზედაპირზე გადაადგილება – მისრიალებს.

ა.1.7. წონასწორობის დარღვევა – მიბარბაცებს.

ა.1.8. ფეხის სპეციფიკური მოძრაობით გადაადგილება – მიჩლატუნებს, მიფრატუნებს

კოჭლის სიარული – დაჩლახუნობს.

ა.1.9. მოძრაობა ხმის გამოცემა თანხლებით – მიბაკუნებს, მიიმღერის, მირახრახებს.

ა.2. სირბილი

ა.2.1 გადაადგილების ტემპი

ა.2.1.ა. ნელი – მიჯანჯალებს, მიცუნცულებს, მიძუნძულებს.

ა.3. ხტუნვა

ბ.1. მთელი ტანით გადაადგილება ხმელეთზე – მიბობღავს, მიფოფხავს, მიღოღავს, მიფორთხავს, მიცოცავს.

ქართული, ბუნებრივია, განარჩევს ერთმანეთისაგან მყარ ნიადაგზე, ჰაერსა და წყალში გადაადგილებას და ეს ზმნები ასევე იყოფა მოძრაობის ტემპის, ენერგიულობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

ერთი ზმნის სემანტიკა შეიძლება რამდენიმე ელემენტს აერთიანებდეს, მაგ., გზა+მანერა; გზა+მანერა+ფიგურა და მისთ.3 როგორც მართებულად შენიშნავს რ. ქურდაძე, ქართულში ზმნათა უმრავლესობა „მხოლოდ ზმნისწინების (ამ შემთხვევაში მი-, მო-, გა- ზმნისწინების) დართვით ღებულობს გადაადგილების სემანტიკას“ [ქურდაძე, 2011:31]. ამდენად, გადაადგილების მანერის სემანტიკის მქონე ზმნათა წარმოების ეს ყალიბი ძალზე პროდუქტიულია და პოტენციურად ახალი სემანტიკური მახასიათებლების გამოყოფის შესაძლებლობას იძლევა.

მოძრაობის ზმნათა სემანტიკური მახასიათებლების გამოყოფის საფუძველზე უნდა მოხდეს ამ ზმნათა აღწერა და გაერთიანება მოძრაობის ზმნათა ლექსიკონში. ამგვარი ლექსიკონები არსებობს არაერთი ენისათვის და ისინი გაერთიანებულია ზმნურ მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში.4 ლექსიკონში ზმნებს ახლავს შემდეგი მონაცემები:

საკუთრივ მოძრაობას გამოხატავს თუ გადაადგილებას;

რომელი სემანტიკური კომპონენტი ახასიათებს – გზა, მანერა თუ ორივეს კომბინაცია;

მითითებულია გზისა თუ მანერის სემანტიკის დეტალები, კონკრეტული სახეობა;

მოცემულია განმარტებები ლექსიკონებიდან წყაროების ჩვენებით.

ამ პრინციპით შედგენილი ზმნური ელექტრონული ლექსიკონი იძლევა სტატისტიკური კვლევის საშუალებას როგორც ერთი ენის მონაცემების მიხედვით, ისე ენათა შედარების გზით. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ერთ კონკრეტულ მაგალითს: როგორც კვლევამ აჩვენა, ინგლისურში მოძრაობის მანერას აღნიშნავს 276 ზმნა, ამათგან ხტომის სემანტიკის არის 11, რაც მანერულ ზმნათა 3.99% შეადგენს. ესპანურში მოძრაობის მანერის აღმნიშვნელი ზმნები ბევრად ნაკლებია – 1235, ამ ზმნათაგან 3 აღნიშნავს ხტომას, რაც ესპანურ მანერულ ზმნათა 2.44% შეადგენს [Cifuentes-Ferez, 2009:151]. ამგვარად შესაძლებელია სტატისტიკური ანალიზი ნებისმიერი მახასიათებლის მიხედვით.

საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული ელექტრონული ლექსიკონების შედგენის დროს ზმნათა სემანტიკური სტრუქტურის ანალიზი ეფუძნება ტექსტურ მონაცემთა ბაზებს, ენის კორპუსებს, რადგან ლექსიკონებში სწორედ ამგვარი ლექსიკის განმარტებები საჭიროებს დაზუსტებას. მაგ. ბობღავსხელების მოშველიებით, ოთხით დადის. ფოფხავსელ-ფეხის შემწეობით, ოთხით მოძრაობს, დადის [ქეგლ]. ამგვარი ვითარებაა ყველა ენის განმარტებით ლექსიკონებში, რადგან ლექსიკონის წიგნური ფორმატი არ იძლევა ყოველი ნიუანსის ფიქსირების საშუალებას. იმედია, მალე შესაძლებელი გახდება ამგვარი მონაცემთა ბაზების შექმნა და ქართული ენის სრულფასოვანი კვლევისათვის მათი გამოყენება.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხების შესწავლას აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული დანიშნულება. მოძრაობის ზმნათა ელექტრონული ლექსიკონის შექმნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ენის ფუნდამენტური კვლევის თვალსაზრისით, არამედ ენის სწავლებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობისათვის.

1 ზოგიერთი ზმნის მნიშვნელობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და, შესაბამისად, შესაძლოა ერთი ზმნა სხვადასხვა ჯგუფში გაერთიანდეს, მაგ.: მიცუხცუხებს– ჩქარი ტემპით გადაადგილდება; მიცუხცუხებს - მოკლე ნაბიჯებით გადაადგილდება.
2 ამ სემანტიკის ზმნებთან უფრო ბუნებრივია და ზმნისწინის გამოყენება.
3 საყურადღებოა რ. ქურდაძის შენიშვნა, რომ ქართულში გარჩეული უნდა ყოფილიყო გადაადგილების ზმნები ე.წ. ფიგურის მიხედვით, კერძოდ, ცხოველთა და ფრინველთა გადაადგილების აღნიშვნა სპეციალური ზმნებით [ქურდაძე,2011:30].
4 Online verb databases: ADRESSE, FrameNet, WordNet.
5 ესპანური მოძრაობის მიმართულების გამოხატვის თვალსაზრისით ზმნური სტრუქტურის მქონე ენებს მიეკუთვნება და ეს განსხვავება ამითაც არის განპირობებული.

 

 

ლიტერატურა

თამარაშვილი ლ.
1975
1975 გადაადგილების მნიშვნელობის მქონე ქართულ სიტყვათა ლექსიკონის აღწერა, მართვის სისტემის ინსტიტუტის შრომები (XIII–3). ქეგლ

1950–1964
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი, პროფ., არნ ჩიქობავას საერთო რედაქციით, ტ, I-VIII.
ქობალავა ი.
2002
ზმნისწინის მნიშვნელობისათვის მეგრულში, ენათმეცნიერების საკითხები, 4.
ქობალავა ი.
2002
ზმნისწინთა სემანტიკური კლასიფიკაციისათვის მეგრულში, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 63-ე სამეცნიერო სესია (მასალები).
ქურდაძე რ.
2011
მოძრაობის (გადაადგილების) აღმნიშვნელი ზმნების სემანტიკისათვის ქართულ სალიტერატურო ენასა და დიალექტებში, თანამედროვე ქართული ენის სოციალურ–კულტურული ასპექტები.
შანიძე ა.
1980
თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ., III, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები.
Cifuentes-Férez P.
2009
A Cosslinguistic Stady on Semantics of Motion Verbs in English and Spanish. Online ... Online verb databases: ADRESSE, FrameNet, WordNet.
Talmy L.
2000
Toward a Cognitive Semantics, Cambridge, MA: MIT Press