ოთხთავის ათონური რედაქციის უძველეს ხელნაწერებზე დართული კოლოფონები და ათონური რედაქციის ჩამოყალიბების საკითხი
ოთხთავის ძველი ქართული თარგმანის შემცველ ხელნაწერებს ამ წმინდა წიგნის შესახებ დაწერილი სხვადასხვა დანიშნულებისა და შინაარსის მრავალი მეტატექსტი ახლავს: ესენია: მთარგმნელის/რედაქტორის/გადამწერის კოლოფონები, აშიაზე მიწერილი განმარტებები; ლიტურგიკული ხასიათის შენიშვნები, სახარების შესახებ დაწერილი დოქსოლოგიური თხზულება („შესხმაჲ ოთხთავისაჲ“) და სხვ.
საუკუნეთა განმავლობაში ოთხთავის ქართული თარგმანის ტექსტი არაერთხელ შესწორებულა [შანიძე, 1945; იმნაიშვილი, 1979; ქაჯაია,1984; ადიშის ოთხთავი, 2003; სარჯველაძე, 2002; მაჩხანელი, 2010]. სახარების ქართულად თარგმნისა და რედაქტირების პროცესში სამი ეტაპი გამოიყოფა: წინაათონური, ათონური და ელინოფილური [კეკელიძე, 1980:414]. დღეისათვის დადგენილია, რომ წინაათონურ პერიოდში (XI საუკუნემდე), ქართულად უკვე არსებობდა სახარების ორი ძირითადი რედაქცია: ოპიზური1 და ადიშური2.
X საუკუნის 80-იან წლებში, როცა ქართულმა სახელმწიფომ რელიგიურ-პოლიტიკური ორიენტაცია ბიზანტიისაკენ აიღო, ზოგადად ქართული კულტურის, და, კერძოდ, ბიბლიურ წიგნთა თარგმნის ისტორიაშიც ახალი ეტაპი დაიწყო, რამაც გამოიწვია აღმოსავლეთის ეკლესიათა ლიტურგიკულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძველი ქართული თარგმანების რევიზიის საჭიროება. სახარება-ოთხთავის ძველი ქართული რედაქციები, რომლებიც განსხვავდებოდა დასავლეთის ეკლესიებში კანონიზებული ტექსტისაგან, შედარებულ-შეჯერებული უნდა ყოფილიყო სახარების ე.წ. ბიზანტიურ რედაქციასთან, იმ ბერძნულ კანონიკურ ტექსტებთან, რომლებიც იმხანად ბერძნულ ეკლესიებში გამოიყენებოდა. ეს საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმე თავს იდო წმ. გიორგი ათონელმა (მთაწმიდელმა), რომლებმაც ბიბლიის ქართული თარგმანების ბერძნულთან შედარება და მის მიხედვით შესწორება დაიწყო, რაც დასრულდა ქართული ოთხთავის ბოლო, ათონური, რედაქციის ჩამოყალიბებით.
ქართული ოთხთავის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბების ისტორიის კვლევისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნი აღმოჩნდა მე-11 საუკუნეში შავი მთის სამწერლობო კერაში გადაწერილი ხელნაწერები [თვალთვაძე, 2009:129–141; თვალთვაძე, 2012:213-229], რადგან, როგორც ირკვევა, მათი სახით ხელთ გვაქვს ოთხთავის ქართული თარგმანის საბოლოო რედაქციამდე განვლილი ყველა ეტაპის ამსახველი ტექსტები. თითქმის ყველა ამ ხელნაწერში სახარება-ოთხთავის ტექსტს დართული აქვს სხვადასხვა სახის მეტატექსტიც, რომლებიც საშუალებას გვაძლევს პასუხი გავცეთ სახარების ქართული თარგმანის საბოლოო რედაქციის (გიორგი მთაწმიდლისეული ტექსტის) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ კითხვებს. კერძოდ: როგორ იქმნებოდა ოთხთავის ათონური რედაქცია, სად და როდის დაიწყო მასზე მუშაობა გიორგი ათონელმა, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა ის, როცა ოთხთავის ტექსტის „ბერძნულისადა მიყვანებაზე” (ბერძნულთან დაახლოებაზე) მუშაობდა, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი? იყო თუ არა ეს ერთჯერად განხორციელებული რევიზია? როგორ აფასებდა თავად გიორგი მთაწმიდელი თავის საქმიანობას, რად მიაჩნდა მას თავისი ხელიდან გამოსული ტექსტი – ახალ თარგმანადD თუ ძველი თარგმანის ახალ ვერსიად? როგორია მისი დამოკიდებულება სახარებათა ძველი ქართული თარგმანების მიმართ? როგორია გადამწერთა დამოკიდებულება გიორგისეული ტექსტისა და თავად გიორგის მიმართ? როგორ მოიპოვა სახარების გიორგისეულმა რედაქციამ ვულგატის სტატუსი, რამ შეუწყო ამას ხელი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში სახარების ტექსტის კვლევასთან ერთად გვეხმარება ის კოლოფონები, რომლებიც ოთხთავის ქართული თარგმანების შემცველ ხელნაწერებს შემოუნახავთ.
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ამჯერად გამოვყოფთ რამდენიმეს, კერძოდ, ოთხთავის ქართულ თარგმანებზე დართულ რამდენიმე კოლოფონზე დაყრდნობით შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას - როდის და როგორ ჩამოყალიბდა ქართული ოთხთავის ის რედაქცია, რომელიც გიორგი ათონელმა შექმნა და მის სიცოცხლეშივე მოიპოვა ფართო აღიარება და გავრცელდა როგორც ვულგატა.
ქართული ოთხთავის გიორგი ათონელისეული რედაქციის დედანს ან მის პირს ჩვენამდე არ მოუღწევია [იმნაიშვილი,1979:153-243 ; პაპუაშვილი,2007:136]3. ჩვენამდე შემონახული 150–ზე მეტი მანუსკრიპტიდან4 XI საუკუნის სულ რამდენიმე ნუსხაა5, მათგან 4 შავი მთის მონასტრების სკრიპტორიუმებშია6 გადაწერილი, კერძოდ:
-
1054 წლის ალავერდის ოთხთავი (A 484), რომელიც გიორგი ათონელის რედაქციის ე.წ. შუალედურ რედაქციას შეიცავს [თვალთვაძე, 2008, 12–20; თვალთვაძე, 2012:213-229];
-
კალიპოსის ოთხთავი, კალიპოსის მონასტერში 1060 წელს გადაწერილი სახარება (ქუთ. 76), რომელიც დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 76–ე ნომრითაა დაცული [მუმლაძე, 2008; 2006:20-23;];7
-
ამჟამად ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული (Vat.Iber.1) ვატიკანის ოთხთავი;
-
რუისის ან შავი მთის ოთხთავის სახელით ცნობილი ხელნაწერი A 845 [აბულაძე, 1949: 312].
სახარების სწორედ ეს ხელნაწერები (ალავერდის, კალიპოსის, ვატიკანისა და რუისის ოთხთავები), რომლებიც XI საუკუნის მეორე ნახევარში შავი მთის მონასტრების სამწერლობო კერაშია შექმნილი, იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს ოთხთავის ქართულად თარგმნის ისტორიაში, რადგან მეტად საინტერესო მასალას გვაძლევენ გიორგის რედაქციის ტექსტის ჩამოყალიბების ისტორიის შესასწავლად, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული ოთხთავის ათონური რედაქციის შემქნელი, გიორგი ათონელი, ერთხანს შავ მთაზეც მოღვაწეობდა [გიორგი მცირე, 1967: 101-207].
ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვნი გამოდგა აღნიშნულ მანუსკრიპტებში დაცული სახარების ტექსტზე დართული მეტატექსტები: კერძოდ:
ა) კალიპოსის ოთხთავზე დართული გიორგი მთაწმინდელის ანდერძი;
ბ) ალავერდის ოთხთავის (A 484) ანდერძები;
გ) შავი მთის ოთხთავის (A 845) გადამწერის, შავ ზაქარიას, ანდერძი;
დ) კალიპოსის ოთხთავის გადამწერის, ბასილი თორელყოფილის, ანდერძი;
ე) დოქსოლოგიური შინაარსის უსათაურო ტექსტი, რომელიც ერთვის შავ მთაზე გადაწერილ ოთხთავის რამდენიმე ხელნაწერს და რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „შესხმაჲ ოთხთავისაჲ”[სილოგავა, 1989:153-165; თვალთვაძე, 2010].
ოთხთავის ქართულ თარგმანებზე დართული ზემოთ ჩამოთვლილი ტექსტებიდან, ცხადია, ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს გიორგი მთაწმიდლის ანდერძი, რომელიც ათონური რედაქციის შემცველ ხელნაწერთა უმრავლესობას ერთვის. ეს არის კოლოფონი, რომელიც მთარგმნელს (მთარგმნელ-რედაქტორს) სახარების თარგმანის ტექსტზე მუშაობის რთული და ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ დაუწერია: „ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე წმიდაჲ ოთხთავი არა ახლად გჳთარგმნია, არამედ ფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთაჲთა ბერძულთა სახარებათადა შეგჳწამებია ფრიდითა გამოწულილვითა. და ვინცა ვინ სწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ, ეგრე დაწერეთ, თუ ამისგან ჯერ გიჩნდის დაწერაჲ, ღმრთისათჳს, სიტყუათა ნუ სცვალებთ, არამედ ვითარცა აქა სწერია, ეგრე დაწერეთ. და თუ არა რაიმე გაშუნდეს, ჩუენნი ყოველნი სახარებანი პირველითგან წმიდად თარგმნილ არს და კეთილად, ხანმეტნიცა და საბაწმიდურნიცა, მუნით დაწერეთ და ღმრთისთჳს ერთმანეთს ნუ განჰრევთ და გლახაკისა გიორგისთჳს ლოცვა ყავთ“ (ქუთ.76, 310r).8
ამ ანდერძის ორი (A და B) რედაქცია არსებობს [შანიძე, 1981: 282-283]. მათ შორის განსხვავება რამდენიმე ადგილის წაკითხვაშია, კერძოდ: ანდერძის დასაწყისში A რედაქციის ხელნაწერებში წერია: „ესე წმიდაჲ ოთხთავი ჩუენ ახლად გჳთარგმნია“, B-ში კი – „ესე წმიდაჲ ოთხთავი არა ახლად გჳთარგმნია“ (ანუ განსხვავებაა ერთ სიტყვაში ჩუენ]არა). ანდერძის ბოლო წინადადებაში – „გლახაკისა გიორგისთჳს ლოცვა ყავთ“, A-ში B-სთან შედარებით მეტია ფრაზა: „რომელმან ესე ვთარგმნე.“ თუ რომელი მათგანი გვიჩვენებს თავდაპირველ წაკითხვას, დღესაც სადავოა, არადა,
სწორედ ამ ადგილის წაკითხვა მოგვცემდა პასუხს ზემოთ უკვე დასმულ კითხვებზე, როგორ აფასებდა თავად გიორგი მთაწმიდელი თავის საქმიანობას და ახალ თარგმანად მიაჩნდა თავისი ხელიდან გამოსული ტექსტი თუ ძველი თარგმანის ახალ, გადამუშავებულ ვერსიად.
სახარების გიორგისეული რედაქციის უძველეს ნუსხაში (ქუთ.76 - კალიპოსის ოთხთავი) შემონახული ანდერძის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ ანდერძის სადავო ადგილის წაკითხვაში B რედაქციას უჭერს მხარს, სადაც გიორგი თავის თავს არა მთარგმნელად, არამედ რედაქტორად მიიჩნევს, ვფიქრობთ, რომ სადავოც არაფერია. გიორგის სიცოცხლეში გადაწერილ ამ ხელნაწერში (ქუთ.76,310r) კარგად ჩანს, რომ ანდერძის ტექსტში ეს ადგილი გვიან არის ჩასწორებული, კერძოდ, წაშლილია სიტყვა „არა“ და ზემოდან გადაწერილია სიტყვა „ჩუენ“. ასევე ამოფხეკილია სიტყვა „არამედ“, რის შედეგადაც მიღებულია ასეთი წაკითხვა: „ესე წმიდაჲ ოთხთავი ჩუენ ახლად გჳთარგმნია“, ნაცვლად პირვანდელი (ჩასწორებამდელი) ვარიანტისა, რომელიც ასე იკითხებოდა: „ესე წმიდაჲ ოთხთავი არა ახლად გჳთარგმნია, არამედ ... ბერძულთა სახარებათადა შეგჳწამებია ფრიდითა გამოწულილვითა...“. როგორც ჩანს, ანდერძის ტექსტი გადამწერებმა, ალბათ, გიორგის ღვაწლის უკეთ წარმოჩენისა და დაფასების მიზნით, შეცვალეს და გიორგის სახარების ახლად თარგმნა მიაწერეს. ამ პოზიციის გასამყარებლად ტექსტში დამატებით ერთი ფრაზის ჩართვაც გახდა საჭირო: „რომელმან ესე ვთარგმნე“. კალიპოსის ოთხთავის გადამწერის, ბასილი თორელყოფილის, ანდერძში, რომელიც უშუალოდ მოსდევს გიორგის ზემოთ დასახელებულ ანდერძს (ქუთ.76,310r), კარგად ჩანს კიდევ ერთი ჩასწორების კვალი, რომელიც ადასტურებს, რომ ძველი ქართველი მწიგნობრები შეგნებულად ცდილობენ იმის ხაზგასმას, რომ სახარების ტექსტი გიორგი ათონელის თარგმნილია. „ლოცვა ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, უღირსისა ბასილისთჳსცა, რომელმან წმიდაჲ ესე ოთხთავი მამისა გიორგის თარგმნილისა სახარებისაგან გარდმოვწერე და შეწამებაჲ დიად მიხარკებია, ღმრთისათჳს სიტყუას ნუ შესცვალებთ {თჳნიერ საძიებელთა}“.
ბასილი თორელყოფილის ანდერძში სიტყვა „თარგმნილი“ გვიანდელი ინტერპოლაციაა, რადგან აშკარაა, რომ ის სხვა ფერის მელნითაა ჩაწერილი. საგულისხმოა, რომ იგივე ბასილი თორელყოფილი იმავე ხელნაწერზე დართულ სხვა ანდერძში სხვაგვარად მსჯელობს: „...ღირს ვიქმენ აღწერად და განსრულებად წმიდისა ამის ოთხთავისა სახარებასა განწმედილსა ახლად და უფროჲს მზისა ბრწყინვალესა წმიდისა მამისა ჩუენისა მიერ გიორგი მთაწმიდელისა...“ (ქუთ. 76, 352 v). საიდანაც ჩანს, რომ მისთვის გიორგი მთაწმიდლის სახარების ტექსტი ახლად განწმედილია და არა ახლად თარგმნილი.
გარდა ზემოთ მოყვანილი ანდერძისა, სახარების გიორგი ათონელისეული რედაქციის ტექსტის შემცველ მანუსკრიპტებში რამდენიმე სხვა კოლოფონიც გვხვდება, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ გიორგის მიერ ოთხთავის ტექსტზე მუშაობის პროცესისა და მისი რედაქციის ჩამოყალიბების ისტორიის წარმოსადგენად. კერძოდ, XI საუკუნეში შავ მთაზე გადაწერილ რუისის ოთხთავს (A 845), რომელსაც შავი მთის ოთხთავის სახელითაც მოიხსენიებენ [აბულაძე,1949:312], ახლავს გადამწერის, შავ ზაქარიას, ანდერძი, რომელიც გვაუწყებს: „... ნიკოლაოს ხუცესსა მიეცინ ღმერთმან სასყიდელი და მადლი ჩემისა კეთილისათჳს და წყალობისა. მისითა დედითა დავწერე, რომელ მას დაეწერა გიორგი მთაწმიდელის სახარებისაგან, რომელი გიორგი მთაწმიდელსა ბერძულთა სახარებათა შეემოწმა მესამედ. ორჯელ პირველ შეემოწმა. ღმერთმან მიეცინ სასყიდელი სულსა მისსა შრომისათჳს, ამენ“ (A 845, 305v). შავ ზაქარიას ცნობით, მას გიორგის მიერ საბოლოოდ რედაქტირებული, ბერძნულთან მესამეჯერ შედარებული, ოთხთავის ტექსტი გადაუწერია თვით გიორგის ავტოგრაფიდან გადანუსხული დედნიდან, ანუ გადაუნუსხავს სახარების ის ვერსია, რომელიც მთელ საქართველოში გავრცელდა და ვულგატად იქცა და რომელიც იყო „უფროჲს მზისა ბრწყინვალე... რომელსა შინა არა არს ერთიცა ასოჲ მრუდი და ნაკლული და არცა მეტი...” (ქუთ. 76, 352v). ალბათ გადმწერთა ამგვარმა დამოკიდებულებამაც შეუწყო გარკვეულწილად ხელი გიორგისეული ვერსიის პოპულარობას.
სახარების ათონური რედაქციის ჩამოყალიბების პროცესის გასათვალისწინებლად განსაკუთრებით საყურადღებოა შავ მთაზევე გადაწერილი კიდევ ერთი ხელნაწერის, კერძოდ, ალავერდის ოთხთავის ანდერძი [A კოლექციის ხელნაწერთა აღწერილობა, 1986:210-217]. საზოგადოდ, ოთხთავის ეს ნუსხა მდიდარია მეტატექსტებით, რომელთა მეშვეობითაც დგინდება, რომ ის გადაწერილია 1054 წელს კალიპოსში, წმინდა ღვთისმშობლის ლავრაში (A 484: 311v, 314r). ხელნაწერი რამდენიმე პირს გადაუწერია [ქართულ..., 1986:212], კერძოდ, ანდერძში დასახელებული არიან სვიმეონი, გიორგი, მიქაელი და იოანე დვალი. ხელნაწერის მომგებელს და ერთ-ერთ გადამწერს, სვიმეონს, ვრცელი ანდერძი დაურთავს ოთხთავის ტექსტისათვის, რომელშიც ამ ხელნაწერის შექმნის მიზანი და გარემოებანი საინტერესოდ არის აღწერილი[ქართულ...,1986:212-213].
აღსანიშნავია, რომ ალავერდის ოთხთავს არ ახლავს გიორგი ათონელის ზემოთ მოყვანილი ცნობილი ანდერძი, სამაგიეროდ, ხელნაწერის დასაწყისში, ევსებიოსის წერილისა (1v-2v) და კამარებში ჩაწერილი კანონების (2v-9v) შემდეგ, 10r-ზე შემონახულია სახარების ტექსტის გადამწერის (სვიმეონის) ხელითვე შესრულებული გიორგი ათონელის სხვა ანდერძის ფრაგმენტი, რომელიც ამ გვერდის A სვეტში პირველივე სტრიქონიდან იწყება და თავნაკლულია: „ ... სახარებათადა შემიწამებია ბერძულსა ორჯერ და ქართულსა და ყოვლითურთ უნაკლულოჲ რიცხჳთა და კანონითა და განთესულნი არღარა დავწერენ ამისთჳს, რამეთუ ზანდუკი მასვე მოასწავებს და რად არს ჭირი ორკეცი, პატივიცა წიგნისაჲ დაუშურერდებოდა და ყოველსავე ზედა შემინდვეთ. ღმერთმან გარწმუნოს“[A484,10r; ქართულ...,1986:212]. იმავე გვერდის B სვეტში კი იწყება მათეს სახარების თავთა ჩამონათვალი. ეჭვგარეშეა, რომ ანდერძის ფრაგმენტი ხელნაწერის შექმნის დროსვეა გადაწერილი იმავე გადამწერის მიერ, რომელმაც სახარების ტექსტის ეს ნაწილი გადაწერა, ოღონდ მას დღეს აკლია ანდერძის დასაწყისი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომელ სახარებებთან არის შეწამებული ტექსტი. მანუსკრიპტის მე-9 და მე-10 ფურცლებს შორის უნდა ყოფილიყო, სულ მცირე, კიდევ ერთი ფურცელი, რომელზედაც ამ ანდერძის დასაწყისი ეწერა.
ხელნაწერის ბოლოს 314v-ზე (ხელნაწერის ეს ნაწილი გადაწერილია იოანე დვალის მიერ) მეორდება თითქმის იმავე შინაარსის კოლოფონი, რომელიც ერთგვარად ავსებს ხარვეზს და ზემოთ წარმოდგენილი კოლოფონის ფრაგმენტის გაუგებარ ფრაზას - „...სახარებათადა შემიწამებია“- აზრს სძენს. იქ ანდერძი ასე იკითხება: „ესე უწყოდეთ, წმიდანო მამანო, რომელნიცა მიემთხჳნეთ წმიდას ამას სახარებასა, ფრიად მართალი და წმიდაჲ არს მამისა ეფთჳმეს სახარებათადა შეწამებული, ბერძულსა ორჯერ და ქართულსა და ყოვლითურთ უნაკლულოჲ რიცხჳთა და კანონითა და განთესულნი არღარა დავწერენ ამისთჳს, რამეთუ ზანდუკი მასვე მოასწავებს და რად არს ჭირი ორკეცი, პატივიცა წიგნისაჲ დაუშუერდებოდა და ყოველსავე ზედა შემინდვეთ. ღმერთმან გარწმუნოს... “ [A484,314rv; ქართულ...,1986:212]. ამ კოლოფონის ტექსტი, რომელიც შემწირველის ანდერძს უძღვის წინ, გადამწერს საგანგებო ტექნიკური ნიშნით გამოუყვია მომდევნო ტექსტისაგან, როგორც ჩანს, სწორედ იმის გამოსაკვეთად, რომ ის ეკუთვნის არა შემწირველს (იოანე პროედროსს), არამედ სახარების ტექსტის რედაქტორს თუ მთარგმნელს (გიორგი ათონელს), რომელმაც ის, ალბათ, თავის ავტოგრაფულ ნუსხას დაურთო და შემდეგ ალავერდის ოთხთავშიც მოხვდა. ანდერძის ტექსტი სრულია, შინაარსობრივად ეს ტექსტი ხელნაწერის დასაწყისში წარმოდგენილი ფრაგმენტის (10r) იდენტურია. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ I ფრაგმენტში (10r) ანდერძი I პირშია დაწერილი („შემიწამებია“, „დავწერენ“), II ვარიანტში (314r) კი – III პირში („შეწამებულ არს“ ნაცვლად „შემიწამებიასი“, თუმცა, II ზმნა ისევ I პირშია _ „დავწერენ“). ეჭვგარეშეა, რომ ერთსა და იმავე ტექსტთან გვაქვს საქმე, ისიც უდავოა, რომ ანდერძი ხელნაწერის ორგანული ნაწილია და წიგნის დამზადების დროსვეა დაწერილი. შესაბამისად, ცნობა, რომელსაც ეს კოლოფონი გვაწვდის, ანგარიშგასაწევია, კერძოდ, ალავერდის ოთხთავში დაცული სახარების ტექსტი სანდო და უეჭველია, რადგან ის შედარებულ-შეჯერებულია სამი სანდო წყაროს მიხედვით. ესენია: ა) „მამისა ეფთჳმეს სახარება“9; ბ) „ქართული სახარება“10 და გ) ბერძნული სახარება11, რომელთანაც ამ კოლოფონის ავტორს ორჯერ მოუხდენია შედარება. ცხადია, ამგვარი შედარების შედეგად მიღებული ტექსტი განსხვავდება როგორც ძველი რედაქციების („ქართული სახარების“) ტექსტისაგან, ასევე ექვთიმე ათონელისეული სახარების ტექსტისაგან, რადგან ბერძნულთან ორჯერ შედარება-შეწამების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მას მნიშვნელოვანი ცვლილებები განეცადა.
სამეცნიერო ლიტერატურაში ალავერდის ოთხთავში (A 484) დაცულ ტექსტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ამ ხელნაწერის პირველი აღმწერელის, თედო ჟორდანიას, აზრით, ალავერდის ოთხთავი ექვთიმე ათონელის რედაქციის ტექსტს შეიცავს [ჟორდანია, 1902:48]12. იმავე აზრისაა ილია აბულაძეც [აბულაძე, 1949:312], უფრო ფრთხილად გამოხატავს თავის პოზიციას ამ საკითხზე კორნელი კეკელიძე. მისი სიტყვებით, „A 484 თუ თვითონ არაა ექვთიმეს თარგმანი, 314-ე ფურცელზე გაკეთებული მინაწერი წმინდისა ექვთიმეს სახარებას მაინც ასახელებს“ [კეკელიძე,1980:317]. ივ. იმნაიშვილს წიგნში „ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია“ აღნიშნული აქვს, რომ ალავერდის ოთხთავის ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისა [იმნაიშვილი,1979:49], თუმცა ამის დამამტკიცებელი არგუმენტები არ მოჰყავს. განსხვავებული და, ვფიქრობთ, საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა მიხეილ ქავთარიამ, რომელსაც ეკუთვნის ამ ხელნაწერის ბოლო ვრცელი აღწერილობა. მისი აზრით, „ალავერდის ოთხთავი უნდა ასახავდეს გიორგი მთაწმიდელის ოთხთავზე მუშაობის I ეტაპს, როდესაც მას ექვთიმეს რედაქცია ორჯერ შეუდარებია ბერძნული დედნისთვის და ადრეული ქართული თარგმანისთვის“ [ქართულ..., 1986:212]. მიუხედავად იმისა, რომ მ. ქავთარიას მიერ გაკეთებული დასკვნები არ ეყრდნობა ტექსტოლოგიურ ანალიზს და ძირითადად ხელნაწერზე დართული ანდერძების მონაცემებს ეფუძნება, ვფიქრობთ, ზემოთ დასახელებულ მოსაზრებათაგან იგი ყველაზე ახლოს დგას იმ დასკვნებთან, რომლებიც ჩვენ ალავერდის ოთხთავის კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური შესწავლის შედეგად მივიღეთ [თვალთვაძე, 2008:12-20]. ჩვენი აზრით, 1054 წელს გადაწერილ ალავერდის ოთხთავში დაცული გვაქვს ოთხთავის ქართული თარგმანის ბოლო რედაქციაზე გიორგი ათონელის მუშაობის შუალედური ეტაპის ამსახველი ტექსტი, როცა ძველი ქართული თარგმანები მას ჯერ მხოლოდ ორჯერ აქვს შედარებული ბერძნულთან, რედაქტირების პროცესი ჯერ არაა დასრულებული, შესაბამისად, არც ვულგატის ტექსტია საბოლოო სახით ჩამოყალიბებული, რადგან მესამე და საბოლოო შედარება, რომლის შესახებაც საუბრობს რუისის ოთხთავის გადამწერი და რის შედეგადაც მივიღეთ ქართული ეკლესიის მიერ ვულგატად აღიარებული ტექსტი, ჯერ არ განხორციელებულა13. ამიტომაც არ ერთვის ალავერდის სახარებას გიორგი მთაწმინდლის ის ცნობილი ანდერძი, რომელიც მან მუშაობის დასრულების შემდეგ ბერძნულთან მესამედ შედარების შედეგად ჩამოყალიბებულ ტექსტს დაურთო და რომელიც ამ რედაქციის შემცველ ხელნაწერთა უმრავლესობას ახლავს.
როგორც ჩანს, ბერძნულ ტექსტთან ქართული თარგმანის უფრო მეტად დაახლოების სურვილმა განაპირობა ის, რომ გიორგი მთაწმინდელი კიდევ ერთხელ მიბრუნებოდა ოთხთავის ტექსტს და ორჯერ უკვე შედარებულ-შეწამებული და რედაქტირებული ტექსტი მესამედაც შეედარებინა ბერძნულთან. მისი მიზანია, ზუსტად გადმოიღოს დედნის ტექსტი. სიზუსტის დასაცავად მას ზოგჯერ უხდება ქართულ ტექსტში სიტყვათა დამატება ან დაკლება, ლექსიკისა და გრამატიკულ ფორმათა შეცვლა, სიტყვათა რიგის შენაცვლება, ბერძნული და ქართული ენების გრამატიკულ-სტილისტურ თავისებურებათა გათვალისწინებაც და, ამის შესაბამისად, თარგმანის ენის დახვეწა-განახლება.
კალიპოსის ოთხთავს ერთვის ზემოთ განხილული კოლოფონებისაგან ფუნქციურად და შინაარსობლივად განსხვავებული კიდევ ერთი ტექსტი, რომელშიც სახარების როგორც „წიგნთა წიგნის“ მნიშვნელობაა განმარტებული [ქუთ.76:350v-353r; სილოგავა,1989;153-165; თვალთვაძე, 2010]. ეს ტექსტი ფაქტობრივად წარმოადგენს ჰომილიას ამ თემაზე და ფრიად საყურადღებოა მხატვრული თვალსაზრისითაც. მაგრამ საინტერესოა, რომ ამგვარი ტექსტი, რომელიც „ცათა და ქუყანისა უზეშთაესი წიგნის“ მომგებელთა, მწერალთა და მკითხველთათვისაა დაწერილი14 და რომელშიც სახარების, როგორც წიგნთა წიგნის, მნიშვნელობაზეა საუბარი (პირობითად „შესხმაჲ ოთხთავისაჲ“), კალიპოსის ოთხთავის გარდა, ოთხთავის მრავალრიცხოვან ხელნაწერთაგან მხოლოდ შავი მთის ოთხთავებში აღმოვაჩინეთ15, რაც გვაფიქრებინებს, რომ „შესხმაჲ“–ის ტექსტი შავი მთის მწიგნობრულ სკოლაშია შექმნილი და იქ მოღვაწე გადამწერებს საჭიროდ მიაჩნდათ მისი დართვა სახარების ნუსხებისთვის. ჩვენი აზრით, ამ ტექსტის ავტორი შეიძლება კალიპოსის ოთხთავის გადამწერი, ბასილი თორელყოფილი, იყოს [თვალთვძე, 2010].
ის ფაქტი, რომ „შესხმაჲ ოთხთავისაჲ“ არ ახლავს 1054 წლით დათარიღებულ შავ მთაზე გადაწერილ სახარების ორ ნუსხას – S 962–ს და A 484, რომელთაგან ერთი (S 962) წინაათონური რედაქციის ტექსტის შემცველი მანუსკრიპტია, ხოლო მეორე - ალავერდის ოთხთავი, რომელშიც ათონური რედაქციის ჩამოყალიბებაზე მუშაობის პროცესის ამსახველი შუალედური ტექსტია შენახული, გვაფიქრებინებს, რომ ის 1054 წლის შემდეგ დაიწერა და დაიწერა საგანგებოდ გიორგი ათონელის მიერ რედაქტირებული ოთხთავის საბოლოო ვერსიისათვის.
ვფიქრობთ, საინტერესოა მე–11 საუკუნის ქართული ოთხთავების ხელნაწერთა კოლოფონებში მოცემული ცნობების შედარება გიორგი მთაწმიდლის ბიოგრაფის, გიორგი მცირის, მიერ გადმოცემულ ფაქტებთან. გიორგი მცირე, რომელიც გიორგი მთაწმინდელის (resp.ათონელის) მოწაფე იყო, ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში „ცხოვრებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ“ [გიორგი მცირე, 1967: 101-207] მოგვითხრობს თავისი მოძღვრის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ გიორგიმ მოღვაწეობა შავ მთაზე დაიწყო ცნობილი შავმთელი მამისა და მწიგნობრის, გიორგი შეყენებულის, ხელმძღვანელობით, შემდეგ ის გაემგზავრა ათონის მთაზე, ქართველთა მონასტერში (ივირონში) და მოგვიანებით მისი წინამძღოლიც გახდა (1044–56 წწ.). მთარგმნელობით საქმიანობას გიორგი მთაწმინდელი თავისი მოძღვრის, გიორგი შეყენებულის, დაჟინებული თხოვნით 1042 წლიდან იწყებს. ბიოგრაფის ცნობით, ამ დროს მან ბერძნულიდან თარგმნა რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი წიგნი: პარაკლიტონი, დიდი კურთხევანი, სახარება გამოკრებილი//საწელიწდო სახარება, საწელიწდო საწინაწარმეტყველო, პავლე საწელიწდო, პავლე სრული და კათოლიკე ეპისტოლენი, თარგმანება დაბადებისაჲ, თთუენი (სექტემბრის თვის). დაწერა „იოვანეს და ექვთიმეს ცხოვრება“. გიორგი მცირისვე ცნობით, ივირონის წინამძღოლობის დროს (1044–56 წწ.) მან მხოლოდ ერთხელ, 1054 წელს, დატოვა ათონის მთა და თითქმის ერთი წლით გაემგზავრა შავ მთაზე, სადაც ამ დროსთვის უკვე ჩამოყალიბებულია მწიგნობრული კერა (სვიმეონწმინდა, კასტანა, კალიპოსი, რომანწმინდა, თუალთა და სხვ.). ბიოგრაფის ცნობით, ამავე პერიოდში ბაგრატ მეფის დედის, დედოფალ მარიამის, თხოვნით, გიორგიმ მოილოცა იერუსალიმი და „დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღმრთისასა ვერ წინაღუდგა... დაღაცათუ შეუძნდა საქმე ესე, ვინაჲთგან წმიდათა წიგნთა თარგმნისაგან დაეხრწეოდა“. იერუსალიმიდან კი „შავსა მთასა მოიწია“ და „მოიცალა ყოველთა ამათ შფოთთა და საურავისაგან და ყოვლისა ზრუნვისაგან თავისუფალმან იწყო თარგმანებად წმიდათა წიგნთა, ვითარცა სულიწმიდა მისცემდა. და ეგევითარი თარგმანი ... სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა, და ვფგონებ თუ, არცა გამოჩინებად არს... თარგმანთა მიერ დაატკბო ენაჲ ჩუენი და წმიდანი ეკლესიანი განაშუენნა და წერილთა თჳსთა ოქროჲთა განამდიდრნა უხუად და გარდარეულად“ [გიორგი მცირე, 1967: 145].
გიორგი მცირე აფასებს რა გიორგის ღვაწლს, საუბრობს მის დიდ დამსახურებაზე წიგნთა თარგმნის საქმეში, გამოყოფს გიორგის მიერ ამ კუთხით შესრულებულ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს. მისი ცნობით: ა) გიორგიმ პირველმა თარგმნა ბერძნულიდან ბევრი თხზულება; ბ) ადრე თარგმნილი და წუთ ვერკეთილად გადმოღებულნი, ჟამთა სიგრძისაგან დაგესლილნი ბრძედსა მას შინა გამოახუნა გ) წიგნნი ეფთვიმის მიერ თარგმნილნი და წუთ უცალოებისაგან ვერ სრულქმნილნი განასრულნა და განავრცელნა; დ) კუალად სხუანი რომელნიმე ბერძულსა შეაწამა და ყოვლისა ნაკლულევანებისაგან განაშუენა და განაბრწყინნა, ვითარცა თვით თავადი სახარებაჲ და პავლე “ [გიორგი მცირე, 1967:146]. ე. ი. გიორგი მცირისთვის გიორგი ათონელის მიერ სახარების ტექსტზე მუშაობა არის არა ტექსტის ხელახლა თარგმნა, არამედ სახარების ბეძნულთან შეწამება და ყოველი ნაკლულევანებისაგან მისი განწმედა. საგულისხმოა ის ფაქტიც, ბიოგრაფის ცნობით, გიორგი შავ მთაზე, კერძოდ, სვიმეონწმიდის ან კალიპოსის მონასტრებშიც მუშაობდა. „საყოფელად არნ ოდესმე სვიმეონწმიდას და ოდესმე კალიპოსს“ [გიორგი მცირე, 1967:148].
ბიოგრაფი გვაუწყებს კიდევ ერთ საყურადღებო ფაქტს, რომელიც მიგვანიშნებს, რომ შავ მთაზე დაწყებულა სახარების გიორგისეული ტექსტის გავრცელება–გამრავლებაც: „ხოლო ვითარცა ცნა ღმრთისმსახურმან მეფემან ბაგრატ, ვითარმედ სრულქმნა თარგმანება წიგნთა საღმრთოთა და მოირწყეს ეკლესიანი შავისა მთისანი წიგნთა მისთა მდინარითა სულთა განმანათლებელითა, რამეთუ ყოველთა მონასტერთა გარდაიწერნეს და უფროჲს ყოველთა დიდად იღუაწა სულითა კურთხეულმან ანტონი ლიპარიტ–ყოფილმან და თავისა მონასტრისა ბარლაამ წმიდისათვის დააწერინა...“ [გიორგი მცირე,1967:155]. ამგვარ ვითარებაში გასაკვირი არ არის, რატომ მოიპოვა ასე ფართო გავრცელება გიორგი ათონელის მიერ სახარების ძველი ქართული თარგმანების ბერძნულთან რამდენიმეგზის შედარების შედეგად ჩამოყალიბებულმა ვერსიამ, რომელიც ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაშიც დამკვიდრდა და ვულგატად იქცა. არსებითად, ეს არის ქართული ოთხთავის ბოლო რედაქცია16, სწორედ ის არის წარმოდგენილი XI საუკუნის მეორე ნახევრისა და მომდევნო ეპოქის მანუსკრიპტთა უმეტესობაში.
გიორგი მცირის ცნობებისა და ოთხთავის ხელნაწერებზე დართული კოლოფონების ანალიზისა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად, ვფიქრობთ, კარგად იკვეთება შავი მთის ქართული სავანის განსაკუთებული მნიშვნელობა ქართული ოთხთავის საბოლოო, ათონური, რედაქციის ჩამოყალიბებისა და მისი გავრცელების საქმეში. სწორედ აქ, სწორედ მეთერთმეტე საუკუნის შუა წლებში, გიორგი მთაწმიდელის შავ მთაზე მოღვაწობის დროს, იწყება ელონოფილური ტენდენციების გამოვლენა და ძალიან მალე ხდება მის მწყობრ კონცეფციად ჩამოყალიბებაც: „ყოველივე ბერძულისაგან და ვითარ იგი ბერძულად არს“ (ეფრემ მცირე); იწყება ძველი თარგმანების რევიზია და მათი „ბერძულისადა მიყვანა“, „რაჲთა არა გუაყვედრიდეს ბერძენნი“ (ეფრემ მცირე). ვფიქრობთ, რომ ეს ელინოფილიზმი, უპირველესად, სწორედ ქრისტიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების ბერძნულთან შედარება-შეწამების გზით ახალი რედაქციების ჩამოყალიბებით გამოიხატა, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ქრისტიანულ სამყაროში „წიგნთა წიგნად“ მიჩნეული წიგნის – „სახარება-ოთხთავის“– გიორგი მთაწმიდლისეული რედაქცია.
ქუთ.76, 310r. გიორგი მთაწმიდელის ანდერძი
ლიტერატურა
აბულაძე ი. 1949 |
ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, თბილისი. |
ადიშის ... 2003 |
ადიშის ოთხთავი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ელგუჯა გიუნაშვილმა, დარეჯან თვალთვაძემ, მანანა მაჩხანელმა, ზურაბ სარჯველაძემ დ სოფიო სარჯველაძემ, ზურაბ სარჯველაძის საერთო რედაქციით,თბილისი. |
გიორგი მცირე, 1967 |
ცხოვრებაჲ გიორგი მთაწმიდელისა: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II, (XI-XV სს.), ილია აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1967 |
თვალთვაძე დ. 2008 |
რომელი რედაქციის ტექსტს შეიცავს ალავერდის ოთხთავი? „რელიგია“, N1. |
თვალთვაძე დ. 2009 |
ქართული ოთხთავის ათონური რედაქციის ჩამოყალიბების ისტორიიდან: საქართველო და ევროპული სამყარო – ფილოსოფიურ–კულტურული დიალოგი, ტ. I, თბილისი. |
თვალთვაძე დ. 2010 |
დოქსოლოგიური ხასიათის ერთი თხზულება შავ მთაზე გადაწერილ ოთხთავის ხელნაწერებში: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე–4 სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი. |
იმნაიშვილი ი. 1979 |
ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ივანე იმნაიშვილმა, თბილისი. |
კეკელიძე კ. 1980 |
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, t. I.თბილისი. |
კვირკველია ე. 2011 |
სახარების ოშკური ხელნაწერის (ათონ. 62) კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი მათეს სახარების მაგალითზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი, სპეკალი, N3 http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/3/27 |
მაჩხანელი მ. 2010 |
ანბანდიდი - სახარება-ოთხთავის IX საუკუნის ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მანანა მაჩხანელმა, თბილისი. |
მუმლაძე ც. 2006 |
ქუთაისის მუზეუმის N76 ხელნაწერი წიგნის დათარიღებისათვის: ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, კრებული XV, ქუთაისი. |
მუმლაძე ც. 2008 |
ოთხთავი 1060 წლის, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და ლექსიკონი დაურთო ციცინო მუმლაძემ, თბილისი. |
პაპუაშვილი ნ. 2007 |
ახალი აღთქმა და მისი ქართული თარგმანი, თბილისი. |
სარჯველაძე ზ. 2002 |
წყაროსთავის ოთხთავი და ქართული ოთხთავის ეფთვიმესეული რედაქციის საკითხები, თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 29, თბილისი. |
სილოგავა ვ. 1989 |
XI საუკუნის ქართველი მწიგნობარი ბასილი თორელყოფილი და მისის ანდერძი: „მრავალთავი“ XV, თბილისი. |
ქართულ... 1986 |
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A)კოლექციისა, ტომი II1, ელენე მეტრეველის რედაქციით. თბილისი. |
ქაჯაია ლ. 1984 |
ხანმეტი ტექსტები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სიმფონია-ლექსიკონი დაურთო ლამარა ქაჯაიამ, თბილისი. |
შანიძე ა. 1945 |
ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (897, 936 და 973 წ.წ.), გამოსცა ა. შანიძემ, თბილისი. |
შანიძე ა. 1981 |
ლიტერატურული ცნობა ახლადაღმოჩენილი უძველესი ქართული ტექსტების შესახებ მეთერთმეტე საუკუნის მწერლობაში, თხზულებანი, ტ. II, თბილისი. |
Tvaltvadze, D. 2012 |
The Manuscripts of Georgian Translations of the Four Gospels From the Black Mountain: Novum Testamentum. Supplements to Novum Testamentum. Volume 1042; Textual Research on the psalms and Gospeles: Papers from the Tbilisi Colloquium on the Editing and History of Biblical Manuscripts, Edited by Christian-B. Amphoux & J. Keith Elliott with Bernard Outtier, Brill, Leiden. Boston. |
Жордания, Т. 1902 |
Описание рукорисей и старопечатных книг Церковного Музея, II, Тифлис. |