ზოგიერთი კერამიკული ფორმა აღმოსავლეთ საქართველოში (ახ.წ. I-IV სს.)

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გვიანანტიკური ხანის სამაროვნებსა და იშვიათად ნამოსახლარებზე, დასტურდება კერამიკული ნაწარმის გარკვეული ჯგუფი, რომელიც აშკარად განსხვავდება ყოველდღიური ყოფისთვის განკუთვნილი ჭურჭლისგან. ამის თქმის საშუალებას იძლევა როგორც მათი განსხვავებული მორფოლოგიური ნიშნები, ასევე ამგვარი კერამიკული ფორმების თვალშისაცემი იშვიათობა და აღმოჩენის კონტექსტი. ამგვარი კერამიკული ნაწარმი, სავარაუდოდ, მზადდებოდა სხვა, განსაკუთრებული შემთხვევებისათვის.

ისინი წარმოდგენილნი არიან ორკორპუსიანი ხელადებით, ამფორისკის და ასკოსისებური ფორმის ჭურჭლით, მოჭიქული ჭურჭლით, რომლებიც ყურადღებას იპყრობს თავიანთი განსხვავებული ფორმისა თუ იშვიათობის გამო და აშკარად გამოიყოფიან ყოველდღიური მოხმარებისათვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმისგან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი ჭურჭლის უმეტესი ნაწილი სპეციალურად სამარხში ჩასატანებლად მზადდებოდა1.

 

ორკორპუსიანი ხელადები.

სამთავროს სამაროვნის III-IV სს. დათარიღებულ სამარხში დადასტურდა ხელადა, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა, რომელსაც აქვს სამტუჩა პირი და ორი მუცელი. ზედა მუცელზე ერთი, ქვედაზე კი ორი ყური აქვს დაძერწილი. ხელადის სიმაღლე 14,2 სმ-ია. (სურ. 1) ქვედა მუცელზე კოპების ორი რიგი შემოუყვება [მანჯგალაძე, 1985:95].

კიდევ ერთი ორკორპუსიანი ხელადა დადასტურდა ბაიათხევის III-IV სს. -ით დათარიღებულ სამარხში. მას ახასიათებს მრგვალი, გადაშლილი პირი. კორპუსის ზედა ნაწილი სფერულტანიან კოჭობს წარმოადგენს, რომელიც კოპებითაა დაფარული და დაძერწილია მის ასეთივე ფორმის ქვედა ნაწილზე. ხელადას წითელი საღებავის კვალი ატყვია. მისი სიმაღლეა 10,5 სმ. (სურ. 2) [ნიკოლაიშვილი... 1995:105].

აღსანიშნავია, რომ ორივე ორკორპუსიანი ხელადა 7-8 წლის ბავშვების სამარხებშია ნაპოვნი. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ჭურჭელი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა (სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო რაიმე წამლის ან სამედიცინო სითხის შესანახად) და ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოადგენდა სწორედ იმ ბავშვებისთვის განკუთვნილ ჭურჭელს, რომელთა სამარხებშიც იქნა აღმოჩენილი.

ორმუცლიანი ხელადა დასავლეთ საქართველოშიც დასტურდება - კლდეეთის სამაროვანზე, რომელიც ახ.წ. II საუკუნით არის დათარიღებული (სურ. 3). განსხვავებული მორფოლოგიური ნიშნების გამო აღნიშნულ ხელადას რიტუალური დანიშნულების ჭურჭლად მიიჩნევდნენ [ლომთათიძე, 1957:26].

მოჭიქული ჭურჭელი.

გვიანანტიკური ხანის მოჭიქული თიხის ჭურჭელი იშვიათ მონაპოვართა რიცხვს მიეკუთვნება. როგორც ჩანს, ამ პერიოდში მათ მცირე რაოდენობით მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისათვის ამზადებდნენ. სავარაუდოდ, ახ.წ. I-IV სს. მოჭიქული თიხის ჭურჭელი საზოგადოების გარკვეული ფენისთვის იყო მხოლოდ ხელმისაწვდომი და არ არის გამორიცხული, ეს ჭურჭელი ძვირფასი სამკაულის სწორიც ყოფილიყო.

თრიალეთში, კერძოდ ბეშთაშენში, აღმოჩნდა ამფორისებური, ორყურა, ლურჯი მინისებური ჭიქურით დაფარული ჭურჭელი, რომელშიც აღმოჩნდა ავგუსტეს მიბაძვით მოჭრილი დენარი. მონეტისა და აქ აღმოჩენილი მძივების მიხედვით ბ. კუფტინი მოჭიქულ ჭურჭელს ახ.წ. I ს. ათარიღებს (სურ. 4) [Куфтин, 1941:25].

აღსანიშნავია არმაზისხევის ერისთავთა IX სამარხში აღმოჩენილი მოჭიქული თიხის ორყურა ჭურჭელი (ამფორისკი), რომელსაც დაბალი, ცილინდრული ფორმის, ვიწრო ყელი, მაღალი, მსხლისებრი მოყვანილობის მუცელი და განიერი ძირი აქვს. პირს მსხვილი ტუჩი შემოუყვება. ყურები მიძერწილია ყელსა და მუცელზე. ყურების ქვემოდან მუცელს ირგვლივ შემოუყვება ორი პარალელური ღარი. ჭურჭლის ზედაპირი დაფარულია ცისფერი ჭიქურით. მოჭიქვა მდარე ხარისხისაა. ჭიქურს ულამაზო, სხვადასხვა სიმუქის ფერი აქვს და ალაგ-ალაგ სქლადაა ჩამოღვენთილი. ამფორისკის სიმაღლე 18 სმ-ია. ( სურ. 5 ).

ეს არის ერთადერთი თიხის ჭურჭელი, რომელიც არმაზისხევის ერისთავთა სამარხებში დადასტურდა2. სამარხი ეკუთვნოდა 7-8 წლის ბავშვს. [მცხეთა ..., 1955:101].

აღნიშნული მოჭიქული თიხის ჭურჭელი ადასტურებს, რომ გვიანანტიკურ ხანაში მოჭიქული ჭურჭელი ძვირფასი სამკაულის სწორი იყო და, სავარაუდოდ, საგანგებოდ სამარხში ჩასატანებლად დაამზადეს. ამფორისკი ახ.წ. II ს. თარიღდება.

კიდევ ოთხი მოჭიქული თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა სამთავროს სამაროვნის III-IV სს. დათარიღებულ სამარხებში. აქედან ერთი კოჭობია - სქელკედლიანი და მწვანედ მოჭიქული. აქვს სწორი პირი, გამობერილი მუცელი, ორი ცრუ ყური და ქუსლი. თიხა წვრილმარცვლოვანია, ღია ნაცრისფრად გამომწვარი, 6სმ. სიმაღლის [მანჯგალაძე, 1985:64]. აღსანიშნავია, რომ ეს კოჭობიც ისევე, როგორც არმაზისხევის მოჭიქული თიხის ჭურჭელი, ბავშვის სამარხში აღმოჩნდა ( სურ. 6 ).

ამავე სამაროვანზეა დადასტურებული ამფორისკის ფორმის სამი თიხის ჭურჭელი. მათთვის დამახასიათებელია გადაშლილი პირი, დაბალი, ვიწრო ყელი, მსხლისებური მუცელი, ოდნავ შეზნექილი ქუსლი და ორი ყური, რომლებიც მიძერწილია ყელზე და მხარზე. ჭიქური ალაგ-ალაგ არათანაბარია. სამივე ამფორისკი მწვანედ არის მოჭიქული. მათი სიმაღლე 14-17 სმ-ია. (სურ. 7).

ამფორისკები სხვადასხვა სამარხშია ნაპოვნი და ორ შემთხვევაში ისინი საოჯახო სამარხის ინვენტარს შეადგენდნენ, რომლებშიც დამარხვის ის ტრადიცია დადასტურდა, რომლის მიხედვითაც სამ-სამი მიცვალებული იყო დაკრძალული: მამაკაცი, ქალი და 13-18 წლის მოზარდი [მანჯგალაძე, 1985: 63,65,96].

ორი მომწვანო-მოცისფროდ მოჭიქული ამფორისკი აღმოჩნდა ყოღოთოსხევის სამაროვანზე (ნაქალაქარ ხორნაბუჯის მახლობლად, ყოღოთოსხევის პირას) ახ.წ. III ს-ის ბოლო - IV ს-ის I ნახევრით დათარიღებულ სამარხში [სინაურიძე, 1967:144] (სურ. 8).

ყოღოთოსხევის სამაროვანზე აღმოჩენილი ამფორისკები თითქმის იდენტურია სამთავროს სამაროვნის ამფორისკებისა. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ერთი სახელოსნოს მიერ იყოს დამზადებული3. ძალიან საინტერესოა, რომ ყოღოთოშიც ისევე, როგორც სამთავროზე, ამფორისკები საოჯახო სამარხის ინვენტარს შეადგენდეს, სადაც ასევე სამი მიცვალებული იყო დაკრძალული.

სამთავროსა და ყოღოთოში აღმოჩენილი მოჭიქული ამფორისკების მსგავსია არაგვისპირის (დუშეთის რაიონი) სამაროვნის ასეთივე ფორმის მოჭიქული ჭურჭელი, განსხვავება ისაა, რომ რომ არაგვისპირის სამაროვნის ამფორისკის კორპუსი არაპროპორციულია და ხელითაა ნაძერწი; ზედაპირი დაფარული აქვს მწვანე ჭიქურით და ახ.წ. III ს.-IV ს-ის დასაწყისით თარიღდება [რობაქიძე, 1982:91].

ახალი ჟინვალის ნამოსახლარზე აღმოჩნდა მცირე ზომის, უყურო, მოცისფროდ მოჭიქული ჭურჭელი4. მას აქვს ვიწრო ყელი, გადაშლილი, ბაკოშემსხვილებული პირი და მსხლისებური მუცელი, ოდნავ გამოყოფილი ბრტყელი ძირი. კეცი ძალზე მასიურია, იმ ზომამდე, რომ ჭურჭლის შიდა სივრცე წარმოადგენს რამდენიმე გრამი სითხის ტევადობის სინჯარისებრ სიცარიელეს. მისი სიმაღლე 7,5 სმ-ია. (სურ. 9). ჭურჭელი ახ.წ. III ს-ით თარიღდება. [რამიშვილი, 1983:110]

ძალზე მცირე მოცულობის გამო იგი შესაძლებელია, რაღაც ძვირფასი წამლის ან სხვა თხევადი ნივთიერების შესანახად იყო განკუთვნილი.

ანალოგიური ფორმის და, როგორც ჩანს, ანალოგიური დანიშნულების მოცისფროდ მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილია ურბნისის სამაროვანზეც, რომელსაც ახასიათებს ასევე მსხლისებური მოყვანილობის ტანი და დაბალი ქუსლი. ჭურჭლის სიმაღლე 7 სმ-ია. (სურ. 10). ჭურჭელი იდო მიცვალებულის მკერდზე. თარიღდება ახ.წ. IV ს-ით [ჭილაშვილი, 1964: 64].

საქართველოში სულ ცნობილია გვიანანტიკური ხანის 34 მოჭიქული ჭურჭელი. ისინი დამზადებულია მოთეთრო, წვრილი მინარევების მქონე კაოლინური თიხისაგან ხელით ან ჩარხით. მათი გამოწვის ხარისხი საშუალოა; უმეტესობა მწვანედაა მოჭიქული; მოჭიქულია მთლიანად, ძირ-ქუსლის გარდა.

მათი წარმომავლობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ნაწილი მეცნიერებისა მათ ადგილობრივ დამზადებულად თვლის, ხოლო ზოგი შემოტანილად მიიჩნევს [მანჯგალაძე, 2008:72].

ამგვარი ჭურჭლის ძირითადი ნაწილი ახ.წ. III ს. - IV ს-ის I ნახევრით თარიღდება.

საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ, რომაული ხანის მოჭიქულ კერამიკასთან შედარებამ (ჩრდილო შავიზღვისპირეთი, პერგამი, როდოსი, ტიგროსის სელევკია, ურუქი, სომხეთი, დურა-ევროპოსი) ცხადყო მათ შორის არსებითი განსხვავება, რაც გამოვლინდა ფორმაში, თიხისა და ჭიქურის ფერში, დამზადების ხარისხში. ახლო მსგავსება და არა იდენტურობა დადასტურდა მხოლოდ დურა-ევროპოსის (სირია) რომაული ხანის მოჭიქულ კერამიკასთან (ფორმა, ჭიქურისა და თიხის ფერი), თუმცა სირიული ნაწარმი, ჩვენგან განსხვავებით, მაღალი ხარისხისაა.

ჩატარებული თიხის მიკროსკოპული ანალიზის შემდეგ [თ. მორჩაძე, 1979] ომელმაც დაადასტურა განსახილველი მოჭიქული ჭურჭლის თიხისა და მცხეთაში, სოფ. კოდმანთან, არსებული თეთრი თიხის იდენტურობა, გაჩნდა ვარაუდი იმისა, რომ საქართველოში ცნობილი რომაული ხანის მოჭიქული კერამიკა, სირიული, მცირე ზომის მოჭიქული კერამიკის მიბაძვით უნდა ყოფილიყო დამზადებული5 და რომ ახ.წ. III-IV სს-ში მცხეთა იყო მოჭიქული კერამიკის წარმოების ცენტრი [მანჯგალაძე, 2008:73].

ცნობილია, რომ ჭიქური კერამიკულ ნაკეთობაზე გამოწვით დამაგრებული მინისებრი მასაა, რომლითაც იფარება თიხის ჭურჭელი და მას სიკრიალეს აძლევს. ჭიქურის სისქე 0,15-0,3 მმ-ია. ჭიქური წარმოადგენს სილიკატს. ჭიქურის შემადგენლობა შეიძლება მრავალგვარი იყოს, თუმცა მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია SIO2 მინერალი, რომელიც ბუნებაში სხვადასხვა სახით გვხვდება (კვარცის სილა, კრისტალი, კაჟი, მინდვრის შპატი, კვარციტი, მთის ბროლი და სხვ.). ჭიქურის მისაღებად გამოიყენება აგრეთვე ტყვია, ჟანგის სახით.

ჭიქური ყოველთვის უფრო ადვილად დნობადია, ვიდრე თიხის მასა. ჭიქური ორგვარ დანიშნულებას ასრულებს: პრაქტიკულსა და დეკორატიულს. ჭიქური ათანაბრებს ჭურჭლის ზედაპირს, ხურავს ფორებს, რაც, ერთი მხრივ, იცავს თიხის კეცს ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, ჭიქურით დაფარული კრიალა ზედაპირი ადვილად ირეცხება, ჭურჭელი კი წყალგაუმტარი, ქიმიურად გამძლე და ლამაზია.

ჭიქურის გამოყენება კერამიკაში მეჭურჭლისაგან მოითხოვს ოსტატობასა და მტკიცედ შემუშავებულ ჩვევებს, როგორც თიხის, ასევე ჭიქურის თვისებების კარგად ცოდნას. ყველა ჭიქური, რა წესითა და მეთოდითაც არ უნდა იყოს მიღებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მკვრივად და მტკიცედ უნდა უერთდებოდეს კერამიკული ნაწარმის ზედაპირს; ჭიქური არ უნდა იღვენთებოდეს ნაწარმის ზედაპირიდან. მას უნდა ახასიათებდეს იმ თიხის კეცის შესატყვისი დნობადობა, რომლის მოჭიქვაცაა განზრახული. იგი არ უნდა გაიბზაროს და ავარდეს კეცის ზედაპირიდან, არ უნდა იხსნებოდეს წყალში, სუსტ მჟავეებში და სხვ. [ჯაფარიძე, 1956:18].

შესაძლოა, გვიანანტიკურ ხანაში მოჭიქული ჭურჭლის იშვიათობა იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იცნობდნენ სრულად ჭიქურის თვისებებს და არ არსებობდა შესაბამისი ბაზა მოჭიქული ჭურჭლის სერიული წარმოებისთვის.

 

ასკოსები

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება ასკოსის ფორმის ჭურჭელი, რომელიც, საფიქრებელია, აქ ძვ.წ. I ს-ში ჩნდება და არსებობს ახ.წ. IV ს. ჩათვლით.

სამთავროს სამაროვანის გვიანელინისტური ხანის ქვევრსამარხებში აღმოჩნდა ორი ასკოსისებური ჭურჭელი. ერთ-ერთი ასეთი ჭურჭლის კორპუსი თითქოს დამჯდარი იხვის ტანს ჰგავს. მას ნისკარტიანი პირი აქვს, გრეხილი ყური კი კორპუსზე ზემოდან ჰორიზონტალურად აქვს დაძერწილი. მუცელი მომრგვალებულია. მისი ზედაპირი სადაა და შეღებილია წითლად. პირის ბოლოს აქეთ-იქით დაძერწილი აქვს ორი კოპი რომლებიც ფრინველის თვალებს გამოხატავს (სურ. 11) [თოლორდავა, 1963:43].

მეორე ასკოსისებური ჭურჭელიც წითლადაა შეღებილი. ტანს წაგრძელებული ფორმა აქვს. ყური კორპუსზე ზემოდან ჰორიზონტალურადაა დაძერწილი. ტანი სადა აქვს (სურ. 12 ). ეს ჭურჭელი სამარხში აღმოჩენილი ოროდ I-ის ორი დრაქმით (ძვ.წ. 53-38 წწ.) ადვილად თარიღდება ძვ.წ. I საუკუნით [თოლორდავა, 1980: 56].

გვიანანტიკური ხანის (ახ.წ. I ს.) ასკოსისებური ფორმის ჭურჭელი აღმოჩნდა სვეტიცხოველი I-ის უბანზე (სვეტიცხოველთან ახლოს) მოვარდისფროდ გამომწვარი და წითელი წერნაქით შეღებილი. მას დაბალი, ღარნისკარტა პირი აქვს - წაგრძელებული, ყური შეწყვილებულია - ჭურჭელზე ზემოდან დადგმული, ტანი - მომრგვალებული, უფრო ჩაიდნისებური მოყვანილობა აქვს და ახასიათებს დაბალი ქუსლი. ჭურჭლის სიმაღლეა 12,3 სმ. (სურ. 13) [აფაქიძე... 1978:140].

ახ. წ. I ს-ით დათარირებული ასკოსისებური ჭურჭელი აღმოჩნდა ასევე ზემო ავჭალის სამაროვანზე, რომელსაც მთლიანად აკლია პირ-ყელის ნაწილი და ყური. შემორჩენილია მხოლოდ ტანი და მასზე დაძერწილი ყურის ბოლო. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ასკოსი ნავისებური ფორმის დახურულ ჭურჭლად არის მოხსენიებული [მაკალათია, 1928:177].

ორი ასკოსისებური ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავროს ახ.წ. II ს-ით დათარიღებულ სამარხებში. ერთ-ერთ ასეთ ჭურჭელს აქვს ორი პირი, რომელთაგან ერთი სამტუჩაა, ხოლო მეორე - მრგვალი. ამ ორ პირს ერთმანეთთან აერთებს რკალისებრი სახელური. ყურს სამტუჩა პირთან მიერთების ადგილას დაძერწილი აქვს მორჩისებური შვერილი და მცირე კოპი, ხოლო მეორე პირთან მიერთების ადგილას - მხოლოდ კოპი. მას აქვს სფერული მუცელი, რომელზეც ირიბი ნაჭდევებისგან შედგენილი სარტყელი შემოუყვება. იგი გამომწვარია მოჩალისფროდ. მისი სიმაღლეა 11,7 სმ. (სურ. 14) [Иващенко, 1980:79].

მეორე ასკოსისებურ ჭურჭელს ასევე სამტუჩა პირი და მაღალი ყელი ახასიათებს. ყური მიძერწილია პირზე და კორპუსის ბოლოზე. პირთანაც და კორპუსთანაც ყურის მიერთების ადგილას დაძერწილია მორჩისებრი შვერილები. ტანი სადაა და წაგრძელებული ფორმა აქვს. ჭურჭლის სიმაღლე 11 სმ-ია. (სურ. 15) [Иващенко, 1980: 79].

საინტერესოა ბაიათხევის ახ.წ. III-IV სს. დათარიღებულ სამაროვანზე აღმოჩენილი ორი თიხის ასკოსისებური ჭურჭელი: ისინი ფრინველის სტილიზებულ გამოსახულებას წარმოადგენენ. აქვთ სამტუჩა პირი, მომაღლო ყელი, წაგრძელებული ტანი, დაბრტყელებულ ზედაპირზე დაძერწილი ოვალისებური ყური და დაკეჭნილი ორნამენტით შემკული კუდი. ყურისთავთან ერთს კოპი, ხოლო მეორეს ორმაგი კოპი აქვს დაძერწილი. ფორმით ეს ორი ჭურჭელი თითქმის იდენტურია. განსხვავებულია მათი ორნამენტაცია: ერთის ტანს შემოუყვება შვეული ნაჭდევი ხაზებით შედგენილი სარტყელი (სურ. 16), ემჩნევა საღებავის კვალიც. მეორე ასკოსისებურ ჭურჭელს ყურსა და კუდზე დაღარული ზოლები ამჩნევია, ტანზე სამ რიგად ემჩნევა შიგნიდან გამობერილი კოპებისგან შედგენილი სამი სარტყელი და ტანს შემოუყვება შვეული ნაჭდევი ხაზებით შედგენილი სარტყელიც ( სურ. 17).

ერთ-ერთი ასკისებრი ჭურჭელი აღმოჩენილია 6-8 წლის ბავშვის სამარხში ორკორპუსიან ხელადასთან ერთად, ხოლო მეორე ქალის მდიდრული სამარხის ინვენტარს შეადგენდა [ნიკოლაიშვილი... 1995: 105,130].

კიდევ ერთი თიხის ასკოსისებური ჭურჭელი აღმოჩნდა ჟინვალის ახ.წ. III-IV სს. დათარიღებულ სამაროვანზე, რომელიც ასევე ფრინველის სტილიზებულ გამოსახულებას წარმოადგენს. მას ახასიათებს მრგვალი პირი. მისი ტანი ირიბი ნაჭდევებით არის გაფორმებული [Рамишвили, 1982: 35].

როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ასკოსის ფორმის ჭურჭელი ძვ. წ. I ს-დან ჩნდება. მას ახასიათებს კორპუსზე ზემოდან დაძერწილი ჰორიზონტალური ყური, მომრგვალებული ან ოდნავ წაგრძელებული მუცელი, უფრო დაბალქუსლიანი ან უქუსლო ძირი, წითელი წერნაქით შეღებილი ზედაპირი და უორნამენტო ტანი. მათთვის არ არის დამახასიათებელი ყელი.

სვეტიცხოველი I-ის უბანზე აღმოჩენილი ახ.წ. I ს-ის ასკოსისებური ჭურჭელი მორფოლოგიურად უახლოვდება ძვ.წ. I ს-ის ასკოსებს.

ახ.წ. II ს-დან ასკოსისებურ ჭურჭელში შეინიშნება მორფოლოგიური ცვლილებები: მათ უჩნდებათ სამტუჩა პირი6, უგრძელდებათ ყელი და კორპუსი. ყური ასკოსის პირზეა მიძერწილი, შესაბამისად, ყური აღარ არის კორპუსზე ზემოდან ჰორიზონტალურად დაძერწილი. ამ პერიოდიდანვე ჩნდება ორპირიანი ასკოსისებური ჭურჭელი (სამთავრო). ყურის ზედა ნაწილში პირთან მიერთების ადგილზე ჩნდება კოპი და მორჩისებური შვერილი, ასეთივე შვერილი გვხვდება ყურის ბოლოს, კორპუსზე დაძერწვის ადგილას, რაც უფრო ფრინველის კუდის მოტივს მოგვაგონებს. ამავე პერიოდში ჩნდება ორნამენტი კორპუსზე და ქრება ქუსლი.

ახ.წ. II ს-ში ჩამოყალიბებული ეს ფორმები არსებობას განაგრძობენ ახ.წ. III-IV სს-შიც (ბაიათხევი, ჟინვალი), კვლავ გვხვდება ამ ჭურჭლის წერნაქით შეღებვის შემთხვევები.

ასკოსს - ჩაიდნისებური ფორმის ჭურჭელს - ბერძნულ სამყაროში ზეთისა და ნელსაცხებლებისთვის ხმარობდნენ. ასკოსის ფორმა შესაძლებელს ხდის, რომ ამ ჭურჭლიდან სითხემ (ზეთი, სუნამო, თაფლი...) წვეთწვეთობით იდინოს7. ასკოსი ანტიკურ კერამიკაში დამკვიდრდა ძვ.წ. V ს-ის დასაწყისიდან და არსებობდა ძვ.წ. IV ს-ის ბოლომდე [კახიძე, 2007: 116].

შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ასკოსები უკავშირდებოდნენ არა ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ ასკოსებს, არამედ მახლობელ აღმოსავლეთში ცნობილ ამგვარ ჭურჭელს. მახლობელ აღმოსავლეთში ისინი გამოვლენილია მინგეჩაურის კერამიკაში, მდ. ამუდარიასთან აღმოჩენილ კერამიკაში [Казиев, 1960:26].

ამფორისკებიც, ასკოსის მსგავსად, სანელსაცხებლედ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ორკორპუსიანი ხელადების, ამფორისკის თუ ასკოსისებური ფორმის ჭურჭლის იშვიათობა და განსხვავებული ფორმა შესაძლებელია იმის მანიშნებელი იყოს, რომ აქ საქმე გვაქვს არა ყოველდღიურად სახმარ, არამედ უფრო სარიტუალო დანიშნულების ჭურჭელთან.

კერამიკულ მასალაზე დაკვირვების შედეგად შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ამ პერიოდში ხელოსნები ცალკე აკეთებდნენ ყოველდღიურად სახმარ სერიული წარმოების ჭურჭელს და ცალკე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ამზადებდნენ მათგან განსხვავებული ფორმის კერამიკულ ნაწარმს, რომელსაც აშკარად სხვა დატვირთვა უნდა ჰქონოდა.

ვფიქრობ, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მოჭიქული ჭურჭელი სამთავროდან და არმაზისხევის ერისთავთა სამაროვნიდან, ასკოსისებური ჭურჭელი ბაიათხევიდან, ორი ორკორპუსიანი ხელადა სამთავროდან და ბაიათხევიდან ბავშვის სამარხის ინვენტარს შეადგენდა, ხოლო აღმოჩენილი ამფორისკებიდან ოთხი, საოჯახო სამარხის ინვენტარს წარმოადგენდა, რომელშიც სამ-სამი მიცვალებული იყო დაკრძალული.

ამრიგად, მიუხედავად კერამიკული ჭურჭლის გარკვეული დეგრადაციისა, რაც გამოწვეული იყო გვიანანტიკური პერიოდიდან მთელ საქართველოში მინისა და ლითონის ნაწარმის ფართო გავრცელებით, თიხის ჭურჭელი მაინც ინარჩუნებს საკმაო მრავალფეროვნებას და რჩება ყოველდღიური დანიშნულების უმთავრეს ატრიბუტად. კერამიკული წარმოება კვლავ წარმოადგენს ხელოსნური წარმოების ერთ-ერთ მთავარ დარგს და მას ბოლომდე ვერ ცვლის ძვირფასი ლითონის ნაწარმი. ამის უტყუარი საბუთი ისიც არის, რომ გვიანანტიკური პერიოდის ძეგლებზე აღმოჩენილ ვერცხლის, ბრინჯაოსა თუ მინის ჭურჭელს საგრძნობლად სჭარბობს კერამიკული ნაწარმი. ეს დასტურდება არა მხოლოდ ამ პერიოდის რიგით ნამოსახლარებისა თუ სამაროვნების, არამედ სოციალურად დაწინაურებული ფენისათვის განკუთვნილი სასახლეების მაგალითზეც (დედოფლის გორის სასახლე, ბაგინეთის სამეფო რეზიდენცია და სხვა), რაც კერამიკული ჭურჭლის პრაქტიკული თუ სარიტუალო გამოყენების აუცილებლობით იყო განპირობებული.

 

 

1 ასეთი ტიპის კერამიკული ნაწარმი ძირითადად სამარხეული კომპლექსებიდან მომდინარეობს და იშვიათად დასტურდება ნამოსახლარებზე.
2 სხვა შემთხვევებში მხოლოდ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს თუ სხვა ძვირფასი ლითონისა და ქვებისგან დამზადებული ჭურჭელი და სამკაული გვხვდება.
3 ყოღოთოს და სამთავროს ეს ჭურჭელი ერთნაირად, ახ.წ. III-IV სს. თარიღდება.
4 ეს ერთადერთი მოჭიქული ჭურჭელია ამ ნამოსახლარზე.
5 ამას გვაფიქრებინებს ფორმა, თიხისა და ჭიქურის ფერი, მოჭიქვის ტექნიკა.
6 აღარ ვხვდებით ნისკარტის მოტივს.
7 ამ ფორმას ანტიკურ სამყაროში ლიდიიდან შემოტანილად მიიჩნევენ.

 

ლიტერატურა

აფაქიძე ა., კალანდაძე ა., ნიკოლაიშვილი ვ., მანჯგალაძე გ., სიხარულიძე ა., სადრაძე ვ., ხეცურიანი ლ., ჯღარკავა თ., ძნელაძე მ., დავლიანიძე რ., გიუნაშვილი გ.
1978
მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1976 წლის მუშაობის ანგარიში. მცხეთა ტომი II. თბილისი.
თოლორდავა ვ.
1980
დაკრძალვის წესები ელინისტური ხანის საქართველოში. თბილისი.

1963
მასალები ქართლის სამეფოს ისტორიისათვის ძვ.წ. III-I სს. მსკა. ტომი III. თბილისი.
კახიძე ა.
2007
ფიჭვნარი ტ. II. ბათუმი
ლომთათიძე გ.
1957
კლდეეთის სამაროვანი. თბილისი.
მაკალათია ს.
1928
1920-1924 წწ. საქართველოში აღმოჩენილი ზოგიერთი ნეკროპოლის დათარიღებისათვის. სსმმ. ტომი IV. თბილისი.
მანჯგალაძე გ.
2008
რომაული ხანის მოჭიქული თიხის ჭურჭელი საქართველოში. იბერია-კოლხეთი №4. თბილისი

1985
სამთავროს სამაროვნის გვიანანტიკური ხანის სამარხები. მცხეთა ტომი VII. თბილისი.
მორჩაძე თ.
1979
შიდა ქართლის ანტიკური პერიოდის კერამიკა. თბილისი
მცხეთა...
1955
მცხეთა ტომი I. თბილისი.
ნიკოლაიშვილი ვ., გიუნაშვილი გ.
1995
ბაიათხევი. მცხეთა. ტომი X. თბილისი.
რამიშვილი რ.
1983
ახალი ჟინვალის სამაროვანი და ნამოსახლარი 1971-1973 წწ. განათხარის მიხედვით. ჟინვალი ტომი I. თბილისი.
რობაქიძე ც.
1982
არაგვისპირის სამაროვნის თიხის ჭურჭელი. არქეოლოგიური ძიებანი II-III. თბილისი.
სინაურიძე მ.
1967
გვიანანტიკური და ადრეფეოდალური ხანის სამარხები ყოღოთოდან. სსმმ. XXVII-B. თბილისი.
ჭილაშვილი ლ.
1964
ნაქალაქარი ურბნისი. თბილისი.
ჯაფარიძე ვ.
1956
ქართული კერამიკა (XI-XIII სს.) თბილისი.
Иващенко М.М.
1980
Самтаврские погребения первых трех веков Н.Э. Мцхета Т. III. Тбилиси
Казиев С.М.
1960
Альбом кувшинных погребении Мингечаури. Баку.
Куфтин Б.А.
1941
Археологические раскопки в Триалети. Тбилиси
Рамишвили. Р.М.
1982
Археологические изыскания в зоне строительства Жинвальского гидротехнического комплекса в 1976-1979гг. Археологические исследования на новостроиках грузинской сср. Тбилиси