ლელა ებრალიძე
ლელა ებრალიძემ 1999 წელს მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენებისა და თარგმანის კათედრაზე, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „თარგმანისა და კულტურათშორისი ურთიერთობების“ სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად კითხულობს სალექციო კურსებს მხატვრულ თარგმანში, იურიდიული ტექსტის, აკადემიური ტექსტის, თანამიმდევრული თარგმანისა და ქართული თარგმანის ისტორიაში.ლელა ებრალიძეს გამოცემული აქვს ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი პოეტური ნაწარმოებები წიგნად, სახელწოდებით „ლირიკული მოზაიკა: ბრიტანელი და ამერიკელი პოეტები“. ქართველი პოეტების ლექსების ლელა ებრალიძისეული თარგმანები დაიბეჭდა ალმანახ „ახალი საუკუნის“ ინგლისურენოვან გამოცემაში. იგი მონაწილეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურად თარგმნაში.
ლელა ებრალიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები პოეტური ხატების თარგმანის, რითმისა და პოლისემიის საკითხებზე. 2014 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში“.