სახელმწიფოებრიობის სათავეებთან აღმოსავლეთ საქართველოში (იორ-ალაზნის ორმდინარეთის მაგალითზე)

სამხრეთ კავკასია, გეოგრაფიულად, მახლობელი აღმოსავლეთის განუყოფელი ნაწილია და მათი წარსულიც, თანაბარწილად, ერთობლიობაში უნდა განიხილებოდეს.

ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ალაზანსა და იორს შორის მდებარე ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, რომელიც ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნის ბოლო ხანებით თარიღდება. ივრის ზეგნის ეს მონაკვეთი გეოგრაფიულად მთებით მკაცრად შემოსაზღვრული ნაყოფიერი ველებია, რომელთა საშუალო ნიშნული ზღვის დონიდან 600 მ. აღწევს, ირგვლივ მდებარე მთების საშუალო სიმაღლე კი 800 მ. ფარგლებშია. მისი მთელი ფართობი დაახლოებით 15 ჰექტარია. ზეგნის აქ მდებარე სამივე ველზე ამჟამად მკვეთრად ისახება მდინარეთა მშრალი კალაპოტები. მრავალი მონაცემის მიხედვით, ძვ. წ. X-XI საუკუნეებში ივრის ზეგნის ეს მონაკვეთი, როგორც ჩანს, ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა [ფიცხელაური, 2011: 10-50]

სურ. I. დიდი შირაქის ველზე არსებული არქეოლოგიური ობიექტები

გეოგრაფიულად ამ კარგად გამოკვეთილ ტერიტორიას ერთი მთავარი შემოსასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან, რომელიც ხეობაზე გადის და „გრძელი კარის“ ტოპონიმით არის ცნობილი.1 მას ძვ. წ. X-IX სს. მძლავრი ციხე იცავს დიდი ქვის ბლოკებზე ამოყვანილი, ხუთი მეტრის სიგანის გალავნითა და ოთხკუთხა მასიური კოშკებით გამაგრებული ჭიშკრით [Furtwängler, Knauss, Motzenbäkcker, 1998: 309-364].

ივრის ზეგნის ამ მკვეთრად შემოსაზღვრულ მონაკვეთში, ველების ირგვლივ მდებარე მთა-გორებზე, წინა წლებში აღმოჩნდა 40-ზე მეტი, კარგად დაგეგმარებული მცირე, ორწილადი დასახლება - ციტადელით მთის თხემზე და ქვედა საცხოვრებელი უბნებით მთის ფერდობებზე, რომლებიც ცალ-ცალკე მძლავრი გალავნებითა და თავდაცვითი თხრილებით არის შემოსაზღვრული.

II – დიდი შირაქის ველზე მდებარე დიდნაურის ნაქალაქარი და მცირე დასახლებები

ყველა ეს დასახლება ერთი კულტურის ფარგლებში ექცევა და დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. ცნობილია მათი სამაროვნებიც [Маисурадзе, 1988: 61-62; ასათიანი, მაისურაძე, 2001: 37-65].

ამ დასახლებების ცენტრალურ ნაწილში, ველზე, 2014 წელს, სატელიტური გადაღებების დეშიფრაციითა და მცირე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა გრანდიოზული, როგორც ჩანს, ცენტრალური ქალაქის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 15 ჰა ფართობს მოიცავს. ნაქალაქარი სამეცნიერო ლიტერატურაში „დიდნაურის“ სახელწოდებით შევიდა.

III - დიდი შირაქის ველი. „დიდნაურის“ ნაქალაქრის მითითებით

ამ 15 ჰექტრიდან, ციტადელი 400X400  მეტრია, რომელსაც გარს რთული, წინააზიური ნაგებობების მსგავსი კონსტრუქციის, 7 მ. სიგანისა და სპეციალისტების გამოანგარიშებით, სულ მცირე 15 მ. სიმაღლის, 1,5 კმ. სიგრძის გალავანი უვლის.

V. დიდნაურის ნაქალაქრის გალავნის რეკონსტრუქციაარქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად სამხრეთი გალავნის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა ქალაქში შესასვლელი ერთ-ერთი კარიბჭე.

V - ნაქალაქარის სამხრეთით არსებული კარიბჭის გეგმა

მეტად არსებითია სამხრეთ გალავნის სიღრმეში, კარიბჭის დასავლეთით თიხით ნაგები სამსხვერპლო მაგიდის აღმოჩენა, რომელიც აქ გამოვლენილი თიხის ჭურჭლისა და თიხის საბეჭდავის მიხედვით, ასევე, ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით თარიღდება.

VI - სამხრეთ კარიბჭესთან აღმოჩენილი სამსხვერპლო მაგიდადა

ზვერვითმა სამუშაოებმა კი მიანიშნა ქალაქის წყლით მომარაგების საიდუმლო გვირაბისა და დიდი სამაროვნის არსებობაზე.

ციტადელის ტერიტორიაზე, ასევე, მძლავრი გალავნით ორი დიდი ოთხკუთხა მონაკვეთია გამოყოფილი, რომლებიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებდა. მას გარს უვლის 15 მ. სიგანის თავდაცვითი თხრილი, მისი ჩრდილო ნაწილი კი, მეორე განიერი გალავნით არის გარშემოვლებული.

ნაქალაქარის დასავლეთ ციტადელის ცენტრალური ნაწილის გათხრითი სამუშოების შედეგად გამოვლინდა წვრილი ქვის ღორღოვანი მასით მოპირკეთებული ქუჩა, რომლის მიმდებარედ დაფიქსირდა რიყის ქვით ნაშენი შენობის საძირკვლები.

VII - დიდნაურის ნაქალაქარი. მოკირწყლული ქუჩა და შენობების საძირკვლების კვალი

მოკირწყლული ქუჩის ქვეშ აღმოჩენილმა საკანალიზაციო ქსელმა მიანიშნა, რომ ამ პერიოდშიც აქ არსებული ჰიდროქსელი ჯერ კიდევ საკმაოდ წყალუხვი იყო2. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დასახლებათა სისტემის ერთ-ერთ სამლოცველოზე ცხენებშებმული საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს მოდელი აღმოჩნდა, სამაროვნებზე კი, გათხრილ სამარხებში ყველა მამაკაცი მძლავრი ბრინჯაოს საბრძოლო იარაღით - მახვილით, სატევრით, შუბითა და ცულით იყო აღჭურვილი, რაც აქ მოსახლე საზოგადოების დიდ საბრძოლო პოტენციალზე მიანიშნებს.

VIII - ბრინჯაოს საბრძოლო ეტლის მოდელი და მეომრის სამარხი

ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ივრის ზეგანზე, სამოსახლოებისგან მოშორებით არსებულ, ძვ. წ. X-IX სს. რელიგიური ცხოვრების ორ დიდ ცენტრში კოლოსალური რაოდენობით აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, რაც ამ მხარეს და მის კულტურას მთელ მახლობელ აღმოსავლეთში, პალეომეტალურგიის თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილს ანიჭებს [ფიცხელაური, 2011: 106-122]

გვიანბრინჯაოს ხანის მეორე საფეხურზე, რომელსაც ძირითადად ეკუთვნის  „დიდნაურის“ ნაქალაქარი და სამაროვანი, როგორც წესი, ძალიან იშვიათია და შეიძლება ითქვას, რომ იორ-ალაზნის აუზის ძეგლებისათვის სრულიად არ არის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ღია წაბლისფრად გამოწვა. დიდნაურის ნაქალაქარისა და სამაროვნისთვის კი მსგავსი კეციანი თიხის ჭურჭელი ერთ-ერთ დამახასიათებელ სახედ უნდა მივიჩნიოთ. მათი ფორმები ჩვეულებრივ ადგილობრივი ფორმებისაა და არ გვაძლევს საშუალებას ისინი შემოტანილ ნაკეთობებს მივაკუთვნოთ. კიდევ მეტი, როგორც ნაქალაქარზე, ისე სამაროვანზე, არც თუ იშვიათად გვხვდება ჩალისფერ წერნაქში ამოვლებული,  წაბლისფრად გამომწვარი ეს ჭურჭლები, რაც ამ დროის კავკასიის სამეთუნეო ნაწარმისათვის სრულიად არ არის დამახასიათებელი და ჯერჯერობით მხოლოდ დიდნაურის ძეგლებზე დაფიქსირდა. თიხის ჭურჭლის შემკობის ეს ტექნიკა არც თუ იშვიათია წინააზიის თანადროული ძეგლებისათვის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიაში თიხის ჭურჭლის შემკობის ეს ტექნიკა სწორედ წინააზიური ძეგლებიდან, კონკრეტულად ხეთური თიხის ნაკეთობებიდან ნასესხებად ვივარაუდოთ.

შესაძლოა, მსგავს კავშირებზე მიგვითითებდეს სიახლეები თიხის ჭურჭლის ფორმებშიც. კერძოდ, ჰერეთის პლატოზე, დიდნაურის ნაქალაქარსა და ნაზარლების ერთ-ერთ ცენტრალურ დასახლებაზე ძალიან ხშირად გვხვდება ძვ. წ. XIII საუკუნის ტიპური ადგილობრივი ფორმების თიხის ჭურჭლის მხარზე მიძერწილი მრგვალგანივკვეთიანი ზემოთ შევიწროებული და აცქვეტილი ყურები. მსგავსი ფორმის ყურები ახასიათებს ხეთურ ნაკეთობებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიელი ხელოსანი კარგად იცნობდა ხეთურ სამეთუნეო ნაწარმს და მისთვის დამახასიათებელი ის დეტალები, როგორებიცაა: ჭურჭლის წერნაქით დაფარვა, ზეაწეული ყურები, თიხის ჭურჭლის ცხოველების ქანდაკებებით შემკობა და სხვა. ამან კავკასიელი მეწარმის მოწონება დაიმსახურა, რაც შემდგომ ადგილობრივ ნაწარმზე იქნა გადმოტანილი.

ერთდროულად ნაქალაქარის ტერიტორიიდან გვაქვს სამეთუნეო ნაწარმის ბევრი ფრაგმენტი, რომლებიც თავისი ხარისხით, დამუშავებითა და გარეგნული იერით აშკარად არაა ადგილობრივი.

შესაძლოა, ხეთელ მეთუნეებთან კავშირზე მიუთითებდეს ისიც, რომ ამ დროს კერამიკულ ნაწარმში ჰერეთის ტერიტორიაზე დამახასიათებელ ნიშნად იქცევა თიხის ჭურჭლის მხარზე ცხოველური ქანდაკებების გამოძერწვა, რაც ხეთებთან თიხის ჭურჭლის შემკობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი შტრიხია, რომელსაც რიტუალური დატვირთვაც უნდა ჰქონდეს.

ყოველივე ეს თითქოს ადასტურებს აქ მოსახლე საზოგადოების გაერთიანებას ერთ სოციალ-ეკონომიკურ და დასაშვებია პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ყველა ნიშანს ატარებს.

IX - დიდნაურის სამაროვანზე და ნაქალაქარზე აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი

ამ ვარაუდს მხარს უჭერს ივრის ზეგნის დასავლეთ ნაწილში, დავით გარეჯის მთიანეთში კონცენტრირებული ძვ. წ. X-IX სს. დიდი დასახლებები რეგულარული გეგმარებით და მძლავრი თავდაცვითი ნაგებობებით, რომლებიც აქაც მცირე სახელმწიფოებრივი სისტემის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

X - უდაბნოს პროტოქალაქები

როგორც ცნობილია, მთელ მახლობელ აღმოსავლეთში ძვ. წ. XII-XI საუკუნეების ე. წ. „ბნელი პერიოდის“ შემდგომ, ძვ. წ. X-IX საუკუნეებში მასობრივად ჩნდება მცირე სახელმწიფოები. ივრის ზეგანზე ამ აღმოჩენების შემდგომ დასაშვებია ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიაც ძველი აღმოსავლეთის ორგანულ ნაწილად მივიჩნიოთ, რადგან აქაც, როგორც ჩანს, მსგავსი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა.

დასკვნები და საკვლევი საკითხები:

სპეციალისტთა დაკვირვებით, ივრის ზეგანზე აღმოჩენილი ნაქალაქარი „დიდნაური“ ძვ. წ. IX საუკუნეში მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის განადგურებული, რაც აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას განსაკუთრებით პერსპექტიულს ხდის.

აღმოსავლეთ საქართველოში ამ აღმოჩენების პროგრამული კვლევა სამხრეთ კავკასიის და შესაძლოა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის მასშტაბითაც, წარსულის ფუნდამენტური პრობლემის ახლებური გააზრების საფუძვლად იქცეს.

მიუხედავად სამომავლო საკვლევი საკითხების სიუხვისა, არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ივრის ზეგანზე ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში მცხოვრები საზოგადოება ატარებდა ადრეული სახელმწიფოებრივი ფორმირების მკვეთრად გამოხატულ ნიშნებს. მის ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებას დიდწილად ხელს უწყობდა დღევანდელთან შედარებით სრულიად განსხვავებული ბუნებრივი გარემო. მხოლოდ კომპლექსურად, ისტორიულ ბუნებრივ გარემოსთან შესაბამისობაში, უნდა იქნეს განხილული მისი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი.

იორ-ალაზნის ტერიტორია, ისტორიული ჰერეთი, დღევანდელი კახეთია. მისი უძველესი წარსულის კვლევას უაღრესად დიდი ეროვნული დატვირთვა აქვს. ეს განაპირობა საქართველოს ამ მხარეში არსებულმა რიგმა მოუგვარებელმა პრობლემამ, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვრებს და ჩვენი ქვეყნის ამ კუთხეში მცხოვრები საზოგადოების წარმომადგენლობის კახელების ეთნოკულტურული კუთვნილების საკითხს.

 

[1] „გრძელი კარის“ თანამედროვე არეალია სოფ. გამარჯვებიდან, დედოფლისწყაროს შესასვლელამდე.

[2] 2018-19 წლებში, შოთა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს მიერ განხორციელდა შირაქის ველის ჰიდროგრაფიული ქსელის მოდელირება და საველე გეომორფოლოგიური კვლევები. შეგროვდა მრავალმხრივი მასალა, რომელიც შემდგომ უფრო მასშტაბურ კვლევებს უყრის საფუძველს, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვანი ლაბორატორიულ და ანალიტიკურ სამუშაოებს, სტრატიგრაფიული ფენების და არქეოლოგიური მასალის ანალიზის კუთხით.

ლიტერატურა

ასათიანი ნ., მაისურაძე ბ.
2001
დედოფლისწყაროს რაიონის გორასამარხები. არქეოლოგიური კრებული III. XXII – XXVI. თბილისი.
ფიცხელაური კ.
2011
ნაზარლების სამაროვნის მორფოლოგია. ხორნაბუჯი I. თბილისი.
A. Furtwängler., F. Knauss
1997-1998
Archäologische Expedition in Kachetien.
Motzenbäkcker I.
1998
Ausgrabungen in Širaki. Eurasia Antigua. Band 4.
Маисурадзе В.
1988
Ширакскаия архелологическая експедиция. Полевые археологические иследования.