იაკობის ჟამისწირვისა და “წმინდა ჰაბოს წამების” ტექსტთა ურთიერთმიმართების საკითხისათვის
ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელება წმინდა ანდრიასა და სვიმეონ კანანელის სახელს უკავშირდება. მათი მოღვაწეობის შედეგია ჩვენში ადრეულ პერიოდში, უძველესი იერუსალიმური ქრისტიანული ღვთისმსახურების დამკვიდება. როგორც კ. კეკელიძე აღნიშნავდა, წმინდა იაკობის ჟამისწირვა ქიროტონიისა და ქიროტესიის წესების გადმოცემისას მსგავსებას ამჟღავნებს მოციქულთა დადგენილებებთან. ეს კი მოწმობს ღრმა სიძველეზე რედაქციის ძირითადი ფენისა, რომელიც გამოცემულ ტექსტშია. Kკორნელი კეკელიძე მიიჩნევდა, რომ იერუსალიმური ეკლესიის ღვთისმსახურების ძეგლი ადრეულ პერიოდშივე უთარგმნიათ ქართულად [Древне-Грузинский ... 1912: 8].
იერუსალიმურ ეკლესიაში მოციქული იაკობის ლიტურგია XII საუკუნემდე გამოიყენებოდა, ასეთივე მოვლენას უნდა ჰქონოდა ადგილი საქართველოშიც. X საუკუნიდან საქართველოში ჩნდება ლიტურგიები კონსტანტინოპოლური რედაქციისა, თავდაპირველად ისინი თანაარსებობს წმინდა მოციქულ იაკობის ლიტურგიასთან ერთად. იმისათვის, რომ კონსტანტინოპოლური რედაქციები გაბატონებულიყო ღვთისმსახურებაში, თანდათანობით ავრცელებენ ტენდენციას, რომ იაკობის ლიტურგია არ არის სარწმუნო და გამოუსადეგარია ღვთისმსახურებაში (ეს ჩანს ალექსანდრიელი პატრიარქის მარკოზის კითხვიდან კანონისტ თეოდორე ბალსამონისადმი და ამ უკანასკნელის პასუხიდან [1]). იმავე ბრძოლას ჩვენ ვხედავთ საქართველოშიც. ამით აიხსნება თეოდორე საბაწმინდელის შეკითხვა ქართული ეკლესიის ცნობილი წარმომადგენლის, ეფთვიმე მთაწმინდელისადმი, რომელიც იმყოფებოდა იმჟამინდელი მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ქრისტიანული ცხოვრების ცენტრში. ექვთიმე მთაწმინდელისა და თეოდორე საბაწმინდელის კითხვა-მიგების ანალიზიდან გამომდინარე, კ. კეკელიძე ასკვნიდა, რომ წმინდა მოციქულ იაკობის ჟამისწირვა ქართულ და ბერძნულ ეკლესიებში გაბატონებული ყოფილა XI საუკუნემდე. ჩვენში X საუკუნიდან აქტიურად დაუწყიათ იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიათა კონსტანტინოპოლური რედაქციების გამოყენება და თანდათან შემცირებულა იაკობის ჟამისწირვის გამოყენების შემთხვევები.
კ. კეკელიძის შენიშვნით, მოციქულ იაკობის ლიტურგიაში ბიზანტიელი იმპერატორების სია მთავრდება იუსტინიანე დიდით, ყველაზე გვიანდელი წმინდანები არიან პატრიარქები მოდესტი (+634) და სოფრონი (+644) და, საბოლოოდ, არ არის სიმღერები "მხოლოდშობილ ვაჟზე", რომელიც ჩნდება 536 წელს. ვფიქრობთ, იაკობის ჟამისწირვა ჩვენში უკვე ნათარგმნი უნდა ყოფილიყო IV-V საუკუნეებში და შეიძლება უფრო ადრეც, რადგან ქართულ ქრისტიანულ ეკლესიას აუცილებლად დასჭირდებოდა ლიტურგიის სახელმძღვანელო. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და "წმინდა შუშანიკის წამების" ტექსტებიც იძლევა ასეთი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას. ცხადია, IV_V საუკუნეების ლიტურგია მკვეთრად განსხვავებულია I_II საუკუნეების საღვთისმსახურო წეს-განგებისაგან, რომლის ელემენტებს ვხვდებით "ქართლის მოქცევის" იმ ეპიზოდში, რომელშიც აღწერილია წმინდა ანდრია მოციქულისა და სვიმეონ კანანელის მიერ ქართველთა მოქცევა, ასევე ნიკიტა პაფლაღონიელის "წმინდა ანდრია მოციქულის მიმოსვლისა და ქადაგებების" ტექსტებში. "წმინდა კოლაელ ყრმათა წამების" ტექსტში ასახულია ლიტურგია II-III საუკუნეების საღვთისმსახურო პრაქტიკისა, რაც კარგად ჩანს, როგორც ყრმათა მონათვლის ეპიზოდიდან, ასევე მოძღვრის მიერ იმპროვიზაციით შესრულებული გალობიდანაც, რაც დამახასიათებელი იყო II-III საუკუნეების საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის. საყურადღებოა იმჟამინდელი ეკლესიის არქიტექტონიკაც, მას ჯერ კიდევ არ აქვს სტოა, ანუ მოსანათლ ყრმათა გასაჩერებელი ადგილი. ამიტომ არ რთავენ მათ ნებას, მოისმინონ ღვთისმსახურება ეკლესიაში.
იოვანე საბანისძის "წმინდა ჰაბოს წამების" ტექსტიდან ნათლად იკვეთება, რომ ჰაგიოგრაფს საკმაოდ ღრმად სცოდნია იაკობის ჟამისწირვის ტექსტი. როგორც აღნიშნულ ტექსტთა შედარებიდან ირკვევა, იოანე საბანისძის თხრობის რიტმი ენათესავება იაკობის ჟამისწირვის რიტმს, ხოლო "წამების" ლექსიკა ჟამისწირვის ზოგიერთი ლოცვის გავლენას განიცდის.
იოვანე საბანისძე "წმინდა ჰაბოს წამების" საკითხავში, როდესაც სარკინოზთა მძლავრებასა და თანამემამულეთა შიშზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ მორწმუნენი "ქრისტჱს სიყვარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა, არა განეშორებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა"[ძველი...1963: 50]. ჩვენი აზრით, ჰაგიოგრაფის მოსაზრება სათავეს იაკობის ჟამისწირვის ტექსტიდან იღებს. მღვდელი უფლისაგან ითხოვს, არა მხოლოდ ქების ცხოველმყოფელ მსმენელებად ჰყოს მორწმუნენი უფალმა, არამედ "მყოფელ საქმეთა კეთილთა სარწმუნოებით. ვშურებოდით უზაკველითა სლვითა უბიწოჲთა ცხორებითა."[ Древне-Грузинский ... 1912: 17]
იაკობის ჟამისწირვის ტექსტის მიხედვით, მღვდელი უფალს ევედრება, დამწყსოს მისი ერი, აკურთხოს სამკვიდრებელი მისი და შეაძლებინოს მისი ნების აღსრულება: "ჩუენ ყოველნი შენსა ვიტყოდით მარად-დღე და და მცნებათა შენთა ვიდოდით [Древне -Грузинский ... 1912: 12]. სარწმუნოებით, მცნებათა დაცვით სვლა იოანე საბანისძისათვის გაიგივებულია "მამულისა ჩუეულებისაებრ სვლასთან".
იოანე საბანისძე აღნიშნავს, რომ ეკლესიაში წარმოითქმება "სიტყუანი იგი ცხორებისანი". "მუნ სამებისა წმიდისა იგი სარწმუნოებაჲ აღორძინდებინ, მუნ სწავლანი იგი სიტკბოებისანი, მუნ მოძღურებანი იგი მადლისანი, მამათმთავართა იგი შუენიერებაჲ, წინაწარმეტყველთა იგი დიდებანი, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მათ მოღუაწებაჲ, ქრისტჱსი იგი თავს-დებაჲ, ჩუენთჳს ვნებაჲ"[ძველი...1963: 51]. მსგავსი მიმდევრობაა დაცული იაკობის ჟამისწირვის ტექსტშიც. ეკლესია სიმბოლოა ზეციური იერუსალიმისა, სადაც ყოველივე, სულნი მართალთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მოწამეთა, ანგელოზები, ქერუბიმები და სერაბიმები ერთად ადიდებენ უფალს.
მღვდელი ამბობს ლოცვას: "ვითარცა ჭეშმარიტად ღირს არს და მართალ და შუენიერ და თანამდებ ვართ შენდა ქებად, შენდა გალობად, შენდა კურთხევად, შენდა დიდების-მეტყველებად, შენდა თაყუანისცემად, შენდა მადლობად რომელი ყოველთა დაბადებულთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედი ხარ საფასჱ, საუკუნეთა მათ კეთილთაჲ, რომელი ხარ წყაროჲ ცხორებისაჲ ყოველთა ღმერთი და უფალი, რომელსა გიგალობენ ცანი და ცანი ცათანი და ყოველნი განწესებულნი ვარსკულავთანი, ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი რაჲ არს მას შინა იერუსალჱმი ზეცისაჲ კრებული ეკლესიაჲ პირმშოთაჲ რომელნი დაიწერნეს ცათა შინა: სულნი მართალთანი და წინაჲსწარმეტყუელთანი, სულნი მოციქულთანი და მოწამეთანი, ანგელოზნი ანგელოზთმთავარნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი და ხელმწიფებანი და ძალნი ქერუბინნი მრავალ-თუალნი..."[ Древне-Грузинский ... 1912: 33]
მოწამეთა მოსახსენებელი საკითხავიც იმისთვის იქმნება, რათა განდიდდეს სახელი უფლისა. წმიდა ჰაბო, ავტორის თქმით, მოწამეობრივი ღვაწლით ემსგავსება ანგელოზებს, მამათმთავრებს, მოციქულებს, მარტვილთ და მართალთ. "წმიდა ჰაბოს წამების" IV თავში ავტორი ქებას ასხამს წმიდა მოწამეს: "გიხაროდენ, გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ თუალით მხილველთა მათ და ჴელით მსახურთა წმიდათა მოციქულთა ქრისტჱსთა უხილავად სარწმუნოებით და სიმხნითა აღსარებითა ნეტარებაჲ მოიგე.
რამეთუ შენ მამამან ზეცათამან მხოლოდ შობილისა ძისა თჳსისა მიერ გჳრგჳნოსან გყო და სულისა წმიდისა მადლითა აღგავსო!
შენ ძემან მამისა მიერ შეგიწყნარა და სულმან წმიდამან გადიდა!
შენ სულმან წმიდამან შეგიყუარა და მამისა და ძისა თანა ერთობით თჳსთა პატივ-გცა და ღუაწლისა მძლედ გამოგაჩინა!
შენ ზედა განუკვირდა ანგელოზთა წესსა, რამეთუ ვითარცა უხორცომან დაითმინე სიკუდილი ქრისტჱსთვის.
შენ ზედა მამათ მთავარნი იხარებენ, რამეთუ ნეტარმან აბრაჰამ თჳსთა ნაშობთაგანნი შეგიწყნარა წიაღთა თჳსთა ქრისტესთჳს, რომელი-იგი კარავთა თჳსთა შეიწყნარა და მისგან მრავალთა ნათესავთა გამოჩნდა მამად.
შენ ქრისტჱს მოწამეთა მათ ნაყოფ ექმენ და მოციქულთა მოწაფე!
შენ მოწამეთა მათ შორის ზეცისა მეუფისა მას მატიანსა სახელით დაიწერე და მარტჳლთა თანა გჳრგჳნოსან იქმენ!
შენ აღმსარებელთა მათ თანა განეწესე და მართალთა თანა დიდებულ ხარ!" (ხაზი ჩვენია-ი.გ.) [ძველი... 1963: 49].
მოწამის შექებისას მოსალოდნელი იყო, რომ ავტორს მამამთავართა შემდეგ ეხსენებინა წინასწარმეტყველნი, მაგრამ იოვანე საბანისძე ასახელებს მოციქულებს, მაშასადამე, ერთი შეხედვით, დარღვეულია ფრესკათა იერარქიული თანამიმდევრობა, მაგრამ აქ ისაა გასათვალისწინებელი, რომ, როდესაც იწერებოდა "წმინდა ჰაბოს წამება", იმ პერიოდში უნდა მომხდარიყო ფრესკათა იერარქიული განლაგების პრინციპთა დადგენა. იოვანე საბანისძისთვის ასეთი ლიტერატურა კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ერთ-ერთ წყაროს იოვანე საბანისძისათვის, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იაკობის ჟამისწირვის ტექსტი. საგულისხმოა, რომ ოთხთა ეკლესიაში მღვდელმთავართა და წინასწარმეტყველთა გამოსახულებანი ერთ რიგში მოუთავსებიათ [ამირანაშვილი, 1961: 203]. ეს კი მოწმობს, რომ თანდათანობით უნდა მომხდარიყო თეორიული საფუძვლის შემზადება ფერწერის კანონიკის დადგენისათვის.
იოვანე საბანისძე ჰაგიოგრაფიული საკითხავის I თავში სიმბოლოთა განმარტების შემდეგ მიმართავს ეკლესიის მრევლს: "ხოლო ესე არათუ რაიმე თავით თჳსით განგიმარტე, თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱს მოყუარენო და სწავლის მოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინასწარმეტყველოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ, წმიდათა სახარებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრული სარწმუნოებაჲ"[ძველი...1963: 55].
იოანე ქონქოზისძის საგალობლის მიხედვით, "აბო არის ქრისტეს ქადაგი, ქრისტეს ვნებათა ზიარი, ნეტარი, მხნე, მხსნელი, ყოვლად ქებული, ღირსი, მოწამეჲ ქრისტეს ვნაბათაჲ, ქალდეველთა ქვეყნიდან გამოსვლით მამამთავრის მსგავსი, აბრაჰამის ჭეშმარიტი შვილი, განშუენებული გჳრგჳნითა დაუჭნობელითა, მაცხოვრის მიერ ძლევის გვირგვინმინიჭებული, სულის განწმენდით ღმრთის ხატების შემამკობელი, ჯვარცმულისათვის შეწირული. პავლეს მსგავსად იგი სამსჯავროზე წარადგინეს და "უშჯულომან მძლავრმან განიჩინა სიკუდილი საწადელი". აბომ მიიღო სასუმელი განმაცხოველებელი მახჳლითა და "გონებით მიიცვალა უზესთაესსა ცხორებასა წმიდათა..."[სულავა 1999: 34].
ხაზგასმულია აბოს მსგავსება უცხო ქვეყნიდან მოსვლით აბრაჰამთან და მოწამეობით წმიდა მოციქულ პავლესთან როგორც "წმიდა ჰაბოს წამებაში", ასევე იოვანე ქონქოზისძის საგალობელში.
საგულისხმოა, რომ "წმინდა კონსტანტი ქართველის ცხორებასა და წამების" შესავალშივე ავტორი თანმიმდევრულად ასახელებს ბიბლიის წიგნებს, რომელნიც ეკლესიაში წასაკითხავადაც ყოფილა განკუთვნილი. ამასთან ერთად იგი აღნიშნავს ამ წიგნთა მნიშვნელობას მორწმუნეთათვის: "საყუარელნო, განცხადებულ არს ყოველთათჳს, ვითარმედ არავინ ყო აღწერაჲ იგი წიგნთაჲ გარნა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდმან მან მოსე, პირველად იწყო აღწერად შესაქმისა ცისა და ქუეყანისა, რომელ არასადა ეხილვა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა აღწერა იგი ვითარცა თუალითა ხილული. და მისა შემდგომად აღწერნა სხუანიცა წიგნნი, რომელთა შინა აუწყა გამოსლვაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ შემდგომითი შემდგომად ვიდრე აღსრულებადმდე მისა.
მერმე აღიწერნეს თქმულნი იგი წინასწარმეტყუელთანი, რომელსა ქადაგებდეს მოსვლისათვის უფლისა ჩუენისა ქრისტჱსსა და ჴორციელად ღუაწლისა მისისათჳს. ხოლო შემდგომად მოსვლისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა აღიწერნეს ოთხნი ესე ევანგელენი, რომელთაგან ეხარების ნათესავთა მომავალთა მოსლვაჲ იგი უფლისაჲ და განგებულებაჲ მისი ჴორცითა მით, რომელ-იგი მიიხუნა ქალწულისა მარიამისაგან წყალობისათჳს ჩუენისა. და ამისა შემდგომად საქმენი მოციქულთანი, ვითარ-იგი მოჰვლიდეს ყოველსა სოფელსა და ახარებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა, და მრავალთა რწმენა მათი და "ნათელ-იღებდეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა."
ხოლო მარადის მტერი იგი და მოშურნჱ არა ვინაჲ დაცხრა წინააღდგომად ჭეშმარიტებისათვის, და აღაზრზინნა მეფენი მის ჟამისანი და იგინი აიძულებდეს მორწმუნეთა მათ მსახურებად კერპთა თჳსთა. ხოლო რომელნი არა ერჩდეს მათგანნი, მოსწყუედდეს მათ პირითა მახჳლისაჲთა და ცეცხლითა დასწუვიდეს" [ძველი...1963: 164-165]. ავტორის თქმით, მორწმუნეებს დაუწყიათ წმინდანთა ცხოვრების აღწერა, მათი მიბაძვით აღუწერია "ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა კონსტანტისი".
ჰაგიოგრაფის მიერ ბიბლიის იმ წიგნების დასახელება, რომლებიც გამოიყენება საღვთისმსახურო საკითხავებად ეკლესიაში, შესაძლოა იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ სწორედ ღვთისმსახურების ღრმა შინაარსს დაეფუძნა ფრესკების იერარქიული თანმიმდევრობის დაცვის საეკლესიო მხატვრობის პრაქტიკა.
იაკობის ჟამისწირვის ტექსტის "წმინდა ჰაბოს წამების" ტექსტთან შედარებაც ცხადყოფს, რომ "წამებაში" გადმოცემულ თემათა ნაწილი, ერთი მხრივ, ირეკლავს საღვთისმსახურო პრაქტიკის ელემენტებს, მეორე მხრივ კი, უსწრებს საეკლესიო ფერწერის განვითარების მომდევნო ეტაპს (IX_X სს.).
წმინდა იაკობის ჟამისწირვის ტექსტის მოგვიანო პერიოდის რედაქტორები ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის, მარკოზ და ლუკა მახარებლების, წინასწარმეტყველების, მართალთა და პირველმოწამეთა გვერდით მოიხსენიებენ წმ. გიორგის, წმ. თეოდორეს, წმ. ევსტათის, წმ. კვირიკეს, წმ. ივლიტას, წმ. ბარბარას, ორმეოც მოწამესა და წმინდა აბოს. აქვე გავიხსენოთ სამოელ ქართლის კათოლიკოზის სიტყვები იოვანე საბანისძის მიმართ წარმოთქმული: "ჩუენ თჳთ უწყით წადიერებაჲ შენი ღვთის მსახურებისათვის და ღვთივმიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ და გულსმოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთმოღუაწეობაჲ შენი" [ქრონიკები... 1892: 73] უნდა ვივარაუდოთ, რომ, თუ რედაქტორი არა, იოვანე საბანისძე იაკობის ჟამისწირვის ტექსტის ერთ-ერთი აქტიურად გამომყენებელი სასულიერო პირი უდავოდ უნდა ყოფილიყო.
ბიბლიურ პირთა გამოსახვა გარკვეული თანმიმდევრობით მორწმუნეს აზიარებდა ზეციურ სამყაროსთან: "მთლიანობაში ტაძრის მოხატულობა სიმბოლურად გამოხატავდა იდეას მარადიული ეკლესიის შესახებ. ის აერთიანებდა თავის თავში მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, ეკლესიის მამებს, წმინდანებს, მოწამეებს _ ყველას, ვინც წინასწარმეტყველებდა ეკლესიის გამარჯვებას, ვინც მისთვის იბრძოდა, ვინც მონაწილეობდა მის განმტკიცებაში. ეს სახეები შეთანადებულია ურთულესი იერარქიული წესრიგით და დასრულებულია პანტოკრატორის ნახევარფიგურით, რომელიც გუმბათს ამშვენებს" [Лазарев, 1986: 63]. ბიზანტიურ ეკლესიათა გუმბათში ხშირად პანტოკრატორია გამოსახული, ქართულში _ ჯვრის ამაღლება. თუმცა, ფრესკათა იერარქიული განლაგების სქემა იდენტურია.
სტეფანე მტბევრის "წმინდა გობრონის წამებაში", რომელიც X საუკუნის დასაწყისშია შექმნილი, საკითხავის კომპოზიცია ისეა აგებული, რომ მთავარი გმირი მოწამეობით თვით იესო ქრისტეს ემსგავსება. საკითხავის შესავალშივე აღნიშნულია განსაცდელის სულიერი მნიშვნელობა უფლის ერთგული მორწმუნის რწმენაში გასაძლიერებლად. წმინდა გობრონი მამამთავრების, იოსებისა და იობის, მსგავსად უფლისგან მოვლენილ განსაცდელს ღირსეულად გაუძლებს. იგი წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად ებრძვის ურწმუნოებს. ყველისციხესთან არაბების წინააღმდეგ ბრძოლისას ქართველმა დიდებულმა მიქაელმა, წმინდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს მსგავსად სახელი იცვალა. მას თავდაპირველად „მიქაელ" ერქვა, შემდეგ „გობრონ" ეწოდა. „გობრონი" ებრაული წარმოშობის სიტყვაა და განიმარტება „ძალად", რაც უფლის ერთ-ერთი სახელია. მოწამისათვის სახელის წოდება სულიერ ფერიცვალებას, ახალ საფეხურზე ასვლას მოასწავებს. როდესაც სისხლით შუბლზე ჯვარგამოსახული მოწამე იხილა, „წამა ადარნასე მეფემან ჭეშმარიტი მარტვილობაჲ მისი, ვითარცა გიორგისი და თეოდორესი"[ძველი...1963: 182]. წმინდა გობრონი დიდმოწამეთა გვერდით მოიხსენიება. ამგვარად, საეკლესიო საკითხავში მოწამის შედარებისას ბიბლიურ პირებთან იქმნება სქემა, რომელიც შეესაბამება X საუკუნიდან ინტენსიურად დამკვიდრებულ ქრისტიანული საეკლესიო ფერწერის კანონიკას. საკითხავში გმირთა იერარქიული განლაგების სქემა ასეთია:
- ქრისტე-ძალი (წმიდა გობრონის სახელში გაცხადებული);
- მთავარანგელოზები _ მიქაელი და გაბრიელი (მათ სახელებს წმინდანის ეტიმოლოგიაში ვხვდებით).
- მამამთავარნი (იოსები, იობი, აბრაჰამი, მოსე);
- წინასწარმეტყველნი (დავითი, ესაია, იერემია, დანიელი);
- მოციქულნი (პეტრე და პავლე);
- დიდმოწამენი (წმიდა გიორგი და წმიდა თეოდორე);
- წმიდა გობრონი (ასევე დასი წმინდანებისა, 133 მოწამე).
საგულისხმოა, რომ „წამების" ავტორი ზოგჯერ პირდაპირ არც უთითებს ამ მსგავსებაზე, თუმცა, მოწამის შედარება აღნიშნულ პირებთან ავტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული მიზნითაა განპირობებული. ამ პერიოდში ეკლესიათა მოხატვა უფრო მაღალ საფეხურს აღწევს, მდიდრდება თემებით და, ბუნებრივია, საეკლესიო საკითხავში ეს ახალი ტენდენციები ძალუმად იჩენს თავს.
„წმინდა გობრონის წამებაში" ისევე, როგორც სხვა ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, მეორდება ბიბლიური თემები, რომელთა სიმბოლურ-ალეგორიული ასახვა ღვთისმსახურებისას შესასრულებელი ლოცვათა შინაარსიდან უნდა იღებდეს სათავეს. სამყაროს შექმნა, ადამიანთა ცოდვითდაცემა, სინანული სამოთხის დაკარგვის გამო, იესოს მოსვლის წინასწარმეტყველება, მისი ამქვეყნად მოვლინება, ჯვარცმა, ამაღლება და მეორედ მოსვლის მოლოდინი _ ის თემებია, რომელთაც ვხვდებით შუა საუკუნეთა სასულიერო მწერლობაში. სტეფანე მტბევარ-ეპისკოპოსის მიერ შექმნილი საკითხავი უფლის ხსენებით იწყება, შემდეგ განსაცდელთა ღირსეულად დათმენის მაგალითებსა და ადამიანთა ცოდვითდაცემაზე მახვილდება ყურადღება. Hაგიოგრაფი, ვიდრე წმინდა გობრონის მოწამეობის შესახებ მოუთხრობდეს მკითხველსა და მსმენელს, ქრისტეს მეორედ მოსვლის სურათს წარმოუდგენს. მნათობები დაშრტებიან, ცანი დაიქცევიან, ბუნებაში უამრავი მეტამორფოზა მოხდება, როდესაც დაინახავენ ქრისტეს, ჯვრით მომავალს. წმინდა გობრონი მოწამეობით თვით იესოს ემსგავსება. მისმა მოწამეობამ მეორედ მოსვლის ჟამის დადგომის გარდაუვალობაზე უნდა დააფიქროს მორწმუნეები. გასათვალისწინებელია, რომ ტაძართა მოხატულობებში დასავლეთ კედელზე მეორედ მოსვლის თემის გამოსახვა მორწმუნეებს იმაზე მიანიშნებდა, რომ მათ საშინელი სამსჯავროს შესახებ მარად უნდა ხსომებოდათ.
ზოსიმე მთაწმინდელის ილარიონ ქართველისადმი მიძღვნილ საგალობელში წმინდანის ზეციურ დასთან მიახლება აგრეთვე ფრესკათა იერარქიულობის პრინციპთა დაცვითაა გადმოცემული: „ნუ დამივიწყებ, მამაო ნეტარო ილარიონ, სამწყსოთა ამათ შენთა წინაშე ქრისტეს მხსნელისა დედასა თანა ცათა მეუფისასა და ყოველთა წმიდათა ზეცისა უხორცოთა, წინასწარმეტყუელთა და საღმრთოთა მოციქულთა, ნეტართა მღდელმოძღუართა, მამათა და მარტჳლთა, რომელთა თანა აღრაცხილ ხარ, რათა დაგვიცვენ განსაცდელთაგან" (ხაზგასმა ჩვენია-ი.გ) [ათონის ... 1901: 184].
„მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებაში" ერთგვარი ახსნა-განმარტებაა მოცემული იმის შესახებ, რომ მორწმუნეებმა უნდა გაითავისონ წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მახარებელთა თქმული. „ღმერთმან განაწესა ეკლესიათა შინა პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი დამამტკიცებლად მორწმუნეთა და ჰრქუა წმიდასა სახარებასა შინა მოწაფეთა და მათ მიერ ყოველსა სოფელსა: რომელსა ესე თქუენ გეტყჳ ყოველთა ვეტყჳ: "რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ მე შემიწყნარებს. და რომელმან თქუენ შეურაცხგყვნეს მე შეურაცხმყოფს." ამის სიტყჳსაგან საცნაურ არს ვითარმედ რომელი არა შეიწყნარებდეს მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და მოძღუართა, არამედ შეურაცხყოფდეს მათ მიერ განწესებულთა და დამტკიცებულთა სიტყუათა, თავადსა ქრისტეს შეურაცხყოფს" [ქართული... 1918: 80].
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: 1. იოვანე საბანისძე კარგად იცნობდა იაკობის ჟამისწირვის ტექსტს და მისი გავლენით „წმინდა ჰაბოს წამების" წერისას აგებდა ფრაზებს. მან ბიბლიურ სახეთა სისტემა შესთავაზა მოწამის მათთან მიმდევრული შედარების გადმოცემისას, რაც სავსებით შეესაბამება მოგვიანო ხანაში, კერძოდ, X საუკუნიდან ქრისტიანულ საეკლესიო მხატვრობაში აღმოცენებულ ფრესკათა იერარქიულობის პრინციპებს. 2. იაკობ მოციქულის ჟამისწირვის ტექსტში სხვა წმინდანთა შორის დასახელებულია წმ. აბო, რაც გვიანდელი ხანის რედაქტორის მიერ უნდა იყოს ჩამატებული. 3. ფრესკათა იერარქიულობის პრინციპები, რომელიც გადმოცემულია როგორც "წმინდა ჰაბოს წამებაში", ასევე სხვა ჰაგიოგრაფიულ თხზულებებსა და ჰიმნოგრაფიაშიც, სათავეს წმინდა იაკობის ჟამისწირვის ტექსტიდან უნდა იღებდეს.
[1] იხ. Migne-Patr.Curs. compl. t.119 col.1033
ლიტერატურა
ათონის... 1901 |
ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით. თბილისი. |
ამირანაშვილი შ. 1961 |
ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი. |
სულავა ნ. 1999 |
იოვანე ქონქოზისძე, საქართველოს მეცნ. აკად. მაცნე,ენისა და ლიტერატურის სერია. #1-4. |
ქრონიკები... 1892 |
ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ, ტფილისი, სტამბა მ. შარაძისა. |
ქართული... 1918 |
ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ნაწილი I. კიმენი I. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის თვეთა ტექსტები. ტფილისი. |
ძველი 1963 |
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, (V-X სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი. |
Древне-Грузинский... 1912 |
ДревнеГрузинский архиератикон. Тифлис. |
Лазарев В. Н. 1986 |
Лазарев В. Н. История византийской живописи. Москва. |
Jacques Paul Migne 1881 |
Patrologiæ cursus completus [Series Graæca]. Volume 119. Publisher Apud Garnier Fratres et J. P. Migne Successores. |