ადგილკუთვნილების აღმნიშვნელი ლექსიკის სოციალური მგრძნობიარობის საკითხი ქართულში

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანი თანდათან სულ უფრო შორდება კონკრეტულ სამკვიდრებელს და უკიდეგანო ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით მთელი პლანეტის სივრცობრივ ათვისებას ლამობს. ამის შედეგია ის, რომ მუდმივმა მოძრაობამ შეცვალა ადამიანის მიმართება საცხოვრებელი ადგილის მიმართ: დღეს ადამიანები სახლობენ ბევრგან: სასტუმროებში, პანსიონებში, მდგმურებად, მიგრანტებად (ემიგრანტებად და იმიგრანტებად), ხიზნებად; სახე იცვალა სოფელმა, დაირღვა შთამომავლობითი მამულის საცხოვრებლის პრინციპი; საგვარეულო ეკლესიები, საგვარეულო ქვევრები, აკლდამები და საფლავები თანამედროვე გარემოებებში სხვადასხვა ეკონომიკური სანქციისა და ვალდებულებების გავლენით მუდმივობას კარგავს და ახალი ტიპის სამოსახლო ორიენტირებს სახავს.

სამყარო გაცილებით დაპატარავდა, სამკვიდრებელი კი გაფართოვდა. ფილოსოფიისათვის სამყარო კონცეპტებამდე დაიყვანება და სხვადასხვა გარემოებაში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. ადამიანისათვის არსებობს სხვადასხვა მასშტაბის გარემო: მისი პირადი საცხოვრებელი სივრცე - მისი უახლოესი გარემოცვის საცხოვრებელი სივრცე, ქუჩა, უბანი, რაიონი, ქალაქი (სოფელი), ქვეყანა, რეგიონი, კონტინენტი, დედამიწა, სამყარო.

ენობრივი მონაცემებით ამ სივრცული დიაპაზონის ლექსიკური მარკირება მხოლოდ უმცირესიდან უმსხვილესის მიმართულებით ხდებოდა ქართულში (და არა მარტო): გალიაკი, სენაკი, სახლაკი, ეზო [1], სადგომი, სახლი, სადგური,  აგარაკი, დაბა/ უდაბ-ნ-ო,  ქვეყანა, სანახი..;  ეს ლექსიკა, ერთი მხრივ, თავისი მოცულობითი შინაარსით, და, მეორე მხრივ, თავისი ფუნქციური მნიშვნელობით გარკვეული შინაგანი წესრიგის მატარებელია; ამ წესრიგის დადგენა და შეფასება საინტერესოა არა მარტო სოციოლინგვისტიკისა და ლინგვოკულტუროლოგიის, არამედ ფსიქოლინგვისტიკის თვალსაზრისითაც [Лакофф, 2004: 10-11].

ფილოსოფიაში ასეა, თუ პიროვნებისათვის მისი სამყაროს მთლიანობა ირღვევა, ის დეზორიენტირებულია და ახალი მთლიანობის შექმნას ან სხვა მთლიანობასთან მიკედლებას ლამობს. ადამიანისათვის მისი სამყარო ბევრი ფაქტორისაგან შედგება, პიროვნება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს  ყურადღებას, თუმცა, არის სტაბილური სივრცეც, რომელიც არ უნდა ირღვეოდეს, რათა პიროვნების სულიერ წონასწორობას საფრთხე არ შეექმნას. ეს მსჯელობა ეხება არა მარტო პიროვნების „მეს" მენტალურ და ფსიქიკურ სისრულეს, არამედ მისი მსოფლმხედველობის ყველა გამოვლინებას; სოციალურ სინამდვილეში ადამიანის „სამყარო" მისი უახლოესი გარემოცვის კოლექტიურ ცნობიერებასთანაა შეჯერებული (ან დაახლოებული, ან დაშორებული), რაც მრავალი კუთხით შეისწავლება. ამ თვალსაზრისით ადამიანის ადგილკუთვნილებისა და საცხოვრისის აღმნიშვნელი ლექსიკა განსაკუთრებულად საინტერესოა.

ქართულში, სადაც ჩვენ საშუალება გვაქვს ამ ჯგუფის  ლექსიკა-ფრაზეოლოგიას უძველესი დროიდან მივადევნოთ თვალი და პიროვნული თუ საზოგადოებრივი აზროვნების ამ სპეციფიკურ სფეროს დავაკვირდეთ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი დიალექტური მასალის საფუძველზეც,  უაღრესად საინტერესოდ წარმოჩნდება საზოგადოებრივი (ეთნიკური და სოციალური) ყოფის დროში ცვალებადობის ტემპიცა და მიმართულებებიც.

უკვე უძველეს ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ჩანს ადგილისა და ადგილთან დაკავშირებული ნაგებობის ან ამ ადგილზე დაფუძნებული მმართველობითი ინსტიტუტების სკრუპულოზური ცოდნა და ლექსიკურად მარკირების ტენდენცია. მაგალითად,  ჩვენამდე მოღწეული უძველესი ჰაგიოგრაფიული თხზულების, „შუშანიკის წამების",  ტექსტში უკვე დასტურდება ისეთი ლექსემები, როგორებიცაა: „კარად სამეფოდ", „საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა", „სოფლად შევიდეს", „მოიწია დაბასა მას, რომელსა სახელი ჰრქვიან ცურტავი", „დაეცა ქვეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა..." („ქვეყანა" პირველ შემთხვევაში ჰერეთის მიწაა, მეორე შემთხვევაში - შუშანიკის სამყოფლის ნიადაგი), „სახლაკი ერთი მცირე ჰპოვა", „ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაი"... „და მყის მიიწია ჩუენდა დიაკონი შინაით", „და მივიწიე დაბასა მას", „ესევითარი სახლი მშვიდობისა ვითარ საწყალობელ იქმნა", „ნუ წარსწყმედ სახლსა ამას სადედოფლოსა", „არა დაჯდა იგი თვისსა მას გალიაკსა, არამედ სენაკსა შინა მცირესა" და სხვ.   „ქართლის ცხოვრებაშიც" ადგილთან ადამიანის მიმართების გამომხატველი  უამრავი ლექსიკური ერთეული სახელდება და ამ ლექსიკის სიმრავლე იმაზე მიუთითებს, რომ „ძველ" საქართველოში დიდხანს იყო შენარჩუნებული საცხოვრებელი ადგილის ან ტერიტორიის მიმართ ადამიანის დამოკიდებულების დეტალიზების ტენდენცია, რაც  ენას უმცირესი წვრილმანის  დონეზეც კი ჰქონდა გაცნობიერებული და მარკირებული. დავასახელებთ ამგვარი ლექსიკური მარკერების მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს: მამეულად, საკურთხეველი, სალოცავი, სასაკუმევლე, საეპისკოპოსო, სამთავარეპისკოპოზო, საკათალიკოზო, სამწყსო, სასუფეველი,  საზამთრო (საზამთროთა ადგილთა), საზღვარი, სამკვიდრებელი, სამკუდროსამსახურებელი, საყდარი, საპყრობილე, საბრძანებელი, სართული, სასთუნალ, საყუდელი, სახლი, სახელმწიფო, სივრცე, სიმაგრე, სიმაღლე, სოფელი,  საერისთავო, სამეუფო//სამეფო, მამული (= მამისეული), მამული (=სამშობლო) და სხვ. [2]

ქართულ საენათმეცნიერო სკოლებში გამორჩეულია პროფ. ბ. ფოჩხუას ღვაწლი. მან განახორციელა ახალი ქართული ენის ლექსიკის საგნობრივი (თემატური)კლასიფიკაცია და კარგად გააზრებულ იდეოგრაფიულ ლექსიკონში განათავსა [ფოჩხუა,1987]; ამ ლექსიკონში  ავტორი ლექსიკური პარადიგმატიკის საკითხებს ქართულ მასალას უსადაგებს და თავის სალექსიკონო მონაცემებს  მწყობრი თეორიული მსჯელობით ამყარებს: „როდესაც სიტყვას განვიხილავთ, როგორც ლექსიკურ ერთეულს, არსებითი ამ სიტყვისათვის ამ შემთხვევაში არის მისი საგნობრივი მიმართება და ამიტომ, პირველ ყოვლისა, ეს უნდა იქნეს გარკვეული - სიტყვა უნდა დახასიათდეს საგნობრივი მიმართების მიხედვით (რას ნიშნავს, რას აღნიშნავს). მხოლოდ ამის შემდეგ იქნება  ნაყოფიერი მისი განხილვა ენობრივ კოლექტივთან (თუ ცალკე მოლაპარაკესთან) მიმართებაში (ამგვარ განხილვას „პრაგმატულს" უწოდებენ) და ბოლოს,  ამა თუ იმ ენის ლექსიკურ-სემანტიკური აგებულების გათვალისწინებით, საკუთრივ „ენობრივად" დახასიათება, ე.ი. დახასიათება ლექსიკური პარადიგმატიკის (და, აგრეთვე, სინტაგმატიკის, შეხამებადობის) პოზიციებიდან" [ფოჩხუა, 1987: 23]. ავტორი იქვე დასძენს, რომ „ლექსიკური ფონდის საგნობრივ-თემატური აღწერა მხოლოდ შორეული მისადგომებია ლექსიკის სისტემებრივი დახასიათებისათვის; მათ შორის მოთავსებულია კიდევ ერთი ზონა, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, უაღრესად მნიშვნელოვანია ლექსიკური ფონდის ადეკვატური აღწერა-დახასიათებისათვის; ეს არის ლექსიკის განხილვა ენობრივი კოლექტივის ყოფა-მოსაქმეობის გათვალისწინებით, რადგანაც ყოფის თავისებურებები ძირითადად განსაზღვრავენ ამ თავისებურებებს, რაც სხვადასხვა ენის ლექსიკურ ფონდთან შინაგან დანაწევრებაში შეიმჩნევა" [ფოჩხუა, 1987: 24].

დასახელებული ლექსიკონიდან ჩვენ ერთი სისტემური ჯგუფი გვაინტერესებს და ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ თავად  იდეოგრაფიული ლექსიკონის პრინციპი ჩვენი წინამდებარე კვლევისათვის მისაღებ და სახელმძღვანელო კრიტერიუმს წარმოადგენს. ჩვენთვის საინტერესო ჯგუფი ავტორის (ბ.ფოჩხუას) მიერ   სივრცულად არის კვალიფიცირებული: ზოგადი  განზომილება (სივრცე  - მხარე, მოედანი, ადგილმდებარეობა, გადაადგილება, სადმე მყოფობა... მცხოვრები... მოცულობა...); აქ თავს იყრის უაღრესად მრავალფეროვანი   ლექსიკა, რომელთაგან მხოლოდ ნაწილს დავასახელებთ: დედამიწა, მიწა [3], ქვეყანა [4], ცისქვეშეთი,  ცა და ქვეყანა, ცა და ხმელეთი, ცა-ხმელი, ცა-მყარი. არემარე, არე, მიდამო, მისადევარი, ალაგი, ადგილი, ყანა, მყარი სანახები,  ზღვა-ხმელი, დედამიწის ზურგი, მთელი ხმელეთი, დუნია,   მისახედ-მოსახედი (მიხედვა=ზრუნვა), მთაბარობა, მღვიმე, გამოქვაბული, ქვაბი , გამოქვაბული ადგილი და სხვ.

ადამიანის საცხოვრებელი სასიცოცხლო სივრცე-სამყარო ისაა, სადაც იგი თავის თავს ხედავს, აკვირდება, აღიქვამს, შეფასებას აძლევს და რომელზეც აგებს თავის სამოქმედო და სააზროვნო ორიენტირებს. ამ სამყაროს უკავშირდება მისი ემპირიული გამოცდილებაც და მისი კულტურულ-ღირებულებრივი კრიტერიუმებიც. ამ სამყაროს გარეშე პიროვნებას უჭირს ადაპტირება, მისთვის ძნელია ინტეგრირება სრულიად განსხვავებულ გარემოში. და თუ თავისი მდგრადი  ფსიქიკისა და ნიჭიერების წყალობით იგი ამას მაინც ახერხებს, ეს მისი მუდმივი პიროვნული მობილიზების ხარჯზე ხდება და ემოციურად დაღლასა და ცვეთას იწვევს.

სასიცოცხლო სამყაროს სხვადასხვა ნიშანს უძებნიან:

  • ცნობიერების სამყოფელი ადგილი (ადგილი, სადაც ყველა აზრი ფორმირდება);
  • ადამიანის ყოველდღიური გამოცდილების ადგილი; პირველადი, საწყისი შთაბეჭდილებების ჩასახვის ადგილი;
  • დინამიკურობა;
  • სტრუქტურულობა  (პიროვნების საკუთარი, ინტრასამყარო და მის გარშემო არსებული, მისგან განსხვავებული მანძილებით თანდათანობით  დაშორებული გარსები);
  • მთლიანობა; ფილოსოფოსები მიუთითებენ, რომ ჩვენს წარმოდგენაში არსებული სამყარო ყოველთვის  შეიცავს რაღაც ისეთს, რაც ჩვენი არ არის, გარეშეა.  აქვე დაისმის ახლომდებარე და შორს მდებარე ობიექტების აღქმისა და მარკირების საკითხი. შეიძლება ამ კონტექსტშივე იქნას განხილული სოციალური სტრუქტურებიც: პირადი და საზოგადო,  საოჯახო და სახელმწიფო ცხოვრება; საკუთარი წრე და სხვები და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ტერიტორიასთან  მიკუთვნებულობის ან ამა თუ იმ ადგილთან მიმართების აღმნიშვნელი  ქართული ლექსიკა განსაკუთრებით მრავალფეროვნია. მას დიალექტური მასალაც მეტად ამდიდრებს. ამ ლექსიკაში ძალიან მაღალია  არა მარტო მხატვრული, ტროპული ბუნების ან სახისმეტყველებითი სემანტიკის მქონე ლექსიკის წილი, არამედ სოციალურად მარკირებული ლექსიკისაც, რომელიც  პირის ან კოლექტივის  საცხოვრისთან მიმართების სოციალურ ასპექტთაგან ძალიან უმნიშვნელო ნიუანსებს  აფიქსირებს და  ცალკე  ლექსიკური ან გრამატიკული საშუალებით აღნიშნავს: შინაური, ჩემიანი, ჩვენიანი,  სახლიკაცი,  მეზობელი, კარის მეზობელი, ღობის მეზობელი...  აქ [5], ამერი, ჩვენში, ჩვენში - კავკასიაში [6],  სახლში ვარ, შინ ვარ,  გაღმა, გადაღმა, გამოღმა, განაპირა, სოფლის ბოლოში, სოფლის დასაწყისში, გადავიდა საცხოვრებლად, გადასახლდა, წავიდა, აიყარა, გუდა-ნაბადი აიკრა, ამოიკვეთა, ფეხი ამოიკვეთა,  ჩამოსახლდა, ჩამისახლდა, ჩასახლდა...

საინტერესოა,  რამდენად იცვლება ადამიანის ადგილკუთვნილებითი დამოკიდებულება  საერთო სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის ცვლასთან ერთად. ამ თვალსაზრისით დღეს გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოსათვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს ადამიანთა დამოკიდებულება წარსულში ჩამოყალიბებული მანძილებისა და ადგილკუთვნილებითი მიმართებებისადმი. ადრე  მანძილს ცხენით ან ეტლით მოგზაურობის ხანგრძლივობით აფასებდნენ, ანუ მანძილი კილომეტრაჟის ნაცვლად დროით იზომებოდა. ამაზე მეტყველებს გამოთქმები: ორი დღის სავალი და ერთი კვირის სავალი. ისინი  იმდროინდელი გზებისა და სამგზავრო საშუალებების შესაბამისი იყო. ასე რომ, თუკი კაცზე ამბობდნენ, გადამთიელიაო, შეიძლება რომელიღაც ეტაპზე, მართლაც,  მთსიქითა ადგილი ჰქონდათ მხედველობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მანძილი „ერთ მთაზე შორს" მოიაზრებოდა, ხოლო გადამთიელი უკვე არა მხოლოდ მანძილით, არამედ მენტალურადაც უკიდურესად დაშორებულ, განსხვავებულ ადამიანს აღნიშნავდა. გადამთიელი გარედან მოსულია;  ამ ლექსემასთან ერთად უთუოდ უნდა განვიხილოთ კიდევ ერთი ლექსიკური ერთეული -  გადახვეწილი,  ისიც  შორსაა, მაგრამ  გადახვეწილი შინიდან წასულია, ოღონდ წასულია დიდი ხნით ან სამუდამოდ, არა  საკუთარი არჩევნით, არამედ გარემოებათა მიზეზით. ეს სემანტიკა კარგად ჩანს ერთ ხალხურ ლექსში:

„ასე ამბობდა ქართველი, სპარსეთში გადახვეწილი,/ რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ, მაინც ვიქნები ქართველი."

ქართულს, როგორც აგლუტინაციურ ენას, განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს  ე.წ. თანმხლებმოქმედებიანი სიტყვების წარმოებისა;  კერძოდ, ზმნისწინთა, თანდებულთა თუ სხვა სიტყვაწარმოებით აფიქსთა  მეშვეობით სიტყვა არა მხოლოდ ძირისეულ სემანტიკას ატარებს, არამედ კიდევ რომელიმე მოქმედებასაც (ზოგჯერ ერთზე მეტსაც) გამოხატავს. მაგალითად, ისეთი ლექსიკური ერთეულები,  რომელთაც ე.წ. თანმხლები სემანტიკა ახასიათებს, შეიძლება ამა თუ იმ საგნის ან მოქმედების აღნიშვნასთან ერთად  გადმოსცემდნენ: ძალადობას (განდევნა= ერთი ადგილიდან ვისიმე სხვა ადგილზე გაშვებას ძალადობის გზით [7]), დევნას, მიდევნებას, თან მიყოლას, გადარეკვას (გადაყვანა, იძულება და ადამიანის შემთხვევაში - დამცირებაც),  გადასახლებას (გადასვლა, სახლის სხვაგან მოძებნა, სამუდამოდ წასვლა) და ა.შ.

საქართველოს ტერიტორია არ არის ისეთი დიდი, როგორც მთელი რიგი მრავალრიცხოვანი ერებისა.  ეს განსაზღვრავს იმას, რომ ქართველისთვის მთელი ქვეყანა მისი სახლია და ყველა დანარჩენი ქართველი მისი  პირადი პასუხისმგებლობის ქვეშაა.  ასე იყო დიდხანს, თითქმის გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპამდე. ახლა ვითარება შეიცვალა. მძიმე ეკონომიკური პირობების, პოსტსაბჭოური გარდაქმნების,  საზღვრების გახსნისა და  სხვა ადგილობრივი თუ მსოფლიო მასშტაბის პროცესების გავლენით ადამიანი გათავისუფლდა სამკვიდრებელთან მიჯაჭვულობის გრძნობისაგან. ამ ჯაჭვის დაწყვეტას ჯერ საბჭოურმა  „უმისამართობამ" მისცა ბიძგი (შდრ. „Мой адрес не дом и не улица,/ мой адрес Советский Союз!"), ხოლო შემდეგ მსოფლიოს ტექნიკურმა პროგრესმა და  მოსახლეობის მოძრაობის არნახულმა მასშტაბებმა გადაფარა მამულ-დედულზე „გულის ძაფებით" მიკრული ადამიანის მყარი წარმოდგენები და იგი თანამედროვე მსოფლიოს უწონადო სივრცეში ააფარფატა.  

თანამედროვე ადამიანის გარშემო ახალი პარადიგმატული სივრცე ჩამოყალიბდა; თუ ადრე ადამიანის ორიენტირები სამკვიდრებელს უკავშირდებოდა და, სადაც არ უნდა წასულიყო იგი, ბოლოს აუცილებლად შინ ბრუნდებოდა (ფიზიკურად ან გონებითად), ახლა ნოსტალგიური ტკივილები ნაკლებად საგრძნობია, ადამიანი  შინ ყოფნის დროსაც ნაკლებად არის შინ, და ამდენად მისი მდგომარეობა მუდმივ მოძრაობას  უფრო წარმოადგენს, ვიდრე მკვიდრობას. ამიტომაც გაფერმკრთალდა მაგალითად ქართულში სიტყვა მკვიდრი და მისი ადგილი დაიკავა ისეთმა „გრილმა" მარკერმა, როგორიცაა მცხოვრები. [8] 

სამყარო ადამიანის წარმოსახვის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა თავად ადამიანიც განიხილება  მთლიანი სამყაროს ნაწილად. ორივე შემთხვევაში საგნობრივი მიმართება მთელსა და ნაწილს შორის პარტიტიულია;  ჰიპონიმურ მიმართებებში გვარეობით და სახეობით მიმართებათა შემდეგ სწორედ პარტიტიულ სემანტიკურ კავშირებს  ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა [Кузнецова, 1989: 45].

ლინგვისტებს მიაჩნიათ, რომ ლექსიკის აზრობრივი მოწესრიგების საქმეში  სწორედ ნაწილი-მთელის მიმართებაა მნიშვნელოვანი, რათა  ლექსიკა განთავსდეს, როგორც მთლიანი იერარქიული სტრუქტურა (ანუ აღიარებულია პარტიტიული მიმართებების როლი ლექსიკურ-სემანტიკურ სისტემაში). როგორც აღვნიშნეთ, ადამიანი სამყაროს ნაწილია, თუმცა, თავისებურად სამყაროც არის ადამიანის რთული მსოფლშეგრძნების  (ნაწილების, დეტალების, მხარეების, ხარისხების, თავისებურებების,  ერთობლიობა) შემადგენელი ნაწილი; ამ მხრივ ადამიანის კუთვნილი თავისებურებები შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი (მისი ორგანიზმი, ეროვნება), ისე შეძენილი (ეს გულისხმობს ადამიანის ურთიერთობას სხვებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტთან და, აგრეთვე, რეალური სამყაროს საგნებსა და  ნივთებთან [Базылова, www.disszakaz.com ].

საცხოვრისთან მიმართების თანამედროვე ტენდენციის ამოსაცნობად ჩვენ სპეციალურ გამოკითხვას მივმართეთ; კერძოდ, ორი ასაკობრივი ჯგუფის  ა) 18-22 წლისა; ბ) 50 წლისა და ზემოთ) წარმომადგენლებს შევთავაზეთ 2 დავალება:

 

  1. პირადი ათვლის წერტილიდან სიშორე-სიახლოვის პრინციპით  შეეფასებინათ  კონკრეტული ლექსიკა ადგილსამყოფლისადმი დამოკიდებულების სემანტიკის მიხედვით და შეთავაზებული ლექსემები დაენომრათ შესაბამისი რიგითობით:
    ა) შინაური, ჩემიანი, ჩვენიანი,  სახლიკაცი,  მეზობელი, კარის მეზობელი, ღობის მეზობელი...
    ბ) ამერი, იმიერი, ჩვენში, ჩვენში - კავკასიაში, სახლში ვარ, შინ ვარ,  გაღმაა, გადაღმაა, გამოღმაა, განაპირასაა, სოფლის ბოლოშია, სოფლის დასაწყისშია...
    გ)  გადავიდა საცხოვრებლად, გადასახლდა, წავიდა, აიყარა, გუდა-ნაბადი აიკრა, ამოიკვეთა, ფეხი ამოიკვეთა,  ჩამოსახლდა, ჩამისახლდა, ჩასახლდა...
  2. განემარტათ სიტყვები და მიეთითებინათ  მათ მიერ სათანადო კონტექსტში ამ ლექსემათა გამოყენების სიხშირე:
    ა) კერა, სამკვიდრო, მამული, წარმოშობა...
    ბ) გადამთიელი, გადაშენდა, გადაჯიშდა, გაიხიზნა, შეეფარა, დაფუძნდა, დამკვიდრდა, დასახლდა, დაბინავდა, ფეხი მოიკიდა, ფესვი გაიდგა, კარგად მოეწყო ...
    გამოკითხვაზე დაგვთანხმდა 30 რესპონდენტი (თითოეული ჯგუფიდან 15 კაცი). პირველ ჯგუფს წარმოადგენდნენ სტუდენტები (ილიას უნივერსიტეტისა და სახელმწიფო კონსერვატორიიდან), მეორე ჯგუფში კი შევიდნენ  სხვადასხვა პროფესიისა და  ასაკის (50-დან 70 წლის ასაკამდე) პირები, რომლებიც ერთსა და იმავე კოლექტივს თითქმის არ განეკუთვნებოდნენ). პასუხებმა შემდეგი ვითარება აჩვენა:
  • ასაკობრივი ჯგუფების დამოკიდებულება და ენობრივი კომპეტენცია დასახელებული ლექსიკური ერთეულებისა და მათი მნიშვნელობის მიმართ რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა:
    უფროსი ასაკობრივი ჯგუფის (ბ) წარმომადგენლებმა ზედმიწევნით იცოდნენ ყველა ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობა (უგამონაკლისოდ), თუმცა  7 რესპონდენტს გაუჭირდა სიშორე-სიახლოვის მიხედვით ზღვრის გავლება ისეთ წყვილებში, როგორიცაა: სამკვიდრო და მამული, გადავიდა საცხოვრებლად და გადასახლდა; დაბინავდა და ფეხი მოიკიდა და ა.შ.;
  • ჯგუფის წევრთაგან   10-მა  მეტ-ნაკლებად სწორად განმარტა შეთავაზებულ სიტყვათა მნიშვნელობები, მაგრამ ვერ შეძლო  შეფასება და შიდა საზღვრის გავლება, ისეთ ლექსემათა შორის, როგორიცაა: სახლიკაცი და შინაური, კარის მეზობელი და ღობის მეზობელი, გაიხიზნა და შეეფარა, ფეხი მოიკიდა და ფესვი გაიდგა, დამკვიდრდა-დასახლდა-დაბინავდა, ხოლო დანარჩენი 5-იდან სამმა ვერ განმარტა  კერა, ხიზანი, გუდა-ნაბადი აიკრა. 9 რესპონდენტმა  მიუთითა, რომ არასოდეს არ იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: გადამთიელი, გადაშენდა, გადაჯიშდა, გაიხიზნა, შეეფარა, დაფუძნდა, დამკვიდრდა, დასახლდა,  ფეხი მოიკიდა, ფესვი გაიდგა;   მათი მოხმარების სფეროში ამ ლექსიკური ჯგუფიდან  მხოლოდ ორია: დაბინავდა და კარგად მოეწყო.
  • კავკასია ჯგუფის არცერთი წევრისთვის არ აღმოჩნდა ადგილკუთვნილების განმსაზღვრელი. მათ ვერ დაასახელეს ვერც ერთი პარამეტრი, რომელსაც კავკასიის მახასიათებლად აღიქვამენ. სამაგიეროდ, ბ ჯგუფის 12-მა  წარმომადგენელმა  კავკასია დაასახელა თავისთვის სრულიად მისაღებ მაიდენტიფიცირებელ ორიენტირად.

ვფიქრობთ,  გამოკითხვის შედეგებით დადასტურდა თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციალურ-კულტურული ორიენტირების რყევის ფაქტი. გამოჩნდა, რომ  ამ თვალსაზრისით მეტად სწრაფად   იზრდება ზღვარი ასაკობრივ ჯგუფებს შორის იქაც კი, სადაც განათლების მეშვეობით მაინც უნდა იყოს ამ სხვაობის სიმკვეთრე შერბილებული. ენაში მკაფიოდ არის ასახული ადგილკუთვნილებისა და ამ ნიშნით კოლექტიური საზოგადოების  ერთიანობის დასუსტების პროცესი; ახალგაზრდა თაობას არ ესმის მნიშვნელობა ან არ ესაჭიროება ისეთი ლექსიკის გამოყენება, რომელიც რეგიონულ თუ საქვეყნო ერთიანობაზე მიუთითებს; მას არც ოჯახის გარშემო არსებული საზოგადოებრივი პლასტები აინტერესებს. ის მოძრაობს და მისთვის პრინციპული მნიშვნელობა აღარა აქვს, დაბრუნდება თუ არა საწყის წერტილში, ამიტომაც ამ „მისამართის" დამახსოვრებასაც  არ ცდილობს.


[1] ძვ. ქართულში ეზო უფრო ფართო შინაარსისა იყო, ვიდრე დღესაა: ეზო-Á _ სახლი; კარი; გადახურული ადგილი, ფარდა; ქსოვილის ნაჭერი, აფრა [იხ., ზ.სარჯველაძე, 2001].

[2] ყველა მაგალითი მოხმობილია „ქართლის ცხოვრების"  სიმფონია ლექსიკონიდან  (1986).

[3] შდრ.: მიწის საკუთრება, უმიწაწყლო, მიწები აქვს, მიწის დამუშავება, მიწათმფლობელი, მიწათმოქმედი, მიწური, დამიწებული/დაამიწა, მიწიერი...

[4] შდრ: ქვეყნიერება, საქვეყნო, ამქვეყნიური/იმქვეყნიური, გამოაქვეყნა, ქვეყანაზე გამოიყვანა, ქვეყანა არ გააცინო, ქვეყანა ხალხი მივიდა, ქვეყნის სასაცილო, ქვეყნის გასაკვირი, საიმქვეყნო, ტრიალი  მინდორი, ტიალი ქვეყანა, იარა, იარა ცხრა მთა, ცხრა ქვეყანა გადაიარა.

[5] შდრ.: „აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი/  მასზე ოცნებას დაემგვანება, ისევ ამწვანდა მდელო და კორდი! / დავდივარ... ვწუხვარ და მენანება! (გალაკტიონი) ან:

" არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში" (გალაკტიონი).

[6] ქართულ ფრაზეოლოგიზმებში არსად არ ფიქსირდება ისეთი ერთობა, როგორიცაა „ჩვენში - ამიერკავკასიაში". უნდა ითქვას, რომ კავკასიონის ქედის სიმაღლისა და რუსეთის იმპერიის ორსაუკუნოვანი საგანგებო პოლიტიკის მიუხედავად, ქართულ ლექსიკა-ფრაზეოლოგიაში კავკასიური (ქედს იქით და ქედს აქეთ) იდენტობა და  კავკასიის მთლიანობა დღემდეა დაცული.

[7]  ცხადია, მიდევნება (განდევნა) მხოლოდ ნეგატიური შინაარსისა სულაც არ არის და არც გან- ზმნისწინსა აქვს რაიმე ძალადობრივი სემანტიკის გადმომცემი მარკერის ფუნქცია, მაგრამ ეს ორი კომპონენტი ერთად (ზმნისწინს+ძირი) ძალადობრიობის თანმხლები სემანტიკის განმაპირობებელია (მოთრეული, გადაჯიშებული)... საბოლოოდ კი მიიღება ლექსიკა, რომელშიც აშკარად ჩანს აგრესიული ქვეტექსტი.

[8] შდრ.: ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში (მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საჯარო გამოსვლებში ჟღერდა  მიმართვა „მამულიშვილნო!", რომელიც მათი მოწინააღმდეგეების  გამოსვლებში შეიცვალა ნეიტრალური მიმართვით - მოქალაქენო!...

ლიტერატურა

სარჯველაძე ზ.
2001
ძველი ქართული ენის სიტყვის კონა. თბილისი.
ფოჩხუა ბ.
1987
თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი. თბილისი.
ქართლის...
1986
“ქართლის ცხოვრების” სიმფონია-ლექსიკონი. თბილისი.
Базылова Л.
Средства репрезентации концепта "Дом" в русском и немецком языках: на материале романа А.Г. Битова "Пушкинский дом" и его немецкоязычного перевода, http://www.disszakaz.com/ sredstva reprezentatsii kontsepta dom v russkom i nemetskom yazikah na materiale romana
Кузнецова Э.
1989
Лексикология русского языка. Москва.
Лакофф Дж.
2004
Женщины, огонь и опасные вещи: Что категории языка гово¬рят нам о мышлении / Пер. с англ. И. Б. Шатуновского//Языки славянской культуры. Москва.